„გადარჩენის შანსი 10%-იც არ მქონდა“

თათია კობალაძე _ ეს სახელი და გვარი ქართველმა საზოგადოებამ მისი „იქს-ფაქტორში“ გამოჩენისთანავე შეიყვარა, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა ქართველ მომღერალს მას შემდეგ ეწვია, რაც ის უკრაინული „იქს-ფაქტორის“ სცენაზე გამოჩნდა.

უკრაინაში ახალგაზრდა მომღერალმა სიმღერა „One nihgt only“ იმდენად ემოციურად შეასრულა, რომ ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ჯგუფ „ბუმბოქსის“ სოლისტი, ანდრეი ხლივნიუკი, აატირა. ცრემლები ვერც ნინო ქათამაძემ შეიკავა _ სიმღერის დასრულების შემდეგ სცენაზე ავიდა და თათიას ჩაეხუტა. ახალგაზრდა მომღერლის წარმატებული კარიერაც სწორედ იმ წუთიდან დაიწყო…
თათია 13 წლის ასაკში გათხოვდა, ამჟამად ის 2 შვილის დედაა და როგორც თავად ამბობს, მის წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი სწორედ მეუღლეს მიუძღვის, რომელიც მას მუდმივად გვერდით უდგას…

თათია კობალაძე, მომღერალი:
_ მუსიკასთან შეხება, რაც მახსოვს, 3 წლიდან მაქვს, ბებიასთან და ბაბუასთან ერთად ვიჯექი ხოლმე და მამღერებდნენ, ჰამლეტ გონაშვილის სიმღერას სამ ხმაში ვშლიდით, ოღონდ მე მაშინ 3 წლის ვიყავი, ბებო პირველ ხმას გვაძლევდა, ბაბუ _ ბანს, თან ფანდურზე უკრავდა და მე _ მეორე ხმას. მუსიკალურები იყვნენ. ალბათ, მათი ნიჭი გამომყვა. სცენაზე დიდი წარმატება 7 წლის ასაკში მოვიდა, პირველი გრან-პრი მივიღე. ბათუმის კონსერვატორიაში დავდიოდი და თბილისში გადმოსვლის შემდეგ 21-ე მუსიკალური სკოლა დავამთავრე, კონსერვატორიასთან არსებული ათწლედი ვოკალურ-საესტრადოს განხრით. ცხოვრებაში თუკი რამე მაქვს გაკეთებული, ყველაფერი მუსიკის ხაზით, სხვა პროფესია არ ამირჩევია. ბათუმში დავიბადე და 7-8 წლამდე იქ ვცხოვრობდით.
_ ბათუმში ძალიან მუსიკალური ხალხი ცხოვრობს, როგორც ჩანს…
_ ნამდვილად, იოდი კარგად მოქმედებს.
_ რას ნიშნავს ეს ქალაქი შენთვის?
_ ბათუმმა მომცა პირველი ბიძგი, პირველი ნაბიჯები ამ სფეროში სწორედ იქ გადავდგი და ა. შ. ბევრი დარტყმაც მიმიღია, მათ შორის, იქ ცხოვრების პერიოდში, თუმცა ბათუმი მაინც ძალიან კარგ მოგონებებთან ასოცირდება, იქაც კარგი მუსიკალური განათლება მივიღე.
_ რა სირთულეები ახლდა ამ ყველაფერს?
_ პატარაობისას ვერ ვიტყვი, რომ ვერ ვხვდებოდი, რა იყო შოუბიზნესი, _ მას ცხოვრებისეული სირთულეები ახლდა. მამა წინააღმდეგი იყო, არ უნდოდა, სცენაზე ვმდგარიყავი. მისი აზრით, ვინც სცენაზე დგას და მღერის, ყველა ცუდი ყოფაქცევისაა და ცუდ გზას ადგას. მისი სიტყვებიც, წასვლის წინ, სწორედ ეს იყო, ფიქრობდა, რომ ჩემგან არასოდეს დადგებოდა ნამდვილი მომღერალი, რომ დედაჩემის ეს ნაბიჯი, სულ უკან რომ დამყვებოდა, ფუჭი იქნებოდა და ამას ინანებდა. თუმცა ვფიქრობ, დღეს სანანებელი მას უფრო აქვს. მე მასთან ამის შემდეგ არანაირი კონტაქტი აღარ მქონია. ალბათ, მას არ უნდოდა. თუმცა რომც მოენდომებინა, მისი ეს სიტყვები იმდენად კარგად მახსოვს, მაინც არ მივიღებდი.
_ როგორ ფიქრობ, დღეს ნანობს თავის საქციელს?
_ ალბათ, არ ნანობს. ჩემთან არასოდეს დაურეკავს და არ უთქვამს, _ ბოდიში, მე შევცდი. უკრაინის „იქს-ფაქტორში“ რომ გამოვედი, ბათუმში ჩემმა დამ დაინახა, ფოტოებიდან იცნო და დედას ჰკითხა, _ ის ხომ რამაზიაო? ძმაკაცებთან ერთად იდგა. გამოუხედავს, დედაჩემი და ჩემი და იცნო და წავიდა. ჩემი და ტირილით მივიდა იმ ადგილას და იკითხა, _ ეს რამაზ კობალაძე იყოო? დაუდასტურეს, _ კიო. _ ჰოდა, შვილებისგან მოკითხვა გადაეცითო… გაუკვირდათ, _ რა შვილები და რომელი მეუღლეო? მან მეორე მეუღლე შეირთო და შვილები მასთანაც ჰყავს. მერე იმ ბიჭებს ჩემი ფოტო აჩვენეს, დროშა რომ მიჭირავს. გაჰკვირვებიათ, _ კადრებს რომ ვუყურებდით, ამ გოგონაზე სულ ვლაპარაკობდით, _ რამაზ, ნახე, შენი მოგვარეა, რა მაგარი გოგოაო და ერთხელ არ დასცდენია, რომ შვილიაო. რომ ნანობდეს, ალბათ სხვაგვარად მოიქცეოდა.
_ ემოციურად მაინც რთული იქნებოდა მამის წასვლა…
_ ემოციურად იმოქმედა, მაგრამ არ დავცემულვარ, ალბათ, პატარა რომ ვიყავი, იმიტომ. ბაბუამ და ბებომ გადამატანინეს. დედაჩემი თბილისში რომ წამოვიდა ჩემს დასთან ერთად, რაღაც პერიოდი ისინი მზრდიდნენ. ის ფრაზა კი ჩამრჩა მეხსიერებაში… ადამიანმა, რომელსაც მამა ერქვა, ეს სიტყვები დაიბარა. ზუსტად ვიცი, რომ თავის სიტყვებს ინანებს. ზოგადად, სიბერე ყველას მიადგება კარს.
_ პატიება არ გიცდია?
_ არა. იმიტომ, რომ მე თვითონაც მშობელი ვარ და ძალიან მიკვირს, ჯერ საერთოდ შვილზე როგორ უნდა თქვა უარი და მით უმეტეს, ასეთი რამ უთხრა. ჩემი და პატარა იყო და არაფერი ახსოვს. აქ რომ ჩამოვედით, ერთხელ დარეკა სახლის ტელეფონზე, 9 წლის ვიქნებოდი. _ რამაზი ვარო, _ მითხრა, _ მე შენთან საუბარი არ მინდა-მეთქი! და გავუთიშე. ჩემი ეს რეაქცია გასაგები იყო. იმდენი წლის განმავლობაში ნახვის მცდელობა მაინც უნდა ჰქონოდა, მაგრამ არც კი უცდია. მისმა მეორე ოჯახმა ძალიან კარგად იცოდა, რომ მას ოჯახი ჰყავდა.
_ თბილისში ჩამოსვლის შემდეგ რა სირთულეებს წააწყდი?
_ უცხოეთში დავდიოდი კონკურსებზე, უკრაინაში წავედი _ გრან-პრი ჩამოვიტანე, ბულგარეთში წავედი _ პირველი ადგილი ავიღე, ვსწავლობდი. ზაფხულში ბათუმში ჩავდიოდით დასასვენებლად და ჩემი მომავალი მეუღლე იქ გავიცანი. 13 წლის ვიყავი და რატომ გადავწყვიტე, გავყოლოდი, არ ვიცი, მაგრამ უცებ გადავწყვიტე. 5 წლით უკრაინაში მიშვებდნენ სასწავლებლად, უფასო სასწავლებელში ჩამრიცხეს _ კიევის კონსერვატორიაში. 5 წლის შემდეგ სრულწლოვანი ვიქნებოდი და ამის მერე ფაკულტეტსაც ავირჩევდი ჩასაბარებლად. ეს ავთოს რომ ვუთხარი, გადავწყვიტეთ, არ წავსულიყავი. დაახლოებით 3 თვის გაცნობილი გვყავდა ერთმანეთი.
_ ასეთ პატარა ასაკში დაოჯახება რთული არ იყო? არ აცნობიერებდით, რომ ოჯახის შექმნა მარტივი არაა?
_ ვერაფერს ვაცნობიერებდი, ავთო 18 წლის იყო და შესაძლოა, ის აცნობიერებდა, მაგრამ ამაზე არც ერთს გვიფიქრია, რა მოჰყვებოდა. ძალიან მიყვარდა და დღემდე ასეა! დედაჩემი 16 წლის ასაკში გათხოვდა და ყველა ამბობდა, რომ ამასაც ისე დაენგრევა ოჯახი, როგორც დედამისს და მერე რა ეშველებათო. 13 წელია, ერთად ვართ, ორი შვილი გვყავს _ 9 წლის ლევანი და 5 წლის ნინი. კიევში საცხოვრებლად ვეღარ წავედი, თუმცა ჩემს გათხოვებას კარიერაში ხელი არ შეუშლია. ეს მეორე ნახევარზეა დამოკიდებული, ავთო არაფერში მიშლის ხელს, პირიქით, თვითონ უფრო ეძებს, ჩემი კარიერისთვის რა არის უკეთესი _ კონკურსებს იძიებს, მეხმარება, ანკეტები შევავსოთ, გადავგზავნოთო. ერთად წასვლის საშუალება არ გვაქვს და კასტინგზე მარტო მიშვებს. ყველაფერი ნდობაა. მას სიამოვნებს, რაც უფრო წინ წავალ.
_ შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები, შენი კარიერა?
_ უკრაინის იქს-ფაქტორში გამოვედი. 2015 წლის 25 სექტემბერს ჩემი ვიდეო ეთერში გავიდა და მგონია, რომ ამას მთელი ამბები მოყვება, მთელი ღამე ველოდები და არაფერი… დილით რომ გავიღვიძე, ვიტირე, არც ერთი საიტის გაზიარება რომ არ დამხვდა. ჩემი ქმარი მაწყნარებდა, ნუ გეშინია, დადებენო და უცებ, მთელი სოციალური ქსელი აფეთქდა _ ყველგან ჩემი ვიდეო და ფოტო იყო, ყველა საიტმა გააშუქა. დიდი გამოხმაურება მოყვა. იქ თითქმის ფინალამდე მივედი. მერე საქართველოში ჩამოვედი და მეგონა, რომ აქ გზა გამეხსნებოდა, მაგრამ… ისევ არაფერი. ჩემს ქვეყანაში ისევ არავის ვჭირდები. რაღაც კრიტერიუმი ხომ უნდა არსებობდეს, რის გამოც, თუნდაც, პრეკასტინგიდან არ გადაჰყავხარ ჟიურის ან ხელმძღვანელებს, ვერაფერს გეუბნებიან. ერთადერთი, „იქს-ფაქტორი“ იყო, როცა საერთოდ ვერ ვიმღერე პრეკასტინგზე, კატასტროფული ნამღერი იყო, მეც შემეშინდა, მაგრამ მაინც გადავედი. ათეულშიც მოვხვდი და ოთხი სკამის ტურზე. რა მოხდა, არ ვიცი, მე ჩემი მაქსიმუმი დავდე, არც ერთი ნოტი და ბგერა არ შემშლია, ზუსტად იმ ემოციით ვიმღერე, რაც სჭირდებოდა, მაგრამ არ ვიცი, რა მოხდა, უცებ თამთამ ამაყენა და გამიშვა. მართლა შოკში ვიყავი. ვინც დატოვა, იმათზე პრეტენზია არ მაქვს, მართლა ყველა ძალიან მაგარი იყო. კონკურსში სულ სამი წუთი გაქვს, რომ შენი მაქსიმუმი აჩვენო და კონკურსს გარეთ რამდენად მაგარი ხარ, არავის აინტერესებს. იმ დროში უნდა ჩაეტიო.
_ რა განსხვავებაა აქაურ და იქაურ „იქს-ფაქტორს“ შორის?
_ ძალიან დიდი, იქ ბევრი რამ ვისწავლე, თუმცა _ აქაც. როცა უკვე პირდაპირ ეთერებზე ვიყავით, 400-მდე სიმღერის დემო ჩავწერე. ღამის 4 საათზე გვგზავნიდნენ, სტუდიაში უნდა გადავსულიყავით და დემო ვერსია ჩაგვეწერა. ეს ყოველდღე ასე იყო და უდიდესი გამოცდილება მივიღე. ცხოვრებაში ვერ წარმომედგინა, რომ მე თინა თერნერს ვიმღერებდი, ჩემი ფორმატი არ მეგონა. სენტიმენტალური სიმღერების შესრულება მინდოდა სულ, მაგრამ უკრაინულ „იქს-ფაქტორში“ ჩემი თავი ახალი მიმართულებით ვიპოვე. მათი დიდი მადლობელი ვარ. რა თქმა უნდა, არ შემიძლია არ აღვნიშნო საქართველო, ძალიან დამეხმარნენ, განსაკუთრებით, სოფო ტოროშელიძე, მანანა მორჩილაძე. უმაგრესი ადამიანები არიან და ყველანაირად ხელს გიწყობენ, შენი სტილის სიმღერა შეგირჩიონ, რომ თავი კომფორტულად იგრძნო. მათი დიდი დამსახურებაცაა, რომ მე სხვა ჟანრსაც მოვკიდე ხელი.
_ მიდიხარ კონკურსზე, წარმატებას აღწევ და რა გაგრძელება აქვს ამ ყველაფერს?
_ მერე ხდება ის, რომ რესტორანში იწყებ მუშაობას. რა პროექტიც არ უნდა მოიგო, სადაც არ უნდა წახვიდე, ბოლოს მაინც რესტორანში მღერი, თუ საქართველოში დარჩები. კალიფორნიიდან შემოთავაზება მქონდა და რატომღაც, თავი შევიკავე. ერთწლიან კონტრაქტს მიფორმებდნენ, ოჯახიც თან მიმყავდა, მაგრამ ვერ გავრისკე, შემეშინდა, ბავშვებს სკოლაში არ გასჭირვებოდათ. ბენდთან უნდა მემუშავა და შტატიდან შტატში კონცერტები ჩაგვეტარებინა ცოცხალი შესრულებით. ბინის ქირას, ყოველთვიურ ხელფასს, სკოლის საფასურს გადამიხდიდნენ. არ ვიცი, რამ შემაკავა. ახლა ვნანობ, რომ უარი ვთქვი და იგივე შანსი რომ ჩამივარდეს, აუცილებლად წავიდოდი. მაშინ ცოტა უფრო მეტად მაღალანაზღაურებად რესტორანში ვმუშაობდი და მეგონა, რომ სულ ასე იქნებოდა. თურმე, სად ვარ! შეკვეთით მუშაობა ძალიან არ გვსიამოვნებს, იმის მღერა გვიწევს, რაც არ მოგვწონს. უცებ მინდა ხოლმე, რომ ამ ქვეყნიდან გავიქცე.
_ მოგვიყევი იმ რთული პერიოდის შესახებ, რომელიც მთელმა ოჯახმა ერთად გადაიტანეთ. როგორც ვიცი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეგექმნა. დღეს როგორ ხარ?
_ დიახ, მეორე ბავშვზე ფეხმძიმობისას დამემართა _ ამებიაზი. ეს ყველაზე რთული ფორმაა. კუჭის სიმსივნის მსგავსია, თითქმის ანალოგიური პროცედურები ჩამიტარეს, რასაც სიმსივნის დროს უტარებენ ხოლმე _ ქიმიები და ა. შ. 5 თვის ფეხმძიმე ვიყავი. კუჭის საშინელი ტკივილები მქონდა, ოღონდ ყურადღებას არ ვაქცევდი, ასეთი ვარ. ჩვეულებრივი მოვლენა მეგონა ეს მუცლის ტკივილი და უკვე გაუსაძლისად რომ ამტკივდა, ექიმთან წავედით. როცა მეუღლემ კლინიკაში მიმიყვანა, მომენტალურად ვიგრძენი გაბუჟება და გავითიშე. გადარჩენის შანსი 10%-იც არ მქონდა _ არც ჩემი, არც _ ბავშვის. დამაჩქარებლები უნდა გაეკეთებინათ და ბავშვი რეალურად ვერ გადარჩებოდა, მაგრამ კატეგორიული უარი განვაცხადე _ არაფერი მოგვივა-მეთქი. ბოლოს, თირკმელი გამეთიშა და ძალიან ცუდად ვიყავი. მერე რაც მოხდა, შესაძლოა, ახლა ვინმემ არ დაიჯეროს. მიმაჩნია, რომ ნინი მართლაც ღმერთის საჩუქარია ჩემთვის. რეანიმაციაში წოლისას კოჭებზე, ხელებზე გადასხმები მეყენა, ცხვირში რაღაცები მქონდა ჩადგმული და ამ დროს ვიღაც კარს აღებს. არადა, ვიცოდი, რომ ყველას არ უშვებდნენ. შავებში ჩაცმული მოხუცი ქალი შემოვიდა და მკითხა, _ ხატები ხომ არ გინდაო? მესმოდა, მაგრამ ვერ ვლაპარაკობდი, ვერ ვპასუხობდი. მოვიდა, ბალიშის ქვეშ რაღაცები დამილაგა და წავიდა. ხატები უჩუქებია. ამის მერე დაავადებამ უკან დაიხია და ჩემი მდგომარეობა წინ-წინ წავიდა. უკეთ რომ გავხდი და ექიმები ზარზეიმით შემოცვივდნენ, სასწაული მოხდა. ბავშვზე მეუბნებოდნენ, რაიმე დეფექტი აუცილებლად ექნება, ჯანმრთელი ვერ დაიბადება ამდენი გადასხმის, წამლის, ამ დაავადების მერეო. ის ხატები დღესაც სახლში მაქვს, ერთ-ერთი ხატი მანანა მორჩილაძეს ვაჩუქე. ერთი წმინდა ნიკოლოზის ხატი იყო, მეორე _ ღვთისმშობლის. ზუსტად იმ ხატებმა გადამარჩინეს. ყველას ვეკითხებოდი, ვინ იყო ის ქალი, რანაირად შემოაღწია იქ, როცა ოჯახის წევრების გარდა არავის უშვებდნენ . არავინ არაფერი იცოდა. მიმაჩნია, რომ იგი ღმერთმა გამომიგზავნა ანგელოზად. ეს, ალბათ, გამოცდა იყო ჩემთვის, თუ იმ ცოდვას ჩავიდენდი, რისკენაც ექიმები მიბიძგებდნენ. ნინი სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. ზუსტად ვიცოდი, რომ არაფერი დაემართებოდა! დღეს მადლობა უფალს, ფანტასტიკურად ვგრძნობ თავს.
_ როგორ გააგრძელე ცხოვრება ამის შემდეგ?
_ ჯერ კატასტროფულად გავხდი და მერე კატასტროფულად გავსუქდი. წამლების სმა შევწყვიტე, ვთქვი, რომ უფალი ჩემთანაა და არაფერი მომივა-მეთქი. ღმერთს ცუდი რომ სდომოდა, მანამდე წამიყვანდა. ახლა ყველანაირ მედიკამენტს შევეშვი და მშვენივრად ვგრძნობ თავს! რეაბილიტაციაც კი არ ჩამიტარებია. ყველაფერი კარგადაა, მადლობა ღმერთს.
_ და ბოლოს?..
_ ბევრი გეგმა მაქვს, უამრავი აზრი მიტრიალებს თავში, ბევრი რამის გაკეთება მინდა. კონკურსებზე გასვლა, აქეთ ბენდთან ერთად ახალ რეპერტუარზე ვმუშაობ. ბენდი ფოლკაა. ფოლკლორსაც უკრავენ, მაგრამ ქავერებს _ სასწაულად. „ილოურში“ ყოველ საღამოს ვმღერი. მიმაჩნია, რომ მომღერალი მხოლოდ რესტორნით არ უნდა შემოიფარგლებოდეს და სწორედ ამიტომ ვცდილობ, ბევრი რამ ვაკეთო. ოღონდ, ჩემს ქვეყანაში _ აღარ. ვფიქრობ, აქ უკვე საკმაოდ მიცნობენ, ახლა თავს ახალი სიმღერით ან კლიპით თუ დავამახსოვრებ. აქაურ რომელიმე პროექტში ჩემი მონაწილეობა დიდად სავალდებულო აღარ არის, უფრო უცხოეთის კონკურსებზე ვაპირებ წასვლას. საავტორო სიმღერებს ვწერთ. იმედები მაქვს, ვნახოთ, რა იქნება.

გიორგი საკარული