ხათუნა ლაგაზიძე: „ხელისუფლება გვერდიდან უყურებს საკუთარი პანაშვიდის რეჟიმში გადასულ საზოგადოებას“

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე „ქრონიკა+“ ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში, ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა:

_ რამდენიმე დღეც და „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ნათხოვი ერთი წლის მეორე თვეც მიილევა. ცხადია, რომ ხალხს სულაც არ აინტერესებს ის უგემოვნო სანახაობა, რომელიც მმართველი პარტიის წიაღში მიმდინარეობს. რაც შეეხება ცვლილებებს, ამ მხრივ ხელშესახები ჯერ არაფერი ჩანს. რეალურად, რა ხდება, ამ ორი თვის გადასახედიდან როგორ ფიქრობთ, რისთვის ითხოვა ივანიშვილმა ერთი წელი?
_ ცვლილებებისთვის. ოღონდ მთავარია, მის პრიზმაში დანახული ცვლილებები და საზოგადოების საჭიროებები ერთმანეთს დაემთხვეს. რა სჭირდება ბიძინა ივანიშვილს: სიმშვიდე და სტაბილურობა ქვეყანაში და ხელისუფლების შენარჩუნება. ამოცანა გვეკითხება, სად ხედავს ის ჩამოთვლილი ამოცანების მიღწევის მექანიზმს? ამაზე იქნება დამოკიდებული სწორედ დაანონსებული ცვლილებების ხასიათი.
თუმცა, ამთავითვე უნდა ითქვას, რომ ის ცვლილებები, რომლის აუცილებლობა პირველი ტურის შემდეგ ჩანდა, ვფიქრობ, არსებითად დაკორექტირდა მეორე ტურის შემდეგ. მეორე ტურმა ხელისუფლებას აჩვენა, რომ „ნაციონალების“ წინაშე პანიკურმა შიშმა და დიდმა ფინანსურმა ინვესტიციამ, რაც ამ შემთხვევაში, მოსახლეობის ვალების დაფარვის ოპერაციაში გამოიხატა, 6-წლიანი შეცდომების მიუხედავად, „ოცნებას“ 2012 წლის შედეგი გაამეორებინა. ამიტომაც, როგორც ჩანს, რადიკალური ცვლილებების აუცილებლობა დღის წესრიგიდან მოიხსნა.
ამ ერთ წელიწადში იმ ცვლილებებს მივიღებთ, რასაც მოვითხოვთ: ოღონდ არა ფეისბუქზე წუწუნით და თავზე ნაცრის წაყრით. თუმცა მე რასაც საზოგადოებას ვუყურებ, მოთხოვნის თავიც აღარ გვაქვს: ასეთი დეპრესიული, ხელჩაქნეული, იმედისგან დაცლილი საზოგადოება აფხაზეთის ომისა და „მხედრიონის“ დროსაც არ მახსოვს. მთავარი განსხვავება ის არის, რომ საზოგადოება საკუთარი მომავლის გაუმჯობესებისთვის ბრძოლის აზრს ვეღარ ხედავს. თითქოს არავინ ურტყამს, არავინ არბევს, არ ფიქსირდება მასობრივად ადამიანის უფლებათა დარღვევისა თუ ბიზნესის წართმევა-შევიწროების მასობრივი ტენდენცია, დიდწილად შევინარჩუნეთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ამ პირობებში საზოგადოებაში დეპრესია და ბრძოლის სურვილისა და უნარის დაკარგვა პიკს აღწევს.
_ ამის მიზეზი რა არის?
_ ამის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებლი ფაქტორია ის, რომ თავად პოლიტიკურ სპექტრშია გამოუვალობის, გადაღლილობის შეგრძნება და დაქსაქსულობა. და ეს დაქსაქსულობა კიდევ უფრო გამწვავდება 2020-ის მოახლოებასთან ერთად იმიტომ, რომ 3%-იანი ბარიერი მხუთავი გაზივით გააბრუებს მომავალ პარლამენტში შესვლის მსურველთა არმიას და ილუზიას შეუქმნის მათ, რომ 65 ათასი ხმის მოპოვებას რაღა უნდა. დაახლოებით ამდენია 3%, არჩევნებზე დღემდე მოსული, მაქსიმუმ, 2 მილიონ 200 ათასი ამომრჩევლის შემთხვევაში. მარტო მე რაც მსმენია, სულ მცირე, 5-6 საზოგადოებრივად აქტიური ფიგურა თუ ჯგუფი აპირებს პოლიტიკური აქტივობის დაწყებას ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ეს სიტუაცია კი პირდაპირ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს და პარალელურად, აღრმავებს უიმედობას საზოგადოებაში, რადგან ვერ ხედავენ ლიდერს, რომელიც „ტაძრამდე“ მიიყვანს. სამაგიეროდ, ხედავენ, რომ ყველა მხოლოდ საკუთარი ამბიციების მოსაფხანად იბრძვის და არა საზოგადოების ინტერესებისთვის გასაერთიანებლად.
რა შემთხვევაში მიდის ხოლმე ხელისუფლება ცვლილებებზე ქართულ რეალობაში?! როცა ამას ხმამაღლა, ძლიერად და ორგანიზებულად ითხოვს საზოგადოება და პოლიტიკური ელიტა. დღეს, რეალურად, ვერც ერთი ითხოვს ვერაფერს და ვერც _ მეორე. ყველა ერთად, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, რაც საერთო სურათს ვერ ცვლის, ძირითადად, გლოვა-ოხვრით ვართ დაკავებული. ხოდა, ხელისუფლებაც გვერდიდან უყურებს საკუთარი პანაშვიდის რეჟიმში გადასულ საზოგადოებას და შესაბამისად, ცვლილებების მწველ აუცილებლობასაც ვერ გრძნობს.
_ საოცარი ფრაზა თქვით ახლა. მეტად მძიმე მოსასმენი, მაგრამ აბსოლუტურად ზუსტი ჩვენი რეალობის აღსაწერად. ამის მიუხედავად, შეუძლებელია, ივანიშვილს რაიმე სახის ცვლილების განხორციელების სურვილი არ ჰქონდეს.

_ ცვლილება, რომლის აუცილებლობასაც შეიძლება ხედავდეს ბიძინა ივანიშვილი _ ეს „ქართული ოცნების“ სიის რადიკალური განახლებაა 2020 წლის არჩევნებისთვის. ეს იყო ის, რასაც ის პირდაპირ დაგვპირდა, რომ ერთგულ და მორჩილ ადამიანებს პროფესიონალებით ჩაანაცვლებდა. საკადრო ცვლილებები არის ის, რისკენაც მას „ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებიც უბიძგებს. დანარჩენი ცვლილებების აუცილებლობა კი შეიძლება არც ჩანდეს, რადგან დღეს არც საზოგადოებას და არც პოლიტიკურ სპექტრს არავისთვის წყლის ამღვრევის უნარი არ აქვს. ამიტომაც დანარჩენი ცვლილებები, რეალურად, მის კეთილ ნებაზე და რაციონალიზმზეა დამოკიდებული: რადგან ეკონომიკური სასწაულის მოხდენა მოკლე დროში ვერ ხერხდება, კორუფციასთან რადიკალური ბრძოლის დაწყება ხომ არის შესაძლებელი, რომლის შედეგები დაწყებისთანავე იგრძნობა; სასამართლო სისტემის მასობრივი წმენდის დაწყება ხომ არის შესაძლებელი, რომლის შედეგებიც ასევე თვალსაჩინო და ხელშესახები იქნება; ისევე როგორც შრომის, მშენებლობის უსაფრთხოების ცივილიზებული და ადამიანზე ორიენტირებული სისტემის აწყობა და ნორმების გამკაცრება ხომ არის შესაძლებელი. ცვლილებების აუცილებლობა ყველა მიმართულებით იგრძნობა, მთავარი პოლიტიკური ნების არსებობაა. იმედი ვიქონიოთ, რომ მისი ცნობილი რაციონალიზმი, რაც მას პრობლემების გადაჭრაში ყოველთვის ეხმარება, ამჯერადაც იმუშავებს და მას სწორი გადაწყვეტილებებისკენ უბიძგებს.
_ იქნებ, მართლაც ხდება რაღაც სასიკეთო ქვეყანაში და ჩვენ ვერ ვხედავთ?
_ ქვეყანაში მასობრივი კორუფცია და მასობრივი აგრესია ყვავის, იგრძნობა გაღარიბების შეუქცევადი ტენდენცია, კრიმინალის დონის ზრდა და დაუსჯელობის სინდრომის გაღვივება. სამწუხაროდ, ამას ვერსად გავექცევით.
მინდა, „ოცნების“ მაღალჩინოსნების კორუფციის ერთი „რიგითი“ ნიმუში მოვიყვანო: სახელმწიფო აუდიტის დეპარტამენტმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მუშაობის 2016-17 წლების პერიოდი შეისწავლა (გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, _ ავტ.) და, სხვათა შორის, აღმოაჩინა, რომ ზღვიდან 300-500 მეტრში არსებული მიწები გამგეობისა და საკრებულოს პასუხისმგებელ პირებს 30 და 50 თეთრად აქვს გაყიდული. აუდიტის ჯგუფმა დამატებით შეისწავლა უძრავი ქონების სააგენტოების ვებგვერდებზე არსებული სარეკლამო განცხადებები, სადაც 50 თეთრიანის მიმდებარედ და მომიჯნავედ მდებარე მიწების გასაყიდი ფასი 50 დოლარიდან იწყებოდა. შესაბამისად, 1 კვ. მეტრის 100 ლარად გაყიდვის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი ნაცვლად 357 600 ლარისა, მიიღებდა 10 მილიონ 722 ათას 200 ლარ შემოსავალს. ე. ი. ოზურგეთის გამგეობისა და საკრებულოს პასუხისმგებელი პირების მოქმედების შედეგად, ბიუჯეტმა დაკარგა რამდენიმე მილიონი ლარის შემოსავალი _ ასკვნის აუდიტი. ამ მიწების ნაწილი, რა თქმა უნდა, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიას სიძეზესა და გამგებელ მერაბ ჭანუყვაძის მეზობელ-მეგობრებზეა გაყიდული, რომლებმაც, თავის მხრივ, ამ მიწების ნაწილი შესყიდვიდან რამდენიმე დღეში გასაყიდად 166-ჯერ ძვირად გამოიტანეს. ჭანუყვაძე კი მაღალჩინოსანი ნათესაობის მფარველობით არა მხოლოდ ამაყობს, არამედ _ მათი შემდგომი დაწინაურების მოლოდინით ემუქრება მის მიერ გასხვისებული მიწებით უკმაყოფილო ადამიანებს.
თუმცა, ამავდროულად, აუცილებლად მინდა ხაზი გავუსვა ამ ხელისუფლების პირობებში დაწყებულ ორ უმნიშვნელოვანეს რეფორმას და ინიციატივას, რომლის თანახმადაც განათლების დაფინანება უპრეცედენტოდ გაიზრდება და მთლიანი შიდა პროდუქტის 10-11%-ს მიაღწევს. ასევე მთავრობის ინიციატივით მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელმაც უნდა შექმნას ბაზა საქართველოში უმსხვილესი ტექნოლოგიური და ინოვაციური კომპანიების მოსაზიდად ანუ იმისთვის, რომ საქართველო იქცეს ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ ზონად, ქვეყნად ტექნოლოგიური კორპორაციების საქმიანობისთვის. ეს პროექტი, რეალობად ქცევის შემთხვევაში, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ინვესტიციების, ტექნოლოგიებისა და დასაქმების მომტანია. ვნახოთ, რამდენად შეძლებს „ოცნება“, რომელმაც დღემდე ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი, ამ მართლაც უმნიშვნელოვანესი ინიციატივების რეალობად ქცევას.
_ სასამართლოს თემა, თითქოს, ერთგვარ კატალიზატორად იქცა „ქართული ოცნების“ შიგნით მიმდინარე პროცესების ზედაპირზე ამოსატანად. ამ შიდა დაპირისპირებისგან რა შედეგებს უნდა ველოდოთ? რამდენად არის ეს ხელოვნური პროცესი, რომელიც ასევე შესაძლოა, თავად ივანიშვილის მიერ იყოს ინსპირირებული?
_ ივანიშვილს არაფერში სჭირდება ამ პროცესის ინსპირირება, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნე, ახლო მომავალში ისედაც დაიწყება ახალი პოლიტიკური პარტია-მოძრაობების „ბუმი“, რომელთა დიდ უმრავლესობას მაინც ივანიშვილზე ექნება სწორება, როგორც ქვეყანაში ძალისა და გავლენის ერთადერთ ცენტრზე, რადგან მათ დამოუკიდებლად ხელშესახები ცვლილებების მიღწევა არ შეუძლიათ, მათი უმრავლესობა მომავალ სამთავრობო კოალიციაში მოზომავს ადგილს ანუ ორიენტირებული იქნება 2020-ში პარლამენტში შეღწევაზე და „ოცნებასთან“ ერთად სამთავრობო კოალიციის ფორმირებაზე. ასეთ ძალას არაერთს ვიხილავთ როგორც „ოცნების“ გარეთ, ასევე _ შიგნით. ბიძინა ივანიშვილს კი ისღა დარჩენია, დააკვირდეს ამ პროცესს და შემდეგ მათი ფასი და მათთან დიალოგის საჭიროება მათი მარგი ქმედების კოეფიციენტით განსაზღვროს. ძალიან ცოტა იქნება ამ პროცესში რეალური ოპოზიცია.
მსგავი ფორმულით იმოქმედებს „ნაციონალური“ ფლანგიც: ასპარეზზე გამოიყვანს მათდამი ლოიალურად განწყობილ ახალ ძალას-ძალებს და მათთან ერთად ეცდება უმრავლესობის მოპოვებას 2020-ში.
_ სასამართლოს, მოსამართლეების თემა ჩავიაროთ. რომ არა სიაში მოხვედრილი ცალკეული ოდიოზური ფიგურა, ხომ ცხადია, პროცესი მშვიდობიანად ჩაივლიდა. ამ დროს არა მხოლოდ პოლიტიკოსები, რომლებიც ამ შემადგენლობის გამო არიან „აღშფოთებულები“, არამედ დაინტერესებული პირები, საზოგადოების წარმომადგენლები ვერ და არ მსჯელობენ სასამართლოს ფილოსოფიაზე _ როგორი უნდა იყოს ის. თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესის პოლიტიკურ შემადგენელს და მეტიც, რას ფიქრობთ სახელმწიფოში სასამართლო ინსტიტუტის არსებობის ფილოსოფიურ ნაწილზე?
_ საოცარი დილემის წინაშე დავდექით: პირველად საქართველოს ისტორიაში კანონი ქმნის სასამართლოს იმგვარი დამოუკიდებლობის მექანიზმს, რომ მასზე ზემოქმედების მოხდენა ვერ შეძლოს ხელისუფლების ვერც ერთმა შტომ და დღეს იძულებულნი ვართ, ამ კანონის შეცვლაზე ვიფიქროთ. მოხდა ის, რომ კანონმა გაუსწრო რეალობას. ეს კანონი და ასეთი სისტემა მორგებულია იმგვარ მოსამართლეებზე, რომლებიც სინდისისა და მორალის კარნახით, კანონისა და სამართლის უზენაესობის პრინციპის მიხედვით მოღვაწეობენ. ჩვენს სასამრთლო სისტემაში კი ასეთი მოსამართლეების კატასტროფული დეფიციტია, ყოველ შემთხვევაში, მათ შორის, ვინც დღეს სასამართლო ხელისუფლების დღის წესრიგს ქმნის, უფრო ზუსტად, თავზე აზის სასამართლო სისტემას. მოსამართლეთა იმ ავბედითი 10-კაციანი სიის ჩავარდნა ბევრს არაფერს ცვლის, რადგან სისტემაში კვალავ დარჩებიან ის მოსამართლეები, რომელთა ყოფნა ამ ხელისუფლების დიაგნოზი და ამ საზოგადების სირცხვილია, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ისინი საფრთხეს წარმოადგენენ თითოეული ჩვენგანისთვის და ჩვენი შვილებისთვის. ამიტომ ვფიქრობ, გამოსავალი უვადოდ დანიშვნების გადავადებაა 2024 წლამდე, რის საშუალებასაც კანონი იძლევა, ხოლო უკვე დანიშნულებისთვის უნდა შემუშვდეს ახალი რეგულაციები, რომელსაც უკუძალა ექნება და რომლის გავლა-დაკმაყოფილებაც მოუწევთ უკვე უვადოდ გამწესებულ მოსამართლეებს. დანარჩენი ყველაფერი თვალებში ნაცრის შეყრა, თავის მოტყუება და ვიღაცებისთვის პოლიტიკური ქულების ჩაწერაა.
_ სახელმწიფო ახალი დღის წესრიგით ცხოვრობს, ყოველ შემთხვევაში, ახალი კონსტიტუცია და წესრიგი გვაქვს. თუმცა ეს გარეგნულად მხოლოდ იმაში იგრძნობა, რომ პრეზიდენტმა ადგილსამყოფელი შეიცვალა. რა თქმა უნდა, იმაშიც, რომ თურმე პრეზიდენტს პოლიტიკური ნება არ უნდა გააჩნდეს. თქვენ რამდენად გრძნობთ ახალ „დღის წესრიგს“ სახელმწიფოში და მოდით, პრეზიდენტის პოლიტიკური ნების ქონა-არქონაზეც ვისაუბროთ ამ კონტექსტში.
_ სალომე ზურაბიშვილი, მგონი, ერთადერთი სრულყოფილად ბედნიერი ადამიანია ამ ქვეყანაში: არაფერზე პასუხისმგებელი „ცარიელი ადგილი“, წლიურად რამდენიმე მილიონიანი ბიუჯეტით. თუმცა არ ვფიქრობ, რომ ის „ცარიელ ადგილად“ საპრეზიდენტო ვადის ბოლომდე დარჩება: მას ექნება ამბიცია, საკუთარი კვოტა ჰქონდეს „ოცნების“ 2020 წლის საპარლამენტო სიაში. და მანამ, სანამ ის ამ ამბიციას დაიკმაყოფილებს, ასე უჩუმრად იარსებებს გადასახადის გადამხდელთა ფულით. მაგრამ 2020-ის შემდეგ ისე მოიქცევა, როგორც ამას პოლიტიკური კონიუნქტურა უკარნახებს და იქით გადაიხრება, საითაც ქარი დაუბერავს.
თუმცა, სალომე ზურაბიშვილის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მგონი, ის ერთადერთი ადამიანია ქართულ პოლიტიკაში, რომელსაც შეუძლია, თუნდაც, პრაგმატული მოსაზრებებით პირად წყენაზე ზემოთ დადგეს და ხელი გაუწოდოს მის ყველაზე მწარე კრიტიკოსებსაც კი. მან ახალი წელი მიულოცა, მგონი იმათაც კი, ვინც მისი კრიტიკის ფლაგმანები იყვნენ დღიდან მისი საპრეზიდენტო განაცხადის გაკეთებისა. თითქოს ხომ არაფერია, მაგრამ თუნდაც ამ სიმბოლური ნაბიჯის გადადგმა, მეტი შორსმჭვრეტელობის გამოჩენა და საკუთარი ბოღმის ჩაცხრობა ვერ შეძლო მანამდე თითქმის ვერც ერთმა პოლიტიკოსმა. კრიტიკოსი კრიტიკოსად დარჩება, მაგრამ ეს სალომე ზურაბიშვილის ძლიერ ნებას წარმოაჩენს.
_ როდესაც პრეზიდენტის პოლიტიკური ნება ვახსენე, აქ გვერდს ვერ ავუვლი პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის, ანუ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ნებასაც. როგორ ფიქრობთ, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი მხოლოდ რელიგიური, კანონიკური ასპექტის მატარებელია? და ასევე გთხოვთ, შეაფასოთ დასახელებული პირების განცხადებები, რომ ისინი თავს იკავებენ იმისგან, რომ უკრაინელ ერს 21-ე საუკუნის უდიდესი გამარჯვება მიულოცონ?
_ ეკლესიას, ამ შემთხვევაში, ხელისუფლება ფარად იფარებს. ფაქტია, რომ ხელისუფლება უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების საკითხს განიხილავს რუსეთის გამოწვევად და ამიტომ არიდებს მას თავს. იმ პირობებში, როცა ევროკავშირის ქვეყნებს თავად ვერ გაუგიათ, რა პოზიცია უნდა ჰქონდეთ რუსეთთან მიმართებით და სანქციების მიუხედავად უმსხვილეს ენერგეტიკულ პროექტებს აგრძელებენ რუსეთთან, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების, რბილად რომ ვთქვათ, ეგზოტიკური პრეზიდენტი, ერთმანეთზე მიყოლებით თმობს მისი წინამორბედების მიერ ათწლეულობით მოპოვებულ პოზიციებს და საქართველოსთვის, რეალურად, არავის სცალია, საქართველოს ხელისუფლების სიფრთხილე შეიძლება ახსნადიც იყოს. მაგრამ, მინიმუმ, იმას მაინც ვიმსახურებთ, რომ მათი რეალური არგუმენტები მოვისმინოთ.
_ როგორც ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ცხადია, რომ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს გლობალურ პრიზმაშიც განიხილავთ. რამდენად არის ეს პროცესი „მესამე რომის“ იდეის დასასრული და რუსეთის იმპერიალისტული გავლენის იდეოლოგიური საფუძვლების შესუსტების საფუძველი?
_ უდავოდ, უკრაინის ეკლესიამ შეძლო ის, რაც ვერ შეძლო ვერავინ მსოფლიოში ბოლო წლების განმავლობაში, ვერც ერთ მინდორზე _ ვერც ეკონომიკურ, ვერც სამხედრო, ვერც პოლიტიკურ: დაამარცხა რუსეთი. მან მოახერხა ის, რაც ვერ მოახერხა უკრაინის არმიამ _ განთავისუფლდა აურაცხელი რუსული აგენტურისგან და მიაღწია საწადელს. როგორ მოახერხა მან ეს _ ეს უნდა იყოს არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც გათვალისწინების საგანი. რა თქმა უნდა, ეს არ მომხდარა საერთაშორისო კონსოლიდირებული ძალისხმევის გარეშე.
მაგრამ ამ გამარჯვების მთავარი გაკვეთილი პირადად ჩემთვის არის შემდეგი: რუსეთთან გამკლავება სურვილისა და მონდომების შემთხვევაში შესაძლებელი და რეალისტურია და თუ მას მასზე ძლიერი ქვეყნებიც ვერ ამარცხებენ სხვადასხვა „ფრონტზე“, არა იმიტომ, რომ არ შეუძლიათ, არამედ იმიტომ, რომ _ არ სურთ! აქედან გამომდინარე, შორსმიმავალ დასკვნებზე ახლა ვერ ვისაუბრებთ, რადგან გაცილებით ვრცელი საუბრის თემაა, თუმცა ძალიან ბევრ რამეს ხსნის ბოლო წლების მსოფლიო პოლიტიკაშიც და საქართველოსთან მიმართებითაც.
_ დავუბრუნდეთ საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ჩვენ ვაკვირდებით პოლიტიკურ რეალობას, რომელშიც ოპოზიცია საერთოდ არ ჩანს. მათი ცალკეული განცხადებები პოლიტიკური პროცესების კატალიზატორი არ არის. მეტიც, ოპოზიცია საექსპერტო ბიუროს დაემსგავსა და მხოლოდ პროცესების შეფასებებით არის დაკავებული. რა ხდება? რატომ პასიურობს ოპოზიცია?
_ იმიტომ, რომ გაიაზრა, მისი აქტივობის დღემდე აპრობირებული ფორმები მოძველდა და ახლა ეძებს საზოგადოების მოტივირების, გამოღვიძებისა და გააქტიურების ახალ გზებს, რაც ასე აუცილებელია. კარგია, თუ მიხვდა, რომ ხმაური ხმაურისთვის და ეთერის უაზროდ შევსება არაფრის მომცემია, სრულიად ახალი მიდგომებია საჭირო. მთავარია, ამ პაუზის შემდეგ რამდენად ინოვაციურები და სიცოცხლისუნარიანები აღმოჩნდებიან ისინი.
_ რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლი მთაწმინდის ოლქში გასამართ არჩევნებს. უკვე იმდენმა კანდიდატმა გამოთქვა სურვილი, რომ შთაბეჭდილება რჩება _ ოპოზიციას არანაირი კოორდინაცია არ აქვს ამ ეტაპზე არჩევნებთან მიმართებით. როგორ შეაფასებდით ამ პროცესს?
_ მთაწმინდის არჩევნები 2020 წლის არჩევნების საინტერესო რეპეტიციაა: ამ არჩევნებში მონაწილეობის წინასწარი განაცხადი ლამის ყველამ გააკეთა, ვისაც საზოგადოებრივი ცნობადობის რესურსი აქვს, ისინი ერთმანეთს წაართმევენ ხმებს პირველ ტურში, თუმცა მეორე ტურში გაერთიანდებიან და ამიტომ, სახელისუფლებო კანდიდატის წაგების შანსი სრულიად რეალურია. სწორედ ასეთი დაქსაქსული გავა ოპოზიცია, დღეს არსებულიც და განსაკუთრებით ახალშექმნილი _ 2020-ის არჩევნებზე.
_ რატომ? რა გაძლევთ ასეთი ვარაუდის საფუძველს?
_ მათ უმრავლესობას შეუსაბამოდ დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ შანსებსა და შესაძლებლობეზე. მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხელისუფლებას გაუჭირდება მაჟორიტარული ოლქების მასობრივად მოგება, განსაკუთრებით იქ, სადაც მეორე ტურში ხელისუფლების საპირწონედ არა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გავა, რადგან მთელი დანარჩენი ოპოზიცია გაერთიანდება მის გარშემო. ასე რომ, თუ ახლად გამოჩენილი პოლიტიკური ჯგუფები მასობრივად არ მიეყიდნენ, ერთი მხრივ, „ოცნებას“, მეორე მხრივ კი „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ 2020-ის პოლიტიკაში საკუთარი ადგილი და ხმა ექნებათ.

არმაზ მეტრეველი