ჯაბას „ლობიოობიდან“ „ოცნების“ დემოკრატიამდე

მეშვიდე წელია, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია და როცა ივანიშვილის გუნდის მმართველობას აფასებენ, ანალიტიკოსებს, უპირველეს ყოვლისა, ოლიგარქის ძველი დანაპირები ახსენდებათ, ოთხ წელიწადში მსოფლიოს გავაოცებთო. ეს ფრაზა იმთავითვე ორაზროვანი გახლდათ, ანუ მოაზროვნე საზოგადოებას კითხვა გაუჩნდა, რით აპირებდა „ოცნება“ მსოფლიოს გაოცებას. დღეს კი ამ კითხვაზე პასუხი გაცემულია _ საქართველოში დემოკრატიის ინდექსი მნიშვნელოვნად დაეცა!

დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, ახალგაზრდა ქართული დემოკრატია საფრთხეშია და ამას რომელიმე ქართველი ექსპერტი ან ოპოზიციონერი კი არ ამბობს, არამედ, ამის შესახებ გავლენიანი დასავლური ორგანიზაციები საუბრობენ!
უფრო კონკრეტულად, იმ დროს, როცა სრულიად საქართველო საახალწლო ჭამა-სმას იყო გადაყოლილი (მოგვიტევეთ, ცოტა მძაფრი ნათქვამია, მაგრამ რას ვიზამთ, რეალობაა _ ჩვენ ხომ გვიყვარს გაუთავებელი პურ-მარილები), გავლენიანმა უცოხურმა გამოცემა „ეკონომისტმა“ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ:
„აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის საქართველოში დემოკრატიის ინდექსმა ყველაზე მკვეთრი ვარდნა განიცადა, რაც მნიშვნელოვნად განაპირობა საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებულმა დაპირისპირებამ“.
„ეკონიმისტის“ კვლევის თანახმად, საქართველო კვლავ ჰიბრიდული რეჟიმების სიაშია, თუმცა გაუარესებული ინდექსით, რაც იმას ნიშნავს, რომ 2017 წელს საქართველო 5.93 ქულით იყო შეფასებული, წელს კი ის 5.50-ნიშნულამდე დაეცა.
კვლევაში ასევე წერია, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დაბრუნების შემდეგ მთავრობის პოლიტიკა შეიცვალა.
„ეკონომისტის“ მკვლევრებს მაგალითად მოჰყავთ ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომისას გამოცხადებული მთავარი მიზეზი: „უთანხმოება ბატონ ივანიშვილთან“ და არა _ „ხალხის მასობრივი უკმაყოფილება“ მთავრობის საქმიანობის მიმართ.
„ეკონომისტის“ მკვლევართა მიერ მომზადებულ ანგარიშში საუბარია საპრეზიდენტო არჩევნებზეც: „ბატონი ივანიშვილის გავლენით მთავრობა ჩაერია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში და 600 000 მოქალაქეს არჩევნებიდან 2 კვირაში ვალის ჩამოწერა შესთავაზა“.
ამას გარდა, კვლევაში მოყვანილია ამონარიდი ეუთო-ს ანგარიშიდან, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ეხება:
„საპრეზიდენტო არჩევნების მეორე რაუნდი კონკურენტული იყო და კანდიდატებს კამპანიის თავისუფლად ჩატარების შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა ერთი მხარე არაჯეროვანი უპირატესობით სარგებლობდა და საარჩევნო პროცესი ორივე მხარის მიერ წარმოებული კამპანიის ნეგატიურმა ხასიათმა ხელყო“.
კვლევის ავტორები იმასაც წერენ, რომ „არაჯეროვანი უპირატესობა“ ყოფილი მილიარდერი პრემიერ-მინისტრისგან, ბიძინა ივანიშვილისგან მოდიოდა, რომლის პარტია „ქართულმა ოცნებამაც“ მხარი დაუჭირა სალომე ზურაბიშვილს.
ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ქართული დემოკრატია ასე უარყოფითად კარგა ხანია, არ შეუფასებიათ, თუმცა მმართველი პარტიის წარმომადგენლები თავს იმშვიდებენ და ჯიუტად აცხადებენ, რომ საქართველოში დემოკრატია აღმავალი გზით მიდის და უცხოელ მკვლევრებს, უბრალოდ, რაღაცები ეჩვენებათ.
ზოგადად, „ოცნება“ ის ხელისუფლებაა, რომელიც „დინების საწინააღმდეგოდ“ მიდის, ანუ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ეს გუნდი ატარებს პოლიტიკას, რომ ცივილიზებული მსოფლიოს მოსაზრებები არაფერს ნიშნავს, რადგან ევროპას „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ცრუ ინფორმაციებს აწვდის და შესაბამისად, გავლენიან დასავლურ ორგანიზაციებს არასწორი წარმოდგენა ექმნებათ, თორემ, სინამდვილეში, ყველაფერი კარგად არის და „ოცნებამ“ საქართველოს მოსახლეობას ოქროს სარაიები კი არა, ოქროს კოშკები აუშენა!
დიახ, ხელისუფლება გვამუნათებს, რომ ძალიან კარგად ვცხოვრობთ, უბრალოდ, „რუსთავი 2“ ახდენს დრამატიზებას, თორემ ხალხს არც შია და არც სწყურია, ლარიც მყარია, პურიც არ გაძვირებულა და, საერთოდაც, ცხოვრების დონით, ასევე დემოკრატიით, არათუ დავეწიეთ, არამედ გავუსწარით კიდეც ისეთ ზეგანვითარებულ ქვეყნებს, მაგალითად, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრია, საფრანგეთი თუ გერმანიაა.
როგორც ზემოთ ვნახეთ, „ეკონიმისტი“ საქართველოში დემოკრატიის ხარისხის გაუარესების ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ასახელებს. ისე, „ეკონომისტს“ რომ არ ეთქვა, ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებმაც ძალიან კარგად ვიცით, არჩევნები როგორც ჩატარდა _ ყველა საარჩევნო უბანთან „ძველი ბიჭები“ იყვნენ მობილიზებულნი. ამასთან, „ოცნებამ“ ამომრჩევლის გული ხუთ-ხუთი კილოგრამი ხახვისა და კარტოფილის დარიგებითაც მოიგო. იყო ზეწოლისა და გადაბირების უფრო მძიმე ფაქტებიც, რომლის მაგალითადაც გამოდგება ახალქალაქში მომხდარი სისხლიანი ინციდენტი, რომელშიც უმრავლესობის დეპუტატი და მისი ოჯახის წევრები ფიგურირებენ:
„ახალქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსს, აშოტ რაისიანსა და წევრებს _ აბრაამ აბრაჰამიანს, ტიგრან აბრაჰამიანსა და მიშა აღბალიანს თავს დაესხნენ. როგორც გაერთიანებაში აცხადებენ, დაშავებულებს „ქართული ოცნების“ შტაბის 20-მდე წევრი ხელკეტებით დაესხა თავს. დაშავებულებს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდათ.
გიორგი ვაშაძის თქმით, დარბევას „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ენძელ მკოიანის ძმა, მარტუნ მკოიანი ხელმძღვანელობდა. მისივე განცხადებით, აბრაჰამიანები საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები არიან და „ქართული ოცნების“ შტაბის წევრებმა მათ ფიზიკური შეურაცხყოფა იმიტომ მიაყენეს, რომ ცესკოში საჩივრები არ შეეტანათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებითაა დაწყებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს“.
ამ თავდასხმიდან ორ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა მოძალადეებს პასუხი არ უგიათ.
არჩევნების დროს ასევე სისხლიანი გარჩევა მოხდა რაჭაშიც, კერძოდ, შეირაღებული თავდასხმა გრიგოლ ვაშაძის ონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელზე, ნოდარ ბურდილაძეზე განხორციელდა.
როგორც ოპოზიციამ თავდასხმის შემდეგ გაავრცელა ინფორმაცია, ბურდილაძეს „ქართული ოცნების“ აქტივისტი კახა ისაკაძე დაესხა თავს _ ის ოპოზიციის წარმომადგენელს სახლში მიუვარდა და დანა მუცელში ჩაარტყა.
„გვიან როცა მივიდა, სახლთან „ქართული ოცნების“ აქტივისტი ისაკაძე დახვდა. მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა ნიადაგზე, ჯერ არ ვიცით. ნოდარს მუცლის არეში ჭრილობები აღენიშნება. სახლში სისხლით არის ყველაფერი მოთხვრილი“, _ განუცხადა მომხდარიდან რამდენიმე ხნის შემდეგ მედიას „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ოთარ სირაძემ.
ეს უმძიმესი ფაქტები „ეკონომისტის“ დასკვნაში არ მოხვედრილა, მაგრამ ამით მაინც არაფერი იცვლება, რადგან დასავლეთის შეფასება ისედაც მკაცრია, თუმცა ხელისუფლება იმაში, რომ ქართული დემოკრატია თავქვეზეა, საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. „ოცნების“ ერთ-ერთი სახე და უმრავლესობის წარმომადგენელი, აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ევროპელები საქართველოში დემოკრატიის ხარისხს სუბიექტური მოსაზრებებით აფასებენ. ეს განცხადება ზოიძემ კიდევ ერთი გავლენიანი დასავლური ინსტიტუტის Freedom House-ის კვლევის შეფასებისას გააკეთა, რომელშიც ნათქვამია:
„2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პოლიტიკური დებატების მთავარ თემად საქართველოს ყოფილი და მოქმედი ხელისუფლებების დროს ადამიანის უფლებების დარღვევები იქცა. ხელისუფლებამ ნაბიჯები გადადგა სამართალდამცველთა დანაშაულების საგამოძიებო მექანიზმის შესაქმნელად, მაგრამ არ მიანიჭა მას სრული დამოუკიდებლობა. შეშფოთებას იწვევდა გაუმართლებლად მკაცრი ნარკოპოლიტიკა და კანონები, პრობლემები შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვის კუთხით, ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების დისკრიმინაცია და მედია პლურალიზმის შეზღუდვის საფრთხეები.

საპრეზიდენტო არჩევნები

ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ ირჩევდნენ, მეორე ტურით დასრულდა მმართველი პარტიის მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის. ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების თანახმად, „კანდიდატებს მიეცათ შესაძლებლობა, თავისუფლად წარემართათ საარჩევნო კამპანია, ამომრჩევლებმა კი საკუთარი არჩევანის გაკეთება შეძლეს“, მაგრამ შეინიშნებოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების შემთხვევები. მეორე ტური ნოემბრის ბოლოს იყო დანიშნული.
პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩადენილ ძალადობაზე პასუხისმგებლობის ნაკლებობა პრობლემად რჩებოდა.

სამართალდამცველთა დაუსჯელობა

მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის გამოძიებები, მათი დაწყების შემთხვევაშიც კი, ისეთი მუხლებით მიმდინარეობდა, რომელიც მსუბუქ, შეუსაბამო სანქციებს ითვალისწინებდა. იშვიათად დგებოდა გამამტყუნებელი განაჩენიც. შესაბამისი ორგანოები მომჩივნებს ხშირად უარს ეუბნებოდნენ მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაზე, რითიც შესაძლებლობას ართმევდნენ, გამოძიების მასალებს გასცნობოდნენ.
წლის დასაწყისიდან სექტემბრამდე სახალხო დამცველის აპარატში 149 საჩივარი შევიდა ციხის პერსონალისა და პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის თაობაზე. სახალხო დამცველმა რვა შემთხვევის გამოძიების მოთხოვნით მიმართა პროკურატურას, მაგრამ გამოძიებებს შედეგად არც ერთი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ მოჰყოლია.
ივლისში პარლამენტმა მიიღო კანონი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის“ შესახებ, რომელიც ითვალისწინებს დამოუკიდებელი ორგანოს შექმნას სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად. კანონი პროკურატურას ამ ორგანოს მიერ გამოძიების ჩატარებაზე ზედამხედველობას ანიჭებს, მათ შორის, ნებისმიერ საგამოძიებო პროცედურაზე სავალდებულო მითითებების მიცემის ან საგამოძიებო გადაწყვეტილებების შეცვლის უფლებამოსილებას, რაც ამ ორგანოს დამოუკიდებლობის ხარისხს ზღუდავს.
მაისში სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც 2017 წლის დეკემბერში 15 უფროსკლასელის ჩხუბში 16 წლის ორი ახალგაზრდის მკვლელობაში ეჭვმიტანილები ნაწილობრივ გამართლდნენ, მასობრივი პროტესტი მოჰყვა სამართალდამცველთა მიკერძოების წინააღმდეგ. გარდაცვლილთა ოჯახების მტკიცებით, პროკურატურამ განზრახ დამალა და გააყალბა მტკიცებულებები. პროტესტის შედეგად გადადგა მთავარი პროკურორი და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა. კომისიის წევრთა უმრავლესობას ოპოზიციონერი პარლამენტარები წარმოადგენდნენ.
კომისიის მიერ სექტემბერში მომზადებული დასკვნის მიხედვით, პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც ჩხუბის ორი მონაწილის ნათესავია, ხელი შეუწყო დანაშაულის ზოგიერთი ელემენტის დაფარვას. ალტერნატიული დასკვნა მოამზადეს კომისიის წევრებმა მმართველი პარტიიდან, რომლის თანახმადაც გამოძიების ხარვეზები არ უკავშირდებოდა კონკრეტულ პიროვნებას, არამედ იყო „არსებული ხარვეზიანი საგამოძიებო სისტემის“ შედეგი. ერთ-ერთი გარდაცვლილის მამამ, ზაზა სარალიძემ, მმართველი პარტიის დასკვნა გააკრიტიკა როგორც გამოძიების გამყალბებელთა დაცვის მცდელობა და საპროტესტო აქციები განაახლა. ოქტომბერში სამართალდამცველებმა სარალიძე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით მას შემდეგ დააკავეს, რაც მან პოლიციელს, რომელიც პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლაში უშლიდა ხელს, ჯოხი ჩაარტყა. სარალიძეს, რომელიც გირაოთია გამოშვებული, შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
2017 წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის ჩატარების დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრებმა ტერორიზმში სავარაუდო ეჭვმიტანილი 18 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს. ოფიციალური ინფორმაციით, დაკავების დროს მაჩალიკაშვილმა ხელყუმბარის აფეთქება სცადა. მაჩალიკაშვილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს ამ დაუდასტურებელ ბრალდებას. ისინი ამტკიცებენ, რომ თემირლანს ეძინა, როდესაც ოფიცრები მის ოთახში შევიდნენ და სროლა დაიწყეს. ხელისუფლებამ მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიება დაიწყო, რომელიც წინამდებარე ანგარიშის მომზადების დროს კვლავ მიმდინარეობდა. მაჩალიკაშვილების ოჯახს უარი ეთქვა მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაზე, რითაც ხელისუფლებამ მათი გამოძიების მასალებზე წვდომა შეზღუდა.
მაისში სამდღიანი საპროტესტო აქცია მოჰყვა პოლიციის სავარაუდო ძალადობრივ ქმედებებს დედაქალაქის ორ ღამის კლუბში ანტინარკოტიკული რეიდების ჩატარების დროს. წამყვანმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, კერძოდ, ხალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა, მოამზადეს ანგარიში, სადაც საუბარია პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე იმ დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც ამ კლუბებთან რეიდების გასაპროტესტებლად სპონტანურად შეიკრებნენ და, აგრეთვე, მრავალი დემონსტრანტის თვითნებური დაკავების შემთხვევებზე.
დადებით ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა, რომელიც ოჯახური დანაშაულის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების მონიტორინგს ახორციელებს.

ნარკოპოლიტიკა

მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა შემცირდა, ხელისუფლება განაგრძობდა ზედმეტად მკაცრი ანტინარკოტიკული კანონებით ადამიანთა დასჯას ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ან პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის. ნარკოტიკული დანაშაულები ხშირად ხანგრძლივი პატიმრობით, ზედმეტად მაღალი ჯარიმებითა და სხვა უფლებების შეზღუდვით, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვის ან სხვადასხვა ტიპის საქმიანობის განხორციელების უფლების ჩამორთმევით მთავრდება. პოლიციამ ათასობით ადამიანი გადაიყვანა იძულებით ნარკოტესტირებაზე, რისთვისაც მათ ზოგჯერ 12 საათით თვითნებურად აკავებდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს ივლისის გადაწყვეტილებასთან კანონმდებლობის ჰარმონიზების მიზნით, რომლითაც გაუქმდა ყველა დარჩენილი პასუხისმგებლობა მარიხუანის მოხმარებისთვის, ხელისუფლებამ წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს მარიხუანის მოწევის ლეგალიზებას, მაგრამ აწესებს ჯარიმებს საზოგადოებრივ ადგილებში მოხმარებაზე. ის, აგრეთვე, აწესებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას მარიხუანის არასრულწლოვანთა თანდასწრებით მოხმარებაზე და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს. მარიხუანის შეძენა ან შენახვა დასჯად ქმედებად დარჩა.

შრომითი უფლებები

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თანახმად, 1-ლ აგვისტომდე არსებული მდგომარეობით, 29 მუშა გარდაიცვალა და 24 დაშავდა სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევების შედეგად. 11 მათგანი მაღაროში დაიღუპა. მარტში პარლამენტმა კანონი მიიღო შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომელიც მაღალი რისკის მქონე ყველა საქმიანობას ეხება. კანონი უფლებამოსილებას აძლევს შრომის ინსპექციას, უბედური შემთხვევის შემდეგ დამქირავებელი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შეამოწმოს. თუმცა კანონის თანახმად, შრომის ინსპექციის მანდატი შეზღუდულია მხოლოდ სამუშაო პირობების უსაფრთხოების შემოწმებით და არ მოიცავს შრომის სხვა სტანდარტების ინსპექტირებას. ყველა სხვა შემოწმების ჩატარება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზეა ნებადართული.

სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა

სახალხო დამცველის თანახმად, ლგბტ თემის წარმომადგენლები ხშირად განიცდიან ძალადობასა და დისკრიმინაციას ცხოვრების ყველა სფეროში. საჯარო პირების ჰომოფობიური განცხადებები აძლიერებს საზოგადოებაში ღრმად ფესვგადგმულ ჰომოფობიას.
ივნისში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მისი საქმიანობის მიმართ კრიტიკის საპასუხოდ გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე საკუთარი კონსერვატიული პოზიცია გამოხატა, რითიც, სავარაუდოდ, საზოგადოებაში არსებულ ტრანსფობიურ განწყობებზე თამაში სცადა. წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მინისტრის გადადგომა მოითხოვა მართლმსაჯულების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმების, მათ შორის, სასამართლო რეფორმის წარუმატებლობის გამო. წულუკიანმა ამ ჯგუფების უკმაყოფილება საჯაროდ ახსნა თავისი უარით, დაერეგისტრირებინა „ის ადამიანი, რომელსაც აქვს მამაკაცის ორგანოები… ქალად“ და პირიქით. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ტრანსგენდერი ადამიანების სქესის სამართლებრივ აღიარებას, თუმცა მათ მოეთხოვებათ, წარადგინონ სქესის შეცვლის ოპერაციის დამადასტურებელი საბუთი.

მედიის თავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოება

2017 წლის დეკემბერში პარლამენტმა მიიღო ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში, რითიც საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლებები გაუფართოვა, მათ შორის, მისცა შესაძლებლობა, დამატებითი შემოსავალი მიიღოს ეთერში კომერციული რეკლამის განთავსებით. ეს ნაბიჯი კერძო ტელევიზიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს, რადგან მიიჩნიეს, რომ საჯარო დაფინანსების მქონე ტელევიზიის შესვლა სარეკლამო ბაზარზე, რომელიც შემცირების ტენდენციას აჩვენებს, საფრთხეს შეუქმნიდა მცირე ზომის რეგიონულ მაუწყებლებს და დააზარალებდა მედია პლურალიზმს ქვეყანაში. ამ და სხვა მოსაზრებებით პრეზიდენტმა ვეტო დაადო ამ კანონპროექტს, მაგრამ პარლამენტმა ის დაძლია.
დავა საქართველოს ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საკუთრების თაობაზე ჯერ არ განუხილავს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ყოფილი მფლობელის განცხადებით, ის აიძულეს, ტელეკომპანია საბაზროზე ნაკლებ ფასად გაეყიდა და ცდილობს, თავისი უფლებები აღიდგინოს. „რუსთავი 2-ის“ ამჟამინდელ მფლობელებს მიაჩნიათ, რომ სასამართლო დავა ხელისუფლების მიერ არის ორკესტრირებული, რათა ხელში ჩაიგდოს ოპოზიციურად განწყობილი ტელეარხი. ამ დავამ მედიაში ხელისუფლების ჩარევის თაობაზე შეშფოთება გააჩინა.
ოქტომბერში ტელეკომპანია „იბერიამ“ მაუწყებლობა შეწყვიტა და მიზეზად დაასახელა ხელისუფლების მცდელობა, დახუროს კრიტიკულად განწყობილი ტელეარხი მისი მფლობელის ფინანსური მდგომარეობის გაუარესების გზით. ტელეკომპანიის მეპატრონის განცხადებით, ხელისუფლებამ მას საგადასახადო დავალიანების მოგვარების სანაცვლოდ არხის დათმობა შესთავაზა. ხელისუფლებამ ეს ბრალდებები უარყო.
ოქტომბერში რამდენიმე მაღალჩინოსანმა არასამთავრობოების წინააღმდეგ მას შემდეგ გაილაშქრა, რაც 13-მა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა მაღალ ეშელონებში არსებული კორუფციის შესახებ. საქართველოს სახალხო დამცველმა მაღალჩინოსნების განცხადებები გააკრიტიკა.

საერთაშორისო აქტორები

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ პირველ ანგარიშში, რომელიც ნოემბერში მიიღეს, ევროპარლამენტმა შეაქო ქვეყნის წინსვლა, მაგრამ, ამავე დროს, მოუწოდა ხელისუფლებას, დაძლიოს პრობლემები ისეთ სფეროებში, როგორებიცაა შრომითი უფლებები, გარემოს დაცვა და მოწყვლადი ჯგუფებისა და ქალების დისკრიმინაცია.
გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის ანგარიშში ხანდაზმულთა მიერ ადამიანის ყველა უფლების რეალიზების შესახებ, რომელიც ივლისში გამოქვეყნდა, სხვა პრობლემებთან ერთად აღნიშული იყო ხანდაზმულთა „ხშირი“ დისკრიმინაცია შრომის ბაზარზე, გენდერული ძალადობა, ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის პრევენციის პროგრამების არარსებობა, დაბალი პენსიები და სიღარიბე. გაეროს ექსპერტმა ხელისუფლებას მოუწოდა, დისკრიმინაციისა და ეიჯიზმის (ასაკობრივი დისკრიმინაცია, _ რედ.) აღმოსაფხვრელად სტრატეგია შეიმუშაოს.
ოქტომბერში, ქვეყანაში ვიზიტის შემდეგ, გაეროს ექსპერტმა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის საკითხებში ვიკტორ მადრიგალ-ბორლოზმა ხელისუფლების მცდელობა შეაქო, აღკვეთოს ლგბტ პირების წინააღმდეგ ძალადობა, მაგრამ, ამავე დროს, მოუწოდა მას, გადაჭრას ბულინგის, სექსუალური შევიწროებისა და საზოგადოებიდან გარიყვის პრობლემა.
ტრეფიკინგის შესახებ აშშ-ის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, რომელიც ივნისში გამოქვეყნდა, საქართველო აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღკვეთის მინიმალურ სტანდარტებს, მაგრამ კვლავ რჩება სექს-ტრეფიკინგისა და სხვა იძულებითი შრომის როგორც წყარო, ისე ტრანზიტული და მიმღები ქვეყანა.
გაერომ, ევროკავშირმა, აშშ-მა და საქართველოს სხვა ორმხრივმა და მრავალმხრივმა პარტნიორებმა განცხადებები გააკეთეს რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით; რამდენიმე განცხადება შეიცავდა მოწოდებას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დასრულებისკენ.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აგრძელებდა ომის დანაშაულებისა და ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულების გამოძიებას, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩაიდინეს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებამდე, ომის დროს და ომის შემდეგ“.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია, როგორიც Freedom House-ია, თავის თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, ამა თუ იმ ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობა თუ ცალკეული მოვლენები სუბიექტური მოსაზრებების მიხედვით შეაფასონ, _ განცხადა აკაკი ზოიძემ Freedom House-ის ამ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ და დასძინა _ გვახსოვს, შარშან სააკაშვილისა და მისი სისტემური დანაშაულის შემოქმედი რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ განაჩენები და ბრალდებები შეფასდა, როგორც პოლიტიკური ვენდეტა, თუმცა საუბარი იყო, მაგალითად, გირგვლიანის საქმეზე, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც მიიღო _ ადამიანის უფლებათა საუკეთესო სტანდარტებზე დაყრდნობით. ვფიქრობ, საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ დარჩა კითხვის ნიშანი გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით. ანალოგიურად, საუბარი იყო ტენდენციურ შეფასებებზე, რომელიც ეხებოდა მიწისქვეშა სადგომის გადაცემას თითქოს შეღავათიან ფასად; თითქოს საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო ხელისუფლების რუპორი და ა. შ. არის მკვეთრად სუბიექტური შეფასებები. ადამიანს სრული უფლება აქვს, საკუთარი აზრი ჰქონდეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, თუმცა ეს აზრი არ უნდა გამოცხადდეს დემოკრატიის სტანდარტად და ეს აზრი არ უნდა იყოს გადმოცემული ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის შეფასებებში, როგორიც Freedom House-ია, რომელსაც ბევრი ადამიანი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ აკვირდება“.
ერთი სიტყვით, დასავლეთის შეშფოთებას, რომ საქართველოში დემოკრატიის ხარისხი დაეცა, „ოცნებას“ სასაცილოდ არ ჰყოფნის. ოპოზიცია კი ამბობს, რომ დემოკრატიის ინდექსის მკვეთრი ვარდნა მოსალოდნელი იყო. მეტიც, ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ სანამ ქვეყანას ივანიშვილი მართავს, დემოკრატიის ინდექსის ვარდნა გაგრძელდება.
„ეს მოსალოდნელი იყო იმ მძიმე ვითარების ფონზე, რაც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა ქვეყანაში ხალხის გაღარიბებით, პოლიტიკურად, სახელმწიფო დემოკრატიული ინსტიტუტების რღვევით. განსაკუთრებით, ეს ეხება სასამართლოს. სამწუხარო ის არის, რომ ეს ვარდნა და რღვევა გაგრძელდება, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი მართავს ამ ქვეყანას. ყველაზე მძიმედ ეს აისახება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე, მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე“, _ მიიჩნევს „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე კი ქვეყნის არაფორმალურად მართვაზე ამახვილებს ყურადღებას:
„ქვეყანას ჰყავს არაფორმალური მმართველი, რომელიც არ იკავებს არც ერთ თანამდებობას, მაგრამ აკონტროლებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, საკანონმდებლო ხელისუფლებას და ახლა უკვე ყველანაირი ფინანსური რესურსის ხელში ჩაგდება სურს. ასევე ეს ინდექსი გაუარესებულია მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა უკიდურესი ძალადობის ფონზე, ადამიანების მოსყიდვა, ძალადობა, მათ შორის, 600 ათასი ადამიანის მოსყიდვა, როდესაც მთავრობამ, ივანიშვილის დავალებით, კანონი დაარღვია“.
„დემოკრატია ლობიოობა არ არის“, _ ეს ფრაზა მე-20 საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, თბილისის ომის დროს, „მხედრიონის“ ლიდერმა, ჯაბა იოსელიანმა წარმოსთქვა. მას შემდეგ ორ ათეულ წელზე მეტი გავიდა, სამყარო შეიცვალა, მაგრამ საქართველოში ვიღაც-ვიღაცებს დემოკრატია ისევ ლობიოობა ჰგონიათ. ისე, ჩვენი ეკონომიკა თავქვე ისეთი სისწრაფით მიექანება, რომ მალე ლობიოც სანატრელი გაგვიხდება. ამიტომაც დროა, ხელისუფლებამ თვალები გაახილოს, ყურები გამოისუფთავოს და თავისი მთავარი ფუნქცია შეასრულოს _ ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობაზე იზრუნოს, თორემ ჭაობში, რომლისკენაც მმართველი ელიტა მიგვაქანებს, „ოცნებაც“ ჩვენთან ერთად აღმოჩნდება!
ამასთან, ისიც კარგი იქნება, რომ „ოცნებამ“ ისტორიას გადახედოს და მსოფლიო პოლიტიკის საწინააღმდეგოდ ცურვაზე ხელი აიღოს, რადგან ერთხელ ჩვენი ქვეყნის მმართველებმა დინების წინააღმდეგ ცურვა რომ დაიწყეს, ეს ძალიან ძვირი დაგვიჯდა _ რუსეთის კლანჭებში აღმოვჩნდით. რუსული ნარატივი დღესაც აქტუალურია, მაგრამ ჩვენ საზოგადოებამ და სამოქალაქო აქტივისტებმა არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო, რუსეთის მსგავსად, კორუფციის მარწუხებში აღმოჩნდეს და დემოკრატია, რომელიც ევროპის სრულფასოვანი წევრობისკენ პირდაპირი გზა არის, ჩვენივე ხელით მოვკლათ!
ასე რომ, ფხიზლად, ქალბატონებო და ბატონებო, ქართული დემოკრატია საფრთხეშია!

გიორგი აბაშიძე