უცნობი საქართველოს ქრონიკა: 1919 წლის ივლისი

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##3-27;29-37.

ქართული ბონის შემოღება

1919 წლის ივლისი, უპირველეს ყოვლისა, იმით არის აღსანიშნავი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ბრუნვაში ქართული ბონი გამოუშვა. ეს იყო ეროვნული ვალუტის შემოღებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. მართალია, ქართულ ბონს მსყიდველობითი უნარი ძალიან დაბალი ჰქონდა, მაგრამ, ამ შემთხვევაში, უფრო დიდი მნიშვნელობა, ალბათ, თავად ქართული ფულადი ერთეულის შემოღების ფაქტს ენიჭება. 1919 წლის 12 ივლისს გაზეთი „საქართველო“ ბონების გამოშვების შესახებ დამფუძნებელი კრების მიერ 11 ივლისს მიღებულ დეკრეტს სრულად ბეჭდავს:
1. ნება მიეცეს საქართველოს მთავრობას გამოსცეს საქართველოს რესპუბლიკის ბონი სამასი მილიონი მანეთისა.
2. საქართველოს რესპუბლიკის ბონი გამოიცეს დროებით, ვიდრე შემოღებულ იქნებოდეს საქართველოს რესპუბლიკის საკუთარი ფული, რომლის საშუალებით ბონი გამოყიდულ უნდა იქნეს.
3. საქართველოს რესპუბლიკის ბონი უზრუნველყოფილია საქართველოს რესპუბლიკის მთელი ქონებით.
4. საქართველოს რესპუბლიკის საზღვრებში საქართველოს რესპუბლიკის ბონების მიღება სავალდებულოა რუსეთის ფულის ნიშნების და ამიერ-კავკასიის კომისარიატის ბონის თანაბრად.
5. საქართველოს რესპუბლიკის ბონი გამოიცეს ერთის, სამის, ხუთის, ათის, ოცდახუთის, ორმოცდა-ათის, ასის და ხუთას მანეთის კუპიურებისა.
6. საქართველოს რესპუბლიკის ბონები დამზადებულ უნდა იქნეს ფინანსთა მინისტრის განკარგულებით და გადაეცეს თბილისის ხაზინას შესანახად და ხმარებისთვის გამოსაშვებად.
7. საქართველოს რესპუბლიკის ბონი, რომელსაც აკლია ერთი მესამედი ან ერთ-ერთი ხელმონაწერი ან ნომერი, უვარგისად ჩაითვლება და არ მიიღება.
8. ყალბი ბონის დამზადებისა ან გასაღებისათვის დამნაშავე დაისჯება სისხლის სამართლის წესით.
9. დეკრეტი ესე შედის ძალაში დღიდან მიღებისა დამფუძნებელი კრების მიერ.

პარიზის სამშვიდობო კონფერენცია

1919 წლის 10 ივლისის ნომერში გაზეთი „საქართველო“ ევროპაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენელ დავით ღამბაშიძესთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც პარიზში მიმდინარე სამშვიდობო კონფერენციის მიმდინარეობასა და ამ კონფერენციაზე საქართველოს საკითხის განხილვას ეხება. სანამ უშუალოდ ინტერვიუს მიმოვიხილავთ, მოკლედ გავიხსენოთ, თუ რას წარმოადგენდა პარიზის სამშვიდობო კოფერენცია და რა მნიშვნელობა ენიჭებოდა მას.
სამშვიდობო კონფერენცია 1919 წლის 18 იანვარს გაიხსნა. ამ კონფერენციაზე პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებული ქვეყნების მეთაურებს ომის შემდგომი მსოფლიოს მოწყობაზე უნდა ემსჯელათ. სხვანაირად რომ ვთქვათ, სწორედ პარიზის სამშვიდობო კონფერენცია წყვეტდა ახალი ქვეყნების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს და აგრეთვე დამარცხებული ქვეყნების ბედსაც.
აქედან გამომდინარე, პარიზის კონფერენციას საქართველოს დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების საქმეში გადამწყვეტი როლი ენიჭებიდა და ამიტომ ამ ღონისძიებისთვის სამზადისი ჩვენმა ქვეყნამ, ჯერ კიდევ, 1918 წლის ნოემბერში დაიწყო. სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერების: კარლო ჩხეიძისა და ირაკლი წერეთლის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა საგანგებო დელეგაცია, რომელსაც საქართველოს საერთაშორისო აღიარებაზე უნდა ეზრუნა. ამ მისიას მთელი ქვეყანა ეხმარებოდა: პროფესორი ივანე ჯავახიშვილი საქართველოს საზღვრების შესახებ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ დასაბუთებას ამზადებდა; გენერალი ილია ოდიშელიძე პირველ მსოფლიო ომში ქართველ ჯარისკაცთა დამსახურებაზე კრებდა ცნობებს; ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტრო ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და მისი ბუნებრივი რესურსების შესახებ ადგენდა მიმოხილვას; მეცნიერ ექვთიმე თაყაიშვილს საქართველოს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის აღწერა დაევალა.
მოგვიანებით, 1919 წლის ზაფხულში, ქართულ დელეგაციას პარიზის კონფერენციაზე საქართველოს შესახებ ვიზუალური მასალაც მიაწოდეს _ კინოფირზე გადაღებული დამოუკიდებელი საქართველოს მნიშვნელოვანი დოკუმენტური ქრონიკა. ამის შესახებ გაზეთ „საქართველოს“ 1-ლი ივლისის ნომერი იუწყება: „შაბათს, 28 თიბათვეს საფრანგეთში გაემგზავრა საქართველოს დიპლომატიური მისია. მისიამ თან წაიღო კინემატოგრაფის ქართული არშიები. არშიებშია „საქართველოს დამოუკიდებლობის წლის თავი“, „გვარდიის დღე“ და „დამფუძნებელი კრების გახსნა“. არშიებზე წარწერა არის ფრანგულად და ქართულად“.
განისაზღვრა მისიის ამოცანა: საქართველო არ უნდა დათანხმებოდა რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნებას და თუ გამარჯვებული სახელმწიფოები ჩვენი დამოუკიდებლობის ცნობაზე მაინც უარს იტყოდნენ, დელეგაციას რომელიმე ევროპული ქვეყნისთვის მფარველობა უნდა ეთხოვა.
1919 წლის 14 მარტს ქართულმა დელეგაციამ კონფერენციას მემორანდუმი წარუდგინა, სადაც გადმოცემული იყო როგორც ჩვენი ქვეყნის ისტორია, ასევე რესპუბლიკის ძირითადი მიზნები და მისწრაფებები. ამ მემორანდუმს მსოფლიოს ლიდერები უნდა დაერწმუნებინა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას მყარი საფუძველი ჰქონდა.
თუ რა მდგომარეობა იყო პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე, ამაზე უკვე თავად დავით ღამბაშიძე საუბრობდა: „საზავო კონფერენციას ჯერ არ განუხილავს საქართველოს და საზოგადოდ ამიერ-კავკასიის საკითხი. თუმცა მოსალოდნელია, რომ მას ახლო მომავალში გადასწყვეტენ. ყველაზე ყურადღებით და სიმპატიით საქართველოს ეპყრობა ინგლისი. ყველა დელეგაციასთან არის კომისიები, რომელნიც სწავლობენ სხვა და სხვა საკითხებს. ამიერ-კავკასიის და საქართველოს საკითხი ინგლისის კომისიაში სდგას, როგორც საკითხი ახლობელ აღმოსავლეთისა, იტალიას იგი ჰქონდა დასმული, როგორც რუსეთისა, მაგრამ ამ ბოლო დროს მანაც შეიცვალა აზრი და ინგლისს მიჰბაძა. იაპონიას ჩვენი საკითხი დასახელებული აქვს, როგორც დასავლეთ აზიისა. საფრანგეთს კი ისევ რუსეთის საკითხში აქვს შეტანილი. ყველაზე დაწვრილებით და კარგად იცის ჩვენი საქმე ინგლისის დელეგაციამ და ყოველ შეკითხვაზე იგი იძლევა დამაკმაყოფილებელ და ჭეშმარიტ პასუხს“.
ღამბაშიძის ვრცელ ინტერვიუში უამრავ საინტერესო ინფორმაციას ვხვდებით. მაგალითად, დიპლომატის ინტერვიუდან ირკვევა თუ რას ფიქრობდნენ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები საქართველოზე და რა სახის ინფორმაციას ფლობდნენ ისინი ჩვენ შესახებ. ღამბაშიძის თქმით, საქართველოს შესახებ პარიზის კონფერენციაში მონაწილე ქვეყნებს თითქმის ისეთივე ცნობები ჰქონდათ, როგორც თავად რუსეთზე. მათი აზრით, საქართველოში გავრცელებული იყო მექრთამეობა და სახელმწიფო ქონების დაუფარავი ქურდობა. ინტერვიუში მოყვანილია ევროპის დამოკიდებულება რუსეთის მიმართაც და ამ კონტექსტში განიხილება კავკასიის საკითხიც: „ერთი რამ გადაწყვეტილი აქვთ ევროპიელ სახელმწიფოებს _ ბოლშევიზმის დამარცხება. ამისთვის ისინი ენდობიან მხოლოდ დენიკინს და კოლჩაკს. ამათ გამოცემული აქვთ ერთნაირი რუკა, სადაც მთელი რუსეთი აღნიშნულია შავი ფერით. საქართველო და აზერბაიჯანი აღნიშნულია თეთრად. ოღონდ საქართველოს წითელი წინწკლები აქვს. ბაქო წითლად არის დასახული. ინგლისელები დარწმუნებულნი არიან, რომ დიდ ანარქიას გამოიწვევს ამიერ კავკასიაში ბოლშევიზმის გადმოსვლა და ამიტომ ამისა ძალიან ერიდებათ“.
ამავე ინტერვიუში ღამბაშიძე რუსეთის თეთრი მოძრაობის შესახებაც საუბრობს და ამ მხრივ დიდი ბრიტანეთის პოზიციაზეც მსჯელობს: „მოხალისეთა არმია და განსაკუთრებით თვით დენიკინი ამბობს: საქართველოს ხალხს რუსეთთან უნდა ცხოვრება, მიმიშვით მე და ჩვენ შევთანხმდებითო _ მე იმათ ავტონომიას მივცემო. ხომ ხედავთ, თქვენი უკმაყოფილონი არიან, გაზეთებში გლანძღავენო. ამ მიზნით გამოგზავნილი იყო გენერალი ბირკსი საქართველოში, რომელმაც გაიგო აქაური ვითარება და დარწმუნდა, რომ საქართველოს დენიკინთან შეერთება არასოდეს აზრად არ ჰქონია და საამისო ინფორმაცია მიაწოდა ლონდონს.
საერთოდ ყველაფერი, რაც საქართველოში ჰხდება, ძალიან დაწვრილებით იციან ლონდონში. ინგლისელები იქამდე არ წავლენ აქედან, ვიდრე იტალიელები არ მოვლენ. ისინი მხოლოდ იტალიელთა მოსვლას ელიან…
კოლჩაკის მთავრობა მოკავშირეებს არ უცვნიათ. პირობები შემდეგი იყო: ფინლანდიასა და პოლონეთზე ლაპარაკიც არ შეიძლება. რაც შეეხება ამიერ კავკასიას, თქვენ იმათ უნდა მოელაპარაკოთ, ხოლო თუ ვერ მოურიგდებით _ მაშინ საკითხი ჩვენ უნდა გადავსწყვიტოთო. ერთი სიტყვით, ისინი საქართველოს საკითხს საერთაშორისო საკითხად სთვლიან.
სხვათა შორის, ინგლისელები აღნიშნავენ, რომ ისინი ხასიათით ვერ შეეწყვნენ ქართველებს, მაგრამ საერთოდ საქმე ცუდად არ არისო. დასასრულ უნდა აღვნიშნო, რომ დიდი იმედია საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებისა“.

კრიმინალი

1919 წლის ივლისში გახმაურებული მკვლელობა მოხდა ბათუმში. ვიღაცამ ქუჩაში გენერალი ნათიშვილი და მისი თანმხლები სამხედრო რევოლვერიდან გასროლით მოკლა. სავარაუდოდ, ეს მკვლელობა ჩვეულებრივი კრიმინალური შემთხვევა არ იყო. ეს უფრო წინასწარ დაგეგმილ აქციას ჰგავდა, რომელიც, დიდი ალბათობით, საქართველოს უშიშროების სამსახურმა, იგივე საგანგებო რაზმმა განახორციელა. საქმე ის გახლდათ, რომ გენერალი ნათიშვილი სამხრეთ რუსეთის თეთრი მოძრაობის ლიდერ გენერალ ანტონ დენიკინის სამსახურში იმყოფებოდა და მისი დავალებით ბათუმში დენიკინის არმიისთვის მოხალისეების შეგროვებას ხელმძღვანელობდა. და ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც საქართველოს დენიკინის მხრიდან ოკუპაციის რეალური საფრთხე ემუქრებოდა. სხვანაირად რომ ვთქვათ, ქართველი წარმოშობის გენერალი მტერს სამშობლოს წინააღმდეგ ეხმარებოდა. როგორც ცნობილია, ბათუმი იმ დროს დიდი ბრიტანეთის ოკუპაციის ქვეშ იყო და ბრიტანული ადმინისტრაციის მიერ იმართებოდა. ამიტომ ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებისთვის ნათიშვილის დაპატიმრება საქართველოს ხელისუფლებას არ შეეძლო და, როგორც ჩანს, მისი ლიკვიდაციის ოპერაცია განხორციელდა.
ჯერ კიდევ 1919 წლის ივნისის ნომრებში გაზეთმა „საქართველომ“ ნათიშვილზე საკმაოდ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც გენერალი მხოლოდ „მოღალატისა“ და „სამშობლოს გამყიდველის“ ეპითეტით იყო მოხსენიებული. სტატიაში დაუფარავად იყო გამოთქმული აზრი, რომ ნათიშვილის მსგავსი მოღალატეების განადგურება ქართული სახელმწიფოებრიობის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯი იქნებდა: „საქართველოს დამოუკიდებლობის მტრები დღითი-დღე მოსვენებას ჰკარგავენ. ხან ერთი მხრიდან გვივლიან, ხან მეორე მხრიდანვე და ამავე დროს ცდილობენ შიგნით მოიპოვონ მომხრენი. ასეთ არაჩვეულებრივ დროს გასაკვირი არაა, ორიოდე კაცი აღმოჩნდეს სამშობლოს გამყიდველი, თავისი მშობლიურ ერის სისხლის მსმელი. მაგრამ სამწუხაროა, როცა ჩვენ ჯეროვან ყურადღებას არ ვაქცევთ ასეთ პირებს და დროზე შესაფერ ზომებს არ ვღებულობთ. ხანდისხან დროზე მიღებული ზომა ერთი-ორი გამყიდველის წინააღმდეგ დიდ უბედურებას აგვაცდენდა თავიდან. ბათომში გაჩნდა ვიღაცა ნათიშვილი, კაცი სამშობლოს გამყიდველი, მოღალატე, მტერი ჩვენი თავისუფლებისა. ის დენიკინის ფულით მძიმედ დატვირთული მზგავსს მოღალატეებს ეძებს. ამბობენ, დენიკინის ჯარში მოიპოებიან ქართველი აფიცრებიო. ბათომში ნათიშვილის რაზმში ჩაეწერა რამდენიმე მოღალატე ქართველიც: ვიღაც აფიცრები დადიანი, ახვლედიანი და სხვა. თუ შებრალება და პატიება ხშირად სახელმწიფოებრივ სიბრძნის მაჩვენებელია, მოღალატის დანდობა, განსაკუთრებით ისეთ გაჭირვებულ დროს, როგორიც დღეს ჩვენშია, უდიდესი დანაშაული იქნებოდა ჩვენი თავისუფლების წინაშე“.
როგორც აღვნიშნეთ, გაზეთ „საქართველოში“ ეს წერილი ივნისში დაიბეჭდა. უკვე ივლისში კი ქართულ პრესაში გენერალ ნათიშვილის მკვლელობის ცნობა გამოჩნდა. 1919 წლის 2 ივლისი: „ბათუმიდან მოღალატე გენერალ ნათიშვილის მკვლელობის შესახებ შემდეგს იტყობინებიან: შაბათს 28 ივნისს, გენერალი თავის ადიუტანტით (ყაზახის ოფიცერი) ქალაქის ბაღში სეირნობდა. გაისმა რამდენჯერმე რევოლვერის ხმა, რამაც დიდი პანიკა გამოიწვია მოსეირნეთა შორის. იქ მყოფმა ინგლისელთა ჯარისკაცებმა მოირბინეს და ნახეს მძიმედ დაჭრილი მოღალატე გენერალი და თავის ადიუტანტით. მკვლელები მიიმალნენ“.
გაზეთი „საქართველო“, 16 ივლისის ნომერში, ბათუმში მომხდარი კიდევ ერთი შემთხვევის თაობაზე გვამცნობს, რომელიც უკვე წმინდა წყლის კრიმინალური ხასიათის იყო: „ინტერნაციონალის“ კლუბში ღამით, როცა იქ თავი მოეყარათ ორმოცამდე კაცს და ბანქოს თამაშობდნენ, _ შევიდა რამდენიმე შეიარაღებული კაცი, მოთამაშეები ერთად შეკრიბეს, მათ ტომარა მოუტანეს და უბრძანეს: რაც რამ გაბადიათ ჩაჰყარეთ ამ ტომარაში“. მოთამაშეებმა ბრძანება შეასრულეს, რის შემდეგაც შეიარაღებულნი მიიმალნენ. როგორც ამბობენ წაღებული ფული ერთ მილიონს აღემატება“.

საზღვარგარეთის პასპორტები

1919 წელს საქართველოს მოქალაქეებისათვის უცხოეთში გამგზავრება საკმაოდ დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველო ჯერ კიდევ არ იყო აღიარებული, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა და ამიტომ ქართული მთავრობის მიერ გაცემულ საბუთებს ქვეყნის საზღვრებს გარეთ ან ეჭვით უყურებდნენ, ან სულაც არ სცნობდნენ. შედეგად საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან გასვლას დიდი გაჭირვებით ახერხებდნენ. საიმედო საბუთის მიღება მხოლოდ დიდი ბრიტანეთის სამხედრო მისიაში შეიძლებოდა, სადაც უზარმაზარი რიგები იდგა. ამ პრობლემის შესახებ გაზეთი „საქართველო“ თავის მკითხველს 1919 წლის 23 ივლისის ნომერში უამბობს: „ინგლისელთა მისიასთან უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი, რომელნიც სტამბოლში შესვლის ნებართვას ითხოვენ. დღემდე არსებული ასეთი ნებართვის მისაღებად სიძნელე დღეს თითქმის არ არსებობს, მაგრამ ერთი ნებართვის მიღებას სულ უკანასკნელი ორ კვირას უნდება თითო მსურველი. დღემდე 10 და 15 ათასს მანეთს ხარჯავდნენ ამ ნებართვის მისაღებად. დღეს კი ვითომ ეს აღარ არის, მაგრამ მეტად საინტერესო სურათს წარმოადგენს ინგლისელთა მისიის დარბაზი და მისი გარემო. მარტო სარეგისტრაციო ნომრის მისაღებად უზარმაზარი რიგია გაყოლებული მთხოვნელებისა. ხალხი დილის 4 საათიდან იჭერს რიგს, მეტ ნაწილს კი საღამოთივე მიაქვს იქ ბალიში და საბანი და რიგის დაკარგვის შიშით იქვე ათევს ღამეს. ხშირად სკანდალამდე მიდის საქმე. წარმოსადგენია, როგორ შთაბეჭდილებას სტოვებს ევროპიელებზე ასეთი უკულტურობა. ნუ თუ არ შეიძლება საქმის რიგიანად მოწყობა?“
გაზეთის იმავე ნომერში საზღვარგარეთ წამსვლელების შესახებ კიდევ ერთი ინფორმაციაა გამოქვეყნებული. როგორც ირკვევა, საზღვარგარეთ გასვლის ნებართვას დიდი ბრიტანეთის სარდლობა იძლეოდა, მაგრამ ამ ამბავმა ბრიტანელები ისე შეაწუხა, რომ სამხედრო მისიამ საქმის გასაადვილებლად საქართველოს მთავრობას წინადადებით მიმართა, რათა საზღვარგარეთის პასპორტი საქართველოს ხელისუფლებას გაეცა. ამის შემდეგ ბრიტანული სარდლობა საზღვარგარეთ წასვლის ნებართვებს საქართველოს მხოლოდ იმ მოქალაქეებზე გასცემდა, რომლებსაც პასტორტი ხელზე ექნებოდათ.
უკვე ორი დღის შემდეგ, ანუ 1919 წლის 25 ივლისს, გაზეთი „საქართველო“ მოქალაქეებს აცნობებს, თუ სად შეეძლოთ მათ საზღვარგარეთის პასპორტის აღება: „შინაგან საქმეთა სამინისტრომ აცნობა თბილისის მილიციის უფროსს, რომ ამიერიდან საზღვარ გარეთ გასავალი პასპორტების მიღება შეიძლება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტორში და არა სხვა რომელიმე სამმართველოში“.

საცხოვრებელი სახლების მშენებლობა

ისევე როგორც ახლა, ასი წლის წინათაც, როგორც ჩანს თბილისში საცხოვრებელი სახლების მშენებლობა აქტუალური თემა იყო. ქალაქის მოსახლეობა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დევნილებისა და პროვინციებიდან თბილისს შეფარებული მოქალაქეების ხარჯზე ყოველდღიურად იზრდებოდა. ხალხს საცხოვრებელი ადგილი არ ჰყოფნიდა და ამიტომ საზოგადოებაში ახალი და რაც მთავარია, იაფი სახლების მშენებლობის საკითხი ბუნებრივად დადგა.
გაზეთ „საქართველოს“ 4 ივლისის ნომერში დაბეჭდილი სტატია ზუსტად ამ თემას ეხება: „ახლათ დაარსებული ქართული ტეხნიკურ და სამრეწველო საზოგადოება „მომავალი“ ბინების კრიზისის გამო შეუდგა იაფ ფასიანი ბინების აგების საქმეს და უკვე მიიღო სათანადო უფლება ბინების აგებაზე ინჟინერ მოსეშვილის სისტემით. საზოგადოებას უკვე დამუშავებული აქვს პროექტები და გეგმები იაფ ფასიანი სახლის ბინების ასაგებად სხვა და სხვა დანიშნულებისათვის. ამ სახლების ასაგებ მასალას საზოგადოება თვითონ კისრულობს და თან გარანტიას იძლევა მათ სიმტკიცის, ცეცხლისგან უზრუნველყოფას, სითბოს, სიმშრალის და გარეგნულ სახის სილამაზის შესახებ. დაახლოებითი ღირებულობა შენობებისა მასალით და მუშაობით ნავარაუდევია შემდეგ ციფრებში: 1) ერთ სართულიანი სახლი 3 ოთახით და ყველა საჭირო სამყოფოებით ჯდება არა უმეტეს 20 ათასი მანეთათ. 2) ერთ სართულიანი ორი ბინით თითო ბინაში სამ სამი ოთახით და ყველა სამყოფოებით არა უმეტეს 40 ათას მანეთად. 3) ორ სართულიანი სახლი ოთხი ბინით, თითო ბინაში სამ სამი ოთახით და ყველა სამყოფოებით 80 ათას მანეთამდე.
ვისაც სურს გაეცნოს პლანებს შენობებისას და მათ განსახორციელებელ პირობებს უნდა მიმართონ საზოგადოების კონტორას ჩერქეზიშვილის ქუჩა #75, ყოველდღე დილის 9-11 საათამდე“.
31 ივლისის ნომერში ბინათმშენებლობის თემაზე კიდევ ერთი ცნობაა დაბეჭდილი, საიდანაც ირკვევა, რომ იაფფასიანი ბინების აშენების თაობაზე ქალაქის თვითმმართველობაში შესაბამისი განცხადება შევიდა, სადაც ამ საქმის ინიციატორები ხელისუფლებას მიწის ნაკვეთის გამოყოფას სთხოვდნენ. როგორც ამ ცნობიდან ირკვევა, გამგეობის წევრმა, ვინმე ბესელიძემ, ასეთი დემოკრატიული, ანუ იაფფასიანი ბინების დიდი საჭიროებიდან გამომდინარე, მშენებლობის ინიციატორებს საკითხის დადებითად გადაწყვეტას ორი დღის ვადაში დაპირდა.

გადამდები სნეულებები

1919 წლის ივლისში საქართველოში კვლავ მწვავედ იდგა გადამდებ დაავადებებთან ბრძოლის საკითხი. ზაფხულის პერიოდში ყველაზე მწვავედ მუცლის ტიფის, _ „სახადის“ ავადმყოფობა იგრძნობოდა. ივლისის განმავლობაში მარტო თბილისში, ოფიციალური მონაცემებით, ტიფით 411 მოქალაქე გახდა ავად, რომელთაგან 100 კაცი გარდაიცვალა. რთულად იდგა ქოლერის საკითხიც. როგორც გაზეთ „საქართველოს“ 2 ივლისის ნომერში ვკითხულობთ, ქალაქში ქოლერის გავრცელების გამო თბილისის გამგეობამ ყველა უბანში სპეციალური ლექციების ჩატარება განიზრახა და ამ საქმისთვის სხვადასხვა ინსტიტუტსა და თბილისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს საჯარო ლექციების გამართვაში დახმარებას სთხოვდა.
ვითარებას ისიც ართულებდა, რომ ქალაქს თითქმის არ მოეპოვებოდა ქოლერისა და მუცლის ტიფის საწინააღმდეგო სპეციალური ვაქცინები. საზღვარგარეთიდან ვაქცინების შემოტანა დიდ სირთულესთან იყო დაკავშირებული და თან ეს გარკვეულ დროს მოითხოვდა, ქალაქში კი ტიფთან ერთად ქოლერის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ახლო მომავალში ავადმყოფობა მთელ მოსახლეობას მოედებოდა. ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად ქალაქის გამგეობამ ვაქცინების დამზადება ადგილობრივი ექიმებისა და მეცნიერების დახმარებით განიზრახა. ამ წამოწყებას გაზეთი „საქართველო“ 16 ივლისის ნომერში საკმაოდ მოზრდილ სტატიას უძღვნის: „რესპუბლიკის სანიტარული ნაწილის განსაკუთრებულმა რწმუნებულმა მიიღო რა მხედველობაში ის გარემოება, რომ საზღვარგარეთიდან თითქმის შეუძლებელია შემოტანილ იქმნეს ამ ავათმყოფობათაგან უზრუნველ საყოფად ასაცრელი ვაქცინები, მაისის ბოლო რიცხვებში მოიწვია ექიმ – ბაქტერიოლოგთა სხდომა, რათა გამოერკვიათ თუ რამდენად შესაძლებელია ხოლერისა და სახადის (მუცლის ტიფის) საწინააღმდეგო ვაქცინების დამზადება აქ, თბილისში, სახელდობრ ქალაქთა კავშირისა და სამხედრო უწყების ლაბორატორიებში, რომელნიც უნდა ითქვას საკმაოდ მოწყობილნი არიან.
სხდომაზე აღიარებული იქმნა, რომ ხსენებულ ლაბორატორიებში შეიძლება დამზადდეს შესაფერი თვისებისა და რაოდენობის ორივე გვარის ასაცრელი ვაქცინა და რადგანაც დაყოვნება შეუძლებელი იყო დაადგინეს, ამთავითვე პირველ რიგში შეუდგნენ ხოლერის საწინააღმდეგო ვაკცინის მზადებას და სახადის (მუცლის ტიფის) საწინააღმდეგო ვაკცინის გასაკეთებლად კი იქმნეს მიღებული სათანადო ზომები.
შემდეგ მთავრობის საკონტროლო კომისიამ კიდევ დაამთავრა ყოველ მხრივად ბაკტერიოლოგიურად, ქიმიურად, ცხოველთა და შემდეგ ადამიანთათვის აცრით. აუცრეს ათ კაცს. მათ შორის სამ ექიმს. შემოწმდა ორივე ლაბარატორიის მიერ დამზადებული ხოლერის საწინააღმდეგო ვაკცინისა და გამოირკვა, რომ ეს ვაკცინა სავსებით შეესაბამება თანამედროვე მეცნიერების მოთხოვნილებებს. საკონტროლო კომისიის მიერ დამზადებულ ვაკცინების შემოწმებული სერიები ამ დღეებში კომისიის ეტიკეტების თანდართვით გამოშვებულ იქნება სახმარებლად. შემდეგშიაც ყველა სერიები ამგვარად იქნებიან გამოშვებულნი“.

სხვადასხვა ამბავი

უცნაური ინფორმაცია დაიბეჭდა გაზეთ „საქართველოს“ 19 ივლისის ნომერში. როგორც ამ ცნობიდან ვიგებთ, 1919 წელს საქართველოში ცხოვრობდა გამომგონებელი, ვინმე ირაკლი ვაჩნაძე, რომელიც უამრავი გამოგონებით იყო ცნობილი. ვაჩნაძის მორიგ გამოგონებას გაზეთი ასე აღწერს: „ირაკლი ვაჩნაძეს, რომელმაც გამოიგონა თვითმატარებელი სავარძელი (დადის უბენზინოდ და უელექტროდ), უოფლო წინდები და ჩულქები, გამოუგონია საზღვაო ტანისამოსი, რომლითაც ცურვა შეიძლება დიდ ოკეანეში.
საჭიროა, ქართულ სატეხნიკო საზოგადოებამ ჯეროვანი ყურადღება მიაქციოს ამ ახალ გამოგონებას და თუ ღირსიც იქნება გზა გაუკვალოს“.
როგორც ირკვევა, 1919 წლის თბილისში საკმაოდ გავრცელებული იყო მილიციელების თავაშვებულობა. მილიციელები კანონის დაცვის ნაცვლად თავად სჩადიოდნენ დანაშაულს და თვლიდნენ, რომ სამართალდამცავის ფორმა მათ ყველაფრის უფლებას აძლევდა. მილიციელთა გახშირებული თავხედობის გამო ქალაქის მილიციის უფროსმა საგანგებო განცხადებაც კი გაავრცელა, რომელსაც გაზეთი „საქართველო“ 22 ივლისის ნომერში ბეჭდავს: „ზოგი მილიციელი შესაძლებლად სცნობს სრულიად უფასოდ შევიდეს რესტორანში, სასადილოში და თავის მდგომარეობით ბოროტმოქმედობს: სვამს და სჭამს სრულიად უფასოდ. ეს მეტად დამამცირებელი მოვლენაა მილიციისათვის, ამისთვის უბრძანებ თბილისის მილიციას, რომ მათ არა აქვთ უფლება შევიდნენ არცერთ ასეთს დაწესებულებაში, არც პრაჟექტორებში არც სხვა გასართობ ადგილებში უფასოდ“.
8 ივლისის ნომერში კი მილიციასთან დაკავშირებით საერთოდ კომიკური ცნობაა გადმოცემული. გაზეთში დაბეჭდილი მილიციის უფროს სულაქველიძის ბრძანებიდან ირკვევა, რომ მილიციის ზოგიერთი თანამშრომელი დანაშაულში ეჭვმიტანილებს საკუთარი შეხედულების მიხედვით დროებით ათავისუფლებდა. ამის გამო ზოგიერთი დაკავებული მიმალვას ახერხებდა. სულაქველიძის განცხადებაში მოყვანილია თბილისის მე-9 უბნის კომისარიატის შემთხვევა, როდესაც უფროსმა მილიციონერმა დაკავებულს სადილად სახლში წასვლის ნება დართო. თავისთავად ცხადია, რომ დამნაშავე სადილის შემდეგ მილიციაში აღარც დაბრუნებულა და მართლმსაჯულებას დაემალა. ამ ბრძანებაში სალუქვაძე მილიციონერებს აფრთხილებდა, რომ ასეთი თვითნებობის განმეორების შემთხვევაში ისინი პასუხისგებაში მიეცემოდნენ.

მიხეილ ბასილაძე