რეკეტი “ქართული ოცნების” სახელით

ბიზნესზე ზეწოლისა და პარტნიორების გადაგდების ფაქტები „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირებისგან არც პირველია და არც _ უკანასკნელი. „ქრონიკა+“, ამჯერად, ბათუმში მომხდარ სკანდალურ ფაქტებზე მოგიყვებათ. ბიზნესის წილის ახევის თემას, არც მეტი არც ნაკლები, „ოცნების“ დეპუტატები მფარველობენ.

მივყვეთ თანმიმდევრობით _ „ქრონიკა+“-ს ბიზნესმენი გიორგი დოლიძე ესაუბრება:

_ საქმე რომელზეც მოგიყვებით, კერძო საკუთრებას ეხება, _ იგი ჩემს დას, პირველი ჯგუფის ინვალიდს, ქეთევან დოლიძეს ერგო მემკვიდრეობით და რომელიც მითვისებული აქვს ანზორ დევაძეს, ამ საკუთრებას განკარგავს, შემოსავალს იღებს და ჩემს დას მის კუთვნილ თანხას არ აძლევს.
_ კონკრეტულად და თანმიმდევრობით მითხარით, რა საკუთრებაა ეს, ვისგან მიიღო თქვენმა დამ მემკვიდრეობით?
_ ეს იყო პურ-ფუნთუშეულის წარმოება, სადაც ჩემამდე მამაჩემი მუშაობდა. ასლან აბაშიძის დროს გამოგვიცხადეს, _ გურულები ჩოლოქს იქითო და ეს წარმოება გაჩერდა, შემამცირეს და სამსახური დავკარგე, მაგრამ მაშინ მაინც მოქმედებდა კაცური კანონები, ბათუმი პატარა ქალაქია, ამ წარმოების გაყიდვა არც იკადრეს და არც გაბედეს, ორივე ერთად… ამ შენობას ვპატრონობდი. სახურავი გამოვუცვალე და საკუთარი ბინასავით ვუვლიდი ქალაქის ცენტრში ამ შენობას. ვცდილობდი, საკუთრების უფლება პრივატიზაციის გზით მომეპოვებინა. რამდენადაც მახსოვს, 148 ობიექტი იყო გასაყიდად გამოტანილი აუქციონზე და აქედან 4 ობიექტი არ გაყიდულა, რომელიც ბათუმში იყო. ეს სიტუაცია გაიყინა, შევარდნაძესთან და ასლან აბაშიძესთან ვდაობდი. შევარდნაძემ ჩემს მოთხოვნას ორი რეზოლუცია დაადო _ მოთხოვნა დაკმაყოფილდესო და, საბოლოო ჯამში, როცა ხელისუფლება შეიცვალა, მიშას პერიოდი რომ მოვიდა, სამ თვეში ორი შენობიდან ერთი გაგვიფორმეს და მას ვერავინ დაეპატრონა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს წარმოება გაჩერდა. როგორც ვთქვი, ამ შენობის იჯარით აღება მოხდა. ანზორ დევაძის სიმამრი უმრავლესობის ლიდერი იყო „აღორძინებიდან“. იგი თბილისში საკმაოდ კარგ თანამდებობაზე მუშაობდა, დამიკავშირდა და მითხრა, რომ დავა აბაშიძესთან უნდა შეწყდეს, ერთ შენობას დაგიბრუნებთ. ლაპარაკი იყო იმ კონკრეტულ შენობაზე, რომელიც ჩემს დაზე არის ახლა გაფორმებული და მეორე შენობას თავი დაანებეო. არც ერთი შენობისთვის თავი არ დამინებებია, დავას ვაგრძელებდი, ხელისუფლება შეიცვალა და მეორე შენობა მომცეს, ეს შენობა ისევ გაყინული დარჩა. უფრო სწორად, როცა შემომთავაზეს, ჯერ მთავრობა შეცვლილი არ იყო. გამოჩნდა ეს ადამიანი, ანზორ დევაძის სიმამრი _ ვახტანგ აბაშიძე და მეუბნება, _ ამ შენობის პრივატიზაციას გავაკეთებთ, მაგრამ ჩემი სიძე და ჩემი შვილი უნდა იყოს წილშიო. მე ვუთხარი, _ ბატონო ვახტანგ, სამ კაცზე გასაყოფი აქ არაფერია, შევთანხმდეთ, თუ მეხმარები, ერთ ადამიანს შემოვიყვან წილში-მეთქი. შევთანხმდით, რომ თუკი შენობის პრივატიზაცია მოხდებოდა, იმ მხარეს, სადაც კაფე იყო განლაგებული, მის სიძეს დავუთმობდი. ამავდროულად, მის სიძეს, ანზორ დევაძეს ვიცნობდი, იგი „აჭარპურკომბინატის“ დირექტორი იყო, ერთად ვმუშაობდით, მის გაერთიანებაში შევდიოდი. მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებდა, უფრო ზუსტად, სამსახურებრივი მეგობრობა. ეს შენობა იჯარით მომცეს, რომელშიც მანეთი არავის ჩაუდევს. მეორე შენობა, მეორე ქარხანა, რომელზედაც გესაუბრებოდით, მთლიანად გაუბედურებული და დანგრეული იყო, საიდანაც დანადგარები გაიტანეს და გაყიდეს. ჩემს კაბინეტში რომ დასხდნენ, ვერ ამუშავეს, დანადგარების ნაწილი მე გამოვიტანე და ერთი სიტყვით, ეს ფართი ავამუშავე, ჩემი პურის საცხობი შევქმენი.
ეს ყველაფერი ავამუშავე და მუშაობა დავიწყეთ. ჯერ პატარა დოზით დავიწყე და ნელ-ნელა ვვითარდებოდი. მაშინ ძალიან რთული პერიოდი იყო. მოკლედ რომ ვთქვა, ასე ჩაჯდა ანზორ დევაძე ჩემთან წილში, მაგრამ პირველი დღიდანვე ამ შენობის ნაწილი მის ძმაზე გააფორმა. რა მოსაზრებით, არ ვიცი, არ ჩავრეულვარ, მაგრამ მაშინ გამოცდილება არ მქონდა და მოვილაპარაკეთ, _ ეს ფართი არის ჩემი და ის ფართი არის შენი. დავიწყეთ მოწესრიგება. საკმაოდ დიდი ფული დაჯდა. ანზორმა კითხვა დამისვა, _ ამას რომ აკეთებ, მერე პრობლემები არ წარმოიშვას, ეს ხომ ჩემიაო? რა მნიშვნელობა აქვს, თუკი საერთო ფირმა გვაქვს, ჯერ შენი მხარე გაკეთდება, მერე ოდესმე ჩემი მხარეც გაკეთდება, ამ წუთში ამის გაკეთება გვჭირდება-მეთქი. მოვაწესრიგე, კაფეც მუშაობდა და წარმოებაც მუშაობდა.
ნელ-ნელა ეს ყველაფერი ვითარდებოდა და რაღაც დონემდე მივიდა. მაგრამ მანამდე ისე მოხდა, რომ, როცა მთავრობა შეიცვალა, მეორე შენობაც გადმომცეს იჯარით. იმ შენობაში ყველაფერი უკვე გაფუჭებული იყო, სახურავიც აღარ ჰქონდა, ფაქტობრივად, მარტო კედლებიღა იყო. იქ რკინის საამქრო გავხსენი. იმ პერიოდისთვის რაც საქართველოში რკინის ნაკეთობები იყო, მხედველობაში მაქვს პრეზიდენტის რეზიდენცია ავლაბარში, პარლამენტის შენობა, რომელიც რუსთაველზეა, სოფლებში ეკლესიები, ბათუმის რესტავრაცია და ა. შ., ყველაფერს ჩემი რკინის წარმოება ამარაგებდა. ასე რომ, ჩემს ძირითადი შემოსავლის წყაროს ეს რკინის წარმოება წარმოადგენდა. 2010 წელს ჩემი ბრუნვა (ეს ბრუნვა სასამართლოშიც წარვადგინე) შეადგენდა, სადღაც, 8 მილიონ ლარს. თუკი ვიანგარიშებთ, რომ 8 მილიონის 10% მაინც არის ფირმის, ეს უკვე 800 ათასია, ზედნადები და რაღაც ხარჯებიც დავუმატოთ, მილიონამდე შემოსავალი მქონდა. ეს შემოსავალი მთლიანად ჩავდე ახალ შენობაში, პლუს ავიღე კიდევ მილიონზე მეტი კრედიტი. ამის საშუალებას ჩემი ფირმის ბრუნვა მაძლევდა. ქვეყანაში სიტუაცია მწიფდებოდა, რომ მაშინდელ „შავ მუშაობას“ პერსპექტივა აღარ ჰქონდა. ქვეყანა, ჩემი გაგებით, წინ მიდიოდა და გადავწყვიტე, სერიოზული პურის საცხობი შემექმნა, რომელიც დასავლეთ საქართველოში დღესაც, მე მგონი, პირველი თუ არა, მეორე მაინცაა. საქართველოს კარგი საცხობების ხუთეულში შედის. ასეთი სირთულის, დაახლოებით, ათი საცხობი იქნება საქართველოში, მეტი არა. ეს სახსრები აქ ჩავდე და პურის საცხობი შევქმენი, მაგრამ მინდა იცოდეთ, პურთან ურთიერთობა ადრეც მქონდა, ცალკე ვამუშავებდი პატარა საცხობს, რომელიც მარტო ჩემი და ჩემი ოჯახის იყო. ამ საცხობის აშენება განაპირობა, პირველ რიგში, დრომ. ეს აბდაუბდა მუშაობა უკვე გამორიცხული იყო და მეორე _ ხარისხმა. იმ საცხობში, სადაც წილში ჩემთან ერთად ანზორ დევაძე იყო, მუშაობა გამორიცხული იყო.
ლევან ვარშალომიძემ, რომელიც მაშინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იყო, დამიბარა და მითხრა, რომ ამ შენობაში პურის საცხობი არ გამოვა, ამხელა მილებია ამოშვერილი, ქალაქის ცენტრია, შავი კვამლი ამოდის და ეს ქალაქის იერსახეს აფუჭებსო. ვიფიქრე, ისევ მედავებიან, ძველი პრობლემები ისევ ისე დაიწყო-მეთქი და ვუთხარი, _ თუკი ვინმეს ინტერესშია, პირდაპირ მითხარით, მთელი ცხოვრება ვწვალობ და თავი დამანებეთ-მეთქი. ვარშალომიძემ მითხრა, _ არა, პირიქით, დოკუმენტაციაშიც მოგეხმარებით, არქიტექტურაშიც, ყველაფერს მოგიწყობთ, რაც საჭიროა, აი, თურქები ბევრნი არიან უბანში და ან სასტუმრო, ან რესტორანი უნდა მოეწყოს, სხვანაირად ჩვენში წინააღმდეგობები დაიწყებაო. ანალოგიურად მითხრა ქალაქის მერმაც. ანზორ დევაძეს ვუთხარი, ასეთი სიტუაციაა-მეთქი და მიპასუხა, _ იქნებ, როგორმე მოახერხო და გაზაფხულამდე გადაიდოსო. მერე მითხრა, შემოდგომამდე გადაიდოსო და ასე გაიჭიმა დრო. პარალელურ რეჟიმში მეორე საცხობი გავაკეთე.

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი:
_ ხუთი წელია, დავა მიდის მემკვიდრეობით მიღებულ საკუთრებაზე, რომელიც არის ბათუმში, ქალაქის ცენტრში, სადაც იჯარა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით აღნიშნულ ფაქტზე ღირს $10 000. იქ თურქები არიან დასაქმებული. ანზორ დევაძე მოწილეს არანაირ თანხას არ აძლევს, ყველანაირი ხელმოწერები გააყალბა, ყველანაირი დოკუმენტაცია მიიღო, რაც მას სჭირდებოდა. უკვე სამი წელია, ხუთი წლის წინათ დაწყებული დავა მიდის. პროკურატურას ეჭიდავებიან, რომ გამოძიება ჩაატაროს. ერთი და იგივე პასუხი მოდის, ვითომ იძიებენ და ამდენი ხანი ვერ გამოიძიეს საქმე. ეს „კეთილშობილი“ კაცი გადასახადებსაც მალავს. ეუბნება, რომ მოგაშორებთ გურულებს აქაურობასო. შესაბამისად, პროკურატურა მკვდარია, უკვე მთავარ პროკურორს მივწერე და მოვითხოვე, რომ აღნიშნული საქმე კონტროლზე აიყვანოს. ინვალიდ ქალს სასამართლო პროცესი აქვს მოგებული, აღსრულებაც კი არ ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების.

გიორგი დოლიძე:
_ იძულების წესით ერთხელ ამოვიღეთ 8000, დანარჩენი არაფერი ფული არ ამოგვიღია და კიდევ აქვს გადასახდელი.
_ დეტალებზე გადავიდეთ… ხელისუფლებამ სასტუმროს ან რესტორნის გაკეთება შემოგთავაზათ, ანზორ დევაძემ კი ამ გადაწყვეტილების გაზაფხულამდე გადატანა გთხოვათ. მერე რა მოხდა?
_ ამ დროს ანზორ დევაძის შვილი ავარიაში ხვდება, უზარმაზარი თანხა დასჭირდა მისი შვილის გადარჩენას. მთელი ქალაქი დაუდგა გვერდით, ვისაც იცნობდა, მათ შორის, წარმოებაც… ეს იყო პურის წარმოება. რისი საშუალებაც იყო, ანზორ დევაძემ ყველაფერი წაიღო. მე სხვა საქმიანობით ვიყავი დაკავებული, ამ წარმოებაში თითქმის აღარ დავდიოდი და ახალს ვაშენებდი, ეს წარმოება კატასტროფის წინაშე დადგა. მაგრამ აქ მე ვიყავი დირექტორი, ხელმძღვანელი, მერე გამოაჩინა მისი სიძე დათო ვარშანიძე, რომელსაც არასდროს არსად უმუშავია და ის ჩაერია.
ეს ადამიანი პირველად მაშინ ვნახე და მეტი აღარ მინახავს. ამ წარმოებას საერთოდ აღარ გავკარებივარ, თვითონ მუშაობდა და ოფიციალურად მე ვიყავი დირექტორი. სულ ხვეწნა მიდიოდა 2010 წლიდან, რომ ოფიციალურად გადაეფორმებინა კომპანია. ჯერ შვილი მოიყვანა, რომ ესწავლებინა და გადაებარებინა, მაგრამ ყველას ფული უნდა, პასუხისმგებლობის აღება და მუშაობა არავის უნდა. მერე ცოლი მოიყვანა. მაგას უნდა, დირექტორი იყოს და ყველაფერი კარგად იქნებაო. მე ვუთხარი, _ ასე ვერ ვიმუშავებ, ფული გადის, პრობლემებია-მეთქი. ღვარღვარა ცრემლებით ტიროდა და მეუბნებოდა, რომ ახლა ეს პერიოდი გადამატანინეო. ვუთხარი, _ მე არაფერი მინდა, ჩემი ცხოვრების წესი მაქვს, სადაც ჩემი ახალგაზრდობა გავიარე, ეს პრობლემები არ მჭირდება-მეთქი.
_ მერე რა ხდება?
_ მერე ახალი წარმოება გავუშვი ამ ფირმით, რომელიც ჩემი და ანზორ დევაძის იყო, რადგანაც ფირმას ერქვა „პურის სახლი“. ამ ფირმაში პირველად ვიყავით მე და ანზორ დევაძე, მერე ეს ფირმა 2007 წელს გადააფორმა ცოლზე _ დარეჯან აბაშიძეზე იმ მოტივით, რომ მას პროკურატურაში პრობლემები ჰქონდა, _ გაფლანგვა (გამგებლად მუშაობისას). ვითომ ამიტომ გადაუფორმა ცოლს. ეს პროცესები რომ დამთავრდება, ისევ მე ვიქნებიო. ისე მოხდა, რომ ეს ფირმა დარეჯან აბაშიძეზე დარჩა, შენობა _ მის ძმაზე და ჩემს დაზე, რაც სინამდვილეშიც მემკვიდრეობით გვერგო ოთხივეს და ჩემ დას დავუთმეთ, სხვისი საპატრონო რომ არ ყოფილიყო. ამ საქმეში დარეჯან აბაშიძე გაჩნდა, ვისთანაც შეხებაში არ ვარ. როცა ახალი წარმოების გაშვების საკითხი დადგა, ანზორს ვუთხარი _ ეს ფირმა ქაღალდია, რომელსაც აქვს მისი საკუთრება, სახელმწიფოს მიმართ და სხვა იურიდიული პირების წინაშე ვალდებულებები. ვკითხე, _ ეს ფირმა სჭირდებოდა თუ არა? მან კატეგორიულად იუარა, _ მომაცილე თავიდან, არც პასუხისმგებლობა მჭირდება და არც არაფერი მინდა მაქედანო.
ვიღებ ამ ფირმას, ვაფორმებ ხელშეკრულებას მეორე შენობასთან, რომლის მესაკუთრე მე ვიყავი, საქმეს ვიწყებ იმიტომ, რომ ეს ფირმა ანგარიშვალდებული იყო სახელმწიფოსთანაც და მომწოდებელთანაც. ამ ფირმას ორი შენობა გაუჩნდა, რომელიც არის ანზორ დევაძის და ჩემი დის. მე საერთოდ არ დავდივარ ამ შენობაში, აქ ჩნდება მისი სიძე, რომელიც არის ანზორისა და მისი ცოლის ნდობით აღჭურვილი პირი და იწყება არეულობა, გაფლანგვა, ფულების გატანა და საერთოდ, ყველაფრის ნგრევა. ადამიანები ქუჩაში გაყარა, ყველა მოხსნა, ფულების წაღება დაიწყო, თან არსად ატარებდა. იატაკიც კი გაყიდეს, დანადგარები ჯართში ჩააბარეს. როდესაც ჩემმა დამ მოითხოვა, ჩემი ფართი მომეცითო, ანზორ დევაძე შემომიბრუნდა, ჯერ ცილი დამწამეს, ვითომ ფულები წავიღე. რაც თვითონ გააკეთეს, ყველაფერი მე დამაბრალეს! მერე შანტაჟი დამიწყო, ფინანსური პოლიციით და სასამართლოთი მაშინებდა. ამ ადამიანმა კატეგორიულად დამისვა საკითხი. უნდა, რომ ჩემ დას ეს შენობა დააწეროს, რაც უკვე დაწერილია და უზარმაზარ ფულს აკეთებენ, ამიტომ მე მაშანტაჟებენ. ამ შანტაჟით უნდათ, რაღაც დავთმო. სიცოცხლეც რომ წამართვან, რისი რეალური საშიშროებაც არსებობს, მისი წარსულიდან გამომდინარე, მაინც არაფრის დამთმობი არ ვარ. ჩემი ბინა დავაგირავე და 80 ათასი დოლარი მისი შვილის გადარჩენისთვის მივეცი. ეს ვალი იუარა, არ ამიღიაო. ამაზე აღარ ვდაობ, რადგან ვერ დავუმტკიცებ. შენობაზე ფართია მიმატებული, რაც ჩემს დასა და მის ძმას ეკუთვნის, ამაზეც არ ვდაობ, რადგან ვერ დავუმტკიცებ. ყველაფერი მაშინ დამთავრდა, როცა ამ ადამიანმა ძარღვი გაიწყვიტა.
_ რა ვალდებულებები ჰქონდა თქვენს დასთან და რა ვალდებულებები არ შეუსრულეს?
_ ამ შენობის ნახევარი ჩემი დის არის, მაგრამ ამ ნახევრიდან ჩემი და ვერაფერს იღებს, მითვისებული აქვს თავიდან ბოლომდე. პირველად მისი მხარე გაკეთდა და გააქირავეს. ჩვენ სასამართლოში ვითხოვდით, რომ დაიცალოს შენობის ეს ნაწილი და თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდეს ჩემს დას. ერთ დღესაც მეუბნებიან, რომ დიდი ამბებია, დანადგარები გავყიდე და ფართი იცლებაო. ვიფიქრე, ჭკუაზე მოვიდნენ და ყველაფერი მშვიდობით მთავრდება-მეთქი. თურმე, ვიღაცისგან უზარმაზარი ფულია აღებული და იქაც აკეთებენ რაღაცებს. მერიას მივმართე, რომ ეს პროცესი გაჩერდეს. მერიამ ყველაფერი გააკეთა, რომ პროცესი არ გაჩერებულიყო. მერე ვითომ 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს, რომელიც დღემდე არ აქვთ გადახდილი, ეს ჯარიმა ჩვენ არ გვეკუთვნისო. მაშინ ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი იყო, მივედი და ვუთხარი, _ რას აკეთებ, ეს ყველაფერი უნდა გაჩერდეს, შენ როცა გჭირდება, ზედამხედველობის სამსახური ყოველდღე მიდის და ათი დღის განმავლობაში აჯარიმებენ და აქ რა ხდება-მეთქი? _ ხვალ იქნება, ზეგ იქნებაო, _ მპირდებოდნენ. ერმაკოვმა ეს შენობა დაამთავრებინა და ამ შენობის ჩემი დის ნაწილიც გააქირავეს. ქირის რეალური ღირებულება 10 ათას დოლარზე მეტია, მაგრამ ჩემი და საერთოდ არაფერს იღებს. ამ ყველაფრის მოტივაცია არის ის, რომ აჭარაში გურულები ვერ იცხოვრებენ, _ ისევ ამას გაიძახიან. ამ ხუთი წლის განმავლობაში ყველანაირად ხელს მიშლიან და სულ პრობლემებში ვარ, _ ხან სინათლეს დღეში 50-ჯერ მირთვდნენ, რომ „პრიბორები“ დამწვარიყო, ხან მძღოლი გამილახეს, მაგრამ რასაც ვერ დავამტკიცებ, იმაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. მაგრამ რეალურია ჩემი დის თემა, ქონება მითვისებულია.

მიხეილ რამიშვილი _ ადვოკატი:
_ 3000 დოლარზე რომ იყო ჯარიმა, ამას წინ უძღოდა შემდეგი: ანზორ დევაძემ, რომელიც პარტნიორია, ხელმოწერით შეიტანა განცხადება მერიაში, რომ ნებართვები მიეღო, რითაც ყველაფერი „გაიპრავა“ და ექსპერტიზის დასკვნით, ქეთევანის ხელმოწერა გაყალბებული აღმოჩნდა. გამოძიების დაწყება მოვითხოვეთ, შესაბამისად, ამას თათი დაადეს და არ მიდის გამოძიება ზარალის ანაზღაურებაზე და გაყალბებულ ხელმოწერებზე. დღეს, როცა გამოძიება ჩატარებულია, ქეთევან დოლიძე დაზარალებულის სტატუსით არ არის ცნობილი. ეს არ არის გამოძიება. გვპასუხობენ: „გამოძიება მიმდინარეობს, შედეგებს შეგატყობინებთ“. სამი წელი გავიდა და არაფერს აკეთებენ.
_ მიშა, რატომ არ აკეთებენ, ვინმე მფარველი ჰყავთ?
_ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ადამიანი გათავხედებულია ასლან აბაშიძიდან მოყოლებული. დღესაც კი „ქოცებთან“ კარგად არის და საკრებულოს ეფარება. დღევანდელი მერიც მისი მეგობარია და რასაც ეტყვის, ისე აკეთებენ. გამოძიებას დღეს არც ერთი პირი არ ჰყავს დაკითხული, არც ანზორ დევაძე, არც მისი მეუღლე, მოკლედ, აბსოლუტურად არაფერს აკეთებენ!
მთავარ პროკურორს მივმართე, პასუხს ველოდები. რაც ყველაზე მთავარია, საბიუჯეტო შემოსავლებს მალავენ, ყველა ვალდებულება კი მერე ქეთევანზე გადმოვა და როდესაც საქმე-საქმეზე მიდგება, ის იქნება ვალდებული, გადაიხადოს. თვით საშემოსავლო სამსახურიც არ არის დაინტერესებული, რომ რეალობა გაარკვიოს. ყველა ინსტანციას მივმართეთ განცხადებებით, მათ შორის, ფინანსურ პოლიციასაც. ესენი ძალიან სერიოზულ ჯარიმაზე წავლენ, ძალიან სერიოზულზე!
დოლიძეებს 18 ათასიც კი არ გადაუხადა ფირმამ, რომელზედაც სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს. ამბობენ, რომ ამ პურის საცხობს ფული არ გააჩნიაო. ეს „პურის სახლი“ არის ანზორ დევაძის ცოლის, დარეჯან აბაშიძის და დღეს თბილისიდან ჩაყვანილი ქალბატონი პროკურორი გვპასუხობს, _ მიმდინარეობს გამოძიება. სამი წელი არ არის ის გონივრული ვადა ამ გამოძიებისთვის? არ სჭირდება ექსპერტის დასკვნა? გადასახადებს მალავენ, მერე ამ ხალხის ბიუჯეტზე გადმოდის. ისე არის მომზადებული, რომ უნდა, ყველაფერი „აახიოს“, თავის პურის საწარმომდე, რომელიც ნახევარ საქართველოს არჩენს.

გიორგი დოლიძე:
_ ანზორ დევაძემ ცოლზე ხომ გადააფორმა ქონება და მისმა ძმამ ჩემი დის დაუკითხავად ის ქონება ანზორ დევაძის სიძეზე გაასხვისა. ბიუჯეტის წინაშე დავალიანება წარმოიშვა, როცა ეკონომიკური საქმიანობისთვის იყენებ ფართს და ის რეგისტრირებულია, როგორც ეკონომიკური საქმიანობისთვის განსაზღვრული ფართი და არა საცხოვრებელი, დღგ-თი და საშემოსავლოთიც იბეგრება. ეს, სადღაც, 180 ათას დოლარამდეა. გამოდის, რომ მის ძმაზეც სისხლის სამართლის საქმეა აღსაძრავი, მაგრამ ამას არ აკეთებენ. სიძეს რაც შეეხება: მიუხედავად იმისა, რომ არანაირი გამოცდილება არ აქვს, ეს ვარშანიძე ინიშნება გამწვანების ა(ა)იპის ხელმძღვანელად. კაცს ამხელა გაყალბება აქვს, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია, მაგრამ არავინ იჭერს, ეკონომიკურად ორი ფაქტორია, _ ბიუჯეტის დავალიანება, რომელსაც კაციშვილი არ კითხულობს, აგერ ამხელა ფართი აქვს გაქირავებული და არც დამალული შემოსავლები აინტერესებს ვინმეს.
პურს რომ ვაცხობდი ჩემს საწარმოში, 18 ათასი წარმოიშვა დავალიანება, ეს 18 ათასი მე არ მომცეს და ამით ის თავიანთი ფართი გაარემონტეს, რომელიც მერე გააქირავეს. თავიანთი კაპიკი არ ჩაუდევთ, ეს 18 ათასი სასამართლოთი მოვიგეთ და სასამართლო გადაწყვეტილებასაც არ ასრულებს, აღმასრულებელი ამბობს, ანგარიშზე ფული არ აქვსო.
ამდენ უკანონობაში ჩემი ინვალიდი და იჩაგრება, მას არანაირი შემოსავალი არ გააჩნია. ანზორ დევაძე და მისი ოჯახი უკანონოდ ითვისებს ჩემი დის კუთვნილ თანხას და კანონი საერთოდ არ აინტერესებს, მხოლოდ იმიტომ, რომ „აღორძინებიდან“ დიდი გზა გაიარა „ქართულ ოცნებამდე“.
ბრძოლას ბოლომდე ვაპირებ და ჩემი დის არც ერთ კაპიკს ანზორ დევაძესა და მის ოჯახს არ შევარჩენ!

ელისო კილაძე