მურუსიძე და აზდაკი

2012 წლის მაისში ევროპის ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების მაშინდელი გენერალური მდივანი ერიკ ნულენი და დიდი ბრიტანეთის ნაციონალური საინფორმაციო სააგენტო „THE PRESS ASSOCIATION LIMITED“-ის შეფი კლივ მარშალი მესტუმრნენ. კონკრეტული დღის წესრიგი ჰქონდათ, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს.

მახსოვს, იმ პერიოდში როგორ ვერ მოვახერხე, შეხვედრაზე დამეყოლიებინა „ქართული ოცნების“ ლიდერშიპი, შესაბამისად, გავაუქმე ყველა შეხვედრა, მათ შორის, საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობასთან, რათა ამ შეხვედრების ინტერპრეტირების შესაძლებლობა არ მიმეცა არავისთვის.
მორიგი შეხვედრებით დატვირთული, დღის ბოლოს, ვახშამზე კლივ მარშლმა მითხრა:
_ ცოტა არ იყოს, უცნაური ხალხი ხართ ქართველები ან მე ვერ ვიგებ რაღაცას სწორად.
დაკონკრეტება ვთხოვე და მომიგო:
_ წუწუნებთ ადამიანის უფლებებზე, მედიის თავისუფლებაზე, საკუთრების თავისუფლებაზე და როგორც ვხვდები, გამოსავალს ეძებთ არჩევნებში, პოლიტიკური ძალების ცვლილებებში. თევზის დაჭერას კუდით ცდილობთ.
ვკითხე, რა მიაჩნდა გამოსავლად? არც კი დაფიქრებულა, ისე მიპასუხა:
_ სასამართლო! დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო შექმენით!
ამის შემდეგ კარგა ხანი ვფიქრობდი ამ სიტყვებზე და როცა მის ჭეშმარიტებაში დავრწმუნდი, ვაღიარებ _ წამომაწითლა. როგორ ვერ მივხვდი ამ ბანალურ ჭეშმარიტებას, ძალიან მარტივს, მაგრამ სახელმწიფოს არსებობის უმთავრეს გარანტიას, დემოკრატიის უპირველეს ქვაკუთხედს.
დიახ, დამოუკიდებელი სასამართლო არის ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლების, ქონების ხელშეუხებლობის, დისკრიმინაციის დაძლევის, ნებისმიერი კონფლიქტის, პრობლემის, დავის, გაუგებრობის გადაწყვეტის ადგილი.
სასამართლო და მოსამართლე _ როგორც არბიტრი, მსაჯული _ პირუთვნელი, მკაცრი, კანონის მორჩილი და აზდაკის მორალით აღსავსე.
სხვათა შორის, ისიც კარგად მახსოვს, რომ რამდენიმე წლის წინ, ვიდრე კლივ მარშალისგან ზემოთ მოყვანილ სიტყვებს მოვისმენდი, ასეთი იდეა გავაჟღერე _ საქართველოს ყველა ქალაქში გავაშენოთ „აზდაკის სახელობის ბაღი, პარკი, სკვერი“. როგორც მისი ანდერძის აღსრულების ნების დადასტურება და ჩვენი ვალდებულება მომავალი თაობის წინაშე, ცხოვრების პრინციპის ერთგვარი კონსტიტუცია, რომ ნებისმერ ვითარებაში ვიქნებით სამართლიანნი და კანონმორჩილნი. სწორი მენეჯმენტის პირობებში ადვილი შესაძლებელი იქნებოდა ამ „ბაღის, პარკის, სკვერის“ კარგად _ თემატურად ფუნქციონირება. ყოველ შემთხვევაში იმის შანსი მაინც შემცირდებოდა, რომ მოსამართლის სახედ რომელიმე ეპოქაში „მურუსიძე“ გვეყოლებოდა.

***
ცხელი პოლიტიკური ზამთარი სულაც არ არის ისეთი ცხელი, რომ ქართული საზოგადოება ამ გააზრებამდე მივიდეს და თევზი კვლავ კუდით არ დაიჭიროს. სამწუხაროა, რომ ამ პოლიტიკურ კაკაფონიაში მიქაუტაძის „ჯიბის სია“ და პერსონები პირველხარისხოვანია. რეალური პრობლემა კი სწორედ ის გახლავთ, როგორ უნდა მივიდეთ იმ მიზნამდე, რომლის შედეგიც სასამართლოში იქნება აზდაკი და არა მურუსიძე.
არადა, ლამის „ერთსულოვნად აღშფოთებული“ პარლამენტისა და პოლიტიკური სპექტრის რეაქცია ხომ სწორედ მურუსიძე-ჩინჩალაძემ გამოიწვია და არა იმ მოდელმა, როგორადაც აქამდე მოვედით.
„ერთსულოვნად აღშფოთებულთა“ შორის დაპირისპირებაზე საერთოდ არ ღირს საუბარი, რადგან რეალურად არც ერთი მხარეა ამ აღშფოთებაში გულწრფელი და არც _ მეორე. მით უფრო სასაცილოა ამ მხარეების მიერ „გუნდურობაზე“ საუბარი, როდესაც რეალურად გუნდრუკობასთან გვაქვს საქმე ერთი ჯგუფისგან მურუსიძის მიმართ მეორის მხრიდან კარგა ხნის წინ დავიწყებულ და არაერთხელ გათელილ სამართლიანობაზე აპელირებით. ისე, დავაში ჩართულ სრულიად არაპატივსაცემ პოლიტიკოსებს შევახსენებ, რომ ისინი საქართველოს პარლამენტში ნაკრებს ან გუნდს და მწვრთნელს კი არ წარმოადგენენ, არამედ საქართველოს მოსახლეობას. თუ ასე მოსწონთ გუნდი და გუნდური თამაში, იქნებ, ბატონ ლევან კობიაშვილს მაინც დაეკითხონ, თუნდაც გუნდში რა მნიშვნელობა აქვს ინდივიდუალიზმს. და, ზოგადად, ფეოლასი არ იყოს, _ დაცვას მიხედეთ, დაცვას.
ყველაზე სასაცილო, სატირალი რომ არა, უმრავლესობის ცალკეული წარმომადგენლის განცხადება იყო, რომ, თურმე, მიქაუტაძის „ჯიბის სიას“ „არანაირი ახსნა-განმარტება, დასაბუთება ან კანდიდატთა ბიოგრაფიაც კი არ ახლავს“. იმაზე კი არ დაობენ და მსჯელობენ, „როგორ მოხვდი მანდა?“, თითქოს ესენიც ბავშვობიდან „აქა ვზივარ“ უპასუხებენ, არამედ ბიოგრაფიით უნდა შეიცნონ, არის თუ არა ესა თუ ის კანდიდატი უზენაეს სასამართლოში გამწესების ღირსი. იმაზე კი არ მიდის საუბარი, რომ კონკრეტულ მოსამართლეს გამოქვეყნებული აქვს სასამართლოს რეფორმირების კონცეფცია, სამეცნიერო დონეზე აქვს განხილული ცალკეული საქმეები, პრეცედენტები, სახელმძღვანელოს რანგში აქვს აყვანილი მის მიერ გამოტანილი განჩინების დასაბუთება ან კიდევ _ სამართლისა და სასამართლოს კონცეპტუალური გააზრება აქვს. იმაზე კი არ ფიქრობენ, ვინ უკეთესი მოსამართლე-ფილოსოფოსია, არამედ CV უნდათ. და ყველაზე მთავარი _ პარლამენტარებსა და არა მხოლოდ მათ საერთოდ არ გააჩნიათ სასამართლოს, როგორც სახელმწიფოს არსებობის ფუნდამენტისა გააზრების ფილოსოფიური და პოლიტიკური ხედვა.
და მაინც, ვერ გავექცევი კითხვებს: იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ და მისმა თანამოაზრეებმა, „აღშფოთებულმა პოლიტიკოსებმა“, უმრავლესობამ, უმცირესობამ, ჰიპერაქტიურმა და საყველაფრო ენ-ჯე-ოებმა მიქაუტაძის „ჯიბის სიის“ წარმოდგენამდე იცოდნენ თუ არა იუსტიციის საბჭოს უფლებამოსილებების შესახებ რამე? ან ახლა იაზრებენ თუ არა იმას, რომ რეალურად (მორალურ ასპექტებზე არაფერს ვამბობ) იუსტიციის საბჭოს კანონი არ დაურღვევია? განა, იმავე ბესელიასა და ამ აღშფოთებულების „ნებართვით“ არ ხდება, რომ იუსტიციის საბჭოს არანაირი ვალდებულება არ აქვს, ბესელიას, თალაკვაძეს, პაპუაშვილსა და ნებისმიერ სხვა პერსონას რამე აუხსნას, განუმარტოს ან უმტკიცოს? განა, პარლამენტის მიერ არ არის მიღებული კანონი, რომლის მიხედვითაც ამ ორგანოს აქვს, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი ბერკეტი _ არ დაამტკიცოს სია. მაგრამ ბესელიამ და სხვებმა იციან, რომ აქ ცუნგცვანგია? ისევ „ჯიბის სია“ რომ გადმოგზავნოს მიქაუტაძემ პარლამენტში, მაშინ რა ხდება?
სწორედ ამიტომ, როდესაც კობახიძის დაინტერესება და ვირეშმაკობა ძალზე ნათელია და ამ საკუთარ ვნებებში გაურკვეველი პერსონის პოლიტიკურ კრედოზე საუბარი არც ღირს, დაუჯერებელიც კი გახლავთ ქალბატონ ეკატერინე ბესელიას გულწრფელობა. თუ გულწრფელობას დავუჯერებთ, მაშინ რას ნიშნავს იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის პოლიტიკური სიბეცე, რომელმაც ვერ გათვალა, ამ ნორმის კანონში შენარჩუნება რა საფრთხეს უქმნიდა სახელმწიფოს ინსტიტუციური კრიზისის თვალსაზრისით? შესაბამისად, აქაც ორი დასკვნაა ქალბატონ ბესელიასთან (გედეონზე თუ გედევანზე საუბარი არც ღირს) მიმართებით _ ის ცუდი პოლიტიკოსია და კიდევ უფრო ცუდი იურისტი. რაც შეეხება პოლიტიკურ გუნდ „ქართულ ოცნებას“, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს „გუნდი“ ნამდვილად პირველ ადგილზეა საქართველოს დამოუკიდებლობის განმავლობაში ქვეყნის მმართველ პოლიტიკურ ძალებს შორის კრიზისების განუჭვრეტელობის, მათი შექმნისა და საკუთარ ნაღმებზე აფეთქების მხრივ.
ახლა რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის როლს ამ პროცესში: ინსტიტუციური და პოლიტიკური გააზრების დონეზე რა უნდა გააკეთოს ივანიშვილმა ან თუნდაც სააკაშვილი ყოფილიყო? მოითხოვოს(ნ) კანონის ფარგლებში ყოფნა. პერსონიფიცირების დონეზე კი, რა თქმა უნდა, შესაძლოა, სია შეითანხმონ, აქაც პრინციპების დონეზე _ ერთმა კობახიძის ან, გნებავთ, სხვისი მეშვეობით, მეორემ _ ადეიშვილის. სურათი სად იცვლება ან შინაარსი? მხოლოდ განმკარგველ პერსონებში? თუ ივანიშვილი იმიტომ არის ცუდი, რომ ოპოზიციისთვის მისი სასამართლოს სახეა „მურუსიძე“, მაგრამ განა ამ ოპოზიციის უმრავლესობაში ყოფნისას სასამართლოს სახე არ იყო იგივე „მურუსიძე“?
და, ზოგადად, „მურუსიძისთვის“ რა მნიშვნელობა აქვს, ვინ აძლევს დავალებას, ადეიშვილი თუ მდინარაძე-ზარდიაშვილი? მთავარია, რომ „მურუსიძეს“ აქვს ნიჭი, გაითვალისწინოს ის, რასაც მისგან მოითხოვენ.
ახლა კიდევ ერთი საკითხი, როდის იყო წნეხი სასამართლოზე უფრო მეტი _ „დღეს“ თუ „გუშინ“? ცოტა ცუდად ვიტყვი, _ დღევანდელ ხელისუფლებას ერთი ადგილი არ აქვს იმ „წონისა და სიმამაცის“, რომ იგივე დამართოს მოსამართლეებს, რასაც ის ხელისუფლება უშვრებოდა. უბრალოდ, ბესელია, კობახიძის დარ პოლიტიკოსებში მეტსაც ვერ გათვლის.
და ერთი, მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი _ ვინ აირჩიეს ლიდერად მურუსიძე? ივანიშვილმა თუ მოსამართლეებმა? მოსამართლეებმა! რატომ? იმიტომ, რომ თითოეულ მათგანს წინა ხელისუფლების დროს ჰქონდა „ნამურუსიძები“. შესაბამისად, მათ ამ გადაწყვეტილებით მურუსიძე კი არ გააფეტიშეს, ისრები გადაიტანეს საკუთარი თავიდან, საკუთარი გადაცდომებით თუ დავალებებით გამოტანილი განაჩენები გადამალეს. ობივატელისთვის ხომ „გირგვლიანის ქეისზე“ დიდი ქეისი არ არსებობს და თუ ამ საქმის მოსამართლე „წმინდა“ იქნება, რიგითი თუ სხვა მოსამართლეების შეცდომა-გადაცდომები რა მოსატანია? მეტიც, ისინი ამ „სისუფთავისა“ და სისტემაში ყოფნის სანაცვლოდ, ყოველგვარი ზარების, წნეხის გარეშე, შინაგანი მაამებლური მრწამსით გამოიტანენ იმ განაჩენს, რომელიც ხელისუფლებას გაუხარდება. ასე იქნება მომავალშიც.

***
და მაინც, თუნდაც არსებული სისტემის პირობებში, რა არის გამოსავალი? ვთქვათ, იმ პირობებში, როდესაც საქმე პერსონებამდე დადის და სასამართლოს რაობის ფილოსოფიური გააზრება არ შეგვიძლია. მარტივად გადავწყვიტოთ _ უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის ორი მესამედი შემდგომი 15-20 წლით მოვიწვიოთ უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნიდან. თუ დემოკრატიაა და დემოკრატიით უნდა გადავრიოთ, განვაცვიფროთ და გავაკვირვოთ ევროპაც და მსოფლიოც, ბარემ გადავრიოთ, განვაცვიფროთ და გავაკვირვოთ. ამ შემთხვევაში ბოლო ინსტანციის იმედი მაინც ექნება ხალხს _ ანუ სასამართლოს იმედი.
დიახ, დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობის უმთავრესი პირობაა სამართლიანი სასამართლო (ისე, რა სასაცილო და ტრაგიკული კალამბურია). სასამართლოში „მურუსიძე“ კი არა _ აზდაკი გვინდა, აზდაკის არსებობას კი აზდაკის სახელობის ბევრი ბაღი, პარკი და სკვერი სჭირდება.
დაბოლოს, ახლაც, 2019 წელს, მადლობას ვეტყვი ჭკვიან და გონიერ ადამიანს, რომელიც დემოკრატიულ ქვეყანაში დაიბადა, გაიზარდა, ცხოვრობს და მოღვაწეობს, _ Thank you Mr Clive MARSHALL.

გოჩა მირცხულავა