გია ხუხაშვილი: „ბიძინა ივანიშვილის აშენებულმა „ბაბილონის გოდოლმა“ ნგრევა დაიწყო“

„ქართულ ოცნებაში“ „ძველებსა“ და „ახლებს“ შორის დაპირისპირების ახალმა ტალღამ კიდევ ერთხელ იჩინა თავი. ამჯერად ეკა ბესელია იყო მოვლენების „მთავარი გმირი“, რომელიც, თითქოს, მოსამართლეების თემას სამართლიანად და პრინციპულად დაუპირისპირდა. ეს იყო ის, რაც ზედაპირზე გამოჩნდა, თუმცა პროცესები ბევრად უფრო სიღრმისეულია და მმართველ გუნდში არსებულ კრიზისზე აშკარად მიუთითებს.

რა რესურსები აქვს ბიძინა ივანიშვილს ინსტიტუციებისა და გუნდში წესრიგის აღსადგენად? მან, როგორც ლიდერმა, დაკარგა თუ არა ავტორიტეტი და რამდენად სწორად მოქმედებს ოპოზიცია?

ამ თემებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრა:
_ როგორ შეაფასებთ „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებს? ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება უშუალოდ ეკა ბესელიას მიმართ ნიშნავს თუ არა იმას, რომ ივანიშვილმა წმენდა და სისტემური რეფორმები დაიწყო?
_ „ქართულ ოცნებაში“ სისტემური წინააღმდეგობა მისი დაარსების დღიდანვე ყოველთვის იყო. მოგეხსენებათ, „ოცნება“ საკმაოდ ეკლექტური წარმონაქმნია. იქიდან გამომდინარე, რომ ბიძინა ივანიშვილის შეუვალი ავტორიტეტი „ქართულ ოცნებაში“ პოსტსაარჩევნო პერიოდში, გარკვეულწილად, შეირყა, ის, რაც კულისების ინტრიგებში იყო გამოხატული, ამან ამოხეთქა და შიდა კრიზისი საჯარო გახდა. რაც შეეხება „წმენდას“ და კონკრეტულად ამასთან ბესელიას დაკავშირებას, მე ახლა ჭორაობას არ დავიწყებ ბესელიასადმი ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილს ამ ვითარებაში, გარკვეულწილად, მანევრირება მოუხდა, იმიტომ, რომ ეს არ არის მარტივი საკითხი. გასაგებია, რომ მას, ერთი მხრივ, გარკვეული კომფორტი აქვს, რომ გააგრძელოს საქმე ამ ახალგაზრდების, პირობითად, კობახიძის ჯგუფის მეშვეობით, მაგრამ ეს ახალგაზრდები პარლამენტში უმცირესობაში არიან, ამიტომ მას მანევრების ჩატარება დასჭირდება. ეს არ არის ბესელიას პრობლემა, ეს უფრო სისტემური ხასიათისაა. ბესელიას საკითხის გადაწყვეტა კი ამ პრობლემას ვერ მოხსნის.
_ თუ ეს პრობლემა ბესელიას საკითხის მოგვარებით ვერ გადაწყდება, მაშინ როგორ შეიძლება იმის დაბალანსება, რომ კობახიძის გუნდს, უმცირესობაში ყოფნის მიუხედავად მაინც, უპირატესობა ჰქონდეს?
_ ვფიქრობ, რომ ის ეცდება ამ ვითარების შენარჩუნებას, თუმცა რეალობა ამის საშუალებას არ მისცემს. იქიდან გამომდინარე, რომ „ძველების“ დიდი ნაწილი ბიძინა ივანიშვილზეა ორიენტირებული, მას შეუძლია, გარკვეულწილად, დროებით შეინარჩუნოს ეს ფასადური ერთიანობა. ამავდროულად, ბიძინა ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ ეს დროებითი გადაწყვეტილება იქნება შემდეგ კრიზისამდე, ხოლო მომდევნო კრიზისი ბევრად უფრო ხმაურიანი იქნება და მართვა საერთოდ გაუჭირდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ივანიშვილს ურჩევნია, გადაჯგუფება ახლავე გააკეთოს, ანუ ძალის ცენტრები გადააჯგუფოს. ე. ი. პარლამენტის მართვის უნიტარული სისტემიდან უფრო მულტიცენტრისტულ მართვაზე გადავიდეს და ანგარიში გაუწიოს სხვადასხვა დაჯგუფების აზრს. ეს ყველაფერი ჰორიზონტალურ მართვაზე უნდა გადაიყვანოს. მიმაჩნია, რომ ეს უნივერსალური არა, მაგრამ კობახიძის ინსტრუქციებით პარლამენტის მართვისგან შედარებით, უკეთესი გადაწყვეტილება ნამდვილად იქნება.
_ უკვე საკმაოდ დიდი ხანია, აქტიურად მიმდინარეობს საუბარი „ძველებსა“ და „ახლებს“ შორის. როგორ ფიქრობთ, პოლიტიკური თვალსაზრისით რა განსხვავებაა მათ შორის და რომელს რა უპირატესობები აქვს?
_ „ახლებს“ ჩვენ ვეძახით ადამიანებს, რომლებიც არსაიდან ნულოვანი პოლიტიკური გამოცდილებითა და მხოლოდ ამბიციებით მოვიდნენ. მათ არც ფასეულობათა სისტემა ჰქონიათ და ერთი დღეც კი არ უბრძოლიათ. რეალურად, „სისხლიანი 9 წლის“ რიტორიკას კი აწარმოებენ, მაგრამ იმ 9 წლის განმავლობაში ამ ადამიანების ნაწილი ბუჩქებში იყო, ნაწილი კი _ რეჟიმს ემსახურებოდა. შესაბამისად, პოლიტიკური გამოცდილება არ აქვთ. ზოგადად, უბიოგრაფიო ადამიანის პოლიტიკაში მოყვანა ძალიან სახიფათოა იმიტომ, რომ ასეთ ადამიანებს წითელი ხაზები არ აქვთ. ისინი ნებისმიერ განუკითხაობაზე არიან წამსვლელები. მათ არც მორალური და ფასეულობითი სტანდარტები გააჩნიათ, ასევე, არ აქვთ პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება. ეს არის მათი ძირითადი მინუსი. მე მათ თავიანთ დარგებში არ ვუწუნებ არც კვალიფიკაციას, არც პროფესიონალიზმს მანამდე, სადაც მუშაობდნენ და რასაც აკეთებდნენ. თავიანთი საქმე, ალბათ, კარგად იციან, მაგრამ სანამ სახელმწიფო მოღვაწე გახდები, მანამ ერთი ფუთი მარილი უნდა შეჭამო. ეს ადამიანები კი ისე „მოჯდნენ“ თანამდებობებზე, რომ ერთი ფუთი კი არა, ერთი გრამი მარილი არ ჰქონდათ ნაჭამი. მათზე სახელმწიფო მმართველობის მინდობა კი, რბილად რომ ვთქვათ, უპასუხისმგებლობაა.
_ საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივედით, რომ ამ ადამიანებისთვის სახელმწიფოს მართვის მინდობა თავიდანვე არასწორი იყო. როგორ ფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება რამ განაპირობა, ივანიშვილმა თავის დროზე მიზანმიმართულად გადადგა ეს ნაბიჯი?
_ ბიძინა ივანიშვილი, ალბათ, ფიქრობდა, რომ ისეთ ადამიანებთან ერჩივნა ურთიერთობა, რომლებსაც პროფესიული გარკვეული კვალიფიკაცია ჰქონდათ და რომლებთანაც მას არანაირი ვალდებულებები არ გააჩნდა. მისი მმართველობის მთელი ნარატივი დამყარებულია იმაზე, რომ ყველას მისი ვალი აქვს, მას კი _ არავისი. „ძველებს“ კი შეიძლება მცირე, თუმცა პროცესიდან გამომდინარე გარკვეული დამსახურება მაინც ჰქონდათ. ბიძინა ივანიშვილს საკონტროლო პაკეტი ეჭირა, თუმცა „ძველებსაც“ გამარჯვებაში რაღაც მონაწილეობა მაინც ჰქონდათ მიღებული. ამიტომ ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ კომუნიკაციაში ისეთ ადამიანებთან გრძნობდა თავს კომფორტულად, რომლებსაც არანაირ დამსახურებაზე პრეტენზია არ ექნებოდათ და უბრალოდ დავალების შესრულების რეჟიმში იქნებოდნენ. ალბათ, ეს იყო მისი გათვლა, რაც, ჩემი აზრით, მცდარი გათვლა იყო, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებს დამსახურებაზე შეიძლება პრეტენზია არ ჰქონდეთ, მაგრამ, როგორც ირკვევა, ამბიციები ნამდვილად აქვთ. მე იმის სიმპტომებსაც კი ვხედავ, რომ მათ საკუთარი პოლიტიკური თამაშების სურვილიც კი აქვთ, მათ შორის, ჯერჯერობით, ბიძინა ივანიშვილის კარზეც. ასე რომ, მისი მენეჯმენტის მართვის ალგორითმი თავიდანვე მცდარ მოცემულობას ემყარებოდა და ის დღეს ამის შედეგებს იმკის.
_ როგორც აღმოჩნდა, მენეჯმენტი ბიძინა ივანიშვილის ძლიერი მხარე ნამდვილად არ ყოფილა, ამ მოცემულობაში მას რა გამოსავალი აქვს?
_ პრობლემები ძალიან ბევრია, ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილმა ერთგვარი „ბაბილონის გოდოლი“ ააშენა, რომელმაც ახლა ნგრევა დაიწყო და ჩვენ გვაქვს მონოლოგების კაკაფონია: არავის არავისი ესმის, არავინ არავის უთანხმდება და, ფაქტობრივად, მთელი სახელმწიფო აბსოლუტურად დაქუცმაცებულ დაჯგუფებებად იქცა და სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის არანაირი ნიშანიც კი არ არის. ამ კუთხით დეგრადაცია განვიცადეთ და ეს ნგრევის პროცესი საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, ამ ყველაფრის შეჩერების შანსი რომ გაჩნდეს, რაღაც ახლის მშენებლობა უნდა დაიწყოს. ჩემი აზრით, არსებულის შენარჩუნებაზე ზრუნვა შეცდომა იქნება, რადგან იმდენად მახინჯი კონსტრუქციაა, რომ დროებით რომც შეინარჩუნო, ბოლოს მაინც დაინგრევა. აქედან გამომდინარე, პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, უნდა აღდგეს ინსტიტუციური წესრიგი. პირველი ნაბიჯი ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრის სავარძელში დაბრუნება უნდა იყოს. იქიდან გამომდინარე, რომ რაც ამ ქვეყანაში ხდება, ყველაფერზე პასუხისმგებლობა საზოგადოების აღქმით სწორედ მასზეა, ძალისა და ინსტიტუციური ცენტრი ერთმანეთან თანხვედრაში უნდა მოვიდეს. ამ საფუძველზე კი რაღაც ახლის მშენებლობა უნდა დაიწყოს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მან მენეჯმენტი არ იცის, უბრალოდ, მან არასწორ საძირკველზე დაიწყო მშენებლობა და ამის გამო შეექმნა ეს პრობლემები. მე მას კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ტაქტიკური მართვის საკმაოდ კარგი რესურსი აქვს. იმისთვის, რომ ივანიშვილმა ახლა სწორი შენობა ააშენოს, საძირკველში თვითონ უნდა ჩაჯდეს. ეს ჩაჯდომა კი მისი გაპრემიერებაა. მას ამ სიტუაციიდან შედარებით უფრო რბილი გამოსავალი ჰქონდა, რომ პრეზიდენტად თავად ეყარა კენჭი. მე მას ვთავაზობდი კიდეც ამას, ეს მისთვის ძალიან კომფორტული გამოსავალი იქნებოდა, მაგრამ მან ეს არ მოინდომა და ახლა ისტორია სხვა გზას არ უტოვებს. ერთადერთი მას შეუძლია, დაბრუნდეს პრემიერ-მინისტრის სავარძელში და ამ პოზიციიდან ინსტიტუციური წესრიგის აღდგენის ბაზაზე დაიწყოს სახელისუფლებო სისტემის მშენებლობა. სხვა გამოსავალს, სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ.
_ თუ ის კულისებიდან მართვით ვერ ახერხებს ინსტიტუციური წესრიგის აღდგენას, რა გარანტია გვაქვს, რომ ოფიციალურად პრემიერის სტატუსით მოახერხებს ამ სისტემური პრობლემების მოგვარებას?
_ საქმე ის გახლავთ, რომ დისტანციაზე მართვა შეუძლებელია. მე შორს ვარ იმ მოსაზრებისგან, რომ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი აკეთებს და ყველაფერზე ის არის პასუხისმგებელი. ეს საზოგადოებაშია ასეთი აღქმა, თორემ, სინამდვილეში, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ დისტანცირება მოახდინოს. როდესაც ძალისა და ინსტიტუციური ცენტრი ერთმანეთისგანაა აცდენილი, სისტემა ეფექტიანობას კარგავს, რადგან ვინ რაზეა პასუხისმგებელი, გაუგებარია. თუ პრემიერ-მინისტრი არ არის აღქმული პრემიერ-მინისტრად და ის ვერ იღებს გადაწყვეტილებებს ან იღებს, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს, ასეთ დროს სისტემა, ანუ სახელმწიფოებრივი მანქანა არ მუშაობს. შეიძლება გვყავს კარგი მანქანა, მაგრამ იქიდან ძრავი არის ამოღებული და სადღაც გვერდით დევს, ძრავი ცალკე მუშაობს, მაგრამ მანქანა ვერ მიდის. მანქანაში ძრავი უნდა ჩავდგათ, რომ მანქანა ამუშავდეს. სწორედ ამ ფორმულაზე ვსაუბრობ. რა თქმა უნდა, შეცდომებიც იქნება, რბილად რომ ვთქვათ, უშეცდომო ბიძინა ივანიშვილიც არ არის, მაგრამ თუ ის ამ სავარძელში დაბრუნდა, სისტემა ეფექტიანობას შეიძენს. ეს ყველაფრის კარგად განვითარების გარანტია არ არის, მაგრამ მანქანა ამუშავდება. რის შემდეგაც ვნახავთ, საით წავა და ეს უკვე ცალკე საკითხია. თუმცა ამუშავდება მაინც, დღეს საერთოდ არ მუშაობს. უდიდესი ტრაგედია მოხდა დიდ დიღომში გაზის აფეთქებისას და ყველა ხელს იბანს, ყველა ამბობს, რომ პასუხისმგებელი არაფერზე არიან. თითის გაშვერა ერთმანეთისკენაც კი არ ხდება, ყველა ამბობს, რომ „მე არაფერ შუაში ვარო“. ყველაფერზე ასე არიან, პასუხისმგებლობის განცდა არ აქვთ. ნებისმიერი სისტემა ასე მუშაობს, გადაწყვეტილების მიღების პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება: გადაწყვეტილების ფორმირება, მიღება, ამ გადაწყვეტილების გატარება და შესაბამისად პასუხისმგებლობის აღება. ეს ჯაჭვი ქვეყნისა თუ ნებისმიერი სისტემის სამართვად უბრალოდ დღეს არ არსებობს. ვინ იღებს გადაწყვეტილებას, ვინ არის პასუხისმგებელი, აბსოლუტურად გაუგებარია. ქალაქის მერი ამბობს, რომ ის კანონი, რომლის გამოც პრობლემა შეიქმნა, თურმე, „ნაცების“ დროს არის მიღებული. თუ მაშინ არის მიღებული, 6 წელია, მანდ რომ ზიხარ და მერამდენე წელია, მერი ხარ. თუ იცი, რომ ეს კანონი ცუდია, რატომ არ შეცვალე?! სისტემა ისეა მომართული, რომ პარაზიტირებას და რაც ამ ქვეყანაში ხდება, იმაზე პასუხისმგებლობას არ იღებს. ყველას სავარძელში ჯდომა უნდა, პასუხისმგებლობის აღება კი _ არავის. უპასუხისმგებლობის განცდის ვითარება არასწორმა, მახინჯმა კონსტრუქციამ შექმნა. როდესაც დისტანციური მართვის პულტით უნდა ვიღაცას ქვეყნის მართვა. ეს ასე არ ხდება, დისტანციურად ქვეყანა არ იმართება.
_ ივანიშვილი მუდმივად აღნიშნავს, რომ პოლიტიკური თანამდებობა მისთვის არ არის კომფორტული და საინტერესო, მან ერთხელ უკვე დათმო პრემიერ-მინისტრის სავარძელი. ამ ფონზე რამდენად რეალურია მისი დაბრუნება?
_ ბიძინა ივანიშვილი დაინტერესებული არ არის საჯარო პოლიტიკური მოღვაწეობით, თუმცა მას პოლიტიკა რომ არ აინტერესებდეს, აქამდე პროცესს მთლიანად დაშორებული იქნებოდა, მაგრამ რადგან ეს არ ხდება, ნიშნავს, რომ ის პოლიტიკით არის დაინტერესებული, თუმცა თავისი ინტერესის ფორმალიზება არ უნდა. რაც შეეხება თქვენს კითხვას, მე თვითონაც სკეპტიკურად ვუყურებ პროცესების ასეთ განვითარებას და არ მაქვს დიდი იმედი, რომ ის თავისი როლის ფორმალიზებას მოახდენს, თუმცა ჩემი მოვალეობაა, რომ გამოსავალი შევთავაზო. ჩემთვის ივანიშვილის მომავალი სულერთი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დღეს მასთან ყოველდღიური კომუნიკაცია არ მქონდეს, გარკვეული სენტიმენტები მის მიმართ მაქვს. მე ვხედავ საფრთხეს პირადად მისთვისაც და მკურნალობის მეთოდს ვთავაზობ. ის ამ მეთოდს მიიღებს თუ არა, ეს მისი გადასაწყვეტია. მე, როგორც პირობითი ექიმი, ვალდებული ვარ, რომ წამალი გამოვწერო. ავადმყოფი წამალს მიიღებს თუ არა ეს მისი გადასაწყვეტია.
_ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს განცდა აქვს, რომ ოპოზიციამ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სათანადოდ ვერ იმოქმედა. გაუშვა თუ არა ოპოზიციამ შანსი ხელიდან?
_ დღეს იმის ვითარება არ იყო, რომ ოპოზიციას თამასა აეწია და დიდ სახელმწიფოებრივ პროცესში გადაეზარდა. ქვეყანაში არ არის რევოლუციური სიტუაცია, შესაბამისად, თამასის კიდევ უფრო ზემოთ აწევა შედეგის მომტანი არ იქნება, უბრალოდ, ამ ყველაფერზე მოუწევდათ კიდევ უფრო დიდი რესურსის დახარჯვა და შესაძლოა, უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილიყვნენ. გარდა ამისა, ასეთი „ომის“ შემდეგ ყველა გადაღლილია და ესეც იგრძნობა, რომ ე. წ. გაერთიანებული ოპოზიცია დღეს სტრესულ ვითარებაშია, მაგრამ ვიღაცას არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ყველაფერი მორჩა. ეს ასე არ არის. ხელისუფლებას დღეს ძალიან დიდი პრობლემა აქვს, ფაქტია, რომ ხელისუფლებას ეს არჩევნები საკუთარი ამომრჩევლის ხარჯზე არ მოუგია. სხვისი ამომრჩევლისა და ანტი არჩევანის ხარჯზე მოიგო. მას არ აქვს დალხენილი ცხოვრება და ვფიქრობ, ოპოზიცია სწორად იქცევა, როცა გარკვეული პაუზა უჭირავს. ჯერ ერთი, ჭრილობებს მოშუშება, რესურსებს აღდგენა და გრძელვადიან თამაშში გადაყვანა სჭირდება. ფაქტობრივად, რევოლუცია შეუძლებელია, არჩევნებამდე კი 2 წელია.
_ ვადამდელი არჩევნებიც არარეალურია ამ ფონზე?
_ ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია იმიტომ, რომ ძალიან ხელოვნური მგონია ვადამდელი არჩევნების ინიცირების თემა. ვერაფერს გამოვრიცხავ, რადგან თვითონ ხელისუფლებაში იგრძნობა ძალიან სერიოზული სუიციდური მიდრეკილებები, თითქოს თვითონ აჩქარებენ ამ პროცესს, ანუ ყველა თავისი ნაბიჯით ინტენსიურად ჭრიან იმ ტოტს, რომელზედაც სხედან. მხოლოდ მოსამართლეების თემა რად ღირს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. იმ ადამიანებს, რომლებმაც ხელისუფლებას ბოლო შანსი მისცეს, ამ თემით საბოლოოდ გაუცრუეს იმედი და „გადაგდების“ განცდა გაუჩინეს, ანუ თვითონ „იჩალიჩებენ“. კიდევ რა მაზოხისტურ ნაბიჯებს გადადგამს „ქართული ოცნება“, ამის პროგნოზირებას ვერ დავიწყებ. ვადამდელს არ გამოვრიცხავ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია.
_ თქვენ ახსენეთ, რომ იმ ტოტს ჭრიან, რომელზედაც სხედან, ამასობაში შესაძლებელია თუ არა, რაღაც ნაწილმა ეს ვითარება გაიაზროს, გამოეყოს „ოცნებას“ და ცალკე პოლიტიკური ძალა შექმნას?
_ არ მგონია, რომ ასე შეიძლება მოხდეს. „ქართული ოცნება“ საკმაოდ „პატარა“ ადამიანების გაერთიანებაა. „ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკური ლიდერების გენერაცია არ მომხდარა, ანუ ისეთი ადამიანების, რომლებსაც დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის უნარები აქვთ. ეს უნარები არავის გამოუმუშავებია, აქედან გამომდინარე, მე ეს რეალურად არ მიმაჩნია. „ოცნებაში“ მათი პოლიტიკა შემოიფარგლება იმით, რომ ბიძინა ივანიშვილის კარზე, ანუ მკვებავ სხეულზე ვინ უფრო მეტად მიუახლოვდება არტერიას. ამის მიღმა მათი ფანტაზია ვერ მიდის და ვერც წავა. ძირითადად ეს მოძრაობები იმისთვის მიდის, რომ ივანიშვილის კარზე პოზიციები ან გააძლიერონ, ან შეინარჩუნონ. ბესელია ახსენეთ, რომელმაც პრესკონფერენცია დანიშნა, რა დროსაც გაგვიჩნდა მოლოდინი, რომ რაღაც პოლიტიკური პროცესის დასაწყისი იქნებოდა, თუმცა მან ზუსტად ის გაიმეორა, რაზეც წინა დღეებში საუბრობდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ის ჩვენ კი არა, ბიძინა ივანიშვილს ელაპარაკებოდა. ის მზად არის, რომ გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ძალიან ტკბილად გააგრძელოს არსებობა და ცხოვრება. სწორედ ეს არის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების პოლიტიკური მოღვაწეობის მაქსიმუმი, რომ ივანიშვილის ვერტიკალში იმოქმედონ.
_ ბესელიას განცხადებების დროს საზოგადოებაში გაჩნდა განცდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ავტორიტეტი დაკარგა, რამდენად საფუძვლიანი იყო ეს განცდა?
_ გეთანხმებით, ბიძინა ივანიშვილმა ავტორიტეტი დაკარგა, ადრე ამასაც ვერ გაბედავდნენ. ბიძინა ივანიშვილი დღეს კლასიკური გაგებით ლიდერი აღარ არის. ადრე ამ ტიპის ფეხების ბაკუნსაც ვერ გაბედავდნენ, თვლიდნენ, რომ რესურსების გარდა ივანიშვილს ავტორიტეტიც ჰქონდა. მის სიტყვას მეტი სიმძიმე ჰქონდა. დღეს უკვე მის ავტორიტეტთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები დასვეს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი ძალის ცენტრია და ნებისმიერი სიკეთის მიღება მისგან შეუძლიათ, აბსოლუტური ერთიანობის ფორმულა ამაზე დგას. გარდა ამისა, რომც წავიდნენ, სად უნდა წავიდნენ და რა უნდა გააკეთონ?!
_ მოსალოდნელია თუ არა, რომ ეს პროცესი უფრო შორს წავიდეს და უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მეტად „გაუბედონ“ ბიძინა ივანიშვილს გუნდის წევრებმა ფეხების ბაკუნი?
_ ეს პროცესი აუცილებლად წავა კიდევ უფრო შორს, თუ ბიძინა ივანიშვილმა არ მიიღო ზომები, თუ მან არ დაიწყო სისტემური გადაჯგუფება და არა ისე, რომ ერთი კაცი გაუშვას და მეორე მოიყვანოს. პარტიული წესრიგისა თუ სახელმწიფოებრივი პროცესის გასაჯანსაღებლად აუცილებელია ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრის სავარძელში ჩაჯდომა. სხვა ფორმულას, რაც მას დეგრადაციის პროცესის შესაჩერებელ შანსს მისცემს, ვერ ვხედავ.

ნენე ინჯგია