ლელა კურდღელაშვილი: „ბიძინა ივანიშვილის მიმართ ჭარბი ნდობის ლიმიტი გაილია!“

ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებზე სხვადასხვანაირი შეხედულება არსებობს, ანუ ექსპერტების ნაწილი პოლიტიკურ კრიზისზე საუბრობს, ნაწილი კი, განსაკუთრებით ის ფრთა, რომელსაც მმართველი გუნდის მიმართ აქვს სიმპათია, კრიზისს ვერ ხედავს. ამის მიუხედავად, ყველა თანხმდება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებმა ქართული პოლიტიკის ბევრი მანკიერება გამოაჩინა. ასევე იმაზეც არ კამათობენ, რომ „ოცნებას“ ამომრჩეველმა პირველ ტურში სილა გააწნა და იმისთვის, რომ თავისი მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი პრეზიდენტი გამხდარიყო, „ოცნებამ“ მთელი თავისი რესურსი ამოწურა. ამ ფონზე გააქტიურებულია მესამე ძალის მოთხოვნა.

შეიქმნება თუ არა მესამე ძალა? რა შეცდომებს უშვებს მმართველი ელიტა? და არსებობს თუ არა ამჟამინდელი ვითარებდიან გამოსავალი?
ამ თემებზე „ქრონიკა+“ ჟურნალისტს, ანალიტიკოს ლელა კურდღელაშვილს ესაუბრა:

_ ლელა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები რა კვალს დატოვებს ჩვენს ქვეყანაზე, ანუ როგორ შევა წლევანდელი წელი საქართველოს უახლეს ისტორიაში?
_ წლევანდელი წელი საკმაოდ დრამატული აღმოჩნდა ქართული პოლიტიკისთვის. მართალია, მძაფრი განცდები არ გვაკლია და არც პოლიტიკოსები გვაძლევენ მოწყენის საშუალებას, მაგრამ წლევანდელმა მოვლენებმა კარგად დაგვანახა, რამხელა პრობლემები არსებობს უშუალოდ პოლიტიკაში, რაც, შესაძლოა, ძალიან ძვირი დაუჯდეს ქვეყანას და მის მოქალაქეებს.
ქრონოლოგიურად დავალაგოთ მოვლენები და ისე დავსვათ დიაგნოზი იმის შესახებ, თუ რა დაგვემართა და როგორ კვალს დატოვებს ყველაფერი ეს ქვეყნის შემდგომ ცხოვრებაზე. თებერვალში აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ, თანამდებობა დატოვა და მას შემდეგ, თითქმის, 10 თვეა, ქვეყანა ახალ ელჩს ელის. ამას ხაზგასმით იმიტომ აღვნიშნავ, რომ დამოუკიდებლობის წლებში, მას შემდეგ, რაც საქართველო გაერო-მ აღიარა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, აშშ-ის საელჩო მნიშვნელოვნად განაპირობებდა ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკის ხასიათს. პირდაპირ თუ ირიბად, დიდწილად, სწორედ აშშ-ის ელჩებზე იყო დამოკიდებული აქამდე არსებული პოლიტიკური წონასწორობა.
მანამდე, საბჭოთა პერიოდში, ქართული პოლიტიკის ზედამხედველი მოსკოვი იყო, შემდეგ, მცირე ხნით, საკუთარი თავის პირისპირ დავრჩით, რაც, საბოლოოდ, სამოქალაქო დაპირისპირებით და სერიოზული კატასტროფით დასრულდა. მოგვიანებით, აშშ საქართველოს მთავარ პარტნიორ ქვეყნად გამოცხადდა, რამაც, მართალია, ბოლომდე ვერ დაგვიცვა გარე და შიდა აგრესიისგან, მაგრამ სუპერ სახელმწიფოს ფაქტორმა და მხარდაჭერამ სერიოზულად განაპირობა დღევანდელი ქართული სახელმწიფოს სტრუქტურა და შინაარსი, ასევე მოქალაქეთა შეხედულებები და გემოვნება.
წელს პირველად მოხდა ისე, რომ, მეტ-ნაკლებად, ჩვენს ნებაზე მიშვებულები აღმოვჩნდით და სადამდეც გავუტიეთ, ყველამ ვნახეთ. სწორედ ამიტომ, შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა, რაც აშკარად გამოჩნდა, არის ის, თუ რამდენად მზადაა საქართველო, აწარმოოს დამოუკიდებელი პოლიტიკა და სრულფასოვანი პარტნიორი და მოთამაშე იყოს მსოფლიოსთვის. სამწუხაროდ, ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მაგონდება დავით გურამიშვილის „ქართლის ჭირი“ და ვფიქრობ, რომ ვახტანგ მე-6-ის შემდეგ შორს არ წავსულვართ: საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ძალიან კარგად დავინახეთ, რომ მთავარი პოლიტიკური ძალები ნამდვილად არ არიან მზად, მეტიც, მგონი, საერთოდაც ვერ იგებენ, რას გულისხმობს დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო, პლურალიზმი, ადამიანის უფლებები და ა.შ.; მოკლედ რომ ვთქვა, ბევრი ტალახი და ლაფი ამოვამღვრიეთ ამ თვეებში და ცოტა რთულია ახლა იმის პროგნოზირება, რა და როგორ დაილექება.
ფაქტია, როგორც ერთი, ისე მეორე ძალის ამომრჩეველს ნამდვილად უნდა სამოქალაქო მშვიდობა, განვითარება და სწორედ ამიტომ, შეუძლებელი გახდა რევოლუციური სცენარების ამოქმედება, მაგრამ რამდენად აქვთ რესურსი პოლიტიკურ ძალებს, მათ შორის, როგორც ძირითად მოთამაშეებს, ისე შუაში ჩარჩენილ პოლიტიკურ გაერთიანებებს, შესთავაზონ მოქალაქეებს ის, რასაც ისინი ითხოვენ პოლიტიკოსებისაგან, ამის თქმა ძნელია.
საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ერთი რამ აშკარად დავინახეთ _ ქვეყანაში შიშით და სიძულვილით ხდება ადამიანების საარჩევნო ყუთებამდე მიყვანა და არა _ კონსტრუქციული იდეების შეთავაზებით.
_ ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტი, პრაქტიკულად, უფუნქციო ფიგურაა. ამ ფონზე ხელისუფლებამ და ოპოზიციამ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა რატომ გამოაცხადა, თუ ყველაფერი ის, რაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვნახეთ, მომავალი საპარლამენტო არჩევნების გენერალური რეპეტიცია იყო?
_ პრეზიდენტის უფლება-მოვალეობები კი შეიზღუდა, მაგრამ ახალი კონსტიტუციითაც პრეზიდენტს მაინც სერიოზული ბერკეტები დარჩა. ვფიქრობ, სწორედ ამიტომაც გაიმართა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ამ პოსტისთვის გაერთიანებულ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის. პრეზიდენტს შეუძლია, დაითხოვოს პარლამენტი, დანიშნოს თვითმმართველობისა და საპარლამენტო არჩევნები, მათ შორის, რიგგარეშეც; მოიწვიოს რიგგარეშე სესიები და სხდომები; პრეზიდენტი მონაწილეობს და თანამდებობებზე განამწესებს ცესკო-ს თავმჯდომარესა და წევრებს, მარეგულირებელი ორგანოების წევრობის კანდიდატებს, იუსტიციის საბჭოს წევრს. ასევე პრეზიდენტი არის ქვეყნის მთავარსარდალი და სწორედ ის ნიშნავს და ათავისუფლებს თავდაცვის ძალების მეთაურს, ასევე დებს შეთანხმებას საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან; ანიჭებს მოქალაქეობას და აქვს შეწყალების უფლება, მონაწილეობს საერთაშორისო ურთიერთობებში, ელჩების დანიშვნა-განთავისუფლებაში და გარკვეულ შემთხვევებში შეუძლია რეფერენდუმის დანიშვნაც.
შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რამხელა შესაძლებლობებს უხსნის ეს ფუნქციები ოპოზიციას. თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური გარღვევა ისეთი თანამდებობიდან შეძლო, როგორიც საკრებულოს თავმჯდომარის პოსტია, დღევანდელი პრეზიდენტის თანამდებობა კი გაცილებით ფართო შესაძლებლობებს იძლევა პოლიტიკური ძალებისთვის, მით უმეტეს, რომ ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ძალიან გამოცდილი დიპლომატია, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ამჟამად პოლიტიკურად ლამის ყველაზე გამოცდილი ძალაა. სწორედ ამიტომ გასაგები იყო, რომ ოპოზიციამ ძალიან კარგად დაინახა ყველა ეს შესაძლებლობა, გამოიყენა მმართველი გუნდის მიერ პირველ ტურში დაშვებული ყველა შეცდომა და რა შედეგითაც დასრულდა პირველი ტური, დავინახეთ. პირველი ტურის შედეგებმა ცივი შხაპივით იმოქმედა „ოცნებაზე“, რომელიც მანამდე დარწმუნებული იყო საკუთარ გამარჯვებაში.

პირველი ტურის შემდეგ „ოცნებამ“ ძალიან კარგად იგრძნო მოსალოდნელი პოლიტიკური ფიასკო, ყველა ის საფრთხე, რაც ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში პოლიტიკურად შეიძლებოდა შექმნოდა და ერთ თვეში მოინდომა იმ შედეგების მიღწევა არჩევნებში, რისთვისაც წლები უნდა ეზრუნა, ამან კი გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა მთლიანად ქვეყნის პოლიტიკას. დაახლოებით, ის სიტუაცია გვაქვს, როცა ავადმყოფის ფეხზე დასაყენებლად ყველა წამალს ერთდროულად რომ გამოიყენებენ და არავინ იცის, რას იზამს ეს მოდუნებული ორგანიზმი, ამ შემთხვევაში კი „ოცნება“, მას შემდეგ, რაც წამლების ზემოქმედების ეფექტი გაივლის.
ამიტომ ყველამ იგრძნო, რომ წლევანდელი არჩევნები 2020-ის საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნების წინ რეპეტიცია უკვე ვეღარ გამოვიდა, რადგან თუ მთელ ენერგიას ერთ რეპეტიციას შეალევ, მერე საჯარო გამოსვლისას აუცილებლად ჩააგდებ სპექტაკლს. დავით ბერძენიშვილმა უწოდა კიდეც „ოცნების“ ამ გამარჯვებას პიროსის გამარჯვება, რაც ხატოვნად იმას ნიშნავს, რომ ყველა რესურსი გახარჯულია და ასეთი გამარჯვება დამარცხების ტოლფასია.
_ ოპოზიციისგან განსხვავებით, მსოფლიო თანამეგობრობა სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის ლეგიტიმაციას, ეჭვქვეშ არ აყენებს. მიუხედავად ამისა, ბევრს აქვს განცდა, რომ ამ არჩევნებში ორივე მხარე დამარცხდა. შენც ასე ხომ არ ფიქრობ და თუ ასეა, შეგიძლია, ახსნა და დაასაბუთო, რატომ მივიღეთ არჩევნები მორალური დამარცხების ელემენტებით?
_ ორივე ძალა დამარცხდა იმ მოცემულობით, რა მოცემულობებითაც დღეს ეს ორი ძალა _ „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, არსებობს: „ნაციონალები“ დამარცხდნენ ფაქტობრივად, ანუ გრიგოლ ვაშაძემ თითქმის 20 პროცენტით ნაკლები ხმა მიიღო სალომე ზურაბიშვილთან შედარებით, თუმცა გაერთიანებული ოპოზიციის ხმების სოლიდური ნაწილი არ ეკუთვნოდა მიხეილ სააკაშვილს, რაც არჩევნების შემდეგ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა. შესაბამისად, „ნაციონალურ მოძრაობას“ და გაერთიანებაში მყოფ პარტიებს მოუწევთ იმაზე ფიქრი, როგორ აწარმოონ შემდგომში საკუთარი პოლიტიკა ისე, რომ 2020 წლისთვის პოლიტიკურ სივრცეში ადგილი მოიპოვონ.
თავის მხრივ, დამარცხდა „ოცნებაც“, რომელმაც ისე წაიყვანა საკუთარი პოლიტიკური საქმიანობა 6 წლის განმავლობაში, რომ მილევად რეჟიმში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი თითქმის 800 ათასამდე გაიზარდა, საკუთრივ „ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვება კი, „პატრიოტთა ალიანსის“ დახმარების გარეშე, სათუო გახადა. ფაქტია, ამ არჩევნებმა „ოცნებაც“ დააყენა რებრენდინგის აუცილებლობის წინაშე. დავინახეთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ჭარბი ნდობის ლიმიტი გაილია, ახლა მას პარტიაში ისეთი ლიდერების მონახვა მოუწევს, რომლებიც ამ ნდობას საკუთარი რესურსებით გაზრდიან, თუმცა ეს რამდენად მოხერხდება, ძნელი სათქმელია. კი საუბრობენ ახალ სახეებზე, მაგრამ თუ ეს ახალი სახეები იმ ახალ სახეებს დაემსგავსებიან, რომლითაც შეივსო „ოცნების“ რიგები 2016 წლისთვის, მაშინ ასეთ გადახალისებას ეფექტი ნამდვილად ვერ ექნება.
_ 28 ნოემბრის შემდეგ უფრო ნათლად გამოჩნდა, რომ ეკონომიკა უფსკრულისკენ მიექანება. სოციალური ფონიც მძიმდება _ გაძვირდა პური. ამბობენ, რომ მოიმატებს მგზავრობის გადასახადი და სიგარეტიც გაძვირდება, ანუ „ოცნება“ იმ სოციალური დაპირებების ტყვეობაში ხომ არ ექცევა, რომელიც პირველი ტურის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა გასცა?
_ „ოცნება“ ცალკე გაცემული დაპირებების ტყვეობაშია, ცალკე _ იმისა, რომ მთლიანად მის ხელშია ყველა სახელისუფლებო ბერკეტი და ამდენად, ყველაფერი, რაც მოხდება, „ოცნებას“ დაეწერება.
ეკონომიკა რთულ მდგომარეობაშია. მცირე ბიზნესი და ე. წ. რეალური სექტორი, ანუ ადგილობრივი წარმოება სულს ღაფავს, ძირითადად, ბიზნესი წარმოდგენილია აზარტული თამაშებით, ტურიზმით, იმპორტიორებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ფული რაც შემოდის, უკანვე გაედინება, სამუშაო ადგილები კი არასტაბილურია და მცირედანაზღაურებადი. ამას დაამატეთ მოსახლეობის ჭარბვალიანობა, რაც ლარის გაუფასურებისა და, თავის დროზე, წარმოებული არასწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შედეგია და მიიღებთ იმას, რაც გვაქვს და რასაც, ჯერჯერობით, გამოსწორების პირი არ უჩანს.
ისევ ავადმყოფს მოვიყვან მაგალითად: ქვეყნის ეკონომიკა ძალიან ავადაა და მის მკურნალობას დრო დასჭირდება, თუმცა საამისოდ სტაბილური პოლიტიკური გარემოა საჭირო. ხომ ვერ მოარჩენ ავადმყოფს ერთ დღეში და ისეთ პალატაში, რომელიც როდის ჩამოინგრევა, არ იცი?
ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, ტვ „იმედზე“, ივანიშვილმა თქვა, რომ ინვესტიციების მოსაზიდად და ისეთი პროექტების ასამოქმედებლად, რომელიც ხანგრძლივვადიან და სტაბილურ ეკონომიკურ შედეგს მოიტანს, მას პოლიტიკური რყევებისგან ქვეყნის დაცვა სჭირდება და ამიტომ საჭიროა, „ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სერიოზული პროცენტით გაიმარჯვოსო, ანუ ივანიშვილმა იცის, რომ სტაბილურობა სჭირდება, თუმცა ამ სტაბილურობის მიღწევას ერთპარტიული სისტემით ცდილობს, არადა, ნებისმიერი გეტყვით, მრავალპარტიული დემოკრატია და პოლიტიკური თამაშის წესების დაცვა ერთადერთი ფორმაა, რომელიც ასეთ ხანგრძლივ სტაბილურობას უზრუნველყოფს. ჩვენ კი რა მივიღეთ არჩვენების შემდეგ? _ პოლიტიკური თამაშის წესებს არ იცავს არც ოპოზიცია და არც _ მმართველი გუნდი, რომელიც არჩევნებში გამარჯვების სახელით ყველა აკრძალულ ილეთს იყენებს. საერთოდ, მგონია, რომ სწორედ ქვეყნის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა უნდა იყოს ყველა პოლიტიკური ჯგუფის მთავარი ამოცანა. ამას ამომრჩეველი ყველაზე კარგად გრძნობს და ითხოვს კიდეც. სწორედ ამგვარ სტაბილურობას ითხოვდა ამომრჩეველი, რომელიც ხმას აძლევდა „ოცნებას“ და ის ამომრჩეველიც, რომელიც ხმას აძლევდა გაერთიანებულ ოპოზიციას. უბრალოდ, იმ განსხვავებით, რომ ერთისთვის სტაბილურობა „არა მიშას“ ნიშნავდა, მეორისთვის _ „ძირეულ ცვლილებებს“, რადგან ძალიან სახიფათო გახდა ის სტაგნაცია, რომელიც ქვეყანაში გვაქვს.
_ ხელისუფლება უარყოფს, ოპოზიცია და ასევე დამოუკიდებელი ექსპერტები პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისზე საუბრობენ. გამოსავალი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებშია თუ ვითარებას, მაგალითად, სამთავრობო ცვლილებები განმუხტავს?
_ პოლიტიკური კრიზისის ნიშნები აშკარად არის. კი უარყოფს ხელისუფლება, მაგრამ პარლამენტის პირველივე სხდომებზე დავინახეთ, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის პოლიტიკური დიალოგის ნაცვლად, ხელჩართული ჩხუბია გამართული. ეს თუ გაღრმავდა, კრიზისი გაფორმდება კიდეც, არადა, პარლამენტის თავმჯდომარის ქცევამ იმ დღეს დაგვანახა, რომ მას არათუ შეუძლია კონფლიქტის განმუხტვა, არამედ მისი მაპროვოცირებელიც კი არის.
ეკონომიკური კრიზისიც ჯერ არ გვაქვს, რადგან ძალიან ნელა, მაგრამ, ეკონომიკა მაინც იზრდება. სავარაუდოდ, ხელისუფლება დაანონსებული სოციალური პროგრამების ხარჯზე შეეცდება, საქმე სოციალურ აფეთქებამდე არ მიიყვანოს. მოკლედ, ასე ფოფხვით ვახერხებთ იმას, რომ ბოლომდე კრიზისში არ ვართ, მაგრამ მისგან გამოსვლაც არ შეგვიძლია, რადგან არსად ჩანს სერიოზული რეფორმების გამტარებელი უნარიანი ხალხი. ამჟამინდელი ფუყე წონასწორობიდან კი სისტემის გამოყვანა არ არის ძნელი, მით უმეტეს, თუ ამით გარე ძალებიც დაინტერესებულები იქნებიან.
რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, რა თქმა უნდა, მმართველი ძალა ამ პირობებში არ დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს, ოპოზიცია კი შეეცდება, ნებისმიერი შემთხვევა გამოიყენოს საიმისოდ, რომ ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანოს „ოცნება“, თუმცა რიგგარეშე არჩევნები პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს. სალომე ზურაბიშვილი კი, ჯერჯერობით მაინც, ამას არ გააკეთებს.
სამთავრობო ცვლილებები მოსალოდნელი უფრო გაზაფხულისკენაა. ამ დროისთვის მოიმატებს პრობლემები, გაიზრდება უკმაყოფილება, დაგროვდება შეცდომებიც და განტევების ვაცის მონახვა იქნება საჭირო. ამ როლში ჩვენთან მთავრობები და მინისტრები არიან ხოლმე. შესაბამისად, მომავალ წელს, დიდი ალბათობით, სამთავრობო ცვლილებებიც გვექნება.
_ დიდი ხანია, საზოგადოებაში მესამე ძალის მოთხოვნა არსებობს. როგორ უნდა გამოჩნდეს ეს მესამე ძალა ან ისე ხომ არ მოხდება, რომ მესამე ძალა ხელისუფლების, გნებავთ, ოპოზიციის წიაღში შეიქმნება? ფსევდო მესამე ძალა რეალურისგან როგორ უნდა განვასხვავოთ?
_ ბოლო დღეებში სწორედ ამ საკითხზე მომიწია მუშაობა და შემიძლია გითხრათ, რომ მესამე ძალის შექმნის აუცილებლობაზე ბევრი სერიოზული ექსპერტი საუბრობს, თუმცა, როგორც ჩანს, მესამე ძალა იმ ადამიანებით შეიქმნება, ვისაც უკვე ვიცნობთ პოლიტიკიდან და ვის მიმართაც ჯერ კიდევ არსებობს ნდობა და იმედი, რომ მათ ბოლომდე არ გამოუვლენიათ საკუთარი პოლიტიკური შესაძლებლობები, თუმცა ყველა აღნიშნავს, რომ ამ მესამე ძალამ უნდა გაახმოვანოს იმ შუაშისტი ამომრჩევლის ინტერესები, რომლებიც დღეს 60 პროცენტს შეადგენენ და, ჯერჯერობით, შესაფერის ძლიერ პოლიტიკურ ჯგუფს ვერ მიაგნეს. ძლიერს იმიტომ ვამბობ, რომ საქართველოში ბევრია საკმაოდ საინტერესო პარტია, რომელიც მორგებულია მოსახლეობის კონკრეტული ჯგუფის მოთხოვნებს, მაგრამ საქმე საქმეზე როდესაც მიდგება და ხმაა მისაცემი, ყოველთვის ფიქრობ, რომ ამ ხმას ქარს გაატან, რადგან პარტია ვერ შეძლებს საარჩევნო ბარიერის გადალახვას.
თუ პოლიტიკური კატეგორიებით ვილაპარაკებთ, ჩვენ გვყავს კარგად ჩამოყალიბებული ნეოლიბერალური მიმართულების პოლიტიკური პარტიები და მათ ჰყავთ საკუთარი ამომრჩეველი _ ესაა „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „გირჩი“.
საკუთარი ამომრჩეველი ეყოლება „პატრიოტთა ალიანსს“ _ ულტრაკონსერვატორები საკმარისად გვყავს საზოგადოებაში. ამათ შორის უნდა ყოფილიყო „ოცნებაც“, რომელმაც თავიდან კი გამოაცხადა, სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგია გვაქვსო, მაგრამ მერე მიავიწყდა და ახლა ერთი, რაც ამ პარტიას და მის ამომრჩეველს აერთიანებს, ბიძინა ივანიშვილია. ივანიშვილი კი არც იდეოლოგიაა და არც _ პოლიტიკური პლატფორმა, შესაბამისად, თუ მესამე ძალა გამოჩნდა, მაშინ, საერთოდ, ძნელი გასაგებია, სად იქნება „ოცნების“ ადგილი და რამდენ ხანს ეყოფა რესურსი ივანიშვილს საიმისოდ, რომ „ოცნებას“ პარტია ეძახოს.
უკვე დაანონსებულია ალეკო ელისაშვილისა და თაკო ჩარკვიანის სამოქალაქო მოძრაობების შექმნა. ვნახოთ, რას შემოგვთავაზებენ ეს მოძრაობები.
რაც შეეხება ფსევდო იქნება ე. წ. მესამე ძალა თუ ნამდვილი, ამის გაგება არ გაგვიჭირდება. პოლიტიკური კონკურენცია მაღალია, მედია ჩართულია პოლიტიურ ბრძოლაში და უთქმელი და გაუმჟღავნებელი არაფერი დარჩება. საბოლოოდ კი ისევ ამომრჩეველი გადაწყვეტს, რა უნდა და რას დაუჭროს მხარი. ფაქტია, რომ ამომრჩეველი არასოდეს დაუჭერს მხარს იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის პოლიტიკური კუნთებისაც არ სჯერა.
_ რატომ მიდის „ოცნება“ ვა-ბანკზე და რატომ იმეორებს იგივე შეცდომებს, რაც წინა ხელისუფლებამ ჩაიდინა, მაგალითად, არ იცავს ადამიანის უფლებებს, სასათბურე პირობებს უქმნის ადამიანთა ვიწრო ჯგუფებს და, ზოგადად, მოსახლეობას ისე აღიქვამს, როგორც საკუთარ ყმას?
_ პირადად ჩემი აზრია, რომ „ოცნებას“ სხვაგვარად არ ძალუძს და ამიტომ. მეტიც, „ოცნება“ არა მარტო წინა ხელისუფლების შეცდომებს იმეორებს, არამედ იმის წინა ხელისუფლებისაც. ეს რაღაც კონგლომერატია _ შევარდნაძე-სააკაშვილის მმართველობის ყველაზე ცუდი ტრადიციების. კორუფცია, ნეპოტიზმი, სტაგნაცია და ისეთი სისტემის შექმნა, სადაც უფლებადარღვეულ ადამიანსა და ბიზნესს სამართლიანობის მიღწევა უჭირს, თორემ ადამიანის უფლებები ყველა საზოგადოებაში ირღვევა, მაგრამ სწორედ სახელმწიფო უნდა იყოს მათი შელახული უფლებების აღდგენის გარანტორიც და დამცველიც.
ჩვენთან ტრადიცია გრძელდება _ სასამართლო, პროკურატურა, პოლიცია, პარლამენტი _ ყველგან იმას უყურებენ, ზევიდან რა სიგნალი წამოვა. ეს, ძირითადად, გახმაურებულ საქმეებს შეეხება, თორემ წვრილმან ხულიგნობაზე პასუხის მოთხოვნას, ჯერ კიდევ, ახერხებს სახელმწიფო, მაგრამ როგორც კი საქმეში მეტ-ნაკლებად გავლენიანი, მმართველ ჯგუფთან დაკავშირებული პირი ჩნდება, მაშინვე მთელი სახელმწიფო მანქანა იმაზე იწყებს მუშაობას, როგორ „გააპრავოს“, „შეკეროს“ საქმე ისე, რომ მავანზე კანონის მოქმედება არ გავრცელდეს. ეს ტრადიცია იმ ადამიანებით არის განპირობებული, რომლებსაც დღევანდელ „ოცნებაში“ ვხედავთ. ამ ადამიანებს სხვაგვარად არ წარმოუდგენიათ ძალაუფლებაში ყოფნა, მათ იციან, რომ ძალაუფლებაში ყოფნა ნიშნავს იმას, რომ ეს ძალაუფლება მათთვის მუშაობს და არა _ სახელმწიფოსთვის. აქედანაა ის ცნობილი თეზაც, რომ „ოცნებას“ საკადრო პოლიტიკა არ უვარგა. ყველა ვხედავთ, რაც ხდება ჩვენ გარშემო და რა ნიშნითაც მიმდინარეობს ადამიანების წახალისება-აღზევება. ვფიქრობ, ეს ივანიშვილის დამსახურებაც უნდა იყოს. ფაქტია, რომ ამ ადამიანმა, მიუხედავად დიდი ბიზნესგამოცდილებისა, არ იცის, როგორ მუშაობს დემოკრატიული სახელმწიფო, არ იცის, რას ნიშნავს მედიის დამოუკიდებლობა, რა ფუნქცია აქვს და როგორ მუშაობს არასამთავრობო სექტორი, რას ნიშნავს პროფესიული დასკვნები და შენიშვნები, როგორ უნდა მუშაობდეს საკანონმდებლო ორგანო, რომელიც მთავრობის მთავარი მაკონტროლებელია, ვის უნდა აბარებდეს ანგარიშს მთავრობა და როგორ უნდა ირჩეოდეს ბიზნესდავები. ყოველ შემთხვევაში, მისი კომენტარები და ხედვები სწორედ ამაზე მიუთითებს.
არ სჭირდება არასამთავრობო სექტორის ლანძღვა ან „რუსთავი 2-ის“ გამორთვა, რომ შეხედო იმას, რასაც მედია გიჩვენებს და მიხვდე, რაღაც ძალიან არასწორი რომ ხდება ქვეყანაში. როდესაც ქვეყანაში ხორბლის გადამზიდავებზე კანონი შემოაქვთ და ხორბლის გადაზიდვა იკრძალება ავტოტრანსპორტით, გასაგებია, რაც ხდება და რენტგენივით ჩანს მთელი ჩვენი დიაგნოზი, რადგან ასეთი საკანონმდებლო ცვლილება შეუძლებელია, დაუშვას მთავრობამ, რომელიც ეკონომიკურ სტაბილურობაზე, მცირე ბიზნესზე, სამუშაო ადგილებზე ფიქრობს და თუ მთავრობა მაინც მოექცევა ვიღაცის გავლენის ქვეშ, იმიტომ არსებობს პარლამენტი, რომ ეს აშკარად კორუფციული გარიგება არ დაუშვას, მაგრამ ამაზე პარლამენტიც დუმს და სამართალდამცველი ორგანოებიც _ ან ვერ ხვდებიან, რა ხდება და მაშინ წარმოუდგენელ არაკვალიფიციურობასთან გვაქვს საქმე, ან იციან, მაგრამ ხმას არ იღებენ და დანაშაულებრივ სქემას „აპრავებენ“. ივანიშვილს კი ან ეუბნებიან, რომ ყველაფერი ეს სულ „ნაცების“ მოგონილია, რასაც ის იჯერებს და ეს ცუდია, ან არაფერსაც ეუბნებიან და პირიქით, ის მოძღვრავს ყველას სწორედ ასე.
საბოლოოდ კი რა ხდება ასეთ დროს? ვნახეთ _ რიგითი გადამზიდველი, რომლის ბიზნესის დაცვაზე ხელისუფლება არ ზრუნავს, ბენზინის ბოთლით ხელში ითხოვს, ხელისუფლებამ მოუსმინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მზად არის, თავი დაიწვას. ეს იყო ერთ-ერთი უმძიმესი სცენა, რომელიც ვნახეთ და რაც პირდაპირ მიანიშნებდა იმაზე, რომ ხელისუფლება არის ყრუ, ბრმა და ძალიან ძლიერად უნდა დაარტყა, რომ რამე გააგებინო! ამიტომაც მიიღო „ოცნებამ“ ის სილა არჩევნებზე და ამიტომაცაა, რომ მისი ამომრჩეველი დღეს ამბობს, რომ ბოლო შანსი მისცა!
_ ლელა, როგორ ფიქრობ, იმ შემთხვევაში, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის წარმომადგენელი გაიმარჯვებდა, როგორც „ოცნება“ აპელირებდა, წარსული მართლა დაბრუნდებოდა თუ ყბადაღებულ 9 წელიწადზე საუბარი, უბრალოდ, შავი პიარი იყო და მეტი არაფერი?
_ ვფიქრობ, რომ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიცია შეეცდებოდა პოლიტიკური კრიზისის გამძაფრებას, რათა საქმე რიგგარეშე არჩევნებამდე მისულიყო. თუმცა თუ მმართველი გუნდი ფორმაშია, ძნელია პოლიტიკური კრიზისის გამოწვევა. მაგრამ, ეტყობა, „ოცნება“ თავადაც კარგად გრძნობს, რომ ელემენტარულ კონკურენციასაც კი შეუძლია მისი ძალაუფლების შერყევა.
რაც შეეხება 9 წლის დაბრუნებას, იმ 9 წელიწადში, ცუდთან ერთად, ბევრი საინტერესოც ხდებოდა. ჩვენ უკვე ვამჩნევთ, რომ გვაქვს სისტემური კორუფცია, სახელმწიფო არაეფექტიანია ადამიანების უფლებების დაცვისას, ძალიან არაკომპეტენტურია მართვა, გვქონდა სახელმწიფოს მიერ ძალის გადამეტების შემთხვევები, რაც დღემდე გამოუძიებელია, ვიხილეთ არჩევნების დროს ამომრჩეველზე ზეწოლს საკმაოდ მძიმე შემთხვევები _ „ნაცონალური მოძრაობა“ ყველაფერ ამაში ამეტებდა „ოცნებას“, მაგრამ ასევე ამეტებდა „ოცნებას“ რეფორმებში. არ მგონია, რომ 9 წელი თავისი სისასტიკით შეიძლება დაბრუნებულიყო, თუ სააკაშვილი დაბრუნდებოდა საქართველოში, დიდი-დიდი, მიგვეღო უფრო გამწვავებული საპროტესტო აქციები, რაც პოლიტიკურად გამოადგებოდა კიდეც „ოცნებას“ და მთელ თუ არა, ნაწილს მაინც ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემებისა, ოპოზიციას გადააბრალებდა.
ჭკვიანური მუშაობის შემთხვევაში დაბრუნებულ სააკაშვილს „ოცნება“ საერთოდ გაამარგინალებდა, მაგრამ „ოცნება“ არათუ მოერიდა ამას, საერთოდ, კონფუზი მიიღო პირველი ტურის შემდეგ, როცა იგრძნო, რომ ძალაუფლების მცირე ნაწილი ხელიდან ეცლებოდა, ანუ „ოცნება“ არც საკუთარ ჭკუაშია დარწმუნებული და არც _ საკუთარ შესაძლებლობებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამხელა ფასად არ დაისვამდა პრეზიდენტის თანამდებობას.
_ რაც შეეხება მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილი მმართველი ძალისთვის ახალი თავის ტკივილი ხომ არ გახდება?
_ ბევრი ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელ და „ოცნებასთან“ შეუთანხმებელ ნაბიჯს გადადგამს და ამით თავის ტკივილს გაუჩენს მმართველ გუნდს. უკვე ვთქვი, „ოცნების“ მართვის სტილი ისეთია, რომ მას საერთდ არაფერზე უნდა თავის ატკიება და ურჩევნია, კვლავ ისე მართოს, როგორც აქამდე მართავდა და ნებისმიერი რამ, რაც კომფორტიდან გამოიყვანს, აფრთხობს.
თუ „ოცნებას“ აქვს მართვის უნარი, მაშინ სალომე ზურაბიშვილი პარტიას ვერანაირ პრობლემას ვერ შეუქმნის _ მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება და ნაბიჯი გაფიქრებისთანავე იქნება შესწავლილი და მოხდება შესაბამისი პრევენციული ზომების მიღება, ვიცით ეს როგორც ხდება და არც სალომე ზურაბიშვილია ისეთი მატა ჰარი, რომ პოლიტიკური და ფინანსური ზურგის გარეშე რამე თამაში წამოიწყოს, თუმცა სიმართლე გითხრათ, მაინცდამაინც არ მჯერა იმის, რომ უშიშრობაზე პასუხისმგებელი სტრუქტურები ძალიან მაღალპროფესიულად მუშაობენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მმართველი გუნდი არც მირზა სუბელიანის ფარული ჩანაწერების კადრებს მიიღებდა, არც პირველი ტურის შედეგები ჩააგდებდა შოკში და არც მაჩალიკაშვილ-სარალიძე ისხდებოდნენ დღეს რუსთაველზე. ყველა ამ შემთხვევის პრევენცია დროულად მოხდებოდა, რათა მასობრივ უკმაყოფილებაში არ გადაზრდილიყო.
ამიტომ თუკი სალომე ზურაბიშვილი რამე ფორმით მაინც მოახერხებს და ისეთ ნაბიჯებს გადადგამს, რაც მართველი გუნდისთვის თავის ტკივილად იქცევა, ეს ისევ მმართველი გუნდის სისუსტით იქნება განპირობებული და არა იმით, რომ ზურაბიშვილს პოლიტიკური ამბიციები შეაწუხებს.

გიორგი აბაშიძე