სად გაქრა მილიონი? – “ოცნების” წაგების შემდეგ თელავში დიდი წმენდა იწყება

ცესკო-ს შედეგების მიხედვით „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საქართველოს ორ ქალაქში გაიმარჯვა.

თელავში ვაშაძეს 51.19% (16 644 ხმა) აქვს, სალომე ზურაბიშვილს კი _ 48.81% (15 868 ხმა).
ამასთან, გრიგოლ ვაშაძემ 51.51% (28 349 ხმა) მოიპოვა რუსთავში, სალომე ზურაბიშვილს კი რუსთავის ამომრჩეველთა 48.81%-მა დაუჭირა მხარი (15 868 ხმა).
„ქართულ ოცნებაში“ დიდი კითხვები გაჩნდა…
რა მოხდა?
რატომ წააგეს თელავი?
არადა, ჯერ კიდევ, პირველ ტურში, ცესკოს მონაცემებით, თელავის საარჩევნო ოლქში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ამომრჩეველთა 32.79%-მა დაუჭირა მხარი (9383 ხმა), ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 50.12% (14 341 ხმა) მიიღო.
მესამე ადგილზე გავიდა „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე, რომელმაც თელავში ამომრჩეველთა 7.9%-ის (2174 ხმა) მხარდაჭერა მოიპოვა.
მეოთხე ადგილზე კი „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატი შალვა ნათელაშვილია, რომელმაც ხმების 4.38% (1252 ხმა) მიიღო.
თელავში ამბობენ, რომ დიდი წმენდა იწყება.
პირველს, ვისაც სამსახურიდან გაუშვებენ, კახეთის გუბერნატორი იქნება. სრულად შეცვლიან გუბერნიის თანამშრომლებს.
მომდევნო კვირაში „ოცნება“ განიხილავს, თელავის რომელ სოფლებში ჩატარდება შუალედური არჩევნები, რაც იმას ნიშნავს, რომ სოფლების მოქმედ მაჟორიტარებს მოუწევთ განცხადებების დაწერა.
ბიძინა ივანიშვილის მოწოდება, _ გადით ხალხში და დაელაპარაკეთ, _ თელავში ისე გაიგეს, რომ სოფლებში სულ 10 კაცს უნდა შეხვედროდნენ ღამით ოჯახებში და სუფრაზე ექეიფათ.
მართალია, თელავში მეორე ტურში „ქართულმა ოცნებამ“ 5000-ზე მეტი ხმა ამოქაჩა, მაგრამ მაინც ვერ შეძლო, საბოლოოდ მოეგო.
მიზეზები კი ბევრია, მათ შორის, ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც მუნიციპალიტეტში დაგეგმილი იყო და წესით, ივნისიდან უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ნურას უკაცრავად.
რეალურად ეს არ იყო თელავში მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნები, ეს იყო პასუხი ადგილობრივ თვითმმართველობას.
ეს იყო პასუხი მაჟორიტარ დეპუტატებს.
ეს იყო პასუხი შემცირებულ სოციალურ პროგრემას.
ეს იყო პასუხი ინერტულობას, პასიურობას.
თელავმა თქვა, რომ ისინი ასფალტს არ ჭამენ, მაგრამ არც ასფალტია უკვე, რომ ჭამონ.
თელავმა თქვა, რომ ძირეული რეფორმებისა და დიდი საკადრო ცვლილებების დროა.
მაგალითისთვის თუ ავიღებთ აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ ყარაჯალას, ვნახავთ, _ ჯერ არჩევნების ისტორიას არ ახსოვს, რომ აზერბაიჯანული სოფელი ოპოზიციას მოეგო. მაგრამ წელს ვნახეთ, რომ არჩევნებში ჩართულია სრულიად სოფელი, რომელიც რადიკალურ უარს ეუბნება ხელისუფლებას.
მაგალითად, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიშა სააკაშვილი ყარაჯალაში თითქმის ყველა 1000-კაციან ქორწილში ერთვებოდა სკაიპით და სწორედ ასე შეკრებილ ხალხს ესაუბრებოდა მათ ენაზე. ჩვენ ვნახეთ, რომ „ქართული ოცნების“ ის ძველი, 2012 წლის აქტივი, ახლა უკვე გაერთიანებული ოპოზიციის მხარეს დგას.
მოარული ხმებით მხოლოდ თელავში არჩევნების ჩასატარებლად 1 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. სად წავიდა ეს ფული? _ აი, ეს აინტერესებს დღეს ბიძინა ივანიშვილს.
_ ძმამ ძმას ფული ასესხა და მაინც ძმები იყვნენ, _ ასე დაიწყო თელავის განხილვაზე საუბარი პარტიის თავმჯდომარემ.
ზუსტად ერთ კვირაში ხარჯთაღრიცხვა, დახარჯული თანხის დოკუმენტაცია ბიძინას მაგიდაზე უნდა აღმოჩნდეს.
ამასობაში კი კახეთის გუბერნატორობას ცდილობს „ქართული ოცნების“ ანალიტიკური სამსახურის უფროსი მირიან ყარაულაშვილი.
„ოცნების“ ადგილობრივი ჯგუფი ცდილობს, აიცილოს თელავის მერის გადადგომა.
ალტერნატიული, „ოცნების“ მეორე შტაბი კი მუშტებზე იყურება და ცემა-ტყეპისთვის ემზადება.
„ოცნება“ „ოცნებას“ აღარ ჰგავს.
თელავში „ქართული ოცნება“ უახლოეს 5 წელიწადში არჩევნებს ვეღარ მოიგებს. ეს უკვე ნათელია და ამიტომ ბიძინა ივანიშვილიც სასწრაფო დასჯას მოითხოვს რიგი ადამიანებისა. ვნახოთ, რა იქნება შემდეგ კვირას…

მაკა მოსიაშვილი