პოლიტიკური „ნასედკები“ და არშემდგარი ქართული დემოკრატია

ყველა ან თითქმის ყველა მანკიერება, რაც დღეს ჩვენს საზოგადოებაში არსებობს, უმეტესად, ბოლშევიკური მმართველობიდან იღებს სათავეს. ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და თვალშისაცემი „ნასედკების ინსტიტუტია“, რომელიც საბჭოთა მილიციასთან და, ზოგადად, საბჭოთა ეპოქასთან ასოცირდება, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი სამი ათეული წლის წინათ დაინგრა, „ნასედკები“ თანამედროვე საზოგადოებაშიც მრავლად არიან და ყველაზე დამაფიქრებელი ის გახლავთ, რომ ჩამშვებები მხოლოდ ძალოვან უწყებებს კი არ ჰყავთ, არამედ შეგზავნილებით, როგორც ამბობენ, პოლიტიკური სპექტრიც სავსეა. ეს შესაძლოა, ვინმემ გადაჭარბებულ შეფასებად მიიჩნიოს, მაგრამ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებმა ამ მხრივაც ლუსტრაცია მოახდინა და გამოჩნდა, ვინ ვინ არის.

„ქრონიკა+“, რასაკვირველია, პიროვნებების იდენტიფიცირებას არ მოახდენს, რადგან უდანაშაულობის პრეზუმპცია არ დაარღვიოს, ამიტომ „ნასედკების ინსტიტუტზე“ ზოგადად გიამბობთ.
დავიწყოთ პოლიტიკური „ნასედკებით“: ხშირად ვიგებთ, რომ ამა თუ იმ პიროვნებამ, რომელიც წლების განმავლობაში ცალკეულ პოლიტიკურ იდეასა და მიმდინარეობას ლობირებდა, მრწამსი შეიცვალა და სხვა ენაზე აჭიკჭიკდა. ასეთ დროს, რასაკვირველია, ჩნდება ხოლმე კითხვა, _ ეს ადამიანი გულწრფელი ადრე იყო თუ ახლა, როცა საპირისპიროს ამტკიცებს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობა, ძალაუნებურად, აჩენს ეჭვს, რომ პიროვნება, რომელმაც პოლიტიკური გემოვნება მოულოდნელად შეიცვალა, იმთავითვე „ჩანერგილი“ იყო.
„ნასედკად“, როგორც წესი, იმ ადამიანს იყენებენ ხოლმე, რომლის შესახებაც სპეცსამსახურს თუ მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ჯგუფს რაიმე სახის კომპრომატი აქვს. კომპრომატებიდან კი ყველაზე კარგად, უმეტესად, პირადი ცხოვრება გამოიყენება, ანუ ადამიანს, რომელიც პირადი ცხოვრებიდან რამეს მალავს, აშანტაჟებენ, რომ თუ იმას არ შეასრულებს, რასაც ეუბნებიან, ამ საიდუმლოს გამოუქვეყნებენ და საქვეყნოდ თავი მოეჭრება. ამის შიშით პიროვნება იძულებლი ხდება, „ნასედკობის“ ტვირთი სიცოცხლის ბოლომდე ზიდოს.
ზოგჯერ ისეც ხდება, რომ გაშიფრულ „ნასედკას“ თავიდან იშორებენ _ საბჭოთა წარსულში ყოფილა შემთხვევა, როცა პიროვნება საკუთარ სახლში გარდაცვლილი უპოვიათ. როგორც ამბობენ, ყველამ იცოდა, რომ ეს ადამიანი „ნასედკა“ იყო და მას, უმეტესად, სექსუალური დაშანტაჟების მიზნით იყენებდნენ. ასევე ამბობენ, რომ ეს ადამიანი სპეცსამსახურმა მისივე „საყვარლის“ ხელით მოიშორა.
„ნასედკების“ სიმცირეს არც თანამედროვე ქართული პოლიტიკა განიცდის და ვინც პოლიტიკურ კულუარებში კარგად ერკვევა, პრაქტიკულად, სახელებით და გვარებით იცის, ვინ რომელ პოლიტიკურ პარტიაში ვისგან არის შეგზავნილი და ვის დავალებას ასრულებს.
„პოლიტიკური ნასედკების“ მთავარი მიზანი გუნდის შიგნიდან ინფორმაციის გამოტანა ან გადამწყვეტ მომენტში გუნდური გადაწყვეტილების წინააღმდეგ წასვლაა. იმისთვის, რომ „ნასედკას“ ასეთ ნაბიჯს ხმაური და საზოგადოებრივი მითქმა-მოთქმა მოჰყვეს, „ნასედკას“ სპეციალური ორგანოები დადებით იმიჯს უქმნიან და მის გაპიარებაზეც ზრუნავენ. გადამწყვეტ მომენტში კი ეს „ჩანერგილი“, რომელსაც საზოგადოება უკვე პატივს სცემს, მაგალითად, „თავისი“ გუნდის შიდა სამზარეულოს გამომზეურებას იწყებს და ხალხსაც სალაპარაკო ეძლევა ხოლმე.
სხვათა შორის, ერთ-ერთი ასეთი სცენარის მოწმეები უახლოეს წარსულშიც გავხდით, როცა კონკრეტული გუნდის წარმომადგენელმა კონკრეტული პრობლემების შესახებ დაიწყო ხმამაღლა საუბარი, თუმცა ეს ყველაფერი კეთილი სურვილებით შეიფუთა.
ასეა თუ ისე, „ნასედკას“ წარმოშობა მაინც პოლიციურია და ასეთ ხალხს სამართალდამცველები დანაშაულის გასახსნელად იყენებენ ხოლმე, თუმცა 21-ე საუკუნეში ტერმინი „ნასედკა“ „ცრუ მოწმემ“ შეცვალა.
ბოლო წლებში არაერთი საქმე გვახსოვს, სადაც ერთი კი არა, რამდენიმე ცრუ მოწმე ფიგურირებდა.
აპრობირებული მეთოდით ცრუ მოწმეებს, როგორც ნეიტრალურ ადამიანებს, ძალოვნები ჩხრეკაზე ასწრებენ და შემდეგ ცრუ მოწმეების ჩვენება უტყუარ მტკიცებულებად საღდება ხოლმე. სხვათა შორის, არცთუ დიდი ხნის წინ კანონში ცვლილება შევიდა და ჩხრეკაზე ე. წ. ნეიტრალური მოწმის დასწრების აუცილებლობა აღარ არსებობს, თუმცა როგორც ადამიანის უფლებადამცველები ამბობენ, ცრუ მოწმეების პრაქტიკა ისტორიას მაინც არ ჩაბარებია:
„აღმოვაჩინეთ, რომ რამდენიმე საქმეში ერთი და იგივე პირები მონაწილეობდნენ. ამ ცრუ მოწმეებს პოლიციაში დამლაგებლად ამუშავებდნენ და ჩხრეკაზე დასასწრებად 30 ლარამდე უხდიდნენ“, _ იხსენებენ ადვოკატები და დასძენენ, რომ „ნასედკებად“ პოლიცია, როგორც წესი, სოციალურად დაუცველ პიროვნებებს ან კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანებს იყენებს ხოლმე.
როგორც უფლებადამცველები ჰყვებიან, ბოლო დროს „ნასედკებს“ დანაშაულის პროვოცირებისთვის იყენებენ, ანუ ისინი ურთიერთობას ამყარებენ საჯარო მოხელეებთან და ნდობაში შესვლის შემდეგ მათ ქრთამს სთავაზობენ.
ადვოკატებს სხვადასხვა დროს იმის შესახებაც უსაუბრიათ, რომ არსებობენ „სტაჟიანი ნასედკები~, რომლებსაც 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ყველა ხელისუფლება იყენებდა და იყენებს.
ასე რომ, სისხლის სამართლის საქმეების გაცნობით ნათელი ხდება, რომ „ნასედკობამ“ და ცრუ მოწმეობამ უკვე პროფესიის სახეც კი მიიღო.
„მოვიპოვეთ ოთხი ადამიანის შესახებ ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე საქმეში იმხილებოდა და საზოგადოებას ვთხოვეთ, მოეწოდებინა ინფორმაცია მისთვის ცნობილი აგენტების შესახებ. შედეგად სია გაიზარდა. აგენტი-პროვოკატორები ადრე ნასამართლევი პირები არიან, უმეტესობას კი სამართალდამცველებთან პრობლემები ჰქონდა და პასუხისმგებლობაში მიცემის სანაცვლოდ დანაშაულის პროვოცირებას ახდენდნენ. მაგალითად, თუ პირი გამოჭერილი ჰყავთ ნარკოტიკების შეძენა-შენახვაზე, ეუბნებიან, თანამდებობის პირი დაგვაჭერინე და ბრალს აღარ წაგიყენებთო.
იყო შემთხვევა, როცა ადამიანი აგენტობის სანაცვლოდ კარგ თანამდებობაზე დაინიშნა. აგენტი-პროვოკატორები სასამართლო პროცესზე გამოდიან, როგორც აღშფოთებული მოქალაქეები. მაგალითად, ერთმა ასეთმა ცრუ მოწმემ, ერთსა და იმავე პერიოდში, ჯერ მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი გააბა მახეში, შემდეგ ვალეს საბაჟოს ოფიცრის მხილებას ეცადა. სქემა ყველა შემთხვევაში ერთნაირია: ეს პირები უახლოვდებიან ობიექტს, მოიპოვებენ მის ნდობას, მერე კი ამხელენ“, _ იხსენებდა ჟურნალისტებთან საუბრისას რამდენიმე წლის წინ „თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციის“ წარმომადგენელი ემზარ პაქსაძე.
მიმდინარე წლის გაზაფხულზე ერთ-ერთმა ქართულმა ინტერნეტგამოცემამ გამოაქვყენა სტატია სათაურით: „ცრუ მოწმეების ინსტიტუტი დღესაც მუშაობს და ეს პირები დღესაც კარგად გრძნობენ თავს“. სტატიაში საუბარი ბაჩო ახალაიასა და გიგი კალანდაძის საქმეებზე იყო, ანუ ირკვეოდა, რომ ამ საქმეების მოწმეს ცრუ ჩვენებები ჰქონდა მიცემული.
„არ გამოვრიცხავ, რომ თვითონ ამათმაც მომიშორონ, მომკლან“, _ ციტირებდა ინტერნეტგამოცემა ცრუ მოწმის სიტყვებს.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ საიდუმლო აგენტმა „რუსთავი 2-ს“ ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ პროკურატურის დავალებით, წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა გახმაურებულ პროცესებზე გამოგონილ ამბებს ყვებოდა.
„არაერთი გახმაურებული საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ამბობს, რომ უკანონო საქმიანობას მას მოქმედი პოლიციელი აიძულებდა. საკუთარი და ოჯახის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რესპონდენტმა კონფიდენციალობის დაცვა ითხოვა.
ის ბრალდების მოწმე იყო შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას, გენერალ გიგი კალანდაძისა და სხვების საქმეებში. მისი თქმით, პროკურატურამ მისი ჩვენების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ტერორიზმისთვის გასამართლებული კოჭოიას შესაძლო წამების საქმეზე.
ცრუ მოწმე ამტკიცებს, რომ ჩვენებები ჯერ დააზეპირებინეს, შემდეგ კი ხელი მოაწერინეს დოკუმენტზე, სადაც ეწერა, რომ ის პირადად ხედავდა, როგორ აწამებდნენ მძიმე დანაშაულში ბრალდებულს ყოფილი მაღალჩინოსნები.
2012 წელს, ხელისუფლების ცვლილებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში, ის სასჯელს იხდიდა გლდანის ციხეში სწორედ კოჭოიასთან ერთად, ერთ საკანში. რესპონდენტის თქმით, მოლაპარაკებაზე მასთან ნაცნობი პოლიციელი დადიოდა, რომელიც ჯერ საპატიმროდან გამოსვლაში დაეხმარა, შემდეგ კი ხელმძღვანელობის გზავნილები გადასცა.
პოლიციელი ლ. მ. საბურთალოს პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანია. საიდუმლო მოწმის თქმით, მოქმედ პოლიციელს შემუშავებული აქვს კორუფციული სქემა, რომლითაც ადამიანებს ფულს სძალავს.
რესპონდენტის ინფორმაციით, ლ. მ.-ს სქემით დაზარალებულები ახლა მას და მის ოჯახს ემუქრებიან. რესპონდენტის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ის სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა.
ის მოქმედი პოლიციელის წინააღმდეგ ჩივილს აპირებს და მომავალ კვირას განცხადებას შსს-ს გენერალურ ინსპექციასა და პროკურატურაში შეიტანს. მის ინტერესებს კი სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრი დაიცავს“, _ ვკითხულობთ სტატიაში, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, მიმდინარე წლის მარტში გამოაქვეყნა ერთ-ერთა ქართულმა ინტერნეტგამოცემამ.
ცრუ მოწმეების შესახებ ინფორმაცია 2014 წლის ოქტომბერშიც გავრცელდა. მაშინ ლაპარაკი იყო გიორგი ცომაიას საქმეზე, რომლის ქრონოლოგიაც ასეთი გახლდათ:
2014 წლის აგვისტოში „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციაში მოქალაქეებს ისევ სცემდნენ და ამის დასამტკიცებლად კონკრეტული ფაქტი მოიყვანა. კერძოდ, „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ მოითხოვა, რომ გამოძიება დაწყებულიყო გიორგი ცომაიას საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის მე-2 განყოფილებაში პოლიციელებმა სასტიკად სცემეს.
„კონკრეტულად, ეს შემთხვევა ეხება ვაკე-საბურთალოს მეორე განყოფილებაში მომხდარ ფაქტს, როდესაც სასტიკად სცემეს მოქალაქე გიორგი ცომაია. თავს დაესხნენ მას, ფაქტობრივად, ჯგუფურად“, – აცნობეს ჟურნალისტებს ადვოკატებმა და დასძინეს, რომ ცომაიას პატიმრობა ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ჰქონდა შეფარდებული. პატიმრობისას მას, ნივთმტკიცების სახით, სხვადასხვა ნივთი, მათ შორის, მობილური ტელეფონი ჩამოართვეს.
„პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ მას მობილურ ტელეფონს არ უბრუნებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს განაჩენის მიხედვით, მას ეს ნივთები უნდა დაბრუნებოდა.
გიორგი ცომაია, თავისივე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე პოლიციის მე-2 განყოფილებაში 14 აგვისტოს ღამის 2-ის ნახევრისთვის მივიდა იმიტომ, რომ წინა ნასამართლეობის დროს ჩამორთმეული მობილური ტელეფონის დაბრუნებაში დახმარებოდა პოლიცია. ნაცვლად ამისა, მიაყენეს შეურაცხყოფა, _ შე ლაწირაკო, არ იცი, რა დროს უნდა მოხვიდეო? ამაზე გიორგი შეეკამათა, _ რატომ ვარ ლაწირაკი, რატომ მაყენებთ შეურაცხყოფასო?!
კი, ნასვამი იყო, ამას არც თვითონ გიორგი უარყოფს და შეიძლება, იმ ნასვამობამაც განაპირობა, რომ ზუსტად ღამის 2 საათზე შევიდა, მაინცდამაინც, მაგრამ ეს დანაშაული არ გახლავთ. მოგეხსენებათ, პოლიცია 24-საათიანი გრაფიკით მუშაობს და რა დროსაც უნდა შესულიყო, ელემენტარულად, შეეძლოთ ეთქვათ, _ რომ გვიანია, ხვალ მოდი, გამომძიებელს ახლა ვერ დავურეკავთ და ხვალ დავურეკოთო“, _ ამბობდა მაშინ ცომაიას ადვოკატი და დასძენდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი 11-მა პოლიციელმა სასტიკად სცემა, რომელთა ნაწილი სამოქალაქო ფორმაში იყო ჩაცმული.
ადვოკატმა მედიას ისიც აცნობა, რომ ცომაიას მაისური, რომელსაც ცემის კვალი ეტყობოდა, ექსპერტიზაზე იყო გადაგზავნილი:
„გიორგი ცომაია აღნიშნავს, რომ მისი ცემის დროს სულ სისხლიანი იყო იატაკი, ცხვირიდან, პირიდან სისხლი მოსდიოდა და, როგორც ჩანს, ერთ-ერთ პოლიციელს ფეხი აქვს ჩადგმული ამ სისხლში და ზუსტად სისხლიანი ნაკვალევი ეტყობა მარცხენა მხარეს მაისურს.
მოგვიანებით. ცნობილი გახდა ექსპერტიზის პასუხები, რომლის მიხედვითაც, დანაზე, რომელიც საქმეში ფიგურირებდა, გიორგი ცომაიას გენეტიკური მასალა არ აღმოჩნდა.
„დანაზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეული ტიპისაა და ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთზე მეტ პირს. ობ. #1,2-ის გენეტიკურ პროფილებში გამოვლენილი ალელების მიხედვით გიორგი ცომაიას გენეტიკური თანამონაწილეობა გამოირიცხა“, – ნათქვამი იყო დასკვნაში.
სწორედ ამის გამო გაჩნდა ეჭვი, რომ მოწმეებმა ცრუ ჩვენებები მისცეს.
„ცრუ მოწმეებისა და პოლიციელების ჩვენებები და განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა გიორგი ცომაიამ შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოიღო დასაკეცი დანა, გაშალა და შემდეგ ცდილობდა, მორიგე პოლიციელს თავს დასხმოდა და დაზიანებები მიეყენებინა მისთვის, არის სრული სიცრუე და აბსურდი. ამ ექსპერტიზით დამტკიცდა, რომ მოწმეები ცრუ ჩვენებებს იძლევიან“, – აუწყა მედიას ცომაიას ადვოკატმა.
ცომაიას ქეისი იმის ნათელი მაგალითია, რომ ცრუ მოწმეებისა და „ნასედკების“ პროფესია დღესაც კვლავ არსებობს.
ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, სწორდ მათ გასაგონად, „ქრონიკა+“ უახლოესი წარსულიდან კიდევ ერთ ქეისს გაიხსენებს, რომელშიც ცრუ მოწმის სტატუსი _ არც მეტი-არც ნაკლები _ პოლიციელს ჰქონდა:
2016 წლის 30 აგვისტოს ნინოწმინდაში მომხდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის საქმეზე სამი მოწმე დაიკითხა.
„არასრულწლოვნის შემდეგ ჩვენება მისცა პოლიციის ორმა თანამშრომელმა _ ალექსი ჯვარიძემ და ანა სამსონიძემ. ორივე მათგანმა სხვადასხვა საგამოძიებო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
როგორც ჯვარიძემ სასამართლო დარბაზში განაცხადა, მან გაზგასამართი სადგურიდან ვიდეოკამერის ჩანაწერები ამოიღო, სადაც დაფიქსირებული იყო ის მანქანა, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ. მან ასევე რამდენიმე ბრალდებულის მობილური ტელეფონები დაათვალიერა: „ვნახე შესული და გასული ზარები, ასევე მესიჯები“.
ჯვარიძის შემდეგ დარბაზში ანა სამსონიძე დაიკითხა. მისი თქმით, 2016 წლის 16 იანვარს დილით თანამშრომელი დაუკავშირდა და უთხრა, რომ ქალი იყო დასაკავებელი და ტყემლანაში უნდა მისულიყო. როგორც სამსონიძე აცხადებს, მან ხმალაძე დააკავა, პირადი ჩხრეკა ჩაუტარა და პოლიციის დეპარტამენტში გადაიყვანა.
დაცვის მხარე და თავად ქეთევან ხმალაძე კი ირწმუნებიან, რომ ხმალაძის დაკავებაში ანა სამსონიძეს მონაწილეობა არ მიუღია. მათი მტკიცებით, ხმალაძე ჯერ დააკავეს და სახლის ჩხრეკაზე პოლიციიდან იმ დღეს, საღამოს საათებში, წაიყვანეს.
„ცრუ მოწმე ხართ!“ – მიმართა დარბაზში ხმალაძემ სამსონიძეს და სთხოვა ის ეზო, სახლი და ოთახი აღეწერა, სადაც დააკავეს, თუმცა მოწმემ ეს დეტალები ვერ გაიხსენა.
ხმალაძის შეკითხვაზე, _ რა ეცვა, როცა დააკავეს? სამსონიძემ უპასუხა: „ბეწვიანი მოსაცმელი, ჟილეტი“.
„სახლში მეცვა ბეწვიანი ჟილეტი?! ესეც ტყუილია“, – მიმართა ბრალდებულმა პოლიციელს.
ხმალაძის შემდეგ მოწმეს შეკითხვები ბრალდებულმა დარიკო შ.-მ დაუსვა. მას გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ბრალდებულის თქმით, იგი იმავე ღამეს ხმალაძესთან ერთად დააკავეს, თუმცა, სხდომაზე ანა სამსონიძე ირწმუნებოდა, რომ დარიკო შ.-ს დაკავების გადაწყვეტილება, მისი ჩვენების შემდეგ, პროკურორთან ერთად მიიღეს.
„გიორგი ფარცახაშვილი რომ შემოვიდა ოთახში და სახეში მირტყამდა გახსოვთ?“ – ჰკითხა დარიკო შ.-მ სამსონიძეს.
„შეიძლება, ფარცახაშვილი შემოვიდა და გავიდა, მაგრამ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“, – უპასუხა სამსონიძემ.
მოწმეების დაკითხვის შემდეგ წერილობითი მტკიცებულებების ნაწილი გამოიკვლიეს.
ნინოწმინდაში მომხდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის საქმეზე 6 პირი 2016 წლის 16 იანვარს დააკავეს. მათ შორის ხუთს ჯგუფურ ყაჩაღობაში, ერთს ყაჩაღობასთან ერთად მკვლელობაში, ერთს კი დანაშაულის შეუტყობინებლობაში ადანაშაულებენ“, _ წერდა 2016 წლის აგვისტოს ბოლოს გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე“.
ცრუ მოწმეები ფიგურირებდნენ ყოფილი ძალოვნის, ირაკლი ფირცხალავას საქმეშიც. კერძოდ, ფირცხალავას მეუღლე, ნინო ხვიტია, აცხადებდა, რომ პროკურატურამ „ცრუ მოწმეებს სახელები და გვარები შეუცვალა, ერთი მათგანი ქვეყნიდან გაიყვანა, მეორე კი საქართველოში ცხოვრობს“.
„როგორც ხვიტიამ აღნიშნა, ერთ-ერთი მოწმე, რომელიც ამჟამად ავსტრიაში ოჯახთან ერთად იმყოფება, ქეთევან მირიანაშვილია, ხოლო მეორის ვინაობას დამატებითი ინფორმაციის მიღების შემდეგ განასაჯაროებს, თუმცა ამბობს, რომ ის ჩვენების მიცემიდან მოკლე დროში, შეცვლილი სახელითა და გვარით, ერთ-ერთ კომპანიაში დასაქმდა“.
„ესენი არიან ცრუ მოწმეები. ორივე მათგანი, ძირითადად, გიორგი ცააძის წინააღმდეგ იძლევა ჩვენებას. ერთ-ერთი ამბობს, რომ სპეცოპერაცია მისი სახლიდან 20 მეტრში ჩატარდა, რეალურად კი მანძილი მის საცხოვრებელ ბინასა და სპეცოპერაციის ადგილს შორის 100 მეტრია. როგორც ცრუ მოწმე აცხადებს, ის მიმდინარე მოვლენებს აივნიდან ადევნებდა თვალს და გიორგი ცააძის ამოცნობაც შეძლო. მეორე მოწმე კი აცხადებს, რომ თურმე სპეცრაზმელების მოძრაობის მომენტში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. ორივე მათგანს, ჩვენების მიცემიდან მოკლე დროში, შეუცვალეს სახელები და გვარები. ქეთევან მირიანაშვილი, ჩვენი ინფორმაციით, ავსტრიაში გაუშვეს, მეორე კი საქართველოში იმყოფება“, – განაცხადა ხვიტიამ.
ცნობისთვის: ყოფილ ძალოვნებს – ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძეს _ თავისუფლების 12-12 წლით აღკვეთა მიესაჯათ. მოსამართლემ ისინი განზრახ მკვლელობის ნაწილში ცნო დამნაშავედ. რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს – კახაბერ ნაკანს, მას განზრახ მკვლელობა გადაუკვალიფიცირდა და თავისუფლების 8 წლით აღკვეთა მიესაჯა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის. ბრალდებული ლევან ბეროძე კი სასამართლომ დამნაშავედ ცნო 369-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც მტკიცებულებათა ფალსიფიკაციას გულისხმობს და, საბოლოო ჯამში, თავისუფლების 3 წლით აღკვეთა მიესაჯა. გრიგოლ კვინიკაძე სასამართლომ 147-ე მუხლით _ უკანონო დაკავების ნაწილში ცნო დამნაშავედ და თავისუფლების 4 წლითა და 6 თვით აღკვეთა მიესაჯა.
თავად მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა კორტების სპეცოპერაციას „სისხლიანი“ უწოდა, მის მონაწილეებს კი – „კრიმინალური აქტის მონაწილენი“. ამის შესახებ მან ყოფილი ძალოვნებისთვის განაჩენის გამოცხადებისას განაცხადა.
„სასამართლომ, გაეცნო რა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩატარებული ღონისძიება, რომელსაც დაცვის მხარე დაკავების ღონისძიებას უწოდებს, სრულიად შეუსაბამო იყო დაკავების ღონისძიებისთვის გათვალისწინებულ სტანდარტებთან და ამ ღონისძიებას უკვე სასამართლოს განაჩენით შეიძლება ეწოდოს სისხლიანი სპეცოპერაცია, რამდენადაც ის დაიგეგმა, განხორციელდა და დასრულდა კრიმინალურად. კრიმინალური აქტის მონაწილეებმა კი საკუთარი წვლილისა და როლის გათვალისწინებით უნდა აგონ პასუხი კანონის წინაშე“, – განაცხადა მოსამართლემ (2015 წელი, ოქტომბერი, ინტერნეტგამოცემა „აქცენტი“).
2016 წლის ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, ირაკლი ნადირაძე, საქართველოდან გაიქცა.
„ირაკლი ნადირაძის ჩვენებით ციხეში ზის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია, ის გალის რაიონის მკვიდრის, ელბერტ კობერიძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. იძებნება გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი გიგი კალანდაძე, პასუხისგებაში მისცეს კუდი-სა და სოდი-ს მაღალჩინოსნები. ახლა კი, ჩვენების მიცემიდან ორი წლის შემდეგ, ნადირაძე უცხოეთიდან ყვება იმ სპექტაკლის შესახებ, რომელიც პროკურატურამ დადგა.
ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ ცრუ ჩვენებები საქმის სხვა მოწმეებმაც მისცეს, რადგან მათი ნაწილი დაკითხვის დროს პატიმარი იყო და პროკურატურამ ამ ჩვენების სანაცვლოდ ისინი ციხიდან გაუშვა.
პროკურატურა საქმეში ირაკლი ნადირაძის ჩვენების არსებობას ადასტურებს, თუმცა ზეწოლის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.
საპირისპიროს ამტკიცებს ნადირაძის ჩვენების საფუძველზე დაკავებულთა და ძებნილთა ადვოკატი რომეო საჯაია. მისი თქმით, ირაკლი ნადირაძის ჩვენებებში არაერთი უზუსტობაა, რაც ბადებს გონივრულ ეჭვს, რომ მისი ჩვენება ზეწოლის შედეგად არის მოპოვებული.
პროკურატურის ოქროს მოწმე ირაკლი ნადირაძე მზად არის, პროკურატურის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება და სასამართლოს უამბოს საგამოძიებო უწყებაში მასზე, როგორც მოწმეზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ“, _ იუწყებოდა 2016 წლის 10 ივლისს „ინფო7“.
ცრუ მოწმეები ფიგურირებდნენ 2015 წლის გაზაფხულზე „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში ბრალდებულთა საქმეშიც, რომელთა მშობლებმაც მოგვიანებით სასამართლოზე ცრუ მოწმეების მიყვანა გააპროტესტეს.
დაკავებულთა მშობლები ამბობდნენ, რომ არც ერთი მოწმე მათი შვილების აყვანის პროცესში ადგილზე არ იმყოფებოდა, მაგრამ ისინი ცრუ ჩვენების მიცემის გამო სამსახურებში დააწინაურეს.
ეს, რასაკვირველია, არასრული ფაქტებია იმ საქმეებისა, რომელიც ცრუ მოწმეებისა და „ნასედკების“ ჩვენებების საფუძველზე შეიკერა. ეს ყველაფერი კი იმაზე მეტყველებს და მიანიშნებს, რომ საქართველოში დემოკრატიის დეფიციტია და სასამართლო, საგამოძიებო თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ბოლშევიკური მეთოდები ისევ ღრმადაა ფესვგამდგარი!

გიორგი აბაშიძე