ფორმალურად გამოცხადებული ვაკანსია და წინასწარ ცნობილი შედეგები?!

უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში კულტურის სამსახურის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია. კონკურსი ამ თანამდებობის დასაკავებლად, რომელზედაც ვაკანსია მერიამ, ჯერ კიდევ, 8 ნოემბერს გამოაცხადა, დღემდე არ დასრულებულა, თუმცა შედეგები წინასწარაა ცნობილი.

როგორც ხობელები განმარტავენ, კულტურის სამსახურის უფროსად ელისო კვიკვინია დაინიშნება.
ამჟამად ქალბატონი ელისო ხობის მერიის მიერ შემქნილ ა(ა)იპის ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო გაერთიანებას ხელმძღვანელობს, მისი მოადგილე კი ნონა შამათავა გახლავთ. ეს უკანასკნელი ხობის მერის რწმუნებულის მეუღლეა. წესისამებრ, დირექტორის თანამდებობის დატოვების ან სხვა სამსახურში გადასვლის შემდეგ მის მოვალეობას სწორედ მოადგილე შეასრულებს, ასე რომ, ელისო კვიკვინიას ადგილზე სწორედ ნონა შამათავა მოგვევლინება. ხობელების განმარტებით, მერის რწმუნებულის მეუღლის დასაწინაურებლად ხდება მთელი ეს გადაადგილებები, რომელიც საეჭვოა და, თავის მხრივ, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.
მართალია, ხობის მერიის შინაგანაწესში არაა ცალკე პუნქტად გამოყოფილი, თუმცა საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ განსაზღვრავს იმ კონკრეტულ წესებსა და პროცედურებს, რაც უნდა გაიაროს ადამიანმა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავებამდე. ასევე გამოყოფილია ის კრიტერიუმები და პარამეტრები, რასაც კონკურსში მონაწილე პირები უნდა აკმაყოფილებდნენ. ეს განისაზღვრება, როგორც სტაჟით და სამუშაო გამოცდილებით, ასევე მათ მიერ წარმოდგენილი სამომავლო გეგმითა და ხედვებით.
საჯარო სამსახური იყოფა შემდეგ სახეებად:
ა) სახელმწიფო სამსახური;
ბ) სამსახური ადგილობრივ თვითმმართველობაში.
კანონში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო მოხელედ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში საჯარო მოხელეების დანიშვნა და თანამდებობებზე მათი არჩევა ხდება კონკურსის წესით, რომელიც საჯაროა და რომლის შესახებაც ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ყველას.
საჯარო კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად შესაბამისი სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. ამასთანავე, კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 10-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების მომენტი.
საკონკურსო-საატესტაციო კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს და გამოაქვს თავისი გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რამდენად იყო დაცული კანონით დადგენილი კონკურსის წესები საჯარო მოხელის არჩევის პროცესში და რამდენად მოსალოდნელია წინასწარ შედეგების ცოდნა ჯერარდასრულებულ პროცესებში?
ამის გასარკვევად „ქრონიკა+“ ხობის მერს _ გოჩა ქაჯაიას დაუკავშირდა.
მან თქვა, რომ უშაულოდ არაა ჩართული ამ კონკრეტულ კონკურსში, მისი ეტაპებისა და მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადაგვამისამართა ხობის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროს ზვიად ბუკიასთან.
საინტერესო და აღსანიშნი ფაქტია, რომ მერიის კულტურის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გამოცხადებული ვაკანსიის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია არ მიეწოდა უშუალოდ მერიის ვებგვერდის საშუალებით, რაც შეიძლება კანონდარღვევად მივიჩნიოთ.

ადმინისტრაციის უფროსმა ზვიად ბუკიამ ეს ფაქტი „ქრონიკა+“-თან ასე განმარტა:
„კონკურსი ამ თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადდა 8 ნოემბერს. დაფიქსირდა საკმაოდ დიდი აქტიურობა. პირველ ეტაპზე რვა განცხადება შემოვიდა, რომელსაც დეტალურად გავეცანით და განვიხილეთ. კანონით დადგენილი მოთხოვნები დააკმაყოფილა მათგან მხოლოდ ორმა კანდიდატმა, მათ შორის, ელისო კვიკვინიამ.
ისინი 12 დეკემბერს დაბარებულები არიან გასაუბრებაზე, რომელსაც სპეციალური კომისია ჩაატარებს. კომისიის წევრების ვინაობა და მათი საქმიანობა კანონის შესაბამისადაა განსაზღვრული და გამორიცხულია ინტერესთა კონფლიქტი. გასაუბრება იქნება კითხვა-პასუხის რეჟიმში, დაიწერება ქულებით შეფასება კომისიის ყველა წევრის მიერ და საშუალო არითმეტიკულის გამოთვლის წესით გამოვლინდება გამარჯვებული, რომელიც უფრო მაღალ შეფასებას დაიმსახურებს. ჯერ ადრეა შედეგებზე საუბარი, რადგან უნდა დაველოდოთ გადამწყვეტ ეტაპსა და კომისიის გადაწყვეტილებას. გამოვრიცხავ, რომ წინასწარ იყოს ცნობილი გამარჯვებულის ვინაობა. აბა, ამდენ ეტაპს ვინ გამართავდა?
რაც შეეხება ინფორმაციას ვაკანსიისა და კონკურსის შესახებ, არ დადებულა ეს ჩვენს საიტზე, მაგრამ საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე იდო და სწორედ აქედან ჰქონდათ მსურველებს საშუალება, დეტალური ინფორმაცია მიეღოთ ვაკანსიისა და მისი მოთხოვნების შესახებ“.
კანონი ცალსახად ადგენს, რომ პირი მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე ინიშნება მხოლოდ კონკურსის საფუძველზე. ამ წესიდან გამონაკლისია მოხელის გადაყვანა და მობილობა.
კანონის მნიშვნელოვანი სიახლეა „ღია“ და „დახურული“ კონკურსის სახეების შემოღება. კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირი მეოთხე რანგის (დამწყები მოხელე) მოხელის თანამდებობაზე ინიშნება ღია კონკურსის საფუძველზე, ხოლო მოხელე ზემდგომი (მესამე, მეორე ან პირველი) რანგის მოხელის თანამდებობაზე ინიშნება დახურული კონკურსის საფუძველზე. ღია კონკურსი თავისთავად გულისხმობს ინფორმაციის საჯაროობას და ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისთვის, რისი უზრუნველყოფის ერთ-ერთი კარგი საშუალება სწორედ ვაკანსიის შესახებ ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ცნობებია.

რამდენად რეალურია ფორმალურად ვაკანსიის გამოცხადების საფრთხე და კონკურსის შედეგების წინასწარ განსაზღვრა?
ამის შესაფასებლად „ქრონიკა+“ დაუკავშირდა ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ ირაკლი ბერაიას:
„მე უშუალოდ არ მეხება მერიაში ეს საკადრო ცვლილებები, მაგრამ იმდენად, რამდენადაც დაინტერესებული ვარ კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესებით და კულტურის სამსახურის მუშაობით, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან მიმართებით, დავინტერესდი და მოვიკითხე მიმდინარე პროცესები.
როგორც გავარკვიე, გამოცხადდა ვაკანსია, ინფორმაცია იყო სრულიად საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომი, მაგრამ გასაუბრება არ იქნება საჯარო და ეს კანონითაა დადგენილი. რამდენიმე კანდიდატმა ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები, მათ შორის, სამუშაო სტაჟის, სამომავლო ხედვისა და სამოქმედო გეგმის ნაწილში, მეორე ეტაპზე გადავიდა ორი კანდიდატი.
მათ ჩაუტარდებათ გასაუბრება და რამდენიმე კვირაში შედეგები ცნობილი გახდება, ამდენად, ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ შედეგები წინასწარაა ცნობილი და გამარჯვებულის ვინაობაც ყველამ იცის. ეს აბსურდული განცხადება მგონია. მიმაჩნია, რომ კონკურსი სამართლიანად ჩატარდა და შედეგებს დაველოდოთ. გამოვრციხავ ფორმალურ საკადრო ცვლილებებს“.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნო პერიოდში შეიმჩნეოდა ელისო კვიკვინიას აქტიური პოლიტიკური საქმიანობა. როგორც ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები წერდნენ, ის ბაღის გამგეებს თანამშრომლებისთვის პირადობების ჩამორთმევას და “ქართული ოცნებისთვის” ხმის მიცემისკენ იძულებას ავალებდა.
გასაუბრების დღეს ან გასაუბრებიდან რამდენიმე დღეში საბოლოო შედეგები გახდება ცნობილი და სწორედ მაშინ გაირკვევა, გამართლდება თუ არა ადგილობრივების ეჭვი და დაიკავებს თუ არა კულტურის სამსახურის უფროსის თანამდებობას ელისო კვიკვინია, რომელსაც სკოლამდელ სააღმზრდელო გაერთიანებაში მისი მოადგილე და, ამავდროულად, მერის რწმუნებულის მეუღლე, ნონა შამათავა ჩაანაცვლებს.
მხოლოდ ამის შემდეგ გაეცემა კითხვებს პასუხი იმაზე, იყო თუ არა ვაკანსია ფორმალური და მოხდა თუ არა კონკრეტული პირის დასაწინაურებლად დიდი საკადრო გადაადგილებები…

ანა ურუშაძე