ლევან თარხნიშვილი: „ქართული ოცნება“ უნდა ვაიძულოთ, ცვლილებებზე წავიდეს“

ოპოზიცია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასა და საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მოითხოვს. ამ საკითხზე „ქრონიკა+“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ცესკო-ს ყოფილ თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილს ესაუბრა:

_ ოპოზიცია საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ითხოვს. ცვლილებებს, რომელმაც მნიშვნელოვნად უნდა შეცვალოს ქვეყანაში საარჩევნო გარემო. კონკრეტულად რა არ მოსწონს ოპოზიციას არსებულ საარჩევნო კოდექსში?
_ შესაძლებელია, საარჩევნო საკითხები დავაჯგუფოთ სამ ნაწილად: 1. საპარლამენტო არჩევნების სისტემა; 2. საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი;ა 3. ზოგადად საარჩევნო გარემო. შევეხოთ თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე.
2016 წლის არჩევნებმა და შემდგომა მოვლეენბმა აჩვენა, რომ დღევანდელი ე. წ. შერეული სისტემა არ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს და მეტიც _ ხელს უწობს ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის შექმნას. პირველად 21-ე საუკუნეში პოლიტიკურმა პარტიამ, რომელმაც მიიღო ხმების ნახევარზე ნაკლები, მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის ხარჯზე საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო და შემდეგ რაც მოხდა, ყველას გვახსოვს _ მიუხედავად მთელი ოპოზიციური სპექტრის, არასამთავრობო სექტორის, ექსპერტებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგობისა, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი სურვილის მიხდვით გადააკეთა კონსტიტუცია, წაართვა მოსახლეობას პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის უფლება, 2024 წლამდე გადაწია პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, დაასუსტა პრეზიდენტის ინსტიტუტი, სასამართლო ხელისუფლება და, ზოგადად, სახელმწიფო ინსტიტუტები. ამ ყოველივემ გააღრმავა ის ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ქვეყანა ისედაც იმყოფებოდა. სწორედ ამიტომ მაშინაც და ახლაც ჩვენ ვამბობთ: კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა პროპორციულ სისტემაზე გადასვლაა. ამ სისტემით ყველა პარტია მიიღებს ზუსტად იმდენ მანდატს, რამდენი ხმაც აქვს და გამოირიცხება რომელიმე ერთი პოლიტიკური ძალის ხელოვნური დომინაცია. ჩვენ მივიღებთ სისტემას, სადაც პოლიტიკური ძალები იძულებული იქნებიან, წავიდნენ ერთმანეთთან მოლაპარაკებებზე, დათმობებსა და შეთანხმებებზე. ეს ჩვენ პოლიტიკურ კლიმატს მხოლოდ გააჯანსაღებს და დებატებს კიდევ ერთხელ და საბოლოოდ გადაიტანს პარლამენტში.
2018 წლის საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი შესაცვლელია. დღეს ყველა დონეზე „ქართულ ოცნებას“, ფაქტობრივად, 2/3-იანი უმრავლესობა აქვს და ნებისმიერ გადაწყვეტილებას ოპოზიციური აზრის გაუთვალისწინებლად იღებენ. შესაბამისად, ესეც შესაცვლელია.
და ბოლოს 2018 წელს მთელი სიმწვავით გამოჩნდა ის პრობლემები, რომელიც დღევანდელ საარჩევნო გარემოს აქვს: ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება და ზეწოლა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ფინანსების არათანაბრად გადანაწილება და კამპანიის მიმდინარეობის წესების დარღვევა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა და სხვა დარღვევები. ჩვენი პოზიციაა, რომ ამ დარღვევებმა გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე და სწორედ ამიტომ ქ-ნ სალომეს პოლიტიკურ ლეგიტიმაციას ექმნება პრობლემები. აუცილებელია საარჩევნო გარემოს ძირეული ცვლილება. „ევროპულ საქართველოს“ შემუშავებული აქვს წინადადებების პაკეტი, რომელიც სხვა ცვლილებებთან ერთად ითვალისწინებს სპეციალური საარჩევნო აუდიტორისა და პროკურორის არჩევას ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის მიერ. ამ აუდიტორმა და პროკურორმა უნდა მოახდინოს რეაგირება ფინანსურ საკითხებზე და საარჩევნო დარღვევებზე. ასევე ეს პაკეტი ითვალისწინებს ზომებს, რომელიც უზრუნველყოფს ხმის მიცემის ფარულობას და მინიმუმამდე დაიყვანს ამომრჩეველზე ზეწოლას და მის მოსყიდვას, აგრეთვე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას.
_ ე. ი. დასახელებული _ „არმოწონებული“ ნორმები ხელს უშლის პოლიტიკურ სპექტრს. მაგრამ უმნიშვნელო ცვლილებების მიუხედავად, სწორედ ამ კოდექსით შეძლო ამჟამიდელმა ხელისუფლებამ წინა ხელისუფლების დამარცხება. ეს არის ერთ-ერთი არგუმენტი მოქმედი ხელისუფლებისა და მისი მხარდამჭერი ექსპერტების, რომლებიც სულაც არ ეთანხმებიან კოდექსში ძირეული ცვლილებების შეტანას. რას უპასუხებდით მათ?
_ მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წელს „ქართული ოცნება“, სხვა ბევრ დაპირებასთან ერთად, საარჩევნო სისტემის დაუყოვნებლივ ცვლილების დაპირებას იძლეოდა. შესაბამისად, ლოგიკურია, მოვთხოვოთ მათ, 8 წლის შემდეგ მაინც შეასრულონ დანაპირები. არავინ ამბობს, რომ ამ ცვლილებების გარეშე შეუძლებელია „ქართული ოცნების“ დამარცხება, მაგრამ ასეთი ტიპის არჩევნები არ უწყობს ხელს პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებას და კრიზისის განმუხტვას. დღევანდელი სისტემა ხელს უწყობს ხელისუფლების მონოპოლიზაციას ერთი პოლიტიკური ძალის ხელში. ოპოზიცური პარტიები კი ვსაუბრობთ სისტემაზე, რომელიც ხელს შეუწყობს პოლიტიკური პროცესის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაყვანას, _ ეტაპზე, სადაც პოლიტიკური ძალები იძულებული იქნებიან, ელაპარაკონ ერთმანეთს, აწარმოონ დიალოგი, წავიდნენ დათმობაზე და შეთანხმებაზე, აკონტროლონ ერთმანეთი. სწორედ ამიტომ მივიჩნევთ, რომ მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, სხვა ყველა გზა მხოლოდ გააღრმავებს ამ კრიზისს.
_ გასატარებელი ცვლილებების არსსა და მის ეფექტიანობაზე ვისაუბროთ. ეფექტიანობაზე ხაზგასმით იმის თქმა მინდა, რომ რით შეიძლება მოხიბლოს ოპოზიციის წინადადებებმა ხელისუფლება, რომ ის დათმობებზე წამოვიდეს?
_ ყველა ცვლილებები იურიდიულად შესაძლებელია და მარტივად შეიძლება განხორციელდეს პარლამენტში. საჭიროა მხოლოდ „ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერების პოლიტიკური ნება. აშკარაა, რომ ეს ნება ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს არ გააჩნია. შესაბამისად, საჭიროა შიდა და გარე ზეწოლის ყველა ბერკეტის გამოყენება, რომ ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, ამ ცვლილებებზე წავიდეს. გარე ფაქტორებში ვგულისხმობთ ჩვენი პარტნიორების მხრიდან დიპლომატიური, ფორმალური თუ არაფორმალური არხების გამოყენებას. რაც შეეხება შიდა ფაქტორებს, აქ გამოსაყენებელია როგორც პარლამენტი, ისე არასამთავრობო სექტორი და ეს ყოველივე არ გამორიცხავს აქციებსაც.
_ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ პირადად უზრუნველყოფდა, ანუ გაიღებდა სახსრებს, რომ ქვეყანაში ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურა დანერგილიყო. თუ არ ვცდები, თანხაც დასახელდა _ 80 მილიონი ლარი. რა თქმა უნდა, ახლა კითხვის შინაარსში იმას არ ვგულისხმობ, თუ რატომ არ დახარჯა მან ეს ფული, არამედ იმას, თუ რატომ არის ზოგადად არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის, ცალკეული ოპოზიციური ძალებისთვისაც მიუღებელი ელექტრონული ხმის მიცემის სისტემის დანერგვა?
_ მარტივად ვთქვათ: ხმის მიცემის ელექტრონული სისტემა ინსტრუმენტია. ზემოთ ჩამოთვლილი ცვლილებების გარეშე ამ ინსტრუმენტის გამოყენებამ და დანერგვამ შეიძლება ახალი პრობლემები გააჩინოს, არსებულის მოგვარების ნაცვლად.
_ არჩევნებიდან არჩევნებამდე ვხედავთ ვითარებას, როდესაც ცესკო, საკუთარი ინსტრუქციებით, პირდაპირ აუპატიურებს ორგანულ კანონს _ საარჩევნო კოდექსს. ეს არ ხდებოდა მხოლოდ ამ არჩევნებზე, ასე იყო ყველა წინა არჩევნების დროს. ზოგადად, ცესკოსა და საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხი უფრო აქტუალურად რატომ არ დადგა თუნდაც 2016-17 წლებში?
_ ვერ დაგეთანხმებით, რომ საკითხი მწვავედ არ იდგა. პარლამენტი 2016 წელს დიდხანს განიხილავდა საარჩევნო რეფორმას, შემდეგ ამ საკითხმა საკონსტიტუციო კომისიაში გადაინაცვლა და საკმაოდ მწვავე დებატები აქაც გრძელდებოდა. სამწუხაროდ, მახინჯი სისტემის შედეგად მიღებულმა საკონსტიტუციო უმრავლესობამ „ქართულ ოცნებას“ საშუალება მისცა, მთელი ოპოზიციური სპექტრისა და არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგობის მიუხედავად თავის გემოზე მოერგო კონსტიტუცია და საარჩევნო სისტემაც. როგორც ზემოთ ვთქვი, ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისშია და რაც უფრო მალე აღიარებს ამ ფაქტს ხელისუფლება, მით უკეთესი იქნება მათთვისაც და ქვეყნისთვისაც. ცვლილებები მაინც მოხდება და „ქართული ოცნება“ მაინც იძულებული იქნება, დათმოს ხელისუფლება, თუმცა იმის შანსი, რომ ეს მოხდეს ჯანსაღი პოლიტიკური და საარჩევნო კონკურენციის გზით, თანდათან შეიძლება შემცირდეს.
_ უფრო დეტალურად შევეხოთ საარჩევნო ადმინისტრაციასა და მისი დაკომპლექტების წესს, არსებულსაც და რასაც ოპოზიცია, კონკრეტულად „ევროპული საქართველო“ მოითხოვს. ფაქტია, რომ დღეს საარჩევნო ადმინისტრაციის მთელი ვერტიკალი არანაირად არ არის დამოუკიდებელი და ის „ქართული ოცნების“ ერთგვარი დანამატია. როგორ უნდა დაკომპლექტდეს საარჩევნო ადამინისტრაცია ისე, რომ არც ერთ შემდგომ ხელისუფლებას არ ჰქონდეს იმის უფლება, რომ ვინმე დევნოს და არავის ჰქონდეს იმის საშუალება, საკუთარი „სასტავი“ მოახვედროს კომისიაში?
_ საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა დაკომპლექტდეს რეალურად დამოუკიდებელი ადამიანებით და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებით. პირველების შერჩევის პროცესში გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს სამოქალაქო სექტორმა. რაც შეეხება მეორე ჯგუფს, აქაც აქცენტი ოპოზიცურ სპექტრზე უნდა გაკეთდეს. გარდა ამისა, აუცილებელია სპეციალური აუდიტორისა და პროკურორის ინსტიტუტის შემოღება, რაზედაც დეტალურად უკვე ზემოთ ვისაუბრეთ.
_ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის საკმაოდ მწვავე განცხადების საპასუხოდ იუსტიციის მინისტრმა ასეთი მოსაზრება გააჟღერა, _ რომ წარმომადგენელს ვერ დაეთანხმება არჩევნებში შედეგების რაიმე ფორმით გადაყალბებასთან დაკავშირებით, რადგან საჩივრების რაოდენობა არ არის განცხადებებში გამოთქმული უკმაყოფილების ადეკვატური. რეალურად, ოპოზიციამ ვერ დადო „საარჩევნო კოდექსის“, ადამინისტრაციული და სისხლის სამართლის კოდექსების მოთხოვნებით გათვალისწინებული ისეთი წონადი დოკუმენტი, რომელიც არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ დააყენებდა. რა არის ამის მიზეზი? ე. ი. ოპოზიცია, ერთგვარად, მოუმზადებელი შეხვდა არჩევნებს ამ კონტექსტში?
_ თითქმის ყველა უბანსა თუ ოლქში იწერებოდა საჩივრები და გაუგებარია, რა კრიტიკულ მასაზეა საუბარი? სხვა საქმეა, რომ არც საარჩევნო ადმინისტრაციამ და არც სასამართლომ ეს საჩივრები ჯეროვნად არ განიხილა და არ მიიღო ადეკვატური გადაწყვეტილება, იქნებოდა ეს შედეგების გადათვლა თუ გაუქმება. რამდენიმე დღის წინ ტელეეთერში ვიხილეთ პირდაპირი გაყალბების ფაქტები, რომელიც რეაგირების გარეშე დარჩა. ოპოზიციამაც და დამკვირვებლებმაც თავისი მოვალეობა შეასრულეს. შეიძლებოდა თუ არა უკეთ ამის გაკეთება? ალბათ კი. და ამაზე მომავალში მუშაობაა საჭირო.
_ ზემოთ ლეგიტიმაცია აღვნიშნე, როდესაც ოპოზიცია აცხადებს, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ და, ამავდროულად, არასაკმარისია სამართლებრივი მტკიცებულებები. ეს ხომ არ მოახდენს თავად ოპოზიციის გარკვეულ დისკრედიტებას, რისი მცდელობაც ხელისუფლებას აშკარად აქვს?
_ საკითხი ორ ნაწილად გავყოთ: თუ ვლაპარაკობთ იურიდიულ ლეგიტიმაციაზე, დიდი ალბათობით, სალომე ზურაბიშვილი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ჩემდა სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი იქნება, მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ღონისძიებაში და ხელს მოაწერს გარკვეულ დოკუმენტებს, რომელსაც იურიდიული ძალა ექნება. მაგრამ თუ ვსაუბრობთ პოლიტიკურ ლეგიტიმაციაზე, მას ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემები აქვს და ინაუგურაციის დღეს ხელისუფლების ქმედებამ მხოლოდ შეამცირა მისი პოლიტიკური ლეგიტიმურობა.
_ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება უარს იტყვის ოპოზიციასთან დიალოგზე და არ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის? იძულების რაიმე კონკრეტული სტრატეგია არსებობს?
_ როგორც უკვე აღვნიშნე, ყველა ცვლილება, მათ შორის, საკონსტიტუციო, იურიდიულად შესაძლებელია და მარტივად შეიძლება განხორციელდეს პარლამენტში. საჭიროა მხოლოდ „ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერების პოლიტიკური ნება. აშკარაა, რომ ეს ნება ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს არ გააჩნია. შესაბამისად, საჭიროა შიდა და გარე ზეწოლის ყველა ბერკეტის გამოყენება, რომ ვაიძულოთ „ქართული ოცნება“,ამ ცვლილებებზე წავიდეს. გარე ფაქტორებში ვგულისხმობთ ჩვენი პარტნიორების მხრიდან დიპლომატიური, ფორმალური თუ არაფორმალური არხების გამოყენებას. რაც შეეხება შიდა ფაქტორებს _ აქ გამოსაყენებელია როგორც პარლამენტი, ისე არასამთავრობო სექტორი და ეს ყოველივე აქციებსაც არ გამორიცხავს.

არმაზ მეტრეველი