ნიკა რურუა – სულიერი ურთიერთობა საკუთარ თავთან

ნიკა რურუა 2013 წელს გავიცანი. მანამ კარგა ხანს ფეისბუკით ვურთიერთობდით, მაგრამ ჩვენი პირველი შეხვედრა, სწორედ, 5 წლის წინათ, ზაფხულში შედგა. ინტერვიუს ჩაწერა ცისფერ გალერეაში დავთქვით.

ცოტა არ იყოს გამიკვირდა, ყოფილი ჩინოსნების უმეტესობა ხომ ახლოსაც არ ეკარება ერთ დროს საკუთარ უწყებებსა და დაწესებულებებს. გალერეაში რომ მივედი, იქ დამხვდა – ტყუპები ჰყავდა დავით კაკაბაძის ნამუშევრების დასათვალიერებლად მოყვანილი. ბავშვები დააკვალიანა და ინტერვიუც დავიწყეთ. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, დიმიტრი შევარდნაძიდან და დავით კაკაბაძიდან დაწყებული, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების ანალიზით დასრულებული. ეს არ გახლდათ კლასიკური ინტერვიუ – ვმსჯელობდით ორი ადამიანი და შეხედულებებს ვცვლიდით. ბოლოს ხელი გამომიწოდა და მითხრა: „ვიმეგობროთ“. უმთავრესი განცდა და ემოცია, რაც მაშინ გამიჩნდა, ასეთი იყო, – რა კარგია გონიერ ადამიანთან საუბარი, არ ერიდება თუნდაც ასეთ ფრაზას: „იცი, ამაზე არ მიფიქრია“.
2016 წლიდან კი ჩვენი ურთიერთობა საკმაოდ ინტენსიური გახდა, – ჩაი თუ ყავა? – მკითხავდა და რასაც ავირჩევდი, შემდეგ იმას უკვეთდა, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ორიგინალურობით. ჩაიც და ყავაც განსაკუთრებული ხდებოდა – ანუ ისტორიას მოაყოლებდა, თუ რატომ იყო ინგლისურ მწვანეზე უმჯობესი ცეილონის მწვანე წელიწადის გარკვეულ დროს, როგორი ტექნოლოგიით აყენებდნენ ჩაის ინგლისელები და როგორით – ჩინელები. მოკლედ, ვიდრე პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ თემებზე დავიწყებდით მსჯელობას, იმასაც ვიგებდი, რომელი ყავა რამდენ გრადუსზე უნდა მოიხალოს. ცალკე თემა იყო კულტურა, მისი სფეროები. ბოლოს განსაკუთრებით ხარობდა ფრანკფურტის წიგნის ფესტივალით და დეტალურად აქვს მონაყოლი, როგორ „დაითრია“ ეს დიდი ფორუმი საქართველოსთვის.
ნიკას სახით პირადად მე დიდი განმანათლებელი მყავდა. მას კი ჩემგან პირუთვნელად აინტერესებდა მიმდინარე პროცესების შეფასება. არასოდეს მაწყვეტინებდა აზრს. ბოლოს კითხვებს დამისვამდა. ვერასოდეს ვხდებოდი ჩემ მიერ შეთავაზებული მოვლენების განვითარების სცენარებიდან რომელს ემხრობოდა თავად. თუმცა მეორე შეხვედრაზე აუცილებლად მეტყოდა ან მომწერდა თავის მოსაზრებას. ზაალ უდუმაშვილს გულშემატკივრობდა ძალიან. საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება რამდენჯერმე მკითხა. მერე შევხვდით – ძალიან დაუნდობელი აღმოვჩნდი კამპანიის დამგეგმავების მისამართით. არაფერი მითხრა, თუმცა შევატყვე, რომ გადავამლაშე და ვუთხარი:
– არ გეწყინოს, ნიკა, ეს ჩემი აზრია და იქნებ, ვცდები…
– რა უნდა მეწყინოს, მოქონილ საუბრებს უამრავს ვისმენ, – მომიგო ჩვეულად – მშვიდად.
არ შემიძლია ეს ეპოზოდი არ გავიხსენო: წლებია, სტაბილურად არსად ვმუშაობ. შესაბამისად, ჩემი შემოსავალი ჰონორარზეა დამოკიდებული. ამ თემაზე მასთან არასოდეს მისაუბრია. ამ ზაფხულს დამირეკა და რუსთაველზე „პროსპეროში“ შევხვდეთო, – მითხრა. „ის, რაც გაგვაძლიერებს“ – მისი წიგნი მაჩუქა წარწერით. კარგა ხანს ვისაუბრეთ და დავიშალეთ. ცოტა მანძილი გამოვიარე, წიგნი გადავშალე და ფული დევს. იმ წამს დავურეკე და ვუთხარი:
– ნიკა, წიგნში ფული დევს.
– ისე რომ მომეცა, არ გამომართმევდი და მეც უხერხულში აღმოვჩნდებოდი. ეგ არაფერია, დედას მოახმარე…
როდესაც პირველად მითხრა, – წიგნი უნდა გამოსცეო, ვიფიქრე, მეხუმრებოდა. მერე დეტალურად ამიხსნა, როგორ უნდა გამეკეთებინა, რა სტილი ამერჩია და რა უნდა ყოფილიყო მთავარი სათქმელი – თავისუფალი ადამიანის თავგანწირვა თავისუფლებისთვის. ვადაც კი განმისაზღვრა, როდისთვის უნდა მომეყარა თავი, საბოლოოდ, მასალისთვის. ხედავდა, რომ ტემპს აშკარად ჩამოვრჩებოდი და ნებისმიერ თემაზე საუბრისას, მაშინაც კი, როდესაც წიგნი არაფერ შუაში იყო, უცებ მკითხავდა, – ზარმაცობ, ხო? მოკლედ, თუ ოდესმე შევძელი და გამოვეცი წიგნი ისე, როგორც მან მირჩია, ნიკას მივუძღვნი. არა მის ხსოვნას, არამედ ნიკა რურუას.
მსაყვედურობდა იმის გამო, რომ არ შემეძლო, ინგლისურად წამეკითხა უამრავი ავტორი და ეს ბევრ რამეში მიშლიდა ხელს. თან მიმტკიცებდა, რომ ამ საკითხშიც ვზარმაცობდი და მაგალითად კრილოვი მომიყვანა, – 70-ს გადაცილებული იყო, ლათინური რომ ისწავლაო.

სექტემბერში მე და ვანო პავლიაშვილს გვყავდა სტუმრად „ღამის გამბიტში“. ვანოს გადაცემაში ცუდი – „სწერვა“ იმიჯი ჰქონდა. ზომიერად წაკინკლავდნენ, რაც ნიკას სტილი არ იყო და ეტყობა, ეს განიცადა. მომწერა: „რას ფიქრობ, გოჩა, ვარგოდა? გამოვა გადაცემა საინტერესო?“
მე: „კარგი იქნება ძაან, დამიჯერე“.
ნიკა: „ძაან ხო არ გავუბრაზდი ვანიჩკას? “
მე: „ეგეც კარგია, აცოცხლებს“.
ნიკა: „კამათი კაია. ბრაზიანი ხო არ ვჩანვარ-მეთქი. ხომ არ ეწყინა იმ ბიჭს რამე?“
მე: „არა, არა! ნუ აქცევ მაგას ყურადღებას“.
ეს თითქოს უმნიშვნელო დეტალი ფრიად მნიშვნელოვანი შტრიხია ნიკას პორტრეტისთვის.
როცა რაღაც სათქმელი დაუგროვდებოდა, დამირეკავდა და მეტყოდა: ჩამომწერე უკვე? არ უნდა შემაწუხო ინტერვიუზე? – და მისთვის დამახასიათებელ სიცილს დააყოლებდა.
ბოლოს, პირველ დეკემბერს ვისაუბრეთ – დედა მოიკითხა, – ჯანმრთელობას მიხედე და ექიმთან მიდი აუცილებლადო, ამ დღეებში ჩაი დავლიოთო. შემდეგ კონკრეტულ რაღაცაზე ვისაუბრეთ მეტწილად, მადლობა გადამიხადა ჩემი პოზიციისთვის, შემაქო და გაქრა…
– რა მოუვიდა რურუას? – მომწერა ვანიჩკამ.
– ვინ რურუას? – კითხვითვე მივუგე.
მიხვდა, რომ არაფერი ვიცოდი და საუბარი შემიწყვიტა.
ნიკა აღარ იყო.

***
არ ვაპირებ უამრავი ეპითეტის განმეორებას ნიკა რურუას მიმართ. მხოლოდ ერთ ჩემს აზრს ვიტყვი: იკითხავთ, როგორი უნდა იყოს თანამედროვე ეპოქაში პატრიოტი? გიპასუხებთ: ნიკა რურუა თანამედროვე ეპოქის პატრიოტი ადამიანის ეტალონია – განათლებული, ინტელექტუალი, თავგადადებული! აკი თავადაც ამბობდა: რა გადაგვარჩენს? მხოლოდ განათლება, შემართება და შრომა.
ვიცი, ვიცი, ახლა რასაც მკითხავთ, – ნაკვალევი ქრება? მოვისმინე და წავიკითხე ეს „არგუმენტები“ ამ დღეებში. მეტწილად იმ ადამიანებისგან, რომელთაც არც ობიექტური და არც სუბიექტური მოტივი არ ჰქონდათ ამ უკიდეგანო სიბრაზის, რომლებიც თან ქრისტიანულ ღირებულებეზე აპელირებენ, თან… მე ვერაფერს გიპასუხებთ ამაზე, რადგან არსებობს თავად ნიკას პასუხი: „მეც რომ ვუყურებ, ბევრი სისულელე მაქვს ცხოვრებაში გაკეთებული, ჩემი თავისთვის ბევრჯერ ნაღალატევი, მაგრამ სწორედ ამიტომ მჯერა მონანიების. ძალიან ადვილი იყო, რაღაც მომენტში დამეჯერებინა, რომ აი, ეგა ვარ, რაცა ვარ. და ისეთივე გამოუსადეგარი ვყოფილიყავი ჩემი თავისთვის და ქვეყნისთვის, როგორც ვიყავი. რეზო გაბრიაძემ მითხრა, _ ჩემთვის იქამდე სრულიად უცნობმა კაცმა, დიდი ხანი ვილაპარაკეთ, _ იცი, რაო, მთავარია, ადამიანს და ადამიანობას ემსახუროო. იგივე მითხრა, რასაც ელინგტონი ამბობს ზავინულის დისკზე „Mყ Pეოპლე“. და ეს არ ნიშნავს, რომ ერთხელ გეძლევა ამის შანსი. არა, ამის უფლება და შანსი გაქვს ყოველთვის, მილიონნაირი დაცემის და შეცდომის მერეც“.

ქართული პოლიტიკა…

ნიკა რურუა: „დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ქართული პოლიტიკა, პატარა გამონაკლისების გარდა, სულ ოპონენტების დაშინებაზეა დამოკიდებული: ქუჩაში ხალხის გამოყვანით, დაპატიმრებით, დაცინვით, კომპრომატებით, გაქილიკებით და ა. შ. ანუ თამაში მიმდინარეობს პრინციპით: „ან ყველაფერი, ან არაფერი“ _ სხვა სიტყვებით: ჭინნერ ტაკეს ალლ “-ის წესით. ეს მასობრივი და მდორედ მიმდინარე ფსიქოზის უებარი რეცეპტია.
როდესაც იმაზე შეთანხმდება მთელი საზოგდოება, მედია და პოლიტიკური კლასი, რომ პოლიტიკა არა ერთმანეთის დაშინების, არამედ ოპონირებისა და ამომრჩევლის დარწმუნების ხელოვნებაა, ქვეყანაში ბევრად ჯანსაღი, ურთერთპატივისცემით გამსჭვალული და მშვიდი პოლიტიკური ცხოვრება დაიწყება. ეს აუცილებლად აისახება ხალხის მენტალურ სიჯანსაღეზეც.
დიდსულოვნება, კაცთმოყვარეობა თუ არ არის ადამიანში ან მის მიერ შესრულებულ ნებისმიერ საქმეში, ისიც და მისი აზროვნებაც საბოლოოდ ლიმიტირებული ხდება და მოძალადედ იქცევა, რომ არსებობა გააგრძელოს, რადგან სულიერების გარეშე ჯანსაღი ცხოვრება შეუძლებელია“.

დემოკრატიული პოლიტიკა…

ნიკა რურუა: „დემოკრატიული პოლიტიკა, ანუ დემოკრატიული პოლიტიკური პროცესი არა დაშინების, არამედ დარწმუნების ხელოვნებაა.
დემოკრატია ესაა: როცა ერთი ხელისუფლება საქმეს ვერ აკეთებს, ის მიდის და სხვა მოდის.
საბჭოთა კავშირი იმიტომაც დაინგრა, რომ ისინი, რომლებიც საქმეს ვერ აკეთებდნენ, არ მიდიოდნენ და უვადოდ რჩებოდნენ.
თუ გვინდა, რომ ჩვენც არა მარტო არ დავინგრეთ, არამედ წინაც წავიდეთ, განვვითარდეთ, ცოტათი მაინც გავიმართოთ წელში და გავძლიერდეთ _ უვიცი ხელისუფლება მცოდნეთი, საქმიანით უნდა ჩავანაცვლოთ.
და ეს მშვიდად, მტკიცედ და ყოველგვარი შურისძიების გარეშე უნდა გავაკეთოთ ხოლმე“.

9 აპრილი…

ნიკა რურუა: „მეტწილად 9 აპრილის გამოა, რომ დღეს ჩვენ, საქართველოს, მთელი ცივილიზებული მსოფლიოსგან აღიარებული სუვერენული სახელმწიფო გვაქვს. ეს ამ დღის ყველაზე დიდი მონაპოვარია – სუვერენული, თავისუფალი ქართული სახელმწიფო. ამისთვის ირლანდიელები ათწლეულები, ებრაელები კი საუკუნეები იბრძოდნენ, წვალობდნენ, შრომობდნენ, იხოცებოდნენ“.

სუვერენიტეტი…

ნიკა რურუა: „სახელმწიფოს სუვერენიტეტს ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ. ყველანი. და ვინც ამაზე ხელს აღმართავს, ის უნდა დავამარცხოთ ყოყმანის გარეშე.
ერის ამ ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვარს ყოველი ჩვენგანის დაცვა სჭირდება. ეს უნდა იყოს საზომი ყველა ჩვენი ქმედებისა“.

ჩვენი გასაკეთებელი…

ნიკა რურუა: „მთავარი, ისევ და ისევ, ჩვენი გასაკეთებელია _ ქართველი ქალებისა და კაცების, ჩვენი მოქალქეების, ძმების, დების, დედებისა და მამების, შვილებისა და შვილიშვილების. ეს უნდა შევიგნოთ და ვირწმუნოთ ყველაზე ნათლად და ღრმად.
„თავისუფლების იდეით გაერთიანებული სამი მილიონი ადამიანი მოულეველი ძალაა“, – ამბობდა 200 წლის წინათ ამერიკელი პატრიოტი და ფილოსოფოსი თომას პეინი.
ეს დღესაც ჭეშმარიტებაა.
ჭეშმარიტებაა საქართველოსთან, ანუ ჩვენთან მიმართებითაც. მით უმეტეს, რომ ჩვენ დღეს მეტნი ვართ, ვიდრე მაშინდელი ამერიკელი პატრიოტები; გვყავს მეტი მხარდამჭერი, ვიდრე მაშინდელ კოლონისტებს და მთელი მსოფლიოც უფრო ურთიერთგადაჯაჭვულია, ვიდრე ეს ამერიკული რევოლუციური ომის დროს იყო.
ასე რომ, ყველაფერი ჩვენს ხელშია, – ჩვენი თავისუფლება, კეთილდღეობა ან, საპირისპიროდ, უმოქმედობასა და ურთიერთსიძულვილის შემთხვევაში, მონობა და სიღატაკე“.

ყველაზე ცუდი…

ნიკა რურუა: „ყველაზე ცუდია, როცა ვინმეს დაუმსახურებლად ვაქებთ. ამით მის ყველა სასიცოცხლო ინსტინქტს ვადუნებთ და ამ ადამიანს პასიურ, დემოტივირებულ ტიპად ვაქცევთ.
საბჭოთა რეჟიმი, რომელიც კოლაბორაციონისტებს ასე ენატრებათ, მთელ ჩვენს ერს სწორედ ამ მიზეზით „აქებდა“ და „ადიდებდა“ ათწლეულობით, რომ ქართველთა სასიცოცხლო ენერგია თვითკმაყოფილების ჭაობში ჩაფლულიყო და უმოქმედობა, შემგუებლობა ნორმად ქცეულიყო.
შედეგი, ჯერ კიდევ, სახეზეა _ საზოგადოებრივი ირაციონალობა და ყალბი, დაუსაბუთებელი „უპირატესობის“ შეგრძნება ყველას მიმართ.
P. s. გამხნევებაში არ შეგეშალოთ, გამხნევება კარგია და საჭირო“.

სად ჩანს კულტურა?..

ნიკა რურუა: „ქვეყნის კულტურა ყველაზე ზუსტად ჩანს საგზაო მოძრაობასა და საჯარო ტუალეტებში“.

ერის წარმატებულობა…

ნიკა რურუა: „ერის წარმატებულობა/წარუმატებლობა ხშირად იმითაც იზომება, თუ რამდენად აქვს მას რაღაცის წარმოების უნარი.
საქართველო, შედარებით ნორმალურ ღვინოსთან, საშუალო ხარისხის ფილმებთან, უვიც პოლიტიკოსებთან და კარგ საოპერო მომღერლებთან ერთად დღეს, ანუ აწმყოში, დიდი რაოდენობით დეპრესიას აწარმოებს.
ასე რომ, თვითონ განსაჯეთ, რამდენად წარმატებული ერი ვართ დღეისთვის“.

წინა ხელისუფლების შეცდომა…

ნიკა რურუა: „ერთხელ, ერაყის ომის დროს, როცა სიტუაცია ძალიან დამძიმდა, პრეზიდენტმა ბუშმა იქაურ შტაბში საკუთარი „თვალი“, ერთი გადამდგარი გენერალი მიავლინა. ამ გენერალმა ერთ მშვენიერ დღესაც გადაწყვიტა, პეტრეუსისთვის (ამერიკელი გენერალი, ვინც ერაყში ანტიტერორისტულ კოალიციურ ძალებს ხელმძღვანელობდა) სასარგებლო რჩევა მიეცა, რაზეც პეტრეუსისგან იმწუთიერი მკვახე პასუხი მიიღო: თჰანკს, ჟოე, ბუტ ნო – ყოუ`რე ნოტ აცცოუნტაბლე “.
თარგმანში ეს ნიშნავს: „გმადლობთ, მაგრამ თქვენს რჩევას ვერ მივიღებ, რადგან ანგარიშვალდებულება არ გაკისრიათ“.

P. s. ზუსტად ასე უნდა იქცეოდეს ყველა ოფიციალური პირი და არ უნდა იღებდეს რჩევებს იმათგან, ვინც ამ რჩევების განხორციელების შემთხვევაში მათ ავკარგიანობაზე პასუხს არ აგებს. ეს როგორც დემოკრატიის პირველი პირობაა, ასევე კანონისა და საღი აზრის მოთხოვნაცაა.

წინა ხელისუფლების (რომლის წევრიც გახლდით) ყველაზე სერიოზული, უმთავრესი შეცდომები სწორედ ასეთი „რჩევებისა“ და „გადაწყვეტილებების“ გამო იქნა დაშვებული – ანუ მავანთა მხრიდან სხვის საქმეში ცხვირის დაუსჯელად ჩაყოფის მანკიერი პრატქიკის გამო“.

ერი და მტერი…

ნიკა რურუა: „ერი, რომელმაც არ იცის გარჩევა, ვინაა მისი მტერი, თავისუფლებასა და მისგან გამომდინარე ყველა სიკეთეს, უბრალოდ, არ იმსახურებს.
ყველა წარმატებული, კეთილდღეობას მოსწრებული სახელმწიფო მხნე და თავმოყვარე ხალხის აშენებულია.
მონები და ყველა ჯურის ფარისევლები ვერ ქმნიან ვერაფერს, ყალბი კოლოსების გარდა, რომელთაც ისტორია ნანგრევებად ინახავს ხოლმე“.

გასაკვირი…

ნიკა რურუა: „იმ ქვეყანაში, სადაც საუკეთესოებს – გონებით, კეთილშობილებით, წარმატებით, წესიერებით – ამორჩევით და მეთოდურად ხვრეტდნენ ათწლეულების განმავლობაში, ამაზე უფრო უარესად რომ არ ვართ, ეს არის გასაკვირი.
ბოლშევიკური „სოციალური ინჟინერიის“ ნაყოფს ახლა ვიმკით“.

სტალინი…

ნიკა რურუა: „კოტე აფხაზის, ვარდენ წულუკიძის, ალექსანდრე ანდრონიკაშვილის, გიორგი ხიმშიაშვილის, როსტომ მუსხელიშვილის, გიორგი მაზნიაშვილის, სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელის, მიხეილ ჯავახიშვილის, ტიციან ტაბიძის, ევგენი მიქელაძის, დიმიტრი შევარდნაძის, პეტრე ოცხელის, ვახტანგ კოტეტიშვილის, სანდრო ახმეტელის, ლევან რაზიკაშვილის, მიხა ხელაშვილის და ათობით ათასი საუკეთესო ქართველის ჯალათის, სხვების კი ციხეებსა და გადასახლებებში მტანჯველის, ასევე სოჭის, ლორეს, ზაქათალის დე იურე გამსხვისებლის, ხელოვნური ავტონომიების შენელებული ნაღმების ავტორს საქართველოსა და სხვა დაპყრობილი ერების მიწაზე, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის წინამძღოლს, საბჭოთა გულაგებისა და რუსული „ჩეკას“ სისტემის შემოქმედს _ იოსებ სტალინს _ დღეს მავანნი ღიად ხოტბას ასხამენ და საქართველოში მისი პორტრეტის ყველა კაბინეტში ჩამოკიდებას წინასწარმეტყველებენ.
ამაზე დიდი თვითლუსტრაცია შეუძლებელია.
საქმე გვაქვს როგორც სრულ სიბნელესთან, ასევე სრულ ამორალობასა და მძიმე ფორმის გონებასისუსტესთან“.

გზა ევროპისკენ…

ნიკა რურუა: „თუ ირლანდია ახალ ირლანდიად უნდა იქცეს, ის ჯერ ევროპული უნდა გახდეს“, – ჯეიმს ჯოისი.

P. s. ზუსტად ასეა საქართველოს შემთხვევაშიც – ის, რაც ირლანდიამ ჯოისის დროს, ანუ 100 წლის წინათ გააკეთა, დღეს უნდა გავაკეთოთ ჩვენც“.

ადამიანი…

ნიკა რურუა: „ადამიანი ისეთივეა, დაახლოებით, როგორიც 2000 წლის წინათ. განათლების გარეშე კი უცებ ისეთი ხდება, როგორიც 50.000 წლის წინათ იყო.
ცივილიზაცია ძალიან მყიფე რამეა, რომელიც გაფრთხილების (ანუ განვითარებისა და დაცვის) გარეშე იოლად ქრება.
ამის მაგალითებია: რომის განდგურება ბარბაროსების მიერ, „ბნელეთის დროება“ შუაგულ ევროპაში, ჰიტლერის ფაშიზმი გერმანიაში, ბოლშევიკური საბჭოეთი, პუტინისეული რუსეთი და ა. შ.
პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთია _ ადამიანისა საკუთარ საქციელზე, ანუ პასუხისმგებლობა განუყოფელია პიროვნებისგან. და ეს ევოლუციის პერიოდში განხორციელებული კულტურული აქტის პირმშოა. უამისოდ ადამიანი ვერ გახდებოდა ცივილიზებული და ნადირად, ცხოველად დარჩებოდა“.

ხუთი წესი

ნიკა რურუა: „ჩემი მთავარი (საკმაოდ) ხუთი წესი:
1. პირველ ყოვლისა: კრიტიკული აზროვნება _ ყველაფრის მიმართ: საკუთარი თავის, მოვლენების, ცხოვრების მიმართ. უამისოდ წარმოუდგენელია განვითარება. რაც თუ აღმასვლით ტენდენციას არ ინარჩუნებს, დაღმასვლას იწყებს;
2. ფიზიკური ვარჯიში. თუნდაც ელემენტარული, რომ ორგანიზმის შინაგან განუწყვეტელ მუშაობას გარეგნული პასიურობა, ინერტულობა არ ვუქციო პრობლემად;
3. კითხვა _ ყველაფრის, რაც საინტერესოა, მხატვრულიც და სამეცნიეროც, ამის გარეშე ადამიანი არ ვითარდება;
4. ადამიანებთან ურთიერთობა _ ეს აუცილებელია, რადგან ჩვენ, უპირველსად, სოციალური არსებები ვართ და მხოლოდ ამის შემდეგ _ პოლიტიკური არსებები;
5. ლოცვა ან ნებისმიერი სულიერი ურთიერთობა საკუთარ თავთან და განგებასთან. ან იმასთან, ვინც ან რაც ასეთად მიაჩნია თითოეულ ადამიანს. სულიერი გამოცდილების საშუალებით საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობის სურვილით ცხოვრება“.

ნიკას ეს სიტყვები ამოვკრიფე მისი წიგნიდან: „ის, რაც გაგვაძლიერებს“. ეს ის საკითხებია, მხოლოდ ნაწილობრივ, რაზედაც ვსაუბრობდით, ვმსჯელობდით. მესმის, უამრავი საკითხი დავტოვე გვერდზე… მაგრამ იმის გახსენების დროც მოვა.

P. s. ახლა კი რისი თქმა მინდა: ვუერთდები ლაშა ბუღაძეს მის ინიციატივაში, „ოკუპაციის მუზეუმისთვის“ ნიკა რურუას სახელის მინიჭების შესახებ. ასევე იმედს ვიტოვებ, რომ ნიკას საქმე და იდეები – თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის უპირობო ბრძოლა – გაგრძელდება ახალ ინიციატივებსა და წამოწყებებში.

გოჩა მირცხულავა