უცნობი საქართველოს ქრონიკა – 1919 წლის ივნისი

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##3-27;29-36.

დენიკინის საფრთხე

1919 წლის ივნისში ვითარება გართულდა საქართველოს ჩრდილოეთ საზღვართან. მოხალისეთა თეთრმა არმიამ, რომელსაც გენერალი ანტონ დენიკინი მეთაურობდა, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და მოკლე დროში თითქმის მთლიანად დაიმორჩილა ჩრდილოეთ კავკასია. მაისის შუა რიცხვებში დენიკინის ნაწილებმა დაიკავეს პეტროვსკი (დღევანდელი მახაჩყალა), დერბენტი და აზერბაიჯანის საზღვარს მიუახლოვდნენ. დენიკინის შეტევის შედეგად დამოუკიდებლობა დაკარგა მთიელთა რესპუბლიკამ.
დენიკინის რაზმები გააქტიურდნენ სოჭის ოლქშიც. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დიდი იყო იმის საფრთხე, რომ რუსული ნაწილები საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებას დაიწყებდნენ. გაზეთში გადმოცემული ცნობების მიხედვით, სოჭის პარალელურად, მოხალისეთა არმიის ემისრები ბათუმშიც გააქტიურდნენ, რომელიც კავკასიაში დენიკინის მოხალისეთა შემკრებ მთავარ წერტილს წარმოადგენდა.
როგორც ჩანს, შექმნილი მდგომარეობა იმდენად საგანგაშო იყო, რომ 1919 წლის 1-ლ ივნისს საქართველოს დამფუძნებელი კრების საგანგებო სხდომა გაიმართა, სადაც არსებული ვითარების შესახებ ვრცელი მოხსენება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა წაიკითხა. გაზეთი „საქართველო“. 1919 წლის 3 ივნისი: „მოქალაქენო, დენიკინის შავი ლაშქარი ჩვენს ქვეყანას ემუქრება და მე მთავრობის დავალებით მინდა გაგაცნოთ თქვენ ფაქტიური მდგომარეობა ჩვენი რესპუბლიკისა… დენიკინის შავი ლაშქარი ადერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარს კიდეც მიადგა. როგორი მდგომარეობაა სოჭის ოლქში, იქ აშკარად სჩანს, რომ დენიკინის რაზმი მოქმედებას იწყობს და შესაძლებელია, რამდენიმე დღის შემდეგ ჩვენ შევხვდეთ იარაღით. იმავე დროს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას აქვს უტყუარი ცნობები, რომ მზადდება ჩვენს წინააღმდეგ კიდევ ახალი ფრონტი. ჩვენ გვაქვს ცნობები, რომ ბათუმში აპირებენ გენერალ-გუბერნატორად რომანოვსკის დანიშნვას და მას განკარგულებაში ექნება მცირე რაზმი მოხალისეთა ჯარისა. ასეთია მოქალაქენო, საერთო სურათი. აქედან აშკარად დაინახავთ, რომ დენიკინი და რუსეთის რეაქცია ამიერ-კავკასიას და ჩვენ რესპუბლიკას რგოლივით გარს ერტყმის და მას დედამიწის ზურგიდან ალაგმვას უქადის. მაგრამ თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ არავითარ შიშს ჩვენ შორის ადგილი არ უნდა ჰქონდეს…
ჩვენ დავიჭირეთ ისტორიული ჩვენი საზღვრები და წინ წასვლას არ ვაპირებდით, მაგრამ 23 მაისს დენიკინის წარმომადგენელთან მოლაპარაკებამ აშკარად დაგვიმტკიცა ჩვენ თუ რა ასულდგმულებდა გენერალ დენიკინს. თუ რა აინტერესებდა და რისკენ იყო მიპყრობილი მისი თვალები. ჩვენ უკვე აშკარად დავრწმუნდით მაშინ, რომ აქ საქმე გვაქვს არა სოჭის ოლქზე, არა საზღვრის საკითხზე, არამედ დენიკინი ფიქრობს მოსპოს მუშათა რევოლიუცია, მოსპოს საქართველოს რესპუბლიკა და საქართველოს დემოკრატია. რომ მას არ აინტერესებს თვით საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და ის ხმალს მხოლოდ მაშინ ჩააგებს, როდესაც ის თავის შავბნელ ძალებს შემოუსევს საქართველოს რესპუბლიკას და ალაგმავს დედამიწის ზურგიდან ჩვენ დამოუკიდებელ რესპუბლიკას და ჩვენ ხალხს. თავისთავად ცხადია, რომ ამის შემდეგ მოლაპარაკებით საქმის დამთავრებაზე ლაპარაკი ზედმეტია….“
ევგენი გეგეჭკორის შემდეგ გამომსვლელის ტრიბუნა ნოე რამიშვილმა დაიკავა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა არ აწარმოებს აგრესიულ პოლიტიკას და იგი მხოლოდ თავს იცავს. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ქართველ ერს დენიკინის ბრბოებთან შედარებით უდავო უპირატესობა გააჩნია, რადგან ქართველები საკუთარ სამშობლოს იცავდნენ და ურყევი რწმენა გამოთქვა, რომ დენიკინი ამ თავის შავ მიზანს ვერასოდეს მიაღწევდა.
დენიკინის საფრთხესთან დაკავშირებით დამფუძნებელ კრებაში არსებულმა ყველა პოლიტიკურმა ძალამ ისაუბრა. საგანგებო სხდომის ბოლოს კი საქართველოს პარლამენტმა სპეციალური რეზოლუცია მიიღო: „მოისმინა რა დამფუძნებელმა კრებამ მთავრობის მოხსენება დენიკინის შემოსევის შესახებ, იგი აცხადებს, ეს გამოწვეულია ძველი რუსეთის მოტრფიალე იმპერიალისტთა ზრახვებით, რომელთაც განუზრახავთ წვრილი ერების დამონება და დემოკრატიის განადგურება.
დამფუძნებელი კრება დარწმუნებულია, რომ ჩვენი სახელოვანი ჯარი და გვარდია ღირსეულად შეხვდება მტერს და დაიცავს საქართველოს რესპუბლიკის ღირსებას და ხელშუხებლობას.
დამფუძნებელი კრება მოუწოდებს მთელ ერს შემოიკრიბოს მთავრობის გარშემო, ზურგი გაუმაგროს ლაშქარს, როგორც მეომართა მიცემით, ისე ქონებრივ მსხვერპლის გაღებით და მორალური დახმარებით.
დამფუძნებელი კრება დარწმუნებულია, რომ ამიერ-კავკასიის რესპუბლიკები და მათი დემოკრატია, ხელიხელ ჩაკიდებულნი იბრძოლებენ საერთო საფრთხის წინაშე და თავიანთ თავისუფლებას დაიცავენ.
დამფუძნებელი კრება რწმენას გამოსთქვამს, რომ ევროპის სახელმწიფოები და განსაკუთრებით მუშათა დემოკრატია ხმას აღიმაღლებენ ჩვენი ერისა და დემოკრატიის დასაცავად“.
1919 წლის ივნისის გაზეთებში პერიოდულად სოჭის ოლქში ქართული არმიის ნაწილებისა და დენიკინის შენაერთების შეტაკების შესახებ მოსული ცნობები იბეჭდებოდა. მაგრამ როგორც ჩანს, ამ ბრძოლებს მხოლოდ ლოკალური ხასიათი ჰქონდა და ის ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში არ გადასულა. მაგალითად, 4 ივნისს, გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მოწინააღმდეგის 200-კაციანმა რაზმმა 222 სიმაღლეზე განლაგებულ ქართულ ნაწილს შეუტია, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და დიდი ზარალის შემდეგ უკუიქცა. იქვე გაზეთი აქვეყნებს სოხუმის ჯარების უფროსის პოლკოვნიკ კარგარეთელის შეტყობინებას, რომ სოფელ როგოზინოში მტერმა ჩვენს მზვერავებს სროლა აუტეხა, რის შემდეგაც მოკლეს მხედარი ისაკაშვილი და დაჭრეს მისი ამხანაგი ივანიძე.
4 ივნისის ნომერში მოცემულია თბილისის გარნიზონის უფროს გენერალ-მაიორ მაყაშვილის ბრძანება, რომელიც ყველა რუსი ეროვნების ოფიცერსა და სახელმწიფო მოხელეს გარნიზონის კანცელარიაში რეგისტრაციის გავლასა და აღრიცხვაზე დადგომას ავალდებულებს. აქვე მითითებულია, რომ ის პირი, ვინც ამ ბრძანებას არ დაემორჩილებოდა, საომარი ვითარების შესაბამისად დაისჯებოდა და საქართველოს რესპუბლიკის მტრად გამოცხადდებოდა.
გააქტიურდა ბრძოლა თბილისში მყოფი დენიკინის აგენტებისა და ჯაშუშების წინააღმდეგ. 15 ივნისის ნომერში დაბეჭდილია ცნობა, რომ საგანგებო რაზმმა სამხედრო სამინისტროს ტოპოგრაფიული განყოფილების ერთ-ერთი თანამშრომელი, პოდპოლკოვნიკი ნიკიტინი დააპატიმრა, რომელსაც ჩრდილოეთ კავკასიაში გამგზავრება და იქ დენიკინის არმიაში ჩაწერა სურდა. ჩხრეკისას ნიკიტინს სამხედრო სამინისტროდან მოპარული საიდუმლო რუკები და დოკუმენტაცია აღმოუჩინეს. როგორც გაირკვა, ეს მასალა მას დენიკინის შტაბისთვის უნდა გადაეცა.
4 ივნისის ნომერში გაზეთი „საქართველო“ შეშფოთებას გამოთქვამს, რომ საქართველოს დედაქალაქში უამრავი დენიკინის მომხრე რუსი სამხედრო და ჩინოვნიკი იყო თავმოყრილი, რომლებსაც ნებისმიერ წუთს შეეძლოთ მტრული მოქმედება დაეწყოთ საქართველოს წინააღმდეგ. თბილისში არალეგალურად მოქმედებდა რუსი ოფიცრების შემკრები სამობილიზაციო ცენტრები, რომლის საშუალებითაც დენიკინი მუდმივ შევსებას იღებდა. გაზეთი მთავრობას მოუწოდებდა, ამ გარემოებისათვის ჯეროვანი ყურადღება მიექცია და დროზე აელაგმა რუსი ოფიცრების მტრული მოქმედება ქვეყნის ცენტრში: „თბილისში დღეს იმდენია ძველი გამოცდილი და ნაომარი რუსის ოფიცრობა, დენიკინის იდეური მიმდევარი და მისი ფაქტიური დამხმარე, რომ ორი პოლკი თამამად შესდგება, თვალის დახამხამებაზე, მათ თოფებიც გაუჩნდებათ და სხვა საომარი მასალაც. მათ მიჰყვება ყველა რუსის მოხელე, როგორც უადგილოდ დარჩენილი, ისე ჩვენი სტუმართმოყვარე რესპუბლიკის სამსახურში მყოფიც. ვინაიდან ინგლისის აქაური სარდლობა დენიკინს თოფ-იარაღს და ტანკებს აქედან ჩრდილო-კავკასიაში აწვდის, სრული საბუთი გვაქვს ვიფიქროთ, რომ თუ დენიკინის აქტიურმა მიმდევრებმა თბილისში თავი წამოჰყვეს, ინგლისის სარდლობა მათ თოფითაც და ფულითაც დახმარებას აღმოუჩენს.
ამგვარად არეულობის მოსახდენად დიდძალი ცოცხალი და მკვდარი მასალა აწყვია თბილისში _ რომ ამან იფეთქოს, საჭიროა მხოლოდ დენიკინის ჯარისა და საქართველოს ჯარის პირისპირ შებმა და ჩვენი, თუნდაც წუთიერი უკან დახევა. კატასტროფის ჩვენს თავზე დამტეხი ძალა სწორედ თბილისში მყოფი და მომქმედი რუსის ოფიცრობა, მოხელეობა და უპროფესიო ხალხია და ის სხვა და სხვა ეროვნება, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ იბრძოდნენ კიდეც. არ იცის ეს ჩვენმა მთავრობამ? ძალიან კარგადაც იცის! მაშ, რას უცდის იგი, რატომ რადიკალურ ზომებს არ მიმართავს თბილისის გასაწმენდათ დღეს მაინც, როდესაც დენიკინთან ომი გვაქვს და ჩვენი ჯარები მის წინააღმდეგ დავსძარით კიდეც“.
ვითარება იმდენად გართულდა, რომ მოხალისეებსა და კავკასიის სახელმწიფოებს შორის მდგომარეობის დასარეგულირებლად საქმეში დიდი ბრიტანეთი ჩაერთო. გაზეთ „საქართველოს“ 26 ივნისის ნომერში მოცემულია ამიერკავკასიაში ბრიტანეთის ჯარების უფროს გენერალ-მაიორ კორის ნოტა, რომელიც მან საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს გაუგზავნა: „თქვენო აღმატებულებავ! მე მივიღე ლონდონიდან მათი უდიდებულების მთავრობის ბრძანება შემდეგი შინაარსისა: სადემარკაციო ხაზი გენერალ დენიკინის და კავკასიის სახელმწიფოებს შორის უნდა იყოს შემდეგი: მდინარე ბზიბის შესართავიდან ჩრდილოეთით მდინარის ხაზის გაყოლებით სოხუმის ოლქის საზღვრამდე. შემდეგ ხაზი გატარებულ უნდა იქნას თფილისის და ქუთაისის გუბერნიების საზღვრებზე. ჩრდილოეთით გაივლის დაღესტანის ოლქის საზღვარზე, რომელიც ხუთი მილით იქნება დაშორებული პეტროვსკ-კავკავის რკინის გზიდან, იქიდან ხაზი გატარებულ იქნება კასპიის ზღვის ნაპირით, რომელიც ხუთი ვერსით დაშორებულ იქნება ქალაქ პეტროვსკიდან. გენერალმა დენიკინმა მიიღო ბრძანება, რომ მისმა ჯარებმა არ უნდა გადმოლახონ აღნიშნული ხაზი.
აგრეთვე ევალებათ ამიერ-კავკასიის სახელმწიფოებს არ წაიწიონ ჩრდილოეთით წინ. ზემო მოყვანილ ცნობების თანახმად, საქართველოს ჯარებმა უკან უნდა დაიხიონ სამხრეთით მდინარე ბზიბისკენ, ამიერ-კავკასიის ჯარებმა თავი უნდა შეიკავონ ყოველგვარი აგრესიული ზრახვებისაგან დენიკინის მიმართ და არ უნდა შეუშალონ ხელი ნავთის წაღებაში მოხალისეთა ჯარს და მიიღონ ყოველივე ზომები, რომ არავითარი სურსათი, სანოვაგე და სხვა ხელში არ ჩაუვარდეთ ბალშევიკებს“.

სამხედრო კავშირი აზერბაიჯანთან

1919 წლის ივნისში კავკასიის გეოპოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. დენიკინის საფრთხემ, რომელიც როგორც აზერბაიჯანს, ასევე საქართველოსაც თანაბრად ემუქრებოდა, ორი კავკასიური ქვეყნის დაახლოება გამოიწვია. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობა ამ საფრთხემდეც არსებობდა. მაგრამ ამ ურთიერთბამ 1919 წლის ზაფხულში გამოკვეთილი სახე მიიღო და სამხედრო თანამშრომლობის ფორმა შეიძინა. ამიერიდან გარე საფრთხეებს აზერბაიჯანისა და საქართველოს რესპუბლიკები ერთობლივად უნდა გამკლავებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ამ სამხედრო ალიანსს არ შეუერთდა სომხეთი, რომელსაც რუსეთის მოხალისეთა მოძრაობასთან საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა და, ფაქტობრივად, დენიკინის მოკავშირედ ითვლებოდა.
ორ რესპუბლიკას შორის შესაბამისი შეთანხმება 1919 წლის 16 ივნისს თბილისში გაფორმდა. გაზეთი „საქართველო“ ამ თემას რამდენიმე ნომერში მიმოიხილავს, 20 ივნისს კი სამხედრო ხელშეკრულების სრულ ტექსტს აქვეყნებს. ტექსტის დასაწყისში აღნიშნულია, რომ ორივე ქვეყანამ სრულად გააცნობიერა საფრთხე და კავკასიის დამოუკიდებლობის დასაცვად მზად იყვნენ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე.
სამხედრო შეთანხმება 12 პუნქტისგან შედგებოდა, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელს აწერდნენ: საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი, სამხედრო მინისტრი რამიშვილი, სამხედრო მინისტრის თანაშემწე გენერალი გედევანიშვილი და გენერალი ოდიშელიძე. აზერბაიჯანული მხრიდან სამხედრო თანამშრომლობის მზადყოფნას ადასტურებდნენ: აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინსტრი ჯაფაროვი; სამხედრო მინისტრი მეჰმანდაროვი, გენერალური შტაბის უფროსი სულკევიჩი. გთავაზობთ ამ შეთანხმების მნიშვნელოვან პუნქტებს:
„1. ორივე სახელმწიფო მოვალეა ერთად შეებრძოლოს თავის ძალღონით, ყოველგვარ ძალას, რომელიც თავს დაესხმის ერთის მათგანის ან ორივეს დამოუკიდებლობას ან ტერიოტრიას.
2. თუ რომელიმე მეზობელი სახელმწიფო შეთანხმებულთა მიერ პირველ მუხლში მოხსენებულ სამხედრო მოქმედების დაწყების შემდეგ თავს ესხმის ერთს ან ორივე შეთანხმებულთ, იმ აზრით, რომ ტერიტორიული დავა იარაღით გადასწყვიტოს, მაშინ ეს თავდამსხმელი სახელმწიფო ორივეს მტრად ცხადდება.
3. ამ შეთანხმებას აქვს მხოლოდ თავდაცვის აზრი და თუ ერთი ამათგანი თავისი ინიციატივით, წინდაწინვე შეუთანხმებლად დაიწყებს ომს, მაშინ მეორე მოკავშირე არ არის მოვალე მონაწილეობა მიიღოს ამ ომში.
4. შეთანხმებულნი მოვალენი არიან, რომ მათ შორის ატეხილი დავა საზღვრების შესახებ მხოლოდ შეთანხმებით ან არბიტრაჟით გადასწყვიტონ, რომლის გადაწყვეტილებაც ორივესათვის სავალდებულოა.
5. ეს ხელშეკრულება ძალაშია სამი წლის განმავლობაში. ორი წლის შემდეგ ყოველ მათგანს უფლება აქვს მოითხოვოს ხელშეკრულების ვადის გაგრძელება ან ასეთ განგრძობაზე უარის თქმა.
6. შეთანხმებულნი მოვალენი არიან სოლიდარულად იცავდნენ ორივეს დამოუკიდებლობას და სუვერენულ უფლებებს დიპლომატიურ მოლაპარაკების დროს.
7. შეთანხმებულნი მოვალენი არიან, სეპარატული ზავი არ შეჰკრან მტერთან.
8 შეთანხმებულნი მოვალენი არიან არ შეჰკრან არავითარი სამხედრო კონვენცია სხვა სახელმწიფოსთან მოკავშირის დასტურის მიუღებლად“.
ამავე ხელშეკრულებაში ეწერა, რომ ამ დოკუმენტის რატიფიცირება მოხდებოდა ბაქოში ორი კვირის შემდეგ, ანუ 1919 წლის 30 ივნისს. აგრეთვე აღნიშნული იყო, რომ ხელშეკრულება ორ დედნათ იყო შედგენილი.
22 ივნისს გაზეთი „საქართველო“ ამ შეთანხმებას დიდ წერილს უთმობს და აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობას მიმოიხილავს. გაზეთი აღნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც აზერბაიჯანისთვის, ასევე საქართველოსთვის. სტატიის ავტორი იმედს გამოთქვამს, რომ მეზობლებს შორის თანამშრომლობა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ სამხედრო სფეროთი და ეს ურთიერთობა სხვა სფეროებზეც გავრცელდებოდა. გაზეთი „საქართველო“. 1919 წლის 22 ივნისი: „16 ივნისის ხელშერკულება არავის გააკვირვებს. ის უბრალოდ ქაღალდზე გადაღებაა იმის, რაც იყო, რაც არის და რაც უნდა დარჩეს. საქართველო და აზერბაიჯანი შეთანხმებით უნდა იცავდეს თავის დამოუკიდებლობას, თავის თავისუფლებას. ერთმანეთის თავისუფლება მათთვის საერთო ინტერესია და ამ თავისუფლების დაცვის საერთო საქმეა.
წვრილმან ანგარიშებს, წვრილმან უთანხმოებას ადგილი აქვს ყოვლთვის და ყოველგან, მაგრამ ასეთს საკითხებს რა მნიშვნელობა აქვს, როდესაც მეზობელ რესპუბლიკების ურთიერთობა შებოჭილია საერთო ინტერესებისა და მიზნების ჯაჭვების ქსელით.
16 ივნისის ხელშეკრულება ვერ ჰფარავს ორი მეზობელ რესპუბლიკის რეალურ საერთო ინტერესებს. ამიტომ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ ხელშეკრულებას მოჰყვება კიდევ ახალი შეთანხმებანი ამ ორ რესპუბლიკათა ცხოვრების სხვა და სხვა მხარეების შესახებ. მეზობელ რესპუბლიკათა თავისუფლებას ხიფათს უმზადებს არა მარტო ჩრდილოეთიდან მოვლენილი მტრის ლაშქრობა. თავისუფლების განსამტკიცებლად საჭიროა მრავალი ეკონომიკურ-ფინანსიური ღონისძიება. ჩვენ გვწამს, საქართველო-აზერბაიჯანი აქაც შეთანხმებულნი იმუშავებენ საერთო მიზნის მისაღწევად. ამრიგად შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე უნდა გაიბას მტკიცე კავშირი და შეთანხმებული მუშაობა საერთო თავისუფლებისა და არსებობის დასაცავად. ამ ორ მეზობელ რესპუბლიკათა გარშემო შემოიკრიბება ყველა ის ძალები, რომელნიც დაინტერესებულნი იქნებიან ამიერ-კავკასიის რესპუბლიკათა თავისუფლების დაცვით. ჩვენ გვწამს, რომ 16 ივნისის შეთანხმებას საქართველო და აზერბაიჯანი ერთსულოვანი კმაყოფილებით მიიღებს“.

ეკონომიკა

გაზეთ „საქართველოს“ 11 ივნისის ნომერში დაბეჭდილია ვრცელი წერილი, რომელიც რესპუბლიკის ფულის ერთეულს ბონს ეხება. გადმოცემულია ის მიზეზები, თუ რატომ უფასურდება ქვეყნის ვალუტა. ირკვევა, რომ ბონის კურსზე გავლენას არა მხოლოდ ქვეყნის კატასტროფული ეკონომიკური ვითარება და მყიფე პოლიტიკური გარემო, არამედ კონკრეტული მანკიერი მხარეებიც ახდენდა. მათ შორის პირველი მიზეზი სპეკულაცია და გამიზნული საბოტაჟი გახლდათ. ამ წერილიდან ვიგებთ, თუ როგორი კურსით ხდებოდა ბონის გაცვლა და როგორ უფასურდებოდა იგი ყოველდღიურ ცხოვრებაში: „რაც დღე გადის, მით უფრო სისტემატიურად და სწრაფად ეცემა ჩვენი ფულის ნიშნების _ ბონების ფასი; რასაკვირველია, ამას მეტად ღრმა მიზეზები აქვს, ადგილობრივი და საერთაშორისო, როგორც ეკონომიკური, ისე საერთოდ პოლიტიკური.
ამ შემთხვევაში კი ჩვენ გვინდა მკითხველის ყურადღება მივაქციოთ იმ ვაკხანალიაზე, რომელიც ჩვენში გამართეს ყველა ბედის მაძიებელმა სპეკულიანტებმა და ჩვენი მტრების აგენტებმა. ამ ერთი კვირის წინად ეგრედ წოდებული „ნიკოლოზის“ ასმანეთიანი ფასობდა 250 მანეთად ამიერკავკასიის ბონებით, ხოლო „კერენსკის“ ათას-მანეთიანი ჩვენი ფულით 1500-1800 მანეთად. დღეს კი „ნიკოლოზის ასმანეთიანი 300-350 და მეტიც ფასობს, ხოლო „კერენსკის“ ათასიანი უკვე 2300 და მეტიც ღირს.
ადვილი გასაგები იქნებოდა, ოქროს ფულზე რომ იყოს ლაპარაკი, მაგრამ მთელი საშინელებაც იმაშია, რომ როგორც „ნიკოლაევკები“, ისე „კერენკები“ თავისი რეალური ღირებულებით გაცილებით მეტს ნაგავს წარმოადგენს, ვიდრე ამიერ-კავკასიის ბონები.
ამის მიუხედვად, საათობით იზრდება ამ უვარგის ქაღალდის ნიშნების ფასი და ჩვენი, ისედაც ილაჯ-გაწყვეტილი, ფინანსიური მდგომარეობა თან და თანობით ეშვება ამოუვალ უფსკრულში. ჩვენი საფინანსო უწყებაც თითქოს დასტურს სცემს ასეთს მდგომარეობას და ნაცვლად მკაცრი რეალური ზომებისა, დუმილით ხვდება მას. ჩვენ ხომ ვიცით, რომ თავ აშვებულ სპეკულიაციას არაფერი ისეთს გასაქანს არ აძლევს, როგორც მასთან ბრძოლაზე უარის თქმა და ზომების სრული მიუღებლობა.
ჩვენ ისიც ვიცით, რომ ასეთი ვაკხანალიის გამმეფებელნი არიან უმთავრესად საქართველოსთან სრულიად არავითარ საერთოს მქონე უცხოელები და მისი დაუძინებელი მტრები, რომელნიც შეგნებულად და ოსტატურად მოწყობილ ორგანიზაციით სრულიად ხელოვნურად ჰქმნიან ასეთ მდგომარეობას. ის, რასაც ვერ მიაღწიეს ახალი ფრონტების გახსნით და ჩვენთან გამუდმებულის ომით, მათ სისრულეში მოჰყავთ ფინანსიურად ჩვენი დაცემის ხერხით“.

კრიმინალი

1919 წლის ივნისის ნომრებში გაგრძელება ჰპოვა თბილისელი მილიონერ არამიანცის გატაცების ამბავმა. მაისის გამოცემებში მხოლოდ ის იყო აღნიშნული, რომ მიქაელ არამიანცი საკუთარ სახლთან, სოლოლაკში, სამმა ბოროტმოქმედმა გამოსასყიდის მიღების მიზნით გაიტაცა. შემდეგ იმასაც წერდნენ, რომ ყაჩაღებმა სომეხი ვაჭარი გატაცებიდან ერთი დღის შემდეგ _ 14 მაისს გამთენიისას გაათავისუფლეს.
განთავისუფლების შემდეგ არამიანცი თბილისის სისხლის სამართლის მილიციის უფროსმა ფაჩულიამ დაკითხა, მაგრამ მისგან რაიმე ხელჩასაჭიდი ინფორმაცია ვერ მიიღო. არამიანცი ამბობდა, რომ გამტაცებლებს არ იცნობდა, მათი გარეგნობა ვერ დაიმახსოვრა და ამდენად ბოროტმოქმედთა ამოცნობას ვერ შეძლებდა. ვაჭრის თქმით, მას მხოლოდ 14 ათასი რუბლი წაართვეს, ხოლო ოქროს საათი და ბრილიანტებით მოჭედილი სამკაული უკან დაუბრუნეს. ფაჩულიას შთაბეჭდილება დარჩა, რომ არამაინცი დაშინებული იყო და ბოროტმოქმედების დასახელება არ სურდა.
მიუხედავად ასეთი მწირი ინფორმაციისა მილიციამ ძებნა განაგრძო და ჭიათურაში არამიანცის ერთ-ერთი გამტაცებელი ლაცია ლოლაძე დააკავა, რომელიც თბილისში გაძლიერებული დაცვის ქვეშ ჩამოიყვანეს. ცოტა ხანში დადგინდა ბანდის ხელმძღვანელის ვინაობაც – ეს იყო ცნობილი ყაჩაღი ფირანა ზანდუკელი. დაიგეგმა ზანდუკელის დაკავების ოპერაცია, რომელმაც დეტექტივის ჟანრის ყველა სტანდარტის დაცვით ჩაიარა.
გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ 1919 წლის 11 ივნისის ნომერში ყაჩაღ ზანდუკელის დაკავების სპეცოპერაციას საკმაოდ ხატოვნად აღწერს: „დიდი ხანია მილიცია თავ გამოდებით დასდევდა დასაჭერათ ფირან ზანდუკელს, რომელსაც ბრალად ედებოდა პირველ კომისარიატში მილიციელის და გვარდიელის მკვლელობისა, არამიანცის მოტაცებაში მონაწილეობის მიღება და სხვა.
მილიციამ ცნობა მიიღო, რომ ზანდუკელი იმალება ჯვრის მონასტერში, რომელიც მდებარეობს მცხეთის გასწვრივ მთის მწვერვალზე. 7 ივნისს ნაშუაღამევის 1½ საათზე ქალაქიდან ორი ავტომობილით გაემგზავრნენ ქალაქის მილიციის უფროსი ბ. სულაქველიძე, სისხლის სამართლის მილიციის უფროსი ბ. ფაჩულია, საგანგებო რაზმის უფროსი ბ. კედია მილიცონერებითა და საგანგებო რაზმელებთან ერთად.
რკინის გზის დიდ მცხეთის ხიდიდან ყველა ესენი ფეხით შეჰყვნენ მთის ფერდობს, ასე 8 ვერსის მანძილზე და გათენებისას მიაღწიეს მონასტრის მიდამოებს და ალყა შემოარტყეს მონასტერს. მონასტრის გალავანში პირველათ შევიდნენ მილიციის უფროსი ბ. სულაქველიძე და სისხლის სამართლის მილიციის უფროსი ბ. ფაჩულია და მილიციელთა თანხლებით შეუდგნენ მონასტრის ბინებისა და საკანთა ჩხრეკას. მონასტრის მოდარაჯე ბერის ჩვენების ჩამორთმევის შემდეგ დარწმუნდნენ, რომ მონასტერში არავინ იმალება. დარჩათ მხოლოდ გასაჩხეკი ერთი მივარდნილი ბინა, რომელიც არც კი იწვევდა რაიმე ეჭვს. ვიდრე ამ ბინას გასჩხრეკდნენ ყველ იქ მყოფნი ჩამოსხდნენ დასასვენებლად.
ამ დროს გამოღვიძებია ზანდუკელს და საზარი სროლა აუტეხია იმ მივარდნილ ბინიდან, რომლის გაჩხრეკასაც ბოლოს აპირებდა მილიცია. ზანდუკელს აუხმაურებია მაუზერი, არ გამტყვრალა და უყვირია „მომშორდით, თორემ დაგხოცავთო“. მილიციამ და საგანგებო რაზმმა დაიკავა პოზიციები და სროლითვე გასცა პასუხი და სრულიად დახვრიტა ეს ბინა. როცა ზანდუკელის მხრივ სროლაზე პასუხი აღარ ისმოდა, მაშინ მილიციამ ბინაში გაგზავნა ის ბერი, რომელიც წინათ ამტკიცებდა, არა ვიცი რაო. ბერმა მოიტანა ამბავი, რომ ზანდუკელი უკვე მკვდარი არისო. მილიცია შევიდა და მართლაც ზანდუკელი მკვდარი ნახა. მის გარდა ბინაში არავინ არა სჩანდა.
მოკლულს აღმოაჩნდა 2 ყუმბარა, 1 რუსული კარაბინი, 1 მაუზერი, 1 ბრაუნინგი და ორი ოქროს თუმნიანი. აქვე იყო დაბმული მისი ცხენი. მილიციამ ზანდუკელის გვამი ურმით გამოისტუმრა თბილისში და არამიანცის სამკურნალოში მოათავსა. ბერი დააპატიმრა. მის ბინაზე ჩხრეკის დროს აღმოჩნდა გასროლილი გილზები და ბინოკლი“.
აღსანიშნავია, რომ გაზეთი „საქართველო“ ამავე შემთხვევას ოდნავ სხვანაირად მოგვითხრობს. „საქართველოს“ ინფორმაციით, სისხლის სამართლის მილიციის უფროსი ფაჩულია ჩხრეკის შემდეგ ეკლესიის ეზოში ისვენებდა. ამ დროს მონასტერს ყვავმა გადაუფრინა და ფაჩულიამ ყვავის მიმართულებით უბრალოდ რევოლვერიდან გაისროლა. გასროლას უეცრად ბოლო კელიიდან ტყვიამფრქვევიდან სროლა მოჰყვა. როგორც ჩანს, ზანდუკელი ფაჩულიას სროლამ შეაშფოთა და იფიქრა, რომ მილიციამ მის სამალავს მიაგნო.

მიხეილ ბასილაძე