პოლიტიკური კრიზისი _ „მეორე“ ქართველი არ არსებობს

ჩემს ბავშვობაში ერთი ასეთი სადღეგრძელო მაქვს მოსმენილი: მეფის რუსეთის არმიაში ქართული პოლკის შექმნა გადაწყვიტეს. მოეწყვნენ ქართველები _ ახოვანნი, წარმოსადეგნი, უშიშარნი, ულვაშგადაწკეპილნი. პოლკის მეთაურმა თითო-თითოდ შეათვალიერა ყოველი მათგანი. სიამაყით აღივსო, რომ ამ გამორჩეული ადამიანების გვერდიგვერდ მოუწევდა ბრძოლა და რაც მთავარია _ მათი მეთაურობა არგუნა ბედმა. მერე, როგორც ამას სამხედრო წესები მოითხოვდა, გადაწყვიტა, პოლკის წევრები მწკრივებად მოეწყო და გასცა ბრძანება: პირველ მეორეზე გაითვალეთ!
და ჰოი, საოცრებავ _ პირველი, პირველი, პირველი, პირველი… ერთი „მეორე“ არ აღმოჩნდა ქართველებს შორის. პოლკი არ შეიქმნა.
კარგად მახსოვს, როგორი პათეტიკით ჰყვებოდა ამ ამბავს თამადა და მთავარ აქცენტს იმაზე აკეთებდა, რომ დიახ, „მეორე“ ქართველი არ არსებობს _ ჩვენ ყველანი პირველები ვართ!

საქართველოში პოლიტიკური კრიზისია. ეს იმის მიუხედავად, რომ ამ კრიზისს ხელისუფლება არ იმჩნევს და პოლიტიკურ სირაქლემას ემსგავსება. სულაც არ აქვს მნიშვნელობა, რა გაგრძელება მოჰყვება დღევანდელ ვითარებას _ შეეცდება ხელისუფლება, ეს კრიზისი ღირსეულად დაძლიოს და მისგან გამოსვლა ქვეყნის სასიკეთო ძვრებს დაუკავშიროს, თუ ისევ და ისევ არაფერს შეიმჩნევს _ უფრო მეტად გააღრმავებს და საბოლოოდ მნიშვნელოვნად დააზიანებს სახელმწიფო ინტერესებს?
არაერთხელ აღმინიშნავს, რომ, ჯერ კიდევ, 2012 წელს „ქართული ოცნება“ მზად არ იყო არჩევნებში გამარჯვებისთვის. უფრო სწორად, არ სჯეროდა ამის. არსებობს პარტიის ლიდერის იმ პერიოდის განცხადებები, როდესაც მან მიანიშნა, რომ მეორე ადგილი და მძლავრი ოპოზიციური შემადგენლობა პარლამენტში მნიშვნელოვნად შეცვლიდა ქვეყანაში პოლიტიკურ რეალობას და გარემოს. ესეც არ იყოს, ყველას კარგად გვახსოვს რაოდენ მოუმზადებელი შეხვდა „ოცნება“ გამარჯვებას, რასაც ადასტურებს თუნდაც ის გარემოება, რომ გამარჯვებულ ძალას დიდი ხნის განმავლობაში გაუჭირდა მინისტრობის კანდიდატების შერჩევა და დასახელება. სწორედ ამ პერიოდში იღებს სათავეს კრიზისი „ოცნების“ რიგებში, რომელიც მერე ეტაპობრივად გავრცელდა უამრავ სახელმწიფო ინსტიტუტზე და საბოლოოდ ქვეყანა მუდმივი კრიზისის პირობებში ცხოვრობს.
ეტყობა, „ოცნებაში“ კრიზისის აღიარება მართლა აპოკალიფსი ჰგონიათ და იმდენს ვერ ხვდებიან, რომ პოლიტიკაში არსებობს კრიზისის ხელოვნურად გამოწვევის მექანიზმებიც. ხშირად ამ ხელოვნურობას მმართველი ძალა მიმართავს, რათა ახალი სუნთქვა შეიძინოს და ახალი შემართებით დაიწყოს ცალკეული პრობლემების მოგვარება.
მაგრამ თუ ბოლომდე ჩავყვებით და ღრმად გავაანალიზებთ იმის მიზეზს, თუ რატომ ვერ ხვდება ან არ იმჩნევს „ოცნება“ კრიზისს, პასუხსაც მივაგნებთ _ 2012 წლიდან ხელისუფლება, სახელმწიფო სულ კრიზისშია და ეს მოცემულობა მის ბუნებრივ მდგომარეობად იქცა, ანუ „ოცნებას“ თვალებზე პოლიტიკური ბინდი ადევს. აქვე გავიმეორებ და ხელისუფელბას განვუმარტავ, რომ კრიზისის აღიარება სირცხვილი კი არ არის ან პოლიტიკური მარცხი _ პოლიტიკური პრაგმატიზმია. აღიარება გააზრებით ნიშნავს ახალი სასტარო პოზიციის გაჩენას, საკუთარი გუნდისთვის ახალი რეალობის შექმნას და თუ ვინმეს ამის პოლიტიკური ნება აქვს, ახალი რეფორმების წამოწყებას. კრიზისის აღიარება და მისი დაძლევისთვის გადადგმული ქმედითი და ხელშესახები ნაბიჯები სახელმწიფოსთვის პოზიტიურია, არაღიარება კი სტაგნაციის გაგრძელებაა. თუმცა აქ მეორე დილემის წინაშე აღმოვჩნდებით _ ხელისუფლება არც პოლიტიკურ სტაგნაციას აღიარებს. მოკლედ, კედლისა და ცერცვის ამბავია…

***
არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, პარლამენტის წინ, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გამართული აქციის შინაარსს დღემდე ვერ ჩასწვდა ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის ჩინოსანთა უმეტესობა. ეს იყო პოლიტიკური აქცია, სხვა პოლიტიკური დღის წესრიგით. პოლიტიკურით და არა ემოციური, რადიკალური იდეებით, როგორც გვჩვევია ხოლმე და რაც სისხლში გაგვიჯდა თითქმის სამი ათეული წელია.
შინაარსობრივად, პოლიტიკური კოსტრუქციულობის გათვალისწინებით, ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა საქართველოს უახლეს ისტორიაში. აქ მთავარია კონტექსტი _ ეს აქცია, შიდა მოხმარებაზე უფრო, გარე მოხმარებისთვის იყო მნიშვნელოვანი.
ცხადია, რომ ხელისუფლება ვერ ხვდება შემდეგს _ ოპოზიცია თავისი მშვიდობიანი, ცივილიზებული და საქმიანი მოთხოვნებით კედელთან აყენებს ხელისუფლებას.
რას ითხოვს ოპოზიცია განსაკუთრებულს?
1. ცვლილებებს საარჩევნო კანონმდებლობაში და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. განა, იგივე აქცენტები არ ჰქონდა საერთაშორისო თანამეგობრობას არჩევნების შედეგების შეჯამებისას? სხვათა შორის, ახლა მოქმედი კოდექსი ის დოკუმენტია, რომელიც, ჯერ კიდევ, 2012 წელს „ოცნებამ“ დაიწუნა. მაშინ სად არის წინააღმდეგობა, რატომ არ შეიძლება ამ საკითხზე დიალოგის დაწყება? პრობლემიდან გაქცევა განა არ იქნება აღქმული, როგორც პოლიტიკური სიხარბე? ვერ ხვდება ხელისუფლება, რამდენად დაიზიანებს მის ისედაც მყიფე იმიჯსა და რეპუტაციას ამ საკითხის იგნორირებით?
2. რეფორმები. განა, მოთხოვილი რეფორმები _ სამართლებრივი და ინსტიტუციური _ სცილდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩვენი პარტნიორების მოთხოვნებს? მაგალითისთვის ავიღოთ პროკურატურის სიტემის რეფორმა. ამ წუთას ეს რეფორმა განა იმ სახით არ ხორციელდება, რომ საფუძველს უქმნის სამომავლოდ პროკურატურის, როგორც ყველაზე თავნება, სადამსჯელო და რეპრესიული ინსტიტუტის შექმნას? ანტიკორუფციული სამსახურის სუს-ის სისტემიდან გაყვანა განა ასევე არ არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოთხოვნა? და ეს ჩამონათვალი შეგვიძლია გავაგრძელოთ. ანუ განა ასევე არ მოითხოვს რეფორმირებას სხვა უამრავი ინსტიტუტი? რატომ არის ცუდი თუკი ეს პროცესი ფართო შემადგენლობით, სხვადასხვა ძალის მაქსიმალური მონაწილეობით და ფორსირებულად წარიმართება? მინიმუმ პროცესია დემოკრატიული და, ამავდროულად, სახელმწიფოსთვის საჭირბოროტო; 3. ვადამდელი არჩევნები. ეს უკვე პოლიტიკური გემოვნების საკითხია. ყველაზე ადრე არჩევნები 2019 წლის სექტემბერ-ოქტომბრამდე ვერ გაიმართება, ყველაზე გვიან კი კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადაში _ 2020 წლის შემოდგომაზე. ამ პროცესამდე როგორ მივა სახელმწიფო, ეს ხელისუფლების გონიერებაზეა დამოკიდებული. თუმცა არსებულ ვითარებაში სულაც არ არის გამორიცხული, რომ საკუთარი უმოქმედობით, თვითკმაყოფილებით აღსავსე ხელისუფლებამ არათუ ვადამდელი არჩევნების პროვოცირება გამოიწვიოს, არამედ ქვეყანა რევოლუციური სცენარით წაიყვანოს, სადაც მთავარი მოქმედი პირი რომელიმე ოპოზიციური გაერთიანება კი არ იქნება, არამედ ხალხი, რომელსაც კონსტიტუციით გარანტირებული, ლეგიტიმური უფლება აქვს, ამ მეთოდით დასაჯოს მმართველი პარტია. სულ ეს არის ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელსაც, ცხადია, რომ ამ დღეების განმავლობაში ალღო ვერ აუღო და ვერ გააანალიზა ხელისუფლებამ. თუ არადა, ქვეყანაში ახლა სხვა პოლიტიკური მოცემულობა იქნებოდა.

***
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის თელავში გასამართ ინაუგურაციის ფსიქოლოგიური და პოლიტიკური შედეგები ხელისუფლებამ ვერ დათვალა. თავად ახლად არჩეული პრეზიდენტისა და „ოცნების“ სპიკერების არგუმენტები საკმაოდ უსუსურია. ეტყობა, ვერ ხვდებიან, რომ პრეზიდენტის ინაუგურაცია კორპორაციული ფართი კი არა, სახალხო ზეიმი უნდა იყოს. ახალი პრეზიდენტის თელავში განრიდებით ხელისუფლება ადასტურებს, რომ ის შეშინებული და სასოწარკვეთილია. რამდენიც არ უნდა უარყონ ეს და, გნებავთ, მართლაც გულმამაცნი იყვნენ, აქ საზოგადოების აღქმაა მთავარი და ეს _ ხელისუფლებისთვის არასასურველი აღქმა, დროთა განმავლობაში, აუცილებლად ჰპოვებს რეალიზებას პოლიტიკურ პროცესებში.
დავუშვათ, რომ თელავის საკითხს პოლიტიკური ინსპირაცია უდევს საფუძვლად, მაგრამ ფაქტს რა ვუყოთ? მეფე ერეკლე დიდი მეომარი იყო, ხოლო მისი მეფობის პოლიტიკური კონოტაცია გეორგიევსკის ტრაქტატი გახლდათ. ეს სულაც არ არის მეორეხარისხოვანი ან აბუჩად ასაგდები არგუმენტი, მით უფრო ინსპირაციის პირობებში. ცხადია, რომ ხელისუფლება არად დაგიდევთ პოლიტიკურ ტრადიციას. იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტის 2001 წლის ბრძანებულება შეეცვალათ და არსებულ რეალობასთან მოეყვანათ შესაბამისობაში, მორიგი პოლიტიკური სიბეცე შესთავაზეს საკუთარ ხალხს და კიდევ ერთხელ განუმტკიცეს მოსახლეობას ზემოთ აღნიშნული შიშის ფაქტორი. ხელისუფლების ლოგიკით, რამდენი პრეზიდენტიც ეყოლება ქვეყანას, ყველას ნება-სურვილზე უნდა იყოს დამოკიდებული, სად გაიმართება ფიცის დადების ცერემონიალი და რა შეფერილობის იქნება ის? ისე, რატომ არ იმართება ინაუგურიაცია არქეოპოლისში _ ნოქალაქევში, მით უფრო სიმბოლური იქნებოდა ამ ორად გახლეჩილი ერისა და საზოგადოების პირობებში. ქუჯისა და ფარნავაზის ერთობა ბევრად წაადგებოდა ინსპირაციულად საქართველოს, ვიდრე ერთმორწმუნის მიერ მოტყუებული მეფის სასახლეში გასამართი პარტიულ-სახელისუფლებლო კორპორაციული ზეიმი.
მოკლედ, კი არის ნათქვამი, შიშს დიდი თვალები აქვსო, მაგრამ ისიც ნათქვამია, რომ შიში გონებას ბინდავსო და თვალდაბინდული „ოცნების“ გონის ბინდი და სასოწარკვეთაც ნათელია.

***
ამჟამად საქართველოს მოსახლეობა ორ ყრუ კედელს შორის არის მოქცეული და თუ ამ ორ ყრუ კედლად დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს განვიხილავთ, მივხვდებით, რაოდენ სავალალო მდგომარეობაში ვართ. არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ სურს განსხვავებული აზრის მოსმენა და მით უფრო, კრიტიკულის. ასეთ შემთხვევაში ადამიანები თუ საზოგადოებრივი ჯგუფების მარგინალიზება და სრულიად უაპელაციოდ, დაპირისპირებული გუნდისთვის მიკუთვნება იწყება.
შევხედოთ რეალობას _ ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ძალა ვერც კი ათვითცნობიერებს ან არ იმჩნევს, რომ ქვეყანაში კრიზისია. კრიზისია ნებისმიერი მიმართულებით: პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, სამართლებლივი. უმთავრესი კრიზისი კი ღირებულებითი, გნებავთ, იდეოლოგიური ხასიათისაა.

მმართველი პარტიის ლიდერი, ბატონი ივანიშვილი, ასევე არ ან ვერ ხედავს და გრძნობს იმას, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ ჭამს ის სისტემა, რომელიც მან შექმნა და რომელშიც ამ 6 წლის განმავლობაში საფუძვლიანად ინტეგრირდა უამრავი პერსონისა და უცხო სახელმწიფოთა ინტერესები _ უპირველეს ყოვლისა, რუსული ინტერესი.
განა, უსაფუძვლოდ, არამედ აბსოლუტურად არგუმენტირებულად ვედავები „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მამებს _ ხელისუფლებაში ყოფნის მეშვიდე წელს ისევ წინა ცხრა წლით რომ აშინებთ ხალხს, რა ხდება?
მართლა ფიქრობთ, რომ ამ ქვეყნის გონიერი და ინტელექტუალური ნაწილისთვის მისაღები იყო თქვენ მიერ მეორე ტურის წინ წარმართული საარჩევნო კამპანია?
ის, რაზედაც თქვენ აპელირებდით, _ არა ბოროტებას, არა უსამართლობას, _ რეალურად, აბსოლუტურად წამგებიანია თქვენთვის გრძელვადიან პერსპექტივაში.
ერთი იმიტომ, რომ ბოროტება და სამართლიანობა მორალური კატეგორიაა და სადაც შეძელით წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედებების სამართლებრივი დამტკიცება, განაჩენიც დადგა. სხვას რას ერჩით? რას ერჩით ასი ათასობით ადამიანს, რომელიც წინა ხელისუფლების მხრდამჭერი იყო და არანაირი დანაშაული არ აქვს ჩადენილი? როდესაც თქვენ და თქვენი მოკავშირეები აცხადებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გასამართლდეს, რას ასამართლებთ? იდეოლოგიას? მათ პარტიულ პროგრამას, რომელიც სრულად ჯდება დემოკრატიულ სტანდარტში? ეგ პოლიტიკური სატყუარა და შიშნარევი ბლეფი მომავალ არჩევნებზე არ იმუშავებს. ისე, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ყველა შემდგომი ხელისუფლებისთვის დღის წესრიგში ხომ არ დადგება წინამორბედთა სამრთლებრივი პასუხისმგებლობის საკითხების წინ წამოწევა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც „ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ ქვეყანას არაფერი დაუშავეს, მაგრამ ცხადზე უცხადესია, რომ სახელმწიფო დააზარალეს და ზიანიც მიაყენეს უამრავი მიმართულებით.
ხელისუფლებამ თავისი მმართველობის მეშვიდე წელს ვერ შეძლო „ბოროტებისა“ და „უსამართლობის“ საპირწონე წარმატებების წარმოჩენა. ვერ უთხრა საკუთარ მოსახლეობას, საკუთარ ამომრჩეველსაც კი, თუ რა შექმნა, როგორ გააუმჯობესა ცხოვრება და ვერ გასცა პასუხი უმთავრეს კითხვას, _ რატომ ვერ შეძლო ერის გაერთიანება რომელიმე ერთი უმნიშვნელოვანესი იდეის გარშემო?
ისე, ამასაც თავი რომ დავანებოთ და სტატისტიკის რაკურსში შევხედოთ პრობლემას, აქაც ჩნდება კითხვა, _ რატომ არ არის ეს წარმატებები ხელშესახები ჩემთვის, ჩვენთვის? იციან ხელისუფლებაში ჩემი ან ამ ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი განცდები სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებთან მიმართებით? ანუ როდესაც მეუბნები, რომ ეკონომიკა იზრდება და უამრავი ინდექსით და კვლევით ხარ წამყვან სახელმწიფოებზე წინ, მინიმუმ თავი ლუზერი მგონია, როდესაც ვერ ვემსახურები ვალდებულებებს, მაცივარი ცარიელი მაქვს და შვილისთვის წიგნი ვერ შემიძენია.
დააკვირდით _ დღეს არსებული ვითარების ანალიზით ძალიან მარტივად შეგვიძლია დავასკვნათ: „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მხოლოდ იმაზე იზრუნა, როგორ გაენიავებინა უდიდესი ნდობა, რომელიც მას 2012 წლის პირველ ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ გამოუცხადა.

ხელისუფლების ჯოჯო იდეოლოგებმა პოლიტიკური არსებობის უმთავრეს წყაროდ აქციეს წინა ხელისუფლების მმართველი პარტია და მას დღემდე იყენებენ საფრთხობელად, მოსახლეობის დაშინებისა და დაშანტაჟების მთავარ მექანიზმად მაშინ, როდესაც ხელისუფლებისა და, გნებავთ, სახელმწიფოს უმთავრესი საფრთხე „ოცნების“ მიერ შექმნილი სისტემაა, რომლისგანაც თავის დაღწევას ვერანაირად ახერხებს.
ბატონმა ივანიშვილმა დაუშვა უდიდესი შეცდომა, როდესაც საკუთარ მთავარ დასაყრდენ ძალად მიიჩნია ნაკომუნისტარი _ უკიდურესად ცუდი გაგებით ვსაუბრობ _ ელიტის წარმომადგენლები და მათი მემკვიდრეები, ბიოლოგიურ მემკვიდრეობაზე არ ვაპელირებ (თუმცა არც უმაგისობაა, _ რედ.). ეს ნაკომუნისტარი ელიტა დღეს მას უდიდეს ტვირთად აწევს მხარზე. მეტიც, იგი ამ ტვირთის სიმძიმეს რეალურად ვერ უძლებს. კიდევ უფრო მეტად საშიში აღმოჩნდნენ გუნდში ინტეგრირებული ის ადამიანები, რომლებმაც საკუთარი პოლიტიკური თუ ეკონომიკური და სოციალური არსებობის მისაბაძ მაგალითად სწორედ ეს არქაული _ ნაკომუნისტარი ელიტური კასტა აქციეს. ბარემ აქვე განვმარტავ, ზედმეტი კითხვები რომ არ დარჩეს, ამ ნაკომუნისტარში ვგულისხმობ რუსული ინტერესების გამტარებელ ნომენკლატურას და ასევე ე. წ. შემოქმედებითი ინტელიგენციის იმ ნაწილს, რომლისთვისაც მზე დღესაც ჩრდილოეთიდან ამოდის და რომელიც ნებისმიერი ხელისუფლებისგან პირად კომფორტსა და კეთილდღეობას ითხოვს. მოკლედ, დღეს ამ ტვირთსა და ბალასტს ივანიშვილი უდიდესი წნეხის ქვეშ ჰყავს და რეალურად გასრესას უპირებს.

***
წინასაარჩევნო პერიოდმა და არჩევნების პირველი ტურის შემდგომმა პროცესებმა თვალნათლივ დაგვანახა, თუ რამდენად ოსტატურად, ფილიგრანულად მანიპულირებს რუსეთი ქართველი პოლიტიკოსებით თუ პოლიტიკური ძალებით. ჩვენ მივიღეთ მოცემულობა, როდესაც ურთიერთბრალდებების კორიანტელში, სადაც აზრი არ აქვს ტყულ-მართლის გარკვევას, არჩევანს ე. წ. პრორუსულ პოლიტიკოსებს შორის ვაკეთებდით, რომლებიც თავად ერთმნიშვნელოვნად აცხადებდნენ, რომ პროდასავლურები არიან. მაგრამ ჩვენ დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი რუსეთის ინტერესების გამტარებლად მიიჩნევა, ხოლო მეორე ნაწილი კვლავაც დაბეჯითებით აცხადებს, რომ კგბ-ს აგენტს გამარჯვების საშუალება არ მისცა. პოლიტიკური სიბეცისა და უკულტურობის ნათელი დემონსტრირებაა ეს ვითარება. რაც მთავარია, სახელმწიფოსთვის დამაზიანებელია თავად პროცესის შედეგი.

***
რას მივაწერო ის გარემოება, რომ როდესაც უდიდესი მორალური უპირატესობა გაქვს („ქართულ ოცნებას“ ვგულისხმობ), თუნდაც სამართლიანობის, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში და ერთ დღეს გაანიავებ ამას სარალიძე-მაჩალიკაშვილის, ანუ მამებისადმი მოპყრობის იმ გამოხატულებითა და ქცევით, იმ ვერბალური დამოკიდებულებით, რომელსაც ვისმენთ? მაინტერესებს, ვინ ურჩია ბატონ ივანიშვილს, რომ ეთქვა, _ სარალიძე „ნაციონალების“ კოორდინატორი იყოო? და რა მერე ამით? ამ ქვეყანაში ვინმე იბადება პარტიული კუთვნილებით და კონსტიტუციაში წერია, რომ „ნაციონალების“ კოორდინატორების მიმართ კანონის დარღვევა შესაძლებელია? ისე, დიახ, სარალიძისა და გირგვლიანის საქმეების შედარება შეუძლებელია, იმიტომ, რომ ქალბატონი ირინასთვის თუნდაც იმ „სისხლისმსმელებს“ არ უთქვამთ, რომ ის პოლიტიკურად მართვადია, მაშინ როდესაც სრული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი იდგა მის გვერდით და არც პოლიციას დაუშლია აქციების მოწყობა. ისე, პოლიტიკური ცინიზმის პიკია ათასგზის ასფალტზე ნათრევ ზაზა სარალიძეს ელექტროენერგიითა და გამათბობლებით რომ მოამარაგებ, მაშინ როდესაც ეს ადამიანი, ისევე როგორც ვახა მაჩალიკაშვილი, სამართალს ითხოვენ. ჰო, თუნდაც ამ ადამიანებისა და უამრავი მათნაირი _ დაჩაგრულის იმედისა და რწმენისთვის ვთქვი ამას წინათ, ჩემს მეგობრებთან _ მე პარლამენტის ეზოში დავდებდი ფიცს. კარვებთან ავივლიდი, კიდევ ერთხელ ვეტყოდი სამძიმარს მამებს და მათთან ერთად, მის უდიდებულესობა ქართველ ხალხთან ერთად, შევიდოდი პარლამენტის ეზოში. თუნდაც ამით დავიბრუნებდი გაფლანგულ მორალურ უპირატესობას, თუნდაც ამით მოვიგებდი ათასობით ადამიანის გულს და თუნდაც ამით ვაჩვენებდი აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ აქ, ამ ქვეყანაში, ხალხზე ზემოთ არავინ დგას. მაგრამ იმ ფრაზას რა ვუყოთ, გრიგოლიას ეთერში რომ ბრძანა, ჯერ კიდევ, კანდიდატმა, _ პრეზიდენტი ზევით უნდა იყოსო. შესაბამისად, თელავი სჯობს! მორალური უპირატესობის დაბრუნება, ერის გაერთიანების, საერთო სახალხო პრეზიდენტის იდეა წყალს წაუღია.

***
ხშირად მომისმენია, _ აი, ესპანეთში ძმათა სასაფლაოზე გვერდიგვერდ წვანან დაპირისპირებული ესპანელებიო. ჭკვიანებისგანაც მომისმენია ეს ფრაზა და გული დამწყვეტია. ანუ რა, იმის იმედად ვიცხოვროთ, რომ ოდესმე ძმათა სასაფლაოს მოვაწყობთ და იქ ერთმანეთის გვერდზე ჩავამწკრივებთ დაპირისპირებულ პოლიტიკოსებსა და მათ მომხრეებს? როგორი ნათელი და კაშკაშა პერსპექტივაა არა? _ არა!
ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ჩვენ გვყავდა სახელგანთქმული პოლიტიკოსები _ აიეტი, ფარტაზი. ჩვენ გვქონდა ფაზისის აკადემია, სადაც რიტორობას ასწავლიდნენ; გვყავდა გამოჩენილი რიტორები _ პოლიტიკოსები, თუნდაც ევაგრი ქართველის გახსენება რად ღირს. ჩვენ გვაყვდა პეტრე იბერი, გრიგოლ ხანძთელი (გრიგოლი _ გრიშაზე მოქილიკეები რომ რუსული სისხლის გოთვერნები არიან, ეს ცალკე საკითხია), გვყავდა ჭყონდიდელი, სოლომონ დოდაშვილი, ილია ჭავჭავაძე. მოკლედ, გვყავდა სამაგალითო ხალხი. ამ პირობებში, როდესაც ვიაზრებ _ დღეს საქართველოს _ საპარლამენტო რესპუბლიკას, პარლამენტის თავმჯდომარედ ჰყავს ირაკლი კობახიძე, ზიზღითა და არასრულფასოვნების კომპლექსით დახუნძლული პერსონა, როდესაც ამ ქვეყნის ბედს განსაზღვრავს და ცხოვრების წესს მიდგენს არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი სესიაშვილი, ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ა. შ. სიბრაზე მჭამს. სულ იმაზე ვფიქრობ, რა დავაკელი, რა ვერ შევძელი და რატომ დავუთმე ეს ქვეყანა, ჩემი შვილების მომავალი _ მერკანტილიზმით აღსავსე, ადამიანის, თანამოქალაქის მოძულე პერსონებს. სხვა პოლიტიკურ მოცემულობაში სხვათა გვარებს ჩამოვწერდი ალბათ. მაგრამ დღეს ამ რეალობის წინაშე ვდგავართ და წამიერად უსუსურობაც კი მეუფლება იმის გამო, რომ ჩემი შვილების ბედი, არც მეტი-არც ნაკლები, 5 კგ. კარტოფილი ღირს. თუნდაც 100 იყოს ან თუნდაც 100 მილიარდი ფუნტი სტერლინგი.
დიახ, ვაღიარებ, რომ დემოკრატია უმრავლესობის დიქტატურაა, მაგრამ ამ დიქტატურას აქვს უმთავრესი ფორმულა _ უმცირესობების უფლებებზე ზრუნავა და არა საკუთარ პრივილეგიებზე. სწორედ ამიტომ ვიმეორებ: იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა დგას მართლაც ეგზისტენციური საფრთხის წინაშე და ეს საფრთხე არ გახლავთ ის, თუ ვინ გახდა პრეზიდენტი, არამედ თავისუფლების დაკარგვაა, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გაყიდვის შესაძლებლობაა 5 კგ. კარტოფილად, ჩვენი _ ქართული საზოგადოების დაკვეთა ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის არის ერთი: დამშვიდდით და იფიქრეთ ქვეყანაზე. დამშვიდით და გადაწყვეტილებები მიიღეთ ქვეყნის სასიკეთოდ და გეყოთ ერთმანეთისთვის ამდენი ტალახისა და ლაფის სროლა. გეყოთ საზოგადოების დაპირისპირება და დაშანტაჟება.

***
ეს წერილი ჩემს ბავშვობაში მოსმენილი სადღეგრძელოთი დავიწყე. დიახ, ასეთები ვართ ჩვენ _ ყველანი პირველნი. ისე, ერთგვარი ნეგატიური აღქმის მიუხედავად ამ „პირველს“ აქვს უდიდესი პოზიტიური აღქმა _ ჩვენ ყველანი ვართ პირველები ანუ თანასწორნი, თანატოლნი ჩვენს უფლებებში და ვალდებულებებში ქვეყნის წინაშეც. ვართ პირველები და თუ ამას პოზიტიურად ვიაზრებთ, მაშინ როდესაც სანამ ვინმეს ტალახს ვესვრით, ლაფში ვაგორავებთ, ტყვიისთვის გავიმეტებთ იმის გამო, რომ ჩვენსავით არ ფიქრობს, ჩვენსავით არ აზროვნებს, ჩვენსავით არ იბრძვის, ჩვენ გვერდით არ დგას, მაგრამ დგას სხვებთან, რომლებიც ასევე არიან „ჩვენ“, ან სულაც ცალკე ყოფნა ურჩევნია, ბარემ მაცხოვრის სიტყვებიც გავიხსენოთ, _ პირველი იმან ესროლოს…

გოჩა მირცხულავა