ნეპოტიზმი ბიძინა ივანიშვილის სახელით

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ საჯარო სექტორში აქტიურად დაიწყო ცვლილებების განხორციელება. ქვეყნის მმართველობაში ჩართვისთანავე „ქართული ოცნება“ ადგილობრივ თვითმმართველობებში თანამშრომლების მასობრივ განთავისუფლებას შეუდგა. საჯარო სამსახურებში გამოცხადდა რეორგანიზაციები, ამ ყველაფრის პარალელურად კი საზოგადოებამ ნეპოტიზმის არსებობაზე აქტიურად დაიწყო საუბარი.

სამწუხარო რეალობაა, რომ დღევანდელი ხელისუფლების კონტექსტში ეს თემა სულ უფრო აქტუალური ხდება. ქვეყანაში ნეპოტიზმის ბევრი კონკრეტული ფაქტი დაფიქსირდა. ამის თვალსაჩინო საბადო იყო დედაქალაქის მერია, სამინისტროები, გამგეობები, დეპარტამენტები, გუბერნიები. პრაქტიკულად, ყველგან დიდი ძალით იჩინა თავი ნეპოტიზმის პრობლემამ. საზოგადოებამ კი ამის არაერთი ფაქტი ნახა. ამჯერად მოგიყვებით ნეპოტიზმის შესაძლო ფაქტზე, რომელიც, სავარაუდოდ, ქვეყნის არაფორმალურ მმართველ ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება.
როგორც „ქრონიკა+“-მა გაარკვია, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ძმის, ადიკო ივანიშვილის შვილიშვილი თავდაცვის სამინისტროში საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე დაინიშნა. ერთი შეხედვით, როცა ადამიანი პროფესიონალია, იცის თავისი საქმე, ყველანაირი კონკურსის გავლა შეუძლია, ამ დროს ნამდვილად მეორეხარისხოვანია ხედვა, თუ ვისი ნათესავი და ბიძაშვილია იგი. მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ბევრად უფრო რთულადაა. როგორც ხვდებით, უწყება და თანამდებობა, რომელიც ივანიშვილის ძმისშვილიშვილმა დაიკავა, საკმაოდ სერიოზული და საპასუხისმგებლოა, შესაბამისად, თათია ივანიშვილიც უნდა პასუხობდეს ყველა მოთხოვნას, რომელიც ამ თანამდებობაზე სამუშაოდაა საჭირო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მას არ გააჩნია შესაბამისი გამოცდილება. „ქრონიკა+“-მა მოიპოვა ამ პოზიციაზე გამოცხადებული ვაკანსიის პირობები და მოთხოვნები, სადაც ხაზგასმით წერია, რომ აუცილებელია, კონკურსში მონაწილე პირს ჰქონდეს ერთწლიანი გამოცდილება. თათია ივანიშვილის სოციალურ ქსელიდან ირკვევა, რომ მას არანირი გამოცდილება არ გააჩნია და ყველანაირი სტაჟირების გარეშე პირდაპირ აღმოჩნდა თავდაცვის სამინისტროში საერთაშორისო დეპარტამენტში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. ასევე მისი ოფიციალური გვერდიდან ირკვევა, რომ მან 2018 წელს დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, 2017 წლის ზაფხულში კი ბაქოში საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდა კონკრეტულად „Shahdag Summer Camp“-ში. აქვს თუ არა თუნდაც ერთწლიანი გამოცდილება თავისი პროფესიის მიმართულებით, ამის გარკვევას „ქრონიკა+“ თავად თათია ივანიშვილთან ეცადა, თუმცა მან ჩვენს შეტყობინებებს არ უპასუხა, ბიძინა ივანიშვილის ძმა კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საქართველოში არ იმყოფება და მასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პასუხს ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, მათ სატელეფონო კომენტარზე უარი გვითხრეს და მხოლოდ ოფიციალური წერილის შემდეგ დაგვთანხმდნენ პასუხის გაცემას. 10 სამუშაო დღის ვადაში კი ცნობილი იქნება უწყების პოზიცია, რომელსაც „ქრონიკა+“ შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პოზიციაზე მისაღებად ღია კონკურსი ჩატარდა, რომელშიც 78 მსურველი მონაწილეობდა. მარტივი მისახვედრია ის, რომ ამ 78 კანდიდატში, დიდი ალბათობით, ივანიშვილის ძმისშვილიშვილზე უფრო მეტად კვალიფიციური კადრები იქნებოდნენ, თუმცა ამ შემთხვევაში ქვეყნის არაფორმალურ მმართველთან ნათესაური კავშირი, როგორც ჩანს, გადამწყვეტი აღმოჩნდა.
ცნობისთვის, თათია ივანიშვილს ევალება:
– საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
– საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებასთან, მიერთებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებით რეკომენდაციების მომზადება;
– საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების გაფორმებასთან დაკავშირებული
შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების უზრუნველყოფა;
– საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებზე შესაბამისი დასკვნების მომზადება;
– სამმართველოს უფროსისა და მოადგილის მიერ დაკისრებული ამოცანების განხორციელება;
– საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების თარგმნა.
შეძლებს თუ არა დაკისრებული მოვალეობის პროფესიონალურად შესრულებას ბიძინა ივანიშვილის ახლობელი, ეს სხვა თემაა, თუმცა მას ანაზღაურების სახით 1600 ლარი აქვს.
საბოლოოდ კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კონკრეტული ფაქტი ზუსტად ასახავს ქვეყანაში შექმნილ მძიმე მდგომარეობას დასაქმების თვალსაზრისით. ადამიანები ჩივიან უსამართლო კონკურსებზე გამგეობებში, თვითმმართველობებში; იმასთან დაკავშირებით, რომ გამოცდა წარმატებით ჩააბარეს, უმაღლესი ქულები მიიღეს, მაგრამ მათზე წინ სხვები გავიდნენ და სამსახურში ისინი მიიღეს, რომლებსაც გაცილებით ნაკლები ქულები ჰქონდათ; ასევე საუბრობენ იმახზეც, რომ სხვა კანდიდატები კონკრეტული ნათესაური ნიშნით აღმოჩნდნენ უპირატეს მდგომარეობაში. ასეთი რამ ერთმნიშვნელოვნად დანაშაულებრივი ქმედებაა, ზოგადად დამღუპველია ქვეყნის განვითარებისთვის.
ნეპოტიზმის ფაქტების სავარაუდო გახშირებასთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილის შეშფოთების ზრდას მმართველი გუნდის ზოგიერთმა წარმომადგენელმაც შეუწყო ხელი. მათ თავიანთ განცხადებებში საჯარო სამსახურში კადრების მიღების ასეთი პრაქტიკა პირდაპირ ან ირიბად გაამართლეს ან ნეპოტიზმთან ბრძოლის არასაკმარისი პოლიტიკური ნება გამოავლინეს. მათ შორის იყო იმჟამინდელი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე, რომელმაც 2015 წელს პირველი არხის გადაცემა „პირველი სტუდიის“ ეთერში განაცხადა, რომ, რაღაც მხრივ, ნეპოტიზმის მომხრე იყო.
„მე, მაგალითად, ერთ რამეს გეტყვი, რომ ნეპოტიზმის რაღაცით მომხრეც ვარ ხანდახან. ბიზნესშიც ვიყავი, მაგალითად, პოლიტიკაშიც და თუ ვხედავ, რომ ჩემი ახლობელია, ვიცი წლების განმავლობაში ეს ადამიანი, მიმუშავია მასთან, მისი გამოცდილება ვიცი და მოვიყვანე, არ ვარ მკაცრი წინააღმდეგი. ნეპოტიზმი არის თემა, რომ ადამიანმა შეიძლება არაფერი იცის და მოგყავს. თუ, სიტყვაზე, ეკა მიშველაძე (გადაცემის წამყვანი) არის პროფესიონალი, ძალიან ძლიერია თავის საქმეში, ქვეყანას წაადგება და იმიტომ, რომ ჩემი ნათესავია, გადაგმალო? რას ამბობთ, გადაგმალავ კი არა, ისე გამოგაჩენ და ვიამაყებ, _ რა ნათესავი მყავს, შეხედეთ! ბოლო ერთ თვეში ჩემი ორი ნათესავი, შეცდომა რომ დაუშვეს, ისე მკაცრად დავსაჯე და გავუშვი სამსახურიდან. ამასაც ასე უნდა შეხედო. ის კი არა, რომ ადამიანი, ჩემი გვარი თუ აქვს, დავსაჯო და არ გავაკარო არაფერს. თუ ადამიანის გამოცდილება, ცოდნა ვიცი, მისი ერთგულება და პროფესიონალიზმი და თურმე რატომ ყოფილა ჩემს გვერდზე სადმე ცხოვრებაში ან თურმე ნათესაური კავშირია, ეს სხვა თემაა“, _ განაცხადა საგანელიძემ.
შინაარსობრივად დაახლოებით იგივე განცხადება გააკეთა 2015 წელს მაშინდელმა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა. გოგი თოფაძემ ნეპოტიზმზე საუბრისას მაშინ აღნიშნა:
„საქართველო ცოტა პატარა ქვეყანაა და აქ იმაზე აჟიტირება, ვიღაცამ ვიღაცა მოიყვანა, ბიძაშვილი, მამიდაშვილი, ვიღაცის ნათესავი, არ ნიშნავს, რომ ნეპოტიზმია. ფაქტია, რომ რამდენიმე შემთხვევა იყო, მაგაზე ხელმძღვანელობამ მიიღო ზომები და ამაზე პედალირება არ არის სწორი. საქართველო პატარა ქვეყანაა. ნათესავი, მეზობელი, ვიღაცა არსებობს და ასეთი აჟიტირებული ეს საკითხი არ უნდა ყოფილიყო. მიმაჩნია, რომ ყველაფერი გამოსწორებულია“.
როგორც ჩანს, ,,ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანა არც არასდროს ყოფილა ნეპოტიზმთან ბრძოლა. შესაბამისად, დღევანდელი მოცემულობა გასაკვირი და მოულოდნელი არც უნდა იყოს.

ნენე ინჯგია