ვალერი გელბახიანი: „ხელისუფლება დღეს არის მდიდარი კლასი“

საპრეზიდენტო არჩევნები არის ის პროცესი, რომელიც რადიკალური ცვლილებების საწყისია და, სამართლიანი არჩევნების ჩატარების შედეგად, იმ ლიდერის მოსვლას გულისხმობს, რომელმაც ამ ცვლილებებში საზოგადოების ინტერესები უნდა გაატაროს. არცთუ ისე იშვიათად, არჩევნების პერიოდში, ჩვენს ქვეყანაში ხშირად ისმის შემდეგი სიტყვები: გაყალბება, ძალადობა, ქრთამი, მოსყიდვა, უსამართლობა, გაბათილება, გაუქმება და ა. შ. ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევები არის ის ფაქტები, რომელიც არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ უნდა აყენებდეს.

აღნიშნულ საკითხზე „ქრონიკა+“-ის შეკითხვებს იურისტი ვალერი გელბახიანი პასუხობს:
_ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებიდან რა სახის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე შეგვიძლია საუბარი?
_ პირველ ყოვლისა, სამთავრობო და ძალოვანი სტრუქტურების ჩართულობა არჩევნებში, მუქარის გარეშეც კი, უკვე იწვევს ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ვინაიდან ამ დროს ადამიანის აღქმა ასოცირებულია ძალასთან, რომელიც შესაძლოა, უკანონოდ და ბოროტად იქნას გამოყენებული იმ ადამიანის მიმართ, ვისაც ეუბნებიან, რომ ხმა უნდა მისცეს, კონკრეტულად, ამა თუ იმ კანდიდატს. მაგრამ ეს მოცემულობა გაცილებით მეტად საშიშია, როდესაც ამას, რაიმე პირობის გამო, ძალადობის მუქარა ახლავს. მაგალითად, ადამიანს რომ ეუბნებიან, თუ მას არ მისცემენ ხმას, ამ ადამიანის შვილს დაიჭერენ, ბუნებრივია, ეს უკვე არის რეალური მუქარა და, ამ დროს, ადამიანი ფსიქოლოგიურ ტკივილს განიცდის. ეს ზოგჯერ კიდევ მეტია _ არის დარდი, ტანჯვა, სულიერი ტკივილი და, ცხადია, ის არჩევანის წინაშე არ დგას. ის იძულებული ხდება, აღასრულოს სხვისი ნება იმისათვის, რომ რეალობად არ იქცეს ის საფრთხე, რის წინაშეც ის დგას.
მეორე შემთხვევაა, როდესაც ადამიანს ეუბნებიან, _ არ გინდა, იცხოვრო ამქვეყნად? ამას აქვს შემდეგი ქვეტექსტი: ეს არის შევიწროება სახელმწიფოს მხრიდან, რაც ბევრი პრობლემის სათავეა. მაგალითად, თუ საქმე აქვთ პენსიონერთან, მაშინ მას პენსიას შეუწყვეტენ; თუ საქმე აქვთ სოციალურად დაუცველთან, მოუხსნიან მას ამ დახმარებას; თუ ადამიანი ეწევა რაიმე ისეთ საქმიანობას, რომელიც აღრიცხულია _ მასაც შესაბამისად ექცევიან _ მაგალითად, არის ასე, რომ ადამიანს არ ასაქმებენ ოფიციალურად _ მუშაობს ადამიანი, მაგრამ ხელფასს ხელზე იღებს და იღებს იმაზე ნაკლებს, ვიდრე, დავუშვათ, მინიმალური სტანდარტით არის გათვალისწინებული. ეს ქმედება აწყობს დამსაქმებელს, _ ურჩევნია, რომ არ აღირიცხოს მისი ფინანსური ხარჯები.
მაგრამ დასაქმებულისთვის ამას ხომ, ბუნებრივია, მნიშვნელობა აქვს? ძლივს მუშაობს მოქალაქე, არანორმალური გრაფიკი აქვს და ესეც რომ წაართვან, ბუნებრივია, ესეც ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ზიანის გამომწვევი იქნება. მაგალითად, თუ ადამიანს აქვს ტანსაცმლის მცირე მაღაზია, ან დახლი აქვს და ბაზარზე ვაჭრობს, იმისთვისაც ეს საფრთხეა იმიტომ, რომ ჩვენი ბაზრის დირექციას თუ ბაზრის პოლიციას, ნებისმიერ დროს შეუძლია, აიღოს მისი ეს დახლი ან გაუზარდოს გადასახადი. ძალიან მრავალასპექტიანია მუქარის ასოცირება. ადამიანი ყველაფერზე ფიქრობს. მას არა მარტო დარდი ემატება, არამედ _ შიშის ფსიქოლოგიურ განცდაშიცაა და ის უკვე დამოკიდებული ხდება ამ ფსიქოლოგიური ძალადობის მეთოდიკაზე. ან ამ ძალადობის მეთოდიკას ხელის ერთი მოსმით იშორებს _ არ გამოხატავს საკუთარ ნებას, გამოხატავს სხვის ნებას და მოსალოდნელი პრობლემებიც არიდებული იქნება მისთვის.
ამიტომ როდესაც ასეთი განცდები, ემოციური დატვირთვა, ფსიქოლოგიური ტანჯვა და შიში, შესაძლოა, დაძლიო მხოლოდ ერთი შემოხაზვით, ბუნებრივია, ეს ურჩევნიათ ადამიანებს და, აქედან გამომდინარე, დადებითად თუ უარყოფითად, ეს არჩევნების შედეგებზეც აისახება ხოლმე: ვისთვის _ დადებითად, ვისთვის _ უარყოფითად. თუმცა პროცესისთვის ეს, ცალსახად, უარყოფითია _ არასამართლიანი არჩევნების ნიშანი და, როდესაც ხმის მიცემის ასეთი პროცესი წარმოებს, იქ, ბუნებრივია, აღარ უნდა ვისაუბროთ ევროპული სტანდარტების თავისუფალ არჩევნებზე. კონსტიტუციურადაც და სამართლებრივადაც ნება არის თავისუფალი. ნება უნდა იყოს გამოხატული თავისუფლად. თუ ადამიანში ნების ავტონომია არ არსებობს, ის ადამიანი გახლავთ დამოკიდებული ადამიანი და, ბუნებრივია, არა მხოლოდ ინდივიდი ხდება დამოკიდებული მოვლენებისა თუ სხვა პირების მიმართ, არამედ თავად პროცესი მიმდინარეობს არათანაბარ პირობებში. რა თქმა უნდა, ასეთი მახასიათებლებით ჩატარებული არჩევნები ვერასდროს იქნება თავისუფალი და დემოკრატიული.
_ ამ კონკრეტულ არჩევნებში რა იყო ისეთი გარემოებები, რამაც „მოძალადე“ აიძულა, ზეწოლა მოეხდინა ამომრჩეველზე?
_ ეს უკვე რეალობა იყო _ პოლიტიკური საფრთხე არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ პრეზიდენტის მიმართ ამხელა ინტერესი არ უნდა ყოფილიყო იმიტომ, რომ, პრაქტიკულად, უნდა მივიჩნიოთ, რომ სიმბოლური დატვირთვა აქვს პრეზიდენტს და მას ძალაუფლება არ გააჩნია. ძალაუფლების გარეშე პრეზიდენტი არის სიმბოლური ფიგურა ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ, ვიზუალურად, სტატუსი „პრეზიდენტი“ ლამაზად მოჩანს, ის ხელშეკრულებებზეც კი ვერ აწერს ხელს. ის პირობითი სიმბოლიკით არის დატვირთული და ძალაუფლების მატარებელი არ არის. ამიტომ როდესაც ასეთი არაძალაუფრებრივი სტატუსის გამო ქვეყანაში დაძაბულობის ასეთი ხარისხის არჩევნები ტარდება, ცოტა არალოგიკურია. არალოგიკური, ამ შემთხვევაში, ნიშნავს იმას, რომ არ აღიქმება სერიოზულად _ თითქოსდა, ინსტიტუციურად, არანაირი უფლების მატარებელია. ქვეყანაში, ლამის, რევოლუციები და სამოქალაქო დაპირისპირებები დაიწყო.
აქ საკითხი იდგა პოლიტიკურ სიბრტყეზე _ თუ ვერ გაიმარჯვებდა, ამ შემთხვევაში, მთავრობის კანდიდატი, მთავრობა დგებოდა პირდაპირი აუცილებლობის წინაშე _ ის კარგავდა ლეგიტიმურობას (ანუ ხალხის მხარდაჭერას), რაც იმას ნიშნავდა, რომ ამ მთავრობას აღარ ჰქონდა მორალური უფლება, დარჩენილიყო ხელისუფლებაში, ვინაიდან გამარჯვებული პოლიტიკური ძალა აუცილებლად აიძულებდა (ხალხის ნებით), რომ ისინი გადამდგარიყვნენ. შეიძლებოდა, ჩატარებულიყო რეფერენდუმი და, მისი შედეგების მიხედვით, მომხდარიყო ახალი პოლიტიკური ცვლილებები. პრეზიდენტის ერთ-ერთი უფლებამოსილება გახლავთ რეფერენდუმის დანიშვნა. ის ლეგიტიმურობის ძალით მოერეოდა, ვინაიდან ხალხი ამ ნაბიჯს აუცილებლად დაუჭერდა მხარს. ამიტომ ეს იყო საფრთხე, რომ მმართველი გუნდი კარგავდა ძალაუფლებას. არა უბრალოდ კარგავდა (მმართველი გუნდი ვინ არის? არის ერთი ადამიანი _ ბიძინა ივანიშვილი და მასზეა დამოკიდებული ყველაფერი, რასაც მთავრობისა და პარლამენტის სახით ვხედავთ). იგივეა მუნიციპალურ დონეზეც. თუ ბიძინა ივანიშვილი დაკარგავდა პოლიტიკურ სტატუსს, დამარცხდებოდა (მას ხომ არ ჰყავს თანამოაზრეები), პარტიის თანამოაზრეები ოპოზიციაში კი არ გადადიოდნენ, იშლებოდნენ, იფანტებოდნენ და საკუთარ ადგილებს ეძებდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფში. ეს იყო მათთვის სერიოზული პოლიტიკური კატასტროფის საფრთხე _ ეს შიში სიკვდილ-სიცოცხლესთან გაატოლეს. მით უმეტეს, თვითონ სწორედ არჩევნების შედეგად მოვიდნენ. წარმოგიდგენიათ? _ ძალა, რომელიც ხალხის მანდატით მოვიდა არჩევნების შედეგად, დღეს კბილებით ინარჩუნებს იმას, რომ ხალხის ნებით არავინ მოვიდეს.
მოვლენები დაგვანახვებს, ამას რამდენად გაუძლებენ. ალბათ, ვერ გაუძლებენ იმიტომ, რომ ლოგიკა არის ერთი და მეორეა _ პრაქტიკულად, რა ხდება სხვა ქვეყნებში და რა მომხდარა ჩვენს ქვეყანაში. გვერდით გვაქვს სომხური მაგალითი _ ნაკლები ძალაუფლება ჰქონდა სომხურ ხელისუფლებას? პირიქით, ტოტალიტარული სისტემა იყო და იმართებოდა ოლიგარქიულადაც და ინსტიტუციურადაც. საკუთარი ლობისტური წრეებისგან ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ჰქონდა, მაგრამ ერთმა ადამიანმა დაიწყო სოფელ-სოფელ სიარული, ხალხოსნური პოლიტიკა განახორციელა, მოამზადა ხალხი ახალი რევოლუციური პროცესისთვის და როდესაც ის დღე დადგა, რომ ეს ადამიანები სოფლებიდან და ქალაქებიდან უნდა ჩამოსულიყვნენ, ჩამოვიდნენ კიდეც და გადააყენეს ხელისუფლება. ეს არის მაგალითი, როდესაც მმართველი გუნდი ინარჩუნებს ძალაუფლებას ძალითა და არასამართლიანი მეთოდებით, მაგრამ თუ ხალხი ამის წინააღმდეგ გამოდის, მათი ქმედების ჩახშობა შეუძლებელია. ის უნდა აღსრულდეს იმიტომ, რომ, ამ შემთხვევაში, ეს ხალხი მხოლოდ განყენებული თემა არ არის _ მათ ჰყავთ საკუთარი შვილები, ნათესავები _ ნათესავი ნათესავს ვერ ესვრის, ნათესავი ნათესავს სისხლის ვერ დააღვრევინებს… ეს შემდეგ ისტორიული, ოჯახური პრობლემა იქნებოდა _ თაობებისთვის სისხლის ჩამორეცხვა ძალიან ძნელია. მით უმეტეს, სომხებს ისეთი კლასიკური ემიგრაცია ჰყავთ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან ძლიერი პოზიციები აქვთ _ ეროვნული ერთიანობის იდეა სომხებს გაცილებით მაღალი ხარისხით აქვთ, ვიდრე _ ქართველებს.
სომხეთის ემიგრაცია არასდროს დააშვებინებს სომხეთის ხელისუფლებას ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც სომეხი ერის საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული. გარედან ხელისუფლებას მყარი საზოგადოებრივი კონტროლი აქვს. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, სომხეთისთვის სისხლისღვრა გამორიცხულია, ვინაიდან ამ პროცესებს გარედან მართავენ ისევ სომხები, მაგრამ მისი ემიგრაციული ნაწილი. ეს ცოტა არ არის _ დღესდღეობით, დაახლოებით, 12 მილიონამდე სომეხია საკუთარი სამშობლოს ფარგლებს გარეთ. ამ პატარა ქვეყანას აქვს საკუთრი ფინანსური, თუ პოლიტიკური ბერკეტები _ ეროვნული დაპირისპირებისა და დაქუცმაცების საფრთხე სომხეთს არ აქვს. ჩვენ ეს საფრთხე გვაქვს. საქართველოს არც ემიგრაცია ჰყავს, არც _ ლობისტები. პირიქით, ქართველები სადაც არიან, მუდმივად უპირისპირდებიან ერთმანეთს. ქვეყნის შიგნით ხდება პოლარიზება, მარგინალიზაცია. ქართულ ეროვნულ იდეად იქცა, რომ ერთმანეთი დავჩეხოთ, დავშალოთ და ვიცხოვროთ ისე, რომ ვერასდროს გავერთიანდეთ და ვერასდროს განვვითარდეთ. ასეთ პირობებში საქართველოში ნებისმიერი ანომალიური ექსცესის წარმოშობა არის შესაძლებელი. პატარ-პატარა დაჯგუფებებში, როდესაც მას საკუთარი, კერძო ინტერესები აქვს და აქ ძალის ფაქტორები დომინირებს, ექსცესი გახლავთ ჩვეულებრივი, ლოგიკური შედეგი. საქართველოს შევადარებდი დენთის პატარა კასრს _ ერთი ფითილი უნდა და ყველაფერი დაიშლება. იმაზე ვართ დამოკიდებული, ვინ ჩადებს ამ კასრში ფითილს. ჩვენ გვაქვს ეთნიკური, ნაციონალური პრობლემები, სამოქალაქო დაპირისპირებები, შიდაპოლიტიკური დაპირისპირებები. გვაქვს მდიდარი კლასი და ძალიან დაბალი ფენა. ხელისუფლება დღეს არის მდიდარი კლასი. ძალიან ბევრი ნიშანია იმისა, რომ არ შედგეს არც ერი და არც _ სახელმწიფო. ნაცვლად იმისა, რომ მმართველი ხელისუფლება ყოველთვის ფიქრობდეს იმაზე, ეს პატარა ერი რამენაირად შეკრას და სახელმწიფო, რეალურად, შექმნას, არც ერთი ხელისუფლების დროს ეს მცდელობები არ ყოფილა _ ყველა ოპონენტი მტრად არის მიჩნეული და შემდეგ, უკვე, ეს ყველაფერი სამოქალაქო დაპირისპირებაში თავისთავად გადადის.
ეს ნამდვილად არ არის ერის განვითარების პოზიტიური ნიშანი. ჩვენ ვიქნებით ყოველთვის ასეთ, ჩამორჩენილ მდგომარეობაში, ვიდრე ერთიანობის იდეა არ გაჩნდება ჩვენს ქვეყანაში და ძალაუფლებისა და ლიდერობის გამო ადამიანები ერთმანეთს მტრებად არ მოეკიდებიან. სანამ ქართული პოლიტიკური აზროვნება ამ დასკვნამდე არ მივა, მანამ უწყვეტად გვექნება საფრთხის შემცველი, არასტაბილური მდგომარეობა ქვეყანაში.
_ რა სასჯელს ითვალისწინებს მსგავსი ძალადობრივი ქმედებები (საარჩევნო პროცესის დროს) და რეალურად თუ მოქმედებს ეს სასჯელი მოძალადეზე?
_ გააჩნია _ თუ მუქარა არის აშკარა ან ძალადობამ გამოიწვია ტკივილი, აქ არის ჯარიმაც და სამწლიანი სანქციაც. თუ საქმე გვაქვს ჯგუფის ორგანიზებულ დანაშაულთან, აქ ყველაფერი გაცილებით რთულად არის _ ეს ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. ძალადობრივი დანაშაულის დროს ეს სასჯელი მოქმედებს. პოლიტიკური პროცესების დროს ეს მუხლები გამოეყენებინოთ _ არ მახსოვს. არ მახსოვს, ან მოსყიდვა დასჯილიყოს ან მუქარა დასჯილიყოს. „სისხლის სამართლის კოდექსი“ ითვალისწინებს სასჯელს ნების გამოვლენის დროს ხელის შეშლისთვის, ასევე კომისიებისთვის ხელის შეშლისთვის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევისთვის, ამომრჩევლის მოსყიდვისთვის, ყალბი ბიულეტენის გამოყენებისთვის, არასწორი ინფორმაციის წარდგენისთვის _ ამ კოდექსში, მარტო არჩევნებზე შვიდი მუხლია გათვალისწინებული. ძალადობასა და მუქარას რაც შეეხება, კოდექსი სასჯელს ამ შემთხვევებშიც ითვალისწინებს _ თავისუფლების აღკვეთით (ორი წლის ვადით). მაგრამ თუ იმავე ტიპის დანაშაულს ორი ან მეტი ადამიანი სჩადის (წინასწარი შეცნობით ან შეკვეთით), პატიმრობის ვადა გათვალისწინებულია 4-დან ექვს წლამდე. კოდექსი ამდენ მუხლს ითვალისწინებს, მაგრამ ყველა არის დეკლარირებული ნორმა _ მე არ მახსოვს, რომ არჩევნების დროს ჩადენილი არაკანონიერი ქმედება ოდესმე დასჯილი ყოფილიყოს. ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს, რომ მსგავსი შემთხვევები ჩაფარცხოს. გამოდის, არჩევნებზე რომ ჩაიდენ დანაშაულს, ეს არაფერს ნიშნავს, მაგრამ თუ იმავე ქმედებას სხვა დროს განახორცხიელებ _ ეს უკვე დანაშაული იქნება.
ასეთი შერჩევითი მიდგომა აქვს დანაშაულსა და მის აღსრულებას ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ.
_ როცა ასეთი ძალადობრივი ქმედებები აშკარაა, სამართლიანი შედეგისა და სამართლიანი არჩევნების იდეა ეჭვქვეშ არ დგება?
_ ასეთი კანონი ჩვენ არ გვაქვს. ერთადერთი, რაც საარჩევნო კანონში წერია, თუ 10%-ზე მეტია ის რაოდენობა, რომელიც ეჭვს იწვევს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობასთან მიმართებით, უქმდება მიღებული შედეგები და ტარდება ხელახალი არჩევნები. თუ მივიჩნევთ, რომ 600 000 ადამიანს გამოუცხადეს, _ გყიდულობ, ოღონდ, ხმა მომეცი, _ ეს უკვე არის ამომრჩეველთა 10%-ზე მეტი. ასევე ამბობენ, რომ 100 000-მდე ბიულეტენი საეჭვო ვითარებაშია გაუქმებული. ასევე დაფიქსირდა მუქარისა და ძალადობის ფაქტები. სახეზეა თანამდებობიდან განთავისუფლების ფაქტებიც. ჯამურად თუ დაითვლება და ეს მაჩვენებელი 10%-ს გადააჭარბებს, „საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, ასეთ შემთხვევაში, თუკი (სასამართლოს მეშვეობით) ეს ფაქტები დადასტურდა, არჩევნების შედეგები უქმდება და ინიშნება ხელახალი არჩევნები.
ლეგიტიმურობის სხვა კანონი ჩვენ არ გაგვაჩნია. ეს არის მხოლოდ „საარჩევნო კოდექსის“ მოცემულობა, მაგრამ, ალბათ, პრაქტიკულად, მისი განხორციელება შეუძლებელიც კი არის. მაშინ, პირველ ყოვლისა, უნდა გააუქმონ საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმები. 2700 საუბნო საარჩევნო კომისიაა სულ, ანუ ამდენივე ოქმი უნდა განიხილონ. რამდენ წელიწადს მოანდომებს სასამართლო მათ განხილვას? _ ამასობაში, მომდევნო არჩევნებიც კი მოვა ქვეყანაში, ამიტომ ეს ნაბიჯი ეფექტიანი არ არის და დროშიც ვერ ესწრება. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგების გაუქმება შეღავათს ვერანაირად იძლევა თუ უბანი არ გაუქმდა. უბანი რომ გაუქმდეს, ოლქი უნდა გააუქმონ. განხილვის ასეთი საფეხურები იმდენად არაპრაგმატულია, რომ, შესაძლოა, ამის განხილვა სასამართლომ ერთ ვადაში ვერც კი დაასრულოს. მორიგი არჩევნები თუ მოგვადგება კარს, აღარ ექნება უკვე განხილვას მნიშვნელობა. ამიტომ, ალბათ, ამიტომაც არის მიჩნეული, რომ არალეგიტიმურობის საკითხი, ცოტა არ იყოს, შესასრულებლად ურთულესია.
_ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თუ ჰქონდა ბერკეტი ძალადობრივი ფაქტების აღმოსაფხვრელად?
_ „ცენტრალურ საარჩევნო კომისიას“ პირდაპირ ეწერა კანონში: თუ მოსყიდვის ფაქტი, ძალადობის ფაქტი (ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედება) გამოვლინდება რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ, გათვალისწინებულია კანდიდატის მოხსნა რეგისტრაციიდან.
სხვათა შორის, ამას „სისხლის სამართლის კოდექსიც“ ითვალისწინებს _ პარტია იხსნება რეგისტრაციიდან, კანდიდატი იხსნება რეგისტრაციიდან. მაგრამ ძალადობრივი/კანონსაწინააღმდეგო ფაქტი უნდა იყოს არსებითი მნიშვნელობის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფაქტია, როდესაც 600 000 ადამიანს ეუბნები, რომ „უნდა იყიდო“ ისინი ხმების სანაცვლოდ _ დაპირებას აკეთებ ისეთს, რომელიც, კანონით, პირდაპირ არის აკრძალული. მაგალითად, 164-ე მუხლის მეხუთე პუნქტში წერია, რომ თუ მმართველი ან ოპოზიციური პარტია ჰპირდება მოსახლეობას რამეს, მაგრამ რადგან ეს დაპირება არ არის გათვალისწინებული პროგრამული ბიუჯეტით, მაშინ ასეთი დაპირება თავისთავად ნიშნავს მოსყიდვას. ამას კომენტარი აღარ სჭირდება.
2017 წელს ბიუჯეტში რომ ყოფილიყო ჩასმული ვალების განულება და ვინმეს 2018 წელს ეთქვა, რომ ბიუჯეტითაა გათვალისწინებული ვალების განულება, ვერავინ ვერაფერს იტყოდა _ არ იქნებოდა ეს მოსყიდვა და იმიტომ. მაგრამ როცა კანდიდატი საარჩევნო კამპანიის დროს ამბობს ამას (საბიუჯეტო ხარჯების ეს ქმედება გათვალისწინებული არ არის) და ის კერძო პირი ამ პარტიის თავმჯდომარეა, ასეთ შემთხვევაში, მოსყიდვა ძალიან აშკარაა.
მე რომ ეს პირველად ვთქვი ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში, საკმაოდ ბევრმა მითხრა, _ ეს რამ გათქმევინაო? ახლა იმავეს ამბობენ ამერიკელები და ევროპელები. ე. ი. მე ტყუილი არ მითქვამს. ნამდვილად არ მქონია ინტერესი იმისა, რომ ვინმეს სასარგებლოდ მეთქვა რამე. მე ის ვთქვი, რასაც, უშუალოდ, კანონი ითვალისწინებს. ახლა აღმოჩნდა, რომ მთელი მსოფლიო ამბობს, _ ეს დაპირება იყო მოსყიდვა. თუ მოსყიდვა იყო და რაოდენობა 10%-ზე მეტს შეადგენს, მაშინ არჩევნების შედეგები უნდა გადაისინჯოს და იმის გამო გაუქმდეს, რომ გავლენა მოახდინა ხმათა 10%-ზე მეტზე, რის გამოც ამ არჩევნების შედეგები ბათილად უნდა იქნას მიჩნეული და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. მაგრამ ამის გამკეთებელი არავინ არის. ამიტომ მგონია, რომ, პრაგმატული თვალსაზრისით, ამას პერსპექტივა ნამდვილად არ აქვს.
_ პოლიტიკური პარტიებისთვის რა ტიპის შეზღუდვების დაწესება იქნებოდა ხელსაყრელი სამართლიანი არჩევნებისთვის?
_ აქ უკვე თვითონ პოლიტიკური პარტიები უნდა შეთანხმდნენ. ამას „თამაშის წესები“ ჰქვია. შეიძლება, ერთს რომ აწყობს რაღაც, ის მეორეს არ აწყობდეს. წესები უნდა იყოს მისაღები. იდეალური ვარიანტი რომ შესთავაზო რომელიმე პოლიტიკურ ძალას, ის არ მიიღებს იმიტომ, რომ, შესაძლოა, მის ინტერესებში არ შედიოდეს. გარედან შეთავაზებულს არავინ მიიღებს.
არაერთი საინტერესო შემზღუდველი, სამართლიანი მექანიზმის შემუშავებაა შესაძლებელი, რომელიც გამორიცხავს გაყალბებას.
_ დღევანდელ ქართულ რეალობაში, რამდენად არის დაცული ამომრჩევლის უფლებები და არის თუ არა ის კანდიდატისთვის წარმატების იარაღი?
_ ნაწილობრივ, ეს ასეა. რომ გითხრათ, მთავრობას ტოტალური კონტროლი აქვს ამომრჩევლის ხმებზე-მეთქი, ეს ასე არ არის. ჩვენ ეს ამ შედეგებმაც დაგვანახა _ 800 000 ადამიანი არ დაექვემდებარა ამ კონტროლს და არსებული მთავრობის წინააღმდეგ მისცა ხმა. რამდენადაც უნდა ეგონოთ „ნაციონალებს“, რომ ეს მათი ხმებია, ეს ასე არ არის _ ეს არის მთავრობის საწინააღმდეგო ხმები.
მაგრამ არსებობს შემდეგი _ ის 650 000 ხმა, რომელიც პირველ ტურში მიიღო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, მას დაემატა ამდენივე ხმა. აი, ეს დამატებული ხმები გახლავთ მანიპულირებული და ისინი არ არის „ქართული ოცნების“ ხმები. მმართველმა პარტიამ შესანიშნავად იცის, რომ მას არ ჰყავს იმაზე მეტი მხარდამჭერი, რაც არჩევნების პირველ ტურში დაფიქსირდა. იმანაც, ვინც შიშით თუ ძალადობრივი მექანიზმების წყალობით ამ პარტიას მისცა ხმა, იცის, რომ ეს ხმა არ იყო მისი ნების გამოხატულება. ამიტომ თუ საერთაშორისო თანამეგობრობა თუ შიდაპოლიტიკური ძალები დაუშვებს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმეოროს ეს ძალადობა, მაშინ შედეგი იქნება ზუსტად იგივე, რაც დღეს არის.
ამერიკელები ძალიან მკაცრ განცხადებას აკეთებენ _ 2019 წლის დასაწყისში ელოდებიან რეალურ ცვლილებებს. ამავე დროს, ისინი ითხოვენ გამოძიების ჩატარებას გაყალბებასთან დაკავშირებით. თუ ეს ხელისუფლებამ არ გააკეთა, შემდეგ უკვე სხვა ბერკეტები ამოქმედდება. არ გამოვრიცხავ, რომ, ამერიკული მხარდაჭერით, ქუჩა ამოქმედდეს, როგორც ყველაზე ეფექტიანი ბერკეტი და ვადაზე ადრე გაუშვას ხელისუფლება.
თუ მოქმედ ხელისუფლებას უნდა, რომ დარჩეს პოლიტიკურ თამაშში, ზემოხსენებულს მხოლოდ ოპოზიცია კი არა, უკვე საერთაშორისო სამყაროც ეუბნება. ბრიუსელში დაგეგმილია, რომ მოსმენილ იქნას ანგარიში საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ და წინასწარ არის გზავნილები, რომ ეს იქნება უმკაცრესი რეკომენდაციები. აი, ამერიკელები უმკაცრეს რეკომენდაციებზე საუბრობენ. ევროპაც იმავეს იზამს და რაღა რჩება? მთელი სამყარო მხარს დაუჭერს „ქუჩის მოძრაობას“. თუ „ქართული ოცნება“ ვერ ხედავს, რა საფრთხის წინაშე აყენებს საკუთარ თავს, ეს მისი პრობლემაა და საკუთარ თავს ვეღარ უშველის. ქვეყანას არაფერი ზიანი მიადგება. მოსახლეობა, ისედაც, არასტაბილურ მდგომარეობაშია. უბრალოდ, დაზიანდება ბიზნესი. მშიერი ადამიანები არაფერს კარგავენ. იკითხოს იმ ბიზნესმენმა, რომელსაც მთავრობის იმედი აქვს. არასტაბილური მდგომარეობის გამო ისევ მათი ინტერესები ზიანდება. პენსიონერები და უმუშევრები უკვე აღარაფერს კარგავენ.

მარიამ ტიელიძე