მამუკა ჟღენტი: „ხელისუფლებას უცხოელი პარტნიორების გზავნილი უკვე მიღებული აქვს“

საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთაშორისო რეაქციების შესახებ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე „ქრონიკა+“ დიპლომატს, საქართველოს ევროპული ფასეულობების ინსტიტუტის დამფუძნებელ მამუკა ჟღენტს ესაუბრა:

_ როგორი შთაბეჭდილება დატოვა საქართველოში ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა?
_ არ ვიქნები, ალბათ, გამორჩეული ან თუნდაც „ვარდისფერი სპილო“, თუ მეც ვიტყვი, რომ ამ არჩევნებმა ძალიან უარყოფითი შთაბეჭდილება დამიტოვა. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად არ მქონდა გადაჭარბებული მოლოდინები, ასეთ სამწუხარო შედეგს, ვგულისხმობ არჩევნების წარმართვის კუთხით, ნამდვილად არ ველოდი. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული არჩევნებით არანაირად არ იცვლებოდა ხელისუფლება ან თუნდაც ძალთა ფორმალური ბალანსი სახელმწიფოში, ასევე იქიდან გამომდინარე, რომ გაზაფხულიდან მოყოლებული ხელისუფლება აცხადებდა, რომ ამ არჩევნებში მისი მთავარი პრიორიტეტი იყო სწორედ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და არა საკუთარი კანდიდატის წამოყენება და/ან არჩევა, რაც არა მარტო სახელმწიფოს, არამედ სწორედ „ქართული ოცნების“ ინტერესებში შედიოდა ჩემი შეფასებით, რატომღაც, ჩემესახა იმედი. ეს განცდა, სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში, მხოლოდ იმედად დარჩა.
_ თუნდაც მოკლევადიან ისტორიულ პერსპექტივაში გასათვალისწინებლად, რა იყო ამ არჩევნების მთავარი პოზიტიური და ნეგატიური მახასიათებელი?
_ სამწუხაროდ, იმ დონის უარყოფითი მახასიათებლებით დაგვამახსოვრდება ეს არჩევნები, რომ რაიმე პოზიტიური მაგალითის მოყვანაც კი საკმაოდ რთულია. თუ გავითვალისწინებთ უარყოფით მხარეებს, ალბათ, დადებითად მხოლოდ იმის დასახელება შეიძლება, რომ ყვლაფერი უარყოფითის ფონზე, შედეგად არ მივიღეთ სამოქალაქო დაპირისპირება და ისეთი შეუქცევადი პროცესები, რომელიც არათუ პოლიტიკურ სპექტრს, არამედ უსერიოზულესად დააზიანებდა ჩვენი მოსახლეობისა და სახელმწიფოს ინტერესებს, თან საკმაოდ გრძელვადიანად. მთავარი პოზიტივი კი, ალბათ, ის გახლავთ, რომ, პირველ ყოვლისა, ამ არჩევნების შემდეგ, ალბათ, სხვა გზა არ რჩება „ქართულ ოცნებას“ გარდა იმისა, რომ შეწყვიტოს უკვე უაზრო არგუმენტებით აპელირება, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა ან ოპოზიციური გაერთიანება მარგინალური ჯგუფია და არათუ არ ღირს, არამედ არც კი შეიძლება მისი პოზიციების განხილვა/გათვალისწინება. ვფიქრობ, ეს დადებითი შედეგების მომტანი უნდა იყოს ქართული პოლიტიკისა და, მათ შორის, პოლიტიკური კულტურის შემდგომი განვითარება-დახვეწის კუთხით.
_ არჩევნების დასრულების მეორე დღეს _ ვგულისხმობ მეორე ტურს, ეუთოს სადამკვირებლო მისიისა და NDI-ის საკმაოდ მწვავე შეფასებები მოვისმინეთ, ამავდროულად, ხელისუფლება აცხადებს, რომ შეფასებები პოზიტიური იყო. რეალურად, რას ასახავს ეს შეფასებები?
_ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა განაცხადეს ის, რაც განაცხადეს _ საკმაოდ არაორაზროვნად. ვგულისხმობ იმას, რომ ის, რაც ითქვა თუნდაც დიპლომატიური ენის გამოყენებით, გაუგებარ ინტერპრეტაციებს არ ექვემდებარება. თუ ხელისუფლება აპირებს ამ შეფასებების დადებით კონტექსტში განხილვას, ეს უფრო ილუზიებია და საკუთარი თავის მოტყუების მცდელობა, ვიდრე რეალობის აღქმა ან თუნდაც ქვეყნის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. გამოქვეყნდება მალე წერილობითი დასკვნებიც და, ჩემი ინფორმაციით, საკმაოდ მძიმე შინაარსით. ყველაფერი შედარებითია, მაგრამ ერთი ფაქტია _ ასეთი სიმძიმის დასკვნები არ გვქონია, მგონი, 2002 წლიდან მოყოლებული, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარებით არასოდეს გამოვირჩეოდით. ასევე თუ შევადარებთ აღნიშნულ შეფასებებს ჩვენს სამეზობლოში, ვგულისხმობ თუნდაც ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სახელმწიფოებს, საკმაოდ ახლოს ვდგავართ როგორც აზერბაიჯანთან, ასევე ბელარუსთან და საკმაოდ შორს _ მოდლოვასა და უკრაინასთან. ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასებები სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე კი ნამდვილად ბევრად უფრო დადებითი და სახარბიელოა, ვიდრე იგივე ორგანიზაციას ჰქონდა ჩვენი საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო კამპანიაზე.
_ მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცვადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამეტისა და ცალკეული პერსონების გამოხმაურებები. ერთ-ერთს ქვეყნის იუსტიციის მინისტრმაც კი უპასუხა და განაცხადა, რომ განცხადებების სიმწვავის დამადასტურებელი დოკუმენტები, ანუ საჩივრები არჩევნებზე არ დაფიქსირებულა. რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება შედის საკმაოდ სახიფათო პროცესში _ არ ან ვერ ათვითცნობიერებს ამ გზავნილების შინაარსს ან სირაქლემის პოზაში ამჯობინებს ყოფნას. ამ კონტექსტში როგორია თქვენი მოსაზრება?
_ იუსტიციის მინისტრის უაპელაციო და, უბრალოდ, პუბლიკისთვის გაკეთებული განცხადებები არახალია, ამიტომ არასერიოზულად მიმაჩნია უკვე მათზე რაიმე კომენტარის გაკეთება. პარადოქსი კი სწორედ ის გახლავთ, რომ თქვენს კითხვაში ჩამოყალიბებული მიდგომა, პირველ ყოვლისა თუ ვინმეს ინტერესებში არ შედის, ეს ხელისუფლებაა. გაჯიუტება და შავის თეთრად აღიარება მაშინ, როდესაც ვარდისფერი სათვალე ჩვენს უცხოელ პარტნიორებს დიდი ხანია, უკვე რაც არ უკეთიათ და ახლა კი იმის თქმაც შეიძლება, რომ ქვეყნის შიგნითაც ყველამ ყველაფერი მშვენივრად იცის, ნამდვილად მხოლოდ ვნებს „ქართულ ოცნებას“. ვიმედოვნებ, რომ ეს კომენტარები და მიდგომა მხოლოდ არჩევნების ინერციით შეიძლება აიხსნას და წერილობითი დასკვნების გამოქვეყნების შემდეგ ხელისუფლების პოზიცია იქნება უფრო ადეკვატური და გააზრებული.
_ ერთია, რა წერია კონკრეტულ დოკუმენტში და მეორეა დიპლომატიური კულუარები, რომელიც არცთუ ხელმისაწვდომია რიგითი მოქალქეებისთვის. შესაბამისად, საინტერესოა, არჩევნების შემდეგ რა პოლიტიკური განწყობებია ევროპის დიპლომატიურ კულუარებში?
_ ჩემი გამოცდილებით ეს ორმხრივი მიდგომაა. აბსოლუტურად გეთანხმებით კითხვის ფორმულირებაში. თუმცა ასევე შემიძლია დავამატო, რომ ხშირ შემთხვევაში ის, რაც წერია კონკრეტულ დოკუმენტში, განპირობებულია სწორედ იმით, თუ რა ხდება კულუარებში. ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ და რასაც სულ მალე დაწერილსაც ვიხილავთ, მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ ხელისუფლებას ჩვენი უცხოელი პარტნიორების გზავნილი უკვე მიღებული აქვს. პარტნიორების განწყობები სწორედ იმ პასაჟებში აისახა, სადაც საუბარი იყო ხმების უპრეცედენტო მოსყიდვასა და ცივილიზებული პოლიტიკური ოპონირების კულტურის არარსებობაზე.
_ რა გავლენა და შედეგები შეიძლება მოყვეს არსებულ განწყობებს?
_ მოგეხსენებათ, რომ მთელ მსოფლიოში დღეს საკმაოდ ტურბულენტური ვითარებაა. სირთულეებია როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირის სახელმწიფოებში, ისევე როგორც ურთიერთობებში აშშ-სა და ევროკავშირს შორის. ისევე როგორც ჩვენი დეოკუპაციის საკითხში, მიდგომა აქაც იგივე იქნება. თუ დეოკუპაციის თემატიკაზე არ შევაწუხებთ, ჩვენ გამო თავს არავინ მოიკლავს. თუ ჩვენი დემოკრატიზაციის გზაზე პროგრესი არ იქნება, ვეჭვობ, ვინმემ სანქციები დაგვაკისროს ამის გამო. მაგრამ აქ წინა პლანზე იწევს კითხვა, _ რა არის ის, რაც ჩვენ გვსურს? თუ დეოკუპაციაზე გვსურს, შევინარჩუნოთ არსებული სტატუს კვო და თუ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ კოტექსტში გვიხარია, რომ სულ ცოტათი უფრო კარგი რეპუტაცია გვაქვს, ვიდრე ბელარუსს ან თუნდაც აზერბაიჯანს, მაშინ ხელისუფლებას შეუძლია იყოს კმაყოფილი. ვეჭვობ, რომ ასეთი კმაყოფილების ფუფუნებას ჩვენი მოსახლეობა ხელისუფლებას არგუნებს, თუ თვით ხელისუფლება ამაზე თანახმაა. ვეჭვობ, ის რაც დღეს ხდება ატოცში და ის, რაც რეგულარულად ხდება ოკუპირებულ რეგიონებში, თუნდაც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, ჩვენთვის მისაღები იყოს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხის ამბიცია შეუქცევადია _ პერმანენტული წინსვლა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ და არა თვითკმაყოფილება ბელარუსზე უკეთესი იმიჯის გამო. ასე რომ, პასუხი კითხვაზე ცალსახაა, _ ან იქნება ხელშესახები პროგრესი, ან იქნება სულ უფრო და უფრო მზარდი უკმაყოფილება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც.
_ ოპოზიცია აცხადებს, რომ ის არ აღიარებს ახლად არჩეულ პრეზიდენტს. რამდენად ჯდება ეს ფორმულირება ევროპული პოლიტიკის წესებში, რამდენად არის ეს მიდგომა ან დამაზიანებელი ან პოზიტიური ქართული სახელმწიფოს ევროპული პერსპექტივისთვის?
_ გულწრფელად გიპასუხებთ: ქალბატონი ზურაბიშვილის მიმართ ჩემი პოზიცია ჩამოყალიბდა მისი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობისას, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების გარიჟრაჟზე. ეს პოზიცია მხოლოდ ძლიერდებოდა დროთა განმავლობაში, მათ შორის, 2007 წელს წითელუბნის ინციდენტისას მისი განცხადების, შემდგომში კი 2008 წლის რუსეთის აგრესიაზე გაკეთებული შეფასებების გათვალისწინებით. ემოციურად, ვაღიარებ, რომ, პირადად ჩემთვის, მისი პრეზიდენტობა მიუღებელია. მაგრამ ეს მსოფლიო და განსაკუთრებით საერთაშორისო პოლიტიკა სხვა წესებით მუშაობს. უტოპია არა იმიტომ არის უტოპია, რომ ცუდია, არამედ იმიტომ, რომ არარეალურია, ანუ უტოპიურია. ზურაბიშვილის პრეზიდენტობა ნამდვილად არ არის იმაზე მეტი უსამართლობა ან საშიშროება, რასაც რუსეთი ახორციელებს მუდმივად საქართველოს მიმართ. მაგრამ ყველანი ვთანხმდებით, რომ გამოსავალი მხოლოდ მშვიდობიან გზებშია საძიებელი და არა ომში, არა რადიკალიზმში. არანაირად არ ვგულისხმობ, რომ ძალ-ღონე უნდა დავაკლოთ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას, მაგრამ ეს ბრძოლა უნდა იყოს კარგად გააზრებული, პრაგმატული და შედეგების მომტანი. ომი კი ასეთად არ ივარგებს. იგივეა ზურაბიშვილი _ პრეზიდენტის კონტექსტში. დაუმორჩილებლობა, არაღიარება _ ეს არასწორი, არაპრაგმატული და არა შედეგზე ორიენტირებული არჩევანია. არავინ, მით უმეტეს, ჩვენს პარტნიორებს შორის, მოგვიწონებს ასეთ რადიკალიზმს, ასეთ ემოციურ, ზოგიერთისთვის შეიძლება იდეალისტურ/რომანტიკულ მიდგომას. არსებობს კონსტიტუციური და, შესაბამისად, დემოკრატიული, ცივილიზებული გზები ამ მიუღებლობის გამოსახატავად. არსებობს მშვიდობიანი პროტესტი და სხვა ფორმები. ბოლოს და ბოლოს, გაიმართება საპარლამენტო არჩევნები… გარდა ზემოხსენებულისა, დაუმორჩილებლობითა და არაღიარებით არათუ შედეგის მიღწევის ალბათობა იკლებს, არამედ საფრთხეს ვუქმნით ქვეყნის შემდგომი განვითარების პერსპექტივას, რომელიც ზურაბიშვილის პრეზიდენტობით ისედაც საკმაოდ დიდი საფრთხის ქვეშ დგას. ასე რომ, აუცილებელია, პოლიტიკური სპექტრი ჩამოყალიბდეს _ რობინ ჰუდობა სჯობს თუ უინსტონ ჩერჩილობა?
_ იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლება არ აღიარებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს, ეს კრიზისი სახეზეა. ამ ვითარებაში ოპოზიციის შეთავაზებებზე, წინადადებებზე ან როგორც ამას ხელისუფლება უწოდებს, ულტიმატუმზე აბუჩად საუბარი რამდენად დააზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს?
_ დემოკრატიული იმიჯის დაზიანებამდე დაზიანდება, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლება. არჩევნების თუნდაც ოფიციალური შედეგები საკმაოდ ნათელი და მრავლისმთქმელია. ხელისუფლება, გარდა ამ შედეგებისა, ასევე კარგადაა ინფორმირებული უფრო რეალურ სურათზეც. საზოგადოებაში მისი მხარდაჭერის დონის შესახებ. ასეთი პოზიციით ეს ტენდენცია, რომელიც ისედაც შეუქცევადია, უფრო დაჩქარდება და ამით რა შედეგიც დადგება, ხელისუფლებას მშვენივრად უწყისს. აღნიშული ასევე გამოიწვევს სხვა პროცესებსაც, რაც ავტომატურად გააღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს და შესაბამისად, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების იმედგაცრუებასაც.
_ დაბოლოს, არსებულ ვითარებაში რას ურჩევდით ხელისუფლებას და რას ურჩევდით ოპოზიციას, ვგულისხმობ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც არ დააზიანებს ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და მის ისედაც მყიფე დემოკრატიულ იმიჯს?
_ ოპოზიციას ვურჩევდი, კონსულტაციები გამართონ უკლებლივ ყველა დემოკრატიულ ოპოზიციურ ძალასთან, გარდა ხელისუფლების ცალსახა სატელიტი პარტიებისა და ჩამოყალიბდნენ ყველასთვის მისაღებ საერთო მოთხოვნებზე. მე ასეთად მიმაჩნია საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების მოთხოვნა უკვე 2020 წელს. კონსოლიდირებული პოზიცია და მოთხოვნა ამ მიმართულებით მხარდაჭერილი იქნება საერთაშორისო თანამეგობრობისა და რაც მთავარია, ჩვენი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მხრიდან. მით უმეტეს, როდესაც არც ხელისუფლებას გააჩნია არგუმენტი, თუ რატომ არის პროპორციული წესი მისაღები არა 2020 წლის, არამედ მხოლოდ მომდევნო არჩევნებზე. ეს მოთხოვნები, რა თქმა უნდა, ასევე უნდა ეხებოდეს იმ ხარვეზების გამოსწორებას, რა ხარვეზებიც შესაძლებლობას იძლევა იმ დანაშაულებისა და არამართლზომიერი ქმედებებისა, რაც ახლავდა თან საპრეზიდენტო არჩევნებს. ვგულისხმობ სამარცხვინო ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საარჩევნო კოდექსის კონკრეტულ დებულებებს. თუ ამის ნაცვლად ოპოზიცია დაიქსაქსება, მოთხოვნები იქნება გაფანტული და მოიცავს არაღაირებებს, დაუმორჩილებლობას და ა. შ., ხელისუფლება ყოველთვის მოახერხებს ბრალის ოპოზიციაზე გადატანას და შედეგად, საერთაშორისო წნეხიც ხელისუფლების მიმართ იქნება ბევრად უფრო სუსტი. პირდაპირ გეტყვით, მიუხედავად ყველაფრისა, ქვეყნისთვის აჯობებს, თუ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება კონსტიტუციურ ვადაში. არგუმენტი, თითქოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ეკუთვნის სამართლიანად საკონსტიტუციო უმრავლესობა, ჩემი აზრით, კრიტიკას ვერ უძლებს. ასეთი უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ არ ეკუთვნოდა არც 2016 წელს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამით „პრავდება“ ყველანაირი მოთხოვნა, რომელიც საკონსტიტუციო არეალიდან გადის.
რაც შეეხება ხელისუფლებას, მათ ვურჩევდი, რომ ნაცვლად გაჯინიანებისა, რეალურად შეხედონ არსებულ სურათს, თუნდაც საპრეზიდენტო არჩევნების დე იურე შედეგების გათვალისწინებით. შეეშვან დიალოგის ბოიკიტორებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოპოზიცია, გარდა პროპორციული წესისა და საარჩევნო კოდექსში ცვლილებებისა, მოითხოვს იმას, რაც ხელისუფლებისთვის მიუღებელია. ასეთ შემთხვევაშიც კი ეს მხოლოდ მათზე იმუშავებს და ყოველთვის შეძლებენ ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც იმაზე აპელირებას, რომ მიუხედავად მათი კონსტრუქციულობისა, ოპოზიცია ითხოვს შეუსრულებელს და ამით ბლოკავს პროცესების ჯანსაღ განვითარებას. თუკი ოპოზიცია მოახერხებს ერთიან პოზიციაზე შეჯერებას, მაშინ კი ვურჩევდი „ოცნებას“,საღი აზრი გამოიჩინონ. მათ ხომ მშვენივრად იციან, რომ არჩევნებს იგებს ის, ვინც არჩევნებს არ ეწინააღმდეგება. თუმცა მოგებაც შედარებითია და მგონი, „ოცნებას“ გათვითცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ 2020 წლის არჩევნებზე კონსტიტუციური უმრავლესობის ილუზია ჰარაკირის ტოლფასი იქნება და არჩევნები არჩევნები აღარ იქნება. ასეთ შემთხვევაში მივიღებთ აბსოლუტურად სხვა ფორმატის განვითარებას, რაც ყველასთვის დამღუპველი იქნება.

კოკა წერეთელი