სვანეთის მოსახლეობა მასობრივ საპროტესტო აქციებს იწყებს

„ისევ დაიწყო შემოტევა სვანეთზე, ხელისუფლება კარგ ხასიათზეა, შერჩა ყველაფერი!.. მე, როგორც ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი ჩემი ქვეყნისა, ვიწყებ საველე მოქმედებებსა და ბრძოლას საქართველოს მტრების წინააღმდეგ!!!
ვაი, ბოროტებავ!
ვაი, ბედკრულო საქართველოვ, რამეთუ ზვიად გამსახურდიასთან ერთად დაასაფლავე შენი მომავალი!
ვაი, პუტჩისტებო! კრიმინალებო! მკვლელებო!
ხალხის ბრძოლით მოტანილი დამოუკიდებლობა, ეროვნულობა, სულიერი ღირებულებები და საკუთარი მეობა ითელება ფეხქვეშ, რომლის მიზანიც საბოლოოდ დასამარება გახლავთ!
მამულიშვილნო! ყველანი ერთად ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მიერ ბრძოლის შედეგად მოპოვებული დამოუკიდებელი საქართველოს დასაცავად!“ _ ამ სიტყვების ავტორი სვანეთის მკვიდრი, სამოქალაქო აქტივისტი, მანანა საღლიანია, რომელიც დიდი ხანია, სვანეთში ე. წ. მცირე ჰესების მშენებლობას აპროტესტებს.

სხვათა შორის, ქალბატონი მანანა, იმის გამო, რომ პროტესტს გამოხატავდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს, ანუ იმის გამო დასაჯეს, რომ ხელისუფლების პოლიტიკას არ იზიარებდა და საკუთარი კუთხის გადასარჩენად იბრძოდა.
ამასთან, როგორც „ქრონიკა+“-ს ქალბატონი მანანა ეუბნება, კიდევ ერთი მიზეზი არსებობს, რის გამოც „ოცნებამ“ „შავ სიაში“ შეიყვანა _ მანანა საღლიანი ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის მომხრე არც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ყოფილა.
ჩვენმა გამოცემამ სწორედ მანანა საღლიანისგან შეიტყო, რომ 28 ნოემბერის არჩევნების შემდეგ, სვანეთის ახალგაზრდობას გზა აქვს გადაკეტილი და უცხოურ კომპანიას მესტიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ოქროს ღია წესით წარმოების საშუალებას არ აძლევს. ამასთან, ქალბატონი მანანა გვიყვება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, კერძოდ, ვიქტორ ჯაფარიძე, ამ ახალგაზრდებს ფიცის გატეხას აიძულებს. ამას გარდა, ცნობილი ხდება, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ სვანეთის მოსახლეობას ფქვილი და ფული დაურიგეს და ასე მოიპოვა სალომე ზურაბიშვილმა ამ მხარეში გამარჯვება.
„ქრონიკა+“-თან საუბრის დროს მანანა საღლიანი იმასაც ამბობს, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს მთიანი მოსახლეობის კოალიცია მასობრივ საპროტესტო აქციებს დაიწყებს და ხელისუფლებას მცირე ჰესების მშენებლობის შეჩერებას აიძულებს.
„თუ ხელისუფლება არ მოგვისმენს, ეს პროტესტი უკიდურეს სახეს მიიღებს“, _ ამბობს ქალბატონი მანანა, რომელსაც ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით:

_ ქალბატონო მანანა, როგორც ვიცი, ახლა მესტიაში ხართ. 28 ნოემბრის შემდეგ თქვენი ფეისბუქსტატუსები წავიკითხე და მივხვდი, რომ სვანეთში დაძაბული ვითარებაა. რა ხდება, ჰესების მშენებლობა განახლდა?
_ პირველ რიგში, ამ საკითხით დაინტერესებისთვის უღრმეს მადლობას გეუბნებით.
არჩევნების პერიოდში ეს თემა ოდნავ ყურადღების მიღმა გადაიტანეს, ანუ მთელი ძალების კონცენტრირება არჩევნებზე გაკეთდა, მაგრამ არჩევნები დასრულდა თუ არა, თავი ქუდში დაიგულეს, იფიქრეს, რომ ყველაფერი ეპატიათ, შერჩათ და სვანეთზე ზეწოლაც განახლდა.
_ რას გულისხმობთ?
_ სოფელ იელში ჩინური კომპანია ოქროს წარმოებაზე სამუშაოებს ზუსტად ისე ატარებს, როგორც _ კაზრეთში, ანუ ოქროს მოპოვება და დამუშავება ღია წესით ხდება. არადა, შარშან, როცა ეს კომპანია გამოჩნდა, ხალხმა სამუშაოების დაწყების საშუალება არ მისცა _ მთელი სვანეთი შეიკრიბა და ტექნიკიანად გააძევა. ახლა კი სამუშაოები ისევ განაახლეს, მთელი სოფელი გადათხრილ-გადმოთხრილია…
ექვსასამდე ახალგაზრდამ წმინდა კვირიკეს ტაძარში, კვირიკობის დღესასწაულზე, ფიცი დადო, რომ მსგავს შემთხვევას არაფრით დაუშვებს.
_ ქალბატონო მანანა, ხელმეორედ გეკითხებით: სვანეთის მოსახლეობაზე ზეწოლა რაში გამოიხატება?
_ გეტყვით, როგორი მდგომარეობაც არის: სვანური სამართლის ინსტიტუტზე ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომლის მიხედვითაც მედიატორები არსებობენ. სწორედ ასეთი ადამიანები აიყვანა ბატონმა ვიქტორ ჯაფარიძემ, რომელიც ბოლო დროს სვანეთის კი არა, სამწუხაროდ, საქართველოს ყველანაირი დამაქცევარი პროექტის მონაწილეა.
დაზუსტებით არ ვიცი, რამდენიმე მედიატორი აიყვანა, მაგრამ ვიცი, _ იელის მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ფიცის მოხსნა შეიძლება.
ამ შემთხვევაში საქმე მარტო ის კი არ არის, რომ ოქროს წარმოებით სვანეთს ღუპავენ, არამედ სვანურ ტრადიციებს, რომლითაც დღემდე მოვედით და რომელიც ჩვენთვის ღირებულია, შლიან და, პრინციპში, მიწასთან ასწორებენ!
სხვათა შორის, მედიატორად ისინი იყვანეს, რომელთა წინაპრებიც იელიდან ლამის ერთი საუკუნის წინათ გადავიდნენ, ანუ ეს ადამიანები ქალაქში გაიზარდნენ და სოფელში მხოლოდ მამა-პაპათა საკუთრება აქვთ. ეს ხალხი ჩავიდა და ამბობს, ჩვენ გვინდა და თქვენ ვინ ხართო.
ამას წინათ, როცა ეს სამუშაოები განახლდა, დაფიცებული ახალგაზრები ავიდნენ და, როგორც ვიცი, საქმე ლამის ხელჩართულ ჩხუბამდეც კი მივიდა. ახლაგაზრდები უკან დაბრუნდნენ და ასეთი სიტყვა დაუტოვეს, _ კარგი, ბატონო, თუ ასე ჯიბრში დგებით, გზას გადაგიკეტავთ, ტექნიკას, საწვავს არ გამოვატარებთ და როგორ იმუშავებთ, დავინახავთ. თუ იძულებულს გაგხვდით და დაფიცებული ადამიანების წინააღმდეგ მაინც წახვალთ, მარტო ტექნიკასა და საწვავს კი არა, საკვებსაც არ გამოვატარებთო.
ზოგადად, როცა ადამიანს ხატზე დაფიცებას ატეხინებენ, ეს მტრობაა!
ერთ კვირაზე მეტია, ეს დაფიცებული ახალგაზრდები გზას აკონტროლებენ და დღე და ღამე გარეთ არიან. წარმოიდგინეთ, დეკებერში სვანეთში როგორი სიცივეა და ეს ახალგაზრდები გარეთ არიან, ღია ცის ქვეშ დგანან და მორიგეობენ. ამდენად, ოქროს მოპოვების სამუშაოები ამ ეტაპზე შეჩერებულია. კომპანიის მესვეურები სოფელში არიან, მაგრამ მუშაობას ვერ აგრძელებენ იმიტომ, რომ ის საშუალებები, რითიც საქმიანობა უნდა აწარმოონ, პრაქტიკულად, აღარ აქვთ, ანუ არც ტექნიკა აქვთ და არც _ საწვავი.
_ ანუ სვანეთში დაძაბული ვითარებაა?
_ დიახ, ეს ხალხი დენთის კასრზე ზის. შარშან კოლონის შეჩერება ფეხმძიმე ქალს მოუხდა _ სრულიად მშვიდობიან სიტუაციაში სპეცრაზმი შემოგვისიეს და ახლა, როცა ამხელა საქმე გაჩერებეულია, როდემდე მოიცდიან და რას გვიზამენ?
კარგი, დავუშვათ, სპეცრაზმი არ მოიყვანეს, მაგრამ ეს ახალგაზრდები ცოდოები არ არიან, ამდენი ხანი, ღია ცის ქვეშ რომ დგანან?
_ ქალბატონო მანანა, ხელისუფლებიდან მარტო ვიქტორ ჯაფარიძე აქტიურობს თუ სხვა ვინმეც არის პორცესებში ჩართული?
_ ტყუილი არასოდეს მითქვამს და ახლაც რომ არ გამოივიდეს, დავაკონკრეტებ: ვიქტორ ჯაფარიძე სოფელში არჩევნებამდე იყო ასული, აი, თქვენ ფიცის ახსნა შეგიძლიათ და სვანურ სამართალს ამის მუხლი აქვსო. ამას სვანურად „ლიხვაშინე“ ჰქვია, ანუ „ლიხვაშინეა“, როცა მე მონანიებით მოვდივარ, ამ მონანიებას უფალი მპატიობს, მაგრამ ამდენმა ახალგაზრდამ ეს ნაბიჯი შეგნებულად გადადგა და ასეთ დროს „ლიხვაშინე“ არასდროს ხდება. „ლიხვაშინე“ მაშინ ხდება, თუ საუბარი, მაგალითად, უნებლიეთ გავარდნილ ტყვიაზეა.
_ „ლიხვაშინეზე“ სვან ახალგაზრდებს ვიქტორ ჯაფარიძე ესაუბრებოდა?
_ რა თქმა უნდა, შეგინდობთ და შეგიწყალებთო. თავის დროზე ხაიშში ეპარქიის მეუფეც ჩაიყვანა, _ აი, ფიცსს აგხსნით და ფიცი უკან დაიბრუნეთ, რომ ხუდონის მშენებლობა გაგრძელდესო, მაგრამ ხალხმა კუდით ქვა ასროლინა და საერთოდ არ მიიღო. ახლა კი სოფელში მცხოვრებლებს კი არა, ქალაქში გაზრდილებს ალაპარაკებენ… ქუჩური სიტუაციები მიჰყავთ… ახლა ისინი განკარგავენ, „პალაჟენია“ ისე აქვთ დაყენებული, რომ იქ მცხოვრებლებსა და უფროსი თაობის წარმომადგენლებს საშუალებას არ აძლევენ, გამოვიდნენ, ისაუბრონ. თვითონ ლაპარაკობენ. ესენი ხელისუფლების შემოყვანილები არიან, გარიგებულები და იმაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ყველაფერი ეს ვის ინტერესებშიც შედის.
_ რადგან ახსენეთ, ბარემ, თქვით, ვის ინტერესში შედის?
_ ვისი პროექტებია?
_ ვისია?
_ ეგენი ყველა ხომ რუსული პროექტებია?!
_ საქართველოს ხელისუფლება რუსულ პროექტებს რატომ ლობირებს?
_ საქართველოს ხელისუფლება საქართველოს ინტერესების გამომხატველი როდის იყო?! საქართველოს ხელისუფლება ხალხისა და მოსახლეობისთვის იმიტომ არის მიუღებელი, რომ გამყიდველია და საკუთარი კეთილდღეობის მოწყობის მეტი არაფერი აინტერსებს!
მგონი, პირველი არ ვარ, ვინც ამას ამბობს! ხალხის აღშფოთებაც სწორედ აქედან მოდის, ქუჩაში გამოსვლა და პროტესტის ხმამაღლა გამოხატვაც, რომ ხელისუფლება უვარგისი და უნიათოა!
მაპატიეთ და იმ კატეგორიას არ ვეკუთვნი, ორი კილოგრამი ხახვი ან კარტოფილი მყოფნიდეს. ვინმეს კი არ დავცინი, პირქით, ეს ხალხის დაბეჩავება და უკანასკნელ მდგომარეობამდე მიყვანაა. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ხალხის მართვა ადვილია! ამ ხალხმა მომიტევოს, ეს მისი ბრალი კი არა, დუხჭირი ცხოვრებიდან და იმ პირობებიდან გამომდინარეა, რაც ამათ შექმნეს!
_ სხვათა შორის, სალომე ზურაბიშვილმა, როგორც ვიცი, სვანეთშიც გაიმარჯვა, ანუ ხუთ-ხუთი კილოგრამი ხახვი და კარტოფილი „ოცნებამ“ მანდაც დაარიგა?
_ არა. ალბათ, კარტოფილი აქედან წაიღეს, რომ სხვაგან დაერიგებინათ.
_ აბა, სვანეთის მოსახლეობაზე ზეგავლენა როგორ მოახდინეს?
_ სვანეთში დარიგდა ფული და ფქვილი. ერთ-ერთ სოფელში, არჩევნების წინა ღამეს, ფქვილი შეიტანეს და ეს გადაღებულიც არის.
_ ფქვილსა და ფულს „ოცნების“ წარმომადგენლები არიგებდნენ?
_ რა თქმა უნდა, აბა, ვინ დაარიგებდა?
_ სვანეთში იმაზე დიდი პრობლემებია, ვიდრე _ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა და ხალხმა საკუთარი კუთხის მომავალი ფქვილზე რატომ გაცვალა?
_ იცით, როგორი სიტუაციაა?
_ როგორი?
_ გამოჩნდება ვინმე ფეოდალი და ყველა მას დასდევს წინ და უკან.
_ რატომ?
_ მისი ან ეშინიათ ან მისგან რაღაცას ელიან. სიტუაცია სულ ხუთიანზე რომ იყოს მოგვარებული, რა წუთშიც ეს ფეოდალი გამოჩნდება, დამთავრებულია ყველაფერი _ სიტუაცია საწინააღმდეგოდ ტრიალდება.
_ დღეს ასეთი ფეოდალი სვანეთში ვინ არის?
_ ვიქტორ ჯაფარიძე. ერთი პიროვნება ამბობდა, _ რაც მაგან კენჭისყრა დაიწყო, აქ ცხოვრება აღარ მინდაო. აქ საშინელებები ხდება!
_ მაინც, რა საშინელება ხდება?
_ ჩემი ამბავი იცით _ ყველაფერ ამას ხმამაღლა რომ ვაცხადებდი, სამსახურიდან გამიშვეს. ღია ეთერებში ვამბობდი, მოგვეხმარეთ და ეს რეგიონი როგორმე დავიცვათ ურდოთა თარეშისგან-მეთქი. შეიძლება, ახლა ვიღაცამ მომაკეროს, რომ დამარცხებული პოზიციიდან ვსაუბრობ, მაგრამ როცა ამ პრობლემებზე ვლაპარაკობდი, საჯარო მოსამსახურე გახლდით, მაგრამ იმიტომ ვლაპარაკობდი, რომ ჩემი სვანეთის ავკარგიანობა და ამ კუთხის ბედ-იღბალი მაწუხებს.
ამათ აბსოლუტურად არაფერი აინტერსებთ, შავი ფულის გარდა!
_ ამას რის საფუძველზე ამბობთ?
_ „მესტიაჭალა ჰესი“ ნოემბერში ხომ უნდა ყოფილიყო ჩაბარებული და რატომ არ ჩაბარდა? რა ხდება? რატომ არავინ კითხულობს გაფუჭებულ საქმეს, ხელისუფლებას ან სხვა ვინმეს არ ეხება?
პირობა ხომ დაიდო, რომ ეს ჰესი ექსპლუატაციაში ნოემბერში უნდა შესულიყო და აგერ, საცაა, ახალი წელი მოდის, რა ხდება, რატომ არ დაამთავრეს?
_ თქვენი აზრით, რატომ არ დაამთავრეს, რა ხდება? ფულს აკეთებენ თუ რამე სხვა ინტერესიც არის?
_ პირველ რიგში, ფული კეთდება. მეორეც, როცა მოძრავი ქანია, ნაგებობას ვერ აჩერებენ და ვერც გააჩერებენ _ გამორიცხულია, რომ ამ ჰესმა იქ ფეხი მოიკიდოს და ამუშავდეს, მაგრამ ეს არასოდეს აინტერესებდათ. მთავარია, აშენებულიყო და ფული გაეთეთრებინათ!
_ ამ ფულის გათეთრებაში მთელი ხელისუფლებაა ჩართული თუ მხოლოდ ხელისუფლების რომელიმე შტოსა და წარმომადგენლის ინტერესებია?
_ აბსოლუტურად მთელი ხელისუფლებაა ჩართული, განსაკუთრებით სამწუხარო კი ის არის, რომ ჩართულები არიან ჩვენი კუთხის ის წარმომადგენლები, რომლებიც მაღალ ეშელონებში არიან!
_ ზოგადად, სვანეთში როგორი განწყობაა _ ხალხი შეშინებულია, დაბეჩავებული და ინდიფერენტული?
_ იცით, როგორ არის? ხალხმა ტურიზმით რაღაც პატარა შემოსავალი ნახა, შიმშილი დაიოკა და ისეთი გაჭირვებული აღარ არის, როგორიც იყო და პროცესები აღარ აინტერესებს. საკუთარ სახლში რომ შეხვალთ, კარს დახურავთ და გარეთ რა ხდება, აღარ განტერესებთ, აი, მსგავსი განწყობა და დამოკიდებულებაა!
ვინც ცოტა განსხვავებული აზროვნების იყო, ისევ ისე აზროვნებს და გულიც შესტკივა, მაგრამ ყველას არ შეუძლია, რომ ქუჩაში გამოვიდეს, პროტესტი გამოხატოს და იბრძოლოს ან თუ გამოვა და გააპროტესტებს, საარსებო წყაროს გადაუკეტავენ _ სამსახურებიდან გაშვებით ემუქრებიან!
აქ ყველა, თითქმის 90 პროცენტი, სიღარიბის დახმარებას იღებს და ეუბნებიან, აი, ხმას არ მისცემთ და დახმარება მოგეხსენებათო. ისე ვიყავი დარწმუნებული, რომ ამათი ხმის მიმცემი არავინ იყო, როგორც იმაში, რომ მანანა მქვია და გვარად საღლიანი ვარ, მაგრამ, სამწუხაროდ, სხვა შედეგი დაიდო.
_ ანუ სვანეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა?
_ ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ არჩევნები საარჩევნო უბნებზე გაყალბდა, მაგრამ გაყალბება მარტო საარჩევნო უბნებზე კი არა, მანამდეც არის. თუ ფქვილით მომისყიდი, ფულს მომცემ და რაღაც საქმეს გამიკეთებ, ამით იძულებულს მხდი, ხმა შენ მოგცე და ეს უკვე გაყალბებაა!
ამ კუთხით სვანეთში არჩევნები არჩევნებამდე ძალიან მაღალ დონეზე გაყალბდა _ ადამიანები მოისყიდეს!
_ ქალბატონო მანანა, თავის დროზე „ოცნების“ მხარდამჭერი იყავით?
_ არა, არასოდეს.
_ არც 2012 წელს?
_ უფალს მადლობა, რომ ამათი მხარდამჭერი არასოდეს ვყოფილვარ! თავიდანვე ვიცოდი, ესენი რა პროგრამით მოდიოდნენ და საქართველოში რას დაატრიალებდნენ!
სხვათა შორის, მთელი 6 წელი ჩემთან ანგარიშსწორება სწორედ იმიტომ მიდიოდა, რომ თავის დროზეც ამათი მოწინააღმდეგე ვიყავი!
სამწუხაროდ, პოლიტიკურ საკითხებზე, სხვებთან შედარებით, ალბათ, ცოტა უფრო მეტი ვიცი და ვიცოდი, რომ ოლიგარქი, რომელიც ხელისუფლებაში მოსასვლელად ისწრაფოდა, ის ქვეყანაში კარგ მდგომარეობას არ დაამყარებდა! ეს ძალიან კარგად მესმოდა და ნამდვილად არ მინდოდა!
_ რა, „ოცნებას“ „ნაცმოძრაობა“ სჯობდა? აი, დღესაც ისევ აქტუალურია, არა ბოროტებასო…
_ ის, რაც ბოროტება და არასასურველი იყო, არც მე მომწონდა და არც _ სხვა ნორმალურ ადამიანს. როგორ შეიძლებოდა, ის გადამეტებული რაღაცები, რაც მაშინ ხდებოდა, მოგვწონებოდა, მაგრამ თუ სასწორზე საპირწონედ იმათ და ამათ ვდებთ, მაშინ შედარებაც კი მკრეხელობად მიმაჩნია!
_ რატომ?
_ მაშინ ყველაფერი ხელის გულზე ჩანდა _ კარგი გაკეთებული საქმე და ისიც ჩანდა, რაც მიუღებელი იყო. დღეს კი, ამათი საქმიანობიდან გამომდინარე, ცუდის მეტი ვერაფერი დავინახე და თუ ვნმე დამანახვებს ან სხვა კუთხიდან შემახედებს, რომ კარგში დავრწმუნდე, მადლობელი დავრჩები!
ყოველ შემთხვევაში, ჩემი კუთხისა და რაიონის ყოფაცხოვრებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ისიც ნადგურდება, რაც გაკეთებული იყო. აქ არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ჰესებს აშენებენ და ბუნებას ანგრევენ!
მათი სახლები კი, ვინც სამსახურებში მოკალათდნენ, დეპუტატები და „ოცნების“ მომხრეები არიან, დღითი დღე მშვენდება!
_ სვანეთში დღეს მთავარი პრობლემა ჰესების მშენებლობაა თუ ოქროს ღია წესით მოპოვება?
_ ამ წუთას მთავარი პრობლემა, ოქროს წარმოებიდან გამომდინარე, პიკეტირებაა.
სხვათა შორის, განხლვა მიმდინარებობს და უკვე გაერთიანებულად ვიწყებთ მასობრივ მოძრაობას.
_ „გაერთიანებულად“ რას ნიშნავს?
_ მარტო ლენტეხი და მესტია კი არა, ზოგადად, მთიანი რეგიონები გავერთიანდებით, რომელთა მეშვეობითაც მარტ-აპრილში კოალიცია შეიკრა _ რაჭაც ჩერთო, ლეჩხუმიც, პანკისშიც რა სიტუაცია იყო, მოგეხსენებათ, მაგრამ ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს გადაფარულიყო, თუმცა უახლოეს დღეებში დავაანონსებთ და საპროტესტო მოძრაობას ისევ განვაახლებთ, ოღონდ ეს ერთი კუთხის კი არა, იმ რეგიონების კოალიცია იქნება, სადაც ასეთი მავნებლური პროქტებია დაგეგმილი და სადაც პროტესტია.
ეს ადამიანები სხვანაირად ფქრობენ და რახან სხვანაირად ფიქრობენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დახოცონ!
_ ქალბატონო მანანა, როგორ ფიქრობთ, ამ პროტესტს შედეგი ექნება?
_ დიახ, ვფიქრობთ, რომ შედეგს მივიღებთ, მაგრამ თუ დავინახავთ, რომ შედეგს ვერ ვიღებთ, მაშინ უმაღლეს საპროტესტო ფორმას მივმართავთ, აი, ისეთს, უკან დასახევი რომ აღარ არის! ეს ხელისუფლებაზე პირდაპირი დარტყმა იქნება, რახან არ უსმენს საკუთარი ხალხის გოდებას!
_ სალომე ზურაბიშვილთან ხომ არ აპირებთ შეხვედრას?
_ ამაზე ჩამოვყალიბდებით, თუმცა ჩემი პოზიციაა, რომ შევხვდეთ. ვნახოთ, ამ პოზიციას რამდენი თანამოაზრე ეყოლება.
_ სხვათა შორის, საარჩევნო კამპანიის დროს, პირველი ტურის წინ, სალომე ზურაბიშვილი სვანეთში იმყოფებოდა. ხალხი ამ პრობლემებზე რატომ არ დაელაპარაკა?
_ როგორ გეკადრებათ! ასკაციანი დარბაზია მუზეუმში, სადაც თავიანთი ტაშისდამკვრელები შეყარეს და დითირამბები უმღერეს, მოსახლეობამ კი საერთოდ ვერც გაიგო, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩამოვიდა!
ხალხთან შეხვედრა რომ სდომებოდა, გარეთ გამოჩენილიყო _ ოცი კაცი შემოეხვეოდა და ან ცუდს ეტყოდა, ან _ კარგს. აი, ეს არის ხალხთან შეხვედრა და არა ის, დარბაზში რომ შეიკრიბები, მერე კარგ ბანკეტს გადაიხდი, ადგები და წახვალ! ეს ხალხის მოსმენა არ არის!
_ სვანეთში ჰესების მშენებლობაზე წინა ხელისუფლების დროსაც ლაპარაკობდნენ და ამას „ოცნება“, რომელიც მაშინ ოპოზიციაში იყო, აპროტესტებდა, თუმცა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ოცნებამ“ ის გააკეთა, რაც „ნაციონალებმა“ არ თუ ვერ გააკეთეს. ქალბატონო მანანა, თქვენი შეფასებით, „ოცნება“ ხალხის, ამ შემთხვევაში, სვანეთის მოსახლეობის წინააღმდეგ რატომ მიდის და ჰესებს რატომ აშენებს?
„ოცნება“ მაშინაც ხალხის წინააღმდეგ იყო, როცა ხელისუფლებაში მოვიდა, მაგრამ შენიღბულად, ტყუილით და დანაპირებით მოვიდა! აი, თუნდაც, ახლა, წინასაარჩევნოდ, 600 ათასი ადამიანისთვის ვალის ჩამოწერა რამხელა ტყუილი იყო! როგორ გგონიათ, ამან არჩევნებზე არ იმოქმედა?
_ „ოცნება“ იმთავითვე ასეთი ტყუილებით მოვიდა, თორემ, თავის დროზე, როცა ივანიშვილი ჭუბერში ჩაბრძანდა, პირდაპირ ჰკითხეს და უპასუხა, თუ ისევ „ნაციონალებს“ აირჩევთ, ჰესებს აგიშენებენ, მაგრამ თუ ჩვენ აგვირჩევთ, ჰესები არავითარ შემთხვევაში არ აშენდებაო!
„ნაციონალებმა“ ხუდონჰესის მშენებლობის განახლების საკითხი წამოწიეს, მაგრამ ხალხმა პროტესტი რომ გამოთქვა, ეს თემა განმეორებით დაკონსერვდა. „ოცნებამ“ ენგურის ხეობაში 150 ჰესის მშენებლობის გეგმა წამოწია და ეს გეგმა ადრე არ ყოფილა.
„ნაციონალების“ ადვოკატად ნამდვილად არ გამოვდგები, მაგრამ ახლა ჰესები მასობრივად შენდება: სამი პატარა ჰესი ჭუბერში, სამი _ ხაიშში და ერთი ხუდონჰესი ამდენს დააზიანებდა? ყველა ეს საბჭოთა პროექტია, რომელიც ახლა წამოიწია და არა _ „ნაციონალების“ დროს!
_ ბოლოს, ქალბატონო მანანა, გამოსავალს სად ხედავთ?
_ ასეთი კატასტროფული მიდგომა უნდა შეჩერდეს!
თუ მმართველ ძალას უნდა, რომ თავისი ადგილი შეინარჩუნოს, მაშინ ამ ჰესების მშენებლობას უნდა შეეშვას, თუ არადა, არ მგონია, ხალხმა ეს მოითმინოს!
ისეც უამრავ უსამართლობას ვხედავთ _ აი, ორი შვილმოკლული მამა ამდენი ხანია, ქუჩაში ზის! სირცხვილია, ბოლოს და ბოლოს! ეს ადამიანები იმას ხომ არ ითხოვენ, იარაღი მოგვეცით და ჩვენი შვილების მკვლელები მოგვაკვლევინეთო? ეს ადამიანები ამბობენ, სამართალი დაგვანახეთ, მკვლელები სამზეოზე გამოიყვანეთ და სახელმწიფო მანქანამ დასაჯოსო, მაგრამ ამას ვერ მიაღწიეს და სხვა რაზეა ლაპარაკი?!

P. S. რამდენიმე დღის წინ ლენტეხის მოსახლეობამ „თბილისი მარიოტში“ „ხელედულა ჰესის“ პროექტის განხილვა ჩაშალა.
„არ დავუშვებთ, რომ ჩვენი მხარე განადგურდეს!“; „სისხლი დაიღვრება და მოსახლეობა განადგურდება!“ _ სკანდირებდნენ პროექტის განხილვაზე მისული ადგილობრივები და ირწმუნებოდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორი ჰესს ააშენებს, მათი ფიზიკური არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
შეგახსენებთ: შპს „ხელედულა ენერჯი“ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთიში 51 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს, რომელიც მდინარე ხელედულასა და მდინარე დევაშის ბუნებრივ ჩამონადენზე იმუშავებს. პროექტის მიხედვით, ერთ-ერთი კაშხალი სოფელ ხელედის მიმდებარედ უნდა აშენდეს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, პროექტს შექმნის დღიდან აპროტესტებენ, ვინაიდან პროექტში მათი უფლებები და საცხოვრებელი გარემო გათვალისწინებული არ არის. ხალხის აზრით, ჰესის აშენების შემთხვევაში, მეწყრები და ღვარცოფები გახშირდება, მთა კი, რომლის ქანები ისედაც შესუსტებულია, ჩამოინგრევა და მოსახლეობას შეიწირავს.
სვანეთის მოსახლეობის პროტესტს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, „მწვანე ალტერნატივა“ და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობაც“ იზიარებს. ადგილობრივების ინტერესებს სასამართლოში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს.
„გარემოს წინასწარი კვლევის ანგარიშის განხილვის პროცესში გამოიკვეთა მთელი ის გარემოებები, რომლის საფუძველზეც მინისტრს უნდა მიეღო კომპანიისთვის საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება, სამწუხაროდ, ეს არ გაკეთდა. მოსახლეობის პროტესტს საკმაო საფუძველი აქვს, ვინაიდან საპროექტო დოკუმენტაციაში საერთოდ არ არის გათვალისწინებული ის რისკები, რაც შეიძლება მოსახლეობას მიადგეს“, – განმარტავენ საია-ში.

გიორგი აბაშიძე