როგორია ჟურნალისტის თვალით დანახული მოზაიკური მხატვრობა და კაფელის ფილებისგან შექმნილი ნამუშევრები?

„ქრონიკა+“ კიდევ ერთ საინტერესო ადამიანს გაგაცნობთ, _ ნინი აბრამიშვილი პროფესიით ჟურნალისტია. მიუხედავად იმისა, რომ ის არ ხატავს, მოზაიკის ხელოვნებას საკმაოდ ადრეული ასაკიდან დაეუფლა. ერთ მშვენიერ დღეს კი გადაწყვიტა, რომ დამსხვრეული კაფელის ფილებისგან შეექმნა ნახატი. ასე დაიწყო ახალგაზრდა ჟურნალისტმა მონუმენტური მხატვრობა, რომელიც მისი შემოსავლის ერთ-ერთ წყაროდაც კი იქცა.

„თავდაპირველად იხატება ესკიზი. შემდეგ ესკიზი პატარ-პატარა ნაწილებად იჭრება. შემდეგ თითოეული ნაწილისთვის საგულდაგულოდ ვარჩევ შესაფერის ქვებს, ნატეხებს, თან ფანტაზიას ვიშველიებ და ესკიზის თითოეულ ნაწილს შერჩეულ ქვაზე ვაწებებ“, _ გვითხრა ნინიმ.
მოზაიკა მონუმენტური მხატვრობის ერთ-ერთი უძველესი და ურთულესი სახეობაა. კენჭებით აწყობილი ნახატი მაღალ ტექნიკურ და მხატვრულ ოსტატობას მოითხოვს.
მოზაიკის ტრადიცია სათავეს იღებს უძველეს ცივილიზაციებში (შუამდინარეთი, საბერძნეთი, რომი). ძველ რომში მოზაიკით სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობის კედლებსა და იატაკს ამკობდნენ, შუა საუკუნეებში კი – ქრისტიანული ტაძრების ინტერიერს.
საქართველოში მოზაიკის ტრადიცია ბიზანტიურს უკავშირდება, თუმცა ქართული სტილის თვითმყოფადობა ქართულ სამხატვრო სკოლასთან სიახლოვით დასტურდება. დღეს ეკლესიების მოზაიკური მორთულობის ძალზე მცირე ნაწილია შემორჩენილი. შედარებით სრულად მხოლოდ მე-12 საუკუნის გელათის ღვთისმშობლის უნიკალური მოზაიკური ფრესკაა მოღწეული.
_ ნინი, როდის გაგიჩნდა სურვილი, რომ ფერადი ნატეხებისგან შეგექმნა სურათები? ბავშვობიდან ხატავ?
_ გაგიკვირდებათ, ალბათ, თუ ვიტყვი, რომ არ ვხატავ. ბავშვობაში, უბრალოდ, კარგად ვხაზავდი. ხელოვნებისადმი ინტერესი სულ მქონდა, თუმცა რაღაც პერიოდში აღარ მიმიქცევია ყურადღება და რამდენიმე თვის წინ, როდესაც სახლში რემონტი გვქონდა და კაფელი დავინახე, რომელსაც აღარ იყენებდნენ, სწორედ აქედან წამოვიდა იდეა, რაღაც შემექმნა, _ წავედი, ვიყიდე საჭირო წებო და ასე დავიწყე.
_ რა ჰქვია იმას, რასაც ქმნი და მოგვიყევი, როგორ აკეთებ ამ ყველაფერს?
_ ზოგადად, ასეთ ნამუშევრებს მოზაიკა ჰქია, მაგრამ მოზაიკა ბევრად უფრო ხარისხიანი მასალით კეთდება და არა იმით, როგორც მე ვაკეთებ, ვიყენებ კაფელს, ვყიდულობ ვამტვრევ, ასევე იყიდება სპეციალური დატეხილი ქვები სხვადასხვა ზომის, ფერის, სიპრიალის. რა ნივთზეც ქმნი მოზაიკას, ეს იქნება მაგიდა, ქოთანი, თეფში, ლარნაკი თუ ჩარჩო, უბრალოდ, მასზე ვხატავ ზედაპირულად იმ ფიგურას, რაც მე მინდა და შემდეგ ზევიდან წებოს საშუალებით ვაწყობ ამ ნახატებს. ზოგი ფიგურა ჩემი იდეაა, ზოგს ინტერნეტში ვნახულობ და ა. შ.
_ სოციალურ ქსელში გაქვს გვერდი. ამ ნამუშევრებს ყიდი თუ?
_ შეკვეთები არც მიფიქრია, თავიდან ჩემთვის ვერთობოდი და პირველი ნამუშევარი დედას გავუკეთე. იმდენი გამოხმაურება ჰქონდა, ძალიან გამიკვირდა და გამიხარდა, ცხადია. შემდეგ უკვე გარშემომყოფების დაჟინებული თხოვნით სოციალურ ქსელში შევქმენი გვერდი და აქედან უკვე ვიღებ შეკვეთებს.
_ პროფესიით ჟურნალისტი ხარ და მუშაობ. ეს არის საქმე, რომელიც ძალიან დიდ დროს მოითხოვს. ოქროს შუალედს როდის ნახულობ?
_ აი, სწორედ ეს არის მთავარი. ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს და როგორც კი თავისუფალ დროს ვნახულობ, მაშინვე კეთებას ვიწყებ. უფრო შაბათ-კვირას, როდესაც დასვენების დღეებია, სხვა დროს შეუძლებელია.
_ გამოფენის გაკეთებაზე არ გიფიქრია?
_ ვფიქრობ, რომ ჩემზე ბევრად ნიჭიერი ადამიანები არსებობენ, რომლებიც ასეთ ნამუშევრებს და უკეთესებსაც კი ქმნიან. სიმართლე გითხრათ, ცოტა მერიდება მათ ფონზე ჩემი გამოფენის მოწყობა. ალბათ, დადგება დრო, როცა ამ გადაწყვეტილებამდე მივალ, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოების სურვილიც იქნება.
_ თავიდან რატომ მოგინდა, რომ ამ ფორმით შეგექმნა ნამუშევრები?
_ გამომდინარე იქიდან, რომ ხატვა არ შემიძლია ისე კარგად, როგორც საჭიროა, ნახატებს ვერ შევქმნიდი, ამიტომ ეს საუკეთესო გზაა ჩემი იდეების განსახორციელებლად და თან არც ისე რთულია, უბრალოდ, დიდი ნებისყოფა სჭირდება თითოეულ ნამუშევარს.
_ რა დრო გჭირდება ერთი ნამუშევრის შესაქმნელად?
_ გააჩნია ნამუშევრის სირთულეს: თუ ფიგურა რთულად შესასრულებელია, მაშინ ერთი ან ორი დღე და თუ მარტივად, მაშინ 2-3 საათშიც ვასრულებ ხოლმე.
_ ნინი, ნებისმიერ თავისუფალ დროს შეგიძლია მოზაიკის გაკეთება დაიწყო, თუ ამისთვის მუზა, განწყობა გჭირდება?
_ რა თქმა უნდა, ამ დროს მუზა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფერი გამოვა. თუ „აი, ის რაღაც“ არ მოვიდა, ვერაფრით შეასრულებ კარგად. შეიძლება რაღაც გააკეთო, თუმცა არა იმ ხარისხის, რაც სჭირდება ასეთ ნამუშევრებს. ამიტომ მუზას ნამდვილად ველი ხოლმე.
_ რამდენი წელია, რაც ამ საქმიანობას ეწევი?
_ ბავშვობიდანვე მიტაცებდა მსგავსი რაღაცები, მაგრამ ყოველთვის მჭირდება გარშემომყოფების ბიძგი, რომელსაც ვერასდროს ვგრძნობდი და ამიტომ შევჩერდი. ზაფხულში, ერთ დღესაც, თავისუფალი დრო მქონდა, თან მუზაც ამ დროს „მოვიდა“ და დავიწყე, ანუ სულ რამდენიმე თვეა, აქტიურად ვაკეთებ.
_ რომელ ნამუშევარს გამოარჩევდი?
_ განსაკუთრებით გამოვარჩევდი პირველ ნამუშევარ „ყაყაჩოს“, რომელიც დედას მივუძღვენი, თან მაშინ დაბადების დღე ჰქონდა, თუმცა თითოეული ნამუშევარი მნიშვნელოვანი არის და იქნება მომავალშიც.

გიორგი საკარული