„შპანას“ ჰგონია, რომ დღეს ყველაფრის უფლება აქვს!“


პიარი (PR), მარტივად რომ ვთქვათ, აქცენტების სწორად დასმის ხელოვნებაა და ამ ხელოვნების გარეშე თანამედროვე სამყარო წარმოუდგენელია, თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ცალკეული პილიტიკური თუ ბიზნესჯგუფები პიარს კონკურენტის ჩასაძირად იყენებენ ხოლმე. ამ მეთოდს შავ პიარს ეძახიან.

პიარის სპეციალისტები ამბობენ, რომ ე. წ. შავი პიარი ყველა დროსა და ეპოქაში არსებობდა და მომავალშიც იარსებებს, თუმცა ის, რაც 2018 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების დროს ვნახეთ, იგივე სპეციალისტების განმარტებით, შავი პიარის ჩარჩოებსაც კი გასცდა, ანუ იმ დოზით შავი პიარი, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა, მსოფლიოში არასოდეს არავის გამოუყენებია!
რატომ აირჩია მმართველმა ელიტამ ეს გზა? _ PR-ისა და საზოგადებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ზურაბ ბოხუა-ხუციშვილი, რომელსაც დიპლომატიაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს, „ქრონიკა+“-ს უხსნის, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ „ოცნებას“ სხვა გზა, უბრალოდ, არ ჰქონდა, ვა ბანკზე ამიტომაც წავიდა და ჯინი ბოთლიდან ამოუშვა, რომლის უკან ჩაბრუნებაც გაუჭირდება. „ჯინი“ კი, ამ შემთხვევაში, ის უარყოფითი ენერგია და აგრესიაა, რომლის კულტივირებაც საზოგადოებაში სიძულვილის შემცველი ბილბორდების („არა ნაციზმს! არა ბოროტებას!“) და ანალოგიური შინაარსის ვიდეორგოლების საშუალებით მოხდა.
ზოგადად, ცნობილია, რომ აგრესია აგრესიას ბადებს და ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა _ არჩევნებიდან რამდენიმე დღეში პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანსა და მის ოჯახზე ქუთაისის აეროპორტში თავდასხმა განხორციელდა. იმთავითვე ნათელი იყო, რომ ამ თავდასხმას პოლიტიკური მოტივი ჰქოდა _ ეგზალტირებული ადამიანები თაკო ჩარკვიანსა და მისი ოჯახის წევრებს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო სთხოვდნენ პასუხს და პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ ქვეყანა უნდა დაეტოვებინათ.
აგრესია წაახალისა ქალაქის მერმა, კახა კალაძემაც, რომელმაც პოლიტიკური ოპონენტების მისამართით განაცხადა, რასაც დასთესთ, იმას მოიმკითო.
ამ და სხვა ფაქტების ანალიზი PR-სპეციალისტ ზურაბ ბოხუა-ხუციშვილს აფიქრებინებს, რომ ის შავი პიარის ხაზი, რომელიც მმართველმა გუნდმა აირჩია, არჩევნების შემდეგაც გრძელდება. ამასთან, პროფესიონალი „პიარშჩიკი“ არც იმას გამორიცხავს, რომ ისრაელის მოქალაქე მოშე კლუგჰაფტი, რომელიც „ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ დაიქირავა და რომელიც მსოფლიოში შავი პიარის გურუდ ითვლება, საქართველოში მოღვაწეობას კვლავ აგრძელებდეს, თუმცა მიუხედავად ამისა, ზურაბ ბოხუა-ხუციშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ იგივე შავი პიარის კუთხით მაქსიმუმის მაქსიმუმს მიაღწია და შემდეგი _ ვადამდელი თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოგება ძალიან გაუჭირდება, ანუ საზოგადოებაში შავი პიარი აღარ იმუშავებს და ხალხი უკვე იმ სოციალური დაპირებების შესრულებას მოითხოვს, რომლითაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები არჩევნების წინ აპელირებდნენ.
ყველაფერ ზემოთქმულის მოკლე რეზიუმე კი ასეთია _ შავი პიარის არნახული მასშტაბების მიუხედავად, რომლის ხელშეწყობითაც ხელისუფლების მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის თითქოს დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, სასურველი პოსტი გაინაღდა, „ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნები მორალურად წააგო, ანუ მოშე კლუგჰაფტის სტრატეგიამ ივანიშვილის გუნდი უფრო მძიმე გამოწვევის წინაშე დააყენა.
რატომ? _ ვიდრე ამ კითხვას გავცემთ პასუხს, მოშე კლუგჰაფტის დოსიეს გავეცნოთ:
შავი პიარის სპეციალისტ კლუგჰაფტს დასავლური მედია „აგრესიულსა და კრეატიულს“ უწოდებს. ცნობილია, რომ „ოცნებამდე“ კლუგჰაფტის გუნდი თანამშრომლობდა რუმინეთის „სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან“, რომელმაც 2016 წლის არჩევნებში ხმების 46 პროცენტი მოიპოვა და მეორე ადგილზე გასულ პოლიტიკურ ძალას არჩევნები 20-პროცენტიანი სხვაობით მოუგო. მოშე კლუგჰაფტი ავსტრიის ყოფილ კანცლერთანაც მუშაობდა და კამპანიას ისრაელშიც აწარმოებდა.
რუმინეთის საპარლამენტო არჩევნების დროს, როგორც უცხოური მედია წერს, კლუგჰაფტმა საარჩევნო კამპანიაში თანამედროვე ტექნოლოგიები, მათ შორის, სოციალური ქსელები ჩართო და ამასთან, საზოგადოებას მოუწოდა, პატარ-პატარა ვიდეოები ჩაეწერა.
თვალს თუ გადავავლებთ, შავი პიარის გურუ საქართველოშიც ანალოგიური მეთოდით მოქმედებდა _ პირველი ტურის შემდეგ, „Posttv“-ის გვერდზე (ეს ტელევიზია „ოცნებასთან“, კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ შალვა რამიშვილის მფლობელობაშია) გაჩნდა მოწოდება, რომ ხალხს მოკლე ვიდეორგოლები გადაეღო, რომელშიც „ნაციონალების“ მიერ ჩადენილ სისასტიკეზე იქნებოდა საუბარი. პარალელურად, ქალაქში გამოჩნდა ბილბორდები _ „არა ნაციზმს! არა ბოროტებას!“ ამ ბილბორდებთან მმართველი გუნდი კავშირს უარყოფდა, მაგრამ ფაქტია, რომ „ოცნება“ ცდილობდა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ საზოგადოებაში აგრესია მაქსიმალურად გაეღვიძებინა.
ზურაბ ბოხუა-ხუციშვილი ამბობს, რომ შავი პიარის ამ გაუგონარმა მეთოდმა გაამართლა და მმართველი გუნდისთვის სასურველი შედეგი დადგა, თუმცა PR-ის სპეციალისტი აქვე განმარტავს, რომ „ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რეანიმაციაში მოხვდა, ბოლო წლების განმავლობაში, თავისი მოქმედებით, ჯერ პალატაში გადაიყვანა, 28 ნოემბრის არჩევნებით კი საავადმყოფოდან გამოწერა.
დავუბრუნდეთ ისევ მოშე კლუგჰაფტს, უფრო კონკრეტულად, 2017 წლის ავსტრიის არჩევნებს, რომელშიც შავი პიარის მსოფლიო გურუ დიდი დოზით იყო ჩართული.
„პროვოკაცია, როგორც წარმატების რეცეპტი“, – ამ სათაურით არის გამოქვეყნებული სტატია ერთ-ერთ უცხოურ გამოცემაში. სტატიაში საუბარია კლუგჰაფტზე. ავსტრიაში არჩევნები 2017 წელს გაიმართა. კლუგჰაფტი, როგორც ირკვევა, ქვეყნის ყოფილი კანცლერის, კრისტიან კერნის მრჩეველი იყო. კერნის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ არჩევნებში მესამე ადგილი დაიკავა.
კერნის კამპანიას პოლიტიკური სტრატეგიების სპეციალისტი ტალ სილბერშტეინი ხელმძღვანელობდა, რომლის გუნდშიც მოშე კლუგჰაფტიც შედიოდა. როგორც ირკვევა, სილბერშტეინსა და მის გუნდს 400 000 ევრო უნდა მიეღო, თუმცა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე სილბერშტეინი დაითხოვეს, რადგან ისრაელში მის მიმართ ფულის გათეთრების ბრალდებით გამოძიება დაიწყო. მიუხედავად ამისა, ავსტრიული მედია სილბერშტეინის გუნდს ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ ის პარტიის სასარგებლოდ მოქმედებას ოფიციალურად დათხოვნის შემდეგაც აგრძელებდა.
საერთო ჯამში, ავსტრიის წინასაარჩევნო გარემო ბრალდებებისა და სკანდალების ფონზე მიმდინარეობდა. კრისტიან კერნსა და მის პარტიას ვებგვერდების შექმნასა და დაფინანსებაში ადანაშაულებდნენ, რომლებზედაც ქსენოფობიური და ანტისემიტური კონსპირაციული თეორიები ვრცელდებოდა, რათა მთავარი ოპონენტისა და ულტრამემარჯვენე პარტიის მხარდაჭერების დისკრედიტაცია მომხდარიყო.
სკანდალი, რომელმაც ავსტრიული პოლიტიკა მოიცვა, კენჭისყრის დღემდე ორი კვირით ადრე დაიწყო და, მინიმუმ, ორ „ფეისბუქგვერდს“ ეხებოდა. ორივე გვერდი კერნის მთავარი კონკურენტის, სებასტიან კურცის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.
ბრიტანული გამოცემის ცნობით, ერთ-ერთ ასეთ გვერდს „სიმართლე სებასტიან კურცის შესახებ“ ერქვა და 16 000 მომწონებელი ჰყავდა. გვერდზე ფოტომანიპულაციები და ვიდეოკლიპები ვრცელდებოდა, სადაც ჩანდა, რომ კურცი თითქოს ფარულად ქმნიდა საფუძველს ქვეყანაში ისლამური სახელმწიფოებიდან მიგრანტთა ახალი ტალღის შემოსაყვანად.
მეორე საიტი კი ისე იყო შენიღბული, რომ თითქოს მას „ავსტრიის სახალხო პარტიის“ მხარდამჭერები მართავდნენ. ეს გვერდი გამოირჩეოდა არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმით და იტალიიდან ავსტრიის საზღვარზე ათასობით მიგრანტის შემოსვლით იმუქრებოდა.
თუ გავიხსენებთ, მსგავსი საიტები საქართველოშიც შეიქმნა და გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატზე ათასგვარი „ფეიკ“ ინფორმაცია ვრცელდებოდა. ამასთან, ხდებოდა თავდასხმა არასამთავრობო სექტორზეც და ამის ავანგარდში იდგნენ „ოცნების“ მაღალჩინოსნები. მაგალითად, ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო სექტორს პირდაპირ „ფაშისტები“ უწოდა. ამას გარდა, მესამე სექტორს „ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც არაერთხელ დაესხა თავს და ამან კიდევ უფრო შეუწყო ხელი საზოგადოებაში აგრესიის გაღრმავებას.
ერთ-ერთ სატელევიზიო კომენტარში სალომე ზურაბიშვილმა, პრინციპში, დაადასტურა, რომ ისრაელის მოქალაქე „პიარშჩიკი“ „ოცნებამ“ დაიქირავა და ეს სიამოვნება, ანუ ხალხში სიძულვილის გაღვივება, არაოფიციალური მონაცემებით, 500 ათასი დაჯდა.

ზურაბ ბოხუა-ხუციშვილი, PR-ის სპეციალისტი:
_ ამ შავი პიარით მოიგო ხელისუფლებამ. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ შავ პიარში ხელისუფლებამ ებრაელი სპეციალისტი გამოიყენა, რომელიც მსოფლიოში შავი პიარის, ასე ვთქვათ, მამად მიიჩნევა.
_ სხვათა შორის, „ოცნებამ“ დასახმარებლად მოშეს მხოლოდ პირველი ტურის შემდეგ უხმო. თავდაპირველად კი, თუ გულწრფელად ვიტყვით, შავი პიარის გარკვეულ ელემენტებს ოპოზიცია უფრო მიმართავდა…
_ შეიძლება, მაგრამ საქმე ისაა, რომ შავი პიარი პოლიტიკის არათუ თანმდევია, არამედ, აუცილებელიც არის.
_ თუმცა, როგორც ვიცი, შავ პიარს გაქანება უფრო აშშ-ში აქვს.
_ თუ სიმართლე გაინტერესებთ, ევროპული და ამერიკული პიარი არც ხელისუფლებას ჰქონია და არც _ ოპოზიციას. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისა და პიარის სპეციალისტისთვის, ის, რასაც ამ თვეების განმავლობაში ვუყურებდით, პიარის რუსულ-ქართული ნაზავი იყო, რომელსაც, წესით, სარგებელი არც ერთი მხარისთვის უნდა მოეტანა და არც _ მეორისთვის, თუმცა ორივე მხარე ამბობდა, რომ ევროპული არჩევნების ჩატარება სურდა.
რაც შეეხება იმას, რომ ხელისუფლებამ შავი პიარი პირველ ტურში არ გამოიყენა, ეს მხოლოდ იმით აიხსნება, რომ საქართველოში იმ ჯგუფს, რომელიც ხელისუფლებაში მოდის ხოლმე, ჰგონია, ყველაფერი ჩემიაო, მაგრამ პირველი ტურის შედეგებმა ხელისუფლებას უბიძგა, რომ შავი პიარი გამოეყენებინა.
სხვათა შორის, შავი პიარის ის ებრაელი სპეციალისტი, რომელიც ხელისუფლებამ ჩამოიყვანა, თავის საქმიანობას არჩევნების მერეც აგრძელებს და ყველაფერი ეს, ალბათ, მანამ გაგრძელდება, სანამ ოპოზიციის მოთხოვნები არ დასრულდება.
ისე, შავი პიარი ზოგჯერ სიკეთის მომტანია და ამ შემთხვევში, სიკეთე ხელისუფლებას მოუტანა _ გაერთიანებული ოპოზიცია აღიარებს თუ არა, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება სწორედ შავი პიარის დამსახურებაა.
_ შეიძლება, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ ზღვარსგადასულმა შავმა პიარმა საზოგადოებაში აგრესია გაზარდა და ამის მაგალითია თუნდაც ქუთაისის აეროპორტში პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანსა და მის ოჯახზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმა. ასევე ზუგდიდის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგიც, რომელიც ზეწოლის მსხვერპლი გახდა _ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო და იგი გარდაიცვალა…
_ ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ შავმა პიარმა ამომრჩევლის იმ კატეგორიაზე იმუშავა, რომელიც არჩევნებზე წასვლას საერთოდ არ აპირებდა. არადა, ამ ადამიანებმა 2012-ში „ქართულ ოცნებას“ მისცეს ხმა. მას შემდეგ ეს ხალხი „ოცნებაზე“ მეტ-ნაკლებად განაწყენდა და საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია, მაგრამ როგორც კი დაინახა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გამარჯვების შანსი ჰქონდა, ის „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატად აღიქვა.
პარალელურად, ბილბორდებიც გამოჩნდა, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე დიდი შავი პიარი იყო.
_ სხვათა შორის, ბილბორდები, რომელზედაც კონკრეტული ადამიანების პორტრეტებია გამოსახული და წერია _ „არა ნაციზმს! არა ბოროტებას!“, დღემდეა გამოკრული. ყველაფერი ეს ადამიანის უფლებების შელახვა არ არის?
_ ეს შავი პიარია და, რა თქმა უნდა, ამ ადამიანების უფლებები ირღვევა. ამ ბილბორდებზე გამოკრული ადამიანების ნაწილი იმისთვის, რაშიც ბრალდებული იყო, სასჯელს იხდის, ნაწილი ქვეყნიდან არის წასული, ნიკა გვარამია კი ტელევიზიის ხელმძღვანელია. სხვათა შორის, გვარამია იმაში, რაშიც ბრალი ედებოდა, სასამართლომ გაამართლა და გამოუშვა. აქედან გამომდინარე, ეს ბილბორდები ადამიანის უფლებების დარღვევა და ამასთან, შავი პიარია, რომელიც შეიძლება, „საუკეთესოდაც“ კი ჩაითვალოს.
_ როგორ შეიძლება, შავი პიარი საუკეთესო იყოს?
_ საუკეთესოს იმ გაგებით ვამბობ, რომ ამ პლაკატებმა ხალხში ყბადაღებული 9 წელი და „სისხლიანი რეჟიმი“ „გააღვიძა“. შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებიც „ოცნებაზე“ განაწყენებულები იყვნენ, იმის შიშით, რომ „ნაციონალები“ არ დაბრუნებულიყვნენ, ქუდი დაიხურეს და არჩევნებზე წავიდნენ.
_ იმისთვის, რომ არჩევნები მოეგო, ხელისუფლებამ ჯინი გამოუშვა. როგორ ფიქრობთ, მმართველი ელიტა ამ ჯინის უკან დაბრუნებას შეძლებს?
_ რეალურად თუ შევხედავთ, არჩევნებამდე ამ შავმა პიარმა ცოტა ადამიანზე იმოქმედა. არჩევნების მერე კი, მაგალითად, თაკო ჩარკვიანსა და მის ოჯახს თავს დაესხნენ, ანუ პირველიდან მეორე ტურამდე ხალხს უფრო იმის მოლოდინი ჰქონდა, ხელისუფლებისგან მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი როდის გამოჩნდებოდა.
ზოგადად, აგრესია, როგორც წესი, უფრო ხელისუფლების მიმართ იზრდება ხოლმე და თუ ისე მოხდება, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, ხელისუფლება ამ ჯინის, ანუ აგრესიის უკან დაბრუნებას მით უმეტეს ვერ შეძლებს. ჩემი აზრით, ჯინი თავის ადგილას მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაბრუნდება, თორემ შავი პიარი, რომელიც ვნახეთ, საზოგადოებაზე დღესაც წვეთ-წვეთად და დოზირებულად მუშაობს. ხელისუფლების ნებისმიერი განცხადება ან ნებისმიერი თანამდებობის პირის ოპოზიციის წარმომადგენლის მიმართ ცინიკური დამოკიდებულება ხალხში ძალიან დიდ სიძულვილს იწვევს. შესაბამისად, ვადამდელ თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლების გამარჯვების შანსი მცირდება!
_ გამოშვებული ჯინი და აგრესიული გარემო მხოლოდ ხელისუფლების ან, ზოგადად, პოლიტიური წრეების პრობლემა არ არის. ხომ არ გგონიათ, რომ ყველაფერი ეს ქვეყანას ისევ ორ ნაწილად გაყოფს და 90-იანი წლების ავბედითი მოვლენები განმეორდება?
_ 90-იან წლებს იმ ფორმით არ დავუბრუნდებით, რომ იარაღი ავიღოთ და ერთმანეთს ვესროლოთ, მაგრამ გამორჩეულ და აქტიურ ფიგურებზე წერტილოვანი დარტყმები, ალბათ, იქნება.
არ მინდა, დავიჯერო, რომ ყველაფერ ამის უკან ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან, მაგრამ „შპანას“ ჰგონია, რომ დღეს უკვე ყველაფრის უფლება აქვს.
_ „შპანას“ ასეთი განწყობა რატომ აქვს?
_ იმიტომ აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება მეტ-ნაკლებად მისი დამსახურებაა და ეს ქართული მენტალობაა _ როცა რაღაც დოზით რაღაცაში მონაწილეობას მივიღებთ, გვგონია ხოლმე, რომ ყველანაირი მოქმედების უფლება გვაქვს. შესაბამისად, ეს ადამიანები ამ „ძალაუფლებას“ იყენებენ და მათთვის არასასურველ ხალხს თავს ესხმიან. იგივე მოხდა თაკო ჩარკვიანისა და მისი ოჯახის შემთხვევაშიც.
_ თაკო ჩარკვიანსა და მისი ოჯახის წევრებს „შპანა“ კი არა, თანამდებობის პირები დაესხნენ _ თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილე, დავით მაჭავარიანი, თბილისის საკრებულოს პროტოკოლის სამსახურის უფროსია.
_ დიახ, ასეთი დაპირისპირებები გაგრძელდება, თუმცა საქმე იარაღსა და სისხლისღვრამდე არ მივა. ასეთი დაპირისპირების თავიდან აცილება ოპოზიციას არ შეუძლია, რადგან საამისოდ არანაირი ბერკეტი არ გააჩნია. ყველაფერზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება!
_ ხელისუფლების საბედისწერო შეცდომა იყო, როცა საარჩევნო კამპანია შავ პიარზე ააგო?
_ რასაკვირველია, იყო. ზოგადად, რასაც ვაკვირდები, ხელისუფლებაში რჩევების დეფიციტია.
_ რას გულისხმობთ?
_ პირველი ტურის წინ, როგორც გაირკვა, „ოცნებაში“ პარტიის თავმჯდომარეს არწმუნებდნენ, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი უპირობოდ ლიდერობდა და ამას რაღაც კვლევებით ამართლებდნენ, მაგრამ პირველმა ტურმა აჩვენა, რომ ზურაბიშვილი არათუ იმარჯვებდა, არამედ, არჩევნებს აგებდა. მრჩევლებს რაღაც-რაღაცები, რეალური სიტუაციის გაანალიზება და ამ ანალიზის ვიღაცებამდე მიტანა უჭირთ!
_ სწორედ ამის გამო ჩამოიყვანა „ოცნებამ“ მოშე, არა?
_ დიახ, მაგრამ მოშე მსოფლიოს მორგებული ადამიანია. იმ საზოგადოებაში კი, სადაც ჯერ კიდევ გვახსოვს 90-იანი წლები, არც პოლიტიკური კულტურა გვაქვს და არც _ განათლება, რომ ვითარება რეალურად შევაფასოთ, ასეთი შავი პიარი და მოშეს მსგავსი სპეციალისტის ჩამოყვანა, ვფქირობ, მიზაშეწონილი არ არის! ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჩვენ ჯერ ის საზოგადოება არ ვართ, საარჩევნო კაბინიდან გამოსულს ვინმემ არ გვკითხოს, ვინ შემოხაზეო. ევროპასა და აშშ-ში ერთმანეთს არც ამას ეკითხებიან და არც კიდევ იმას, ხელფასი რამდენი გაქვსო.
_ ზურა, შავ პიარს განვითარებულ ქვეყნებშიც იყენებენ თუ ყველაფერი ეს უკვე ისტორიის კუთვნილებაა?
_ დასავლეთამდე ბევრი გვიკლია! ახლა ჩვენ იმ გზას გავდივართ, რაც დასავლეთმა თავის დროზე გაიარა, თუმცა ჩვენ ამ გზაზე თანმიმდევრობით კი არა, ხტუნვა-ხტუნვით მივდივართ! ეს გზა სიკეთის მომტანი არ არის. რაღაცებს ვივიწყებთ და ვცდილობთ, რომ ჩვენსას სხვისი დაკნინებით მივაღწიოთ!
_ ანუ დასავლეთში შავი პიარი ცუდ ტონად ითვლება?
_ შავი პიარი ყველგან და ყოველთვის იყო, არის და იქნება, მაგრამ არ მახსენდება, რომ შავი პიარი იმ დოზით, როგორიც ახლა საქართველოში იყო, ოდესმე სადმე გამოეყენებინათ. ერთადერთი, იტალიაში ტელევიზიები ბერლუსკონის თითოეულ მოქმედებას ასაჯაროებდნენ და ცდილობდნენ, ის უარყოფით პიროვნებად წარმოეჩინათ, თუმცა ეს ჩვეულებრივი ჟურნალისტური საქმიანობა იყო _ როცა ფაქტს წაასწრებდნენ, აშუქებდნენ, თორემ ერთ პარტიას მეორის წინააღმდეგ ასეთი შავი პიარი არსად გამოუყენებია.
_ ე. წ. კლასიკური შავი პიარი რას ეფუძნება?
_ ადამიანის პირად ცხოვრებას, თუმცა საქართველოში ამჯერად ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების პირადი ცხოვრება კი არ გამოიყენეს, არამედ აქცენტი მათ განვლილ პოლიტიკურ მოღვაწეობაზე გააკეთეს. ის 9 წელი, რაზედაც ლაპარაკობენ, კონკრეტულად ერთი პიროვნების მიერ ჩადენილი „დანაშაული“ არ იყო. ადამიანები დღევანდელი ხელისუფლების დროსაც ესხმიან ოპონენტებს და ამით ხელისუფლებას უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ.
ავიღოთ, მაგალითად, იგივე თაკო ჩარკვიანსა და მის ოჯახზე თავდასხმა, არ მინდა დავიჯერო, რომ ამ თავდასხმის შესახებ წინასწარ პრემიერმა ან თბილისის მერმა იცოდნენ.
_ შეიძლება, არ იცოდნენ, მაგრამ თბილისის მერმა მომხდარი გაამართლა და განაცხადა: რასაც დასთესთ, იმას მოიმკითო.
_ მერმა თავდამსხმელი პიროვნულად გაამართლა, მაგრამ როცა პოლიტიკოსი ხარ, სანამ განცხადებას გააკეთებ, ცოტა მეტი დაფიქრება გმართებს!
იმის თქმა მინდა, რომ როგორც ახლა დაესხნენ თაკო ჩარკვიანსა და მის ოჯახს, წინა ხელისუფლების დროსაც იმ ხელისუფლების მომხრეები ოპონენტებს თავს ესხმოდნენ და რაღაცას უკეთებდნენ _ სცემდნენ, აგინებდნენ, მაგრამ არავინ ამბობდა, რასაც დასთესთ, იმას მოიმკითო.
_ ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, რომ მაშინ ოპოზიციას კბილების დამტვრევით ემუქრებოდნენ…
_ დიახ, გეთანხმებით, მაგრამ იცით, როგორი მომენტია? _ თუ პოლიტიკური კულტურა, ასევე ერთმანეთის პიროვნული და არჩევანის პატივისცემა არ ვისწავლეთ, მუდმივად ამ ჯაჭვში ვიქნებით, რადგან ქართულ პოლიტიკაში მესამე ძალა და ისეთი ადამიანების ჯგუფი არ ჩანს, რომელიც ამ ჯაჭვს გაარღვევს და ახალი იდეებით მოვა! თუ არ დავლაგდით და ვიღაცები არ ჩანაცვლდნენ, ამ წრეზე ვივლით.
_ შავი პიარი პოლიტიკური უკულტურობის მაჩვენებელია?
_ დოზირებული შავი პიარი პოლიტიკაშიც გამოიყენება, ხელოვნებაშიც და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც, მაგრამ არადოზირებული შავი პიარი, რასაც ქართულ პოლიტიკაში ვუყურებთ, დიახ, პოლიტიკური უკულტურობაა და არა _ შავი პიარი!
_ ამ უკულტურობით ყველაზე მეტად ვინ ზარალდება?
_ საზოგადოება და ხალხი.
_ რატომ?
_ ადამიანები, რომლებიც ბაზარში ვაჭრობენ, ერთმანეთს უპირისპირდებიან.
_ ანუ?
_ ერთი მხარე ამტკიცებს, რომ კარგია, მეორე მხარე კი ამტკიცებს, რომ ის კარგი ცუდია. ამის გამო, ხელით შეხებასა და ცემა-ტყეპაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ხალხი ერთმანეთს სიტყვიერად უპირისპირდება. საზოგადოებას კი სიტყვიერი დაპირისპირებაც ძაბავს.
_ ზურა, იქიდან გამომდინარე, რომ ზემოხსენებულმა ბილბორდებმა აგრესია გაზარდა, იმ სარეკლამო კომპანიამ, რომელმაც ძალაუნებურად ძალადობის კულტივირება მოახდინა, პასუხი ხომ არ უნდა აგოს, თუნდაც, მორალური კუთხით?
_ ამ სარეკლამო კომპანიას კანონი არ დაურღვევია _ ის ადგილს აქირავებს და თავისი სამუშაო შეასრულა, თუმცა, ალბათ, უკეთესი იქნება, სამომავლოდ კანონმა დაარეგულიროს, საარჩევნო კამპანიის დროს და მის შემდეგ რა შინაარსის პლაკატებისა და ბილბორდების გამოყენება იქნება შესაძლებელი.
ზოგადად, საარჩევნო კოდექსსა და საარჩევნო აგიტაციის კუთხითაც ძალიან ბევრი ლაფსუსია, რაც საკანონმდებლო დონეზე უნდა გამოსწორდეს. დღევანდელ კანონში არ წერია, საარჩევნო აგიტაცია რა სახის უნდა იყოს. დღევანდელი კანონითვე, მთავარია, ანტისახელმწიფოებრივი მოწოდება არ გაკეთდეს, თორემ საარჩევნო კამპანიის დროს ვინმეს პირადი ცხოვრების გამოფენაც შეიძლება.
_ ზოგი წლევანდელ შავ პიარს ოპონენტებთან ბრძოლის საბჭოთა „კაგებეს“ მეთოდებს ადარებს. თქვენც ასე ფიქრობთ?
_ საუბრის დასაწყისშიც ვთქვი, რომ დღევანდელი შავი პიარი ქართულ-რუსული რაღაცის ნაზავია. ქართული საზოგადოება, სამწუხაროდ, „კაგებეს“ კარნახით, თანაცხოვრებით გავიზარდეთ და თუნდაც შავმა პიარმა ასეთი სახე ამიტომ მიიღო.
სხვათა შორის, გაერთიანებულ ოპოზიციას რომ დაექირავებინა, მოშე კლუგჰაფტი ამ შემთხვევაშიც შესაბამის პიარს გააკეთებდა. ზოგადად, ვიცი, რომ მოშეს საკუთარი იდეები აქვს, უბრალოდ, ვითარებას ეცნობა და გადაწყვეტილებას თავად იღებს.
_ ხელისუფლებამ „სტავკა“ აგრესიულ შავ პიარზე რატომ გააკეთა?
_ ამაზე პასუხს ძალიან მარტივად გაგცემთ: ხელისუფლება, კონკრეტულად, მისი ლიდერი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში იმ კვლევებით, რომელიც მისმა გუნდა ჩაატარა, მოტყუებული აღმოჩნდა. ამიტომ სხვა ხერხი აღარ არსებობდა, ანუ საზოგადოება „ოცნებაზე“ განაწყენებულია და ზუსტად იცოდა, მეორე ტურში რაც მოხდებოდა, მით უმეტეს, რომ მეორე ტურში, როგორც წესი, ამომრჩევლის აქტივობა დაბალია და დაბალია ხელისუფლების სასარგებლოდ. აქედან გამომდინარე, „ოცნება“, რაღაც დოზით, სწორად მოიქცა, რომ ასეთ შავ პიარს მიმართა, თუმცა ვერ განსაზღვრა, რომ ყველაფერი ეს საზოგადოებაში ძალიან დიდ აგრესიას გამოიწვევდა.
_ ხომ შეიძლება, პირიქითაც ვთქვათ? კერძოდ, ხელისუფლებამ კარგად განსაზღვრა, რომ აგრესიული ფონი შეიქმნებოდა და ამღვრეულ წყალში თევზს ადვილად დაიჭერდა?
_ შეიძლება, ასეც იყო და თევზი დავიჭირეთ, თუმცა წეღანაც ვთქვი, რომ ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნების მოგება, მნიშვნელობა არ აქვს, ვადამდე ჩატარდება თუ 2020 წელს, შავი პიარითაც გაუჭირდება, რადგან ახლა პიარი თუ შავი პიარი ძალიან დიდი დოზით გამოიყენა, ანუ ყველა რესურსი ამოწურა. შესაბამისად, ხელისუფლებამ რეანიმაციიდან პალატაში გადაყვანილი „ნაციონალური მოძრაობა“ სავაადმყოფოდან გამოწერა! საზოგადოებას „სისხლიანი 9 წელი“ აღარ აინტერესებს და აღარც მუშაობს. ახლა ხალხს უფრო სოციალური დაპირებები აინტერსებს.
_ რეზიუმე რომ გავაკეთოთ, „ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნები იდეურად ვერ მოიგო, არა?
_ „ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობა“ საავადმყოფოდან გამოწერა! სხვათა შორის, ისეთი პარტიებიც გვახსოვს, რომლებსაც უფრო ძლიერი მსოფლიო ლიდერები ჰყავდათ, მაგალითად, „მოქალაქეთა კავშირი“, მაგრამ 2003 წლის შემდეგ „მოქალაქეთა კავშირი“ აღარავის ახსენდება.
_ „ოცნებასაც“ „მოქკავშირის“ ბედი ელის?
_ არ ვიცი, არასწორი პოლიტიკით თუ პიარით, მაგრამ მესამედ ვამბობ: „ოცნებამ“, ხელისუფლებაში მოსვლიდან 6 წლის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ საავადმყოფოდან გამოწერა!

გიორგი აბაშიძე