დეკანოზი ილია ჭიღლაძე: „თუ ეკლესიაში საეკლესიო სამართალი არ ფუნქციონირებს, არის კი ის ჭეშმარიტი ეკლესია?“

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე „ქრონიკა+“-ს დეკანოზ ილია ჭიღლაძეს ესაუბრა:

_ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში საკმაოდ უცნაური პროცესები მიმდინარეობს. ვითარებას დაძაბული ან პრობლემური კი არა, ტრაგიკულიც შეიძლება ვუწოდოთ. მეუფეების ერთი ნაწილი სწორი გზით სიარულს მოითხოვს და მხილების რეჟიმში გადადის, მეორე ნაწილი მათ უპირისპირდება, უმეტესობა კი დუმს. ამ დროს უფრო დაბალი იერარქიის წევრები „მამხილებლებს“ უპირისპირდებიან, საპატრიარქო კი ამ ყველაფერს არ იმჩნევს. არსებულ ვითარებას როგორ აფასებთ და, რეალურად, ეს რა პროცესია?
_ მართლაც ურთულეს ვითარებაში გვიწევს არსებობა. 21-ე საუკუნემ თავისი გამჭვირვალობითა და ზეინფორმაციული მოცემულობით ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა საქართველოს ეკლესია, კერძოდ, ესაა: ფინანსური გამჭვირვალობის, ჰუმანიტარული (სოციალური) საქმიანობის გაძლიერების, სამღვდელოების განათლების უფრო მაღალი დონის, ადმინისტრაციული მართვის საჯაროობისა და კრებითობის, საეკლესიო სასამართლოს საჭიროებანი. ყველა ეს საკითხი საუცხოოდ იყო გადაჭრილი ავტოკეფალია აღდგენილი საქართველოს ეკლესიის 1917 წლის მართვა-გამგეობის დებულებით, მაგრამ საბჭოთა ეპოქაში, ეკლესიის სტრუქტურული ნგრევისა და დაკნინების დროს, ეს სამართლებრივი აქტი გაუქმდა. 1995 წელს დამტკიცებული მართვა-გამგეობის დებულება თანამედროვე მოთხოვნებს სრულიად ვერ პასუხობს და 1917 წლის დებულების შინაარსსაც ძირეულად ეწინააღმდეგება. დღეს მიმდინარე პრობლემური პროცესები შედეგია, ერთი მხრივ, არასწორი ადმინისტრირებისა, მეორე მხრივ, ქართველ ერში არსებული მასობრივი მორალური კრიზისისა. გადამეტებულმა თვითკმაყოფილებამ და მიღწეულ წარმატებებზე მუდმივმა აპელირებამ, რეალური პრობლემების მიჩქმალვამ, ეს უზარმაზარი სისტემური პრობლემები გამოიწვია. ამას ხელს უწყობდა ადამიანების დიდი ნაწილის მლიქვნელური და ფარისევლური დამოკიდებულება მისი უწმინდესობის პიროვნების მიმართ. საილუსტრაციოდ ერთ ნიშანდობლივ მაგალითს მივიყვან: დაახლოებით 2008 წელი იქნებოდა, დეკემბერი, ინტრონიზაციის საიუბილეო თარიღის აღნიშვნის დღე ახლოვდებდა და სასულიერო აკადემიაში მისი უწმინდესობა მობრძანდა. სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა: „გთხოვთ, ვისაუბროთ არა იმაზე, თუ რა გაკეთდა ჩემი პატრიარქობის ჟამს, არამედ იმაზე, თუ რა ვერ გაკეთდა!“ წუთიერი დუმილი ჩამოვარდა, ამასობაში მიკროფონთან ერთი სასულიერო პირი მიიჭრა და პათეტიკურად დაიწყო პატრიარქის მიერ აღსრულებული დიდი საქმეების ჩამოთვლა და პანეგირიკის შესხმა. მისი ხანგრძლივი სიტყვის შემდგომ მიკროფონთან მივიდა მასზე უპირატესი სამღვდელო პირი და ერთი ფრაზა ბრძანა: „თქვენო უწმინდესობავ, შეგვინდეთ, ჩვენ ვერ შევასრულეთ თქვენი მოთხოვნა და იმაზე კი არ ვისაუბრეთ, რა ვერ გაკეთდა, არამედ იმაზე, თუ რა გაკეთდა“. ეს ისტორიად ქცეული შემთხვევა კარგად ასაჩინოებს ქართულ რეალობას, სადაც გაბატონებული მლიქვნელობა და მედროვეობა რეალობის ობიექტური აღქმის შესაძლებლობას კარგავს და პრობლემები არათუ მოუგვარებელი რჩება, არამედ ღრმავდება და კიბოს მეტასტაზებად ვრცელდება _ კრიტიკა მტრობად და ღალატად აღიქმება. მოცემულ შემთხვევაში რამდენად კარგი იქნებოდა, რომ აკადემიის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შესაძლებლობა მისცემოდათ პრობლემური საკითხების წამოწევისა და გადაჭრის გზებზე ობიექტური მსჯელობის, რაც მავანის მლიქვნელურმა გამოხტომამ შეუძლებელი გახადა.
_ როგორ შეიძლება, ეს მდგომარეობა განიმუხტოს ან რა პიკს შეიძლება მიაღწიოს მან?
_ ეკლესიაში ყოველი პრობლემა, მით უფრო, ამ დონისა, უნდა წყდებოდეს საეკლესიო კრებით, სადაც ყველა საკითხი პირუთვნელად და დეტალურად იქნება განხილული. ამ კრებამ ორი-სამი საათი კი არა, დღეები და შეიძლება, თვეებიც იმუშაოს სესიურად. სხვა გზა და გამოსავალი, უბრალოდ, არ არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ეკლესია უდიდესი კრახის ქვეშ აღმოჩნდება და მისი ავტორიტეტი ქვეყანაში სრულად გაქრება .
_ როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში პრორუსულ ძალებზე ვსაუბრობთ, ოპონენტები ამის დამადასტურებელ დოკუმენტებს მოითხოვენ, ლამის, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის დამადასტურებელ მოწმობებს. ამ დროს როცა მათ ეუბნები, რომ ეს მჟღავნდება ქმედებებში, ისინი ამას არგუმენტებად არ მიიჩნევენ. როგორ ფიქრობთ, რამდენად ძლიერია ეკლესიაში რუსული გავლენა და რით დაადასტურებთ ამას?
_ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი ტესტი იქნება იმისა, თუ რა დოზის გავლენა აქვს რუსულ საერო და საეკლესიო ხელისუფლებას საქართველოს ეკლესიაზე. სამწუხაროდ, ორასწლოვანმა „ჩახუტებამ“ რუსულ იმპერიასთან იდეოლოგიურად დადაღა ქართველი ერი და მისი ეკლესია. დღეს ჩვენი ლიტურგიკული წესები რუსიფიცირებულია და დაშორდა ბიზანტიურ-ბერძნულ ორიგინალს, ასევე რუსული საეკლესიო იდეოლოგიით შეპყრობილია არაერთი სასულიერო პირი, შესაბამისად, ეს აისახება მათ ქადაგებებსა და საქმიანობაზე, ასევე საეკლესიო გამოცემებზე.
_ ჩვენ მივეჩვიეთ ურჩობას ეკლესიის წიაღში. ხშირად ადამიანებს, მრევლსა და თავად ეკლესიის წარმომადგენლებს ურჩობად მიაჩნიათ, მაგალითად, მეუფე პეტრეს გამონათქვამი „მწყემსი კეთილის“ შესახებ და საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას მეუფე იოანეს (გამრეკელი) პოზიციას, რომ არ აღიარებს უკრაინის ავტოკეფალიას, ანუ სინოდის გადაწყვეტილებასაც კი არ ელოდება. შემიძლია სხვა უამრავი ფაქტისა და შედარებების მოყვანაც. თუნდაც ის, რომ სხალთელი ეპისკოპოსი საერთოდ აცდენილია არათუ საეკლესიო კანონიკას, არამედ ქრისტიანული სიყვარულის პრინციპებსაც, რითაც ეკლესიის წინააღმდეგ _ ღმერთის წინააღმდეგ ურჩობს. რა წარმოადგენს ამ ურჩობის წინაპირობას, _ განათლების დეფიციტი, ბრმა მორჩილება კონკრეტული პერსონის ან პერსონების მიმართ, თუ სხვა რამ? და სად არის გამოსავალი?
_ ამ ყველაფერს იწვევს, ერთი მხრივ, ზოგიერთი პირის რუსულად იდეოლოგიზებული მენტალიტეტი და წარმოდგენები, მეორე მხრივ, განათლების ან კონკრეტული საკითხის ცოდნის დეფიციტი, ასევე სიამაყე და თვითდაჯერება. ასევე კრიტიკული აზრის მიუღებლობა და მისი ჩახშობის სურვილი. გამოსავალი გახლავთ სისტემური რეფორმები და განათლების დონის აწევა, რასაც ვერ შევძლებთ, თუ საბერძნეთისა და ევროპა-ამერიკის მართლმადიდებლური თეოლოგიის ფაკულტეტებთან არ დამყარდება უმჭიდროესი კავშირები, რაც გამოხატული იქნება სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლის პროექტებში, შესაბამისი მათლმადიდებლური ლიტერატურის თარგმნაში. მაგრამ დღეს ხშირად დაბალ თუ მაღალ იერარქიაში ვხედავთ ადამიანებს, რომელთაც ერთი დღეც კი არ უსწავლიათ სასულიერო სემინარიაში ან აკადემიაში, შესაბამისად, ეს შედეგები გვაქვს.
_ რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს. ამ ეტაპზე ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ საპატრიარქოში ტომოსს კი არ კითხულობენ და რომც კითხულობდნენ, ისიც საკითხავია, ვინ კითხულობს მას, არამედ რუსეთიდან ელოდებიან ინსტრუქციებს, თუ როგორ აარიდონ თავი აღიარებას. ცხადია, რომ ისტორიულ პრაგმატიზმს საპატრიარქო არ აღიარებს. არც იმის შანსს უტოვებს საკუთარ თავს, რომ ამ ისტორიული მომენტით ისარგებლოს და თავი დააღწიოს რუსულ გავლენას. ვაღიაროთ ისიც, რომ საკითხში გაუთვითცნობიერებელი და ღრმად „დამჯერი“, მორწმუნეს ვერ ვიტყოდი, ერიც და ბერიც, მხარს დაუჭერს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რასაც სინოდის უმრავლესობა მიიღებს. ამ ვითარებაში არის თუ არა გამოსავლი _ თუნდაც, ისტორიული მეხსიერებისთვის _ ღია კენჭისყრა. და კიდევ, რა შეიძლება გაკეთდეს ისტორიულად სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად?
_ ნამდვილად საჭირო და აუცილებელია, ერმა და ბერმა ვიცოდეთ სინოდის ყველა წევრის პოზიცია ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე. ჯერჯერობით 47 წევრით დაკომპლექტებული სინოდიდან მხოლოდ, დაახლოებით, 15 წევრის პოზიციაა საჯაროდ ცნობილი. ყველას უნდა ესმოდეს, რომ კარდინალური მნიშვნელობის საეკლესიო და სახელმწიფოებრივ საკითხებზე დუმილი დანაშაულებრივი ქმედებაა, სინოდის ყოველი წევრი არის საჯარო პიროვნება და მათი საქმიანობა ერის ცხოვრების აწმყოსა და მომავალს ქმნის, შესაბამისად, თითოეული მათგანის პოზიციების სიცხადე და გამჭვირვალობა აუცილებელია. სიტყვა და აზრი ქმნის მომავალს, დუმილი და დახურულობა კი განვითარებას არ ემსახურება.
_ ერთი მეტად მნიშვნელოვანი საკითხიც: ჩვენ კარგად ვიცით, რომ რუსეთი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად არ აღიარებს. ამ ფონზე მოხდა მეტად დამაფიქრებელი ფაქტი, ეს რეგალია პატრიარქს საქართველოშიც „ჩამოართვეს“, რა ხდება? ხომ არ არის ეს მიზანმიმართული ქმედება, რომელშიც თავად საპატრიარქოს ცალკეული წარმომადგენლები არიან ჩარეულნი?
_ საპატრიარქოს საეკლესიო კალენდრის (რედაქტორი გ. კოპლატაძე, _ ავტ.) შეცდომა, რომელსაც გულისხმობთ, როდესაც კალენდარში წარმოდგენილ დიპტიხში, ანუ მსოფლიოს მართლმადიდებელ პატრიარქთა ოფიციალურ ჩამონათვალში საქართველოს პატრიარქის ტიტულში გამოტოვებულია ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის წოდება, მიზეზი ის გახლავთ, რომ რედაქტორ-გამომცემლები რუსულ წყაროებს იყენებენ და აკოპირებენ, შედეგიც არ აყოვნებს. კალენდრის მხრივაც ანომალია გვაქვს: საპატრიარქოს სახელით გამოიცემა ორი ოფიციალური კალენდარი, რომელიც ერთმანეთისგან ბევრი რამით განსხვავდება და წინააღმდეგობრივია. აუცილებელია, თანამედროვე ქართული საეკლესიო კალენდარი, უპირველესად, ბერძნულ ორიგინალსა და ძველ ქართულ კალენდარს ეყრდნობოდეს და არა _ რუსულ საეკლესიო კალენდარს.
_ თქვენ არაერთი პუბლიკაცია გაქვთ მიძღვნილი თემისთვის, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება. ცხადია, რომ დღეს, მომავალ პერსპექტივაში, გვაშინებენ იმ ფაქტით, რომელიც რუსეთმა და მისმა ეკლესიამ კარგა ხნის წინათ _ წარსულში დააყენა. ნუ შევეხებით უკვე გაჟღერებულ ფაქტებს, გთხოვთ, გვითხრათ, რამდენად ხელოვნურია ეს შიშები და რა წარმოადგენს საზოგადოების დაშინების მიზანს?
_ რუსეთის საპატრიარქოს რეალურად მიერთებული აქვს აფხაზეთიც და ცხინვალის რეგიონიც, დადგენილი ჰყავთ თავისი მღვდლები, რომლებიც წირვა-ლოცვაში მოიხსენიებენ მოსკოვის პატრიარქის სახელს, აშენებენ და არემონტებენ ტაძრებს, მიმდინარეობს ქართული ისტორიული კვალის წაშლა რიგ ტაძრებზე, ყველაზე ვანდალურად ეს მოხდა ილორის წმ. გიორგის უდიდესი ისტორიისა და საკრალურობის მქონე ქართული ტაძრისა და კომპლექსის მიმართ, სადაც ტაძრის წინამძღვარმა ვანდალურად წაშალა ყოველივე ქართული და ტაძარი გაარუსა. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: როგორღა უნდა წაგვართვას მოსკოვის საპატრიარქომ ის, რაც უკვე წართმეული აქვს?! მათ მიერ ფორმალურად გაჟღერებული ფრაზა: ვაღიარებთ საქართველოს საპატრიარქოს ტერიტორიულ მთლინობას, _ არის თვალებში ნაცრის შეყრა და ფარისევლური სატყუარა, რომლის მიღმაც ისინი საწინააღმდეგოს სჩადიან.
_ დაბოლოს, აუცილებლად უნდა შევეხო საეკლესიო სასამართლოს თემას. ეკლესიაში ეს ინსტიტუტი არ არსებობს. გასაგებია, თუ რა იყო მიზეზი, როდესაც სასამართლო არ არსებობდა საბჭოთა პერიოდში, მაგრამ ახლა, მით უფრო, როდესაც კანონიკური მოთხოვნების საფუძველზე მოთხოვნები ჟღერდება საეკლესიო სასამართლოს შესახებ, საპატრიარქო რატომ იკავებს თავს?
_ კრიტიკას ვერ უძლებს ის ფაქტი, რომ საქართველოს ეკლესიას არ აქვს საეკლესიო სასამართლო, რომელიც იზრუნებდა საჩივრებისა და დარღვევების ობიექტურ განხილვაზე და საეკლესიო სამართლის აღსრულებაზე ეკლესიაში. ეს საკითხი კარგად იყო მოწესრიგებული 1917 წლის საეკლესიო დებულებით. ჩნდება ლეგიტიმური კითხვა: თუ ეკლესიაში საეკლესიო სამართალი არ ფუნქციონირებს, არის კი ის ჭეშმარიტი ეკლესია? რას ემსახურება უსამართლო ეკლესია, ქრისტეს თუ მამონას?! ასევე აღსანიშნავია, რომ უკიდურესად მოუწესრიგებელია სამღვდელოების სოციალური დაცვის საკითხი: მდიდარი სამღვდელოების ნაწილის ფუფუნების პარალელურად, სამღვდელოების მეორე ნაწილი დიდ სიღატაკესა და გაჭირვებაშია, მოსაგვარებელია სამღვდელოების ჯანდაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფის საკითხები. ამდენად, შექმნილია უმწვავესი პრობლემები, რომელიც დროულად გადასაჭრელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფატალური შედეგები გარდაუვალია.

კოკა წერეთელი