გიორგი მშვენიერაძე: „სახელმწიფო ბიუჯეტის ფულს ვისაც როგორ უჭირს, ისე უნდა ანაწილებდეს“

„ქრონიკა+“ ესაუბრება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელს _ გიორგი მშვენიერაძეს („საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“):

_ „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და საპენსიო ფონდში სავალდებულო შენატანების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვთ. რატომაა მიუღებელი ამოქმედებული მოდელი და სხვა რა საფრთხეებს შეიცავს გარდა იმისა, რომ ბანკს მიბარებული თანხების სახელმწიფოს მიერ მითვისების მწარე გამოცდილება გვაქვს და ამისგან არც სამომავლოდ ვართ დაზღვეული?
_ ჩვენ, ადამიანებმა, უკეთ ვიცით, ჩვენი ფული როგორ გამოვიყენოთ, განვსაზღვროთ ჩვენი ფულის მიზნობრიობა, თუ ჩვენზე ჭკვიანი სახელმწიფოა და მან უნდა განსაზღვროს ჩვენი ფულის ხარჯვა? ცხადია, ადამიანმა უკეთ იცის, როგორ განკარგოს თავისი სახსრები, მაგრამ ამ რეფორმით სახელმწიფო გვეუბნება, რომ ჩვენზე ჭკვიანია და ისინი, ანუ ჭიკაიძის ყალიბის მოხელეები, ჩვენზე ჭკვიანურად და სწორად განკარგავენ ჩვენს ფულს, დააბანდებენ ბიზნესში და სახელმწიფო ამ ბიზნესიდან რომ მოგებას მიიღებს, იმ მოგებით გადაგვიხდიან პენსიას. ოღონდ, თუ ეს ბიზნესები გაკოტრდა, სახელმწიფო პასუხს არ აგებს. სახელმწიფოს მხრიდან ასეთი მოპყრობა ჩვენს საკუთრების უფლებას ლახავს. სახელმწიფო მართმევს შემოსავალს, აბანდებს ბიზბნესში და მეუბნება, რომ ამ ფულს ოდესღაც უკან დამიბრუნებს, ამით ხელყოფს ჩემს საკუთრებას და რაც მთავარია, არჩევანს არ მიტოვებს, იძულების წესით მრთავს ამ სქემაში.
_ ამ იძულების გარდა რამდენად რეალურია ის, რასაც მთავრობა ამ რეფორმით გვპირდება? ვინც ამ დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანდება, როცა პენსიაზე გავა, ექნება კი ის პენსია, რომელიც მის ღირსეულ სიბერეს უზრუნველყოფს?
_ დიახ, კიდეც რომ ჩვენზე ჭკვიანად მივიჩნევდეთ სახელმწიფოს და მას ვანდობდეთ ჩვენი ფულის განკარგვას, მართლაც საინტერესოა, მომიწევს თუ არა სიბერეში იმ თანხის მიღება, რასაც სახელმწიფო მპირდება და რა იქნება ამ თანხის მსყიდველობით უნარიანობა, როცა ამ თანხის მიღება მომიწევს? დეტალური კალკულაცია გვაქვს სარჩელში წარდგენილი (დათვლილია 25 წლის მამაკაცზე, რომელიც დღეს ერთვება საპენსიო სქემაში).
_ მაგ კალკულაციაზე დაყრდნობით შეგიძლიათ თქვათ, რა ოდენობის პენსია მოუწევს მას?
_ არა, ზუსტად ვის რამდენი მოუწევს, მაგას ვერ ვიტყვით, მაგრამ ამ კალკულაციის შემხედვარე, ძალიან სკეპტიკური უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება, რომ ამ მოდელით და ამგვარი დაგროვებით ღირსეული პენსია გვექნება, რომელიც ჩვენს ღირსეულ სიბერეს უზრუნველყოფს.
_ რატომ?
_ საპენსიო რეფორმის ერთ-ერთი მიზანი ჩანაცვლების კოეფიციენტის გაზრდაა. ჩვენთან ჩანაცვლების კოეფიციენტი 18%-ია. 2017 წელს საქართველოში საშუალო ხელფასი ათასი ლარი იყო, პენსია _ მისი 18%, ანუ 180 ლარი. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში კი ეს ჩანაცვლების კოეფიციენტი 69%-ია და ჩვენი მიზანიც ესაა, _ კოეფიციენტი ავიდეს 69%-ზე და ათასი ლარის, საშუალო ხელფასის პირობებში, პენსია იყოს 690 ლარი და არა 180 ან, თუნდაც, 200 ლარი. მაგრამ ამ საპენსიო რეფორმით რომც ყველაფერი კარგად, შეუფერხებლად წავიდეს, ეს კოეფიციენტი კი არ გაიზრდება, პირიქით _ 18%-დან 13,4%-მდე დაეცემა.
_ კი მაგრამ, თუ რეფორმა შეუფერხებლად წარიმართა, მაინც?
_ დიახ, ეს ნამდვილად ასე მოხდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების, ინფლაციის დონისა და გადასახადების გათვალისწინებით. თუ არ გაიზარდა გადასახადები და ისე დარჩა, როგორც დღესაა, ჩანაცვლების კოეფიციენტი გაზრდის ნაცვლად შემცირდება. ვისაც დეტალური კალკულაცია აინტერესებს, შეუძლია, ჩვენს სარჩელში ნახოს, რომელიც საჯაროცაა და ინტერნეტით ხელმისაწვდომიც.
_ ეს კანონი არც დამსაქმებლებისთვისაა დიდად სახარბიელო.
_ დიახ, ეს კანონი არღვევს დამსაქმებლის საკუთრების უფლებასაც. მათთვის ეს გადასახადია. სახელმწიფო კი გვიმტკიცებს, რომ ეს გადასახადი არ არის და შეიძლება, ჩემთვის, როგორც დასაქმებულისთვის, მართლაც არაა გადასახადი, რადგან საკუთარ თავს ვუგროვებ და ოდესღაც მაინც დამიბრუნდება, მაგრამ დამსაქმებლისთვის ნამდვილად გადასახადია _ უპირობოა _ ყველა ვარიანტში უნდა გადაიხადოს, არაეკვივალენტურია, მას არაფერი დაუბრუნდება. თვისობრივად გადასახადია და შესაბამისად, ახალი გადასახადის შემოღება მისთვის გადასახადის დაურქმევლად, დამსაქმებლისთვის დიახ, საკუთრების უფლების დარღვევაა. და, საერთოდ, ეს კანონი თანასწორობის უფლებას არღვევს.
_ რა თვალსაზრისით?
_ სახელმწიფო, ბიუჯეტის ფულს, ვის როგორ უჭირს, იმის მიხედვით უნდა ანაწილებდეს ადამიანებზე. რას აკეთებს ახლა სახელმწიფო? გვეუბნება, რომ ვისაც 2 ათას ლარამდე ხელფასი აქვს, ხელფასის 2%-ს უმატებს, ვისაც 2 ათასზე მეტი აქვს _ 1%-ს და მხოლოდ მას არ უმატებს არაფერს, ვისაც თვეში 5 ათას ლარზე მეტი აქვს. ანუ სახელმწიფო გვეუბნება, რომ მას აქვს ფული და ამ ფულს იმას კი არ აძლევს, ვისაც საარსებო მინიმუმი არ გააჩნია, პურის ფული არ აქვს, პენსიონერს კი არ უმატებს, ისევ იმათ ჩუქნის, ვისაც 2 ან 3 ათასი ლარი აქვს ხელფასი. ეს არის აბსოლუტურად აუხსნელი და მიუღებელი ჩემთვის. ამ ძირითადი მომენტების გარდა, საინტერესო ბევრი რამაა, მაგალითად, თუ კიბო მაქვს და მინდა, რომ სანამ ცოცხალი ვარ, ჩემი ფული წამლებში მოვიხმარო, სახელმწიფო არ მანებებს და მაინც საპენსიო ფონდში მახდევინებს და მეუბნება, როცა მოვკვდები, ჩემს შვილებს მისცემს.
_ ერთი საკითხიცაა საინტერესო: 40 წლის ზემოთ ადამიანებს უფლება გვაქვს, სამი თვით გამოვეთიშოთ მაგ დაგროვების სქემას, მაგრამ აპრილამდე ჩვენც ჩამოგვეჭრება, როგორც ყველას _ 40 წლამდე. თავიდანვე კი არ მოგვცეს უფლება ჩავრთულიყავით ან არ ჩავრთულიყავით ამ პროცესში, არა, უკითხავად მიგვაერთეს და სამი თვის თავზე გვაძლევენ უფლებას, გამოვეთიშოთ. კი გამოვეთიშები, მაგრამ სად წავა ამ სამი თვის მანძილზე ჩემი და ათასობით ჩემისთანას მიერ გადახდილი თანხები? ახლავე უკან მომცემს ვინმე თუ პენსიაზე რომ გავალ, მერე დამიმატებენ გახვრეტილ შაურს?
_ კანონში გარკვევით წერია, რომ ეგ თანხა ფონდში წავა, მაგრამ რომ გამოეთიშებით, ეგ ფული ახლა დაგიბრუნდებათ თუ მერე მოგეცემათ, ეგ კანონში ნათლად არ წერია. ამ კანონს ბევრი სხვა ხარვეზიც აქვს, კანონმდებელიც და აღმასრულებელი ხელისუფლებაც მოუმზადებელი შეხვდა, დღემდე აქვთ პრობლემები დამსაქმებლებსაც და დასაქმებულებსაც, როგორც ვებზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ისე _ პროცედურებთან. ნათლად და ცხადად არ არის გამოკვეთილი, რა ტიპის შემოსავლები იბეგრება, მარტო ხელფასი? თუ მომსახურებას რომ ვწევ, იქ მიღებული შემოსავალიც? აღმოჩნდა, რომ მარტო ხელფასი კი არა, პრაქტიკულად, ყველაფერი იბეგრება იჯარის შემოსავლის გარდა. მოკლედ, რაც მსუბუქად ჩანდა, კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდა.
_ თქვით, მოუმზადებელი შეხვდნენ ამ ყველაფერსო. მოუმზადებლად შეხვდნენ თუ სწორედაც კარგად მომზადებულები არიან ჩვენს გასაყვლეფად, რომ დამატებითი თანხები მოიზიდონ თავიანთი კეთილდღეობისთვის?
_ ჩემი აზრით, ამ რეფორმის წამოწყებისას მათი მიზანი ჩვენთვის ღირსეული სიბერის უზრუნველყოფა კი არა, სწორედ თავისუფალი კაპიტალის გაჩენა იყო, რომელსაც სხვადასხვა ბიზნესის დასაფინანსებლად მიმართავდნენ. სავარაუდოდ, ეს თანხა ყოველწლიურად რამდენიმე ასეული მილიონი იქნება. ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ვხედავთ, როგორ იმართება სახელმწიფო ბიზნესები. წელს სახელმწიფომ, საპარტნიორო ფონდმა, 560 მილიონიანი ზარალით დაასრულა საკუთარი ბიზნესკომპანიების საქმიანობა. ანუ ვხედავთ, რომ სახელმწიფო ბიზნესები წაგებაზე მუშაობენ და ახლა სწორედ ეს სახელმწიფო მეუბნება, რომ ჩემს ფულს წარმატებულად ჩადებს ბიზნესში. მიმაჩნია, რომ სრული უზნეობაა, პედაგოგს ისედაც სამარცხვინო, სამასლარიანი ხელფასიდან კიდევ წაართვა რაღაც თანხები და ვიღაც ბიზნესმენის დასაფინანსებლად მიმართო, რომ მან რაღაც ახალი საქმე წამოიწყოს ქვეყანაში და ეს გაამართლებს თუ არ გაამართლებს, არ ვიცით და თუკი არ გაამართლებს, პასუხს ამისთვის არც ფონდი აგებს და არც _ არავინ.
_ პენსიების თემიდან ჩვენი პენსიონერი პრეზიდენტის ქმედებების შეფასებაზე გადავიდეთ. ჩვენ რომ გვეგონა, პრეზიდენტი გვყავდა, გამოვიდა და თქვა, პოლიტიკოსი აღარ ვარო. მოკლედ, პრეზიდენტი კი არა, პენსიონერი ვარ, ფრანგულ პენსიას ვიღებო.
_ ვფიქრობ, ეგ ფრანგული პენსია ყველაზე ნაკლები პრობლემაა სალომეში. გაცილებით არსებითი და დიდი პრობლემები უკავშირდება მის პრეზიდენტობას. მისი პირველივე მიმართვა, საახალწლო მილოცვა, სწორედ ის გზავნილი იყო, რომელმაც კარგად უნდა დაგვაფიქროს, რა გველოდება მომდევნო წლებში. პრეზიდენტი, რომელიც უნდა იყოს ადამიანის უფლებების გარანტორი, თავის მოღვაწეობას ადამიანის უფლებების, კერძოდ, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მოთხოვნით იწყებს!
_ ზურაბიშვილს არც პატრიარქი ჩამორჩა და მან უკვე საშობაო ეპისტოლეში გააჟღერა იგივე გზავნილი.
_ ნურც პარლამენტის თავმჯდომარეს დავუკარგავთ ღვაწლს. ისიც ემხრობა მათ. მთელი ეს ბოლო წლებია, „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებისგან და მათ მიერ მხარდაჭერილი ჯგუფებისგან სულ გვესმის საუბარი იმაზე, რომ ქვეყანაში შესაზღუდია გამოხატვის თავისუფლება. საპატრიარქოსგან კი მხოლოდ ამ ბოლო წლებში კი არა, რაც დამოუკიდებლები ვართ, სულ გვესმის, რომ ზედმეტი თავისუფლება არ შეიძლება, მავნებელია სულისთვის, ვნებს ადამიანს და ა. შ. ასეთი მოსაზრებები სისტემატურად გვესმის ამა თუ იმ ეპისტოლეში. მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, საპატრიარქო რომ ასე ფიქრობს.
_ რატომ?
_ საპატრიარქო, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების სხვა წევრი ორგანიზაციები, შესაძლებელია ასე ფიქრობდნენ, რომ ეს სწორია მათი მსოფლმხედველობით.
_ მათი მსოფლმხედველობით თუ მათი კონკრეტული, ძალიან ვიწრო ინტერტესებიდან გამომდინარე? მხილება არ აწყობთ და ამისთვის ყველაზე იოლი გზაა, შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.
_ მე არ ვამბობ, რომ ეს ასე არ არის, უბრლოდ, მათ მიაჩნიათ, რომ კრიტიკას, ანუ სიტყვას სიტყვით კი არა, სასჯელით უნდა უპასუხონ. ეს რამდენად ქრისტიანულია, ცალკე საკითხია. ცოტა სხვანაირად მესმის ქრისტიანობა. ქრისტე სწორედ რწმენასთან დაკავშირებული სიტყვებისთვის აცვეს ჯვარს და ამიტომ ვიცი, რომ ადამიანები არ უნდა დავსაჯო, თუნდაც ჩემთვის მიუღებელი აზრებისა და შეფასებების გამო. სამწუხაროდ, საპატრიარქოში ეს, რატომღაც, არ ახსოვთ, მაგრამ მართალი გიხრათ, ჩემი აზრით, ის უფრო დიდი პრობლემაა, როდესაც პოლიტიკოსები კონსტიტუციითა და საერთაშორისო დეკლარაციებით კი არ ხელმძღვანელობენ, არამედ პირადი ინტერესებით და იმას ლაპარაკობენ, რაც აწყობთ. პრობლემაა ისიც, რომ ჩვენ მათთან, ერთგვარად, წამგებიან სიტუაციაში ვართ საზოგადოების თვალში. ისინი _ პრეზიდენტი, პატრიარქი, პარლამენტის თავმჯდომარე _ გამოდიან და ამბობენ, რომ ცილისწამება ცუდია და ამას უნდა ებრძოლონ. ჩვენ მათ ვაკრიტიკებთ და რა გამოდის, _ ჩვენ ვამბობთ, რომ ცილისწამება კარგია? _ არა. სინამდვილეში, ჩვენ ვამბობთ, რომ ცილისწამება ცუდია და უნდა ვებრძოლოთ კიდეც მას. და ამ ბრძოლისთვის გვაქვს კიდეც დღეს კანონმდებლობა. ეს საკითხი საკმაოდ კარგადაა დარეგულირებული მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ, კანონით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, სადაც ძალიან სწორი ბალანსია ნაპოვნი, ერთი მხრივ, სიტყვის თავისუფლებასა და, მეორე მხრივ, ადამიანების პატივსა და ღირსებას შორის. თუ თქვენ დაგწამებენ ცილს, ანუ თქვენ შესახებ არსებითად მცდარ ფაქტს გაავრცელებენ, რომელიც შეიძლება თქვენს პატივსა და ღირსებას ან საქმიან რეპუტაციას ლახავდეს, თქვენ სასამართლოში უნდა წახვიდეთ, დაამტკიცოთ, რომ ეს ასე იყო და თუ სასამართლო დაადგენს, რომ მართლაც არსებითად მცდარი ფაქტი გაავრცელეს, ეს გამავრცელებელი იძულებული იქნება, სადაც ეს ფაქტი გაავრცელა, იქვე გამოაქვეყნოს სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც წერია, რომ იგი არასწორად მოიქცა და თუკი მან მორალური ან მატერიალური ზიანიც მოგაყენათ, ამის ანაზღაურებაც მოუწვს. ცილისწამება სისხლის სამართლის წესით დასჯადი საქართველოში 2004 წლამდე იყო.
_ თუმცა მაშინაც მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის დაბრალება ისჯებოდა სისხლის სამართლის წესით და არა ყველა არსებითად მცდარი ფაქტის გავრცელება.
_ დიახ, დანაშაულის დაბრალებით ცილისწამება იყო მხოლოდ დასჯადი და ესეც გაუქმდა, არანაირი ცილისწამება აღარ დარჩა სისხლის სამართლის წესით დასჯადი და ეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ ადამიანებს საკუთარი სიტყვების გამო არ სჯიდნენ სისხლის სამართლის წესით. და თუ ცილისწამება ხდება, მას პასუხი აგებინონ სამოქალაქო სამართლებრივი წესით. ეს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ასეა. ვერ დამისახელებთ დემოკრატიულ ქვეყანას, სადაც ადამიანებს ცილისწამების გამო ციხით ემუქრებიან. შევარდნაძის დროსაც, ძირითადად, ჩინოვნიკები, ანუ ძალაუფლების მატარებელი ხალხი უჩიოდა ჟურნალისტებს პროკურატურაში და ახლაც შეხედეთ, ვინ ლაპარაკობს ყველაზე მეტს? _ ძალაუფლების მქონე პირები, რადგან მათ ეშინიათ კრიტიკის.
_ მგონი, ახლა უფრო მადაზე არიან მოსული და არა მარტო დანაშაულის დაბრალებაზე ითხოვენ დასჯას, არამედ ყველა ფაქტზე, რომელიც, მათი აზრით, მცდარია.
_ კი საუბრობენ, რომ ცილისწამება ახლებურად არის გადასააზრებელი, მაგრამ მაინც წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და ვნახოთ, რას დაწერენ…
_ ცილისწამება ახლებურად ჯერ არ გადაუაზრებიათ, მაგრამ ტელემედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ინიციატივა უკვე შემოვიდა პარლამენტში…
_ დიახ, დეკემბრის ბოლოს პარლამენტში შევიდა მარეგულირებელი კომისიის მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადებების პაკეტი. კომისია ამ ცვლილებების გამართლებას ცდილობს ასოცირების ხელშეკრულებით. ცვილებების დიდი პაკეტია და ერთ-ერთი ცვლილების მიხედვით, რაც დღეს თვითრეგულირებადია, იმ საკითხებს უკვე მარეგულირებელი კომისიაც განიხილავს და სასამართლოც. მაგალითად, თუ ჟურნალისტი ეთერში რაიმე დისკრიმინაციულს იტყვის და ვინმე იჩივლებს, ამას არხი თავად იხილავს და გამოაქვს გადაწყვეტილება.
_ როგორც ეს მოხდა იგივე გაბუნიას შემთხვევაში, როდესაც არხმა ბოდიში მოიხადა და გვარამიამ საყვედურიც გამოუცხადა გაბუნიას.
_ დიახ, ახლა კი, თუ ვინმეს არხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ მოეწონება, უფლება ექნება მიმართოს კომისიას, სასამართლოს. ეს პრინციპი სრულიად მიუღებელი და საშიშია. ამასთან ერთად, თუ გავითვალისწინებთ მარეგულირებელი კომისიის მიერ შექმნილ უკანონო პრეცედენტებს, მივხვდებით, რომ ეს ცვლილება კიდევ უფრო საშიშია. კომისია 5 ტელეარხს ედავება, რომ მათ ეთერში არაეთიკური რეკლამა გაუშვეს. ლაპარაკია იმ პოლიტიკურ რეკლამაზე, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატების წინააღმდეგ იყო ორიენტირებული. თქვეს, რომ რეკლამის შესახებ კანონით აკრძალულია კონკურენტის ანტირეკლამა. ეს არის კომერციული რეკლამისთვის დადგენილი სტანდარტი, რომელიც არ ვრცელდება პოლიტიკურ რეკლამაზე. მიუხედავად ამისა, მარეგულირებელმა კომისიამ ეს პრეცედენტი შექმნა. მეტიც, მარეგულირებელი კომისია ტელეკომპანია „კავკასიას“ ედავება, საპრეზიდენტო არჩევნების დროს რატომ ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი არ გყავდათ ეთერშიო. „კავკასიამ“ ყველას შესთავაზა და არ მივიდნენ, მაგრამ კომისია სჯის, გინდა თუ არა, კანდიდატი უნდა მიგეყვანათო. მოკლედ, ყველა ერთად: პრეზიდენტი, პატრიარქი, კანონმდებელი, მარეგულირებელი, ასევე სასამართლო _ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს იმისკენ, რომ ჩვენთან სიტყვის თავისუფლება შეიზღუდოს.
_ დღეს საკმაოდ აქტუალურია უზენაესი სასამართლოს 18 მოსამართლის უვადოდ დანიშვნის თემა. ვიდრე კონკრეტულად ამ კანდიდატებს შევეხებოდეთ, მაინტერესებს, ამ ეტაპზე, როდესაც სისტემაში გვყავს პოლიტიკური დაკვეთების შესრულებასა და უპრინციპობაში ეჭვმიტანილი მოსამართლეები, რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ ვინმეს მოსამართლედ ასე უვადოდ და სამარადისოდ გამწესება?
_ მე ეს სწორად მიმაჩნია და მეტიც, ჩვენთან, საქართველოში, უვადოდ დანიშვნაში იგულისხმება საპენსიო ასაკამდე დანიშვნა, მე კი მიმაჩნია, რომ მოსამართლეები სიცოცხლის ბოლომდე უნდა ინიშნებოდნენ მოსამართლეებად. მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ყველგან ჯერ მოსამართლეები ინიშნებოდნენ უვადოდ და მერე ხდებოდნენ უფრო დამოუკიდებლები და არა ისე, რომ დალოდებოდნენ, როდის გახდებოდნენ ისინი დამოუკიდებლები და მერე დაენიშნათ უვადოდ. მოსამართლის უვადოდ, განსაკუთრებით სიცოცხლის ბოლომდე დანიშვნა ისეთი გარანტიაა მისთვის, რომ გარკვეული პოლიტიკური და დროის ცვლილებების შემდეგ საკუთარ ძალას აგრძნობინებს. ოღონდ ერთიცაა, საქმეს მარტო უვადობა არ შველის, თავად დასანიშნიც უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, ჩვენთან კი ისეთი ადამიანების უვადოდ დანიშვნაზეა ახლა საუბარი, რომლებიც არც პროფესიულად აკმაყოფილებენ მოსამართლისთვის დაწესებულ მოთხოვნებს და არც _ კეთილსინდისიერების თვალსაზრისით.
_ ერთი რამ მაინტერესებს: როდესაც საუბრობენ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანზე, მათ, რატომღაც, მონებად იხსენიებენ, რომლებიც ჯერ „ნაცებს“ ემსახურებოდნენ და ახლა ქოცებს ემსახურებიან, არადა, ვფიქრობ, რომ საქმე გვაქვს არა მონებთან და გოშიებთან, არამედ გვარიანად ანგარიშგასაწევ მონსტრებთან, რომელთაც „ოცნების“ ხელისუფლება იქით უწევს ანგარიშს და მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სკანდალია ატეხილი მოსამართლეების ამ სიაზე როგორც საზოგადოებაში, ისე თვით მათ რიგებში, მაინც ჯიქურად გაჰყავთ მაინცდამაინც ეს ჩინჩალაძე და დანარჩენი. თუ მათ წინაშე ანგარიშვალდებული არაა ეს ხელისუფლება, რა, ვერ მოძებნიდნენ სხვა მართვად 18 მოსამართლეს?
_ მათ არც განვიხილავ მონებად… მოხალისეებად განვიხილავ. 2012 წელს, როდესაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, „ქართულ ოცნებას“ ამბიცია ჰქონდა, რომ „ნაციონალების“ სასამართლო გაენადგურებინა და ახალი შეექმნა. მათ სცადეს კიდეც ეს, ბიძგი მისცეს ე. წ. მოსამართლეთა ერთობის ჩამოყალიბებას, რომელსაც, თითქოსდა, მეტი ძალაუფლება უნდა აეღო სასამართლო ხელისუფლებაზე, მაგრამ ამას ვერ ახერხებდა ხელისუფლების მიერ ირიბად ხმარდაჭერილ მოსამართლეთა ერთობა, ვერ აკონტროლებდნენ კონკრეტულ მოსამართლეებს და ბევრ საქმეზე ის გადაწყვეტილებები არ დგებოდა, რომელიც „ოცნებას“ სჭირდებოდა. ამ დროს ბატონი ჩინჩალაძე ჯერაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მუშაობდა, მაგრამ საერთოდ წასული იყო ქვეყნიდან და მის წინააღმდეგ გამოძიება გახლდათ დაწყებული. მაგრამ ის დასჭირდათ და, ჩემი ინფორმაციით, სომხეთში შეხვდნენ. ჩინჩალაძემ გარანტია მისცა, რომ თუ მას თავს დაანებებდნენ და უკან მიუშვებდნენ სასამართლო სისტემაში, ის სიტუაციას ისე დაულაგებდა, როგორც მათ სურდათ. ჩინჩალაძის შეთავაზება, რაზეც „ოცნება“ დათანხმდა, ასე ჟღერდა: „რაც თქვენ გინდათ, იმას მიიღებთ, ოღონდ ჩვენ ჩვენსას მივიღებთ“. სწორედ ამის შემდეგ შეხვდა ივანიშვილი მურუსიძეს და გამოაცხადა ის სისტემის მსხვერპლად. ამის შემდეგ ჩინჩალაძემ მურუსიძესთან ერთად დაიწყო სიტუაციის დალაგება და, ერთი მხრივ, ყველა ის გადაწყვეტილება გამოდიოდა, რაც ხელისუფლებას სჭირდებოდა და მეორე მხრივ, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, რაც ამ მმართველ ჯგუფს უნდოდა სასამართლოში. მათ, ფაქტობრივად, გაანადგურეს ის მოსამართლეთა ერთობა და ვინც მათ მხარეს არ გადავიდა, აღარც დანიშნეს და დღეს სასამართლოს გარეთ არიან. ნელ-ნელა სასამართლო ხელისუფლების დაპატრონებისა და კლანის ჩამოყალიბების პროცესი დაიწყო, რაც ახლა მთელი სისრულითაა წარმოდგენილი. ჩინჩალაძის კლანში ვისაც კი ვხედავთ, სხვადასხვა დროს ყველა მის ხელქვეითად მუშაობდა. ამ კლანის მიზანი ქვეყანაში უკეთესი მართლმსაჯულების განხორციელება კი არა, სასამართლო ხელისუფლებაში ძალაუფლების შენარჩუნებაა. ძალიან კი ნებავს მურუსიძეს, ამ კლანის ლიდერად რომ წარმოჩინდეს, მაგრამ ამ კლანის რეალური მმართველი ჩინჩალაძეა.
იუსტიციის საბჭოს წევრი და ახლა უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ წარდგენილი გიორგი მიქაუტაძე, თავის დროზე, სწორედ ჩინჩალაძის ხელქვეითი იყო. როცა ჩინჩალაძე უზენაეს სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე იყო, ეს მიქაუტაძე ამ პალატის სამდივნოს უფროსი გახლდათ. იუსტიციის საბჭოს სხვა წევრი, თამარ ონიანი, ჩინჩალაძის რეფერატი იყო ამავე პალატაში, ამავე პალატის მოსამართლედ მუშაობდა ამჟამად უზენაეს სასამართლოში წარდგენილი სხვა კანდიდატი _ ნინო ქადაგიძე, ხოლო ამჟამად იუსტიციის საბჭოს წვერი შოთა ქადაგიძე სწორედ ამ ნინო ქადაგიძის თანაშემწე იყო. იუსტიციის საბჭოს წევრი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავჯდომარე და ახლა უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილი დიმიტრი გვრიტიშვილიც იმ დროს მუშაობდა უზანაეს სასამართლოში, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ერთ-ერთი მოსამართლის, მარიამ ცისკაძის თანაშემწედ, როცა პალატის უფროსი ჩინჩალაძე იყო. მცხეთა-მთიანეთის პროკურატურაში მუშაობდნენ იუსტიციის საბჭოს წევრები სერგო მეთოფიშვილი, ირაკლი შენგელია და ვასილ მშვენიერაძე. თვითონ ჩინჩალაძე და მურუსიძე ერთ პერიოდში მუშაობდნენ ჯერ თბილისის საოლქო სასამართლოში. გამოქვეყნებული ბიოგრაფიული მონაცემებით მურუსიძე იმ დროს გორის პროკურის თანაშემწე იყო, როცა ჩინჩალაძე პროკურატურაში მაღალ თანამდებობებს იკავებდა. მათ შორის იყო შიდა ქართლის პროკურორი. ერთ პერიოდში იყვნენ ორივე უზენაეს სასამართლოშიც. მოკლედ, დღეს უზენაეს სასამართლოში წარდგენილებიდან სხვადასხვა დროს, სხვადასხვაგან ჩინჩალაძის ხელქვეითები იყვნენ გიორგი მიქაუტაძეც, დიმიტრი გვრიტიშვილიც, ნინო ქადაგიძეც, მარიამ ცისკაძეც და გიორგი ტყავაძეც. ყველა ამ პირს დღესაც საკვანძო თანამდებობები უკავიათ მართლმსაჯულების სისტემაში და რაც მთავარია, ჩინჩალაძე, კობახიძე და მათიკაშვილი არიან კურსელები, ჯგუფელები. ბატონი ჩინჩალაძე ვანო ზარდიაშვილის მეჯვარეა… ეკა ბესელია ამ პროცესებიდან ჩახსნეს და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას მათიკაშვილი ასრულებს. ამ კომიტეტმა უნდა დადოს დასკვნა, შეესაბამებიან თუ არა კანონის მოთხოვნებს წარდგენილი კანდიდატები. ამავდროულად, დავით მათიკაშვილის მეუღლე, საკმაოდ სუსტი გასაუბრების პირობებში, გამოსაცდელი ვადით დანიშული მოსამართლეა სასამართლოში.
_ მათი ინტერესები გასაგებია, მაგრამ თვითონ ივანიშვილი რატომაა ასე მოწადინებული მათი დანიშვნით?
_ ბიძინას აწყობს ის, რომ სასამართლოში ჰყავდეს მოსამართლეები, რომლებიც რასაც ეტყვი, იმას გააკეთებენ და არა სიჭრელე შიგნით და ფიქრი იმაზე, _ არიქა, რომელ მოსამართლეს დაეწერა საქმე და არიქა, რას იზამსო?.. არამედ ძალიან მარტივად, ყველა არის ერთი კაცის ხელში და ეს კაცი არის ბიძინას ხელში. ასეთი კაცი არის ჩინჩალაძე, რომლის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება, პროკურატურაში თაროზე დევს. თქვენ თუკი რაიმე სერვისის მიღება გჭირდებათ, იმ კომპანიას მოძებნით, რომელიც ამ სერვისს უკვე სხვებს აწვდის და მასთან გააფორმებთ კონტრაქტს, თუ ახალი კომპანიის დაფუძნებას დაიწყებთ? ბიძინამ ამჯობინა, რომ არსებულ კომპანიასთან გაეფორმებინა კონტრაქტი, ეს იყო კომპანია ჩინჩალაძე და მისი ჯგუფი, მათ სრულად ჩაიბარეს სასამართლო და სრულად ემსახურებიან პირდაპირ ივანიშვილს. ივანიშვილს არ მოუწია ამ მოსამართლეების გაშვება, დაჭერა, დაშინება, პირდაპირ მსახურები გადაიბარა, იოლი პროცესია შედარებით, მათ შორის, სხვების თვალშიც…

რეზო შატაკიშვილი