საპატრიარქო ტომოსს კითხულობს… ზურაბიშვილი, _ არ მივულოცავ!

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითხი საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ _ წმინდა სინოდმა, ტომოსის ტექსტის გაცნობამდე დაიყვანა. ანუ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც ტექსტს წაიკითხავენ, შეისწავლიან და დასკვნას დაწერენ, რომელიც შემდგომ სინოდმა უნდა განიხილოს.

ამ დროისთვის ქართულ ენაზე თარგმნილი ტომოსის ორი ვარიანტი არსებობს. ერთი თარგმანი (ეკა დუღაშვილი) ჩავთვალოთ, რომ ოფიციალურია, რომელსაც საპატრიარქოს წარმომადგენლები აზიარებენ და, სავარაუდოდ, სწორედ ამით იხელმძღვანელებენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესის მესვეურები და მეორე დავით ჩიკვაიძის მიერ ნათარგმნი ტექსტია. პრინციპში, მათ შორის რაიმე სახის მნიშვნელოვანი სხვაობა არ არის, რამაც შესაძლოა, შიდა კანონიკური დავა გამოიწვიოს.
რადგან ტომოსის შინაარსი აბსოლუტურად მისაღები გახდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის და უკრაინის სახელმწიფოსთვის, მით უფრო ტომოსის მიხედვით მსოფლიო საპატრიარქომ განსაზღვრა, რა უფლებები უნდა ებოძებინა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ერთგვარად, გაუგებარია, ჩვენ რას ვეძებთ მასში ისეთს, რომ ეჭვის ქვეშ შეგვიძლია დავაყენოთ ტომოსის კანონიკურობა? ვიღაც იტყვის, _ რატომ ეჭვის? სხვაგვარად, ჩვენთან მსოფლიო საპატრიარქოს მიმართ ნდობა რომ არსებობდეს, ეს ტექსტი, – გავეცნობით ტომოსს, _ არც გაჟღერდებოდა. თუმცა იყოს ასე, ვიფიქროთ, რომ საქართველოს საპატრიარქო (მერწმუნეთ, სინოდი არაფერ შუაშია გარდა იმისა, რომ დაჰყვა საპატრიარქოს სამდივნოს მოთხოვნას) გულწრფელია საკუთარ განცხადებაში და მათთან ერთად წავიკითხოთ ტომოსი.

მსოფლიო საპატრიარქოს სინოდური ტომოსი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიურობის შესახებ
ბართლომეოსი
მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა, ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი
„არამედ მოსრულ ხართ თქუენ მთასა სიონსა… და ეკლესიასა პირმშოთასა“ (ებრ.12.22-23). წარმართთა მოციქული ნეტარი პავლე მიმართავს ყველა მორწმუნეს, უჩვენებს მთას ეკლესიის სახედ იმის დასტურად, რომ ის არის მტკიცე, უცვლელი და ურყევი და ერთიანი სამწყსო ქრისტეს სხეულში და ეწოდება მას ქრისტეს ეკლესია, რომელსაც ყველგან აქვს მართლმადიდებლური რწმენის აღმსარებლობა. სული წმინდით საიდუმლოებში ზიარება და უცვლელი მოციქულებრივი მემკვიდრეობა და კანონიკური წესი. ჯერ კიდევ მოციქულთა ეპოქიდან იგი შედგება ადგილობრივი და ცალკეული ქვეყნების ეკლესიებისგან, რომლებიც შინაგანად თვითმართულნი არიან თავიანთი საკუთარი მწყემსებისგან და მასწავლებლებისგან და ქრისტეს სახარების მსახურთაგან, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ყველგან (ყველა ადგილას) იმართება (ეკლესია) ეპისკოპოსებისგან არა მხოლოდ ცალკეული ქვეყნის ან ქალაქის მსოფლიო ისტორიული მნიშვნელობის გამო, არამედ არსებობს მწყემსმთავრობის კონკრეტული საჭიროება.
აქედან გამომდინარე, კეთლმორწმუნე და ღვთივდაცულმა უკრანის ქვეყანამ, ღვთიური განგებულებით განიმტკიცა და განავრცო მოპოვებული სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობა, პოლიტიკურ და საეკლესიო მეთაურთა და მათ გვერდით უკრაინელი ხალხის ოცდაათწლიანი სამართლიანი საეკლესიო თვითმმართველობის მოთხოვნით დროულად მომართა კონსტანტინოპოლის წმინდა სამოციქულო საყდარს, რომელიც მრავალსაუკუნოვანი კანონიკური ტრადიციის მიხედვით მოვალეა, ზრუნავდეს მართლმადიდებლური ეკლესიების საჭიროებებზე. მათგან უმრავლესი კანონიკურად არის დაკავშირებული კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან, როგორც კიევის ისტორიული სამიტროპოლიტო. ჩემ უმდაბლესობას და ჩემთან ერთად ჩვენს წმინდა და პატივცემულ მიტროპოლიტებს, სულიწმინდისმიერ საყვარელ ძმებსა და თანამწირველებს ქრისტეს ეკლესიისა და მართლმადიდებლური სამყაროს წინაშე ჩვენი მოვალეობიდან გამომდინარე, გვინდა განვკურნოთ დიდი ხნის მანძილზე არსებული განხეთქილების (სქიზმა) ჭრილობები ადგილობრივ ეკლესიებში, საერთო აზრით (ერთსულოვნად განვსაზღვრავთ და ვაცხადებთ, რომ ყველა საზღვრით პოლიტიკურად ჩამოყალიბებული და სრულად დამოუკიდებელი უკრაინის სახელმწიფოს შემადგენელი მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა სამიტროპოლიტოებით, მთავარეპისკოპოსებით, ეპისკოპოსებით, მონასტრებით, სამრევლოებით, საეკლესიო ინსტიტუტებით, რომლებსაც მფარველობს უფალი ჩვენი და განკაცებული მაცხოვარი იესო ქრისტე, დამაარსებელი ერთი წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისა, ამიერიდან არის კანონიკურად ავტოკეფალური, დამოუკიდებელი და ავტონომიური, ჰყავს საეკლესიო საქმეებში უპირატესი საჭეთმპყრობელი, კანონიკურად აღიარებული, იგი ატარებს ტიტულს „უნეტარესი მიტროპოლიტი კიევისა და სრულიად უკრაინისა“,
ნებადართული არ არის ამ ტიტულში რაიმე ცვლილების შეტანა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე, _ ეკლესიიის მეთაური არის წმინდა სინოდის თავმჯდომარე, სინოდის მოწვევა მოხდება ყოველწლიურად რიგითობით და მღვდელმთავრთა შორის უპირატესობის მიხედვით, იმ მღვდელმთავართა, რომლებიც მოღვაწეობენ უკრაინის სახელმწიფოს გეოგრაფიულ საზღვრებში. ამრიგად, ამ ქვეყანაში საეკლესიო საქმეთა მართვა, როგორც ამას განაწესებს საღმრთო და წმინდა კანონები, აღსრულდება თავისუფლად და სული წმიდის მიერ შეუფერხებლად, სხვათა ჩარევის გარეშე.
გარდა ამისა, პატრიარქისა და სინოდის ხელმოწერილი ტომოსით ჩვენ ვცნობთ და ვაცხადებთ უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულ ავტოკეფალიურ ეკლესიას ჩვენს სულიერ შვილად (ქალიშვილად) და მოვუწოდებთ მსოფლიო მართლმადიდებლურ ეკლესიებს, ცნონ იგი და ეკლესიად და მოიხსენონ იგი სახელწოდებით „უკრაინის უწმიდესი ეკლესია“, რომელსაც აქვს კათედრა ისტორიულ ქალაქ კიევში. უკრაინის ეკლესიას არ აქვს უფლება, დაადგინოს ეპისკოპოსები ან დააარსოს სამრევლოები ქვეყნის ფარგლებს გარეთ; ამჟამად უკვე არსებული სამრევლოები არსებული განაწესის თანახმად დაექვემდებარებიან მსოფლიო საპატრიარქოს, რომელსაც კანონიკური უფლებამოსილება აქვს დიასპორაში, ხოლო უკრაინის ეკლესიის იურისდიქცია ვრცელდება მხოლოდ უკრაინის სახელმწიფოს საზღვრებში.
ჩვენ გადავცემთ მას ავტოკეფალიურ საეკლესიო მმართველობის პრივილეგიებსა და ყველა სუვერენულ უფლებას, ხოლო მიტროპოლიტი კიევისა და სრულიად უკრაინისა, ღმრთისმსახურების აღსრულებისას მოიხსენებს „ყველა მართლმადიდებელ ეპისკოპოსს“, ხოლო მისი უწმიდესი მღვდელმთავრები კი მოიხსენებენ მას, როგორც უპირატესსა და უკრაინის უწმიდესი ეკლესიის საჭეთმპყრობელს. შიდა საეკლესიო მმართველობის საკითხები განიხილება, განისჯება და განისაზღვრება მხოლოდ წმინდა სინოდის მიერ, რომელიც დაეფუძნება სახარებისეულ და სხვა სწავლებებს, წმინდა გარდამოცემიდან და ჩვენი წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის პატივსაცემ კანონიკურ განჩინებებს, ნიკეის I მსოფლიო კრების მე-6 კანონს, რომლის მიხედვით, „ხოლო თუ გამორჩევა ეპისკოპოსთა მთელი კრების კურთხევით მოხდება და საეკლესიო სამართალთან შესაბამისობაში, მაგრამ ორი ან სამი ეპისკოპოსი, საკუთარი პატივმოყვარეობიდან გამომდინარე ამ გამორჩევას შეეწინააღმდეგება, მაშინ ძალაშია უმეტესობის აზრი. და ამდენად დაცულია ყველა მღვდელმთავრისა და სასულიეროთა უფლება, სააპელაციო თხოვნით მიმართონ მსოფლიო პატრიარქს, რომელსაც აქვს კანონიკური პასუხისმგებლობა, მიიღოს ადგილობრივი ეკლესიების ეპისკოპოსებისა და სასულიერო დასის წარმომადგენელთა უაპელაციო სასამართლო განაჩენები, თანახმად ქალკედონის IV მსოფლიო კრების მე-9 და მე-16 კანონებისა.
გარდა ხსენებულისა, განვმარტავთ, აგრეთვე, რომ უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესია, სხვა კანონიკურ ვალდებულებებთან და პასუხისმგებლობებთან ერთად, ისევე როგორც სხვა პატრიარქები და ეკლესიათა მეთაურები, აღიარებს უწმიდეს სამოციქულო და საპატრიარქო მსოფლიო საყდარს წინამძღოლად, უწინარესად ჩვენი მართლმადიდებელი რწმენის შეურყვნელად დაცვისა და მსოფლიო საპატრიარქოსთან და სხვა ადგილობრივ ეკლესიებთან კანონიკური ერთობისა და თანაზიარების განსამტკიცებლად. ამისათვის კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი, ისევე როგორც უკრაინის უწმიდესი ეკლესიის მღვდელმთავრები, ამიერიდან არჩეულ იქნებიან საღმრთო და უწმიდესი კანონების, აგრეთვე დებულების მოთხოვნათა შესაბამისად, რომელიც ყოველმხრივ უნდა შეესაბამებოდეს ამ საპატრიარქო და სინოდურ ტომოსს. ყველა მღვდელმთავარი უნდა ზრუნავდეს, რომ საღმრთო სიყვარულით დამწყსოს ერი ღმრთისა და უძღოდეს მას ღმერთის მოშიშებით თავის ქვეყანასა და ეკლესიაში მშვიდობისა და თანხმობისაკენ.
თუმცა სულიერი ერთობისა და ღმერთის წმინდა ეკლესიათა შორის კავშირის შეუმცირებლობისთვის (რომ არ შემცირდეს ეს სულიერი კავშირი) სრული, ყოველმხრივი ერთობა უნდა შენარჩუნდეს, რადგან გვესწავლა ჩვენ „ისწრაფდით დამარხვად ერთობასა მას სულისასა საკრველითა მით მშჳდობისაჲთა“ (ეფ. 4:3),
კიევისა და სრულიად უკრაინის ყველა უნეტარესი მიტროპოლიტი, წმინდა მამათა უძველესი ტრადიციის მიხედვით, ვალდებულია მოიხსენოს მსოფლიო პატრიარქი და ადგილობრივ ეკლესიათა უნეტარესი პატრიარქები და მეთაურები კანონიკურად განწესებული დიპტიქის მიხედვით, რომელსაც უწმიდეს დიპტიქებსა და საეკლესიო კრებებზე მიეცა ადგილი ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიის მეთაურის შემდგომ.
ამდენად, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია, თავისი პირველიერარქის ან კანონიკურად დადგენილი კიევის ტახტის მოსაყდრის წარმომადგენლობით, ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საერთო მართლმადიდებლურ კრებებში მნიშვნელოვანი კანონიკური, დოგმატური ან სხვა საკითხების განსახილველად, რომელიც წმინდა მამათა მიერ განჩინებული წმინდა ტრადიციის საფუძველზე დროდადრო იქნება მოწვეული. პირველიერარქი მოვალეა, დააგზავნოს შესაბამისი სამშვიდობო წერილები მსოფლიო პატრიარქის ან სხვა მეთაურთა სახელზე და უფლებამოსილია, ანალოგიური მიიღოს თავადაც, დაიწყოს მშვიდობინი მოგზაურობა კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს პირველსაყდრიდან ჩვეულების მიხედვით, მიიღოს მისგან წმინდა მირონი მასთან სულიერი ერთობის გამოხატვის მიზნით. უმნიშვნელოვანესი საეკლესიო, დოგმატური და კანონიკური ხასიათის საკითხების გადასაწყვეტად კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესმა მიტროპოლიტმა, თავისი ეკლესიის წმინდა სინოდის სახელით, უნდა მომართოს ჩვენს უწმიდეს საპატრიარქო და მსოფლიო საყდარს და ესწრაფოს, მიიღოს მისგან ავტორიტეტული მოსაზრება და დასტური. მსოფლიო საყდრის უფლებამოსილება უკრაინაში საეგზარქოსოსა და სტავროპიგიათა დაფუძნების შესახებ რჩება უცვლელად.
ამდენად, ყველა ამ პირობით, ჩვენი წმინდა, ღმერთის დიდი ეკლესია, აკურთხებს და აცხადებს უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას ავტოკეფალიურად და გულუხვად უბოძებს უკრაინის მიწაზე მყოფ იერარქიას, პატიოსან სამღვდელო დასსა და კეთილმორწმუნე ერს სულიწმიდის ულევი საუნჯიდან საღმრთო ძღვენს, ლოცულობს, რათა უპირველესმა და დიდმა მღვდელმთავარმა იესო ქრისტემ, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა და ყოვლადკურთხეულისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადქალწული მარიამისა, წმიდისა, დიდებულისა და მოციქულთა სწორისა, მთავრისა ვლადიმირისა და წმიდისა დიდებულისა დედოფლისა ოლგასითა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთა, კიევ-პეჩორის ლავრასა და სხვათა მონასტერთა შინა მოღვაწეთა და ბერთა, საუკუნოდ განამტკიცოს ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის წიაღში ჩარიცხული უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესია და მისცეს მას კეთილად დგომა, ერთობა, მშვიდობა და გაძლიერება, სადიდებლად მამისა და ძისა და წმიდისა სულისა.
ამრიგად, გადაწყვეტილი და დამტკიცებული და მართლმადიდებლობის პატივდებული ცენტრიდან სიხარულით განცხადებული თქვენთვის, სინოდზე მიღებული და მუდმივად დასაცავი გაიცემა ეს საპატრიარქო და სინოდური ტომოსი, ქრისტეს დიდი ჩვენი კონსტანტინოპოლის ეკლესიის კოდექსში ჩაწერილი და ხელმოწერილი, ზუსტი და იდენტური ასლით გადაეცემა უკრაინის უწმინდესი ეკლესიის უნეტარეს წინამძღოლს, მიტროპოლიტ ეპიფანეს და მის აღმატებულებას, უკრაინის პრეზიდენტ ბატონ პეტრო პოროშენკოს, საუკუნო მტკიცებად და მუდმივად წარსადგენად.
ორი ათას ცხრამეტი წლის იანვრის თვის 6 რიცხვში, ინდიქტიონი 12.
† მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეოსი, ქრისტე ღმრთისა მიერ განვაჩინე;
† ვრიულის მიტროპოლიტი პანტელეიმონი;
† იტალიისა და მალტის მიტროპოლიტი გენადიოსი;
† გერმანიის მიტროპოლიტი ავგუსტინე;
† ტრანუპოლის მიტროპოლიტი გერმანე;
† ნიუ-ჯერსის მიტროპოლიტი ევანგელიოსი;
† როდოსის მიტორპოლიტი კირილე;
† რეთიმნოსისა და ავლოპოტამის მიტროპოლიტი ევგენიოსი;
† კორეის მიტროპოლიტი ამბროსიოსი;
† სინგაპურის მიტროპოლიტი კონსტანტინე;
† ავსტრიის მიტროპოლიტი არსენიოსი;
† სიმის მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი;
† ჩიკაგოს მიტროპოლიტი ნათანაელი.

ვიმეორებ: ეს ტექსტი სრულიად მისაღებია ორივე მხარისთვის _ მსოფლიო საპატრიარქოსა და „უკრაინის უწმინდესი ეკლესიისთვის“. მაგრამ, როგორც იტყვიან, ქართულ საზოგადოებას სრულიად მართებულად ღრღნის ეჭვი იმის შესახებ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო და სინოდის ცალკეული წევრები (უმეტესობა) ცდილობენ, რუსეთის საამებლად, დროში გაწელონ უკრაინის ეკლესიის აღიარების საკითხი. თან ეს ის თემაა, როდესაც ყველა ერთხმად აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ ისინი ცდებიან თავიანთ ვარაუდებში. ანუ ვინც ეჭვის თვალით უყურებს „ტომოსის გაცნობის“ პროცესს.

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი აცხადებს, რომ სკეპტიკურად არის განწყობილი საპატრიარქოს მიმართ და მისი ამ სკეპტიციზმის მიზეზი სწორედ რომ სხალთელი ეპისკოპოსის შეხედულებების მქონე მღვდელმთავრების უმეტესობაა წმინდა სინოდში:
„სამწუხაროდ, სკეპტიკურად ვარ განწყობილი საქართველოს საპატრიარქოსადმი. არ ველი, რომ უკრაინის ავტოკეფალიას მხარს დაუჭერენ. წლების განმავლობაში საპატრიარქოს პოზიციონირება საერთაშორისო მართლმადიდებლურ ასპარეზზე გვიჩვენებს, მხოლოდ და მხოლოდ, იმას, რომ ის არის რუსეთის იმპერიული მართლმადიდებლობის უერთგულესი სატელიტი. ამის მაგალითებად შემიძლია მოვიყვანო კრეტის კრების ჩაშლის მცდელობა – მსოფლიო პატრიარქის მიერ მოწვეულ მერვე მსოფლიო კრებაზე პირველი იყო საქართველო, რომელმაც გადათქვა კრებაზე წასვლის სურვილი და ობსტრუქცია მოუწყო ამ კრებას; რუსეთის ეკლესიის მხარდაჭერა ევროპის ეკლესიათა კონფერენციაზე და მსოფლიო ეკლესიათა საბჭოზე, სადაც რუსეთის პოზიციის შემდეგ საქართველომ, უბრალოდ, დატოვა ეს ფორუმები; მუდმივი დაპირისპირება კონსტანტინოპოლთან რუსეთის სასარგებლოდ. საქართველოს ეკლესიის მესვეურები ამბობდნენ, რომ კონსტანტინოპოლის მხარდაჭერა იქნება ამერიკელებისა და ვატიკანის პოზიციების გაძლიერების მხარდაჭერა. 2017 წლის 10 ნოემბერს „რუსთავი 2-მა“ გამოაქვეყნა ფარული ჩანაწერი, სადაც პატრიარქთან საუბრობს სამი ეპისკოპოსი და პირდაპირ იყენებს სწორედ ამ არგუმენტაციას, რომ ეს არის ამერიკული პროექტი, პროვატიკანური პოზიცია და ამიტომ უნდა ჩავშალოთო კრეტის კრება. როგორც ჩანს, იმ ეპისკოპოსების რაოდენობა სინოდში, ვისაც ანალოგიური დამოკიდებულება აქვს, უმრავლესობას წარმოადგენს. ასე რომ, ერთი შეხედვით ფრთხილი, მაგრამ უარყოფითი დამოკიდებულებაა გამოხატული უკრაინის ავტოკეფალიისადმი“.
ჯერ უცნობია, რა მიზეზს მოიფიქრებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი „უკრაინის უწმინდესი ეკლესიის“ ავტოკეფალიის აღიარების საკითხის შემდგომი გადადებისთვის ან საერთოდ არაღიარებისთვის. მაგრამ ცხადია, რომ სინოდის, უფრო სწორად, საპატრიარქოს სამდივნოს მიერ მართული მღვდელმთავრების უმეტესობა, პირველ რიგში კი მოსაყდრე შიო მუჯირი, ყველაფერს გააკეთებენ, რომ საკითხი არ გავიდეს. პრინციპში, საქართველოს საღვთისმეტყველო სკოლა ეკლესიის წიაღში იმდენად სუსტია, რომ სათუოა, მათ რაიმე კანონიკური შეცდომა იპოვონ ტომოსში. მაგრამ ისიც ცხადი და ნათელია, რომ რუსი პატრიარქის მსახურთა დიდ რაზმს საქართველოს ეკ-ლესიის წიაღში სწორედ რომ მოსკოვიდან მოაწვდიან „სალდატსკი პრიჩინას“, კრეტაზე წაუსვლელობის არ იყოს, როცა რუსების სათქმელი საქართველოს ეკლესიამ – საპატრიარქომ გააჟღერა. ისე, მაშინ არავინ დალოდებია რიგს დიპტიქის მიხედვით. პრინციპში, ეს პროცესი ასევე ერთგვარი გენერალური რეპეტიციაც კი გახლავთ, სამომავლოდ, მოსაყდრის პატრიარქად აღსაყდრებისთვის. მაგრამ ახლა ამაზე არ ვიმსჯელოთ და არსებულ რეალობას დავუბრუნდეთ. შესაბამისად, ვაღიაროთ ისიც, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილება არანაირად არ უკავშირდება საეკლესიო სიბრძნეს და არც მართლმადიდებელ ოჯახში „ზრდილობიან მოქცევას“ _ ანუ რიგის დალოდებას.
ამ ფონზე სრულიად კატასტროფული აღმოჩნდა საქართველოს საერო ხელისუფლების პოზიცია _ პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ერთი მეორის მიყოლებით განაცხადეს, რომ საკითხი საეკლესიო სფეროს განეკუთვნება და სინოდის ვერდიქტს დაელოდებიან.
საერთოდ შოკის მომგვრელი იყო საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება ამ საკითხზე, რომელმაც ვრცელ და წინააღმდეგობრივ ტექსტში თქვა, _ არ მივულოცავ..!
„ძალიან მარტივი იქნებოდა ჩემთვის ავტოკეფალიის აღდგენის მილოცვა უკრაინელი ხალხისთვის, იმიტომ რომ ეს არის ჩემთვის ძალიან ბუნებრივი ჩვენი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე. მაგრამ დღეს მე, როგორც რიგითი მოქალაქე არ გესაუბრებით, მე ვარ საქართველოს პრეზიდენტი და ამდენად, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს. თუ ვიცით და ვგრძნობთ ამ პასუხისმგებლობას და საქართველოს საპატრიარქო ჩემზე ნაკლებად არ ანიჭებს მნიშვნელობას საქართველოს ავტოკეფალიას, თუ საქართველოს ეკლესია და საპატრიარქო ფრთხილობს რაღაც შედეგების გამო, რომელსაც მე ახლა არ მინდა ხაზი გავუსვა, მაგრამ ყველამ ვიცით, რას ეხება ეს _ არ შეიძლება, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, საპატრიარქოზე მეტი პასუხისმგებლობა ავიღო.
(მილოცვა) ჩემთვის ადვილი იქნებოდა, მაგრამ არ მივულოცავ, იმიტომ, რომ მე არ მიმაჩნია, რომ მაქვს უფლება, ავიღო ეს პასუხისმგებლობა“, _ თქვა ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რანგში თავის პირველ პრესკონფერენციაზე.
ღირს კი ამ ტექსტის დაშლა და ისე განხილვა? ტექსტისა, სადაც ერთ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ პრეზიდენტი არ არის ქვეყნის რიგითი მოქალაქე და იქვე… “არ მივულოცავ იმიტომ, რომ მე არ მიმაჩნია, რომ მაქვს უფლება, ავიღო ეს პასუხისმგებლობა“. ამ პოლიტიკურ აბრაკადაბრასა და სირცხვილს მშვენივრად იფერებს პრეზიდენტიც და ქართველი ხალხი, იმის მიუხედავად, მისცა მან ხმა სალომე ზურაბიშვილს თუ _ არა.
ეკლესიამ ან საერო ხელისუფლებამ ბრალი რომ არ დამდოს საკითხის არასწორად გააზრებაში, ვრცელ ციტატას მოვიტან მიტროპოლიტ გრიგოლის 13 იანვრის ქადაგებიდან: „უკრაინისთვის მისი ეროვნული ეკლესიის არსებობა არ არის მხოლოდ რელიგიური მნიშვნელობის მოვლენა, ისევე როგორც, თავის დროზე, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვება (V ს.) არ გახლდათ მხოლოდ რელიგიური აქტი; და არც ავტოკეფალიის დაკარგვა (1811 წ.) გახლდათ რუსეთის ეკლესიის რელიგიური ახირება; არც უკანონოდ დამცრობილი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა (1917 წ.) გახლდათ მხოლოდ რელიგიური მნიშვნელობის მატარებელი. ჩვენთვის ამას ჰქონდა განუზომლად დიდი ეროვნული და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობაც. არსებითად ასეა ჩვენი დიდი ხნის ერთგული მეგობარი ქვეყნისა და ხალხისთვისაც.
ამიტომ პოლიტიკური ლიდერების მხრიდან მათი უკრაინელი კოლეგებისა და ხალხის მიმართ მილოცვაზე თავის შეკავება, არსებული ისტორიული და პოლიტიკური რეალობის პირობებში, ნამდვილად გულდასაწყვეტია და არ წარმოადგენს განსაკუთრებულ შორსმჭვრეტელურ გადაწყვეტილებას.
ისტორიული გამოცდილება კი ნამდვილად გვკარნახობს და გვაფიქრებინებს, რომ მართლმადიდებლურ სამყაროში მიმდინარეობს ახალი (ანუ მეორე) ცენტრის ჩამოყალიბების პროცესი, ისტორიულად არსებული კანონიკური ცენტრის პარალელურად და საქართველოს ეკლესია თუ აღმოჩნდა ამ „ახალი“ ცენტრის ორბიტაზე, ჩათვალეთ, რომ ქართულ სახელმწიფოსაც სავალალო ბედი ელის! და რა როლი განეკუთვნება მას ახალი ცენტრის რელიგიურ-პოლიტიკურ (და, შესაძლოა ასევე სამხედრო) გაერთიანებაში, ამას დიდი მკითხაობა არ სჭირდება. ამიტომ, ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვისმენთ მოსაზრებას, რომ ეკლესიასთან ერთად იმსჯელებენ ამ საკითხზე, ვხედავთ, რომ ან ვერ აცნობიერებენ საკუთარ ვალდებულებებს კოლეგებისა და მეგობარი სახელმწიფოს მიმართ, ან შეცდომაში არიან შეყვანილნი მცდარად გაგებული რელიგიურობით!
ვფიქრობთ, დადგა დრო, რომ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე საეკლესიო საკითხების ირგვლივ დედა ეკლესიის ეპისკოპატში ჩამოყალიბდეს თემატური ჯგუფები, რომლებიც ღიად და საჯაროდ დაიცავენ პოზიციებს იმ თემებთან მიმართებით, რომელთა ირგვლივაც მოხდება დიდი გაერთიანება. უკრაინაში მიმდინარე პროცესები არაჩვეულებრივ შესაძლებლობას ქმნის იმ ძალების გაერთიანებისთვის, ვისაც საქართველოს მომავალი ცივილიზებული კაცობრიობის ორბიტაზე წარმოუდგენია და იმ ძალთა გასამჟღავნებლად, ვისაც წარსულში დაბრუნების დაუოკებელი ნოსტალგია აწუხებს!!!
უკრაინის თემა ერთ-ერთი სერიოზული წყალგამყოფია წარსულსა და მომავალს შორის; არასწორი ქმედების გამო ადამი და ევა განდევნილნი აღმოჩნდნენ იმ წიაღიდან, რომელ წიაღში ყოფნაც მათთვის ბუნებრივ მდგომარეობას წარმოადგენდა; მსგავსადვე ვიტყვით: თუ შიშმა დაგვიბრმავა თვალი და არასწორ გზას დავადექით, ეჭვგარეშეა, რომ თავისუფალ სამყაროს მოწყვეტილნი აღმოვჩნდებით და დიდი ხნით დასამარდება მრავალი თაობის მიერ ნანატრი თავისუფლებაც და დამოუკიდებლობაც.
იმედი გვაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ იმ სიმაღლეზე დარჩენას, საიდანაც უკეთ დავინახავთ საფრთხეებს, რომლის წინაშეც დგას მსოფლიო და მათ შორის _ საქართველო. ამ მოცემულობაში თავ-თავისი ფუნქციები აქვთ სახელმწიფოსა და ეკლესიას, რომელთა ფუნქციების ერთმანეთში აღრევაც გამოუსწორებელ შედეგს მოიტანს.
იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ჩვენი ეკლესიისა და სახელმწიფოს დამოუკიდებლობის წინაშე არსებულ გამოწვევებს ღირსეულ პასუხს გავცემთ და განსაცდელში არ ჩავაგდებთ ჩვენი ქვეყნის აწმყოსა და მომავალს!“
გვერდს ვერ ავუვლი მოწინააღმდეგეთა მოსაზრებებსაც, რომელშიც თვალნათლივ იკითხება წინააღმდეგობებიც და პრორუსულობაც.
დააკვირდით, რას ამბობს სხალთის ეპისკოპოსი სპირიდონი: „პირველ რიგში ჩვენ პატრიარქ ილია II-ს უნდა გადავუხადოთ უდიდესი მადლობა. რომ არა პატრიარქის ღვაწლი 1990 წელს _ მისი უდიდესი ღვაწლით, ძალით, ლოცვით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ ცნო ჩვენი ავტოკეფალია. ეს იყო პატრიარქის უდიდესი დამსახურება. წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ ეს არ გვქონდეს, რა დღეში ვიქნებოდით. ასევე უდიდესი მადლობა შევწიროთ სოსო ჯუღაშვილს, სტალინს, რომლის ძალისხმევითაც რუსეთის ეკლესიამ ცნო საქართველოს ავტოკეფალია 1943 წელს და აღადგინა ჩვენთან ურთიერთობები“. მგონი, კომენტარი საჭირო არ არის.
თუმცა უნდა აღინიშნოს მეუფე პეტრეს პოზიციაც, რომლის ანალოგიური აქვს დაახლოებით 15-მდე მღვდელმთავარს სინოდის წევრებს შორის:
„არანაირი წონადობა არ აქვს იმ აზრს, რომ ჩვენ არ დავდგეთ სიმართლის მხარეს და 50-მილიონიან ქვეყანას, რომელმაც ათწლეულები იბრძოლა, რომ ჰქონოდა დამოუკიდებელი ავტოკეფალიური ეკლესია და მიაღწია ამას, რომ არ მივულოცოთ და მათი სიხარული არ გავიზიაროთ“.
დაბოლოს, აუცილებელია კიდევ ერთხელ გავახმაუროთ ის საჯარო და შეფარული არგუმენტი, რომლის გამოც „ფრთხილობს“ საპატრიარქო _ აფხაზეთი.
აქაც გვერდით გადავდებ ჩემეულ არგუმენტებს, რომელიც არაერთხელ გამიჟღერებია და საზოგადოებას დეკანოზ ილია ჭიღლაძის მოსაზრებას გავაცნობ, რომელიც სრულიად მოდის უნისონში კანონიკურ სამართალთან და წესებთან:
„რუსეთის ეკლესიის კანონიკურ კომპეტენციას სცდება შესაძლებლობა, სხვა ეკლესიის ნაწილს მიანიჭოს ავტოკეფალია. რუსეთის ეკლესია ოფიციალურად თავად აღიარებს, რომ აფხაზეთის ეპარქია საქართველოს საპატრიარქოს კანონიკური ტერიტორიაა (თუმცა, ამის მიუხედავად, მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ დოკუმენტებსა და მონაცემებში არასდროს უწოდებენ საქართვლოს პატრიარქს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს), შესაბამისად, მათი საპირისპირო ქმედება წინააღმდეგობაში მოვა მათსავე განცხადებებთან. რა თქმა უნდა, რუსულ მხარეს ყოველთვის შეუძლია უკან წაიღოს მისი განცხადებები და ოფიციალურად გაცხადებული სიტყვიერი პოზიციებიც შეცვლოს, ამის დიდი ისტორიული გამოცდილება გვაქვს ქართველებს, მაგრამ საკითხი დგას ამგვარად: ფაქტობრივად რა შეიცვლება ჩვენთვის მათი ოფიციალური პოზიციის ცვლილებით და რამდენად კანონიკური იქნება იგი?!
თუ ვინმეს შეუძლია კანონიკურად აფხაზეთს მიანიჭოს ავტოკეფალია, ესაა საქართველს საპატრიარქოსა და კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს ერთობლივი ქმედება. ამ უკანასკნელს მე-10 საუკუნემდე კანონიკურად ექვემდებარებოდა აფხაზეთი და იქ თავისი ეპარქია ჰქონდა „აბაზგიის სებასტოპოლისის საარქიეპისკოპოსო“ (იხ. ივ. ჯავახიშვილის ქართველი ერის ისტორია, ასევე: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2). შესაბამისად, კონსტანტინოპოლს აქვს ისტორიული საყრდენი თავისი იურისდიქციისთვის აფხაზეთის ტერიტორიაზე, მაგრამ კონსტანტინოპოლს მე-9-10 საუკუნიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც აფხაზეთი ქართული ეკლესიის კანონიკურ იურისდიქციაში გადავიდა, ვიდრე დღემდე, არასოდეს გამოუთქვამს რაიმე პრეტენზია აფხაზეთზე და 1990 წლის ტომოსითაც აღიარა აფხაზეთი, როგორც საქართველოს საპატრიარქოს კანონიკური ნაწილი. 1990 წლის ტომოსით მან საქართველოს საპატრიარქოს კანონიკურ სივრცედ მთელი საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორია აღიარა, საერთაშორისო სამართლით კი აფხაზეთი საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაა, მისი განუყოფელი ნაწილი. ერთადერთი ძალა, რომელიც ამ ჭეშმარიტებას არ აღიარებს, მხოლოდ რუსეთის სახელმწიფო და მისი მარიონეტები არიან. ამდენად, ჩვენთვის, ქართველებისთვის, კონსტანტინოპოლის პრობლემა საერთოდ არ არსებობს. ეს ღიად დაადასტურა არაერთგზის მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა თავის განცხადებებში. საქართველოს ინტერესებისთვის ერთადერთი პრობლემა არის მოსკოვის ხელისუფლება და მის მიერ კონტროლირებული სატელიტები, მათ შორის, მოსკოვის საპატრიარქო. …1993 წლის შემდგომ, მას შემდეგ, რაც რუსეთის მიერ დადგმული სისხლიანი სცენარით აფხაზეთზე საქართველოს სახელმწიფომ და საპატრიარქომ კვლავ დაკარგა კონტროლი, მოსკოვის საპატრიარქომ განაახლა ამბიციები. მართალია, ეპისკოპოსის დადგინება სოხუმში ვეღარ გაბედეს, სამაგიეროდ მღვდლები ბლომად აკურთხეს და დაადგინეს. დღეს აფხაზეთის ეპარქია, პარაქტიკულად, მოსკოვის საპატრიარქოს ადიღე-მაიკოპის ეპარქიის შემადგენილი ნაწილია, საიდანც დგინდებიან მღვდლები, იგზავნება მოსკოვის პატრიარქის მიერ ნაკურთხი მირონი და სალიტურგიო ოდიკები. ამდენად, სადღესოდ მოსკოვის საპატრიარქო დე ფაქტოდ მართავს აფხაზეთის ეპარქიას, ყველა მოქმედ ტაძარში (გარდა ახ. ათონისა) აღევლინება მოსკოვის პატრიარქ კირილეს სახელი. მათივე სამღვდელოების ნამოქმედარია ილორის დიდი ისტორიული ქართული ტაძრის დაზიანება და ქართული კვალის წაშლა-გარუსება. სამომავლოდ კი თუ მოსკოვის საპატრიარქო თავის მტაცებლობას რაიმე ფორმით ოფიციალურ სახელს დაარქმევს, მას ექნება იგივე „სამართლებრივი“ ფასი, რაც პუტინის მიერ აფხაზეთის „სახელმწიფოს“ აღიარებას, ანუ იქნება არაკანონიკური და მსოფლიო საპატრიარქოს მიერ არ აღიარებული. ჩვენ, ქართველები, თუ ვინმესთან ურთიერთობას უნდა ვუფრთხილდებოდეთ, ესაა არა მტერი, არამედ ის ძალები, ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკლესიურად. მათ შორის ერთ-ერთი კი კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო და მის უკან მდგომი პოლიტიკური ძალებია, ანუ მთელი ცივილიზებული სამყარო“.
ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი ეკლესია და აფხაზეთის საკითხით დამფრთხალი და შეშფოთებული ადამიანები უკანა რიცხვით მომხდარი ფაქტით ცდილობენ შეგვაშინონ სამომავლოდ. ანუ, რეალურად, რუსეთის მიერ ოკუპირებული და რუსეთის ეკლესიის მიერ დე ფაქტო მიტაცებულ საქართველოს ტერიტორიებზე მოსალოდნელი პერიპეტიებით აშინებენ ადამიანებს. არადა, ეს ფაქტი უკვე მომხდარია და ვინც ამ ფაქტებით შეშინებულია, 14 დღით კი არა, 26 წლით ჩამორჩა ისტორიას. შესაბამისად, არც უნდა გაგვიკვირდეს, რომ საპატრიარქოში ტომოსს კითხულობენ, ხოლო პრეზიდენტი ასე ღიად და უტიფრად აცხადებს, _ არ მივულოცავ!

კოკა წერეთელი