55 წელი სცენაზე _ გია ნიკოლაძე საიუბილეო კონცერტისთვის ემზადება

„ამბავი ჩიტმა მომიტანაო,
მეუბნებოდა პატარას დედა,
ეს იყო ჩიტი, ჩიტი ღვთიური,
ღვთის კალთებიდან გამოგზავნილი,
სხეული მერცხალს ჩამოუგავდა,
მზერით მიმინო იყო ნამდვილი“.
ასე იწყება ცნობილი მომღერლისა და პოეტის, „ნიკოლშოუს“ სოლისტის, გია ნიკოლაძის პოემა „ქართული ზღაპარი: ანი-ბანი _ აი ია“.

გიას მიერ პოემის დაწერა ოთახში შემთხვევით შემოფრენილ ჩიტს უკავშირდება, რომელმაც მის ცხოვრებაში სერიოზული გარდატეხა მოახდინა _ ჩიტის მოტანილი ამბავი მან ხუთ დღეში გალექსა, პოემისთვის მარგალიტების შესასხმელად კი რამდენიმე წელი დასჭირდა.
„ჩიტი შემოფრინდა ჩემი ოთახის ფანჯარაში და ხელში დავიჭირე, მეორე დღეს ხელზე ამოტვიფრული მქონდა რაღაც სიმბოლოები, საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი, სწორედ ამის მერე დავიწყე ლექსებისა და პოემების წერა, ყოველ ღამე ვდგებოდი და ჩემთვის უჩვეულო რამეს ვაკეთებდი… ლექსებს ვწერდი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მე წერას დავიწყებდი. მაგრამ, არსებობს ძალა, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს დაგეუფლება და თავად გაკეთებინებს ყველაფერს. ჩემი ზღაპარი თავისით იკვლევს გზას, თავისით იწერება, თავისით ხდება პოპულარული. როგორ წარმოვიდგენდი, რომ კომპიუტერს მივეჯაჭვებოდი და ფეისბუქზე დავიწყებდი წერას. ვგრძნობ, რომ ეს ძალა სრულად მაკონტროლებს, მაგრამ არ მეშინია, რადგან ვიცი, რომ კეთილი ძალაა“.
როგორც მომღერალმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ის საიუბილეო კონცერტისათვის ემზადება. 21 მარტს გია 55 წლის ხდება. სწორედ ამ დღის აღსანიშნავად „ნიკოლშოუს“ სოლისტმა გადაწყვიტა, რომ მსმენელის წინაშე განსაკუთრებულად წარდგეს და ქართველ საზოგადოებას დაუვიწყარი საღამო აჩუქოს.
ამბობს, რომ იუბილეზე მხოლოდ ერთ სიმღერას იმღერებს, რადგან სურს, რომ მისი რეპერტუარიდან კოლეგებმა და მეგობრებმა თითო-თითო სიმღერა შეასრულონ.
„მე საღამოს წავიყვან, ისეთ ზღაპარს მოვყვები, რომელიც საქართველოში და მსოფლიოში ჯერ არ გაჟღერებულა…“
კითხვაზე, სად წარმოუდგენია კონცერტის ჩატარება, მუსიკოსი გვპასუხობს: „ფილარმონიაში ან ოპერის სცენაზე. სცენა უნდა იყოს კარგი, მჭირდება მაგარი განათება, ვიდეო-პროექცია, მე ბავშვობიდან მოწოდებით რეჟისორი ვარ და შემიძლია, რომ სასცენო დადგმა კარგად გავაკეთო. 55 წელი მისრულდება და ზუსტად ვიცი, რას როგორ გავაკეთებ და დავდგამ, ეს იქნება ძალიან მაგარი შოუ, ვერავის ვანდობ, შემიძლია მოვუყვე და რეჟისორმა დადგას, მაგრამ თვითონ იდეა უკვე მაქვს“.
აღსანიშნავია, რომ გია ნიკოლაძის ყველა სიმღერა დასამახსოვრებელი და გაჰიტებულია. ხალხმა ის გამოჩენისთანავე შეიყვანა და მას შემდეგ „ნიკოლშოუ“ დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორც იტყვიან, მისმა სიმღერებმა დროს გაუძლო და ალბათ, ესაა ის ნამდვილი ხელოვნება, რასაც მუსიკა და პოეზია ჰქვია. უამრავი მუსიკის ავტორია, თუმცა საკუთარ თავს კომპოზიტორს არ უწოდებს, თუმცა ზედმეტი თავდამბლობა რომ იქით გადავდოთ, გია ნიკოლაძე თავისუფლად შეგვიძლია მოვიხსენიოთ კომპოზიტორად, რადგან მის მიერ დაწერილი მუსიკა, სიმღერის ჟღერადობა და ლექსის ფრაზები თითოეული ადამიანის გულში აღწევს, რომელიც მარადიულად რჩება.
„თბილისზე მინდა, რომ ერთი სიმღერა დავწერო, გარდა ამისა, მეგობრებმა მთხოვეს და ზემო აჭარაზე ვწერ სიმღერას. სიმართლე გითხრათ, ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მუსიკის წერას დავიწყებდი. როდესაც მუსიკას ვწერ, თავისით მოდის ყველაფერი. ზუსტად ვიცი, რა დროს, რა მომენტში, რომელი ინსტრუმენტი მოდის… „იქ წავიდეთ, სადაც ღმერთმა ქნას“, _ მინდა, რომ ეს სიმღერა ჩემმა მეგობრებმა საიუბილეო კონცერტზე იმღერონ ფრაზა-ფრაზა და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გამოვა“.
ლექსებს ბავშვობიდან რითმავს, მაგრამ წერით არასდროს დაუწერია. „ბავშვობიდან ვრითმავდი ლექსებს, თუმცა არ ვწერდი… 40 წლის ვიყავი, როდესაც ლექსის წერა დავიწყე. ნებისმიერ დროს შემიძლია დავჯდე და დავწერო. მთავარია, რას წერ, თორემ როგორ წერ, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ყველაფერი ბუნებისგან მოდის“.
„მე რომ თეატრი მქონოდა, გაბრწყინდებოდა იგი… ჰორიზონტს შეეხებოდა, მაყურებელთა რიგი… გავაღმერთებდი პლანეტას, ხელობითა და ვნებით, რომ დედამიწა ამეხსნა ახალი ხელოვნებით“.
გია ნიკოლაძის შემოქმედება პოეზიის გარშემოა. ის თავის სათქმელს, ძირითადად, ლექსებით ამბობს: „ჩემი პოემის გარშემოა მთელი ჩემი შემოქმედება, 40 წლის ასაკიდან საერთოდ შეიცვალა ჩემი მსოფლმხედველობა. ამ პოემის მოკლე შინაარსს მოკლე ლექსით გადმოგცემთ:
„თასის და ხმალის სადარაჯოზე ქართა გრაალის ერთი წიგნია,
ეს წიგნი იმის საპოვნელაა, რასაც ეძებ და ვერ მიგიგნია…
ეს წიგნი სინამდვილეა,
როგორც ყოველი ზღაპარი!
იგი გაგიმხელს დედაღმერთს
რატომ დასჭირდა შაქარი…
რა მოხდა ცხადში ედემის ბაღში,
ვინ არის თეთრი კაენის მამა…
ადამის ძე რომ მიწისფერია…
ევამ ცის ხალხის რატომ იწამა…
რა ხდება ღვთიურ პლანეტებს შორის,
ღვთაებებს შორის რა თანხმობაა?
სიყვარულს ღმერთის ვნებანი ჰქვია
თუ მრუშობა და ღმერთის გმობაა?
ამ წიგნით თავად ბუნებას უნდა,
გაცნობოს სიტყვა მისგან მოსული,
დედამიწა რომ დედაღმერთია
და ქალწულია ვაჟით ორსული!
იქ მამრი ბირთვი დიდი ფლეშკაა!
წიგნი გაგიმხელს, მერე რაც ხდება…
იქ კიდობანი კოსმოსში ფრინავს
და ზე-ცის ნოეც სულ თან დაჰყვება.
წიგნი გაგიმხელს, ვინ რა ჩახერგა!
რა გემოსია ეშმაკის კერძი!
დედა ქალღმერთის მისაძინებლად
რატომ დასჭირდა მას ოქროს ვერძი!
დედა პლანეტა რით მიაძინა,
როგორ დახარა ღერძიდან იგი?
დედამიწა რომ დედაღმერთია
და მწვალებლების რომ უდგას რიგი!
რატომ ხოცავდა კოპალა დევებს,
დევის ქალებს კი ვინ სად აკოცა?!
ან რა ატირებს დევგმირ ტარიელს?!
ან მტაცებლები რატომ დახოცა?!
გამოქვაბულში როგორ აღმოჩნდა,
რად გამოვიდა იქიდან იგი?
მულღაზანზარი რა ქვეყანაა?
სად ჩადის მისი ზურმუხტის ხიდი?
აგარტის ჭები სად მდებარეობს?
ქაჯებს რად არ ჭირთ ნოსტალგიები?
ვინ არის ის, ვინც დაყო და მეფობს,
ვინ მოიგონა რელიგიები?
ბოლოს კი მოკლედ გადმოგცემ, რაც ქართ ზღაპარში წერია!
პლანეტა, როგორც ქალღმერთი, ჯერ არვის აღუწერია!
რამდენ მეგობარს დაემჩნა? თავი აღარ მაქვს თვლის,
მაგრამ ვხვდები, რომ ეს წიგნი ფსიქოლოგიას ცვლის!
თუ შენც მოგინდა ფიქრი გაშალო,
გირჩევ მოძებნო და გადაშალო…
თუ წაიკითხავ თუნდაც ადგილებს,
ეს წიგნი სიკვდილს გაგიადვილებს…“
ეს რაც შეეხება პოემას რომელმაც ფსიქიკა და აზროვნება შემიცვალა! და პოლიტიკას რაც შეეხება, მაგ თემასაც ლექსად მოგახსენებთ:
„განაპირანი ამბობენ
რომ ცუდი შუალედია!
მათ თავის თავი გარიყეს
მათ შორის ზიზღის ქედია!
თუ ერთი ციდან არ მორწყავ,
ტყე ისე ვერ გამწვანდება…
თუ არ შერიგდა, დაზავდა,
ისე ვერ ერთიანდება…
ეს ჩვენი ტურფა ქვეყანა,
ეშმამ დაყო და ბატონობს…
მისი მორალით ქართველი
ჯერ თავის ოჯახს პატრონობს…
სამშობლო ტიტანიკია…
ფსკერზე ჩამტანი ყოველის…
აქ ყველა კაპიტანი ვართ…
და ღმერთი ჩვენგან მოელის
ჯერ სხვისი ბავშვის გადასმას,
ჯიშის გადამრჩენ ნავებში…
ბოლოს კი შენი ოჯახის!
რომც მოგიყოლოს ზვავებში…“
პოზიციამ და ოპოზიციამ ორივემ სხვებზე კარგად იცის, რომ არც ერთია შემრიგებელი და მომრიგებელ-დამზავებელი…
„ჩვენ კი სასწრაფოდ გვჭირდება ზავი!
თორემ აივსო სულ ყველა ნავი!
ტიტანიკი კი ფსკერისკენ მიდის
და იმედი აქვს მხოლოდ იმ ხიდის
რომელიც ორთავ შორის ჩადგება
და შუაშისტი ხიდი გახდება…
ფაშისტების და გურჯისტანების…
ჩოხოსნების და ვნებიანების…
რომ ეზავება ბუნებრივ გრძნობებს…
წინაპართა და ახალ თაობებს…
გენიოსებს და არარაობებს…
რომ არ დაეძებს მათში სხვაობებს…
ჩვენ ხელოვანი ხალხი ვართ…
არა ვართ კოსი ყბედები…
ამიერიდან ჩვენს ნაკადს ეწოდოს შემოქმედები…
შემოქმედია ყოველი, ვინც ძერწავს შემოქმედებას!
ვინც ცდილობს მისი საქმეთა შემოქმედებით კეთებას!
პურის მცხობელი, მეწაღე, ექიმი, პოლიტიკოსი,
ხელოვანი თუ გლეხკაცი, კოსი თუ ისტორიკოსი…
ეს ჩვენ ვარ შემრიგებლები! სხვა მორალი და სხვა ჯიში…
შუაშისტები კი არა განაპირაა საშიში…“
რაც არ უნდა სიგიჟედ მიგაჩნდეთ, მსოფლიო რევოლუციის მაინც მჯერა! ჩვენ თუ არა სხვა ითავებს, დაგვასწრებენ და მერე გული დაგვწყდება, _ ამას ხომ ჯერ ქართველები მივხვდითო:
„ხალხი ქუჩაში გავიდა
აღმოაჩინა უფალი
ქართული სიტყვა ამოხსნა
ხელის და თავისუფალი.
კანდიდატებში შეჭენდა
მხარდამჭერების იდეა
დედამიწა რომ ღმერთია
დასასრულთან რომ კიდეა
ულევი განზომილების
ატომთა ნეიტრონებში
სპირალის დეენემების
მიკრო და მაკრო ზონებში
ველებს რომ სიტკბო სჭირდება
რომ გადამლაშებულია
რომ ოდიდგანვე ასეა
რომ ყველაფერი თქმულია
რომ ზეთში დახატულია
ფრესკებზე ასახულია
ცოდნა რომ მინიშნებების
ფერადი თაიგულია
რომ ვნებაა და ხელობა
ხელო-ვნებაა მმართველი,
რომ დედამიწის ღმერთობას
იმიტომ მიხვდა ქართველი,
რომ ამას ყველა მიხვდება
ამას ყოველი გაიგებს,
რომ დედაღმერთის ნაკუწებს
სახლში ვერავინ წაიღებს.
და დათანხმდება ყოველი
საპრეზიდენტო გონება
რომ ხალხის ძლიერ ხელშია
ქვეყნების მთელი ქონება,
რომ დათანხმდება იდეას
კანდიდატურა ყოველი
და უნებლიეთ დატკბება
მექა და სვეტიცხოველი.
მეტი რაღა ვთქვათ, გვითხარი
ფიცი როგორღა დავდოთ?
სხვისი არ ვიცი, ძმობილო
მაგრამ ჩვენ უნდა ვცადოთ.
შემოგვიერთდი, გაფიცებ
დამხმარე ჯარიც გზაშია
ბიჭებო გარეთ გამოდით
ძალა ხომ ერთობაშია.
გავერთიანდეთ სასწრაფოდ
სანამ არ არის გვიან,
ჩვენს მოძრაობას ოდიდგან
შემოქმედები ჰქვიან,
თანასწორობის ჯერია
ბუნიობაა ერთ თვეში,
ვცადოთ და მოხდეს ეგება,
რევოლუცია ერთ დღეში.
ომით გონება ირევა,
ხოლო იდეით წყნარდება
ისეთი რამე დავიწყოთ
ყველას რომ გაგვიხარდება,
არ დასჭირდება, მერწმუნე
ოქროს არც ერთი უნცია,
უფულოდ განვითარდება
მსოფლიო რევოლუცია.
ქვეყნად მრავალი წიგნია
თორა, ყურანი, ბიბლია
თუ დედამიწა ღმერთდება,
ყოველი წიგნი ერთდება“.
ლექსი „21 სტროფი“ რამდენიმე დღის წინ დაწერა. ამბობს, რომ ეს ეძღვნება მესამე ძალას, რომელიც მსოფლიო რევოლუციას საქართველოდან დაიწყებს. „დავინჩის კოდის მიხედვითაც საქართველოა ის გრაალი, რომლის მისადგომებთანაც თასით და ხმლით მოდარაჯე დგას ქართლის დედა და ვარდების მიღმაა ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი „დავინჩის კოდში“ წერია. დედამიწის მზერას ადამიანის სახეს რომ ვუსადაგებდი, ყველაზე მაგრად ჯოკონდა მოერგო მას“.
„21 სტროფი:
მესამე ძალა მოვიდა თუმც ბევრი გზებით იარა
შემოქმედებას მაშინ ცნობს ღვთის ნიჭი თუ აღიარა
წოდებაც მისით შედგება შემოქმედია მთავარი,
ის რა სცენარსაც წარადგენს იმას დგამს მხედართმთავარი,
სპექტაკლის ერა დაიწყო სპექტაკოლოა ყოველი,
შემოქმედებით ზავდება მექა და სვეტიცხოველი,
ეკრანზე მოჩანს ყრილობა, სახელად შემოქმედება
ტრიბუნაზეა ლიდერი დარბაზში ხდება ქმედება
ყველა ლიდერის მოწმეა დარბაზმა შექმნა შედევრი
ლიდერი მათი ნდობაა და განაცხადა შემდეგი
მოდი, ფიცი ვთქვათ, ძმობილო, ვინც სტრუქტურებში შევდივართ
ამიერიდან ყოველი, ერის და ბერის ბედი ვართ
ვინც ღვთის წინაშე შეცდება ეს ორი აზრი იფიქროს:
ან სამუდამოდ შერცხვება ან თვითმკვლელობა იკისროს,
მხოლოდ ყრილობის წინაშე დააფიქსიროს სიკვდილი,
ბავშვებს არ ვაყურებინოთ თვითმკვლელობა და სირცხვილი,
რაღა თქმა უნდა ყოველი ტელევიზიამ ჩაწეროს
ვინც ვერ გაბედავს სირცხვილი შვილიშვილებსაც აჩვენოს
ვინც თავის მოკვლას ვერ ბედავს შეუცდომლობას ეცდება
შემოქმედებით შეიქმნას ფსიქოლოგიის წესდება
ვინც თანახმაა, დარჩება სხვებმა დატოვონ ყრილობა
მმართველ ფსიქიკას წარმართავს შემოქმედების ზრდილობა
სხვა გზა არ არის, ძმობილო რკინის ხელია მაშველი
სხვაგვარად ვეღარ დადგება ჯანაიების საშველი
მათი მხსნელი და ძმობილი კამიკაძეა გვარადა
ვინც ყველას შვილებს იბარებს ხარაკირი აქვს ფარადა
მრგვალ დროშიანი ქვეყანა გვყავს, განა, მონაგონია
ამერიკას და ევროპას გვერჩივნოს იაპონია
მხოლოდ წესები ავიღოთ შორს მათი ფანტაზიები
ომის და სექსის ქვეყნებში ყველას ჰყავს ცუდი ძიები
თავი მოიკლას ყოველმა, ვინც ერთ შეცდომას დაუშვებს
თუ თავის თავში მერყეობს მაშ, აფრებს ნუღარ აუშვებს
წადი და თოხნე ძმობილო არვინ გაძალებს შეფობას
შემოქმედება ასეა სირცხვილი ახლავს მეფობას
თუ ერთ შეცდომას დაუშვებ საფეთქელს ტყვიით ეხები
თუ თვითმკვლელობას ვერ ბედავ საშვილიშვილოდ შერცხვები
შვილთაშვილებსაც წავართვათ ღირსებები და ქონება
ფსიქიკის კონსტიტუციით ასე მოვიწყოთ გონება
სხვა ვერაფერი გვიშველის რთველების შემოდგომაზე
ასეთი ფიცი დაიდო შემოქმედების სხდომაზე,
მესამე ძალა მოვიდა ღმერთიც ხომ სამებაშია
შემოქმედება იწყება, როცა გონებას არ შია…“

გიორგი საკარული