ხათუნა ლაგაზიძე: „სალომე ზურაბიშვილმა საქართველო ვერ მიიღო, ქართველმა ხალხმა კი _ ზურაბიშვილი“

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინებით, გამორჩეულად საინტერესო აღმოჩნდა. საქართველოს მოსახლეობამ პირდაპირი არჩევის წესით ბოლოჯერ გააკეთა არჩევანი და ბიძინას „თამარ მეფე“ ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. გარკვეულწილად ეს არჩევნები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პრელუდიად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

როგორ დაგვამახსოვრდება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები? რა დასკვნების გამოტანა უნდა შეძლოს ოპოზიციურმა სპექტრმა? როგორი მოცემულობა გველოდება 2020 წელს? და აღმოჩნდება თუ არა ბიძინას „თამარ მეფე“ მარგველაშვილზე უფრო ურჩი?
აღნიშნულ საკითხებზე „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა:

_ როგორ ფიქრობთ, რით იყო განპირობებული ის, რომ პრეზიდენტობის კანდიდატების მისამართით ორივე მხრიდან ისმოდა ერთი და იგივე ბრალდებები და ერთმანეთს რუსეთის აგენტობაში ადანაშაულებდნენ? ეს იყო შეგნებულად შერჩეული თემა ამომრჩევლისთვის, რომელზეც განსაკუთრებით მოქმედებს რუსეთის საკითხი?
_ ეს არ არის ლოკალური თემა. ამ კითხვაზე პასუხი, ერთი მხრივ, პოლიტიკური განწყობების, მეორე მხრივ კი საზოგადოების საგარეო პოლიტიკური ორიენტირების შესწავლის საშუალებას მოგვცემს. ეს ნამდვილად არის საკვლევი თემა. ასეთი სტრესული გარემო და ამომრჩეველზე ფსიქოლოგიურ-საინფორმაციო ტერორი, რაც ორივე მხრიდან იყო, არასდროს გვქონია. არნახული სტრესის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ. შედეგი კი დადგა ის, რომ პრორუსულობა იქცა სტიგმად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია 2020 წლის არჩევნების წინ. გავუსწრებ პროცესებს და დაგიხატავთ სურათს დღევანდელი გადასახედიდან, როგორი პარლამენტი გველოდება 2020 წელს. თუ ჩვენ 2016 წლის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებსაც გადავავლებთ თვალს, ამის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ნაციონალები“ თავისთავად შევლენ, „ევროპული საქართველო“ შევა. 3%-იანის გადალახვის შანსი აქვს ნათელაშვილის ლეიბორისტებს, ნინო ბურჯანაძეს, „პატრიოტთა ალიანსს“, აგრეთვე უსუფაშვილისა და „თავისუფალი დემოკრატების“ გაერთიანებას, „გირჩსა“ და ა. შ. თუ ახალი პოლიტიკური ძალები შეიქმნა, მათგან 1-2-ს მაინც ექნება 3%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი. თუ ხელისუფლება პროპორციულს დასთანხმდა, რა თქმა უნდა, პარტიებს შანსები გაეზრდება. მთავარი ახლა, რითაც შეიძლება საქართველოს საზოგადოებამ იზეიმოს, ეს სწორედ ის არის, რომ პრორუსულობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იქცა სტიგმად. ბოლო პერიოდის განმავლობაში, იმ საინფორმაციო ომის ფონზე, რასაც რუსეთი საქართველოში აწარმოებდა და ეს იყო ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელიც მოიცავდა არა მხოლოდ წმინდა პროპაგანდას, არამედ პოლიტიკურ-ეკონომიკური ელიტების მოსყიდვას, სამოქალაქო სექტორში გავლენის აგენტების ჩანერგვას, რაც პერსპექტივაში შეიძლებოდა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე ქვეყანას ძალიან ცუდად შემოტრიალებოდა, ანუ გაზრდილიყო პრორუსული განწყობები, სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფრის ფონზე მყარად ჩაბეტონდა პრორუსულობა, როგორც სტიგმა. ეს ნამდვილად კარგი რამ მოხდა ამ არჩევნების შემდეგ.
_ როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა პრორუსულობის წინა პლანზე წამოწევა? რატომ გახდა ეს საკითხი ასე აქტუალური? შემთხვევით მოხდა ამ თემის გააქტუალურება ზურაბიშვილის განცხადებების „დამსახურებით“ თუ მიზანმიმართულად დაგეგმა რომელიმე მხარემ?
_ არ ვფიქრობ, რომ ეს წინასწარ იყო დაგეგმილი ერთი ან მეორე მხრიდან, რომ ეს თემა არჩევნების გენერალურ ხაზად ქცეულიყო. ალბათ მართლაც ის მოხდა, რომ ზურაბიშვილის ამ განცხადებებმა „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელჩასაჭიდი მისცა, თუ რაზე უნდა აეგო თავისი ბრძოლის ხაზი ზურაბიშვილის წინააღმდეგ. ზურაბიშვილი გამოდიოდა და ამბობდა, რომ თურმე საქართველომ დაბომბა თავისი მძინარე მოსახლეობა და თავისი ჯარი, ანუ მთავარსარდლობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანი საკუთარ ჯარს სდებდა ბრალს საკუთარი ქვეყნის მიმართ აგრესიაში თუ აგრესიის ინსპირირებაში. შესაბამისად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ბევრი ფიქრი აღარ დასჭირდა იმაზე, თუ რაზე უნდა აეგო თავისი გენერალური ბრძოლის ხაზი. შემდეგ უკვე „ქართულმა ოცნებამ“ ვაშაძეს იგივე მეთოდით დაუწყო ბრძოლა. დაიწყო ქექვა მის წარსულში, მის საბჭოურ განათლებაში, მის კარიერაში, რომელიც საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს უკავშირდება და, საბოლოო ჯამში, ერთი და იგივე იარაღით ებრძოდნენ ერთმანეთს. ვფიქრობ, რომ ამ თემაზე ყურადღების გამახვილება არ იყო წინასწარ განსაზღვრული, თუმცა, ზოგადად, საზოგადოებისთვის ძალიან კარგი შედეგი დადგა იმ კუთხით, რომ პრორუსულობა სტიგმად იქცა. ამით სალომე ზურაბიშვილმა აბსოლუტურად დამოუკიდებლად და მისი სურვილის საწინააღმდეგოდ ქვეყანას ძალიან კარგი საქმე გაუკეთა.
_ კიდევ ერთი თემა, რომელსაც წინასაარჩევნო კამპანიისას ორივე მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა, ეს იყო პირადი ცხოვრება. მეორე ტურის წინ ვაშაძის ხუმრობით ნათქვამი განცხადება: „როგორც ყველა ნორმალური მამაკაცი დაქორწინებული ვარ ორჯერ“, _ სატელევიზიო რეკლამებშიც კი გამოიყენა „ოცნებამ“, პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ზურაბიშვილის პირად ცხოვრებაზე ალაპარაკდნენ, რომ ის ცოლად გაჰყვა საკუთარი შვილის ნათლიას. როგორ ფიქრობთ, რატომ მიიღო ასე მარტივად ქართულმა საზოგადოებამ ზურაბიშვილის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და რამდენად მიღებულია სხვა ქვეყნებში პოლიტიკოსების პირად ცხოვრებაში ქექვა?
_ როდესაც მე ვსაუბრობდი ფსიქოლოგიურ-საინფორმაციო ტერორზე, სწორედ ასეთი ტიპის ინფორმაციის იარაღად გამოყენებას ვგულისხმობდი, რაც ყოვლად დაუშვებელია, თუმცა მსოფლიო პრაქტიკა და, მათ შორის, აშშ-ს არჩევნები და არჩევნების შემდგომი პერიოდი გვიჩვენებს, რომ, სამწუხაროდ, პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაციის იარაღად გამოყენება მსოფლიო ტრენდად იქცა. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას იმუნიტეტი გამოუმუშავდა მსგავსი ინფორმაციის მიმართ, ისე არ რეაგირებს, როგორი რეაგირებაც ექნებოდა ამ ტიპის ინფორმაციებზე (არ ვსაუბრობ ინფორმაციის ნამდვილობაზე) რამდენიმე წლის წინათ. საზოგადოების დღევანდელი დამოკიდებულება კი მის გაჯანსაღებაზე მეტყველებს. ზოგადადაც მინდა აღვნიშნო, ბოლო პერიოდის ტრენდია, რომ საზოგადოება გაცილებით უფრო ჯანსაღია, ვიდრე პოლიტიკური სპექტრი. საზოგადოება გაიზარდა და პოლიტიკური სპექტრი მას ვერ ეწევა. როგორც ჩანს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაჩაგრულის მიმართ სოლიდარობის გრძნობამაც იმუშავა, იმუშავა ეკლესიის პოზიციამაც. ჩვენ ვნახეთ, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ზურაბიშვილი მაღალი რანგის სასულიერო პირებს ინტენსიურად ხვდებოდა, ასევე დიდი როლი ითამაშა არჩევნების წინა დღეს პატრიარქთან შეხვედრამ და მისმა დალოცვამ. ფაქტობრივად, ეს იყო ირიბად მთავარი მესიჯი მასზე გავრცელებული ინფორმაციის უარსაყოფად: საზოგადოებას დაანახეს, რომ ეკლესია საპრეზიდენტო არჩევნების წინ ზურაბიშვილს აძლევს კურთხევას და, შესაბამისად, მასზე გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ასევე იყო მეორე ფაქტორიც: იმ ადამიანების ნაწილს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეინკარნაციის შიშით მივიდა არჩევნებზე, სხვისი მორალის სამწყემსად არ ეცალა. ის ნაწილი მივიდა იმის ღრმა რწმენით, რომ უნდა მისულიყო და ხმა მიეცა „ნაციონალური“ საფრთხისგან საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად. აქედან გამომდინარე, სხვა რამე საპირწონედ ვერ გამოდგებოდა. პოლიტიკური ძალებისთვის ნამდვილად ჭკუის სასწავლელია, რომ პირად ცხოვრებას არჩევნებზე იარაღად ვეღარ გამოიყენებენ. ჩვენი საზოგადოება აღარ არის ის საზოგადოება, რომელსაც პირადი ცხოვრების თემაზე მასობრივად წამოიკიდებ.
_ პირველი ტურის შემდეგ ორივე მხარე სახლში დარჩენილ 53%-ზე ამყარებდა იმედებს. არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე რომ ვიმსჯელოთ, ვინ აღმოჩნდა იმ 53%-ში, რომელზედაც ორივე მხარე დიდ იმედებს ამყარებდა? რის ხარჯზე გაიზარდა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთა რიცხვი და როგორ შეძლო „ოცნებამ“ მაქსიმალური მობილიზება?
_ ჯერ ვისაუბრებ იმ ადამიანებზე, რომლებითაც მეორე ტურზე „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზრდა. 2016-17 წლებთან შედარებით ლამის გაორმაგდა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი, ამ შემთხვევაში ვაშაძის მხარდამჭერები, რომლებიც, გვინდა-არ გვინდა, მაინც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდებიან. მათ ხმა მისცეს, ერთი მხრივ, როგორც ვაშაძეს და მეორე მხრივ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს და სააკაშვილის ფავორიტს და არა როგორც აბსტრაქტული გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს. მისი ხვედრითი წილი შედგებოდა, მისთვის პერსონალურად, სააკაშვილისთვისა და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიცემული ხმებისგან. ძალიან მნიშვნელოვანია ის ამომრჩევლები, რომელთა საშუალებითაც, გასულ წლებთან შედარებით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიცემული ხმების რაოდენობა გაიზარდა. ეს ამომრჩევლები სწორედ ისინი არიან, რომლებსაც სჭირდებათ სახელმწიფოს შენების პროცესში თანამონაწილეობის განცდა, ესენი არიან საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილი, რომელსაც ენატრება „დრაივი“, სახელმწიფოებრივი იდეა, რომლის გარშემოც გაერთიანდებიან, ენატრება იმის განცდა, რომ ქვეყანა სტაბილურად წინ მიდის და თვითონ არ არის გარეშე მაყურებელი. ამ ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი მივიდა არჩევნებზე და ვაშაძეს მისცა ხმა სწორედ იმიტომ, რომ მათ მეხსიერებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა დრაივის, თანამონაწილეობის, სახელმწიფოებრივი იდეის პერიოდად დაილექა. ამ ადამიანებისთვის მიუღებელია 6 წლის მანძილზე ერთი ადგილის ტკეპნა და დაჭაობებული გარემო, ეს ადამიანები წავიდნენ და „ოცნების“ მიმართ პროტესტი ამ ფორმით გამოხატეს. მათ ხარჯზე გაიზარდა ვაშაძისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი. თუმცა 2020 წლისთვის თუ სხვა პოლიტიკური პარტიები გამოვიდნენ ასპარეზზე, ეს ამომრჩეველი სხვა პარტიებზე გადანაწილდება. რაც შეეხება ზურაბიშვილის მიერ აღებულ ხმებს, ფაქტორები კომპლექსურია. პირველ რიგში, ეს იყო იმ პანიკური პიარის შედეგი, რომ არიქა, მიშა მოდის და ყველას გაგვაკულაკებს, ციხეებში ჩაგვყრის, ამ პიარმა კი მართლც იმუშავა. რასაც ჩემ გარშემო ვუყურებდი, ყველაზე მეტად უფროსი თაობის ამომრჩეველზე მოახდინა გავლენა, მათ შორის, პენსიონერებზე, რომლებიც აქტიურ ამომრჩევლად ითვლებიან. ეს ადამიანები ყოველგვარი ზეწოლის გარეშე დაირაზმნენ და წავიდნენ. ამ კამპანიამ იმოქმედა საშუალო ასაკის მამაკაცების ფსიქიკაზეც. სოციალური ქსელების ანალიზიც ამავეს დაადასტურებს, რომ მათთვის „ნაციონალების“ დაბრუნება ეგზისტენციურ საფრთხედ დაიხატა, რომელიც მათ ღირსებას შეუქმნიდა საფრთხეს. ამომრჩევლების ამ ნაწილმაც საკუთარი ნებით მისცა ხმა. ამასთანავე, ზურაბიშვილის გაზრდილ ხმებში მნიშვნელოვანი წილი იყო იმ ამომრჩევლებისა, რომლებიც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით მიიყვანეს. მათ შორის იყო საჯარო სექტორში დასაქმებულების წილი, რომელმაც პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილს ხმა არ მისცა. „ოცნებისთვის“ პირველსა და მეორე ტურს შორის პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით, ჩამოიქცეოდა თუ არა ის, როგორც სახელისუფლებო პარტია. პირველ ტურში, როგორც ჩანს, ბევრმა საჯარო მოხელემ, მათ შორის, სამართალდამცველი უწყებებიდან, ხმა მისცა ვაშაძეს, განსაკუთრებით იმათმა, ვინც „ნაციონალური მოძრაობიდან“ „ქართულ ოცნებაში“ გადავიდა. მეორე ტურში კი ივანიშვილმა შეძლო მოეჭიმა ეს სახელისუფლებო ვერტიკალი, რაც გადამწყვეტი არა მხოლოდ შედეგებზე ზემოქმედებისთვის აღმოჩნდა, არამედ იმისთვისაც, რომ „ქართული ოცნება“, როგორც სახელისუფლებო ძალა, არ ჩამოიშალა. თუ პარალელს გავავლებთ და გავიხსენებთ, 2003 წელს თვალსა და ხელს შუა, რამდენიმე დღეში, როგორ ჩამოიშალა სახელმწიფო სისტემა, ახლაც ანალოგიური საშიშროება იყო. პირველი ტურიდან ერთი კვირის მანძილზე ყველას ჰქონდა განცდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებდა, შესაბამისად, მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი, რომლის მესამედი მაინც ყოფილი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დასაქმებული ადამიანებით არის დაკომპლექტებული, სულ მცირე, ყოყმანობდნენ იმაზე, თუ საით გადაიხრებოდა გამარჯვების სასწორი. როდესაც ისინი ადმინისტრაციული ზემოქმედებით დარწმუნდნენ, რომ „ოცნება“ არ იშლებოდა და არ მარცხდებოდა, სწორედ ამიტომ მათ ცნობიერებაში პრაგმატული აზროვნება გადაიწონა „ოცნებისკენ“.
_ თქვენ ახსენეთ, რომ მიშათი დაშინებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, ამავდროულად, თავად მიშას აქტიურობამაც, გარკვეულწილად, მობილიზება გაუკეთა „ნაციონალების“ ამომრჩეველს. ყველანი ვთანხმდებით, რომ მიშა პარტიის უპირობო ლიდერია, ისევე როგორც ივანიშვილი „ოცნებისთვის“. ამ არჩევნებზე რომელი უფრო დადებითი ფიგურა იყო თავისი პარტიისთვის, რომელი უფრო ეფექტიანად მოქმედებდა?
_ საკუთარი გუნდისთვის და მიღებული შედეგისთვის ორივე ეფექტიანი იყო. ორივემ საკუთარი თავი, როგორც რესურსი, მაქსიმალურად გამოიყენა. სააკაშვილის გადამალვის შემთხვევაში ვაშაძე იმ ხმებსაც ვერ აიღებდა, რომელიც აიღო. „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის მომხრეებს ასეთი ღრმად გამჯდარი რწმენა, რომ ისინი ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, 2012 წლის შემდეგ არ ჰქონიათ. პირველი ტურის შედეგებიდან გამომდინარე ამ რწმენას საფუძველი ჰქონდა. ამ რწმენას კი სწორედ სააკაშვილი ქმნიდა. თუ „ოცნება“ 2020 წელს ისევ დაიწყებს საპარლამენტო უმრავლესობაზე გაყალბებით „ზრუნვას“, ამის ხარჯზე კი სხვა პოლიტიკური პარტიები დაჩაგრულად იგრძნობენ თავს, ამ შემთხვევაში ყველას ინტერესი იქნება პროტესტის გამოხატვა, რადგან ყველა პარტია მიიჩნევს, რომ მისი რეალური შანსი იყო პარლამენტში მოხვედრა და ამას „ოცნებამ“ გაყალბებით შეუშალა ხელი. ჩვენ ახლა დავინახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტს არ აყვა სხვა პარტიების უმრავლესობა, მაგრამ 2020-ში ასე არ იქნება. ჩვენ ჩამოვთვალეთ რამდენიმე პარტია, რომელსაც პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვს. თუ 2020 წელს „ოცნება“ არჩევნებს გააყალბებს, ეს პარტიები გაერთიანდებიან და ერთობლივად გამოხატავენ პროტესტს. რა თქმა უნდა, სააკაშვილი ეცდება, რომ ესეც სათავისოდ გამოიყენოს: გამოვიდეს და დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდოს ყველას იმიტომ, რომ სააკაშვილი ქართულ პოლტიკაში ყველაზე პირველი სწორედ საკუთარ თავს ხედავს, მხოლოდ ამის შემდეგ _ ყველა სხვა დანარჩენს. მას სჯერა, რომ მის გარეშე ვერავინ, ცალკე აღებული თუ ერთად, ვერ შეძლებს იმ მისიის შესრულებას, რაც მას აქვს, ის ამ პროცესს ასე უყურებს. რეალურად, მეორე საკითხია ის, რომ სააკაშვილის ასეთი სურვილი მთელ პოლიტიკურ სპექტრს განვითარების პერსპექტივას უსპობს.
_ თუმცა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას სურს იყოს ლაზიკის მენეჯერი და არ სურს პოლიტიკური თანამდებობა…
_ ეს მან განაცხადა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადებისთანავე კი საყოველთაო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა ჯარსა და პოლიციას. რეალური მიშა იყო ის, რომელმაც დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა საზოგადოებას და არა ის, რომელსაც ლაზიკის მენეჯერობა უნდოდა.
_ შეიძლება ვთქვათ, რომ მიშას განცხადება ამომრჩეველზე გათვლილი ერთგვარი სატყუარა იყო?
_ ეს იყო იმ ნეიტრალური ამომრჩევლის დაწყნარების უშედეგო მცდელობა, რომელიც, მისი განცხადებებით, დაშინდა, თუმცა პასიური სააკაშვილის შემთხვევაში გრიგოლ ვაშაძის მიერ აღებული ხმები შეუდარებლად ნაკლები იქნებოდა. სააკაშვილის პასიურობის შედეგად 780 680 ამომრჩეველი დაკარგავდა მთავარ განცდას, რომ მოგების შანსი იყო. თითოეული ამომრჩეველი არჩევნების მეორე ტურში ამ განცდით მიდიოდა. ამ განცდას კი სწორედ თავისი გამოსვლებით სააკაშვილი ქმნიდა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ: უნდა გაიმიჯნოს ის როლი, რასაც სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ გადარჩენისა და მისი რეინკარნაციის საქმეში ასრულებს იმ ნეგატიური როლისგან, რომელსაც ის დანარჩენი პოლიტიკური სპექტრის ნგრევაში თამაშობს. ჩვენ თუ ვისაუბრებთ იმაზე, ვისი წვლილი უფრო მეტია იმაში, რომ დღეს ქართული პოლიტიკური სივრცე ასე მოცარიელებული და ორპოლუსიანია, შემიძლია გითხრათ, რომ ამაში ივანიშვილისა და სააკაშვილის „დამსახურება“ თანაბარია. მათ ერთმანეთი პოლიტიკურ ოპონენტებად ძალიან აწყობთ.
_ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება ორპოლუსიან პოლიტიკურ ველზე და აქტიურად საუბრობენ მესამე ძალის შექმნის აუცილებლობაზე. ჩვენ არაერთი მცდელობა გვინახავს, როცა კონკრეტული პარტიები მესამე ძალად ყოფნას ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია ამ მოცემულობაში მესამე ძალის შექმნა და გვაქვს თუ არა რესურსი, რომ ეს მესამე ძალა სათანადო სიძლიერის იყოს? არის თუ არა ალბათობა, რომ მესამე ძალა არა მოცემული პოლიტიკური სპექტრიდან, არამედ სხვა ნაწილიდან წარმოიქმნება?
_ მთავარი რესურსი არის საკანონმდებლო ბაზა, ანუ არჩევნების პროპორციული სისტემა. თუ პროპორციული სისტემა არ იქნა, პოლიტიკურ პარტიებს განვითარების რესურსი დაეკარგებათ. თუ ისევ მაჟორიტარული სისტემა დარჩა, ახალ, ძლიერ პოლიტიკურ ცენტრზე გაჭირდება საუბარი. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ მრავალპარტიულობას ხელს უწყობს პროპორციული საარჩევნო სისტემა. ბოლო წლების კვლევით დადასტურდა ისიც, რომ პროპორციული სისტემა და საპარლამენტო მმართველობა არის მმართველობის ის ერთადერთი ფორმა, რითაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ქვეყნებმა დემოკრატიული და წარმატებული ქვეყნის მშენებლობა შეძლეს. მთელი პოსტსაბჭოთა სივრციდან მხოლოდ ის ქვეყნები დაადგნენ დემოკრატიული განვითარების, წარმატებული ეკონომიკური რეფორმების გზას, რომელმაც პროპორციული სისტემა და საპარლამენტო მმართველობა აირჩია. ამის კლასიკური მაგალითია ბალტიის ქვეყნები. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, როგორც წესი, ხელს უწყობს ორპარტიული სისტემის შექმნას. ამიტომაც ჩვენ 2020 წლისთვის თუ არ გადავედით პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, 2020-ში რეალური ცვლილებების იმედი არ უნდა გვქონდეს: კი, ახალი პოლიტიკური ძალები გაჩნდება და, სულ მცირე, იმის შანსი ექნებათ, რომ 3%-იანი ბარიერი გადალახონ და არსებული წვრილი პარტიები ჩაანაცვლონ, უფრო მეტი მასშტაბი კი მათი პოლიტიკური მოხერხებისა და გონიერების თემაა. მაგრამ რას შეცვლის თუნდაც 3-7%-იანი 7-8 პარტია პარლამენტში მაჟორიტარული სისტემის დარჩენის შემთხვევაში? _ არც არაფერს. ფასადური მრავალპარტიულობა იქნება. „ქართული ოცნება“ 3-7%-იან 2-3 პარტიას გაურიგდება, თავად აიღებს მაჟორიტარული მანდატების უმრავლესობას და ისევ იქნება საპარლამენტო უმრავლესობაში. ის პარტიები, რომელიც საკუთარ თავს სატელიტობისთვის გაწირავს, უბრალოდ, დამთავრდება, ისევე როგორც არაერთი დამთავრებულა ბოლო 20 წლის მანძილზე, მაგრამ ქონებას იშოვის, მათი ამოცანაც ეს არის. სატელიტი პარტიების ბედი, როგორც წესი, ერთი საპარლამენტო ვადით ამოიწურება, მაქსიმუმ, საუკეთესო შემთხვევაში, ორი საპარლამენტო ვადა გაქაჩონ. ამ მანკიერი წრიდან თავის დასაღწევად საჭიროა პროპორციული სისტემა. თუ პროპორციული სისტემით 8 პარტია შევა, თითოეულ მათგანს განვითარების თანაბარი შანსი ექნება, ასევე თანაბარი დაფინანსება, საკანონმდებლო გარემო, ხელშეწყობა, თანაბარი საწყისი ინტერესი მედიისა და ბიზნესის მხრიდან, რომელმაც ის უნდა დააფინანსოს, ასე რომ, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი გაიხსნება. მერე უკვე დანარჩენი დამოკიდებული იქნება პარტიების მოხერხებულობაზე, პოლიტიკურ სიბრძნესა და გონიერებაზე. თუ დარჩა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, პოლიტიკური ძალების გამსხვილება და მათი პოლიტიკური წონის მატება ურთულესი რამ იქნება. რაც შეეხება ადამიანურ რესურსს, როდესაც ვსაუბრობთ, რომ არ გვაქვს ეს რესურსი, ჩვენ სწორება გვაქვს 28-წლიან გამოცდილებაზე და უახლეს ისტორიაზე, როცა ქარიზმატული ლიდერები გვყავდა. ჩვენი პოლიტიკური მეხსიერება სხვა ტიპის ლიდერს არ იცნობს. ამიტომ როცა წარმოვიდგენთ ადამიანურ რესურსს, პარალელს ვავლებთ ან ზვიად გამსახურდიასთან ან სააკაშვილთან ან ივანიშვილთან. საბედნიეროდ, ასეთი რესურსები არ არის. ვფიქრობ, რომ საინტერესო ლიდერებისგან დაკომპლექტებულ გუნდს შეუძლია ისეთივე მუხტისა და ენერგეტიკის შექმნა, როგორიც შეეძლო გამსახურდიამ ან სააკაშვილმა. სამაგიეროდ, ეს გუნდური მუხტი ქვეყნისთვის იქნება კარგი. დანარჩენი მონობისთვის მზად მყოფი ლაშქარი ერთ მესიაზე კი არ იქნება ჩამოკონწიალებული, არამედ თანაბარი შესაძლებლობის მქონე ლიდერების კონკურენცია თავად პარტიის შიგნით იქნება. ჩემს სტუდენტებთან ვსაუბრობდი ზუსტად: დემოკრატიული ლოზუნგებით პირაქაფებული ლიდერები რომ მოდიან ხელისუფლებაში და შემდეგ ავტორიტარები ხდებიან, საიდან ასეთი ტრანსფორმაცია? არანაირ ტრანსფორმაციაზე საუბარი არ არის. კარგად დავაკვირდეთ პარტიებს, რა პრინციპით არიან აწყობილები, მათი უმრავლესობა კლასიკური ავტორიტარული ტიპის პარტიებია, სადაც ლიდერი სიცოცხლის ბოლომდე ბრეჟნევივით თავის პოზიციას ხელიდან არ უშვებს, განვითარების საშუალებას არ აძლევს სხვა ლიდერებს და როტაცია არ ხდება, ქართული პარტიების უმეტესობა ასეთია. შესაბამისად, უმრავლესი ნაწილი ერთი კაცის პარტიებად რჩება. უკვირთ, ახალი თაობა რატომ არ მიდის პოლიტიკაშიო? სად წავა, სადაც იცის, რომ უნდა შეაბერდეს უკვდავ პოლიტიკურ ლიდერს. იმედი მაქვს, რომ რამდენიმე, თანაბარი წონის ლიდერის პირობებში, პარტიებში ავტორიტარული წყობა შეიცვლება.
_ რამდენად რეალური გგონიათ ის, რომ „ქართული ოცნება“ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას დასთანხმდება?
_ ვფიქრობ, „ქართული ოცნება“, ამ ეტაპზე, არაფრის დათმობას არ აპირებს. ჯერ ერთი, ამ გამარჯვების ფონზე, ფაქტობრივად, 2012 წლის შედეგი გაიმეორა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტურის შემდეგ სერიოზული შიში ჭამა, ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილსა და „ოცნების“ ლიდერებს „ნაციონალური მოძრაობის“ გაქრობა ან სააკაშვილის პოლიტიკური სივრციდან გასვლა აწყობს. სხვა კუთხით შევხედოთ თემას, _ სხვა ნებისმიერი კანდიდატი რომ ყოფილიყო და არა „ნაციონალური მოძრაობის“, მას გაცილებით უფრო მეტი შანსი ექნებოდა გამარჯვების: ამომრჩევლის ის არმია, რომელიც არჩევნებზე მივარდა მიშასგან დასაცავად, გარწმუნებთ, რომ კარტოფილის ან ხახვის სანაცვლოდ არჩევნებზე არ მივიდოდა. ის, ვინც საკუთარი ნებით ადგა, პირობითად, რკინის ქალამანი ჩაიცვა, არჩევნებზე მივიდა და ხმა წინააღმდეგ მისცა მიშას, სხვა ნეიტრალური კანდიდატის არსებობის შემთხვევაში მივიდოდა ასეთივე რკინის ქალამნით და იმ ნეიტრალურ კანდიდატს მისცემდა ხმას. ამიტომ ამ პოლიტიკური რეალობის შეცვლა „ქართულ ოცნებას“ არ აწყობს. ეს ასეა, თუ ჩვენ პროცესებს ხელისუფლების შენარჩუნების ველური სურვილიდან შევხედავთ. თუ ჩვენ პროცესებს იმ კუთხით შევხედავთ, რომ, წესით, დალაგებულ ქვეყანაში ხელისუფლება რაღაც დოზით მაინც საკუთარ ქვეყანაზე უნდა ზრუნავდეს, ასეთ შემთხვევაში პირიქით _ „ოცნებამ“ ინიციატივა საკუთარ ხელში უნდა აიღოს, მიიწვიოს ყველა ოპოზიციური პარტია, შესთავაზოს მოლაპარაკების ფორმატი, რომლის მიხედვითაც ვადამდელი არჩევნების თემას არა, მაგრამ პროპორციული არჩევნების თემას განიხილავს. რას შეცვლის ეს? ეს შეცვლის იმას, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, „ნაციონალების“ გარდა, არავის აწყობს. ამავდროულად, შეიძლება „ნაციონალებზე“ მეტად ვადამდელი არჩევნები, ოღონდ მაჟორიტარული წესით ჩატარებული, „ოცნებას“ უფრო აწყობდეს. დანარჩენ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, „ევროპული საქართველოდან“ დაწყებული, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ აწყობს, თუნდაც პროპორციული სისტემით ჩატარებული, რადგან ვერ მოასწრებენ მომზადებას, სახსრებისა და ახალი სახეების მოძიებას. ამიტომ არიან „ნაციონალები“ მარტო ქუჩის აქციებში და ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა არ გააჩნიათ. ამიტომაც არის ასე მყარად „ოცნება“, რადგან იცის, რომ მასშტაბური საპროტესტო აქციები ვერ აგორდება.
თუ „ოცნება“ თავად აიღებს ინიციატივას და განიხილავს პროპორციული სისტემის არჩევნებს, ასეთ შემთხვევაში პოლიტიკურ პარტიებს გაძლიერების საშუალება ექნებათ, პარალელურად „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩამოშორდება ყველა ის ხმა, რომელიც დამატებით 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აკრიფა, ეს ხმები სხვა პარტიებზე გადანაწილდება და „ოცნებას“ რჩება შანსი, რომ 2020-ში კოალიციური მთავრობის მთავარ გამწევ ძალად მოვიდეს. ეს შანსი „ოცნებას“ რეალურად აქვს, აქ კი იმიჯნება ივანიშვილისა და „ოცნების“ ინტერესები.
ივანიშვილს შესაძლოა, ეს სქემა აწყობს კიდეც, რადგან ის აღარ იქნება საზოგადოების რისხვის მთავარი ობიექტი, მაგრამ ის ქვეყანაში პოლიტიკური და ფინანსური გავლენის მთავარ ძალად რჩება. ოპოზიციური პარტია, რომელიც კოალიციასა და პარლამენტში შევა, მაინც მუდმივად იქნება ორიენტირებული ივანიშვილზე და, აქედან გამომდინარე, ის დარჩება ყველაზე გავლენიან ფიგურად, მაგრამ არა ისეთ ცენტრალიზებულ მმართველად, როგორიც დღეს არის. შესაბამისად, მის მიმართ არ იქნება ისეთი ცენტრალიზებული აგრესია, როგორიც დღეს აქვს საზოგადოების ნაწილს. მას ექნება გავლენის სფერო მის მიმართ უფრო კეთილგანწყობილ და მშვიდობიან გარემოში. 2020 წელს ასეთი პროპორციული არჩევნებით მოსული კოალიციური მთავრობის პირობებში, ჩემი გადმოსახედიდან, მისთვის სწორედ ეს კეთილგანწყობილი გარემო იქნება მნიშვნელოვანი. მაგრამ ეს არ არის „ქართული ოცნების“ ინტერესი. „ოცნების“ უმრავლესობას საერთოდ არ ანაღვლებს ბიძინა ივანიშვილის სიმშვიდე _ ის ივანიშვილს უყურებს, როგორც საკუთარი კეთილდღდეობის საშუალებას. პროპორციული არჩევნების სქემა, რომლის მიხედვითაც ისინი 2020 წელს გაცილებით უფრო ნაკლები ძალაუფლებით და რაოდენობით იქნებიან წარმოდგენილი, ეს უკვე ფულნაშოვნ და ძალაუფლების გემოგასინჯულ „ოცნების“ უმრავლესობას არ აწყობს. ამიტომაც ივანიშვილმა, რომც მოისურვოს ამ სქემაზე გადასვლა, „ოცნება“ მისი მთავარი ოპონენტი იქნება. ივანიშვილისთვის გაცილებით უფრო კომფორტულია ის სქემა, რომელზედაც ვისაუბრე, ვიდრე 2020-ისთვის ისევ ხმალამოღებული ბრძოლა მაჟორიტარული სისტემის პირობებში „ქართული ოცნების“ უმრავლესობით მოსვლისთვის. ამ შემთხვევაში ივანიშვილი გამუდმებული დარტყმის ობიექტად დარჩება. ასე რომ, მას ეს საქმე „ქართულ ოცნებასთან“ აქვს დალაგებელი.
_ ახლად არჩეულ პრეზიდენტს რომ დავუბრუნდეთ, რაზე მეტყველებს თქვენთვის ის ფაქტი, რომ ინაუგურაცია თელავში გაიმართება, რით აიხსნება ეს გადაწყვეტილება?
_ კომპლექსური ფაქტორებია ამ შემთხვევაშიც. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თბილისში დაანონსებული ფართომასშტაბიანი აქციის პირობებში მოერიდნენ ინაუგურაციის გამართვას. ამ გადაწყვეტილებით თავი დაიზღვიეს იმისგან, რომ ვინმეს არ ჰქონოდა უშუალოდ ინაუგურაციის ხელისშეშლის სურვილი. ამ ნაბიჯით მათ შესაძლო გართულებებს თავი აარიდეს. ძალიანაც კარგია, რომ ეს ნაბიჯი გადადგეს. არ ვფიქრობ, რომ სხვა ქალაქის არჩევით ცუდი გადაწყვეტილება მიიღეს. მიმაჩნია, რომ არაფრით განსხვავდება სხვა რომელიმე ქალაქის მცხოვრები თბილისის მცხოვრებისგან. მათი ეს გადაწყვეტილება იმიჯის თვალსაზრისითაც მომგებიანია. ასევე მომგებიანი იყო ის, რაც მან არჩევნების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ის ყველასთან დიალოგისთვის მზად არის, განურჩევლად იმისა, მისცეს თუ არა მას ხმა. ახლაც იგივე გაიმეორა, რომ ეს იყო ნაბიჯი გადადგმული იმ მოქალაქეებისკენ, რომლებმაც მას ხმა არ მისცეს. სწორი განცხადებაა. არ ვიცი, მოუფიქრეს და გააჟღერა თუ თავადვე მოიფიქრა, მაგრამ ნამდვილად პოზიტიურად იმოქმედებს საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე. სწორიც არის, სხვანაირად როგორ შეძლებს პრეზიდენტობას? 780 000 ვაშაძის ამომრჩევლის გარდა არის ის ხალხი, რომელიც სახლში დარჩა და არჩევნებზე არ მივიდა. ეს ადამიანებიც არ არიან ზურაბიშვილის ამომრჩევლები. ამ ადამიანებმა ორივე კანდიდატს თანაბრად გამოუცხადეს პროტესტი და, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილსაც. ასე რომ, იმიჯურად ამ განცხადებით მოიგეს. ყოველ შემთხვევაში, თავისი კონფრონტაციული განცახდებებით ცნობილმა ზურაბიშვილმა დიალოგისკენ სიმბოლური ნაბიჯი გადადგა და თავი დაიზღვია გართულებებისგან.
_ ზურაბიშვილის კონფრონტაციული ხასიათი ახსენეთ, როგორ ფიქრობთ, იქნება თუ არა ის მარგველაშვილზე უფრო „ურჩი“ პრეზიდენტი და მოუწევს თუ არა ივანიშვილს მის შესაძლო ქმედებებზე ნერვიულობა?
_ რაც შეეხება იქნება თუ არა ივანიშვილის თავის ტკივილი სალომე ზურაბიშვილი, ვფიქრობ, რომ ის ამისთვის მზად იყო იმ მომენტიდან, როცა ზურაბიშვილის კანდიდატურა შეარჩია. რა წააგო „ქართულმა ოცნებამ“ მარგველაშვილის ნახევრად ოპოზიციური იმიჯით? 100%-ით მოიგო. ნახევრად ოპოზიციური თუ ოპოზიციური პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დემოკრატიულობის მთავარი კრიტერიუმი იყო საერთაშორისო არენაზე.
_ შექმნეს ილუზია, რომ თითქოს ოპოზიციური პრეზიდენტი ჰყავდათ და ამით დემოკრატიულობის მაღალ სტანდარტზე აკეთებდნენ აქცენტს, თუმცა ფაქტებით თუ ვიმსჯელებთ, მას არაფერი ოპოზიციური არ გაუკეთებია. როგორ ფიქრობთ, რა შემთხვევაში იქნებოდა ოპოზიციური პრეზიდენტი?
_ მარგველაშვილს შეეძლო ოპოზიციის ლიდერი გამხდარიყო და დღეს ყოფილიყო უკვე ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი. ის იქნებოდა საპროტესტო ელექტორატის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი და გარანტირებულად მოიგებდა არჩევნებს, ამის სურვილი 1 წლის წინ რომ გამოეთქვა, მაგრამ ის არ არის პიროვნება, რომელიც იბრძოლებდა, მან პრეზიდენტის სტატუსი უბრძოლველად მიიღო. როცა ბრძოლის აუცილებლობა გამოჩნდა, მან უკან დაიხია. რაც შეეხება ზურაბიშვილს, რას წააგებს „ოცნება“? მუდმივად საუბრობდნენ, რომ დამოუკიდებელი კანდიდატიაო და შესაძლოა, წაითამაშოს კიდეც ოპოზიციონერობა. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ მას თავისი პოლიტიკური პარტიის შექმნის ამბიცია გაუჩნდეს, რომელსაც შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნებში მიაღებინოს მონაწილეობა. თავად ამბობს, რომ ყველა პარტიაზე ზემოთაა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ არაფორმალურად შექმნას პარტია. ზურაბიშვილის კონფრონტაციული ხასიათი კი ივანიშვილის გადაზღვევის მთავარი გარანტია, რომ ის ვერ შეძლებს საერთო ოპოზიციურ ლიდერად გადაქცევას სწორედ იმიტომ, რომ ეს ქალბატონი აცხადებს, ყველაზე მაღლა ვარო. ხომ წარმოგიდგენიათ, ამ ქალბატონთან დიალოგი, ნებისმიერ რანგში, როგორი შეიძლება იყოს. ზურაბიშვილი, სანამ პირს გააღებდა და საოცრებებს ისაუბრებდა აგვისტოს ომთან დაკავშირებით, მანამდეც მასობრივი მიუღებლობა იცით, რატომ ჰქონდა ქართულ საზოგადოებას?! რადგან ის არ მიიჩნევს, რომ საკუთარ ხალხთან დიპლომატი უნდა იყოს, ის არ მიიჩნევს ჩვენს ერსა და პოლიტიკურ სპექტრს იმის ღირსად, რომ დიპლომატიურად ელაპარაკოს. მისთვის უცხო და მიუღებელია ის გარემო, რომლის პრეზიდენტიც გახდა. ზურაბიშვილმა ის კი არ თქვა, რომ არაპარტიული ვარო, მან თქვა, რომ პარტიებზე ზემოთ ვარო, ამას მარტო ქართულის უცოდინარობას ნუ დავაბრალებთ. ვერც ზურაბიშვილი იღებს იმ ქვეყანას, რომლის პრეზიდენტი გახდა და, შესაბამისად, ხალხიც ვერ იღებს ზურაბიშვილს, როგორც მის პრეზიდენტს: 28 ნოემბერს ხალხმა ზურაბიშვილი კი არ აირჩია, სააკაშვილს უთხრა უარი. სანამ ის პრეზიდენტია, ეს პრობლემა მუდმივად იქნება. როცა ივანიშვილმა მასზე ფსონი დადო, ვფიქრობ, რომ ეს გათვლილი ექნებოდა. შეიძლება, ზურაბიშვილმა ოპოზიციური პრეზიდენტის როლი მოირგოს, მაგრამ ცალკე აღებული სალომე ზურაბიშვილი ამ ქვეყანაში ვერაფერს შეცვლის. მიმაჩნია, რომ 2020 წლამდე ის ეცდება, „ოცნების“ მიმართ უფრო ლოიალური იყოს და თავისი პოლიტიკური პარტია გააძლიეროს პარლამენტში. თუ შეძლებს პარტიის გაძლიერებას, მერე შეიძლება, აფრები აუშვას.
_ წინა პრეზიდენტებისგან განსხვავებით, ყველაზე დიდი დოზით ნეგატივი სწორედ სალომე ზურაბიშვილის მისამართით იყო, _ არჩევნებამდე ის საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა მოღალატე სალომედ შერაცხა, არჩევნების შემდეგ კი საზოგადოების არც თუ ისე მცირე ნაწილი „კარტოფილის“ პრეზიდენტად იხსენიებს. როგორ ფიქრობთ, მას ექნება ნება და სურვილი, რომ გარდაიქმნას ხალხის პრეზიდენტად? როგორ ხედავთ მას, როგორც პრეზიდენტს?
_ გამიჭირდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა იმიტომ, რომ გაპრეზიდენტების შემდეგ მის მიერ უცხოურ მედიაში მიცემული ინტერვიუები აბსოლუტურად სხვა ადამიანს წარმოგვიდგენს. ყველა ის ბრალდება, რომელიც ზურაბიშვილის მიმართ წინასაარჩევნოდ ისმოდა, მისსავე უცხოურ ინტერვიუებში გააქარწყლა. ძალიან სწორი მესიჯები გააჟღერა, სახელმწიფოებრივი ხედვით. მოკლედ, არჩევნების შემდეგ მის მიერ უცხოურ მედიაში გაკეთებული განცხადებები, მისთვისაც და ქვეყნის იმიჯისთვისაც, ძალიან კარგი იყო. რომელი სალომე გადასძალავს მასში: არჩევნების წინა თუ არჩევნების შემდგომი? _ მე ამის თქმა გამიჭირდება. რომელია რეალური, როდის რომელს გამოიყენებს და აამოქმედებს, ეს ნამდვილად არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, მას რომ თამაში შეუძლია, ეს ცხადია. ჩვენ სხვა ადამიანი ვნახეთ არჩევნებისას და რადიკალურად განსხვავებული _ უცხოურ მედიასთან ინტერვიუებისას. არ გამოვრიცხავ, რომ ორივე გამოიყენოს და ჩვენც და უცხოეთსაც გვეთამაშოს თავისი როლებით.

ნენე ინჯგია