„ეკლესია ქურუმების კლუბი არ არის“

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან მიმართებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულებასა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში მიმდინარე პროცესებზე „ქრონიკა+“ თეოლოგს, კანონიკური სამართლის სპეციალისტ ვლადიმერ ნარსიას ესაუბრა:

_ ქართული საზოგადოება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის მიერ უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიისთვის გადაცემული ტომოსის წაკითხვა-გაცნობას ელოდება. როგორ ფიქრობთ, რის საფუძველზე უნდა დაასკვნას სინოდმა, ეკუთვნის თუ არა უკრაინას ავტოკეფალია? ანუ რა უნდა ამოიკითხონ ამ დოკუმენტში?
_ დოკუმენტში უნდა ჩანდეს წმ. სინოდის არგუმენტირებული პოზიცია, რომელიც შეფასებული იქნება მართლმადიდებელი ეკლესიის მართვის მრავალსაუკუნოვანი წესების გათვალისწინებით. საპატრიარქო კი გვეუბნება, რომ სხვა ეკლესიათა გადაწყვეტილებებს დაელოდება, რაც ირიბად ნიშნავს რუსული კონიუნქტურის გათვალისწინებას. ე. ი. თუ რუსეთი მიიმხრობს მისი გავლენის ქვეშ მყოფ ეკლესიებს, როგორც მოხდა 2016 წლის კრების შემთხვევაში, ეს საქართველოს ეკლესიას სტიმულს მისცემს თქვას, _ მსგავსად სხვა მართლმადიდებელი ეკლესიებისა ისიც თავს იკავებს მხარდაჭერისგან.
წესით კი, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ნებისმიერი ეკლესია ვალდებულია, მიუკერძოებლად გამოიკვლიოს რუსეთის ეკლესიის დაფუძნების ისტორია, კონსტანტინოპოლის როლი კიევის საყდრის დაარსებაში, ისტორიული ავბედობისა და 1686 წელს კონსტანტინოპოლის მხრიდან „იკონომიის“ იძულებითი გამოყენების მიზეზები და შეაფასოს ახლად გაცემული ტომოსის „სამიტროპოლიტო ავტოკეფალიის“ კანონიკურობა. ეკლესიათა მხრიდან საკითხის ასეთი სიღრმისეული ანალიზი ჯერ არ მომხდარა და დარწმუნებული ვარ, ეს წინ გველოდება. რაც შეეხება საქართველოს ეკლესიას, დამატებით, საკუთარ პასუხში კარგი იქნება, ხაზი გაუსვას მე-19 საუკუნეში რუსეთისგან საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მიტაცებისა და 1917 წელს მისი აღდგენის ისტორიულ-კანონიკურ ასპექტებს, უკრაინის ავტოკეფალიის საკითხთან პარალელურ თხრობაში, ბევრი მსგავსებითა და ნეგატიური შედეგებით.
_ რა შედეგს მოგვცემს პროცესის ასე წარმართვა?
_ მხოლოდ ასეთი სიღრმისეული ანალიზის შემდეგ შეიძლება, სინოდის გადაწყვეტილება ჩაითვალოს დამაჯერებლად საქართველოს ეკლესიის წევრებისთვის, ვინაიდან ეკლესიის სისავსეს იერარქიასთან ერთად ქმნის მისი საერო ნაწილი _ მრევლი.
ეკლესია ლოგოსის ინსტიტუტია. იგი ყოველთვის სიმართლეს უნდა ამბობდეს და განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს მსხვერპლს მოითხოვს. ეკლესია არ არის პოლიტიკური ინსტიტუცია. მას არ მოეთხოვება სიმართლის მიჩქმალვით პოლიტიკური მანევრირება, თუნდაც რთულ ისტორიულ პროცესებში, რადგან მისი ამოცანა ისტორიის ავბედობის შეკავებაა სიმართლისთვის მსხვერპლად შეწირვის გზით. აქ და ასეთ დროს ძლიერდება ეკლესია და ქრისტიანული მოძღვრების ეს პარადოქსი ანიჭებს მას ძალასა და ცხოველმყოფელობას. სწორედ ასეთი მოქმედება მოეთხოვება დღეს საქართველოს ეკლესიის ადმინისტრაციას და არა იმის მტკიცება, თუ რა ბეჯითად დაისწავლეს ჩინოვნიკებისა და ადმინისტრაციების ფუნქციონირების საბჭოური მეთოდები.
_ თუ გვერდზე გადავდებთ გონივრულ ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რატომ აჭიანურებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას, საინტერესოა შემდეგი ასპექტი _ ვინ უნდა წაიკითხოს ტომოსი? რამდენად არიან ამ პროცესში ჩართულნი დამოუკიდებელი ექსპერტები, თეოლოგები, თუ ეს მხოლოდ რაიმე განსაკუთრებული წრის პრეროგატივაა?
_ ტომოსის განმარტების უპირველესი ვალდებულება ეკისრება წმ. სინოდს. თუმცა საეკლესიო ტრადიციაში მართვისა და სამოძღვრო საკითხების განმარტებისას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა დარგის სპეციალისტების შეფასებებს, რომლებიც ერკვევიან ეკლესიის ისტორიის, კანონიკური სამართლისა და თეოლოგიის მეცნიერების სხვადასხვა დარგში. შუა საუკუნეებში კანონისტებს _ საეკლესიო საქმეთა იურისტებს _ უდიდესი წვლილი შეჰქონდათ საეკლესიო სამართლებრივი საკითხების განმარტების საქმეში. რაღა შორს წავიდეთ, 80-იან წლებში, როცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გადაწყვიტა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთვის ტომოსის მინიჭების მოთხოვნით მიემართა, მან ამ საკითხებზე სამუშაოდ სპეციალისტთა ჯგუფი შექმნა, რომელიც ისტორიკოსებით და სამართლის ისტორიის მეცნიერების მცოდნეებით იყო დაკომპლექტებული. ამ ჯგუფმა თითქმის 10 წელი იმუშავა. მახსოვს, ამის შესახებ ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე გვიყვებოდა სტუდენტობის დროს, რომელიც თავად იყო ამ ჯგუფის წევრი. ამიტომ მიმაჩნია, რომ მართლმადიდებელი ეკლესიების წინაშე მდგარი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი უნდა შეფასდეს შესაბამისი დარგის სპეციალისტების _ თეოლოგებისა და კანონიკური სამართლის მეცნიერების მცოდნეთა ჩართულობით.
აქვე ყურადღებას გავამახვილებდი სულ ახლახან სოციალურ ქსელში გავრცელებულ სტატიაზე, რომლის ავტორია რუსეთის საპატრიარქოს მღვდელმსახური გიორგი მაქსიმოვი. სტატია სათაურით „კონსტანტინოპოლის პაპიზმის ერესი“ უდიდეს გამოწვევად უნდა ჩაითვალოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისთვის. ვრცელდება ხმები, რომ იგი წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს რუსული ფრთის საყრდენ ხედვას უკრაინის პოზიციის დასასაბუთებლად, რომელიც განსაკუთრებული ძალისხმევით ვრცელდება სასულიერო პირებში. ჩემი ღრმა რწმენით, აღნიშნული სტატიის შინაარსისა და სულისკვეთების უკრიტიკოდ მიღება უდიდესი შეცდომა იქნებოდა საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან. რუსი მღვდელმსახურის, გიორგი მაქსიმოვის შეხედულებები მოითხოვს ყველა დეტალის მეცნიერული სიზუსტით გაჩხრეკას, მთელი რიგი კანონიკური, ისტორიული და დოგმატური საკითხების დასაზუსტებლად, რომელსაც იგი ბრალად სდებს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს. საქართველოს ეკლესია ვალდებულია, სიფრთხილით და ეჭვით მოეკიდოს სტატიაში გამოთქმულ მოსაზრებებს, ვიდრე მას თავად არ დაასაბუთებს შესაბამისი კვლევით. ასევე საპატრიარქო ბრმად არ უნდა მიენდოს არც ერთი მხარის პოზიციას და მხოლოდ საკუთარი მიუკერძოებელი ანალიზი შემოგვთავაზოს დასკვნაში, რომელსაც ასე ელოდება საეკლესიო და საერო საზოგადოება. საკითხის ასეთი ანალიზი უპირველესად მოითხოვს აკადემიური უნარების ფლობას და სამეცნიერო მეთოდებით ხელმძღვანელობას. ამიტომ ვუსვამ ხაზს ამ საქმეში მეცნიერებისა და დარგის სპეციალისტების ჩართულობას, რადგან მიმაჩნია, რომ საკითხის მხოლოდ ამგვარი ნიუანსური შესწავლა წარმოადგენს ერთადერთ სწორ საეკლესიო გზას ჭეშმარიტების დასადგენად, რასაც მოწმობს ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი ისტორია სადავო საკითხების განხილვის დროს.
_ ჰყავს კი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას იმ დონის სპეციალისტები, რომლებიც დოკუმენტების შეფასებებისას გასცდებიან ქართულ და რუსულ წყაროებს? ანუ გვყავს ჩვენ ღვთისმეტყველების სპეციალისტები, რომლებიც ამ საკითხში თუნდაც ბერძნულ წყაროებს გამოიყენებენ?
_ საქართველოში არსებობს ახალგაზრდა თეოლოგ მეცნიერთა ჯგუფი, რომლის წევრებმაც განათლება მიიღეს ათენისა და თესალონიკის უნივერსიტეტებში. ასევე ევროპის _ გერმანიის, ინგლისისა და ავსტრიისა წამყვან უნივერსიტეტებში. მიმაჩნია, რომ მათი ცოდნა და გამოცდილება სრულიად საკმარისია საკითხის კანონიკურ-თეოლოგიური და ისტორიული ასპექტების სიღრმისეული ანალიზისთვის. განხილვებში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითაც შეიძლება.
ვიმედოვნებ, რომ ჩემს ამ ინიციატივას წმინდა სინოდის წევრების მხარდაჭერა მოჰყვება. ღრმად მრწამს, რომ ასეთი თანამშრომლობა მხოლოდ სასარგებლო იქნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის და ორმხრივად გაამდიდრებს პროცესში მონაწილე მხარეებს. ერთი მხრივ, ჩვენ გავიზიარებთ წმინდა სინოდის წევრების მრავალწლიან გამოცდილებას საქართველოს ეკლესიის მართვის საკითხებზე და მეორე მხრივ, წმინდა სინოდი იხელმძღვანელებს მეცნიერული ანალიზითა და ხედვებით აღნიშნული საკითხის შეფასებისა და დასკვნების მომზადების პროცესში.
_ თუ საეკლესიო კანონიკას გვერდზე გადავდებთ და საკითხს საეკლესიო და ეროვნული პოლიტიკის ინტერესების კონტექსტში განვიხილავთ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დღევანდელმა მესვეურებმა, იმ დამოკიდებულებით, რომელსაც ამ თემასთან მიმართებით ამჟღავნებენ, კათოლიკოს კირიონ II-ისა და მე-20 საუკუნის გამორჩეული ქართველი ერისკაცების ბრძოლისა და 1917 წელს მიღწეული შედეგის აბსოლუტური ნიველირება მოახდინეს. რატომ? გთხოვთ, ვრცლად განმარტოთ და შეადაროთ ერთმანეთს ეს ორი მოცემულობა.
_ მიმაჩნია, რომ აქ მნიშვნელოვანია დავინახოთ დროითა და რეჟიმით გამოწვეული განსხვავებები. მე-20 საუკუნის დასაწყისში ავტოკეფალისტების მთავარი პროტესტი ეფუძნებოდა სისტემის მიუღებლობას. ზოგადად, უნდა ითქვას, რომ წუთისოფლის მიუღებლობა იესო ქრისტეს სწავლებისა და მოღვაწეობის ქვაკუთხედია. იმდროინდელი ქართული ეკლესია სულით-ხორცამდე განიცდიდა ჯერ ცარისტული და შემდეგ ბოლშევიკური რეჟიმისაგან მიყენებულ ტკივილს. ავტოკეფალისტებს ჰქონდათ პროტესტი რუსული იმპერიალისტური რეჟიმის მიმართ, რაც კარგად ჩანს წმ. ამბროსი ხელაიას სიტყვებშიც: „ჩემი 37 წლის სამსახური მე მოვანდომე გარუსების პოლიტიკასთან ბრძოლას“.
მე-20 საუკუნის ბოლოს ეს მუხტი სასულიერო პირებში მინავლებული იყო. რუსული სპეცსამსახურები მთლიანად აკონტროლებდნენ სახელმწიფო მმართველობის სფეროებს, მათ შორის, სისტემის შემადგენელ ეკლესიას. პატრიარქი ილია მეორე მის ერთ-ერთ ქადაგებაში ამბობს კიდეც, რომ „საბჭოთა რეჟიმის დროს თითქმის ყველა თანამდებობის პირზე, მეცნიერებსა და სასულიერო პირებზე უშიშროების სამსახურები ახორციელებდნენ კონტროლს და ქმნიდნენ „პირად საქმეებსო“. სავარაუდოდ, სისტემის ასეთმა ტოტალურმა კონტროლმა სასულიერო იერარქიაში იმ სულიერი ნერვის ატროფია გამოიწვია (ერთეულ გამონაკლისებს არ ვგულისხმობ), რომელიც ამოძრავებდა სისტემასთან მებძოლ წმ. კირიონ, წმ ამბროსი, ლეონიდე კათოლიკოსებს, მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას, ეპისკოპოს ანტონ გიორგაძეს, მღვდელ სიმონ მჭედლიძესა და სხვებს. მე-20 საუკუნის ბოლოს, როგორც ჩანს, სასულიერო იერარქები ეკლესიის ფიზიკურ გადარჩენაზე უფრო ფიქრობდნენ, ვიდრე სუსტი ძალით მონსტრთან ბრძოლაზე, იმ იმედით, რომ ეს მონსტრი ოდესღაც დაიმსხვრეოდა. 80-იანი წლების მიწურულს ეს დროც დადგა. იმდროინდელმა პოლიტიკურმა კატაკლიზმებმა საზოგადოებაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლის არნახული მეტამორფოზა გამოიწვია. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ეკლესიის გამოსვლა პოლიტიკურ ასპარეზზე და ახლად შექმნილ სახელმწიფოსთან ერთად უამრავ ტკივილიან ისტორიაში მისი მონაწილეობა. მას შემდეგ სინჯავს საპატრიარქო საკუთარ ძალებს პოლიტიკურ ველზე და სახელმწიფოსთან ერთად, უკვე მე-5 პრეზიდენტის პირობებში, აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო სისტემის მოდიფიკაციასა და მეტიც, ჩამოყალიბებაში. მგონი, აქ არის პასუხი თქვენს შეკითხვაზე, თუ რატომ მოხდა ავტოკეფალისტების სულისკვეთების ნიველირება. რომელ სისტემას უნდა დაუპირისპირდეს დღევანდელი ეკლესია, რომლის შექმნაშიც ორ ათეულ წელზე მეტია, თავად მონაწილეობს? სამწუხაროდ, ეკლესია ამას ვეღარ გააკეთებს. თავს კი ყოველთვის გაიმართლებს, რომ პატივს სცემს 1917 წლის მონაპოვარს და ავტოკეფალისტების ბრძოლას, მაგრამ დღეს დასავლეთიდან მომდინარე „საფრთხეებისგან“ თავის დასაცავად ეკლესიაც ოცნებობს ერთმორწმუნე იმპერიაზე, სადაც ფესვები მყარად აქვთ გადგმული წინა საუკუნის 70-იანი წლებიდან. ამიტომ მიმაჩნია, რომ იესო ქრისტეს სწავლებას „ჩემი სამეფო არ არის ამ წუთისოფლის…“ მეტი ერთგულებით განასახიერებდნენ წმ. ამბროსი, წმ. კირიონი და ლეონიდე კათოლიკოსები სისტემისადმი ანტაგონისტური დამოკიდებულებით, ვიდრე თანამედროვე „ქართული“ საპატრიარქო კვაზი მართლმადიდებელი იმპერიისადმი ლტოლვით.
_ ხელისუფლების დამოკიდებულება საკითხისადმი ცალკე განსჯის თემაა. სახელმწიფოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების _ პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე _ მხრიდან გაჟღერებული კომენტარები ერთი და იმავე შინაარსის იყო, _ ველოდებით სინოდის გადაწყვეტილებას. ამ დამოკიდებულებას როგორ შეაფასებდით და რისი მანიშნებელია ასეთი „მორჩილება“?
_ პირველ რიგში, ეს არის სახელმწიფოს უმწიფრობის პრობლემა. დიდი ხანია, შეიმჩნევა მთავრობის წევრების მხრიდან რელიგიური თემების უცოდინარობა, მინიმალურ დონეზეც კი. რა თქმა უნდა, აქ არ ვგულისხმობ თეოლოგიური საკითხების ცოდნას, არამედ პოლიტიკის რელიგიური შინაარსის შემადგენელს, რაც, მათ შორის, დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკური სისტემის ნაწილიც არის, სხვადასხვა დოზით. დასავლეთში სახელმწიფო ლიდერებს საფუძვლიანი საუნივერსიტეტო განათლება აქვთ მიღებული რელიგიისა და პოლიტიკის ურთიერთობის საკითხებზე, რადგან ეს თემები საუკუნეების განმავლობაში ამერიკული და ევროპული საუნივერსიტეტო კურიკულუმების ნაწილია. საქართველოში კი ამ საკითხებს სათანადო ყურადღება არასოდეს ექცეოდა და ამიტომ, სახელმწიფო მოხელეების დიდი უმრავლესობა, მათ შორის არიან პრემიერები და მინისტრები, ამ საკითხებზე ელემენტარულ ცოდნასაც ვერ ამჟღავნებენ. შესაბამისად, სახელმწიფოსა და ეკლესიის იტერესების გადაკვეთის დროს სახელმწიფო ყოველთვის სუსტად და დაბნეულად გამოიყურება.
რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას უკრაინის ავტოკეფალიაზე, იგი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ეკლესიის ყველა იერარქი, მათ შორის, განსხვავებული მსოფლმხედველობის მქონე ეპისკოპოსებიც კი, ერთსულოვნად აფიქსირებდნენ პოზიციას, რომ უკრაინას, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ეკუთვნის ავტოკეფალიური ეკლესია. სწორედ იერარქიის მხრიდან საკითხის ეს პოლიტიკური შეფასება უნდა გამოეყენებინა პრეზიდენტს და მიელოცა უკრაინელი ხალხისთვის დამოუკიდებელი ეკლესიის დაარსება. რაც შეეხება კანონიკურ ასპექტს, ეს სახელმწიფოს შეფასებისა და კომპეტენციის საზღვრებს სცდება და პრეზიდენტის მილოცვას არც არავინ მოითხოვდა ამ კუთხით.
იგივე უნდა ითქვას პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარისა და საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებზე. სამწუხაროა, რომ ისინი ვერ გრძნობენ, თუ რა საერთაშორისო რეზონანსის მქონე საკითხია უკრაინის ავტოკეფალიის თემა. ვერ გრძნობენ მის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას რუსული იმპერიალისტური გავლენების შესასუსტებლად, რაც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს სტრატეგიულ მიზნებს ემთხვევა მთელ რიგ მიმართულებებში.

_ გაჟღერდა მოსაზრება, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით სინოდის ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას პერსონალური კენჭისყრით და შედეგები, ვგულისხმობ პერსონალურ პოზიციას, ცნობილი უნდა გახდეს საზოგადოებისთვის. რამდენად მართებულია ეს დამოკიდებულება და წავა კი სინოდი ამ გზით? მეტიც, ამ ქმედების იძულების რა მექანიზმები არსებობს?
_ ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება არეგულირებს კენჭისყრის პროცედურას და ადგენს ზოგად წესებს. თუმცა ვიტყოდი, რომ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი არ არის იმ რიგისა და მნიშვნელობის, რომელსაც, როგორც წესი, განიხილავს ხოლმე წმ. სინოდი საქართველოს ეკლესიის შიდარეგულირების მიზნით. უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი სცდება ერთი ავტოკეფალიური ეკლესიის საზღვრებს და აღწევს ზოგად, ანუ საერთაშორისო მართლმადიდებლური საკითხის მნიშვნელობის ზღვარს. ამიტომ გონივრულად და სრულიად მისაღებად მიმაჩნია საკითხის სიღრმისეული და წინდახედული მსჯელობის შემდეგ სინოდის გადაწყვეტილება დაფიქსირდეს ღია კენჭისყრით. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს არის საერთაშორისო მართლმადიდებლური მნიშვნელობის საკითხი და მას ეროვნულ დონეზეც აქვს მაღალი ინტერესი. ამიტომ საჭიროა, ქართულმა საზოგადოებრიობამ იცოდეს, ვინ არის მომხრე და ვინ წინააღმდეგი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის.
_ საეკლესიო საკითხებში ღრმად ჩახედული ადამიანებისა და სპეციალისტებისთვის კარგად არის ცნობილი ეკლესიაში არსებული მძიმე ვითარების შესახებ. ცხადია, რომ ჩვენს ეკლესიაში აბსოლუტურად დარღვეულია თანაბრობის პრინციპი. იერარქებს გაუჩნდათ იმპერატიული ტონი და განუსაზღვრელი ძალაუფლება ქმედებებში. ეს ტონი მით უფრო კატეგორიულია, რაც მაღალია მათი სტატუსი. ასევეა ქმედებების ნაწილში. ვხედავთ ეპისკოპოსების რანგირების ფაქტებს. ჩვენ რეალურად ვდგავართ იმ მოცემულობის წინაშე, რაც საუკუნეების წინ ქრისტიანულ სამყაროში განხეთქილების უმთავრესი საბაბი გახდა. გვაქვს მოცემულობა, როდესაც პატრიარქისა და საპატრიარქოს მმართველების _ სამდივნოს უფლებებმა რომის პაპისა და ვატიკანის მმართველთა უფლებებს გადააჭარბა. არავინ ფიქრობს შემაკავაბელ ფაქტორებზე _ მმართვა-გამგეობის დებულების მართლმადიდებლობის პრინციპებთან შესაბამისობაში მოყვანაზე. რამ უნდა დააბრუნოს ეს პროცესი მართლმადიდებლობის პრინციპების კალაპოტში?
_ გამიჭირდება ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა. თუმცა, პირველ რიგში, მაინც განათლების საკითხზე შევჩერდებოდი. ეპისკოპოსთა დიდ უმრავლესობას თეოლოგიური განათლება არ აქვს მიღებული. დანარჩენ ნაწილს, ვინც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა დონეზე თეოლოგიური განათლება მიიღო, არ აქვს გამოცდილება ამ ცოდნის წარმოებისა და მისი გამოყენებით გარკვეული პროდუქტის შექმნის. ამ ხნის მანძილზე სინოდში ვერ მოიძებნა ეპისკოპოსთა კვალიფიციური ჯგუფი, რომელიც საეკლესიო მართვის საკითხებზე იმუშავებდა _ მოამზადებდა შესაბამისი კანონიკური შინაარსის პროექტებს და საკანონმდებლო ტექსტებს, გაუძღვებოდა მათი განხილვისა და შესწორების პროცედურებს, გამოსცემდა კანონიკურ დადგენილებებს და კრებულებს და მათი საშუალებით უხელმძღვანელებდა საეკლესიო მმართველობით საქმიანობას, ცენტრალურ და ეპარქიულ დონეებზე. ელემენტარულად, არ არსებობს ელექტრონული ან ბეჭდური გამოცემები, რომელიც სისტემის გამართვასა და მოწესრიგებას შეუწყობდა ხელს, თუნდაც დაბალ იერარქთა პირადი მოხმარების გზით. როგორც ჩანს, ეკლესიის მართვის კანონიკურ-სამართლებრივ წესებზე ეპისკოპოსების ფრაგმენტული ცოდნა საკმარისი არ არის საქმის საკეთებლად. ამიტომ ვერ ვამჩნევთ ამ ხნის მანძილზე საგრძნობ პროგრესს ეკლესიაში. ამ სამუშაოს ჩატარება კი აუცილებლად გვესაჭიროება ეკლესიის მართვის ტრადიციულ-კანონიკურ წესებთან დასაბრუნებლად.
_ და საეკლესიო სასამართლოს საკითხი?
_ აღნიშნულ თემასთან კავშირშია საეკლესიო სასამართლოს საკითხიც. საუკუნეების მანძლზე ეს ინსტიტუტი ეკლესიაში არა მხოლოდ დაპირისპირებულ მხარეთა სიყვარულითა და ურთიერთგაგებით მორიგებას უწყობდა ხელს, არამედ ეკლესიის წიაღში ღვთიური თვალისა და სამართლიანობის შენარჩუნების ინსტრუმენტიც იყო. სამწუხაროდ, დღეს საქართველოს ეკლესიის მართვის სისტემიდან მთლიანად გამქრალია არბიტრის ინსტიტუტი. წარსულში ამას შესაძლოა, ლოგიკურად ახსნადი წინაპირობები ჰქონდა, რადგან საბჭოთა პერიოდში, როცა გარეთ მტრული სისტემა და შიგნით სისტემიდან ჩანერგილი „მსახურები“ ცდილობდნენ ეკლესიის დასუსტებას და მისი მხოლოდ ნომინალური სახით შენარჩუნებას, შეუძლებელი იყო ეკლესიის მართვის სრულყოფილი სისტემის შექმნა. მართალია, სასამართლო სისტემა იდეაში ეკლესიის გაძლიერებას ემსახურება უღირსი იერარქებისთვის საკადრისი ადგილის მიჩენით, მაგრამ მტრულ ათეისტურ გარემოში არსებობდა საფრთხე, რომ იგი ცუდად გამოეყენებინათ. კათოლიკოს-პატრიარქის მაშინდელი სიფრთხილე, ალბათ, ამ მიზეზებიდან გამომდინარეობდა და ამით ის საკუთარ პატივსა და ტახტსაც იცავდა. გარდა ამისა, შეეძლო თავიც ემართლებინა საკმარისი ფიზიკური და მატერიალური რესურსების არქონის გამო. შესაბამისად, იმდროინდელ ეკლესიაში პატრიარქმა თავად იტვირთა როგორც მსაჯულის, ასევე მწყალობელის ფუნქცია. მაგრამ დღეს, როცა ვითარება მნიშვნელოვნად შეცვლილია და აღნიშნული საკითხის აქტუალობა განსაკუთრებული სიმწვავით არის გამოკვეთილი, გაუმართლებლად მიმაჩნია ამ საკითხის ხელოვნური გაჭიანურება და ხელის შეშლა. ეკლესია დღემდე უმაღლესი იერარქის ქარიზმატულობასა და ლიდერულ უნარებს არის მინდობილი და მოძრაობს წარსული ინერციით, მაშინ როცა აშკარაა, რომ მას სასიცოცხლოდ ესაჭიროება საეკლესიო სასამართლო, მათ შორის, თქვენ მიერ ნახსენებ იერარქიულ ურთიერთობებში წესრიგის შესატანად.
კიდევ ერთი პრობლემა, თქვენი კითხვის კონტექსტში, არის მახინჯი სახელმწიფო სისტემა, რომელიც რეალურად მტრობს ეკლესიას. ამის მიზეზი ან ჩინოვნიკების ბრმა რელიგიურობაა, ანდაც _ მიზანმიმართული მავნებლობა. მათ არ ესმით, რომ სახელმწიფოსგან განებივრებული სასულიერო იერარქი თანაბრად წარმოადგენს საფრთხეს როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე _ ეკლესიისთვის. დაუჯერებელია, ქვეყნის მოქმედ შინაგან საქმეთა მინისტრს ემუქრებოდეს ეპისკოპოსი და ამას სახელმწიფო რეაგირების გარეშე ტოვებდეს. ეპისკოპოსების ასეთ თავხედობამდე მისული რიტორიკა, რომელიც ხშირად მოწინააღმდეგეთა შეურაცხყოფაში გადადის, განსაკუთრებით შესამჩნევია „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ეპისკოპოსთა ამ ჯგუფის საჯარო განცხადებებზე დაკვირვება მარწმუნებს, რომ მათ ძალოვანი და სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურები უმაგრებენ ზურგს. ეს არის „დათვური სამსახური“, რომელსაც მხოლოდ ნეგატიური შედეგების მოტანა შეუძლია ეკლესიისთვის. ვინც ფიქრობს, რომ იერარქიის ასეთი განებივრებით ეკლესიას აძლიერებს, მინდა დავარწმუნო, რომ ისინი რეალურად მონაწილეობენ ეკლესიის იმიჯის განადგურებაში, რაც საბჭოთა „კაგებეს“ დროინდელი ხრიკია რელიგიური ინსტიტუტების სამართავად, საჭირო დროს მათთვის დავალებების დაკისრების მიზნით, რაც საბოლოოდ „ეკლესიის“ გარყვნას იწვევს.
_ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ ვხედავთ გაურკვეველ და აშკარად ინტერპრეტირებულ სტანდარტებსა და სწავლებებს ეკლესიის მხრიდან. ერთი კონკრეტული მაგალითი უნდა მოვიტანო და ამის განმარტება გთხოვოთ: ქრისტე ამბობს, _ ვინც მოინახულებს ტუსაღს, მომინახულებს მე. ამ ფონზე, დეკანოზ მამალაძის მონახულებაზე კურთხევა მხოლოდ კათოლიკოს-პატრიარქის პრეროგატივაა. რამდენად სამართლიანია ეს საეკლესიო კანონიკის მიხედვით? და მეორეც _ წმინდა სინოდმა მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო, მას შემდეგ, რაც დასრულდებოდა ყველა ინსტანციის სასამართლო სხდომები, მუშაობა დაეწყო კომისიას. რატომ არ ასრულებს ამ გადაწყვეტილებას საპატრიარქო?
_ მართლმადიდებელი ეკლესიის მართვის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციისა და ასევე საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით ეკლესიის მმართველ ორგანოს წარმოადგენს ეპისკოპოსთა საბჭო _ წმ. სინოდი. შესაბამისად, არც ერთი საკითხის გადაწყვეტაზე პატრიარქს არ გააჩნია ექსკლუზიური უფლებამოსილება. პატრიარქი არის კრების თავმჯდომარე, რომლის მოვალეობაა კრების ხელმძღვანელობა. ეს ვალდებულაბა მას დაკისრებული აქვს წმ. სინოდის წევრებისგან. ეს მართლმადიდებლური კანონიკის ანა-ბანაა. თუმცა, როგორც ვხედავთ, ბოლო სინოდზე დეკანოზ მამალაძის საკითხის განხილვა სწორედ პატრიარქმა შეაჩერა. ეკლესიის მმართვის ეს ფორმა და სტილი ხშირად იწვევს სამართლიან კრიტიკას როგორც რიგ სასულიერო იერარქთა მხრიდან, ასევე თეოლოგთა მხრიდანაც. მეც ხშირად მითქვამს, რომ საქართველოს ეკლესია აქამდე უცნობი და მართლმადიდებლური კანონიკის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევებით „იმართება“ და იგი ხშირად წააგავს „პრიმასის უცდომელობის“ კათოლიკურ მოძღვრებას.
რაც შეეხება დეკანოზ მამალაძის საკითხის განუხილველობას, ჩემი აზრით, არსებობს საკითხთა წრე, რომლის ირგვლივ საუბარმა შესაძლოა, უხერხულობა ან მეტიც, ვნებათაღელვაც კი გამოიწვიოს წმ. სინოდში და ამას ერიდებიან. სიონდში ყველამ იცის, რომ დეკანოზი სახელმწიფოს მიერ წარდგენილ ბრალში უდანაშაულოა. ამ კონტექსტში ქორეპისკოპოს იაკობის განცხადებაც საკმაოდ დამაფიქრებელია: „მე არ ვარ დეკანოზის შეწყალების წინააღმდეგი, გამოვიდეს ციხიდან, მაგრამ ნუ ილაპარაკებს და გაჩუმდესო“.
_ აუცილებლად უნდა შევეხო პროტოპრესვიტერის განცხადებებს. ოროდე წლის წინათ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში დაბნეული პროტოპრესვიტერი ვიხილეთ, რომელიც თავისი სიტყვის დასრულების შემდგომ, სადაც ეპისკოპოსმა პეტრეს წინააღმდეგ გაილაშქრა, იქვე ეახლა მეუფეს. „პროტოპრესვიტერის კოცნა“ თანამედროვე ქართული ეკლესიის კლასიკად იქცა. თუმცა აქ საინტერესო სხვა საკითხია, _ ვინ აძლევს მას იმის უფლებას, რომ მასზე დიდი სასულიერო იერარქი გაკიცხოს? ჩვენ ამ მაგალითებს ვხედავთ სხვა უფრო დაბალი იერარქების მხრიდანაც და სინოდი ამაზე არ რეაგირებს. რატომ? ზოგადად, პროტოპრესვიტერის როლსა და მის წინააღმდეგ სასულიერო აკადემიაში არსებულ განწყობებზე, ეკლესიის შიგნით ამ პერსონის როლზეც ვისაუბროთ, რადგან დღეს იგი ითვლება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთ იდეოლოგად, ცნობილ ქალბატონთან ერთად.
_ სასაცილოც აღარ არის ის, რომ პროტოპრესვიტერი ეთიკის ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს მიტროპოლიტ პეტრე ცაავას, მაშინ როცა თავად მას სასულიერო აკადემიის სტუდენტები ბრალს სდებდნენ კრიმინალის ჩადენაში, კორუფციაში და ათასგვარ უზნეობაში და ეს ყველაფერი დღემდე რეაგირების გარეშეა დარჩენილი. ეს არის საპატრიარქოს მმართველი ჯგუფის სახე, რომელიც დიდი ხანია, დასცინის ქრისტეს ეკლესიას, იერარქიას, კეთილსინდისიერებას და პასუხისმგებლობას. მათ გააჩნიათ ერთადერთი მიზანი, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება ნებისმიერ ფასად. მე პირადად, პროტოპრესვიტერისგან დღემდე ვითხოვ პასუხს, თუ რის საფუძველზე დანიშნა გიორგი ანდრიაძე სასულიერო აკადემიის კანონიკური სამართლის მიმართულების ხელმძღვანელად, მაშინ როცა ამ უკანასკნელს შესაბამისი არც განათლება აქვს და არც არასოდეს უმუშავია მსგავსი პროფილით, თუმცა წლებია, ხელფასი ერიცხება. ამ ჯგუფს მფარველობს საპატრიაქოს მმართველი მატრიარქი შორენა I, რომელიც დიდი ხანია გათავხედებულია სპეცსამსახურების მხარდაჭერით და ბოროტად იყენებს საქართველოს პატრიარქის სამდივნოს სახელსა და გავლენებს.
მჯერა, მოვა დრო და საპატრიარქოს ეს კრიმინალური ბანდა პასუხს აგებს საქართველოს ეკლესიის სახელის დისკრედიტაციისთვის, იერარქთა ცილისწამებისთვის, დანაშუალების დაფარვისთვის, სასულიერო აკადემია-სემინარიაში არსებული კორუფციისთვის და სხვა არაერთი კანონდარღვევისთვის.
_ დაბოლოს, საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილისთვის გაუგებარია, რა უფლებებით ვერევით ცალკეული პერსონები ეკლესიის საქმეებში? მით უფრო, თავად ეკლესიის მსახურნი ნერგავენ მოსაზრებას, რომ „ჩარევა“ დაუშვებელია, რომ ისინი ახლოს არიან უფალთან და თავად იციან ყველაზე სწორად, სად არის ჭეშმარიტება და სად _ „ეშმაკის გზა“ _ ცდუნება. ღმერთის სახელით ადამიანებს აშინებენ, მორჩილებაზე აპელირებენ. სიმართლე და მხილება, რაზეც დგას ქრისტეს ეკლესია, აბსოლუტურად მიუღებელ და დაუშვებელ ფორმულებად აღიარეს, უფრო სწორად, ეს უფლებები მხოლოდ ეკლესიის წარმომადგენელთა ერთი ნაწილის პრეროგატივად იქცა. შესაბამისად, გთხოვთ, კიდევ ერთხელ განმარტოთ სასულიერო და განსაკუთრებით საერო პირების მხრიდან მხილებისა და „ჩარევის“ უფლება და აუხსნათ საზოგადოებას _ რატომ არის ეს აუცილებელი?
_ ეკლესია ქურუმების კლუბი არ არის. იგი ცოცხალი ორგანიზმია, რომლის სოციალური სხეული მხოლოდ მაშინ ინარჩუნებს არსებობას თუ მასში მიმდინარე პროცესები ჯანსაღია. ამიტომ ეკლესიის ყოველი წევრი, მიუხედავად იერარქიული სტატუსისა, ვალდებულია, ეკლესიაში მიმდინარე მავნე პროცესების წინააღმდეგ იბრძოლოს. ეკლესიის საერო წევრებს ვერავინ აუკრძალავს ეკლესიის მართვის პროცესში მონაწილეობას, უკმაყოფილებას ან იერარქიის გადაწყვეტილებების არმოწონებას. იერუსალიმის პატრიარქების 1848 წლის ენციკლიკაში ნათქვამია: „საეკლესიო ძალაუფლება მინიჭებული აქვს იერარქიას არა საკუთარი თავისთვის, არამედ ეკლესიისთვის, რომლის წევრები არიან ერისკაცებიც. ღვთისმოსაობის მცველი არის ეკლესია, ანუ ღვთისმოსაობის მცველი არის ხალხი“.

გეგა სილაგავა