სესხების განულება _ დიდი პოლიტიკური ბლეფი თუ ფინანსური მაქინაცია?


კარტოფილს, ხახვს, დაშინებასა და გაყალბების სხვა წარმოუდგენელ და აქამდე უცნობ მეთოდებს თავი რომ გავანებოთ, იმისთვის, რომ პრეზიდენტობის ე. წ. დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს მეხუთე და ბოლო არჩეული პრეზიდენტი გამხდარიყო, „ოცნებამ“ ყველაფერი გაიღო და ყველაფერზე წავიდა. ამ მხრივ ყველაზე მასშტაბური სახე ვალების განულების პროგრამას ჰქონდა, რომელშიც 600 ათასი მოქალაქე მოხვდა.

არადა, თუ უახლოეს წარსულს გავიხსენებთ, მშიერი ხალხი, რომელიც ბანკებისა და სხვადასხვა ფინანსური ორგანიზაციისგან აღებულ ფინანსურ ვალდებულებებს თავს ვეღარ ართმევდა, ხელისუფლებას, წინას თუ მოქმედეს, დროგამოშვებით მიმართავდა და სთხოვდა, რომ რამე გამოსავალი მოეძებნა. გამოსავალი კი მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მოიძებნა.
ეს უკვე ის დროა, როცა „ოცნებამ“ იცოდა, რომ სალომე ზურაბიშვილს მეორე ტურში გამარჯვება გაუჭირდებოდა და ამიტომ რაღაც უნდა მოეფიქრებინა.
რასაკვირველია, თავისთავად კარგია, რომ 600 ათასი ადამიანი ახალ წელს, მთავრობის წევრების სიტყვებით რომ ვთქვათ, ვალის გარეშე შეხვდება, მაგრამ როგორც ყველა მედალს, ამ მედალსაც აქვს მეორე მხარე.
ყველაზე მთავარი კი, ალბათ, ის არის, რომ ვალების მასშტაბური განულების პროექტმა მარტო ქართველი ექსპერტები და ანალიტიკოსები კი არა, დასავლელი დამკვირვებლებიც დაშოკა.
უცხოელებმა 28 ნოემბრის არჩევნების შემდეგ პირდაპირ გააკეთეს მინიშნება, რომ ეს ინიციატივა შესაძლოა, ამომრჩევლის მასობრივი მოსყიდვის ნიშნებს შეიცავდეს.
მოსყიდვაზე აკეთებდნენ და აკეთებენ აქცენტს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორისა და საარჩევნო პროგრამების კოორდინატორ ირმა პავლიაშვილის განმარტებით, „კანონმდებლობის მიხედვით აკრძალულია: საარჩევნო სუბიექტებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისთვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა, შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე, მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით“.
ამასთან, საია-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები ამომრჩევლების კმაყოფილების დონის აწევას ემსახურება, რომ კენჭისყრის დღეს ელექტორატს შესაბამისი განწყობა ჩამოუყალიბდეს.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონის მიხედვით, პარტიას მატერიალური ან არამატერიალური სიკეთის დაპირებაც კი ეკრძალება. აღსანიშნავია, რომ აქ საკმაოდ ფართო პირთა წრეზეა საუბარი. ეს რეგულაცია კანონში საჭიროა იმისთვის, რომ სახელმწიფო ფულით არ ხდებოდეს ადმინისტრაციული რესურსის, საბიუჯეტო სახსრების გამოყენება და კონკრეტული მმართველი პარტია არ აღმოჩნდეს პრივილეგირებულ მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში, მმართველი პარტია არ არის საარჩევნო სუბიექტი, მაგრამ ის აქტიურად უჭერს მხარს კონკრეტულ კანდიდატს, ჩართულია აგიტაციაში და ცდილობს, რომ ამომრჩევლის კმაყოფილების დონე აიწიოს და მათ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს დაუჭიროს მხარი“, _ აღნიშნა საია-ს წარმომადგენელმა, ირმა პავლიაშვილმა მას შემდეგ, რაც მთავრობამ ზემოხსენებული ინიციატივა გაახმაურა.
თავდაპირველი ინფორმაციით, ვალების განულების საიტი 3 დეკემბერს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა პორტალის ამუშავება რამდენიმე დღით დაგვიანდა. მას შემდეგ, კი რაც ცნობილი გახდა, რომ „ვალი.გე“ ფუნქციონირებდა, საიტს უამრავი ადამიანი მიაწყდა.
პირველ ეტაპზე საიტზე „თიბისის“, „საქართველოს ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ ე. წ. მეანაბრეების მონაცემები აიტვირთა. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ვალებს მოქალაქეებს ფონდი „ქართუ“ უფარავს, რომელთანაც 22 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არ თანამშრომლობს.
სხვათა შორის, სოციალურ ქსელში ვალების განულების პროგრამაც ერთგვარი დაპირისპირების საბაბი გახდა, ანუ „ქართული ოცნების“ ზოგიერთი მომხრე აპროტესტებდა, ვალი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს რატომ ჩამოეწერათო, თუმცა ამ პრეტენზიას მასობრივი სახე არ ჰქონია.
ახლა რაც შეეხება იმას, თუ რა მიიღეს ადამიანებმა ვალების ჩამოწერით. ჯერ ექსპერტების შეფასებებს გავეცნოთ და შემდეგ რამდენიმე იმ ადამიანს მოვუსმინოთ, რომელსაც ვალი ჩამოეწერა.
როგორც პროექტის დასაწყისში მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ვალების განულების შემდეგ ადამიანებს, რომლებსაც ბანკებსა და სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციასთან პრობლემები ჰქონდათ, თავისუფლად მიეცემათ ბიზნესსაქმიანობის დაწყების უფლება, თუმცა, როგორც ახლა ირკვევა, ვალები კი ჩამოიწერა, მაგრამ „კრედიტინფოდან“ არასტაბილურ გადამხდელთა მონაცემები არ წაიშლება, ანუ ადამიანებს, უბრალოდ, ფულს აღარავინ მოსთხოვს, თუმცა ისინი ხუთი წელი „შავ სიაში“ ისევ დარჩებიან და, შესაბამისად, ვერც ახალ ბიზნესსესხს აიღებენ და ვერც სრულფასოვან ეკონომიკურ აქტიურობას შეძლებენ.

გიორგი კეპულაძე _ „ფინანსური განათლების ცენტრის“ დირექტორი:
„სესხების განულების აქციის შემდეგ ვინც ვალიდან ამოვა, „კრედიტინფოს“ ბაზაში მაინც დარჩება. სრულად ინფორმაცია უარყოფითი საკრედიტო ისტორიის შესახებ მხოლოდ 5 წლის შემდეგ წაიშლება, ანუ კრედიტის გამცემ ორგანიზაციებს ზუსტი ინფორმაცია ექნებათ იმ მსესხებლების შესახებ, ვისაც 2018 წლის დეკემბერში კრედიტი ეპატია.
შესაბამისად, გადაჭარბებული მგონია ვარაუდი იმის შესახებ, რომ ვალიდან ამოსული ადამიანები აქტიურად ჩაერთვებიან ეკონომიკურ საქმიანობაში, რადგან ისინი ბანკებისთვის მაინც ყველაზე სარისკო მსესხებლები იქნებიან“.

რომან გოცირიძე _ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, დეპუტატი:
„პრივატბანკის“ წინაშე დავალიანების მქონე რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც ხანდაზმულობის ვადის (5 წელი) გასვლის გამო ამოღებული იყო მევალეთა „შავი სიიდან“, მასში კვლავ დააბრუნეს.
ეს კანონდარღვევაა. „საქართველოს ბანკმა“, რომელიც „პრივატბანკის“ სამართალმემკვიდრეა, უნდა დაადასტუროს ან უარყოს ეს ფაქტი. თუ კი, მაშინ რა მიზნით მოხდა ეს? _ იმიტომ ხომ არა, რომ უკვე ჩამოწერილი ვალების მქონე ადამიანები კვლავ მოხვედრილიყვნენ „ჩამოსაწერთა“ (გულისმოსაგებთა) სიაში და ამით გაეზარდათ სტატისტიკა?
ამ კითხვაზე პასუხი უნდა გაგვცეს, აგრეთვე, საკრედიტო ბიურომ და ეროვნულმა ბანკმა“.

რომან გოცირიძის ეს კითხვა რიტორიკულად დარჩა, რადგან პასუხი არც საკრედიტო ბიუროს გაუცია და არც _ ეროვნულ ბანკს.
სხვათა შორის, მოგვიანებით რომან გოცირიძემ ამ თემაზე კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ფონდი „ქართუ“ არავითარ მილიარდ-ნახევარს არ გადაიხდის:
„ეს არის მორიგი სატყუარა. ისეთ სესხებზეა საუბარი, რომელიც არასდროს იქნებოდა ბანკებისთვის დაბრუნებული და ისინი ისედაც აკეთებდნენ მათ რესტრუქტურიზაციას“.
ზოგადად, ვალების განულების პროექტს ეკონომიკის ექსპერტების სხვადასხვანაირი შეფასება მოყვა.

სოსო არჩვაძე _ ეკონომიკის ექსპერტი:
„განულების პროცესი სესხების მთლიანი მოცულობის 1/10-ს და უფრო ნაკლებს შეეხება. ლაპარაკია ხალხზე, რომელსაც 2000 ლარზე უფრო მცირე სესხი აქვს და ამ სესხების წილი მთლიან პორტფელში მცირეა. ეს ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად აღებული ვალებია, როცა ადამიანს ფული დასჭირდა და ბანკისგან ან სხვა საფინანსო ორგანიზაციისგან ისესხა, თანაც ეს ჩამოწერილი სესხებია და მათი ამოღების შანსი ძალიან დაბალია. ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ვერც კი წარმოედგინათ, რომ ამ ფულს უკან დაიბრუნებდნენ. მმართველი გუნდი მათ შედარებით ნაკლებ თანხას სთავაზობს იმ პირობით, რომ ამ ადამიანებს ვალს ჩამოაწერენ. ჩემი აზრით, კომერციული დაწესებულებები მოგებაში არიან, რადგან ეს, ფაქტობრივად, დაკარგული, „მკვდარი ფულია“, რომელსაც მაინც ვერ იბრუნებდნენ. ახლა კი მათ რაღაც ნაწილის ამოღების შანსი უჩნდება და ეს წინადადება მათთვის მისაღები უნდა იყოს. ამ გარიგებით ბანკები უიმედო სესხებს ჩამოწერენ და თანხის ნაწილს უკან დაიბრუნებენ, ფიზიკურ პირებს კი ვალები ჩამოეწერებათ. ასე რომ, ორივე მხარე მოგებული რჩება, ოღონდ „შავ სიაში“ მყოფი მომხმარებლები ისე თავისუფლად ვეღარ შეძლებენ ახალი ვალების აღებას, რადგან 2019 წლიდან ახალი რეგულაციები შედის ძალაში და თითოეული სესხის გაცემაზე შედარებით მკაცრი კონტროლი დაწესდება. ბანკი უარს ეტყვის სესხის გაცემაზე ყველას, ვისაც მომავალში მისი გასტუმრება გაუჭირდება. სესხის აღება შემოსავლის მიხედვით იქნება შესაძლებელი და ეს ხალხი ახალ სესხებს თავისუფლად ვეღარ აიღებს“.

მიხეილ თოქმაზიშვილი _ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი:
„თუ ვინმე დაეხმარება ადამიანს, რომელიც რთულ მდგომარეობაშია და შეიძლება ვალის გამო ყველაფერი დაკარგოს, ამაში ცუდი არაფერია. მით უმეტეს, ამ ღონისძიებით ბანკებიც სარგებელს იღებენ და ის ადამიანებიც, რომელთაც ვალს დაუფარავენ. მხოლოდ ის კომერციული ბანკი ჩავარდება რთულ მდგომარეობაში, რომელიც ვალის დაფარვას იკისრებს, რადგან აქტივები შეუმცირდება.
ამასთან, თუ ეს თანხა მიმოქცევაში ერთბაშად გამოვა, ამან შეიძლება, უარყოფითი გავლენა იქონიოს როგორც ვალუტის კურსზე, ასევე – მთელ ქართულ ეკონომიკაზე. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ფონდი „ქართუ“ შეეცდება, უიმედო ვალები თანდათან დაფაროს და ეს პროცესი დროში გაანაწილოს.
ვიცნობთ ხალხს, რომელმაც ბევრი რამ გაყიდა, რომ ბანკის ვალი დაეფარა. ახლა ეს ხალხი ნანობს, რა მეჩქარებოდა, ვალებს რომ ვიხდიდიო. ამიტომ არავის უნდა ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ მსგავსი რამ ყოველი არჩევნების დროს გაკეთდება და ვალების ჩამოწერა ტრადიციად იქცევა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს ერთჯერადი აქტია და ვალს გასტუმრება სჭირდება“.

ქეთევან კრიალაშვილი _ ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი:
„ადამიანებს თავიდან გაცილებით ნაკლები თანხა ჰქონდათ ნასესხები, მაგრამ დროთა განმავლობაში, თავდაპირველ 500 თუ 600 ლარს, დიდი რაოდენობით პროცენტი დაემატა და ამის გამო გახდა 2000 ათასი ლარი, მთლიანობაში კი – 1,5 მილიარდი. ერთი ფონდიც არ მეგულება, რომელიც ამხელა თანხას ნახევარ თვეში დახარჯავს, ამიტომ ფონდი „ქართუ“ ძირი თანხის გადახდას აპირებს და არა – მთლიანი ფულის, რომელიც მსესხებლებს პროცენტებთან ერთად დაუგროვდათ.
ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს უიმედო ვალებია, რომელსაც მთლიან პორტფელში მხოლოდ 5% უკავია, დანარჩენი 95% ვალებს კეთილსინდისიერად იხდის და კომერციული დაწესებულებები უიმედო ვალების კომპენსაციას ამ გზითაც ახერხებენ. მოკლედ, ისინი არაფერს კარგავენ. რას შეცვლის ჩვენს ეკონომიკაში უიმედო ვალების გასტუმრება? – თითქმის არაფერს. ეს ფული კერძო სექტორის გასაძლიერებლად და ახალი საწარმოების ასაშენებლად რომ დახარჯულიყო, ჩვენი ეკონომიკა უფრო მოიგებდა, ახლა კი მას არანაირი ეკონომიკური ეფექტი არ ექნება. უბრალოდ, მივიღებთ ადამიანებს, რომლებსაც ვალი აღარ ექნებათ და ამით პრობლემები შეუმსუბუქდებათ“.

ის, რომ „შავ სიაში“ მაინც დარჩება და ეკონომიკური სიკეთეებით ვერ ისარგებლებს, ვალჩამოწერილი მოქალაქეების ნაწილმა იცის. ამასთან, ნაწილი იმასაც ამბობს, რომ ვალის ჩამოწერით მის ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ კერძო საკრედიტო ბიუროს წარმომადგენლები პერიოდულად აღარ დაურეკავენ და ნერვებს აღარ მოუშლიან.

44 წლის ნუგზარი ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც „ვალი.გე“-ზე საკუთარი გვარი აღმოაჩინა და ისიც გაიგო, რომ თურმე, 16 ათასამდე ლარი გაუნულდა, თუმცა ამის გამო ნუგზარი თავს უბედნიერეს ადამიანად არ გრძნობს და „ვალების ჩამოწერას“ აფერას უწოდებს.
_ ალბათ, გახსოვთ, დაახლოებით, 10 წლის წინ საქართველოში ე. წ. სწრაფი განვადებების ბუმი დაიწყო. იმავე პერიოდში ბანკები პირდაპირ ქუჩაში არიგებდნენ საკრედიტო ბარათებს, რომელზეც გარკვეული თანხა იყო დარიცხული და თუ ამ თანხას გამოიყენებდი, თვის ბოლოს ისევ უკან უნდა დაგებრუნებინა. მაშინ შედარებით ახალგაზრდა ვიყავი, ერთი „მობილური“ მომწონდა ძალიან, სადღაც ათას ლარამდე ღირდა, მაგრამ ერთიანი თანხა არ მქონდა. იმ დროს ჩემი სამსახური, მეტ-ნალებად, სტაბილური იყო და არც ანაზღაურებას ვუჩიოდი. ჰოდა, ვიფიქრე, რომ სწრაფი განვადებით ვისარგებლებდი და ტელეფონს შევიძენდი. ასეც მოვიქეცი. რამდენიმე თვის განმავლობაში განვადებას პატიოსნად ვიხდიდი, მაგრამ, ამასობაში, აგვისტოს ომი დაიწყო, ხელფასმა დააგვიანა და იმ თვეში პროცენტის შეტანა ვერ მოვახერხე. მერე ისე მოხდა, რომ ჩვენი კომპანია გაკოტრდა და კარგა ხნის განმავლობაში უმუშევარი ვიყავი. განვადების გადახდა კი არა, მარტო იმაზე ვფიქრობდი, შვილებისთვის პური როგორ მეყიდა, რომ შიმშილით არ დახოცილიყვნენ.
ამ ამბებიდან ერთი წელი იქნებოდა გასული, შინ ვიღაც ორი ტიპი რომ მომადგა. ორივე ისე იქცეოდა, თავიდან ვიფიქრე, პოლიციიდან იყვნენ და გამიკვირდა, რას მედავებიან-მეთქი, თუმცა ლაპარაკში გავარკვიე, რომ რომელიღაც საკრედიტო კომპანიის წარმომადგენლები ყოფილან. უცნობებმა ისიც თქვეს, რომ ადრე პოლიციაში მუშაობდნენ და დამემუქრნენ, თუ განვადების დავალიანებას არ გადაიხდი, ახლავე განყოფილებაში წაგიყვანთო.
_ რა დავაშავე, დაჭერით რომ მემუქრებით-მეთქი? _ უკან არ დავიხიე.
_ ბიჭო, ცოტა სიტყვები შეარჩიე და ისე გველაპარაკე, _ შემომიბღვირეს, _ იმაზე მეტი რაღა უნდა დაგეშავებინა, რომ სხვისი საკუთრება თაღლითურად მიითვისეო?
_ ვისი ან რომელი საკუთრება-მეთქი? _ დავინტერესდი.
_ აი, მობილურიო.
_ არაფერი მიმითვისებია და არც თაღლითი ვარ-მეთქი, _ უკან არ დავიხიე. მივტრიალდი, განვადებით გამოტანილი „მობილური“ გამოვიტანე, განვადების ხელშეკრულებაც მოვძებნე და დაუპატიჟებელ სტუმრებს ვუთხარი, _ აი, ძმაო, მობილურიც აქ არის და ხელშეკრულებაც, რომელშიც წერია, რომ თუ განვადებას ვერ გადავიხდი, იმ ნივთის ამოღება შეგიძლიათ, რომელიც განვადებით მაქვს გამოტანილი-მეთქი.
ვეღარაფერი მითხრეს და წავიდნენ. ამის შემდეგ პერიოდულად მირეკავდნენ და მემუქრებოდნენ, რომ განვადება გადამეხადა. ამასობაში, უკვე სამი წელი იყო გასული და ვიცოდი, რომ ბანკის წინაშე ვალდებულება აღარ მქონდა.
მახსოვს, „საკრედიტოს“ ოპერატორმა ერთხელ ისიც შემომთავაზა, ხუთი ან ათი ლარი გადაიხადეთ და ამის მერე განვადების დაფარვის ახალ გრაფიკს გაგიკეთებთო. ვუთხარი, კი ბატონო, მაგრამ რასაც მეუბნებით, ამაზე ხელშეკრულება გამომიგზავნეთ-მეთქი, მაგრამ ეს აღარ ესიამოვნა.
როგორც გავარკვიე, ხუთი-ათი ლარის გადახდას იმიტომ მთხოვდა, რომ განვადება გაცოცხლებულიყო. არადა, ამ დროს დავალიანება ბანკის მიმართ აღარ მქონდა, რადგან ყოველი წლის ბოლოს, როგორც ვიცი, ბანკი უიმედო სესხებს ჩამოწერს. ამ ჩამოწერილ სესხებს კერძო საკრედიტო კომპანიები ყიდულობენ და სწორედ ისინი უშრობდნენ მოსახლეობს სისხლს, _ უყვება ნუგზარი „ქრონიკა+“-ს, რომელიც დასძენს, რომ მთავრობის ინიციატივით სწორედ ამ გადაუხდელი განვადების დავალიანება გაუნულდა, რომლის ძირი თანხა 1000 ლარს არ აღემატებოდა, მაგრამ წლების განმავლობაში ძირ თანხას საურავები დაემატა და 16 ათასამდე ავიდა:
_ ეს ისედაც უიმედო სესხი იყო, ბანკმაც იცოდა და კერძო საკრედიტო კომპანიამაც, რომ ჩემგან თეთრსაც ვერ ამოიღებდა, მაგრამ კერძო საკრედიტო კომპანიის წარმომადგენლები პერიოდულად მაინც ცდილობდნენ, შევეშინებინე. ახლა კი ეს ოპერატორები ვეღარ დამირეკავენ და მარტო ეს შეიცვალა ჩემთვის, _ ამბობს ნუგზარი.

ნანას, რომელიც მარტოხელა დედაა და ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, იმედი ჰქონდა, რომ ვალების განულების პროგრამაში მოხვდებოდა, მაგრამ ახალგაზრდა ქალის იმედი არ გამართლდა _ ის მიკროსაფინანსო კომპანია, რომლიდანაც, დაახლოებით, წელიწად-ნახევრის წინ ნანამ ვალი აიღო, რომ კომუნალური გადასახადები დაეფარა, ვალების პროგრამაში არ მონაწილეობს. ამიტომ ნანა იძულებულია, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას პროცენტები კიდევ უხადოს, თუმცა პროცენტის გადახდას რეგულარულად ვერ ახერხებს.
ამიტომ ძირი თანხა, რომელიც 500 ლარი იყო, ახლა სამჯერ მეტია და ნანამ არ იცის, ამ ვალის გადახდას ოდესმე შეძლებს თუ არა, რადგან მისი ერთადერთი შემოსავალი ობლების პენსია და სოციალური დახმარებაა.
ნანა ერთადერთი არ არის, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ ვალების პროგრამა შეეხებოდა. არც ნუგზარია ერთადერთი, რომელსაც უიმედო სესხი ჩამოეწერა. ამ ისტორიებიდან გამომდინარე, რეალურად ჩნდება მოსაზრება, რომ მთავრობამ არჩევნების წინ, უბრალოდ, სიღარიბის პირას მდგარი ხალხის ემოციებზე ითამაშა და მათი გულების მოგება სცადა, თორემ, რეალურად, ვალების ჩამოწერა არ შეხებიათ, მაგალითად, იმ ადამიანებს, რომლებსაც ბანკებში, კრედიტების სანაცვლოდ, სახლები აქვთ ჩადებული და იმის გამო, რომ პროცენტის დაფარვას ვერ ახერხებენ, რეალური საფრთხის წინაშე დგანან, რომ დაკარგონ საცხოვრებელი და ღია ცის ქვეშ აღმოჩნდნენ.
ოფიციალური ინფორმაციით, ფონდ „ქართუს“ პროექტის თანახმად, ვალი გაუნულდება ყველა იმ მსესხებელს, რომელმაც 2018 წლის პირველ იანვრამდე ერთხელ ან რამდენჯერმე ისესხა 2000 ლარამდე თანხა და ვალის გადაუხდელობის გამო „შავ სიაში“ მოხვდა.
ასევე ოფიციალური ინფორმაციით, ნულდება ვადაგადაცილებული ვალდებულებაც, ძირი თანხის მოცულობისა და უზრუნველყოფის მიუხედავად, თუ სესხი ხანდაზმულია და ბოლო 3 წლის განმავლობაში თანხის გადახდა არ დაფიქსირებულა. როგორც ცნობილია, ეს უიმედო ვალები ფონდმა „ქართუმ“ გამოისყიდა და ამაში ბიუჯეტიდან ფული არ დაიხარჯება.
სხვათა შორის, ვიდრე მთავრობა ამ ინიციატვით გამოვიდოდა, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ნებისმიერი პირისთვის, რომელიც მოვალეთა „შავ სიაში“ იყო და ვერ იხდიდა ბანკებისა და მიკროსაფინანსოების ვალებს, ვალდებულებები ჩამოეწერა და ეს ადამიანები მყისიერად ამოეღო მოვალეთა „შავი სიიდან“. ვაშაძემ „ოცნებას“ ისიც ურჩია, რომ ამისთვის მთავრობას უნდა შეესყიდა ვალები და ბანკებთან ურთიერთობაში გაჭირვებული ხალხი ჩაენაცვლებინა.
ამასთან, ოპოზიცია ხელისუფლებას მაშინ სთავაზობდა, რომ საქართველოს პარლამენტს დაუყოვნებლივ მიეღო კანონი ბანკების მიერ დღემდე დარიცხული სანქცია-საურავების სრული ამნისტიის შესახებ. ეროვნულ ბანკს კი იპოთეკის პროცენტი გაენახევრებინა, რათა ბანკებს მევახშეობაზე უარი ეთქვათ და ნამდვილ საფინანსო ინსტიტუტებად ჩამოყალიბებულიყვნენ.
„ეს თუ არ გაკეთდა, საქართველოს ეკონომიკა უკიდურესად დაზარალდება და თავზე ჩამოგვექცევა და, სხვათა შორის, ამ ჩამოქცევას ვერც ბანკები გადაურჩებიან“, – განაცხადა იმ ბრიფინგზე გრიგოლ ვაშაძემ.
ამ ბრიფინგის საპასუხოდ ხელისუფლებამ თქვა, რომ ჭარბვალიანობის მოსაგვარებლად თვეებია, რაც მუშაობს. ამასთან, მთავრობამ ის ინიციატივა დააანონსა, რომელზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ.
ვალების განულების პროექტს მაშინვე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც განაცხადა:
„ეს არის ბლეფი, რადგან ეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც უიმედო სესხი აქვთ 2 ათას ლარამდე. ეს არაა მილიარდ-ნახევარი… კომერციული ბანკები ისედაც ჩამოწერდნენ უიმედო სესხებს, საშუალოდ, 50 მლნ.-ს წელიწადში. როგორც ჩანს, „ქართუ“ მცირეოდენ წაეშველება ბანკებს და შემდეგ ამას შეფუთავს დიდ ქველმოქმედებად.
ეს ინიციატივა არ ეხება ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს – იპოთეკურ სესხებს. რამდენიმე ათეულ ათას ადამიანს ემუქრება ბინებიდან გამოსახლება. საქართველოში სულ არის 400 მილიონი ლარის ოდენობის ვადაგადაცილებული დავალიანება. აქედან 2 ათას ლარამდე ნახევარზე ნაკლებია. მილიარდ-ნახევრის ხსნება თვალში ნაცრის შეყრაა.
დაბოლოს, ეს არის ივანიშვილის მიერ მორიგი კარტოფილის 5 კგ-ს გადაგდების დიდ ქველმოქმედებად შესაღების მცდელობა“.
სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც ვალების ჩამოწერის საიტი ამუშავდა, ცნობილი გახდა, რომ საბანკო დავალიანებები გარდაცვლილებსაც ჩამოეწერათ. ამის შესახებ მედიას გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა შეატყობინეს.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ვალჩამოწერილი ადამიანები რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალნენ.
ამას გარდა, გამოიკვეთა, რომ ვალების ჩამოწერის პროგრამაში გაბერილი სესხებია შეტანილი.
მაგალითად, ადვოკატი კახა ჩავლეიშვილი ამბობს, რომ მან ახლობლის მონაცემები გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ ის ვალი ჩამოაწერეს, რომელიც გარდაცვალებამდეც ხანდაზმული იყო.
ერთი ასეთი შემთხვევაც დაფიქსირდა: მოქალაქე ზაზა დოლიძემ ათი წლის წინ 750-ლარიანი ნივთი განვადებით გამოიტანა, თუმცა ნივთის დეფექტის გამო განვადებაზე უარი თქვა და ტექნიკა უკან დააბრუნა, მაგრამ ჰოი, საოცრებავ: ახლა აღმოაჩინა, რომ 10 წლის წინ აღებული განვადების თანხა გაზრდილა და ბანკის, თურმე, 25 ათასამდე ლარი ემართა.
„სესხი რომელიც მიფიქსირდებოდა „საქართველოს ბანკზე“, იყო „ვესტელთან“ ურთიერთობიდან გამომდინარე. პროდუქტი, რომელიც განვადებით უნდა შემეძინა 2007 წელს, უვარგისობის გამო უკან დავაბრუნე და „საქართველოს ბანკი“ გავაფრთხილე, რომ „ვესტელისთვის“ თანხა არ გადაერიცხა, მაგრამ მოხდა ისე, რომ სამი დღის შემდეგ თანხა მაინც გადაირიცხა. ამ თანხას დღემდე მედავებოდა „საქართველოს ბანკი“. ვალების განულების საიტზე შევამოწმე, თუ რამდენი მერიცხებოდა ვალი და ვიყავი თუ არა მოვალეთა რეესტრში. აღმოჩნდა, რომ 750 ლარში 25 060 ლარი მქონია დავალიანება. იწერება ის ვალები, რომელიც უკვე ვადაგასულია“, _ განუცხადა მედიას ზაზა დოლიძემ.
ასეა თუ ისე, ჯერ ვალებჩამოწერილი ხალხის ნაწილი ემოციაშია და ბედნიერია, რომ ახალ წელს ვალის არეშე შეხვდება, მაგრამ, ალბათ, დრო გამოაჩენს, სესხების განულების სამთავრობო პროექტი დიდი პოლიტიკური ბლეფია თუ ფინანსური მაქინაცია, რომლითაც ისევ ფინანსური ინსტიტუტები ნახავენ სარგებელსა და მოგებას.

გიორგი აბაშიძე