კრიმინალური პოლიციის უფროსი მამა-შვილს „კაი ბიჭებით“ აშინებს

ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსმა, გაგა სულამანიძემ, სამსახურებრივ მოვალეობას გადააჭარბა და კომპანია „ესემკას“ კერძო ფართში უკანონოდ შეჭრის უფლება მისცა. ამის შესახებ ჩიქოვანების ოჯახი გვიყვება. კონკრეტული ფაქტის შემდეგ ოჯახის მისამართით უცხო პირების მხრიდან მუდმივად მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ზეწოლა და ფიზიკური შეურაცხყოფა. ოჯახი ფიქრობს, რომ სულამანიძე მიზანმიმართულად ავალებს სხვადასხვა პირს მათზე თავდასხმას, რათა ოჯახის წევრები დააშინოს.

აღნიშნულ თემაზე „ქრონიკა+“ ლევან ჩიქოვანს ესაუბრა, რომელიც დეტალურად გვიყვება, რა მდგომარეობაში უწევთ მას და მამამისს ცხოვრება:

საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეჭრა

„იტალიურ ეზოში“ სამი ოჯახი ვცხოვრობთ. ჩვენი კერძო საკუთრებები დაყოფილი გვაქვს. ამ ეზოში არის ჭა, რომლითაც სამივე ოჯახი ვსარგებლობდით. ერთ-ერთი მოსახლე, რომელიც რეესტრში რეგისტრირებულია, გარდაცვლილია. რადგან მის მიმკვიდრეებს მემკვიდრეობა არ ჰქონდათ გაკეთებული, განცხადების წარდგენის უფლება არ გააჩნდათ. როდესაც კერძო საკუთრებაში კომპანია შემოდის, იქ მცხოვრები ყველა მესაკუთრე თანახმა უნდა იყოს. თუ ერთი მესაკუთრე მაინც აცხადებს უარს, ამ შემთხვევაში კერძო საკუთრებაში შემოსვლის უფლება არავის აქვს და დავა სასამართლოში უნდა გაგრძელდეს. სამივე ინსტანციაში განხილვისა და სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შესაბამისი ქმედება უნდა განხორციელდეს. ჩვენს შემთხვევაში ასე არ მომხდარა, _ სამი მესაკუთრიდან ორს არ გვსურდა წყლის შემოყვანა, ანუ ვინც გარდაიცვლილია იმის მემკვიდრეებს და ჩვენ არ გვსურდა. მხოლოდ მესამე მესაკუთრეს სურდა, რომელსაც სასამართლოსთვის უნდა მიემართა. წყლის შემოყვანა ვისაც უნდოდა, მასთან ქუთაისის #1 განყოფილების კრიმინალური პოლიციის უფროსი გაგა სულამანიძე იყო დაახლოებული. იმ კონკრეტულ მომენტში მე პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ვიყავი, ქუთაისის აეროპორტში საავიაციო უშიშროებაში ვმუშაობდი. 6 მარტს თურქული კომპანია „ესემკა“ შემოვიდა და ჩვენი ტერიტორიის გაჭრა დაიწყო. საპატრულო პოლიცია გამოვიძახეთ და იმ კომპანიას ადგილის გაჭრის უფლება არ მისცა. საპატრულომ კრიმინალურს გადასცა, რომლის ხელმძღვანელმაც გაჭრაზე თანხმობა მისცა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამ ყველაფერში გარეულია შმაგი სანებლიძე, გაერთიანებული წყალმომარაგების იურისტი, რომელიც გაგა სულამანიძეს უმტკიცებდა, რომ „ესემკას“ ჩვენს სახლში მილების შემოყვანის უფლება ჰქონდა. ანუ ეს ადამიანი პოლიციის უფროსს არწმუნებდა, ჩვენს სახლში წყლის მილების გასაყვანად შესაბამისი ტერიტორია უკანონოდ გაეთხარათ. ამ დროს ჩვენს ეზოში მამაჩემი და ჩემი და _ თამარ ჩიქოვანი დააკავეს. დაახლოებით 10-მდე პოლიციელი იყო, ისინი გასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. მამაჩემმა ფეხზე დაზიანებაც მიიღო და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნაც აქვს. ეზო გაჭრეს! ამაზე თანხმობა პოლიციის უფროსმა მისცა _ ტრაქტორი შემოიყვანეს და 30 მეტრი გაჭრეს. ბეტონის საფარი მქონდა დაგებული, რომელიც 7500 ლარი დაგვიჯდა! ბეტონის ეს ნაწილი დაზიანდა.

დაჯარიმებული დაზარალებული

პროკურატურას გაგა სულამანიძის ბრალეულობის შესახებ მივწერეთ, რომ მან თავის უფლება-მოვალეობებს გადააჭარბა, თუმცა გვიპასუხეს, რომ დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. პოლიციის უფროსი აქეთ გვედავებოდა, თითქოს მამაჩემმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. სასამართლო პროცესზე მისმა თანამშრომელმა იმ დღის ჩანაწერი წარმოადგინა. ამით უნდოდათ დაემტკიცებინათ, რომ მამაჩემი პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა, რეალურად კი პირიქით იყო. მოსამართლე დიდავამ არ გაითვალისწინა ის, რომ ჩვენს კერძო საკუთრებაში შემოიჭრნენ და აუცილებელი მოგერიება იყო. მან ჩაქუჩი დაარტყა და განაჩენი გამოიტანა, რომ მამაჩემმა პოლიციელს წინააღმდეგობა გაუწია. შედეგად მამაჩემი 250 ლარით დააჯარიმეს.

რას ავალებდა კრიმინალური პოლიციის უფროსი „კაი ბიჭებს“?

მომხდარის შემდეგ სახლში ჭიშკარი გამოვცვალეთ. ახალ ჭიშკარს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები მუდმივად არბევდნენ. ვფიქრობ, ეს დაკავშირებულია კრიმინალური პოლიციის უფროს გაგა სულამანიძესთან, რომელიც მიზანმიმართულად ავალებდა სხვადასხვა პირს ჩვენს დარბევას. გაგა სულამანიძეს ამ პირებზე ოპერატიული ინფორმაციები აქვს, ზოგი „კანონიერი ქურდის“ ძმაა, ზოგიც ქურდობაზეა დაჭერილი და საპროცესოთია გამოსული, რომ მერე სხვა ჩაეშვა და მსგავსი პირები არბევდნენ ჩემს საცხოვრებელს. სულამანიძეს, როგორც ჩანს, არ აწყობდა ჩვენი აქტიურობა და ამ გზით გვაშინებდა. 6 მარტის შემდეგ ძალიან ბევრი საქმეა ჩვენ დარბევასთან დაკავშირებით. რაღაც ნაწილზე საქმე აღძრულია, თუმცა გამოძიება არ მიმდინარეობს. სულამანიძის მიერ მართულმა პირებმა ბოძიც კი მომიჭრეს და მომპარეს. საპატრულო პოლიცია რამდენჯერმე გამოვიძახე, თუმცა კრიმინალური არ მოსულა. დაახლოებით 12-ჯერ მომიხდა პოლიციის გამოძახება და კრიმინალური არც ერთხელ არ მოვიდა. ოქმებზე განყოფილებაში აწერდნენ ხელს. ამ ფაქტიდან მეორე დღეს ჩემი სახლის მისამართით ისროლეს. ფანჯარაში რომ გავიხედეთ, უკვე არავინ იყო. პოლიცია გამოვიძახეთ და კრიმინალურიც მოვიდა, ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ მოპარული ბოძები ადგილზე დაგვხვდა. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა არა მოპარვის, არამედ დაზიანების მუხლით.
ამ ფაქტის შემდეგ სახლის სახურავს ქვებს უშენდნენ, ველოსიპედი მომპარეს, მინები ჩამიმსხვრიეს, მიწაში ჩადებული გაზის ალუმინის მილი ამოიღეს და დამიზიანეს. ცდილობდნენ, იქნებ როგორმე წყობიდან გამოვსულიყავით და ვინმესთვის ხელი გამერტყა, რათა ჩვენ წინააღმდეგ მტკიცებულებები ჰქონოდათ და დავეკავებინეთ. ჩვენი დაკავება კი იმისთვის სჭირდებოდათ, რომ 6 მარტს მათ მიერ ჩადენილი დანაშაული დაემალათ, როცა სულამანიძემ უფლება-მოვალეობას გადააჭარბა და ჩვენს საკუთრებაში „ესემკას“ უკანონოდ შემოჭრის უფლება მისცა.

მამა-შვილის წამება და სასამართლოს უსამართლო გადაწყვეტილება

გაზი ჩვენთან „სოკარმა“ შემოიყვანა, რომელიც მეორე საყრდენ ბოძზეა დამაგრებული. 12 ივნისს შევამჩნიე, რომ ჩემს ჭიშკართან უცხო პირი მიწას თხრიდა. მას შემდეგ, რაც ვეცადე გარკვევას, მიპასუხა, რომ „სოკარის“ წარმომადგენელი იყო და გაზის მილი ნახევარი მეტრის მოშორებით გადაჰქონდა. მან აღნიშნა, რომ ეს კომპანიის მოთხოვნა იყო. მას არანაირი დოკუმენტი არ წარმოუდგენია. გამოვიძახე საპატრულო. მათი მოსვლის შემდეგ „სოკარის“ წარმომადგენელმა დოკუმენტი გვაჩვენა. როგორც აღმოჩნდა, დოკუმენტები ადგილზე შეადგინეს, რაზედაც ერთნაირი ხელწერაც მეტყველებს. ამ დოკუმენტებში კი იმ პიროვნებას უთითებს, ვინც წყლის შემოყვანის თანხმობა მისცა წყლის კომპანიას, ანუ ახლა თითქოს ეს პიროვნება „სოკარს“ მილის გადაადგილებას სთხოვდა. მე იმ პიროვნების ხელმოწერას ვცნობ და დოკუმენტში არსებული ხელმოწერა ნამდვილად არ იყო მისი. ამ შემთხვევაში კონკრეტულად ფირმა არაფერ შუაშია, მათი ინტერესი არ იკვეთება. „სოკარი“ საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა კრიმინალურის უფროსმა, რომ ბოძი, რემელზედაც გაზი იყო მიმაგრებული, მოეჭრათ და ჭიშკარი საერთოდ აღარ გვქონოდა. შეიძლება ითქვას, პოლიციის უფროსი ჯიბრში ჩაგვიდგა. იმის ნაცვლად, რომ ამ საქმეზე გამოძიება დაეწყოთ, მე და მამა ისევ დაგვაკავეს, გადაგვიყვანეს პოლიციაში, სადაც გვაწამებდნენ. მეტალის სკამის ფეხი დამაჭირეს ფეხზე და ზემოდან პოლიციელი აწვებოდა, რომელიც მეუბნებოდა, _ თუ არ შეწყვეტთ ამ ყველაფერს, უარესს გიზამთო. მამა ინსულტგადატანილია, შეუძლოდ გახდა და სასაწრაფო გამოიძახეს. ექიმებმა მამას უთხრეს, რომ სიარული აუცილებელი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში წამალი არ იმოქმედებდა. თუმცა პოლიციელებმა მამაჩემს მოძრაობის საშუალება არ მისცეს. აიძულებდნენ, ერთ ადგილზე ყოფილიყო. ამ დროს მას ზურგს უკან ბორკილები ედო. მე პოლიციელებს ვეუბნებოდი: _ რას შვრებით, კაცს მიკლავთ, თუ არ იარა, წნევა აუწევს, მამას მიკლავთ-მეთქი! _ არა, უნდა იჯდესო. მერე, სასამართლოში მიყვანისას, _ როცა დაკავების იზოლატორში გადაგიყვანთ, იქ მოგარჯულებთო. პრიუსით იყო ორი ზორბა პირი მოსული და იმ პირებით გვემუქრებოდნენ, _ ეგენი დაგამუშავებენ მერეო. მაგრამ ღმერთმა გვიშველა იმ დღეს და გადავრჩით, რადგან მთავრობაში დაძაბულობა იყო და ჩვენთვის აღარავის ეცალა, ამიტომ სასამართლოდან გამოგვიშვეს. პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტზე პროკურატურაში სარჩელი შევიტანეთ, რის შემდეგაც პროკურატურა იძულებული გახდა, წამებაზე/არაადამიანურ მოპყრობაზე საქმე აღეძრა, მაგრამ ეს საქმეც გაჩერებულია, როგორც ყველა სხვა. არადა, მტკიცებულებები საკმარისზე მეტია, თვით დაკავებაც კი უკანონო იყო. საბუთები რომ გაყალბებულია, ყველამ იცის; დაკავება რომ უკანონოა, ეგეც და წამების ფაქტიც. ექსპერტიზაზე დაფიქსირდა, თან ვიდეოსაც გვიღებდნენ განყოფილებაში. პოლიციის უფროსი დედას მაგინებდა, _ მოგხედავ შენ მალეო… მაგრამ პროკურატურა დუმს და ახლაც გაჩერებულია.
ისინი ცდილობდნენ, ადმინისტრაციული მუხლი სისხლის სამართლის საქმით გადაკვალიფიცირებულიყო, თუმცა მძიმე პოლიტიკური ვითარება იყო, სავარაუდოდ, პრემიერის გადადგომას უკავშირდებოდა და ამის გამო ჩვენთვის არავის ეცალა. 4 საათი გაგვაჩერეს განყოფილებაში, სასამართლოშიც, დაახლოებით 4 საათი გვალოდინეს. სასამართლოს ერთკვირიანი ვადა ვთხოვე, რათა დოკუმენტებზე ექსპერტიზა ჩამეტარებინა და დამემტკიცებინა, რომ გაყალბებული იყო, თუმცა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და 1000-ლარიანი ჯარიმა დაგვაკისრა. საბოლოოდ, ექსპერტიზა მაინც ჩავატარე _ ჩემი მეზობლის (ვისი ხელმოწერაც იყო დოკუმენტზე) ორიგინალი ხელმოწერა რეესტრიდან მოვიპოვე და ექსპერტიზაზე „სოკარის“ დოკუმენტთან ერთად მივიტანე. ექსპერტიზის პასუხით გაირკვა: ხელმოწერა არ ემთხვეოდა, ანუ გაყალბებული იყო. რაც შეეხება 1000-ლარიან ჯარიმას, ეს გადაწყვეტილება სააპელაციოში გავასაჩივრე, თუმცა მითხრეს, რომ გასაჩივრების ვადა გასული იყო. საქალაქო სასამართლომ 12 ივნისის საქმეზე გადაწყვეტილება 30 ივნისს მიიღო. კანონმდებლობით 10 ივლისამდე შემეძლო გასაჩივრება, თუმცა აპელაციამ მითხრა, რომ გასაჩივრების ვადა 10 ივნისს გავიდაო, ანუ მომხდარ ფაქტამდე 2 დღით ადრე. ეს ხომ წარმოუდგენელია?! აღსანიშნავია, რომ „1000 ოდენობით“ _ სწორად ასე წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რაც ხარვეზია, კონკრეტული ვალუტა არ არის მითითებული. მიუხედავად ამისა, აღსრულებას მაინც გადაეცა, პარალელურად სააპელაციოში მქონდა გასაჩივრებული. სანამ აპელაციაში საქმე არ დასრულდება, სააღსრულებო ფურცლის ამოქმედება დაუშვებელია. აღრსულებამ მოვალეთა რეესტრში ჩამსვა და დღეის მდგომარეობით ყადაღა მადევს. ეკონომიკურ პრობლემებს გვიქმნიან მეც და მამაჩემსაც. აღსრულება მეუბნება, რომ 1070 ლარი კი არ უნდა გადავიხადო, არამედ 2140 ლარი. რეალურად, აორმაგებს. მე და მამაჩემს, ჯამურად, 4280 ლარი გვაქვს გადასახდელი.

სამსახურიდან განთავისუფლებულ ლევან ჩიქოვანს პოლიტიკური ნიშნით დევნიან?!

ქუთაისის აეროპორტში საავიაციო უშიშროების თანამშრომელი ვიყავი. პირველ აგვისტოს უკანონოდ გამათავისუფლეს. ესეც საქალაქო სასამართლოში გავასაჩივრე. გამოსაცდელი ვადით ვიყავი დანიშნული და მითხრეს, რომ გამოსაცდელი ვადის გასვლის გამო გაგათავისუფლეთო. წესდებაში კი პირდაპირ წერია, რომ გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ უნდა დაიწეროს ან ნეგატიური, ან პოზიტიური შეფასება, ჩემ შესახებ კი ნეგატიური შეფასება ვერ დაიწერებოდა, რადგან არანაირი დარღვევა არ მქონდა. 23 მაისს მერიის თანამშრომლები ჩემს გასახლებასაც კი ითხოვდნენ. რაც შეეხება პოლიტიკური ნიშნით დევნას, არასდროს დამიჭერია მხარი რომელიმე ოპოზიციური პარტიისთვის საჯაროდ, თუმცა გარკვეული საუბრები მქონდა. შესაძლოა, პოლიტიკური ნიშნითაც ხდება ასეთი ზეწოლა. საპრეზიდენტო არჩევნებამდე კი გაერთიანებული ოპოზიციის ბანერი მქონდა ჩამოკიდებული, სალომე ზურაბიშვილის აგიტატორი ნანა შენგელია შემომივარდა და ბანერი ჩამოგლიჯა, მე პატრული გამოვიძახე და არანაირი რეაგირება არ ჰქონდა.

რა მოხდა 2 დეკემბერს?

2 დეკემბერს თბილისში გამართული გაერთიანებული ოპოზიციის აქციიდან უკან, სახლში დავბრუნდით. სწორედ ამ დროს დაიწყეს ჩვენი სახლის მისამართით ქვების სროლა, რის შედეგადაც სახლის მინები ჩაიმსხვრა, ნამსხვრევები კი ჩემს დას სახეში მოხვდა. გამოვიძახეთ პოლიცია, რომელიც დაგვიანებით მოვიდა. იმის ნაცვლად, რომ საპატრულოს გამოძიება დაეწყო კერძო საკუთრებისა და ჩემი დის სხეულის დაზიანების ფაქტზე, პოლიციელები უყურებდნენ, როგორ გვლანძღავდა რამდენიმე პირი და მათ რეაგირება არ ჰქონდათ. ჩვენ ვუთხარით, რომ იმ პირებისთვის მოეწოდებინათ, შეეწყვიტათ ჩვენი მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაზედაც მამას 173-ე მუხლით დაუწერეს ადმინისტრაციული მუხლი, თითქოს მამამ შეურაცხყოფა მიაყენა პატრულის თანამშრომლებს. ყველაზე საინტერესო ის არის, თუ რატომ არ რეაგირებდნენ ამ პირების მიმართ. სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერებით მტკიცდება, რომ ეს ქმედება ჩვენი წყობიდან გამოსაყვანად იყო მოწყობილი, მაგრამ პროვოკაციას არ წამოვეგეთ, ახლა ეს საქმე განხილვაშია, მაგრამ, დარწმუნებულები ვართ, რომ მამას ადმინისტრაციული წესით დააჯარიმებენ.
ლევან ჩიქოვანი და მისი და დაჭრეს, რატომ არ რეაგირებს პოლიცია?

9 დეკემბერს სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიმყოფებოდი, რა დროსაც პოლიციასთან დაახლოებულმა პირმა თემურ მოსიძემ ტირის თოფიდან 3-ჯერ მესროლა. 2 ტყვია ფეხში მომხვდა, გამოვიძახე საპატრულო პოლიცია, მათი მოსვლის შემდეგ ჩვენი მისამართით ქვა ისროლა, რომელიც პოლიციის მანქანას მოხვდა, უკან კარი დააზიანა, თუმცა მათ ამაზე რეაგირება არ ჰქონიათ. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს ტყვიები ამოიღეს, თუმცა არც ის პირი დაუკითხავთ, ვინც მესროლა და არ იარაღი ამოუღიათ. როცა მე დაკითხვაზე ვიყავი, ის პიროვნება იქვე ახლოს იდგა და მე მივუთითებდი, რომ მან მესროლა, თუმცა პოლიციას საერთოდ რეაქცია არ ჰქონია. მეორე დღეს უკვე იმავე პიროვნებამ, როცა ჩემი და აივანზე იმყოფებოდა, ზურგის არეში დაჭრა. ჩვენ ჩემი და საავადმყოფოში გადავიყვანეთ, ჭრილობა შემავალი არ იყო, შესაბამისად, მსუბუქი კატეგორიის დაზიანება აღმოჩნდა. რეაგირება ვიცით, რომ ნულოვანი იქნებოდა, თუმცა საპატრულოს მაინც მივმართეთ. ამ შემთხვევაში გამოძიებაც კი არ იწყება, რადგან წინა დღით მათ არ დააკავეს ეს პიროვნება. ამიტომ არ აღძრეს საქმე, რადგან პოლიციის დანაშაული გამოიკვეთებოდა. ამ ფაქტიდან მეორე დღეს მამაჩემი და ჩემი და პოლიციაში წავიდნენ, რათა საქმე აღძრულიყო, თუმცა მამაჩემს 12 ივნისის ფაქტზე წაუყენეს ბრალი. ვგულისხმობ ,,სოკარის“ ინციდენტს, როდესაც ადმინისტრაციულით დაგვაჯარიმეს. ფაქტი იგივეა, ამჯერად სისხლისსამართლებრივად სჯიან და ედავებიან პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას. მამაჩემს უთხრეს, რომ თუ არ შეწყვეტდა თავისი უფლებების დაცვას და სამართლის ძებნას, მაშინ მის შვილსა და ოჯახის წევრებსაც წაუყენებდნენ ბრალს. ზუსტად ამ სიტყვებით უთხრეს: ,,ხომ ხედავ, ამისთვის ყველაფერი მზად არისო“.

მამა-შვილი გაძლების ზღვარზეა

დღეს, 10 დეკემბერს, სახლიდან გამოვედი და ვნახე, რომ ჩემს მრიცხველს ბოქლომი ედო. სწორედ ამ დროს უცხო პირმა მესროლა. ჩემი მისამართით პნევმატური იარაღიდან სამი გასროლა განხორციელდა. 2 ტყვია ფეხზე მომხვდა, ერთი კი ამცდა. საპატრულო და კრიმინალური პოლიციის მოსვლის შემდეგ ქვა მესროლეს, კრიმინალურის უფროს გაგა სულამანიძეს თავთან, დაახლოებით, 5 სმ-ით ასცდა ეს ქვა. ეჭვის დონეზე ვიცი, რომ, სავარაუდოდ, თემურ მოსიძე იყო. ეს პიროვნება სწორედ გაგა სულამანიძესთან არის დაახლოებული. თემურ მოსიძის ბიძა „კანონიერი ქურდი“ იყო, მამამისი კი პოლიციასთან არის დაკავშირებული. თემურ მოსიძემ ამ ფაქტამდე სახლის მინებიც და სახურავიც დამიზიანა, ამის ჩანაწერიც მაქვს, როგორ ისვრის ქვებს. საქმეც არის აღძრული, ჩანაწერიც წარვადგინე, მაგრამ რეაგირება არ არის.
პოლიცია, სასამართლო, პროკურატურა არაფერს აკეთებს. გაძლებაზე ვართ. თავდაცვის სამართლებრივი ბერკეტი აღარ მაქვს. ჩემი ხელით სამართალს ვერ აღვასრულებ, რომ აღვასრულო, ჩემ წინააღმდეგ იმოქმედებს. სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას მაყენებენ და ცდილობენ, პროვოკაციაზე წამოგვაგონ. გაგა სულამანიძე 6 მარტის შემდეგ ამას ელოდება.

ნენე ინჯგია