„სამშობლოს ცხვირწინ გვახევენ! სამშობლოს კანონის უზენაესობა დაგვიბრუნებს!“

„კანონი და სამართალი“ _ ასე ერქმევა ახალ პარტიას, რომელსაც პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი და მისი თანამოაზრეები, ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, იდეალისტები ქმნიან. „კანონი და სამართლის“ იდეოლოგია მემარჯვენე-ცენტრისტულია და მისი პრეზენტაცია თებერვლის ბოლოს „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება.

პოლიტიკური ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს პარტია, რეალურად, ის მესამე ძალა იქნება, რომელსაც საზოგადოება დიდი ხანია, ელის. თაკო ჩარკვიანი კი, რომელიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომხრეა, „ქრონიკა+“-თან საუბრისას ამბობს, რომ „კანონი და სამართალი“ მხოლოდ გაერთიანებულ ოპოზიციასთან ითანამშრომლებს და, უმრავლესობაში მოსვლის შემდეგ, იმ ხუთ-ექვს მნიშვნელოვან კანონს მიიღებს, რომელიც საქართველოს ევროპული ყაიდის ქვეყნად აქცევს. ამასთან, თაკო ჩარკვიანი არც იმის თქმას ერიდება, რომ პარტიის მთავარი ღერძი ანტიკორუფციული და საოკუპაციო კანონების გაძლიერება იქნება. ვინ არიან პარტიის წევრები? _ ამის შესახებ პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი, მანამდე კი მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ადამიანებს, რომლებსაც ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში ვიხილავთ, პარტიული ბეგრაუნდი არ აქვთ, ანუ ისინი პოლიტიკაში არასოდეს ყოფილან, თუმცა თაკო ჩარკვიანის თქმით, ყველა მათგანი თავისი საქმის პროფესიონალია.

„ქრონიკა+“ თაკო ჩარკვიანს ესაუბრა:
_ თაკო, თქვენი პარტიის პრეზენტაცია როდის გაიმართება?
_ თებერვლის ბოლოს.
_ მახსოვს, თავდაპირველად ითქვა, რომ ახალი პარტიის წარდგენა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულებისთანავე მოხდებოდა. რატომ გადადეთ?
_ დიახ, ასე იყო ნათქვამი, მაგრამ საერთო კონსულტაციებით გადაწყდა, რომ ცოტა ხანს დაგვეცადა, ანუ ჯერ ახალი წელი იყო, მერე იანვარში პოლიტიკური მოვლენები ისე ვითარდებოდა, რომ უმჯობესია, პარტიის პრეზენტაცია თებერვლის ბოლოს გაიმართოს. ამასობაში სიაც შედგა. სხვათა შორის, პარტიაში შემოსვლის სურვილი ძალიან ბევრ ადამიანს აქვს და არჩევნების მერე ამის მოლოდინიც მქონდა.
_ ასეთი მოლოდინი რატომ გქონდათ?
_ აგიხსნით: არჩევნების დროს გარკვეულ ნაკადს „ნაციონალების“ მიმართ რაღაც ხინჯი ჰქონდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც გაერთიანებულ ოპოზიციას მისცა ხმა, ანუ ამ ადამიანებისთვის უმთავრესი წყალგამყოფი ის აღმოჩნდა, რომ სალომე ზურაბიშვილი არ უნდა აერჩიათ და გაერთიანებული ოპოზიცია დასავლურ ვექტორად აღიქვეს, რაც ნამდვილად ასეა. სხვათა შორის, მე პირველსავე დღეს განვაცხადე, დიახ, საპრეზიდენტო არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს ვაძლევ-მეთქი ხმას. ვიღაცები კი მერყეობდნენ, მაგრამ მაინც გაერთიანებულ ოპოზიციას დაუჭირეს მხარი. ხალხი, რომელმაც ყველანაირი წყენა დაივიწყა, დასაფასებელია.
_ კი ბატონო, მაგრამ ეს თქვენს პარტიასთან რა კავშირშია?
_ იმ კავშირშია, რომ სწორედ ეს ადამიანები გვთხოვდნენ, პარტია გააკეთეთ და ჩვენ ამ პარტიაში შემოვალთო.
_ ეს ადამიანები ვინ არიან, შეგიძლიათ, დააკონკრეტოთ?
_ იცით, ეს ადამიანები ვინ არიან? _ მათი უმეტესობა, ჩვენთან ერთად, 16 დეკემბერს თელავს მიადგა. პრეზენტაციაზე ნახავთ, პარტიაში როგორი სიმპათიური ხალხი იქნება.
საერთოდ, ამბობენ, რომ რევოლუციას იდეალისტები ახდენენ, მაგრამ ბოლოს, სამწუხაროდ, ნაძირალები სარგებლობენ. ახლა კი, იქნებ, შევძლოთ, რომ ცვლილება იდეალისტებმა მოახდინონ და როცა წასვლის დრო მოვა, ყველაფერი კანონის უზენაესობას დაუტოვონ!
_ ანუ თქვენი პარტია რევოლუციას აპირებს?
_ შეიძლება, ხავერდოვანი ცვლილება მოხდეს. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, პრაქტიკულად, მინი ხავერდოვანი რევოლუციაა _ ყველაფერი უკეთესობისკენ ისე შეიცვლება, როგორც დაგიბარებიათ! ამ ცვლილებას გნებავთ, ხავერდოვანი რევოლუცია დაარქვით და გნებავთ _ სხვა რამე.
დიახ, მე მომხრე ვარ, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს ცვლილება, ესენი წავიდნენ და სათავეში პროფესიონალები მოვიდნენ! ამათი ყოფნა უკვე წარმოუდგენელია _ მართვა არ შეუძლიათ! ერთხანობას ვამბობდით, უნიათოები არიანო, მერე _ უუნაროებიო, მაგრამ არც უნიათოები არიან და არც _ უუნაროები.
_ აბა, რა არიან?
_ ამათ ქვეყნის მართვის ტიპური რუსული კორუფციული სისტემა შემოგვთავაზეს. სტრუქტურა, სახელმწიფო ინსტიტუტები ინგრევა და ეს ჩვეულებრივი პუტინიზაციაა! იცით, უნიათოები რაში არიან? _ ამ უნიათოებს თანამდებობებზე ნაცნობ-მეგობრები მოჰყავთ და სახელმწიფო უწყებები არაპროფესიონალებით გაივსო… მეტროს ერთ ლიანდაგზე ორი მატარებელი დგას და ეს ხომ კატასტროფაა?
_ თაკო, კარგად გამიგეთ და არაპროფესიონალიზმის ზეიმი, გარკვეულწილად, თქვენი დამსახურებაცაა, ანუ იმის თქმა მინდა, რომ 2012 წელს „ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი იყავით. „ოცნების“ აღზევების გამო თავს ხომ არ იდანაშაულებთ და პარტიის შექმნა ამიტომ გადაწყვიტეთ?
_ არა! ჩვენი პარტია მხოლოდ გაერთიანებულ ოპოზიციასთან იურთიერთებს, რადგან არ მინდა, რომ ძლივს შეკოწიწებულ ოპოზიციას რამე შეეხოს! გაერთიანებული ოპოზიცია, რომელმაც თავისი საქმე გააკეთა, ძალიან მაგარია. როცა არჩევნები მოვა, დავსხდებით და დავილაპარაკებთ, რა და როგორ მოხდეს. ჩვენი პარტია მემარჯვენე-ცენტრისტული იქნება.
_ როგორც ვხვდები, თქვენი პარტია გაერთიანებული ოპოზიციის წევრი გახდება, არა?
_ აუცილებლად გაერთიანებულ ოპოზიციასთან ვიქნებით, ანუ ეს დამოუკიდებელი პარტია იქნება, მაგრამ იმ ღირებულებაში, რასაც დასავლური ვექტორი და კანონის უზენაესობა ჰქვია, ჩვენ ერთნი ვართ! სხვათა შორის, გაერთიანებულ ოპოზიციაში „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი მეთერთმეტედია და ამას ადრეც ვამბობდი. 876 ათასი ამომრჩეველი, ვინც ხმა გრიგოლ ვაშაძეს მისცა, სულ „ნაციონალური მოძრაობა“ გგონიათ?
_ არა, მაგრამ მოდით, ვაღიაროთ, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე მძლავრი პოლიტიკური სუბიექტია, თორემ ამ გაერთიანების სხვა წევრი პარტიები რიცხოვნობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიან. აქედან გამომდინარე, არ არსებობს იმის საშიშროება, რომ თქვენი პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაიგივდეს?
_ არა, ეს გამორიცხულია!
_ იმასაც გამორიცხავთ, რომ თქვენს პარტიაში ხალხი „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოვიდეს?
_ გააჩნია, ვინ წამოვა. უკაცრავად და, „ნაციონალური მოძრაობა“ კეთროვანი პარტია კი არ არის! ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ კომუნისტური პარტია არსებობდა, რომელმაც მთელი ქართული ინტელიგენცია გადახოცა, მაგრამ მერე, როცა გალაითდა, კომპარტიის წევრი ჭაბუა ამირეჯიბიც იყო. ჭაბუა ამირეჯიბი კომუნისტური პარტიის წევრი მას შემდეგ გახდა, რაც ციმბირში სასჯელი მოიხადა. ასე რომ, ასეთი ლაპარაკი არ შეიძლება! „ნაციონალურ მოძრაობაში“ უგანათლებულესი ხალხია. იგივე გრიგოლ ვაშაძე ამ პარტიის წევრი 2017 წელს გახდა.
საერთოდ, უნდა გიხაროდეს, რომ პარტიაში, რომლისაც გეშინია და მიიჩნევ, რომ ცუდი რაღაცები აქვს გაკეთებული, ლიბერალი და გონიერი ადამიანები იყვნენ გაწევრიანებულნი.
_ უნდა ველოდოთ, რომ გრიგოლ ვაშაძე თქვენი პარტიის წევრი გახდეს?
_ გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.
_ სხვათა შორის, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გრიგოლ ვაშაძე აღარ ჩანს…
_ დღესაც არაჩვეულებრივად მუშაობს და ძალიან დიდ საქმეებს აკეთებს.
_ რას გულისხმობთ?
_ სტრასბურგმა აგვისტოს ომზე ე. წ. სამხრეთ ოსეთის სარჩელი არ მიიღო და განაცხადა, _ იმის თქმა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, სისულელეაო. სხვათა შორის, ამ სარჩელში საქართველოს წინააღმდეგ სალომე ზურაბიშვილის კრებულიდან ამონარიდი იყო გამოყენებული. მოკლედ, სტრასბურგმა ეს სარჩელი სერთოდ უგულებელყო და ეს გაერთიანებული ოპოზიციის აბსოლუტური ძალისხმევის შედეგია! აბა, გინახავთ, „ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელი, რომელიც სტრასბურგში ჩასულა და უყვირია, საქართველოს ომი არ დაუწყიაო? პირიქით, „ოცნებამ“ პრეზიდენტად მოგვიყვანა ქალი, რომელიც აცხადებს, ომი საქართველომ დაიწყოო!
მოკლედ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ იბრძოლა, კბილებით გაიტანა და სტრასბურგში შედეგიც დაიდო, ანუ ეს ხალხი მუშაობს. ჩვენ, ყველამ თავი მოვიკალით და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დავდეთ, რაც ძალიან დიდი საქმეა!
2016 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი 400 ათასი იყო. ახლა კი ოპოზიციის ამომრჩეველი, გაყალბების გარეშე, 876 ათასია. ამასთან, წარმოიდგინეთ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის უფლება ემიგრაციას არ მისცეს, ანუ ხელისუფლებამ იცის, რომ მილიონზე მეტი ამომრჩეველი ოპოზიციის მხარესაა და მაინტერესებს, ღამე როგორ სძინავს? საერთოდ, კარგმა ოპოზიციამ ხელისუფლება არ უნდა დააძინოს!
_ კი ბატონო, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ისე ჩანს, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას მშვიდი ძილის საშუალებას აძლევს. ყოველ შემთხვევაში, გაერთიანებული ოპოზიცია, მის ცალკეულ წარმომადგენლებს თუ არ ჩავთვლით, აღარ აქტიურობს. რატომ?
_ არა, ასე არ არის. მერწმუნეთ, გაერთიანებული ოპოზიცია მუშაობს.
_ რაზე ან რა კუთხით მუშაობს?
_ უცხოეთში ძალიან დიდი მუშაობა მიდის _ არ დაგავიწყდეთ: კადრები უნდა გახსნილიყო, გაიხსნა და გაგიჟდებით, რა გაყალბებასთან გვაქვს საქმე. ყველაფერ ამას დახარისხება, უცხოეთში გატანა უნდა. გაერთიანებულ ოპოზიციას ერთი წამითაც არ ჩაუმუხლავს. უბრალოდ, პოლიტიკაში არის მომენტები, როცა ამბობ, რომ აქციებისთვის ემზადები და არის მომენტი, როცა აქციებისგან თავს იკავებ და გირჩევნია, სარჩელები მოამზადო და უცხოეთს აჩვენო, საპრეზიდენტო არჩევნებში რა წარმოუდგენელი გაყალბება იყო , იმისთვის იბრძოლო, რომ ხელისუფლებას დაათმობინო და როგორმე საარჩევნო გარემოს შეცვლაზე წამოიყვანო.
ისე, პირადად მე, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომხრე ვარ.
_ რატომ?
_ ამათ რაც მალე გავისტუმრებთ, ქვეყანა უფრო ამოისუნთქებს. ძალიან დიდი გაჭირვებაა, ყველაფერი გაძვირდა და ასე ცხოვრება უკვე შეუძლებელია!
მოკლედ, ვერ დაგეთანხმებით, რომ გაერთიანებული ოპოზიცია გაჩერებულია. ძალიან დიდი მუშაობა მიდის და გაზაფხულისთვის ყველაფერ ამის შედეგი დაიდება, თორემ საქმე სულ ქუჩაში ყოფნით არ კეთდება.
_ ამ მოცემულობაში ახალ პარტიას რა მისია და დანიშნულება აკისრია?
_ უდიდესი.
_ კონკრეტულად?
_ ადამიანები სიახლეს ითხოვენ. ეს ადამიანები „ოცნების“ მოწინააღმდეგეები არიან, გარკვეული პრეტენზიები ჰქონდათ და ამიტომ არც „ნაციონალურ მოძრაობაში“ უნდათ გაწევრიანება _ ყველას თავისი მოსაზრება აქვს და ისე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არც მე ვარ. მოკლედ, ხალხს უნდა, რომ ახალი პარტია შეიქმნას, რომელშიც ახალი სახეები იქნებიან და რომელსაც ახალი იდეები ექნება.
_ „კანონი და სამართლის“ მთავარი ხაზი რა იქნება?
_ ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ანტიკორუფციულ გეგმაზე.
_ ანუ?
_ ანტიკორუფციული კანონი კი არსებობს, მაგრამ დასაჭურისებულია. ამათ საოკუპაციო კანონიც დაასაჭურისეს… ვთქვათ, თქვენ გაქვთ ბრწყინვალე რეგიონული გეგმა, მაგრამ ამ გეგმას როგორ აამუშავებთ, თუ ანტიკორუფციული კანონი არ მოქმედებს და ხალხს ის მექანიზმი არ აჩვენე, ყველაფერ ამის გაკეთებას როგორ აპირებ? ჩვენ სწორედ ეს მექანიზმი გვაქვს. როცა ნახავ, რომ კორუფციაა, ამ დროს, დიახ, სიმკაცრეა საჭირო!
_ თქვენი პარტია, როგორც წეღან თქვით, მემარჯვენე-ცენტრისტული იქნება, არა?
_ დიახ.
_ მერე, სიმკაცრით მემარცხენეობაში ხომ არ გადავა?
_ არა, რატომ გადავა?! მთავარია, კანონის ფარგლებში იმოქმედო.
_ კანონის ფარგლებში, შეიძლება, ვინმეს ქონებაც ჩამოართვათ?
_ პარტიას რა უფლება აქვს, ვინმეს რამე ჩამოართვას? ჩვენ იმაზე ვიმუშავებთ, რომ მთავარმა ხუთმა კანონმა იმუშაოს და კანონი რომ ამუშავდება, ვის რა ჩამოერთმევა, კონფისკაცია მოხდება თუ ჯარიმა დაეწერება, ეს პარტიის გადასაწყვეტი არ იქნება! ნებისმიერი პარტია კანონს უნდა დაემორჩილოს. ჩვენ კანონებს მივიღებთ. საქართველო იმ ევროპული ტიპის ქვეყანა უნდა გახდეს, სადაც კანონი უზენაესი იქნება! დღეს ჩვენთან სწორედ ეს პრობლემაა _ მაგალითად, სათავეში სოფლის მეურნეობაზე მზრუნველი ადამიანი რომც მოვიდეს, ნებისმიერი კორუმპირებული, რომელიც საკანონმდებლო ორგანოშია და იქიდან საკუთარ ბიზნესს ლობირებს, ამ ადამიანს ხელს შეუშლის.
_ თაკო, ხალხი დაგიჯერებთ და გამოგყვებათ?
_ რა თქმა უნდა! ჩემთვის უმთავრესი ქვეყანაა! როცა გრიგოლ ვაშაძის წარდგენაზე ბაგრატის კიბეებზე ავდიოდი, მობილური გავთიშე. ამის მერე არჩევნების დასრულებამდე ჩემ მიმართ უამრავი ტალახი წამოვიდა _ ბინძური „ტროლების“ მანქანა აამუშავეს და მხოლოდ მე კი არა, ბაგრატის ტაძარიც არ დაინდეს.
_ რას გულისხმობთ?
_ რას და, _ სულელი კოკა ყანდიაშვილის ნაწვალებ-ნაჩალიჩარ ვიდეოს _ ბაგრატის ტაძართან ჩემს გამოსვლას ხმა დაადეს, უწმაწურ სიტყვებს ამბობდნენ და იმაზეც წავიდნენ, რომ შეურაცხყოფა ბაგრატისთვის მიეყენებინათ. ყველაფერი ეს ჩემზე არ მოქმედებდა იმიტომ, რომ მივხვდი, ნაბიჯი, რომელიც გადავდგი, ჩემი ქვეყნისთვის უმთავრესი და მნიშვნელოვანია! იმის გარდა, რომ ჩვენი ქვეყანა ფონს გავიდეს და ევროპული ტიპის სახელმწიფო გახდეს, არაფერი მაინტერესებს!
_ ქვეყნისთვის თავდადება ძვირი გიჯდებათ!
_ ქვეყნის სიყვარულის იქით რამე არსებობს?!
_ არაფერი, მაგრამ თქვენს ოჯახსაც შეეხნენ _ ქუთაისის აეროპორტში თავს დაგესხნენ…
_ მერე, ვინ დარჩა წაგებული? _ თავი მოიჭრეს და თითით საჩვენებლები გახდნენ!
_ ისე, არსებობდა ალბათობა, რომ ქუთაისის აეროპორტში თავდასხმა უფრო ფატალურად დასრულებულიყო, არა?
_ რა თქმა უნდა, მაგრამ დედას გეფიცებით, რუსთაველზე ძასოხოვი რომ დავინახე, სიცოცხლე აღარ მინდოდა! „ფარჩაკი“ საქართველო არ მინდა! რუსთაველზე მანქურთების მდგომარეობაში დამდგარი ხალხიც არ მინდა! ძასოხოვმა, სალომე ზურაბიშვილი აირჩიეთო და ეს ის კაცია, რომელმაც საქართველოს ტერიტორიები დამოუკიდებლად ოფიციალურად გამოაცხადა! ამ კაცს არავინ უთხრა, რუსთაველი დატოვე და აქედან დაიკარგეო!
რას მოვესწარით _ ასეთი სიცოცხლე არ მინდა! მე ასე გავიზარდე, იმ ადამიანმა ასე გამზარდა _ ჯანსუღი და მისი თაობა, რაც შეეძლოთ, გაგანია კომუნისტების დროს ყველაფერს აკეთებდნენ! ყველას არა, მაგრამ რამდენიმე ადამიანს თითოეული სტრიქონი კბილებით მოჰქონდა!..
დღეს კი ხუთმაგ სიყვარულს ვგრძნობ _ იცით, ქუთაისის თავდასხმის კადრები ვინ გაავრცელა?
_ ვინ?
_ ხალხმა _ ემიგრანტებმა გადაიღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს. აი, ასეთი საქართველო მიყვარს და აი, ასეთი საქართველოთი ვარ ბედნიერი, თორემ საქართველო არც გორგოძისაა და არც იმ ვიღაც პროტოკოლის უფროსი მაჭავარიანის.
_ ისე, კალაძემ გითხრათ, რასაც დასთესთ, იმას მოიმკითო…
_ კალაძემ პასუხი ხალხისგან მიიღო. ამის მერე განაცხადა, ეს სხვა კონტექსტში ვთქვიო. საერთოდ, ესენი სიტყვებს ყოველ ნაბიჯზე ცვლიან. კალაძემ პირველი ტურის შემდეგ ზურაბიშვილზე თქვა, არ უნდა წარგვედგინაო, მერე კი განაცხადა, სხვანაირად ვთქვიო.
ისე, ვერ გავიგე, ამ ტრაგედიის დროს ჩვენი ქალაქის ეს, მართლა, „გამოქანებული“ და უზრდელი მერი რომ „ხუმრობს და ღლიცინებს“, არ უნდა გადადგეს? უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, არ უნდა გადავაყენოთ? ეს მისი შეურაცხმყოფელი გამონათქვამები უნდა აიტანოს ქალაქმა?! ეს „გამოქანებული“ როგორ უნდა დარჩეს თბილისის მერად, მართლა სძინავს ჩვენს ქალაქს? გამოვიდეს და ბოდიში მოიხადოს ამ გაუზრდელმა!
„ქაჯობამ გვაჯობაო“, _ ჯასუღი ამბობდა ხოლმე. მართალია: არ „იკურნება“ _ ან ხარ ან _ არა. ეს რა მართლა „გამოქანებული“ მერი გვყავს! „კახი გამოქანებული“!
ამათთვის ღირებული არაფერი არსებობს, თორემ ასე არ მოიქცევიან _ წინა დღეს ერთს ამბობენ და მეორე დღეს თავიანთ ნათქვამს მხოლოდ იმიტომ ცვლიან, რომ მამა-მარჩენალმა უბრძანა. რომ ვამბობ, ეს ლაგამია-მეთქი, სწყინთ, მაგრამ დიახ, ეს ლაგამია, რომელიც ამოსდოთ და ზოგის ლაგამი ეს ღირს, ზოგის კი _ ის!
სამშობლოს ცხვირწინ გვახევენ და ამას მშვიდად ვუყურო?!
_ „კანონი და სამართალი“, ანუ თქვენი პარტია, ამ „ახეულ“ სამშობლოს როგორ დაგვიბრუნებს?
_ როგორ და, _ კანონით! სამშობლოს კანონის უზენაესობა დაგვიბრუნებს!
_ კანონის უზენაესობა გასაგებია, მაგრამ კანონში, ამ შემთხვევაში, პარტია ვიგულისხმე _ თქვენს პარტიას ხომ „კანონი და სამართალი“ ერქმევა?
_ ამ პარტიაში, როგორც გითხარით, იდეალისტები იქნებიან.
_ იდეალისტებმა კარგი ქვეყანა რომ ააშენონ, დროა საჭირო!
_ ორმოცი იდეალისტი გერმანელი შეიკრიბა და განადგურებული გერმანია ფეხზე დააყენა! ახლა ცილს დამწამებენ და მეტყვიან, „მიშისტი“ გახდიო, მაგრამ ასე არ არის და კარგსაც ვამბობ და ცუდსაც. სააკაშვილმა „შავების“ საწინააღმდეგო კანონი რომ შემოიღო, „შავებმა“ ქვეყანა ოცდაოთხ საათში დატოვეს! აბა, ეს საქმეა, რაც ახლა ხდება? _ ახალგაზრდები შუა რუსთაველზე ერთმანეთს ხოცავენ და პლანის პლანტაციების გაშენებას აპირებენ. ვერ გავიგე, ვინ არიან, რა უფლება აქვთ? საქართველო არც ოლიგარქის არის, არც _ პეტრესი და არც _ ივანესი! საქართველო ჩემი და თქვენია! შეიძლება, კარგი კაცი იყო და ბევრი ფულიც გქონდეს, მაგრამ ქვეყნის მართვა არ შეგეძლოს!
_ წეღან თქვით, კარგსაც ვხედავო. აი, თაკო, მაგალითად, არ მოგეწონათ, თბილისი საახალწლო განათებით ევროპას რომ არ ჩამოუვარდებოდა?
_ გაუმარჯოს, კაცო, გააკეთოს, მაგრამ, აბა, გაჭირვებულ და გაუბედურებულ ადამიანებსაც ჰკითხონ. იცით, ახლა ვენაში რა გააკეთეს?
_ რა?
_ საახალწლოდ კი გაანათეს ქალაქი, მაგრამ თქვეს, ბიუჯეტი იმის საშუალებას არ გვაძლევს, რომ უკიდურესად გაჩახჩახებულები ვიყოთო, ანუ იმას კი არ ვამბობ, ქალაქი საახალწლოდ რატომ გაანათეს-მეთქი, მაგრამ ზომიერებაც კარგია. ხალხი ნაგავში იქექება, უბედურება ხდება, საქართველოში 150 ათასი ბავშვი შიმშილობს და რომელ განათებაზე მელაპარაკებით?
სხვათა შორის, არჩევნების წინ გრიგოლ ვაშაძემ ზურაბიშვილს პირდაპირ ეთერში ჰკითხა, _ იცით, რამდენი ბავშვი შიმშილობსო და ზურაბიშვილმა, არა, არ ვიციო. პრეზიდენტობა გინდა და ის არ იცი, ამ ქვეყანაში რამდენი ბავშვი შიმშილობს?
_ ისე, ამ დღეებში ზურაბიშვილმა ისიც თქვა, პრეზიდენტად არც ერთ ჯგუფს არ მოვუყვანივარო.
_ დიახ და ისიც თქვა, პოლიტიკოსი არ ვარო. არადა, პრეზიდენტი ამხელა პოლიტიკური თანამდებობაა!
ამას წინათ ბურჯანაძე გამოვიდა და უკრაინასთან დაკავშირებით მსოფლიო პატრიარქს სერიოზული სახით აკრიტიკებდა. ოკუპანტის რამდენიმე დაქირავებული ადამიანი ოკუპანტის მისიას ასრულებს და ძალიან მიხარია, რომ ხალხმა ბურჯანაძე სადავეებთან არასოდეს მიუშვა! დიახ, ხალხი ბრძენია და ეს ახლაც დამტკიცდა _ ვიდეო კადრები რომ ნახოთ, მიხვდებით, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს არ გაუმარჯვია.
_ თაკო, თუ ხალხს სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად არ აურჩევია, მაშინ საკითხავია, საკუთარი არჩევანი და ხმები რატომ არ დაიცვა?
_ არ მითხრათ, რომ იგივეს ამბობთ, რასაც „ოცნება“, _ თუ გაერთიანებულ ოპოზიციას 876 ათასმა მისცა ხმა, ამდენი ხალხი აქციაზე რატომ არ მივიდაო? უბრალოდ, ეს საარჩევნო სისტემა მახინჯია, ანუ ძალიანაც რომ მოინდომო, ხმების დასაცავად რესურსი არ გეყოფა.
_ რატომ?
_ გაჭირვებაა, ხალხი საარჩევნო ყუთებთან ძლივს მივიდა. რომ გენახათ, მაგალითად, ახალქალაქში როგორი დაშინება მიდიოდა _ ძველი ბიჭები ხალხს ოჯახებში უვარდებოდნენ. ბურდილაძე კი საკუთარ ეზოში „სპიცით“ დაჭრეს. ამათ ცოტა „მიძინებული ტიპები“ გარეთ გამოყარეს და, წარმოგიდგენიათ, ჩემს ოჯახს რა აკადრეს? _ ისინი არ ელოდნენ, რომ კარგად დაითეთქვებოდნენ. მათ მიზანი და ჩანაფიქრი ჰქონდათ, რომ ჩემი შვილის თანდასწრებით მამამისი ცემით მოეკლათ. აი, ამ საქართველოს მოვესწარით და ეს საქართველო ბიძინა ივანიშვილმა შექმნა! ჩემმა ძიუდოისტმა ქმარმა, ჯონი გიგანმა, ოჯახი დაიცვა, მაგრამ თუკი იქ პოლიცია თავის სიმაღლეზე იდგებოდა, ეს რატომ უნდა დასჭირვებოდა? ემიგრანტებს და, საერთოდ, ხალხს ვენაცვალე, რომელმაც ყველაფერი გადაიღო. მასალა ძალიან ბევრია და ვერავინ ვერაფერს იზამდა. სხვათა შორის, პოლიცია, რომელიც მოგვიანებით მოვიდა, ძალიან ღირსეულად მოიქცა.
_ ამ საქმეზე რამე სიახლე არის?
_ დიახ, გორგოძის მიმართ ძიება გრძელდება…
_ თაკო, „კანონი და სამართალი“, რეალურად, მესამე ძალა იქნება?
_ რა თქმა უნდა!
_ ამ პარტიაში ცნობილი ადამიანები არიან?
_ ორი შედარებით ნაცნობი სახეა.
_ ანუ ეს ორი ადამიანი პოლიტიკაში აქამდეც იყო?
_ არა, პარტიული მოღვაწეობა არ ჰქონიათ, თუმცა ორივე ნაცნობი სახეა. დანარჩენებსაც მე და საზოგადოებაც ისე იცნობს, როგორც პროფესიონალებს. სხვათა შორის, ყველა მათგანი ამბობს, პოლიტიკაში არასოდეს გვინდოდა, მაგრამ ახლა გადავწყვიტეთო. 30 წელია, ერთი და იგივე ადამიანები ხალხს ატყუებენ და ეს წალკოტი ქვეყანა ერთსა და იმავე წრეზე დაჰყავთ _ ერთი მილიონერი მოიპარავს, ამ თანხას მეორე მილიონერთან გადატყორცნის და ა. შ. ბოლოს და ბოლოს, უკვე სირცხვილია!
_ თაკო, ხელისუფლება პარტიულ საქმიანობაში ხელს ხომ არ შეგიშლით?
_ პოლიტიკაში ისეთი მექანიზმით შემოვალთ, რომ წინააღმდეგობას ვერ გაგვიწევენ! თუ წინააღმდეგობას გაწევენ, მაშინ რევოლუციას მიიღებენ და არ მგონია, ეს აწყობდეთ! მაგათ ურჩევნიათ, ჭკვიანად მოიქცნენ და მუშაობის საშუალება მოგვცენ. დიახ, ურჩევნიათ, წყნარად, მშვიდად დათმონ პოზიციები და ის მოთხოვნები დააკმაყოფილონ, რასაც სერიოზულად და ცივილიზებულად მოვითხოვთ!
საქართველოში ცხოვრება უკვე საშიშია _ ბანდიტიზმი მძლავრობს, ეკონომიკა დაძირულია, რუსული კორუფციული სივრცეა და შეიძლება, ისეც მოხდეს, რომ საქართველო ნარკოტრაფიკის ქვეყნად აქციონ! ჯაჭვს შევკრავთ და ყველაფერ ამას არ გავაკეთებინებთ! გამორიცხულია, ქვეყანა დავუთმოთ!
_ ქართულ პოლიტიკაში ქალები არიან, მაგრამ თქვენ ახალი ყაიდის პოლიტიკოსი ქალი იქნებით?
_ არ ვიცი… საერთოდ, არასოდეს მდომებია, რომ პოლიტიკაში ვყოფილიყავი, თუმცა 1956 წლის 9 მარტს ჯანსუღმა რომ დაიყვირა, გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოსო, იმ დღიდან ჩვენი ოჯახი, გარკვეულად, პოლიტიკაშია. 1972 წელს, როცა ჯანსუღმა დაწერა, ტყვია მიზანში მოსახვედრიაო, ძალიან ცნობილმა ლიტერატორმა და კრიტიკოსმა გაზეთ „კომუნისტში“ გაოაქვეყნა, _ ერთი, ამ კაცს ჰკითხეთ, რა ტყვიას და რისთვის ითხოვსო. „ცისკარში“ „დათა თუთაშხიას“ რომ ბეჭდავდა, „ცისკრის“ რედაქტორის მოადგილედ არარეაბილიტირებული პოლიტპატიმარი ოტია პაჭკორია დანიშნა და როცა ზვიად გამსახურდიასა და ირაკლი წერეთელს თავდებში დაუდგა, ეს უკვე პოლიტიკაში ყოფნა იყო!
ახლა ვხედავ, რომ ის, რაც მასწავლეს, ხელიდან მეცლება _ ქვეყნის გადაბარება მიდის, ესენი კი მეუბნებიან, „მიშისტი“ გახდიო. „მიშისტი“ კი არ გავხდი, არამედ ვამბობ, რომ იმ კაცის დროს ბევრი ინსტიტუციური აღმშენებლობა მიდიოდა და ეს მე რომ არ ვთქვა, ისტორია იტყვის. მართალია, მაშინ ოპოზიციაში ვიყავი, მაგრამ სახელმწიფო ინსტიტუტები შენდებოდა. ახალგაზრდული მაქსიმალიზმის გამო ეს ზოგჯერ სისასტიკის ხარჯზე ხდებოდა, რაც დიდი ნაკლი იყო…
_ თაკო, პოლიტიკაში შემოსვლით მტრებს იჩენთ…
_ მერე რა? კოკა ყანდიაშვილი ქვეყნის მტერია და მე რომ მტრად მომეკიდოს, გამიხარდება! ყანდიაშვილმა რომ შემაქოს, უნდა ვიკითხო, რა მოხდა-მეთქი.
ადამიანები ღირებულებების გარშემო ვერთიანდებით და გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა სრულფასოვანი და ისეთივე მშვენიერი იყოს, როგორიც ავსტრია, ბელგია თუ საფრანგეთია! თუ ამის გამო ვინმე მტრად მომეკიდება, ის ჩემი კი არა, ქვეყნის მტერი იქნება!
_ პარტია პოლიტიკურ არენაზე გამოვა თუ არა, დაფინანსებითაც დაინტერესდებიან…
_ ყველაფერი გამჭვირვალე იქნება და თუ ვინმეს მილიონები სჭირდება, ჩვენ ბევრად ნაკლები დაგვჭირდება, რადგან იდეალისტებსა და პატრიოტებს, საერთოდ, ნაკლები სჭირდებათ! ჩვენ პარტიას იმისთვის არ ვაკეთებთ, რომ ფული ვათეთროთ და სასახლეები ავიშენოთ!
_ ანუ თაკო ჩარკვიანის „კანონი და სამართალი“ გააზაფხულებს?
_ აუცილებლად! დიახ, საქართველოს გააზაფხულებს!
_ ჯანსუღი ცოცხალი რომ იყოს, ამ გადაწყვეტილებაში მხარს დაგიჭერდათ?
_ აბა, რა?! სულ იმას ამბობდა, გავაზაფხულოთო და უნდა გავაზაფხულოთ! თუ ვინმე ნორმალური პოლიტიკოსი იყო, ყველას ჭუჭყი და ტალახი ასხეს. შუაც გაკრიფეს და მერე ამბობენ, მესამე ძალა სად არისო. თვითონ გაანადგურეს და როგორ იქნებოდა? გაერთიანებული ოპოზიციის სახით დიდი ძალა არსებობს და ჩვენ საქმე ერთად უნდა გავაკეთოთ!

გიორგი აბაშიძე