გუბაზ სანიკიძე: „ხელისუფლება არჩევნებით წასვლას არ აპირებს! დავაპანღურებთ და გავაგდებთ!“

„ქართული ოცნებაში“ ხომ ხართ ასეთი მამაცები? მიეცით პასპორტი სააკაშვილს _ ის ხომ არის მხდალი, თქვენ ხომ ხართ მამაცნი, უშიშნი, ვითარცა უხორცონი? _ ჩამოვიდეს და დაიჭირეთ აეროპორტში. ა, არ გინდათ სააკაშვილის ჩამოსვლა? გითხრათ მიზეზი? _ იმიტომ, რომ ის გაშლილი „ლიმონკაა“ თქვენს ხელში. თქვენ არაფრის დამჭერები არ ხართ, პანიკა იქნება, დაიფანტებით ოთხივე მხრივ. ისე, რომ იცოდეთ, თქვენს წინაპრებს თემურ ლენგის არ ეშინოდათ, რა გულჩუკენები გახდით, მე თქვენ ლომები მგონიხართ“, _ ასე ირონიულად მიმართა მმართველ გუნდს ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლისას გუბაზ სანიკიძემ, რომელიც იმასაც აღიარებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, აღმოსავლეთ ევროპაში ფაქტორია.

„სააკაშვილი არის ფაქტორი არა მარტო ქართული, არამედ აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკის ფაქტორი. მე ამას გეუბნებით, როგორც მისი ვეტერანი ოპონენტი“, _ ამბობს სანიკიძე და „ქრონიკა+“-თან საუბრისას უფრო მწვავე განცხადებებს აკეთებს. მაგალითად, გუბაზ სანიკიძე აღნიშნავს, რომ „ოცნებაში“ კრეტინების კონკურსებს ატარებენ და ამ კონკურსებში ყველაზე დიდი კრეტინები იმარჯვებენ.
გამოცდილი პოლიტიკოსი ქვეყანაში გამეფებულ დიქტატურაზეც მიანიშნებს და არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მასობრივი დაჭერები დაიწყოს, თუმცა გუბაზ სანიკის თქმით, როგორც კი „ოცნება“ ამ ნაბიჯს გადადგამს, ერთ კვირაში დამთავრდება!

წავა თუ არა „ოცნება“ ხელისუფლებიდან არჩევნების გზით და იქნება თუ არა რევოლუცია? _ „ქრონიკა+“ გუბაზ სანიკიძის სკანდალურ ინტერვიუს გთავაზობთ:

_ ბატონო გუბაზ, არჩევნების მეორე ტურის წინაც ვისაუბრეთ და თუ გახსოვთ, მითხარით, ჩემმა პოლიტიურმა გუნდმა შეიძლება, 28 ნოემბრამდე ერთი დღით ადრე მიიღოს გადაწყვეტილება, რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს _ სალომე ზურაბიშვილს თუ გრიგოლ ვაშაძესო. ბოლო დღეებში თქვენ მიერ გაკეთებული განცხადებებიდან ყველაფერი ნათელია, მაგრამ მაინც გკითხავთ: ქალბატონ ზურაბიშვილს პრეზიდენტად აღიარებთ?
_ სალომე ზურაბიშვილმა ჯერ ფიცი დადოს და მერე ვნახოთ! ზოგადად, ის უკვე ფაქტორია.
_ „ფაქტორი“ რას ნიშნავს?
_ მოგვწონს თუ არა, ის დღეს პრეზიდენტია!
_ კი ბატონო, მაგრამ ამ დღეებში ისეთი განცხადებები გააკეთეთ, რომ მთელი „ოცნება“ დაიშოკა, ანუ, პრაქტიკულად, რევოლუცია არ გამორიცხეთ.
_ დიახ, რევოლუცია არ გამოვრიცხე, ოღონდ ეს მარტო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ეხება.
_ აბა, კიდევ რას ეხება?
_ ეხება საქართველოში სამართალს! სანამ სამართლი არ იქნება, არაფერი გვეშველება! ამიტომ არ იქნება ქართული სახელმწიფო სამართლიანი და სულ რევოლუციებით ივლის, აბა, რა იქნება?!
_ ე. ი., რევოლუცია რეალურია?
_ როგორ არ არის რეალური. სულ რევოლუციებით არ მოვდივართ? საქართველოში არარეალური და გამონაკლისი ხელისუფლების გადაბარებაა, თორემ ცვლილებები სულ რევოლუციებით ხდება!
_ ბოლო თვეების განმავლობაში სომხეთში განვითარებულ მოვლენებზე აკეთებდით აქცენტს და პაშინიანი 28 ნოემბრის შემდეგაც ახსენეთ.
_ დიახ.
_ ე. ი., ელით, რომ საქართველოში პროცესები ე. წ. სომხური სცენარით შეიძლება განვითარდეს?
_ დიახ, ვფქირობ, რომ ზუსტად ასე იქნება.
_ უფრო კონკრეტულად?
_ ხალხი ქუჩაში გავა და იმას გააპროტესტებს, რაც ქვეყანაშია. თუ საპარლამენტო ძველი კანონით ჩატარდება, ეს ერთ რამეს ნიშნავს _ რევოლუცია მოგვიწევს იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება არჩევნებით წასვლას არ აპირებს! თუ არ აპირებს, დავაპანღურებთ და ისე გავაგდებთ, როგორც არაერთი გაგვიგდია ამ ქვეყნიდან!
_ თქვენი შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები ვადამდე ჩტარდება თუ კანონით დადგენილ ფარგლებში, 2020 წელს?
_ ზუსტად არ ვიცი. ზოგადად, ვადამდელი არჩევნების აპოლოგეტი არ ვარ, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო გარემო გამოიცვალოს. ამას ორი წელი არ სჭირდება, მაგრამ თუ დასჭირდება, მირჩევნია, რომ გასწორებული საარჩევნო კანონმდებლობა იყოს და არჩევნები ისე ჩატარდეს.
ლოგიკურად რომ ავიღოთ, ახლა ვადამდელი არჩევნები ორ პოლიტიკურ ძალას აწყობს _ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“.
_ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება ვის აწყობდა?
_ ბიძინა ივანიშვილს. სხვას ვის აწყობდა?
_ 28 ნოემბრის შემდეგ გაერთიანებულმა ოპოზიციამ დღის წესრიგში დააყენა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა. თუ ზურაბიშვილი ვერ გაიმარჯვებდა, ეს მოთხოვნა არც დადგებოდა. ბატონო გუზაბ, ამბობთ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ორი ძალის ინტერესშია. ე. ი., შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ამ ორ ძალას შორის რამე ფარული გარიგება არსებობდა?
_ ეს ცოტა რთული კომბინაციაა, მაგრამ ორივე ფორმაშია _ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ და ვადამდელი არჩევნები რომ ჩაატარონ და ხელისუფლება ისევ დაიყონ, რა უჭირს? ვინმე დამსჯელი ჰყავთ?
_ ხელისუფლების დაყოფა იქით იყოს და იმ მოლაპარაკებებს, რომელიც გაერთინებული ოპოზიციის ინიციატივით დაიწყო და რომლის მთავარი მიზანიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, ნინო ბურჯანაძეც შეუერთდა…
_ დიახ და ეს იმიტომ, რომ ჩვენ დაინტერესებულები ვართ, მაჟორიტარული სისტემა გაუქმდეს და მთლიანად პროპორციული შემოვიდეს ან, უკეთეს შემთხვევაში, ორპალატიანი პარლამენტი გქვონდეს, მაგრამ ამის იმედი არ მაქვს.
_ ორპალატიანი პარლამენტის იმედი რატომ არ გაქვთ?
_ იმიტომ არ მაქვს, რომ საქართველოში უკეთესი არაფერი კეთდება! არადა, ამ ქვეყნის გამოსავალი ზუსტად ორპალატიანია პარლამენტია!
_ ეს კითხვა ადრეც დაგისვით, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ივანიშვილს ასე დაჟინებით რად უნდოდა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამხდარიყო?
_ არ ვიცი, ეს ბიძინა ივანიშვილს უნდა ჰკითხოთ, თუ რატომ უნდოდა, რომ ზურაბიშვილი გაეხადა საქართველოს პრეზიდენტი. შეიძლება, საფრანგეთთან ურთიერთობის გამო _ ბიძინაც ხომ საფრანგეთის მოქალაქეა.
_ ბატონო გუბაზ, საზოგადოების ნაწილი განსაკუთრებით იმან დააბნია, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას დაუჭირეთ მხარი.
_ დიახ, მხარს ვუჭერ იმიტომ, რომ „ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ეს იწილო-ბიწილო უნდა დამთავრდეს! ჩამობრძანდეს სააკაშვილი, იყოს ადგილზე. ჰოდა, თუ ამ ხელისუფლებას რამის თავი აქვს, რაშიც ეჭვი მეპარება… სააკაშვილი აქ რომ გამოჩნდეს, ესენი დაიფანტებიან და გაიქცევიან!
_ „ოცნებას“ ეშინია და საქართველოს მესამე პრეზიდენტზე საერთაშორისო ძებნას ამიტომ არ აცხადებს?
_ დიახ, არ უნდა. სააკაშვილის ჩამოსვლას, „ოცნებას“ ურჩევნია, შაჰ აბასი შემოიჭრას! რას ლაპარაკობთ, ვის უნდა სააკაშვილის ჩამოსვლა?
ყველაზე მეტად კი ის მახალისებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რევანშზე ყოფილი „ნაციონალები“ ლაპარაკობენ! აი, ეს კაცობრიობის ისტორიაში რაღაც ქართული მოვლენაა!
_ ანუ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის პორტირებულ „ნაციონალებსაც“ ეშინიათ?
_ დიახ, მაგათ ეშინიათ, თუ ეშინიათ, თორემ მე სააკაშვილის არც მაშინ მეშინოდა და არც ახლა მეშინია!
_ სააკაშვილი, ფაქტია, არ ჩამოდის, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დაბრუნების პირობას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც დებდა.
_ სულ ასე იქნება!
_ ისევ იმას დავუბრუნდები, რომ საზოგადოების ნაწილს აღიზიანებს, _ აი, გუბაზ სანიკიძე სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას რატომ უჭერს მხარსო?
_ ვინც ვერ აზროვნებს და აღიზიანებს, ახლა, რა ვქნა? ვფიქრობ, რომ ბოლო დროს ამ ჭკუაზე ძალიან ბევრია და მარტო მე კი არა, ძალიან ბევრმა დაიწყო იმ აზრის გაზიარება, რომ სააკაშვილი ჩამოვიდეს. ვინც ვერ გებულობს, რას ვლაპარაკობ და ქართული ენა არ ახსოვს, ეს მათი პრობლემაა და არა _ ჩემი!
_ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლით ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი განიმუხტება?
_ არა, არ განიმუხტება, მაგრამ კვანძი გაიხსნება!
_ და ეს კვანძის გახსნა რა იქნება?
_ კვანძი ან აქეთ იქნება, ან _ იქით!
_ ვერ მიხვდი, რაზე საუბრობთ, _ ან, იქნებ, მესამე პოლიტიკური ძალის გამოჩენამ გახსნას უკეთესად კვანძი?
_ მესამე პოლიტიკური ძალა იმ შემთხვევაში გამოჩნდება, თუ ორივე რინგზე იქნება _ სააკაშვილიც და ივანიშვილიც. ახლა სააკაშვილი საზღვარგარეთ არის და პასუხს არაფერზე აგებს, მაგრამ ვინმეს მოსწონს თუ არა, ფაქტია, რომ ქვეყანაზე გავლენა აქვს. თუ ვინმეს არ მოსწონს, ბიძინა ივანიშვილს მიაკითხოს და ჰკითხოს, ასე რატომ არისო და ჩემთან პრეტენზია ნურავის ექნება!
_ „ოცნებაში“ ყველაფერ იმას, რაზეც საუბრობთ, ვერ ხვდებიან?
_ ვერა, ვერ ხვდებიან, რადგან „ოცნებაში“, როგორც ჩანს, კრეტინების კონკურსებს ატარებენ და ამ კონკურსებში ყველაზე დიდი კრეტინები იმარჯვებენ! ასეა ეს _ უწიგნური, გაუნათლებელი ხალხია, რა! „ოცნებამ“ რა უნდა შეატყოს?!
_ რევოლუცია, როგორც ამბობენ, ძალიან დიდი უსამართლობის დროს ხდება ხოლმე…
_ დიახ.
_ დღეს ქვეყანაში რევოლუციური მუხტი არსებობს?
_ თუ არ არსებობს, ძალიან მალე გაჩნდება და პრობლემა ამ მუხტის მართვა აღმოჩნდება! შეხედეთ, ბოლო დღეებში პარიზში რა ხდება _ ერთი ბელადიც კი არ არსებობს. ფრანგები ამას როგორ ახერხებენ?
_ უბელადო რევოლუციური მუხტი ცუდი იქნება?
_ რა თქმა უნდა. ხელისუფლებისთვის ყველაზე სახიფათო უმართავი ხალხია!
_ გამორიცხავთ, რომ რევოლუციური მუხტი თავად „ოცნების“ წიაღშივე გაჩნდეს, ანუ იცით, რას ვგულისხმობ? _ „ოცნებამ“ იმ კრიმინალების მოთოკვა რომ გადაწყვიტოს, რომელი კრიმინალებიც საარჩევნოდ გამოიყენა და მმართველ ელიტას ეს ხალხი აუმხედრდეს?
_ აბა, რა იქნება?! ერთი სიტყვით, კარგი არაფერი იქნება!
_ ე. ი., ვიღუპებით, ბატონო გუბაზ?
_ არა, კაცო, არ ვიღუპებით! ახალ სტადიაში გადავდივართ და მორჩა, ეგ არის!
_ ეს ახალი სტადია დამანგრეველი ხომ არ იქნება? მგონი, ყველანი ვთანხმდებით, რომ ჩვენი ქვეყანა მორიგ დაპირისპირებას ვეღარ გადაიტანს!
_ დამანგრეველი არ იქნება! დამანგრეველი და ჭაობი ეს ხელისუფლებაა! საერთოდ, ყველამ იცოდეს: ის, რაც არ ვარგა, დასანგრევია!
_ „ოცნება“ ვა ბანკზე ხომ არ მიდის და ვითარებას მიზანმიმართულად ხომ არ ძაბავს, როცა გადაწყვიტა, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში გამართოს?
_ ეს უფრო გოიმობის სინდრომია, ვიდრე რაღაცის გამწვავების! სიტუაცია ისეც გამწავვებულია და რაღა უნდა გაამწვავოს? პოლიტიკური გოიმები და ქაჯები არიან! როგორც ქალბატონ სალომეს უყვარს ეს სიტყვა, „ქადჟები“ არიან!
ინაუგურაციის თელავში ჩატარება ქაჯობაა, ვითომ მეფე ერეკლეო, მაგრამ ან მეფე ერეკლე რა იციან ან _ თამარ მეფე ან ვინმე რა იციან?! არაფერი არ იციან!
_ სხვათა შორის, ინაუგურაციის დღეს გაერთიანებულმა ოპოზიციამ საპროტესტო აქცია, შესაძლოა, თელავში გამართოს. ეს სიტუაციის ესკალაციას არ მოახდენს?
_ მოახდენს, აბა, რას იზამს?
_ „ოცნება“ აქციას ხომ არ დაარბევს? დიდი ხანია, პოლიტიკაში ხართ და თქვენი პოლიტიკური ალღო და გამოცდილება რას გკარნახობთ?
_ არ ვიცი, თუმცა თუ „ოცნების“ ლიდერშიფის კრეტინიზმისა და აბსოლუტური თავდაჯერებულობის მაღალ ხარისხს გავითვალისწინებთ, რაც ძალიან ხშირად უზრდელობაშიც გადადის, დაუშვებს კი არა, უარესსაც იზამს და „ოცნება“ უფრო ცუდად დაამთავრებს, ვიდრე სააკაშვილმა დაამთავრა და ასე იქნება ეს!
_ თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა და რევოლუცია დაიწყო, თქვენი პოლიტიკური გუნდი მიშას გვერდით დადგება?
_ მოვლენების განვითარებას დაველოდოთ და მოქმედებას ტაქტიკურად იმის მიხედვით განგიმარტავთ, რა მოცემულობებიც გვექნება!
დღეს საქართველო იმ მდგომარეობაშია, რასაც უმართავი პროცესები და უმართავი ხელისუფლება ჰქვია. ეს მათ ჰგონიათ, რომ ქვეყანა დამშვიდებულია, მაგრამ რა ვითარება და პოლიტიკური მოცემულობა გვექნება, გამოჩნდება. იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ როგორ მოიქცევა!
_ ამ შემთხვევაში შიდა პოლიტიკურ ძალებზე აკეთებთ აქცენტს თუ გარეზე?
_ ყველაზე, ყველაზე, მათ შორის, ხელისუფლებაზე, „ნაციონალურ მოძრაობაზეც“, ხალხსა და გარე ფაქტორებზეც. საქართველოში მოვლენების განვითარებაზე, რა თქმა უნდა, სომხეთის არჩევნების შედეგებიც იმოქმედებს, რომელიც 9 დეკემბერს ჩატარდა.
_ საერთაშორისო საზოგადოება როგორ პოზიციას აირჩევს? ოპოზიციისგან განსხვავებით, დასავლეთი 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აღიარებს.
_ რომ არ ეღიარებინა, მაშინ უვიზო რეჟიმის ზონიდან უნდა გამოვეგდეთ, მაგრამ ეს არ გამოვიდოდა. ამიტომ დასავლეთი ადეკვატურად მოქმედებს _ გადაწყვეტილება უმალ არ მიიღო, ჩათვალა, რომ არჩევნები ჩატარდა, მაგრამ ახლა იქნება მძიმე პოზიციური შეტევები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე და აგერ, ნახავთ, როგორ რაღაცებს გამოაცხობს დასავლეთი.
_ პრინციპში, გამოაცხო _ ვანო მერაბიშვილთნ დაკავშირებით ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს ვგულისხმობ.
_ კიდევ გამოაცხობს, ჯერ სად ხართ!
_ სხვათა შორის, აშშ-მ ხაზი გაუსვა, რომ არჩევნების შედეგებს აღიარებს, მაგრამ მომავალი წლის დასაწყისი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და პროცესებს დააკვირდება. ეს როგორ უნდა გავიგოთ?
_ ნეტავ, რა იგულისხმა?
_ მე ვერ მივხვდი და თუ თქვენ მიხვდით, ამიხსენით.
_ ძალიან ადვილი მისახვედრია _ მომავალი წლიდან, კონკრეტულად ახალი წლის შემდეგ, უნდა დაიწყოს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება. არ გაუმჯობესდება და ბიძინა კი არა, დამარცხებები ხანდახან ალექსანდრე მაკედონელსაც ჰქონდა!
_ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებამდე ხომ შეიძლება, ხელისუფლლებამ თავის გადარჩენა პიარით სცადოს და საკუთარი გუნდის წევრები დაიჭიროს?
_ ეს იქნება ყველაზე კარგი და იოლი გამოსავალი ჩვენი ქვეყნისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც, რომ „ოცნებას“ შანსი მიეცემა, ისტორიაში შევიდეს, მაგრამ მეტი არ არის ჩემი მტერი, ესენი რამეში ერკვეოდნენ და იცოდნენ ან ქვეყანა რა არის, ან _ ისტორია. ესენი ბანკირები, ჩვეულებრივი ყაჩაღები არიან! საქართველოს _ დავითის, თამარისა და ვაჟა-ფშაველას ქვეყანას _ სოვდაგრები მართავენ!
დავიწყეთ მერაბ კოსტავათი და ვამთავრებთ ბიძინა ივანიშვილით. ასე დინამიკა აქვს ამ ქვეყანას!
_ არ მგონია, ეს ქვეყანა ბიძინა ივანიშვილით დამთავრდეს.
_ არა, მაგრამ ეს ეპოქა დამთავრდება, რასაც ავტოკრატია ჰქვია!
_ სხვათა შორის, 2012 წელსაც ასე ლაპარაკობდით და ამბობდით, ავტოკრატია უნდა დამთავრდესო, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან წასვლით, როგორც ახლა ირკვევა, არაფერი შეიცვალა.
_ მაშინაც სწორს ვამბობდი და ახლაც სწორს ვამბობ!
თუ ვინმემ ჩემი პოლიტიკური შეხედულება ვერ გაიგო, კიდევ ვიტყვი: მე ანტიტირანიის მიმდევარი და ანტიტირანიის აპოლოგეტი ვარ! ვერ ვიტან ტირანიას, ვერ ვიტან ავტოკრატიას! ვერ ვიტან ერთი კაცის მმართველობას, რომელიც არ კონტროლდება! ვინც აქამდე ვერ გაიგო, ახლა გაიგოს, მე რა მინდა!
_ რა გინდათ?
_ არ მინდა, რომ საქართველოში იყოს ავტოკრატია! სააკაშვილი იქნება თუ ივანიშვილი, სახელსა და გვარს არ აქვს მნიშვნელობა! პირადული მტრობა არც სააკაშვილთნ მაქვს და არც _ ბიძინასთან! მათ პირადად ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის არაფერი დაუშავებიათ, მაგრამ აქ პოლიტიკური საკითხია! ჩემი ქვეყანა სამართლიანი უნდა იყოს! დღეს საქართველო სამართლიანი ქვეყანა არ არის _ ყველამ ვნახეთ, რა მეთოდებით აპირებს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩენას!
_ მაინც, რა მეთოდებით აპირებს „ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩენას?
_ ყველანაირი მეთოდით, მაგრამ ემანდ, ჩახმახზე ხელი არ წაუცდეთ, თორემ უკვე სხვანაირად დაამთავრებენ, მაშინ მარტო პოლიტიკურად არ დაამთავრებენ!
_ „ქართულ ოცნებას“ ემუქრებით?
_ არა, ვაფრთხილებ!
_ სხვათა შორის, რევოლუციაზე საუბარი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ უმრავლესობის წევრებმა დაიწყეს.
_ ჰოდა, დაიწყეს და ჩვენ გავაგრძელებთ.
_ ანუ ხელისუფლებას დაპირისპირება აწყობს?
_ არა, არ აწყობს.
_ აბა?
_ ესენი თავიანთ ამომრჩეველს აშინებდნენ, _ აი, სააკაშვილი მობრუნდებაო, _ და ამის გამო ქვეყანასაც ანგრევენ! სადმე საზღვართან სააკაშვილი თუ გამოჩნდება, მერე ნახავთ, სამთავრობო ბლოკში ვინ დარჩება.
_ დღეს ქვეყნისთვის „ოცნება“ უფრო დიდი საფრთხეა თუ სააკაშვილის ჩამოსვლა?
_ ქვეყნისთვის უფრო დიდი საფრთხე „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენაა. სააკაშვილი გარეთ არის და პასუხს არაფერზე აგებს. ყველაფერზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა და ეს ქრესტომათიაა. ამიტომ ახლა უფრო სახიფათო, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნებაა“, რომელიც ქვეყნის განვითარების მუხრუჭია! „ოცნება“ სახიფათო თავისი გამოუცდელობით და უტიფრობით არის! საერთოდ, უწიგნური ადამიანი ყოველთვის სახიფათოა. თუ ვინმეს აინტერსებს, ბარბაროსობის პირველი თვისება უწიგნურობაა! შეხედეთ „ოცნების“ ლიდერშიფს _ წერა-კითხვის უცოდინარი ხალხია! თუ არ გჯერათ, ჩაუტარეთ გამოცდა ნებისმიერ საგანში.
_ ბატონო გუბაზ, საკითხი ასეც დავსვათ: საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ხალხზე იმუშავა იდეოლოგიამ: „არა ნაცებს! არა ბოროტებას!“
_ ხალხზე ამანაც იმუშავა და ასევე იმუშავა ბიძინას ფულმაც. ამ ქვეყანაში არის ადამიანების ერთი ნაწილი, რომელიც მიიჩნევს, რომ ყველაზე ჭკვიანია და ჰგონია, რომ ხუთი კილოგრამი კარტოფილის უფასო მიღებით ჭკვიანურად და ეშმაკურად მოიქცა. დიახ, ამ ქვეყანაში არის ადამიანების მასა, რომელსაც ყველაფერი უფასო ძალიან უყვარს!
_ ისე ხომ არ მოხდება, რომ რევოლუციის საბაბი ის 600 ათასი ადამიანი გახდება, რომელსაც ბანკების „შავი სიიდან“ ამოღებას დაჰპირდნენ?
_ რევოლუციის მიზეზი ბევრია და ნუ ჩამომათვლევინებთ, მაგრამ საბაბი შეიძლება ის გახდეს, თუ საპარლამენტო არჩევნებამდე არ გამოცვლიან საარჩევნო კანონმდებლობას და არჩევნებს ძველი კანონმდებლობით ჩაატარებენ! ცხადზე უცხადესია, რომ ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნებს გააყალბებს და ამ გაყალბების გამო უნდა დააპანღურო და გაუშვა! თუ ჭკვიანად არ მოიქცევიან, ციხეშიც წავლენ!
_ ისიც ფაქტია, რომ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ 2 დეკემბერს ჩატარებულ აქციაზე ასი ათასობით ადამიანი არ გავიდა. ამ ფონზე რომელ რევოლუციას ელოდებით?
_ ეს გაერთიანებული ოპოზიციის პრობლემაა. საერთოდ, ახლა აქციების დრო არ არის.
_ აბა, რისი დროა?
_ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ძალიან სერიოზულ ტაქტიკურ შეცდომებს უშვებენ, თუმცა ეს ჩემი პრობლემა არ არის. მათ წარმოდგენა არ აქვთ, თუ რა არის აქცია. გამოუცდელი ხალხია და, გარკვეულწილად, მესმის.
_ ანუ მშვიდობიანი აქციის დრო არ არის, მაგრამ არის რევოლუციის დრო?
_ რა ვერ გაიგეთ? _ რევოლუციის დრო არ არის, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, რევოლუცია იქნება! ისტორიული კანონზომიერებაა _ როცა სამართლის დადგენა არჩევნების გზით არ ხდება, როცა ქვეყანას სწორი დიაგნოზი არ აქვს, როცა არ ვიცით, ხალხის გარკევული ნაწილი რას ფიქრობს და მხარს ვის უჭერს, ასეთ დროს პროცესი ქუჩაში გადადის და რევოლუცია ხდება! ფაქტია, რომ პროცესი უკვე ქუჩაშია!
_ ბატონო გუბაზ, დღეს საქართველოში ავტოკრატიაა თუ დიქტატურა?
_ დიქტატურა ავტოკრატიის ერთ-ერთი ნაირსახეობაა. დღეს ერთი კაცის _ ბიძინა ივანიშვილის დიქტატურაა! მე რამე ახალი აღმოვაჩინე და ეს არავინ იცის, მათ შორის, ივანიშვილის მომხრეებმაც? ბიძინა ივანიშვილის გაგანია დიქტატურაა და ამას ყველა ამბობს!
_ თუ დიქტატურაა, რეპრესიებს გამორიცხავთ?
_ არაფერს გამოვრიცხავ და აი, მაგ რეპრესიებზე წაიტეხენ კისერს!
_ ანუ ელოდებით, რომ ოპოზიციის წარმომადგენელთა მასობრივი დაჭერები დაიწყოს?
_ ოჰ, ნეტავ, მაგი ქნას „ქართულმა ოცნებამ“! ეს ჩემი ლურჯი ოცნებაა! ნეტავ, დაჭერები დაიწყოს _ დაახლოებით, ერთ კვირაში დაემხობიან!
_ ბატონო გუბაზ, რასაც თქვენ აცხადებთ, თქვენი კერძო მოსაზრებაა თუ ის პოლიტკური გუნდიც ასე ფიქრობს, რომელსაც წარმოადგენთ?
_ ამასთან დაკავშირებით საბჭოს სხდომა არ ჩგვიტარებია.
_ რეზიუმე რომ გავაკეთოთ, ვითარების დასტაბილურებას როდისთვის ელოდებით?
_ ვითარება არჩევნების გარეშე არ დასტაბილურდება. ქვეყანაში სიტუაციას ახალი პარლამენტი დაასტაბილურებს. დღეს სახეზე გვაქვს პოლიტიკური კრიზისი!
_ ივანიშვილი სხვანაირად ფიქრობს და მისი ბოლო გამოსვლებიდანაც ჩანდა, რომ ისევ ჰგონია, ხალხის ჭარბი ნდობით სარგებლობს.
_ ამ არჩევნების შემდეგ ასეთი ილუზია, მგონი, აღარ უნდა ჰქონდეს და თუ მაინც აქვს, მით უარესი მისთვის _ მაშინ საერთოდ ჭკუიდან გადასულა!
_ ჩიხში შევდივართ?
_ ჩიხში უკვე ვართ და გამოსავალი უნდა მოვძენოთ. გამოსავალი ორი რამაა _ ან საპარლამენტო არჩევნები გასწორებული საარჩევნო კანონით, ან _ რევოლუცია, მორჩა და გათავდა! საქმე ძალიან მარტვად არის!
_ საარჩევნო კანონმდებლობა როგორ გასწორდება, როცა პარლამენტში 75 მაჟორიტარია. ეს ხალხი ხმას მისცემს, რომ მაჟორიტარული წესით არჩევნები გაუქმდეს?
_ თუ ხმას არ მისცემს, ეს ხალხიც ზედ უნდა მიაყოლო! ე. ი., ამ ქვეყნის პრობლემა მაჟორიტარები ყოფილა _ რა ვუყოთო. ქართველებს რომ ჰკითხოთ, აფხაზეთის დაბრუნება უნდათ და ამ დროს მაჟორიტარებს ვერ ერევიან!
_ მაჟორიტარებს თავი რომ დავანებოთ, ახალი კონსტიტუციის შეცვლა, რომელიც პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდება, 2024 წლამდე არ შეიძლება.
_ უიმე! რას ეძებთ, რა გინდათ, რომ ვთქვა? თუ პოლიტიკური ნება არსებობს, შეიძლება, საერთოდ, ახალი კონსტიტუცია მიიღო! კონსტიტუციებს ადამიანები წერენ და არა _ პირიქით!
_ მოკლედ, ილუზია, რომ სააკაშვილის წასვლით ქვეყანას ეშველებოდა, ილუზიადვე დარჩა, არა?
_ ეს ილუზია კი არა, ივანიშვილის მიერ გაშვებული შანსი იყო!

გიორგი აბაშიძე