ეკა ბესელია სკანდალში ეხვევა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია სკანდალში ეხვევა. საქმე ეხება ფოთში არსებულ მიწის ნაკვეთს, რომელიც მოქალაქე ჰამლეტ კუკავასა და შპს „ანა-მარიას“ ეკუთვნოდა. „ქრონიკა+“-თან საუბრისას კუკავა ამბობს, რომ საკუთარი მიწის ნაკვეთი გაყალბებული საბუთებით წაართვეს და ვინმე ლალი ჭანტურიას დაუმტკიცეს, რომელსაც, როგორც თავად ამბობს, ეკა ბესელია მფარველობს.

შპს „ანა-მარიას“ დირექციამ განცხადებითაც მიმართა ქალაქის მერიას: „ითხოვა სამრეწველო ზონაში, ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, კრატასუკის ქუჩაზე, 2 ჰა მიწის ნაკვეთის გამოყოფა სასაწყობე მეურნეობის მშენებლობისთვის. საკითხი განხილულ იქნა ქალაქის მერიასთან არსებულ საწარმოო-დაწესებულებისთვის, კომერციული სექტორისა და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის მიწის ნაკვეთის შემრჩევი კომისიის მიერ. აღნიშნული ტერიტორია დღეისთვის აუთვისებელია და იქ სასაწყობე მეურნეობის მშენებლობა ხელს შეუწყობს სამრეწველო ზონის ინფრასტრუქტურის განვითარებას“, _ ნათქვამია განცხადებაში.

ვინ გააყალბა და ვინ დგას ამ საქმის მიღმა? რის გაკეთებას აპირებდა ჰამლეტ კუკავა საკუთარ მიწაზე? როგორ გაექცა ინვესტორი? როგორ და სად ფიგურირებენ ეკა ბესელია და ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის სახელები?
ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე „ქრონიკა+“-ს შპს „ანა-მარიას“ დირექტორი ჰამლეტი კუკავა ესაუბრება:
_ მართლზომიერ მფლობელობაში მქონდა მიწის ნაკვეთი, თუმცა 2012 წელს მიიღეს კანონი და ვისაც მართლზომიერ მფლობელობაში ჰქონდა მიწის ნაკვეთები ყველას ჩამოერთვა („2012 წლის პირველი იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად“, _ ნათქვამია საჯარო რეესტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში), მაგრამ ამ კანონის მიღებამდე მე უკვე გაწეული მქონდა გარკვეული სამუშაოები. აღნიშნულ ტერიტორიაზე 100 ათსი დოლარის ინვესტიცია მქონდა ჩადებული და ბეტონის ფილებით მთლიანი ტერიტორია მქონდა მოზვენილი.
_ მაგალითად?
_ შემოღობილი მქონდა ჩემი ტერიტორია, ამის დამადასტურებელი საბუთიც მაქვს, მოზვენილი მქონდა მიწა და აღნიშნულ ტერიტორიაზე კომერციულ საქმიანობასაც ვეწეოდი. ჩემი ტერიტორიის გვერდით არის თევზის ქარხანა, რომლის მფლობელებიც არიან: თენგიზ სარიშვილი, კახა ლატარია და ამჟამინდელი ფოთის მაჟორიტარი-დეპუტატი ირაკლი ხახუბია. თენგიზ სარიშვილი ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ მომყიდე მიწის ნაკვეთიო. მე ვუთხარი, რომ ისრაელიდან მყავს ინვესტორი, რომელიც ფულს დებს და მინდა, სპილენძის გადამამუშავებელი ქარხანა ავაშენო-მეთქი, ანუ ნახევარფაბრიკატები შემოვიდოდა უცხოეთიდან, რომელიც დამზადდებოდა ჩვენთან და შემდეგ გავიდოდა ევროპაში ექსპორტზე.
_ კანონის აკრძალვის მიუხედავად თქვენ სამუშაოებს მაინც აწარმოებდით?
_ რა თქმა უნდა, რადგან აღნიშნულ მიწაზე იქამდე ვეწეოდი კომერციულ საქმიანობას, ვიდრე ეს კანონი შემოვიდოდა, საქმე დაწყებული მქონდა, ასევე ეკონომიკის სამინტროში მქონდა თხოვნა გაგზავნილი მართლზომიერი მფლობელობის უფლების აღდგენის შესახებ, უამრავი ხარჯი გავწიე და ამ მიწის გაყიდვას ან გასხვისებას თუ აპირებდნენ, კანონით პირველი ჩემთვის უნდა ეკითხათ, უნდა შემოეთავაზებინათ.
_ ეს მიწა ვის სახელზეა?
_ ჩემი კომპანიის, შპს „ანა-მარიას“ სახელზე.
_ რა ხდება ამის შემდეგ, რას ეუბნებით ინვესტორს?
_ ინვესტორს ყველა ის სირთულე მოვუყევი, რასაც წავაწყდი. ამას დაემატა ისიც, რომ გამოჩნდა ვიღაც ქალი (ლალი ჭანტურია), ზემოხსენებულ პიროვნებებთან შეთანხმებით შექმნილი ჰქონდათ ყალბი საბუთი კერძო პირზე ფოთის მერიიდან მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემის შესახებ, რომელიც ზედდებაში იყო ჩემს მიწაზე და რომელიც 10 წლის განმავლობაში არ მინახავს და არ გამიგია.
_ რას ჰქვია ყალბი საბუთი?
_ ვითომ 1997-98 წელს ფოთის საკრებულომ ამ ქალბატონს გამოუყო ის მიწა, რომელიც მე მეკუთვნის. მივედი საკრებულოში და მოვახსენე, რომ ეს იყო ყალბი საბუთი. საკრებულომ ლალი ჭანტურიას საქმე განიხილა, აღნიშნული საბუთი გადაამოწმეს და დადგენილება გაუქმდა.
_ თქვენ როგორ მიხვდით, რომ ყალბი იყო?
_ ჩემს ტერიტორიაზე იყო ზედდება. ქალაქის მერია როგორ გამოუყოფდა კერძო პირს (ქალბატონ ლალი ჭანტურიას) ტერიტორიას, რომელიც შპს „ანა-მარიას“ სახელზე იყო მართზომიერ მფობელობაში, ვინაიდან მაგ წლებში კანონი მიწის საკუთრების შესახებ არ არსებობდა.
_ ანუ თქვენს კუთვნილ ტერიტორიას გედავებათ ლალი ჭანტურია?
_ დიახ. 12 წელი ეს ტერიტორია მე მეკუთვნოდა, კომერციულ სამუშაოებს ვაწარმოებდი და საიდან გამოჩნდა უცებ ეს ქალბატონი? ჩემ გვერდით ვისაც საწარმო აქვს, მისი ერთ-ერთი თანადამფუძნებელი მიბარებს და მეუბნება, _ ჰამლეტ, გამოჩნდა ქალბატონი, რომელსაც უნდა, რომ მიწა მოგვყიდოსო, ანუ ჩემს მიწაზეა საუბარი.
_ რა უპასუხეთ?
_ გავოცდი! _ მიწა, რომელიც ჩემი კომპანიის საკუთრებაა, შენ როგორ უნდა იყიდო-მეთქი?! როგორ იქნებით კანონიერი შემსყიდველი, როდესაც მიწა ჩემი არის და არა ვიღაც ქალბატონის. ისიც ვუთხარი, რომ ზუსტად ვიცი, ეს ქალბატონი თქვენი მოძებნილი არის და ისიც ვიცი, რომ თქვენ უკან ეკა ბესელია დგას-მეთქი.
_ რის საფუძველზე ამბობთ ამას?
_ როდესაც ჩემი ინვესტორი ეკონომიკის სამინისტროში მინისტრთან მოსალაპარაკებლად შევიდა, სწორედ მაგ დროს კაბინეტში შედის ქალბატონი ეკა ბესელია და ქონების მართვის სამმართველოს უფროსი ეკა სისაური. ეს ქალბატონები ეკონომიკის იმდროინდელ მინისტრ ბატონ გიორგი გახარიას ეუბნებიან, რომ მიწა, რომელიც კერძო პირის საკუთრებაშია, გვინდა, ერთ-ერთი ადამიანის სახელზე გადავაფორმოთ და მას დავუმტკიცოთო. ეს ყველაფერი შინაურულად უნდოდათ, რომ მოეგვარებინათ, მაგრამ ბატონმა გახარიამ კატეგორიული უარი განაცხადა. ამის მერე თევზის ქარხნის მფლობელებმა დამიბარეს და მათ ვეუბნები, _ მიუხედავად იმისა, რომ ბესელიას სთხოვეთ დახმარება, მაინც არ დაგიმტკიცებენ მიწის ნაკვეთს, რადგან საკრებულომაც ბათილად ცნო და კანონიერადაც მე მეკუთვნის ეს მიწა-მეთქი. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩემი მიწა მაინც დაუმტკიცდა ამ ქალბატონს. სწორედ მაშინ პირდაპირ მითხრეს, რომ ჩვენთან და ბესელიასთან ჭიდავით ვერაფერს მიაღწევო. ბატონი გიორგი გახარია რომ დარჩენილიყო იგივე თანამდებობაზე, დარწმუნებული ვარ, ამხელა უსამართლობა არ მოხდებოდა და დღეს საკუთარ მიწაზე მშენებლობა მექნებოდა წამოწყებული, სადაც, საბოლოოდ, დასაქმდებოდა 200-მდე მუშა.
_ როგორ ფიქრობთ, რა მოხდა?
_ ყალბი საბუთით ვინმეს თუ მიწის ნაკვეთის დამტკიცება შეეძლო, არ ვიცოდი… სისაურისა და ბესელიას დახმარებით გაფორმდა.
_ ვინ არის ლალი ჭანტურია?
_ ეს ქალბატონი გახლავთ მევახშე, რომელსაც ესენი იყენებენ და ფულს უხდიან.
_ თქვენ არ გქონიათ ამ ქალბატონთან შეხვედრა და პირისპირ საუბარი?
_ რა თქმა უნდა, შევხვდი და დაველაპარკე, ვუთხარი, რომ გიყენებენ-მეთქი, მაგრამ ხმა არ გაუცია.
_ საერთოდ არაფერი უთქვამს?
_ არაფერი. მას ზურგს უმაგრებს ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი და ეკა ბესელია.
_ ე. ი. ეკა ბესელიასაც აქვს გარკვეული ინტერესები. ასეა?
_ როგორც ვიცი, ბესელია და ესენი არაოფიციალურად ბიზნესპარტნიორები არიან. ჩემი აზრით, ბესელიას ან ერთჯერადად ფულს მისცემენ, ან წილში ჩაისვამენ, ეს ჩემი ვარაუდია.
_ სასამართლოს რატომ არ მიმართეთ?
_ აზრი არ აქვს.
_ რატომ?
_ იმედი არ მაქვს, რომ სამათლიანად გამოიძიებენ. თუ არაფერი გამოვა, ავდგები და რომელიმე საელჩოში შევალ და თავშესაფარს მოვითხოვ უცხოეთში.
_ ამჟამად თქვენი შემოსავლის წყარო რა არის?
_ არაფერი, ყველაფრის გარეშე დამტოვეს.
_ ინვესტორი სად არის?
_ გაიქცა.
_ რა თანხას დებდა თქვენს საქმეში?
_ 5 მილიონ დოლარს.

გიორგი საკარული