„ფაქტობრივად, უკვე ბევრმა დაკარგა სამსახური და იანვრიდან ამას გაცილებით მასშტაბური სახე ექნება…“

ახალი ბრძანებებისა და რეგულაციების კვალი სხვადასხვა მიმართულებაში აისახება, თუმცა ეს ცვლილებები, უმთავრესად, ადამიანების ბედს უკავშირდება იმდენად, რამდენადაც ბევრი უერთდება უმუშევართა საკმაოდ მრავალრიცხოვან არმიას.

იმის გამო, რომ საბანკო რეგულაციები კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს აქტიურად ზღუდავს (და ბაზრიდან აქრობს კიდეც), თანამშრომელთა საკმაოდ დიდი ნაწილი აღარ არის დასაქმებული _ მათ უკვე აღარ აქვთ გასაყიდი რაიმე სახის სერვისი. საფინანსო სექტორში თანამშრომლების შემცირების პროცესი უკვე დაიწყო და, სამომავლოდ, ამ პროცესის კიდევ მეტად გააქტიურებაა მოსალოდნელი.

„ქრონიკა+“ ესაუბრება „საზოგადოება და ბანკების“ თავმჯდომარე გიორგი კეპულაძეს:
_ რა რეგულაციები იგეგმება უახლოეს მომავალში საბანკო-საფინანსო სექტორში?
_ ეს რეგულაციები განხორციელდება ორ ეტაპად. პირველი დაიწყო უკვე მაისში, როდესაც საქართველოში ბანკებს დაევალა, რომ დეტალურად შეესწავლათ მსესხებლის ფინანსური შესაძლებლობები, რასაც, პრინციპში, ისინი აქამდეც აკეთებდნენ. თუკი მომხმარებელი საკუთარ შემოსავალს ვერ ადასტურებს (თვითდასაქმებული ადამიანების უმეტესობა, ამას, სამწუხაროდ, ვერ ახერხებს), მის მიმართ ბანკი სესხს არ გასცემს. ამან შეაჩერა სამომხმარებლო სესხების ზრდა საბანკო სექტორში.
ეს ყველაფერი, თავისთავად, აისახა ბაზარზეც, ანუ შემცირდა იმ პროდუქციის, საყოფაცხოვრებო ნივთების ჩამონათვალი, რომელიც სამომხმარებლო სესხებითა და განვადებით იყიდებოდა _ ამ პროდუქტების გაყიდვა შემცირდა და პრობლემები შეექმნათ ავეჯის, ტექნიკისა თუ სხვა მსგავსი პროდუქციის გამყიდველ მაღაზიებს, რომლებიც სწორედ საბანკო განვადებებზე მუშაობდნენ.
რაც შეეხება ახალ, წინასწარ დაგეგმილ რეგულაციებს, ეს არის ცვლილებები კოეფიციენტში _ ყოველდღიური გადასახდელი თანხის კოეფიციენტში, როგორიც გახლავთ, მაგალითად, ის, თუ რამდენიანი სესხისთვის შეგვიძლია, მივმართოთ, თუ გვაქვს ათასლარიანი ხელფასი. ამის ზღვარი დაწესდა, რაც კიდევ უფრო მეტად შეამცირებს სესხებზე ხელმისაწვდომობას და გარდა იმისა, რომ ბანკებს შეეზღუდება სესხების გაცემა, ასევე, ჩემი აზრით, უარყოფითად აისახება სხვადასხვა პროდუქციის გაყიდვაზე _ ძირითადად, საცალო გაყიდვაზე, როგორიც არის ტექნიკა, გაყიდვები სამშენებლო ბიზნესში, ავეჯი და ა. შ. მოგეხსენებათ, საქართველოში ძალიან ცოტას აქვს გამზადებული ფული იმისთვის, რომ ერთიანი გადახდით შეიძინოს ტექნიკა და სხვ.
სამწუხაროდ, ღარიბი ქვეყანა ვართ. შესაბამისად, ადამიანებს, მათთვის საჭირო პროდუქცია რომ შეეძინათ, ვალის აღება უწევდათ. შეიძლება, ხშირ შემთხვევაში, არ იყო გამართლებული, რომ დაბალშემოსავლიან ადამიანს ბოლო დონის ტექნიკა ჰქონოდა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ეს გაყიდვებს ხელს უწყობდა. შესაბამისად, თუ საბანკო სესხები შემცირდება, განვადების პროდუქტების გაყიდვებიც შემცირდება და შემდეგ ეს თავისთავად აისახება იქ დასაქმებულ ადამიანებზე, რადგან ეს კომპანიები შეეცდებიან, ხარჯები შეამცირონ და, შესაბამისად, შტატიც.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობის შემცირებას ველოდები, რადგან მათთვისაც მკაცრდება რეგულაციები. ამ ორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობა, ძირითადად, მუშაობდა სეგმენტზე, რომელსაც ბანკი არ აკრედიტებდა _ ანუ ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ შემოსავალს ვერ ადასტურებდნენ. შესაბამისად, ამ სეგმენტზე შეზღუდვები დაწესდება და მათ არ ექნებათ სესხებზე ხელმისაწვდომობა, პლუს _ მათ ეზრდებათ საწესდებო კაპიტალი, რაც ნიშნავს, რომ თუ არ იქნება შესაბამისი საწესდებო კაპიტალი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, უბრალოდ, რეგისტრაცია შეუჩერდება.
ეს, თავისთავად ცხადია, თანამშრომლების შემცირებას გამოიწვევს. რაც შეეხება კომერციულ ბანკებს _ სწორედ იმის გამო, რომ სამომხმარებლო ტიპის სესხების გაცემა შეიზღუდა, შეიძლება, შემცირება შეეხოს, მაგალითად, განვადების მენეჯერებს ან _ სხვა კადრებს.
მნიშვნელოვნად გაიზრდება უმუშევარ ადამიანთა რაოდენობა იმიტომ, რომ ბანკებში ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული _ მით უმეტეს, ქვედა დონეზე. ბანკი ასაქმებს ადამიანს მაშინ, როდესაც ის რაიმე მომსახურებას ყიდის და ამ ქმედებას სარგებელი მოაქვს. თუ ნებისმიერ კერძო ორგანიზაციაში ამ ადამიანის დასაქმება, უბრალოდ, ხარჯია და არავითარი შეღავათი და სარგებელი ამას არ მოაქვს, არავის აწყობს, ისეთი თანამშრომელი ჰყავდეს, რომელსაც ფულს საკუთარი ჯიბიდან გადაუხდის. თუ მან დატოვა იგივე ხარჯები და შეამცირა მოგება, შეიძლება, ეს კომპანია, საერთოდაც, გაკოტრდეს.
_ ეს და მსგავსი, კადრების შემცირებასთან დაკავშირებული სხვა რეგულაციები, როგორ იმოქმედებს ბიზნესზე?
_ ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი: როდესაც ვსაუბრობთ გარკვეულ რეგულაციებზე, უნდა ვიფიქროთ, რა შედეგი მოჰყვება ამ რეგულაციებს. თუ მისი შედეგი იქნება რომელიმე ბიზნესის შემცირება ან გაყიდვების შემცირება, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამას ბიუჯეტში გადასახადების შემცირებაც მოჰყვება და _ უმუშევრობის ზრდაც. შეიძლება, ეს არ იყოს კატასტროფული და ამით ქვეყანა არ დაიქცეს, მაგრამ ეროვნული ბანკიც თავიდანვე აღნიშნავდა, რომ შესაბამის რეგულაციას მოკლევადიან პერსპექტივაში ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითი ეფექტი ექნებოდა.
დავაკვირდებით, როგორი იქნება ეკონომიკური ზრდა _ დაბალანსდება თუ არა ის „სხვა ფაქტორები“? თუმცა მესამე კვარტალში საქართველოში ინვესტიციების ისეთი მცირე რაოდენობა შემოვიდა, მეეჭვება, რომ ეკონომიკური ზრდა გვქონდეს. ამას მუშაობა სჭირდება.
ეს რეგულაციები, რომელიც ფინანსურ სექტორზე აისახება, თავისთავად, მათი მხრიდან ხარჯების შემცირებასა და თანამშრომლების შემცირებას გამოიწვევს, ეს კი კონკრეტულ ადამიანებზე დადებითად ვერ აისახება. ქვეყანაში, სადაც ისედაც ძალიან ბევრი უმუშევარია, კიდევ იქნება დამატებით ბევრად მეტი უმუშევარი ადამიანი.
_ ლოგიკური შეკითხვა: მაშ, ვისთვის იქნება ეს რეგულაციები სარგებლის მომტანი?
_ როგორც გვარწმუნებენ, ეს რეგულაციები სასარგებლო იქნება, ზოგადად, ქვეყანაში პასუხისმგებლიანი დაკრედიტების კუთხით და სასარგებლო იქნება განსაკუთრებით გაჭირვებული ადამიანებისთვის, რომლებიც იღებდნენ სესხს, შემდეგ ვეღარ ახერხებდნენ მის დაფარვას და, თითქოს, ეს შეამცირებს ჭარბვალიანობას. მაგრამ ჭარბვალიანობა გამოწვეულია სიღარიბისგან. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ სიღარიბეს და არა _ პირდაპირ ჭარბვალიანობას. სიღარიბესთან ბრძოლა კი ხდება სწორი ეკონომიკური პოლიტიკითა და ეკონომიკური ზრდით და არა _ უკუღმა. სიღარიბე რომ დავძლიოთ, ქვეყანა აუცილებლად უნდა განვითარდეს ეკონომიკური კუთხით _ მეტი დოვლათი უნდა შევქმნათ. ამისთვის უკეთ უნდა იმუშაოს მთავრობამ და ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, შესაბამისად, დადოს შედეგი განვითარებისთვის. მესმის, რომ ეს ვერ იქნება დღეს და ხვალ, მაგრამ, ნელ-ნელა, მოსახლეობის ცხოვრების დონე უნდა გაუმჯობესდეს და ადამიანებს მეტი ფული უნდა გაუჩნდეს ჯიბეში.
თავდაპირველი რეგულაციები, რომელიც პირველი ნოემბრიდან იგეგმებოდა, გაცილებით მკაცრი იყო, მაგრამ, საბედნიეროდ, როგორც საბანკო სექტორის, ასევე _ ჩვენი, არასამთავრობოების მხრიდან გარკვეული ძალისხმევის შედეგად ის შემსუბუქდა. ამ რეგულაციებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიაც აკრიტიკებდა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ რეგულაციების ის ფორმა, რაც ახლა შემოდის, ნაკლებად დამაზიანებელი იქნება საბანკო სექტორისთვის, თუმცა საბანკო სექტორს რაღაც ხარჯის შემცირება აუცილებლად მოუწევს.
ჩვენ ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ძალიან კარგი იქნება. თუ ბანკებს სასესხო პორტფელი და მოგება უმცირდებათ, ეს, ავტომატურად, ნიშნავს, რომ სესხი არ გაიცემა ისე, როგორც ადრე.
ეს შეეხება სხვა სექტორსაც _ საბანკო სექტორი გადაჯაჭვულია ეკონომიკის ყველა სხვა სექტორთან. შესაბამისად, თუ ბანკი სესხს ვერ გასცემს, ადამიანი, რომელიც სესხით ყიდულობდა რაღაცას, ვეღარ იყიდის და, ე. ი., ის პროდუქციაც ვეღარ გაიყიდება. ის პროდუქცია რომ ვეღარ გაიყიდება, შესაბამის კომპანიასაც პრობლემა შეექმნება _ ეს არის ჯაჭვური რეაქცია.
ეს არის ხელოვნური ჩარევები ეკონომიკაში _ ადმინისტრაციული ჩარევები, რაც, როგორც წესი, დადებით შედეგს არ იძლევა.
_ და თუ შეეძლო საბანკო-საფინანსო სექტორს რაიმე ალტერნატივის შეთავაზება იმ კადრებისთვის, რომლებიც უმუშევრები რჩებიან?
_ საბანკო სექტორს ჰყავს რეგულატორი _ ეს არის ეროვნული ბანკი. ის მუშაობს რეგულაციების მიმართულებით და მის მოვალეობაში შედის როგორც ზედამხედველობა საბანკო სექტორსა და საფინანსო სექტორზე, ასევე მას ეხება ამ რეგულაციების შემოღება.
საკმაოდ აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობდა კერძო საბანკო სექტორსა და ეროვნულ ბანკს შორის. სწორედ ამ კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების შედეგად ის შედეგი მივიღეთ, რომ კონკრეტული სექტორები შეთანხმებამდე მივიდნენ.
კადრების შემცირების პროცესი უკვე მაისის შემდეგ დაწყებულია, რაც სამომხმარებლო-სასესხო პორტფელმა დაიწყო შემცირება. შესაბამისად, ბანკს აღარ სჭირდება ამდენი თანამშრომელი და, სამწუხაროდ, მას შემცირებების გატარება უწევს. როგორ აისახება ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანასა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე, მომავალში ვნახავთ.
_ მაინც, გავაანალიზოთ: როგორ შეიძლება, აისახოს?
_ არსებობს ორი მხარე. პირველი მხარე ეხება ადამიანთა იმ კატეგორიას, რომელიც არ იყო მზად სესხის ასაღებად, თუმცა მიდიოდა და მაინც იღებდა ონლაინ და სხვა ტიპის სესხებს. ორგანიზაციები ამ სესხებს შემოსავლის შესწავლისა და დადასტურების გარეშე გასცემდნენ, რაც ძალიან დიდი პრობლემა იყო. თუმცა ახალმა რეგულაციებმა, რომელიც ეფექტიანი საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვრის 50%-მდე ჩამოწევას ეხება, რეალურად, შეზღუდა ეს კომპანიები და ამ რეგულაციებმა აიძულა ისინი, დეტალურად შეისწავლონ მსესხებლის ფინანსური შესაძლებლობები და მხოლოდ ამ შემთხვევაში გასცენ სესხი. ადამიანები, რომლებსაც პარალელურად ჰქონდათ რამდენიმე ონლაინსესხი, მაგრამ შეიძლება, დამატებით კიდევ აეღოთ, ალბათ, ამ კუთხით შეიზღუდებიან.
თუმცა, ჩემი აზრით, ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა ნამდვილად არ ღირს. განსაკუთრებით ეს არ უნდა აისახოს საშუალო ფენაზე, რომელიც (თვიდან თვემდე) ხელფასით ირჩენს თავს და ახერხებს საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას სხვადასხვა ტიპის სესხის აღებით. შესაბამისად, რეგულატორსაც და საფინანსო სექტორსაც მოუწევს ბეწვის ხიდზე გავლა, რომ, ერთი მხრივ, არ დაზარალდნენ ადამიანები, რომლებიც ისედაც ჭარბვალიანები არიან და, პლუს, არ დაზარალდნენ ის ადამიანები, რომლებსაც სურთ, სწორედ საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად აიღონ სესხი.

აღნიშნულ საკითხზე, „ქრონიკა+“ საბანკო პროდუქტების ექსპერტ დავით კიკვიძესაც ესაუბრა:
_ პირველ ყოვლისა, რატომ გახდა საჭირო საფინანსო სექტორში შესაბამისი რეგულაციების ამოქმედება?
_ მიზეზი, რის გამოც ეროვნულმა ბანკმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, გახლავთ ჭარბვალიანობა, რასაც ის თავად არქმევს და ის სასესხო კრიზისი, რის შესახებაც ეროვნულ ბანკს აქვს წარმოდგენა, რომ ჩვენს მოქალაქეებს ძალიან ბევრი ვალი აქვთ და, სესხის მომსახურების თვალსაზრისით, მათ ზედმეტად დიდი ტვირთი აწევთ.
ზუსტად ამის გამო, თითქმის, ბოლო ორი წელიწადია, რაც საქართველოს ეროვნული ბანკი, პერიოდულად, სხვადასხვა ახალ ბრძანებასა და რეგულაციას გამოსცემს. ამის გამო უკვე ნათელია გაყიდვების საკმაოდ სერიოზული შევიწროება. მით უმეტეს, ახალი წლიდან კიდევ დამატებითი რეგულაციები შემოდის, რომელიც კიდევ უფრო დიდ ზეწოლას მოახდენს ფინანსურ სექტორზე იმ კუთხით, რომ დაკრედიტება შემცირდება. ფაქტობრივად, ონლაინსესხების ბაზარი თითქმის საერთოდ გაქრა. ანუ თითქმის არც ერთი მსხვილი კომპანია არის ჩვენს ბაზარზე _ ბაზრიდან ყველა გადის. საბოლოოდ, ჩვენი ქვეყანა საკმაოდ შენელებულ ეკონომიკას მიიღებს და დაკრედიტების შემცირება, თავისთავად, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე აისახება.
_ საფინანსო სექტორს თუ შეეძლო რაიმე ალტერნატივის შემოთავაზება იმისთვის, რომ ამდენი უმუშევარი კადრი თავიდან აგვეცილებინა?
_ ეს საკმაოდ რთული სათქმელია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ამ დროს აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული, გახლავთ ბიზნესინტერესები, რაც, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, ეროვნულმა ბანკმა არ გაითვალისწინა. არ გაითვალისწინა იმ კუთხით, რომ ისეთი ტიპის საპროცენტო ზღვრები შემოიღო, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს მაღალრისკიანი სასესხო პროდუქტების ბაზრიდან გაქრობას. ეს იმიტომ, რომ, რეალურად, მაღალი პროცენტი თავისთავად გახლავთ რისკის ადეკვატური _ მე რაც უფრო მაღალ რისკს ვწევ ჩემს საქმიანობაში, მით უფრო მაღალი სარგებელი უნდა მივიღო. ეს, სამწუხაროდ, ეროვნულმა ბანკმა აკრძალა. შესაბამისად, სესხები აღარ იქნება გაცემული მაღალი საპროცენტო განაკვეთით. რეალურად, მან ამ ნაბიჯით მომხმარებელს შეუზღუდა ალტერნატივა _ შეუზღუდა არჩევანის გაკეთების უფლება.
ეროვნულმა ბანკმა ამ ტიპის ინტერესები, სამწუხაროდ, აღარ გაითვალისწინა. მან მიიღო, უფრო მეტად, სოციალური ტიპის გადაწყვეტილება, ვიდრე _ ეკონომიკური თვალსაზრისით, რაც, საბოლოოდ, მაინცდამაინც სწორი ნაბიჯი არ არის _ ჩემი აზრით, რასაკვირველია.
ფაქტობრივად, უკვე ბევრმა დაკარგა სამსახური და იანვრიდან ამას გაცილებით მასშტაბური სახე ექნება. ვინც უნდა წასულიყო, ის თანამშრომლები კომპანიებმა უკვე გაუშვეს სამსახურიდან. ალბათ, პატარა სეგმენტი დარჩა, რომელიც იანვარში ამ ადამიანებს შეუერთდება და უმუშევრად დარჩება. თუმცა, ამ მიმართულებით, ეროვნულ ბანკს ნაბიჯი არ გადაუდგამს _ ეს პროცესი თანდაყოლილი მოცემულობაა ახალ რეგულაციებთან მიმართებით. ეს, თავისთავად, ეროვნულმა ბანკმა იცოდა, როდესაც შესაბამის გადაწყვეტილებას იღებდა და მისთვის მისაღები გახლდათ ასეთი ტიპის ქმედება.
ცხადია, უმტკივნეულოდ არც ერთი ტიპის რეგულაცია არ გადადის. თუმცა მნიშვნელოვანია, ეს ტკივილი რამდენად მძაფრი და ძლიერი იქნება _ ეს არის ყველა რეგულაციის ამოსავალი წერტილი. აქედან გამომდინარე, შედეგებს უნდა დაველოდოთ, დაახლოებით, მომდევნო წლის გაზაფხულზე მაინც. ამის შემდეგ ჩვენ უკვე თვალნათლივ დავინახავთ, რა პრობლემას გადავაწყდით და რამდენად იმოქმედებს ეს რეგულაცია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ საკმაოდ თვალსაჩინო სურათი გვექნება _ ეკონომიკური ზრდის მიმართულებით ჩვენ აუცილებლად გვექნება გარკვეული ცვლილებები _ ნეგატიური კუთხით.
_ როგორ აისახება შესაბამისი რეგულაციები ბიზნესზე?
_ ხსენებული რეგულაციები ბიზნესზე პირდაპირ გავლენას იქონიებს იქიდან გამომდინარე (დაკრედიტების კუთხით), რომ, როგორც უკვე ვთქვით, სამომხმარებლო ხარჯები შემცირდება. შესაბამისად, ის სამომხმარებლო ხარჯები, რომელსაც საზოგადოება ხარჯავდა სხვადასხვა ტექნიკისა თუ ყოველდღიური საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად, თავისთავად, შეიკვეცება და ძალიან შემცირდება. რა თქმა უნდა, ეს აუცილებლად მოახდენს ბიზნესზე პირდაპირ გავლენას.
თუმცა აქ არის მეორე მხარე: კარგი იქნება, თუ მოხდება ბიზნესის წახალისება ბიზნესის დაფინანსების თვალსაზრისით _ ანუ თუ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ბანკები ფიზიკურ პირებს უზღუდავენ ზედმეტი სესხის აღებას და ამ სესხების გარკვეული ნაწილი ისევ ბიზნესში გადადის იმიტომ, რომ ეს ადამიანები ყიდულობენ წარმოებულ პროდუქციას _ ეს, რა თქმა უნდა, შემცირდება. თუმცა, მეორე მხრივ, ეროვნულმა ბანკმა იმაზე უნდა იზრუნოს, რომ კომერციულმა ბანკებმა დაკრედიტების აქცენტი უკვე ბიზნეს სექტორზე გადაიტანოს და არა -_ საცალო დაკრედიტებაზე.
_ ვის მოუტანს სარგებელს ეს რეგულაციები?
_ როგორც ეროვნული ბანკი ამბობს, საბოლოო ჯამში, ეს სარგებელი, უპირველესად, მომხმარებელზე უნდა აისახოს _ უნდა შემცირდეს არსებული ჭარბვალიანობა და თვითონ ფიზიკურ პირებს უკვე აღარ ექნებათ დიდი რაოდენობით ვალის მომსახურების ტვირთი. ეროვნული ბანკის თქმით, ეს სწორედ იქითკენ არის მიმართული, რომ ეკონომიკა გაჯანსაღდეს. თუმცა, სიმართლე გითხრათ, გაჯანსაღების ეს გასაღები ჩემთვის, მაინცდამაინც, ბოლომდე მისაღები არ არის. ადამიანებს ეკარგებათ გარკვეული შანსები. მათ აღარ ექნებათ სესხების აღების შესაძლებლობა _ მათ აღარ ექნებათ ალტერნატივა, აღარ ექნებათ მოკლევადიანი ხარჯების დაფინანსების შესაძლებლობა.
რეალურად, დღეს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი სესხით ცხოვრობს, იქიდან გამომდინარე, რომ მათი ყოველთვიური შემოსავალი არ არის მათთვის საკმარისი, რომ თვიდან თვემდე დაიფინანსონ საკუთარი ყოველდღიური ხარჯები. ამიტომ ისინი იძულებულები ხდებიან, აიღონ სესხები, განვადებები და ა. შ. ეს შესაძლებლობები რომ შეიზღუდება, აქ უკვე ალტერნატიული გზა გამოჩნდება. ეს გზა, სავარაუდოდ, ჩრდილოვანი ეკონომიკა იქნება _ მევახშეები და ა. შ. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც სესხებით ძალიან ხშირად სარგებლობდა და დღეს ვეღარ ისარგებლებს, სწორედ ხსენებულ ჩრდილოვანი ეკონომიკის გზას დაადგება. ასე რომ, საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე ვდგავართ…

მარიამ ტიელიძე