ბოიკოტის მოლოდინში მყოფი ბორჯომის თოჯინების თეატრი!

small1

ბორჯომის თოჯინების თეატრის მსახიობები კულტურის სამინისტროს სარეკომენდაციო საბჭოს უნდობლობას უცხადებენ; „ქრონიკა+“-ის საშუალებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმის კურსში ჩაყენებას აპირებენ და, შესაბამისად, ამბავსაც პირველად ჰყვებიან მის ფურცლებზე.

ირინა ყუბანსკაია, მსახიობი: „ – თოჯინების თეატრი ბორჯომში 1987 წლიდან გაიხსნა. გასულ წელს კულტურის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი სახელმწიფო თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობებზე. ჩვენმა კოლექტივმა ნიკოლოზ საბაშვილის კანდიდატურა წარადგინა, მაგრამ მუნიციპალიტეტმა შალვა გოგოლაძეზე გაგზავნა მოთხოვნა. საბაშვილი გამოცდილი, ნიჭიერი რეჟისორია და ამიტომ გვინდოდა, ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელი ყოფილიყო. გოგოლაძე მოძრაობის თეატრის მსახიობია. მიუხედავად ამ მოთხოვნებისა, კულტურის სამინისტროს სარეკომენდაციო საბჭომ სამხატვრო ხელმძღვანელად გოჩა ხვიჩია დაგვინიშნა. იგი თბილისში „მულტი-პულტის“ სამხატვრო ხელმძღვანელია და ეს გააკეთა ლაშა ჩხარტიშვილმა, რომელიც სარეკომენდაციო საბჭოს წევრია, ხვიჩია კი – მისი მეგობარი. „მულტი-პულტი“ ხვიჩიას პირადი ბიზნესია და მის განვითარებაზე ზრუნავდა, ამიტომ ყურადღებას ვერ აქცევდა ჩვენს თეატრს. როგორც საჯარო პირი, თეატრში არც იმყოფებოდა და ერთი წლის განმავლობაში, 3-4-ჯერ თუ იქნებოდა ჩამოსული ბორჯომში. უმეტესწილად „სკაიპით“ ხელმძღვანელობდა, არადა, სამხატვრო ხელმძღვანელი აგვარებს თეატრში შემოქმედებით პროცესებს, ყველაფრის საქმის კურსში უნდა იყოს. „სკაიპით“ ამის გაკეთება, უბრალოდ, წარმოუდგენელია და, ცხადია, ვერც ახერხებდა.

პირველი უთანხმოება ახალქალაქში გასტროლის დროს მოგვიხდა. სათამაშოდ წავიღეთ სპექტაკლი „წითელქუდა“, სადაც პირადად ორ როლს ცოცხლად ვახმოვანებდი. ხვიჩია გასტროლზე დასს არ ახლდა. დღეში 4 სპექტაკლი იმართებოდა, რომელთა შორის შუალედი იყო არანორმალური – 15-20 წუთი და მსახიობები დასვენებასაც კი ვერ ვასწრებდით! ეს პროცესები სამხატვრო ხელმძღვანელმა უნდა დაგეგმოს. როგორც გავიგეთ, ხვიჩია იქ წინასწარ ჩასულა და ისე დაუგეგმავს… მაგრამ ეს არის არანორმალური დაგეგმარება! მესამე დღეს, მეოთხე სპექტაკლის დროს, გული გამიხდა ცუდად და ვერ ვითამაშე, ამიტომ სპექტაკლი ჩაიშალა. როცა ბორჯომში ჩამოვედით, ხვიჩია არ გაერკვა საქმის ვითარებაში და პირად საქმეში სასტიკი საყვედური ჩამიწერა, არაგეგმური, მეოთხე სპექტაკლი რომ ჩავშალე.“

მაკა ოქრუაშვილი, მსახიობი: „ – ბატონმა ხვიჩიამ მოსვლისთანავე ორ სპექტაკლზე დაიწყო მუშაობა, მაგრამ ვერც ერთი ვერ დაასრულა, რადგან ფიზიკურად თეატრში არ იმყოფებოდა და კოლექტივთანაც არ ჰქონდა ურთიერთობა. როლები გაანაწილა, თითქოს რეპეტიციებიც მიდიოდა, მაგრამ სპექტაკლები შუამდეც ვერ მიიყვანა. მოკლედ, სამაგიდო რეპეტიციებს ვერ გავცდით. „მულტი-პულტიდან“ მას სპექტაკლი „მაშა და დათვი“ გასტროლზე მიჰქონდა ბაქოსა და ალმა-ათაში. ანა ბაქრაძეს, შოთა ლეკვეიშვილსა და მე გვითხრა, რომ გასტროლზე წაგვიყვანდა და ცოცხალად გვათამაშებდა. არანაირი ხელშეკრულება არ გაუფორმებია ჩვენთან, მხოლოდ მოლაპარაკების დონეზე გადაწყდა ყველაფერი. წავედით დეკემბრის ბოლოს და ვითამაშეთ სპექტაკლები. პირადად 17 სპექტაკლი ვითამაშე. როცა დავბრუნდით, ბორჯომის თეატრში სიტუაცია დაძაბული დაგვხვდა. საახალწლო დადგმაზე თეატრში მუშაობდა რეჟისორი ავთანდილ პაპიძე, რომელსაც ხელი შეეშალა მსახიობების სიმცირისა და ჩვენი გასტროლზე წაყვანის გამო. 8 მსახიობიდან 5 ჰყავდა დარჩენილი და ძალიან გაუჭირდა საახალწლო სპექტაკლის წაყვანა, რის გამოც დასახმარებლად სკოლის მოსწავლეები მოიწვიეს. გასტროლიდან ჩამოსვლისთანავე კი ხვიჩიამ ისე გამათავისუფლა, რომ არც ტელეფონით და არც პირადად ჩემთვის არავის შეუტყობინებია. გასტროლზე ისე გვათამაშა ბორჯომის თეატრის მსახიობები, რომ სათანადო ანაზღაურებაც არ მოგვცა. დღიურად კვების ფულად განსაზღვრული თანხის მეტი არაფერი მოუცია. როგორც „მულტი-პულტის“ მსახიობებმა გვითხრეს, სახელფასო ბარათზე დაგვერიცხებოდა თოთოეული სპექტაკლის ანაზღაურება, მაგრამ არც ერთს არ მიგვიღია თანხა!!! ადგილობრივ მუნიციპალიტეტში რომ ვიკითხე, – რის გამო გამათავისუფლეს სამსახურიდან-მეთქი? მერე იკადრა ხვიჩიამ, დამიბარა თეატრში და მითხრა, რომ მეტყველება არ მივარგოდა.

_ გასტროლზე რატომ წაგიყვანათ, თუ მეტყველება არ გივარგოდათ, მანამდე ეს ვერ შეგამჩნიათ? ან როგორ, რა ნიშნით შეარჩია მსახიობები?

_ ამ სპექტაკლებზე ჩემი მეტყველება მაინცდამაინც საჭირო არ გახლდათ და ვერც იმის გამო დამდებდა ბრალს. ეს იყო განთავისუფლების არარეალური მიზეზი. რეჟისორ ლევან გაბრიჩიძეს ჰკითხეთ, თუ მეტყველებაში რამე პრობლემა მაქვს. ხვიჩიას ჩვენს თეატრში უნდოდა თავისუფლება, რადგან „მულტი-პულტის“ არ აქვს დარბაზი და დარბაზს ქირაობენ. გასტროლზეც რომ წავედით, მანამდე „მულტი-პულტის“ რეპეტიციები ჩვენს დარბაზში ჩაატარა არასამუშაო საათებში. პირადი ბიზნესინტერესები ამოძრავებდა და ამიტომ გამათავისუფლა მეც და სხვებიც. კადრების შემცირება კიდევ იმიტომ უნდოდა, რომ, როგორც ითქვა, „მულტი-პულტიში“ ისეთი მსახიობები ჰყავდა, რომლებიც შტატში არ ისხდნენ და ა. შ. კადრების თბილისიდან გადმოყვანა უნდოდა და ამიტომ მოხსნა ბორჯომის თოჯინების თეატრის წამყვანი მეთოჯინე, რევაზ ხაჩიძეც. მას უთხრა, მაქვს მზა თოჯინები და თეატრს თუ დასჭირდა, ჩამოვიტან თბილისიდანო. ეს ადამიანი თეატრის ისტორიაა და ისე გაუშვა სამსახურიდან, პირადად რომ დალაპარაკებოდა, ისიც არ იკადრა. ჩვენი განთავისუფლებები „სკაიპის“ ფონზე მოხდა. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ურთიერთობა მხოლოდ დირექციასთან ჰქონდა „სკაიპით“ და განკარგულებებსაც ასე გასცემდა. თუ რომელიმე დოკუმენტზე ხელმოწერა იყო  საჭირო, გვიან ღამით, სამუშაო საათების შემდგომ, ჩუმად ჩამოდიოდა, რომ არ ესაუბრა ჩვენთან. როცა ერთი თვე თეატრში არ ყოფილხარ, როცა ჩამოხვალ, ელემენტარული კულტურის ამბავია, რომ დედის ტოლ ქალბატონებს, შენს მსახიობებს მიესალმო მაინც. რადგან ხვიჩია ასე იქცეოდა, მსახიობებმა თავად გადავდგით მისკენ ნაბიჯი და მივესალმეთ, თუმცა კვლავ არ მოგვესალმა. პირიქით, ცინიკურად და დამამცირებლად გვექცეოდა. როგორც ჩანს, ეს იყო მისი მართვის სტილი.“

 

ანა ბაქრაძე, მსახიობი: „ –  იმ პერიოდში დედაჩემი კულტურის სამსახურის უფროსი იყო და შეიძლება ამიტომაც წამიყვანა გასტროლზე, რადგან მსახიობების არჩევა რა ნიშნით მოხდა, ვერავინ მიხვდა. როცა თეატრის ბიუჯეტი დამტკიცდა ადგილობრივ მუნიციპალიტეტში, ითხოვდნენ 125 000 ლარს, გაზრდილ ბიუჯეტს, მაგრამ საკრებულომ არ დაამტკიცა. თუმცა წინა წელთან შედარებით, 10 ათასით მაინც გაზარდეს და თანხამ 86 ათასი ლარი შეადგინა. ამაზე გამწარდა ხვიჩია და გავიგეთ, როგორ ელაპარაკა ჩვენს დირექტორს მუნიციპალიტეტზე გაბრაზებული, – ნახონ, მათი მოყვანილი კადრები თუ არ გავყაროო!!! თანაც, მას ელენე ბაბაკიშვილის დანიშვნა უნდოდა პიარმენეჯერად, რაზეც უარი მიიღო გამგეობიდან. საპასუხოდ, ავთო პაპიძე, მაკა ოქრუაშვილი, ბაქარ ლომიძე და მეთოჯინე გაუშვა თეატრიდან. მერე დაიწყო მუშაობა სპექტაკლზე `ბურატინო~, რომელიც არ დადგა. ერთი სპექტაკლიც არ დაუდგამს ჩვენს თეატრში და სიტუაცია მთლიანად არია! მერე დადგეს სპექტაკლები ავთანდილ პაპიძემ და თამაზ იმნაძემ. როცა იმნაძე დგამდა სპექტაკლს, მეთოჯინე აღარ გვყავდა, ამიტომ ხვიჩიამ ჩამოიტანა თავისი თოჯინები, დანარჩენი არქივიდან ამოვიღეთ და ამის გამო სრულყოფილი სპექტაკლი ვერ გამოვიდა. ხვიჩია რომ გაათავისუფლეს, მოკრიბა თავისი თოჯინები და წაიღო, რის გამოც სპექტაკლი ვეღარ დავდგით და რეპერტუარი ჩაგვივარდა.

_ რატომ გაათავისუფლეს ხვიჩია?

_ ჩვენი დაჟინებული მოთხოვნით!!! გამგეობამ პირობა მოგვცა, რომ თამაზ იმნაძე იქნებოდა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რადგან კოლექტივს ძალიან მოგვწონდა. ბორჯომი თვითმმართველი ქალაქია და უფლება აქვს, რომ კადრები თავად შეარჩიოს, მაგრამ კულტურის სამინისტრომ ისევ არ გაითვალისწინა მუნიციპალიტეტის მოთხოვნა და მსახიობი შაკო გოგოლაძე დანიშნა ამ თანამდებობაზე. სამხატვრო ხელმძღვანელი უნდა იყოს რეჟისორი და არა მსახიობი, თამაზ იმნაძე კი რეჟისორია. ამან გამოიწვია ჩვენი სამართლიანი გაღიზიანება. როცა კანდიდატურებს სარეკომენდაციო საბჭო განიხილავდა, გამორიცხული იყო, მათ გოგოლაძისთვის მიეცათ რეკომენდაცია, რადგან ის მსახიობია. როგორ შეიძლება, თეატრმცოდნეებმა ვერ განსაზღვრონ, სამხატვრო ხელმძღვანელი რომ არ უნდა იყოს მსახიობი და უნდა იყოს რეჟისორი?!

_ რა მოხდა, ამჯერად, ვინ გამოგიგზავნათ გოგოლაძე?

_ ჩვენი აზრით, ისევ ლაშა ჩხარტიშვილმა, რომელსაც კარგად აქვს ფესვები გადგმული კულტურის სამინისტროში და გოჩა ხვიჩიას მეგობარია. ხვიჩიას არ უნდა, ვინმე დაინტერესდეს და ამოქექოს ჩვენი თეატრის ადმინისტრაციის ფინანსური საქმეები, ამიტომ ჩარია საკუთარი ძალები და დანიშნეს კიდეც გოგოლაძე.

_ კონკრეტული ფაქტების დასახელება შეგიძლიათ, როცა ფინანსურ დოკუმენტაციაზე საუბრობთ?

_ თეატრს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი აფინანსებს, სპეაქტაკლის დროს კი შემოდის შემოსავალი, რომელიც ეკუთვნის თეატრს, თუმცა მსახიობების ხელფასები მაინც საოცრად მინიმალურია – 197 ლარი. ხშირად დღეში სამი სპექტაკლიც კი უთამაშიათ, გასტროლზე ყოფნისას დღეში ოთხი, მაგრამ თვეში მაინც ამდენი აიღეს. რეპეტიციების დროს ათენებენ და აღამებენ თეატრში ამ საფასურად. სად მიდის ეს შემოსავალი, კაცმა არ იცის?! თეატრში რომ შემოხვალთ, შეგეშინდებათ, თავზე არაფერი დაგეცეთ, ისეთი სარემონტოა. 28 წლის წინათ როგორიც იყო, დღემდე ისეთივეა და ხელი არავის შეუვლია.“

ირინა ყუბანსკაია: „ – ლაშა ჩხარტიშვილი „ფეისბუკის“ მეგობრებში არ მყავს, მაგრამ ვიცნობ. რამდენიმე დღის წინათ მომწერა პირადი მესიჯი: ქალბატონო ირინა, უნდა მოგახსენოთ, რომ თამაზ იმნაძე დანიშნული იყო დროებით სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად, სანამ ახალი ხელმძღვანელი დაინიშნებოდა. გავითვალისწინე თქვენი თხოვნა და იმუშავებდა თქვენთან, ერთი პირობა რომ არ დაერღვია. რადგან ეს პირობა დაარღვია, ამის გამო დაინიშნა შალვა გოგოლაძეო. სარეკომენდაციო საბჭო რამდენიმე წევრისგან შედგება და იქ მხოლოდ ლაშა ჩხარტიშვილი არ არის, მაგრამ რატომ იღებს ის ყველაფერს საკუთარ თავზე და დამოუკიდებლად რატომ წყვეტს ასეთ საკითხებს, ესეც გაუგებარია?! ე. ი. ლაშა ჩხარტიშვილმა შური იძია თამაზ იმნაძეზე იმის გამო, რომ იმნაძე დადგა მსახიობების გვერდით, როცა გოჩა ხვიჩია აბუჩად გვიგდებდა. ამიტომ დანიშნეს გოგოლაძე სამხატვრო ხელმძღვანელად და არა იმნაძე. ფაქტობრივად, მათ დასაჯეს იმნაძე. გოგოლაძესთან პირადი პრეტენზია ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ ის აღმოჩნდა ჩხარტიშვილის ხელში ჩვენ წინააღმდეგ გამოყენებული იარაღი.“

ქეთევან მეტრეველი, მსახიობი: „ – 25 წელია, მსახიობი ვარ. სანამ თამაზ იმნაძე დრობით ასრულებდა სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობას, ერთი თვე, ივნისში, თეატრში შევქმენით სამხატვრო საბჭო და დავარეგისტრირეთ. ახლა როცა ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი მოვიდა, ის გვეუბნება, რომ საბჭო არ არის ლეგიტიმური, რადგან ამ დროს მე დავინიშნეო. თუ საბჭო არ არის ლეგიტიმური, მოვთხოვეთ ახალი სამხატვრო საბჭოს შექმნა, მაგრამ ამაზე უარს გვეუბნება, – არ მინდა, აქ სამხატვრო საბჭო რომ იყოსო. ჩვენ ვიცით, რომ ამის უფლება გვაქვს, მაგრამ ყველა ჩვენს მოთხოვნას კატეგორიულად უგულებელყოფენ. რაც მთავარია, ბორჯომი საკურორტო ქალაქია და ახლა უამრავი დამსვენებელია ჩამოსული, თეატრს მაყურებელიც ბლომად ეყოლება. ხალხი ითხოვს სპექტაკლებს. ჩვენც თანახმა ვართ, ჩავატაროთ და არ გავიდეთ შვებულებაში, მაგრამ ძალით გაგვიშვეს და თეატრიც გაჩერებულია. სექტემბერში რომ გადაგვეტანა დასვენება, ესეც შევთავაზეთ, მაგრამ ამაზეც უარი მივიღეთ. როგორც ჩანს, კოლექტივის დაშლა და თეატრის დანგრევა ამ ფორმით გადაწყვიტეს. პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლი ხდება თეატრიც და ჩვენც.

_ შექმნილი ვითარება ცნობილია კულტურის მინისტრისთვის?

_ ოთხი ოფიციალური წერილი მივწერეთ, მაგრამ მაინც გოგოლაძე დაინიშნა სამხატვრო ხელმძღვანელად და გაგზავნილ წერილებზე პასუხიც არ მიგვიღია. შეიძლება, საქმის კურსში არც არის და ისე მოაწერინეს ხელი გოგოლაძის დანიშვნაზე. ამიტომ გვინდა, თქვენი გაზეთით ღარიბაშვილმა გაიგოს ჩვენი გასაჭირი. 15 ადამიანი ვითხოვთ შველას და როგორ შეიძლება, ყველას იგნორირება გაგვიკეთონ?!“

 

„ქრონიკა+“ ბორჯომის თოჯინების თეატრის დასის წევრების პრეტენზიების ირგვლივ სასაუბროდ ლაშა ჩხარტიშვილს დაუკავშირდა:

_ კონკურსი ჩატარდა და ასე დაინიშნა იქ ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი. დასმა უნდა იმუშაოს იმ სამხატვრო ხელმძღვანელთან, რომელსაც ითხოვდა ერთი წლის წინათ ადგილობრივი თვითმმართველობა და თავად დასი. თანხებთან და ადმინისტრაციასთან მე შეხება არ მაქვს და ვერაფერს დამწამებენ.

_ ბატონო ლაშა, ხვიჩიას მეგობრობის ხათრით გაუწიეთ პროტექცია?

_ თაზო იმნაძეც ჩემი მეგობარია და მე მივიყვანე მაგ თეატრში. ჩემი რეკომენდაციით მივიდა როგორც რეჟისორი, ეს ყველამ იცის და ყველას ახსოვს. ქართული თეატრის ნახევარზე მეტი ჩემი მეგობარია, ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ცუდად არავისთან ვარ.

_ დასი წერილებს გზავნის სამინისტროში და პასუხი არ უბრუნდება. რა ხდება, ხომ არ იცით?

_ აბსურდებს წერენ, რამდენ აბსურდსაც დაწერენ არაპროფესიონალი მსახიობები, იმდენ პასუხს ვინ დაუბრუნებს? პროფესიონალი რომ არ არის არც ერთი, მე, პროფესიონალი თეატრმცოდნე, კომენტარს ამაზე ვერ გავაკეთებ, კარგად ბრძანდებოდეთ, ბედნიერად!

 

ნელი ვარდიაშვილი