პაატა დავითაია: „ივანიშვილმა მკაცრი გაფრთხილება მიიღო კრემლიდან, რომ ზურაბიშვილი პრეზიდენტად უნდა გაეყვანა…“

„ქრონიკა+“ ესაუბრება ოპოზიციურ გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელს, „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაიას:

_ ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა ზურაბიშვილს, რომელიც მიუღებელი იყო თვით ქოცელექტორატის დიდი ნაწილისთვისაც, იმთავითვე აჩენდა საფუძვლიან ეჭვს, რომ მისი მხარდაჭერა სულაც არ იყო ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა და მისი გაყვანა პუტინის დავალებას წარმოადგენდა. შევთანხმდეთ, რომ ივანიშვილს თავისუფლად შეეძლო მოეძებნა კანდიდატურა, რომელსაც გაცილებით იოლად გაიყვანდა. თუნდაც, სერგეენკოს.
_ და უფრო იაფიც დაუჯდებოდა.
_ ბევრად იაფიც დაუჯდებოდა და უფრო იოლადაც გაიყვანდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მისი გადასაწყვეტი არ იყო, პუტინის დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი საფრთხე შეექმნებოდა მას. შესაბამისად, იმთავითვე ცხადი იყო, რომ ხელისუფლება ყველაფერზე წავიდოდა არჩევნებში გასამარჯვებლად და ასეც მოხდა. თქვენ რამდენად ელოდით, რომ ყველაფერი ასეთ მასშტაბებსა და ასეთ სახეს მიიღებდა?
_ არჩევნების წინ თქვენი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუშიც ვამბობდი, რომ მე გაყალბებას ველოდი, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ნამდვილად არ ველოდი გარკვეულ სიახლეებს, ახალ ნოუჰაუებს, რაც ამ არჩევნებში გამოჩნდა. ხელისუფლება რომ ამ არჩევნებში ადმინისტრაციულ რესურსს გამოიყენებდა, ძალადობასაც მიმართავდა და დიდ ფულსაც დახარჯავდა, ამაში ეჭვი არც მეპარებოდა. მათ მართლაც ისეთი კანდიდატი ჰყავდათ, ამ მეთოდების გარეშე ვერანაირად გაიყვანდნენ. სალომე ზურაბიშვილი მიუღებელი იყო „ოცნების“ ელექტორატისთვისაც და ე. წ. შუაშისტებისთვისაც. ზურაბიშვილი იმდენად მიუღებელი იყო სხვადასხვა ფენისთვის, რომ ბუნებრივად ჩნდებოდა კითხვა, _ ვიღასთვის იყო მისაღები? თუ კარგად გავაანალიზებთ, მხოლოდ და მხოლოდ ერთი მხარე რჩება მისი გაპრეზიდენტებით დაინტერესებული _ ესაა რუსეთი. ეს რომ ასეა, გამოჩნდა კიდეც რუსული ტელეარხების მუშაობაში. ცალსახად ჩანდა მათი დამოკიდებულება. გაიხსენეთ ის განცხადებები, რაც ჩვენ წინააღმდეგ წამოვიდა პირველი ტურის შემდეგ. სერიოზული წყაროებიდან ვიცით, ივანიშვილმა ძალიან მკაცრი გაფრთხილება მიიღო კრემლისგან, რომ თუ ის არ გაიყვანდა სალომე ზურაბიშვილს, სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა. ამ მუქარაში ჩართული იყო უშუალოდ პუტინის ადმინისტრაცია. რეალურად, მეორე ტურში ჩვენ ვნახეთ, რომ საარჩევნო კამპანია ჩაატარა ბიძინა ივანიშვილმა.
_ ახსენეთ, რომ არ ელოდით რიგ სიახლეებს, რას გულისხმობდით?
_ ნამდვილად არ ველოდი შსს-სა და კრიმინალური სამაყაროს სინთეზს, მათ შეთანხმებულ ქმედებას.
_ რატომ? ამაში რა იყო მოულოდნელი? კრიმინალური სამყარო მათ 2012 წლის არჩევნებშიც უჭერდა მხარს.
_ დიახ, კრიმინალური სამაყარო თითქმის ყველა არჩევნების ჩატარებაში ერეოდა, მაგრამ რაც ახლა მოხდა, მსგავსი არც ერთ არჩევნებზე არ მომხდარა, რაც კი საქართველოში გამართულა. კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი არასდროს მდგარა ცესკოს საარჩევნო უბანზე ბეიჯებით. ასეთი რამ არ ახსოვს ჩვენს არჩევნების ისტორიას. კრიმინალური სამაყარო როცა არჩევნებში ერეოდა, ისინი უბნების გარე პერიმეტრზე მოქმედებდნენ, ახლა კი კრიმინალური სამყარო იმაზე წავიდა, რომ მათი წესებისთვის მიუღებელი წითელი ბეიჯები დაიკიდეს და უბანზე შევიდნენ. გარდა ამისა, ძალოვანი სტრუქტურები პირდაპირ იხდიდნენ თანხებს. ნამდვილად არ ველოდი, რომ კრიმინალურ სამყაროსთან მოახერხებდნენ მოლაპარაკებას და ბეჯებს დაკიდებდნენ და მეტიც, იქნებოდნენ კორდინაციის რეჟიმში _ კრიმინალური სამყარო უბანზე და პერიმეტრს იცავს პოლიცია. ასეთი რამ არ იყო არასოდეს. ამავე არჩევნების პირველ ტურშიც არ ხდებოდა ასეთი რამ, ეს ხდებოდა მეორე ტურის დროს. ამის გარდა, ხელისუფლება ამ არჩევნებზე დავიდა თითოეულ მოქალაქემდე, უშოალოდ, კონკრეტულ მოქალაქესთან „აფორმებდნენ“ კონტრაქტს.
_ რას გულისხმობთ?
_ იცოდნენ, რა პრობლემა ჰქონდა ადამიანს, იცოდნენ იმიტომ, რომ თვითონ შეუქმნეს ეს პრობლემა იმ მოქალაქეს. მიდიოდნენ და სთავაზობდნენ იმ პრობლემის მოგვარებას, სანაცვლოდ კი ითხოვდნენ მისგან ხმების მობილიზებას. მაგალითად, იცოდნენ, რომ ადამიანს ჩამორთმეული აქვს მართვის მოწმობა, ეუბნებოდნენ, მე შენ გიბრუნებ მართვის მოწმობას, ოღონდ შენ მე მიკეთებ ათ ხმას თუ ოც ხმას. ვისაც პატიმარი ჰყავს, ჰპირდებოდნენ წლის დაწევას, უდოს და ა. შ. თუ უშუალოდ ვერ გადიოდნენ ადამიანზე, ვისაც ეს პრობლემა აქვს, აკითხავდნენ მის ნათესავს, ვინც წუხს ამ პრობლემებზე. იცოდნენ, ვის არ ჰქონდა სამსახური, ან ვისი შვილი იყო უმუშევარი და აკითხავდნენ, ჰპირდებოდნენ სამსახურის გაკეთებას ხმების სანაცვლოდ.
_ სამსახური რამდენ ხმაში „იღებოდა“?
_ გააჩნია, ზოგი ათხმიანია, ზოგი ასხმიანია, ზოგი _ 50. გააჩნია, რამდენად გავლენიანია ეს ადამიანი, ვისაც სთავაზობენ; გააჩნია, სად ხდებოდა ეს ყველაფერი და რა ტიპის სამსახურს ეხებოდა. ამავე ჭრილში ძალიან მნიშვნელოვანი იყო სოციალური დაცვის პაკეტი. კურიერმა გაასაჯაროვა, როდესაც დევნილებს ჰპირდებოდნენ ბინების პრობლემების მოგვარებას. ეს იყო მთელი სისტემა და ამ სისტემაში გამოყენებადი იყო ყველანაირი პრობლემა, რაც კი ჩვენს მოქალაქეებს აქვთ. ნამდვილად არ მეგონა, თუ ასე მასობრივად მოხდებოდა თითოეულ მოქალაქემდე დასვლა. მაგრამ ასე რომ არ მომხდარიყო, ვერც მოხდებოდა ის, რაც მოხდა. ნებისმიერი ქვეყნის არჩევნები რომ ავიღოთ, თუნდაც აფრიკული ქვეყნებისა, სადაც დემოკრატიის მაჩვენებელი ძალზე დაბალია, ვერსად ნახავთ, რომ კანდიდატმა მეორე ტურში ორი იმდენი ხმა აიღოს, რაც აიღო პირველ ტურში. ასეთი რამ არსად მომხდარა, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში. ესეც მანიშნებელია იმისა თუ როგორ, რა დონეზე იყო სახელმწიფო ჩარეული არჩევნებში.
_ „ნოუჰაუებში“ არ გიხსენებიათ არც რესტორნებში დაპატიჟება, არც ბიჭების ბოზებში წაყვანა, არც ხახვი, კარტოფილი. კი, შაქარი და ფქვილი ადრეც რიგდებოდა არჩევნების წინ, მაგრამ ასე ხილ-ბოსტანზე დასვლა მაინც სიახლეა.
_ ხახვი და კარტოფილი 20 ლარის ალტერნატივა იყო, ზოგს კარტოფილი და ხახვი არგუნეს და ზოგს _ ის 20 ლარი. რესტორნებში დაპატიჟებისას ფოკუზჯგუფებად ჰყავდათ ხალხი დაყოფილი, რესტორნებში პატიჟებდნენ მათ, ვისაც ჰპირდებოდნენ ხმების პრობლემის მოგვარებას, პატიჟებდნენ რომ დაეჯერებინათ _ მათ პრობლემას მოაგვარებდნენ. სხვებს იმიტომ პატიჟებდნენ, რომ დაპატიჟებულებს თავი მნიშვნელოვან ადამიანებად ეგრძნოთ, ყურადღებით, პატივისცემით, სხვებისგან გამორჩევით მანიპულირებდნენ, პიროვნულ მომენტებზე ჰქონდათ ყველაფერი აგებული. რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ეს ყველაფერი არის სისხლის სამართლის დანაშაული და როდესაც ეს საკითხი გამოძიების ქვეშ დადგება…
_ დადგება კი ოდესმე?
_ აუცილებლად უნდა დადგეს ასეთი საკითხები, თუ ასეთი საქმეები გამოძიებული არ იქნება, ყოველთვის ასეთ მარაზმში ვიქნებით, ყიოველთვის ასეთი საფრთხის ქვეშ ვიქნებით. თუ წერტილი არ დაესვა ამას, ყველთვის იქნება ასეთი რამ. აქამდე ხომ არ იყო ასეთი რაღაცები, რაც ახლა მოხდა? რაკი მოხდა და დაიტესტა, ახლა უკვე იქნება. ხელისუფლებამ მოახერხა კონკრეტულ პირებამდე ჩასვლა, რაც არც ერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია.
_ სწორედ ამას ხომ არ გულისხმობდნენ, პირველი ტურის მერე რომ ამბობდნენ, უფრო ახლოს მივალთ, ჩავეხუტებით ამომრჩეველს და მოვიგებთ არჩევნებსო.
_ კი, ოღონდ ეს ჩახუტება ძალიან ძვირი დაუჯდათ. ეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, დარიგებული ფული, პროდუქტები, რესტორნები, დაახლოებით, 200 მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდათ. ამ თანხაში არ შედის საბიუჯეტო თანხები, რაც ასევე გამოიყენეს ამ არჩევნებზე.
_ პირველი ტურში, ზურაბიშვილის ჩაფლავების შემდეგ, გაჩნდა ეჭვი, რომ ხელისუფლება დიდ ფულს დახარჯავდა მეორე ტურის მოსაგებად. მაგრამ დიდი ფულადი მასის მოსახლეობაში გასვლა გამოიწვევდა ლარის უარესად გაუფასურებას, საშინელ ინფლაციას. კი, ვიღაცას ფულს მისცემდი და მოიმადლიერებდი, მაგრამ ეს ინფლაცია გააგიჟებდა დანარჩენ მოსახლეობასაც და თვითონ იმასაც, ვისაც დაურიგებდი ამ ფულს. სწორედ ამიტომ ხომ არ დაიწყეს კაცების რესტორნებში, ბიჭების ბოზებში ტარება, ფულის ნაცვლად ხახვ-კარტოფილის რიგება, რომ ქეშად არ გასულიყო დიდი თანხები?
_ დიახ, მარტივად დაალაგეს ეგ, სწორედ მაგ მიზნით გააკეთეს ეს ყველაფერი. ისე მიმართეს თანხები, რომ რყევები არ გამოეწვია. ამ ყველაფრის მიუხედავად ამ არჩევნებს მაინც ახლდა პოზიტიური მხარე.
_ კერძოდ?
_ მე ლექციებს ვკითხულობ, ყოველდღიური შეხება მაქვს სტუდენტებთან. ცხადია, მათთან არ ვსაუბრობ, ვის უნდა მისცენ ხმა, არასოდეს მიკადრებია ეს და ამას ყველა ჩემი სტუდენტი დაგიდასტურებთ, მაგრამ მე ვხედავ მათ განწყობებს, ხელისუფლებამ ამ ადამიანების მასობრივად ყიდვა ვერ შეძლო. ამის გარდა, ის ხმები, რაც ჩვენ მივიღეთ, ასობით ათასი ხმა, ეს არის ალალი, უსასყიდლოდ მიღებული ხმები, თან ამ პირობებში, როდესაც ხდებოდა ზეწოლა, მოსყიდვა. ამომრჩევლის უდიდეს ნაწილს ცვლილება უნდა ქვეყანაში. ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ერთ რამეს მოწმობს, რომ საპარლამენტო არჩევნები იქნება უფრო მძიმე, ვიდრე ეს არჩევნები იყო. ამ არჩევნებში გამარჯვება პრინციპის საკითხი იყო, თორემ ყველამ ვიცით, რომ ეს არჩევნები არანაირად იწვევდა ხელისუფლების შეცვლას, რომც გაემარჯვა გრიგოლ ვაშაძეს, ხელისუფლება არანაირად არ იცვლებოდა _ „ოცნება“ რჩებოდა ხელისუფლებაში. ამ თვალსაზრისით გადამწყვეტია საპარლამენტო არჩევნები, რომელიც იწვევს ხელისუფლების ცვლილებას და შესაბამისად იქნება ბევრად მძიმე. ამდენად, ოპოზიციამ უნდა გამოიტანოს დასკვნა: ან ის არის ერთიანი ცვლილებებისთვის ბრძოლაში, ან ჩვენთან არჩევნები კვდება საერთოდ. დღეს ივანიშვილი, „ქართული ოცნება“ ცდილობს არჩევნები მოკლას. ჩვენ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ დაიწყოს საარჩევნო კანონმდებლობის, საარჩევნო კომისიის კომპლექტაციის წესის შეცვლა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. ოღონდ ჯერ ცვლილებებია საჭირო და შემდეგ არჩევნები, თორემ თუ არჩევნები ამ სისტემით ჩატარდა, იგივეს იზამს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევაცვლევინოთ არსებული თამაშის წესები. ეს მხოლოდ ჩვენზე, ოპოზიციაზე არაა დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია საზოგადოებაზე, საერთაშორისო ორგანიზაციებზე. მეორე ტურის შემდეგ დიდი ინტერესი წამოვიდა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, ჩვენი პარტნიორებისგან. აქამდე ასეთი დიდი ინტერესი არ იყო. მიმდინარეობს კონსულტაციები ინტენსიურ რეჟიმში, მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმაზე, თუ როგორ მოახდინონ ზეწოლა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად და დარწმუნებული ვარ, რომ ამ სისტემის შეცვლას მივაღწევთ. ხედავთ, რომ პარტნიორების განცხადებები ამ არჩევნებთან დაკავშირებით დღითი დღე მძიმდება. ომს არავინ დაიწყებს, ცხადია, დიპლომატიურ ენაზეა სუაბარი.
_ თქვენ ახსენეთ, რომ ხელისუფლება არჩევნების მოკვლას ცდილობს, თუ უკვე მოკლა? ნიკა გვარამიამ არჩევნების ღამესვე შენიშნა, ვგონებ, სწორადაც, _ რამდენი ხმაც არ უნდა მიიღოს ოპოზიციამ, ივანიშვილი ადგება და იყიდის იმაზე მეტს. კი, გასაგებია, ცესკოს დაკომპლექტების წესის, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა საშური საქმეა, მაგრამ ამ არჩევნებზე ჩვენ ვნახეთ, რომ უბნებზე არჩევნები დიდად არც გაყალბებულა, თუ არ ჩავთვლით ბიულეტენების გაუქმებას, სხვადასხვა დარღვევას, ძირითადად, არჩევნები არჩევნებამდე გაყალბდა _ უბრალოდ, ადგა და იყიდა.
_ კი, არჩევნები არჩევნებამდე გაყალბდა, მაგრამ თვითონ არჩევნებიც დიდი დარღვევებით წარიმართა. როდესაც ვალაპარკობთ იმაზე, რომ კრიმინალებს ცესკოს ბეიჯი ჰქონდათ, ეს არ მიუთითებს ცესკოს როლზე? კომისიის წევრები, ფაქტობრივად, ყველა ნაყიდია, სისტემა ისეა აწყობილი, რომ ხელისუფლება 13 წევრიდან 12-ს აკონტროლებს. ვნახეთ, რომ ადგილებზე კომისიის წევრები გამგებლებს უფლებას აძლევდნენ, ამომრჩეველს შეჰყოლოდნენ, ჩაეყარათ ბიულეტენები. მთელი რიგი დარღვევები იყო, იგივე ბიულეტენების გაუქმება. აუქმებდნენ იმ ბიულეტენებს, სადაც გადახაზული იყო „48“ და შემდეგ შემოხაზული „5“, რადგან ადამიანმა, ვისაც სთხოვდნენ „48“ შემოხაზულ სურათს, შემოხაზა ეს „48“, გადაუღიო სურათი, შემდეგ გადახაზა და შემოხაზა 5. ამას აუქმებდნენ და არ აუქმებდნენ იმ ბიულეტენებს, სადაც სალომე ზურაბიშვილი იყო შემოხაზული და იქვე მიწერილი ჰქონდათ გარკვეული ციფრი. ის ციფრი, რომელიც წინასწარ შეათანხმეს და რომლითაც აკონტროლებდნენ ამომრჩეველს, რომ მართლა მისცა თუ არა შეპირებული ხმა. მოკლედ, მთელი რიგი დარღვევები, რაც კომისიების, ამ სისტემის კისერზეა. რეალურად, ჩვენ ან ვაიძულებთ ამ ხელისუფლებას და შევაცვლევინებთ ამ სისტემას, პირველ რიგში პროპორციულ სისტემაზე გადავალთ, შემდეგ შევაცვლევინებთ კომპლექტაციის წესს, საარჩევნო კოდექსს, საერთოდ თამაშის წესებს და მერე ვატარებთ არჩევნებს, ან არჩევნები აბსოლუტურად, საერთოდ კარგავს აზრს.
_ კარგი, მაგ ყველაფერზე რომც წამოვიდეს ხელისუფლება და დათომოს, ამომრჩევლის მოსყიდვას რა ეშველება? ადგება და იყიდის ამომრჩეველს.
_ მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ ეს გაუქმდება _ რესტორანიც იქნება, მოსყიდვაც, ხახვიც, კარტოფილიც… ახლა დაიტესტა ეს თემა და აუცილებლად იქნება მომავალში, ამაში ეჭვი არც მეპარება. უბრალოდ, თავად მოქალაქეებმა უნდა გამოიტანონ დასკვნა, იმ რესტორანში ეპატიჟებიან ერთხელ, და არა ყოველდღე შემდეგ, იმ 20 ლარს თუ ხახვს და კარტოფილს აძლევენ ერთხელ და არავინ მისცემს შემდეგ ყოველდღე. თავად უნდა გადაწყვიტონ, მას უნდა მომავალი, ქვეყნის წინსვლა თუ იმ ერთი დღის გაყიდვა, რომელ დღესაც ხელისუფლება ეკუთვნის მას. არჩევნების დღეს ხელისუფლება ეკუთვნის ამომრჩეველს. მას ეკუთვნის და არა ივანიშვილს ან სხვა ვინმეს. ის წყვეტს თავის ბედს და ის ბედი არ უნდა გაცვალოს ერთ გაძღომაში. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ცალკეული მოქალაქე, მიჭირს ამაზე საუბარი. წეღანაც ვთქვი, ამ არჩევნებს, წაგების მიუხედავად, ვუყურებ დადებით კონტექსტში. გამოჩნდა, რომ ძალიან გაიზარდა მოქალაქეების პოლიტიკური კულტურა. რა ვიცი, ჩემ ირგვლივ ვისთანაც არ მისაუბრია, ჩვენ მომხრეებთანაც და მოწინააღმდეგეებთანაც, ყველას ესმის და ყველა აღიარებს იმას, რაც მოხდა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ პოლიტიკური შეგნების დონე გაზრდილია.
_ მაგრამ შემგუებლობაც ხომ არაა გაზრდილი? ყველამ ვიცით, რომ გააყალბეს, იყიდეს არჩევნები, მაგრამ რა? არაფერი.
_ არა, ჩვენ მიერ მიღებულმა ხმათა რაოდენობამ გვაჩვენა ის, რომ ეს ასე არ არის. საპარლამენტო არჩევნებზე ბევრად უფრო მეტი ადამიანი მისცემს ხმას ცვლილებებს. იმ 800 ათასმა ადამიანმა, ვინც მოგვცა ხმა, იცოდა, რომ ხელისუფლება ახლა არ იცვლებოდა და ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, პარლამენტიც დარჩებოდა და ეს მთავრობაც. საპარლამენტო არჩევნებზე კი, რომლითაც შესაძლებელია ხელისუფლების შეცვლა, ჩვენი ამომრჩეველიც ბევრად უფრო მობილიზებული იქნება და ისინიც, ვინც ახლა ხმა გაყიდა იმ მოტივით, რომ ამ არჩევნებით მაინც არაფერი იცვლებოდა, სავარაუდოდ, აღარ გაყიდიან. ყოველ შემთხვევაში, ასე მასობრივად ვეღარ მოახერხებენ მოსყიდვას, რადგან ეს ხალხი დაინახავს, რომ არაფერი სასიკეთოდ არ შეიცვლება საპარლამენეტო არჩევნებამდე.
_ როდესაც საპროტესტო აქციებზე ვსაუბრობთ, არის მოსაზრება, რომ აქციების რამდენიმე დღის შემდეგ გამართვა მიდევნებული ლამპარივით იყო. ალბათ მართლაც უპრიანი გახლდათ იმ ღამესვე გამოსვლა და არმიღება იმ რეალობის, რომელიც ივანიშვილმა თავს მოგვახვია. მაგრამ საამისო არც ფინანსები ჰქონდა ოპოზიციას და როგორც ჩანს, არც მუხტი იყო სათანადო…
_ რა მწირი რესურსებიც გვაქვს გამოჩნდა და ყველამ იცის. იმ ღამეს აქციების დაწყება შეუძლებელი იყო მარტივი მიზეზის გამო, უბნებზე უნდა დაგვეცვა ის ხმები, რომელიც მივიღეთ. ამის გარდა ყველას აქვს სამოქალაქო დაპირისპირების შინაგანი მუხრუჭი… გარდა ამისა, ყევლას ესმოდა, რომ ამ არჩევნებით ხელისუფლება არ იცვლება, ამიტომაც არ იყო მუხტი სათანადოდ და ეს ხელისუფლებამაც უნდა გაიაზროს. ნუ ჰგონიათ, რომ საპარლამენტო არჩევნების დროსაც ასე იქნება, საპარლამენტო არჩევნებით ხელისუფლება იცვლება და შესაბამისად, თუ ასევე მოიქცევიან, მუხტი ძალიან მკაცრი იქნება. ამაში ეჭვი არც მეპარება.
_ ანუ თქვენ ამბობთ, რომ საზოგადოებამ ამ არჩევნების ქურდობა იმიტომ აპატია ივანიშვილს, რომ ეს არჩევნები რეალურად ხელისუფლებას არ ცვლიდა?
_ ეს ჩემი ანალიზია, არ მინდა ვინმეს მოვახვიო თავს. ყველას ესმის, რაც მოხდა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, ვიაროთ სამართლებრივი გზით. 16 დეკემბერს საპროტესტო აქცია გვექნება, საუბარია პოლიტიკურ პროტესტზე. თუ გვინდა სახელმწიფოს მშენებლობა, არ უნდა ვიყოთ მიმართული იქითკენ, რომ რაღაც ჩამოინგრეს.
_ ფაქტია, რომ ხელისუფლებას პროტესტის კი არა, ინაუგურაციის ჩაშლის შიში აქვს, ამიტომაც გაარიდეს და წიაყვანეს თელავში.
_ პირდაპირ ვთქვათ, შეშინდნენ და გაიქცნენ, სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკური ლეგიტიმაცია არ აქვს, თვითონაც იციან ეს და ამიტომაც გარბიან. ეს უკვე საზოგადოების გამარჯვებაა. სალომე ზურაბიშვილს არ გააჩნია პოლიტიკური ლეგიტიმაცია. მე არ ვსაუბრობ სამართლებრივ ლეგიტიმაციაზე, უცხო ქვეყნებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მილოცვებზე, ვსაუბრობ პოლიტიკურ ლეგიტიმაციაზე, რომელიც ამ ქალბატონს არ გააჩნია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა.
_ კი, ბრძოლა გასაგრძელებელია, მაგრამ არის საფრთხეც, რომ ეს ბრძოლა იქცეს „ბრძოლად ბრძოლისთვის“, რაც გამოიწვევს პროცესის მარგინალიზაციას.
_ რთული სათქმელია, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ჩვენ უნდა ვიაროთ სამართლებრივი გზით, რომ უფრო გაძლიერდეს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა და აუცილებლად შევცვალოთ საარჩევნო გარემო. სხვა ფაზაში უნდა გადავიყვანოთ ბრძოლა. ძნელია, ამ სიტუაციაში გქონდეს ყველა კითხვაზე პასუხი. ბევრ რაღაცაზეა დამოკიდებული, _ საზოგადოების ნებაზე, საზოგადოების რესურსებზე, ფინანსურ რესურსებზე, სპექტრის ერთიანობაზე, პროცესების მიმდინარეობაზე…
_ ხელისუფლება რომც წამოვიდეს ამ ცვლილებებზე და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე, ახლა, ამ ეტაპზე, მზადაა ოპოზიცია არჩევნების მოსაგებად?
_ თუ არ ვაიძულეთ, ეს ხელისუფლება არც ცვლილებებზე წამოვა და არც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე. ეს გამორიცხულია. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ჯერ საარჩევნო ცვლილებებს სჭირდება მუშაობა, კონსენსუსის მიღწევა, შემდეგ, მინიმუმ, 1-2 თვე „ვენეციის კომისიას“ სჭირდება დასკვნისთვის, მთელი ეს პროცესი დროში გაიწელება და ყველაზე ადრე არჩევნები ივნისში მოხერხდეს, უფრო სავარაუდო კი 2019 წლის ოქტომბერია. ამიტომ საკმარისად არის დრო…
_ ეს არჩევნები მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ვაშაძის არჩევა სააკაშვილს აძლევდა ქვეყანაში დაბრუნების საშუალებას, რაც სხვა რეჟიმში გადაიყვანდა ქვეყანაში მიდინარე პროცესებს. ეს არ მოხდა, მაგრამ დღეს მაინც ისმის, რომ იგი უნდა დაბრუნდეს საქართველოში. მისი დაბრუნება ნამდვილად არაა უსაფრთხო _ არსებობს მისი დაჭერის, ლიკვიდაციის საფრთხე, თუმცა ამ შიშებს ბევრი არ იზიარებს და ამბობს, რომ მას ხალხი დაიცავს. თქვენ როგორ ფიქრობთ, მიზაშეწონილია დღეს მისი დაბრუნება მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე?
_ ვერ შევალ ამ პოლემიკაში _ დაიცავენ თუ ვერ დაიცავენ. ვამბობ მოხლოდ ერთს: დაბრუნდება თუ არა, ეს უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის, მხოლოდ და მხოლოდ, მისი გადასაწყვეტია. პირადად ვფიქრობ, რომ ახლა მისი ჩამოსვლა ნამდვილად არაა უსაფრთხო. ძნელად პროგნოზირებადია, როგორ წარიმართება პროცესები, რა მოხდება, რა როგორ განვითარდება და რა შედეგს მოიტანს მისი ამ ეტაპზე ჩამოსვლა და, შესაბამისად, ღირს თუ არა ამხელა რისკზე წასვლად. აქედან გამომდინარე, ვიმეორებ: ეს, მხოლოდ და მხოლოდ, მისი გადასაწყვეტია.

რეზო შატაკიშვილი