ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრად ბრუნდება?!

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მერე ხელისუფლება ინაუგურაციისთვის, ოპოზიცია კი საპროტესტო აქციებისთვის ემზადება. საერთაშორისო შეფასებები 2003 წლის არჩევნების შემდეგ ასეთი მძიმე არ ყოფილა, _ არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციაც და არასაპარლამენტო პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს საარჩევნო გარემოს შესაცვლელად და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით.

სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება ბიძინა ივანიშვილს ძვირი დაუჯდა, პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობითაც.
პირველი ტურის წინ „ქართული ოცნება“ მას არწმუნებდა, რომ ზურაბიშვილს არჩევნების მოგების პრობლემა არ ჰქონდა, თუმცა ახლო გარემოცვა ივანიშვილს ეუბნებოდა, რომ ყველაფერი რიგზე ნამდვილად იყო. პირველი ტურის შედეგებს მმართველი პარტიის თავმჯდომარისთვის ცივი შხაპის ეფექტი ჰქონდა, მან რეალურად დაინახა, რომ არანაირი გუნდი „ქართულ ოცნებაში“ არ არსებობს, ადამიანთა ცალკეული კასტა კი, საბოლოოდ, მხოლოდ გავლენებისთვის და ფინანსებისთვის იბრძვის.
ორი მილიარდი ლარი, _ ამ ციფრს ასახელებს „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული წყარო. ეს თანხა დაჯდა სალომე ზურაბიშვილისთვის პრეზიდენტის პოსტის შეძენა. სალომე ზურაბიშვილი თანახმაა, დათმოს ავლაბრის პრეზიდენტის რეზიდენცია და იყოს მორჩილი პრეზიდენტი.
პირველი ტურის მარცხის მერე ბიძინა ივანიშვილმა, გარდა ფინანსურისა, მეორე ტურის მოგებაში საკუთარი რეპუტაცია ჩადო, რამდენიმე საჯარო მიმართვა გააკეთა და მეტიც, აუდიოჩანაწერის მეშვეობით პირადად მოუწოდებდა ხალხს, მისულიყვნენ არჩევნებზე და ხმა არ მიეცათ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატისთვის.
მან საკუთარ ამომრჩეველს ერთი წელი სთხოვა იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია რადიკალურად შეცვალოს, გადააწყოს საკუთარი გუნდი, ჩაატაროს საკადრო წმენდა, მოერიოს კორუფციასა და თანამდებობებზე პიროვნებები არა ერთგულების, არამედ პროფესიონალიზმის ნიშნით დანიშნოს.
ვისი მეშვეობით შეძლებს ივანიშვილი ამ პროგრამა მაქსიმუმის განხორციელებას, ჯერჯერობით, ჩვენი წყარო არ აკონკრეტებს.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, მეორე ტურის მერე ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა და შემდეგ „ოცნების“ მინისტრებთან, დეპუტატებთან და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებთან კონტაქტი საერთოდ შეწყვიტა.
როგორც ჩანს, ის სერიოზული გადაწყვეტილების მისაღებად ემზადება.
ჩვენი წყარო ამბობს, რომ პრემიერმა ბახტაძემ მას მოლოდინები ვერ გაუმართლა, ამიტომ ის კარგა ხანია, მის შემცვლელზე ფიქრობს. ერთი ვერსიით, ამ პოსტზე შს მინისტრ გიორგი გახარიას კანდიდატურას განიხილავდა, მაგრამ მისი ახლო გარემოცვა დაჟინებით მოითხოვს, რომ პრემიერის პოსტზე თავად ივანიშვილი დაბრუნდეს, რადგან მეშვიდე წელია, ვერც ერთმა მისმა შერჩეულმა კანდიდატურამ იმედები ვერ გაამართლა. ქვეყანა კი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის ზღვარზეა. რამდენად გარისკავს ივანიშვილი პრემიერის პოსტზე დაბრუნებას, ამ ფაქტს ჩვენი წყარო ვერ აკონკრეტებს, ამბობს მხოლოდ იმას, რომ თავად ექსპრემიერი ამ თანამდებობაზე დაბრუნებას გილიოტინაზე ასვლას ადარებს.
სიტუაცია ივანიშვილის კარზე განსაკუთრებით დაძაბულა „შაბათის კურიერის“ ეთერში გასვლის მერე, როცა პრემიერ ბახტაძის მიერ საკუთარი დედის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი საღადაო და დასაცინ თემად იქცა, ხოლო მაია ცქიტიშვილის მეუღლის მიერ მოგებული ტენდერები ბიძინა ივანიშვილისთვისაც კი მოულოდნელი აღმოჩნდა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გაცოფებულ ივანიშვილს პრემიერი ბახტაძე გარეთ გამოუგდია, მაია ცქიტიშვილზე კი, რომელსაც გამორჩეულად ენდობოდა, უთქვამს, _ ჩემს ახლომახლო არ დავინახოო. როგორც ჩანს, შაბათ საღამოს მერე დაგეგმილი საკადრო ცვლილებები კიდევ უფრო დაჩქარდება. დადასტურებული ინფორმაციით, პოსტებს დატოვებენ ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები, ამ უკანასკნელს დაბრალდება 600 000 პრობლემური მევალის სიების გამო შექმნილი გაუგებრობა და შეუსრულებელი დაპირებები. კარგა ხანია იგეგმება სუს-ის უფროს ვახტანგ გომელაურის გადაყენებაც, მაგრამ რაკი შემცვლელს ვერ უძებნიან, ამიტომ ამ საკადრო გადაწყვეტილების მიღება ჭიანურდება. საკადრო ცვლილებები იგეგმება მმართველი პარტიის ვერტიკალშიც, უნდა შეიცვალოს პარტიის რეგიონული სამსახურის უფროსი, იგეგმება რამდენიმე ქალაქის მერის განთავისუფლებაც, განსაკუთრებით იმ რაიონებში, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნები წააგო. და როგორც ჩვენი წყარო ამბობს, იქნება ხმაურიანი დაჭერებიც.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ინაუგურაციის მერე უკვე გადაწყვეტილია სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსოს გოგაშვილის, სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორის ლევან შონიას დაჭერა, განიხილება ასევე დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის დაკავების საკითხიც.
სერიოზული დაპირისპირებაა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და „ოცნების“ ე. წ. გუნდის გარკვეულ ნაწილს შორის, მათთვის გახარიას ფიგურა განსაკუთრებით მიუღებელია, რადგან „ოცნების“ პოლიტ და ფინანსურ ელიტასთან გარიგებებში არ შედის, პერიოდულად კი პარტიის საკადრო გადაწყვეტილებების რევიზიასაც ატარებს.
ბოლო დროს ასევე გამწვავდა ურთიერთობა გახარიასა და კალაძეს შორის. ჩვენი წყაროს თქმით სწორედ ამ დაპირისპირების გამოძახილი იყო ის ფაქტი, რომ კალაძემ, საკუთარი ინიციატივით, რუსთაველის გამზირზე შვილმოკლული მამების აქციაზე კარვებში ელექტროენერგია შეიყვანა და გამათბობლებიც დაამონტაჟა, რითაც შვილმოკლული მამების მადლობა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის სიმპათიაც დაიმსახურა. „ოცნების“ შიგნით ამბობენ, რომ კალაძე სულ მალე დამოუკიდებელ თამაშს წამოიწყებს, პარალელურად კი მასზე კომპრომატები გროვდება ძალოვან უწყებებშიც. განსაკუთრებით აქტუალური ლისის პროექტის თემა და მერიის ბოლო დროს ჩატარებული ტენდერების „ატკატები“ ყოფილა.
გეგმები ერთია და საკადრო რეფორმა _ მეორე. „ქრონიკა+“ ადრეც წერდა, რომ სათადარიგო სკამი „ოცნებას“ მოკლე აქვს, „ქართუმ“ საკადრო რესურსი უკვე ამოწურა, მის გარეთ კი ახალ სახეებს ბიძინა ივანიშვილი არ ეძებს. მან დაპირებული ყველა გეგმა რომ წარმატებით შეასრულოს, საიდან უნდა მოიყვანოს კეთილსინდისიერი პროფესიონალები? _ ამ კითხვაზე „ოცნების“ კულუარებში პასუხი არ აქვთ.
მართალია, ჯერ ისევ საფრანგეთის მოქალაქე სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტობისთვის უკვე ემზადება, მაგრამ, როგორც ჩანს, მასაც და ბიძინა ივანიშვილსაც საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონის მხარდაჭერის იმედი სულ ტყუილად აქვთ, რადგან საფრანგეთი ცეცხლის ალშია გახვეული, ყვითელჟილეტიანთა მოძრაობა, მიუხედავად დაკავებებისა, სულ უფრო მასშტაბური ხდება და პრეზიდენტის სასახლისკენ მიიწევს, პოლიტიკურ წრეებში კი სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმასზე, რომ ყვითელჟილეტიანების უკან აშშ დგას და ეს საპროტესტო ტალღა რეალურად მაკრონისა და პუტინის გარიგებას უკავშირდება. მაღალი ალბათობით, ეს პროტესტი შესაძლებელია საფრანგეთის პრეზიდენტის გადადგომით დასრულდეს. თუ მან კრიზისიდან თავის დაღწევა მოახერხა, პოლიტიკური დანაკარგები იმდენად დიდი იქნება, ძნელი წარმოსადგენია, მაკრონმა ზურაბიშვილის ან ივანიშვილის მხარდაჭერისთვის მოიცალოს ან რეალური დახმარების აღმოჩენა შეძლოს.
პოლიტიკური კრიზისი გარდაუვლად გაღრმავდება ქვეყნის შიგნითაც. თუ „ქართულ ოცნებაში“ რეალურად დარჩა ვინმე, ვინც დიპლომატიის ენა იცის და პოლიტიკურ განცხადებაში ქვეტექსტების ამოკითხვაც შეუძლია, მაშინ აუცილებლად შეამჩნევდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებაში ნახსენებ თარიღს, მომდევნო წლის დასაწყისსა და დემოკრატიის ტესტს, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ მომდევნო წლის დასაწყისში ბიძინა ივანიშვილი ვალდებული და იძულებული იქნება, გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად სერიოზული ნაბიჯები გადადგას. ის, რომ საარჩევნო გარემო შესაცვლელია, ამაზე ყველა პოლიტიკური პარტია თანხმდება. საჯილდაო ქვად გადაიქცევა პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება 2020 წელს და ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს დათმობა. თუმცა ამ დათმობის პარალელურად მმართველი პარტიის თავმჯდომარე მეორე დილემის წინაშე დგება, _ მაჟორიტარები პარლამენტში ცალკე კასტად, ადგილებზე კი მინი ფეოდალებად ჩამოყალიბდნენ, ისინი ბოლომდე იბრძოლებენ იმისთვის, რომ 2024 წლამდე მათ გავლენებს არაფერი დაემუქროს, შესაბამისად, კენჭისყრაზეც არ დაუჭერენ მხარს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მაჟორიტარები ახლაც აყვედრიან თავს „ოცნებას“, _ ჩვენ რომ არა, საპრეზიდენტო არჩევნებს ვერ მოიგებდითო.
პოლიტიკურ ველზე, საგარეო და საშინაო ფრონტზე, „ქართული ოცნება“ მარტო დარჩა, მისმა ერთადერთმა პარტნიორმა „პატრიოტთა ალიანსმაც“ სალომე ზურაბიშვილის ბოლომდე ლეგიტიმაციასა და ინაუგურაციაში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა, სამომავლოდ კი ცხადია, „პატრიოტთა ალიანსი“ საკუთარ ხმებზე იზრუნებს და არა „ოცნების“ ღია მხარდაჭერაზე.
სამაგიეროდ, მმართველმა გუნდმა ისეთი ოდიოზური პირების ვალი დაიდო, როგორებიც არიან გოგა ხაინდრავა, ნანა კაკაბაძე, ია მეტრეველი, ძმები გაჩეჩილაძეები და სხვები. ისინი კი მუდმივად მოსთხოვენ ამ მხარდაჭერის დაფასებას ხან ფინანსური, ხანაც _ პოლიტიკური გავლენების სახით. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ჯგუფებთან ივანიშვილი პარტნიორობას ნამდვილად არ აპირებს, რადგან უკვე გამოჟონა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ პროკურატურა უკვე დაინტერესდა ცალკეული პერსონების ბიზნესსაქმიანობით და ამ ფაქტით თავად ეს მარგინალი ჯგუფები იმდენად არიან შეშფოთებულები, ლალი მაროშკინამ განცხადებაც კი გააკეთა, _ თუ ინაუგურაციამდე საკითხი არ გაირკვევა, შესაძლოა, ინაუგურაცია იმ ხალხმა ჩავშალოთ, ვინც სალომე ზურაბიშვილს ღიად დაუჭირა მხარიო. თან გარკვეული მინიშნებაც გააკეთა, _ მათ შორის არის ჩვენი მეგობარი ცნობილი პოეტიო.
როგორც ჩანს, ივანიშვილი ინაუგურაციამდე იფიქრებს და ინაუგურაციის მერე თუ მას თავისა და საკუთარი რეპუტაციის გადარჩენა უნდა, რადიკალური ნაბიჯების გადადგმა უნდა დაიწყოს, თუმცა სკეპტიკოსები იმასაც ამბობენ, რომ ექსპრემიერი რეალურად არანაირ ცვლილებებს არ განახორციელებს, მოთხოვნილ ერთ წელიწადში საკუთარ ფინანსებს მიალაგებს, დაწყებულ ბიზნესპროექტებს დაასრულებს და საპარლამენტო არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის მომენტს დაელოდება, რადგან 2020 წელს „ოცნება“ ხელისუფლებაში ყოფნის ორ წრეს დაასრულებს და ძნელი წარმოასადგენია, რომ მას დამატებითი დივიდენდები ან საკუთარმა მოსახლეობამ მისცეს, ან _ დასავლელმა პარტნიორებმა.
რა მოხდება 16 დეკემბერს? მიუხედავად პატრიარქის თხოვნისა, გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებს ლეგიტიმურად არ აღიარებს, ინაუგურაციაზე დასწრებას არ გეგმავს და მასობრივი საპროტესტო აქციებისთვის ემზადება.
16 დეკემბერს თელავი დიდი პოლიტიკური ბატალიების ადგილი იქნება.

ელისო კილაძე