შეზღუდული გარემოს შეზღუდული შესაძლებლობები

უკვე მეორე წელი დაიწყო, რაც 39 წლის ქეთი ჭ. საზღვარგარეთ, კერძოდ, გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად. ის ეტლით მოსარგებლე პირია და ჩვენს ქვეყანაში არსებული პრობლემებისა და მოუწყობელი გარემოს გამო საქართველოს დატოვება და უცხოეთში ცხოვრება გადაწყვიტა.

ქეთი აქტიურ სოციალურ ცხოვრებას ეწეოდა, ის მონაწილეობდა შშმ პირების თემებზე გამართულ შეხვედრებზე და ცდილობდა, პირადი ინიციატივით წვლილი შეეტანა არსებული პრობლემების მოგვარების საქმეში.

ქეთი „ქრონიკა+“-ს ესაუბრა და ის პრობლემები და დაბრკოლებები გაუზიარა, რამაც მას საკუთარი ქვეყნის დატოვება აიძულა:
„საქართველოში ძალიან ბევრი პრობლემაა, როგორც სოციალური, ასევე ეკონომიკური კუთხით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ორმაგად უწევთ ამ ტიპის პრობლემებთან გამკლავება. საქართველოდან წასვლამდე ქუთაისში ვცხოვრობდი და ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებოდი დაბრკოლებებს, რომელიც ნორმალურ საქმიანობასა და ელემენტარულად არსებობაშიც კი მიშლიდა ხელს.
გულისტკივილით უნდა ვთქვა, რომ არ არის ჩვენს ქვეყანაში ადაპტირებული ტრანსპორტი, წლები ვითხოვდი შესაბამის უწყებებში მსგავსი ტიპის ტრანსპორტის _ ტაქსების, ასევე საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალებების შემოსვლას, თუმცა ჩემმა მცდელობებმა შედეგი არ გამოიღო. არ მქონდა არანაირი პირობა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, რეალურად კი მთავარი სწორედ იმის გააზრებაა, რომ ჩვენ დამოუკიდებელი პიროვნებები ვართ და გარემო გვჭირდება დამოუკიდებლად არსებობისთვის.
უცხოეთში საცხოვრებლად გადმოვედი. აქ სულ სხვანაირი მდგომარეობა დამხვდა: მოწესრიგებულია გარემო, ადაპტირებულია ავტობუსები და ტაქსები, შენობებზე ხომ არ მაქვს ლაპარაკი. ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში ამ მოკლე დროში. მთავარი ისაა, რომ დამოუკიდებლად დავიწყე ცხოვრება, ყველგან ჩემით დავდივარ, შენობებში ჩემით შევდივარ და დედაჩემის დახმარება და მისი კიდევ უფრო მეტად გადატვირთვა აღარ მიწევს. ყველაზე მეტად სწორედ ეს მახარებს. საქართველოში ცხოვრების დროს ხან მეგობრები ან ჩემი ოჯახის წევრები მეხმარებოდნენ გადაადგილებაში და ესეც ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული როგორც ჩემთვის, ასევე მათთვის. აქ ეს სიტუაციაც სხვანაირია.
ასევე განსხვავებული და ყველაზე კარგი მაინც დამოკიდებულებაა, რომელიც აქაური მცხოვრებლებისგან იგრძნობა. აქ არავინ მიყურებს, როგორც განსხვავებულს, მხოლოდ იმის გამო, რომ ეტლით გადავაადგილდები. ეს კი ძალიან მეხმარება, რომ თავი სრულფასოვან ადამიანად ვიგრძნო და ვაკეთო ის, რაც მაინტერესებს და კარგად გამომდის.
რაც შეეხება არსებული პრობლემებიდან გამოსავალს, ჩვენი სახელმწიფოს მონდომება და მზაობაა აუცილებელი, თორემ უცხოური გამოცდილების გაზიარება და აქ წარმატებული პროგრამების დანერგვა ნამდვილად არ წარმოადგენს რთულ საქმეს. მეტი შეხვედრა შშმ პირებთან და შესაბამის უწყებებთან, აზრთა გაზიარება, გამოცდილების გათვალისწინება, მოსმენა და შემდეგ სწორი დაგეგმარება მოქმედებისთვის _ აი, ეს არის გამოსავალი, რის შემდეგაც ჩვენი ქვეყანა გახდება სწორად ადაპტირებული სახელმწიფო, საიდანაც კი არ გაიქცევიან მოქალაქეები, არამედ პირიქით, საკუთარ ძალასა და ნიჭს, სწორედ მის განვითარებას მოახმარენ“.

ქართული მწარე რეალობის პირისპირ დარჩა ანა ნაზღაიძე, რომელიც ყოფილი ტელეწამყვანი და ამჟამინდელი შსს-ს აკადემიის კომუნიკაციის განყოფილების სპეციალისტი და მოწვეული ლექტორია.

ანა „ქრონიკა+“-ს დეტალურად ესაუბრა იმ პრობლემებზე, რომლის წინაშეც საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები იმყოფებიან:
„თითქმის ყოველ ნაბიჯზე გვხვდება ბარიერი. დავიწყოთ იმით, რომ როდესაც პიროვნება ცხოვრობს მრავალსართულიან კორპუსში, დავუშვათ, მე-9 სართულზე, სახლის კარიდან გამოსვლის წამშივე ხვდება პირველ დაბრკოლებას ლიფტის სახით, ძველ კორპუსებში ლიფტის ღიობი და კარი იმდენად ვიწროა, რომ ეტლით მოსარგებლე ფიზიკურად ვერ შეძლებს შესვლას, ასევე უსინათლო ადამიანისთვის არ არის ხმოვანი სიგნალები და სმენისა და მეტყველების არმოქნე პირთათვის გათვალისწინებული წარწერიანი ტაბლოები. ასევე ღილაკები იმ სიმაღლეზეა განლაგებული, რომ ეტლით მოსარგებლეთა 99%-ს უჭირს ლიფტის დამოუკიდებლად გამოძახება და, ზოგადად, ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი შშმ პირისთვის, ფაქტობრივად, გამოუსადეგარი ხდება.
დავანებოთ ლიფტს თავი და ჩავთვალოთ, რომ რაღაცნაირად მეზობლების, მეგობრების, ნათესავების დახმარებით ჩამოვიდა ეს ადამიანი კორპუსის პირველ სართულზე, სადაც უკვე ხვდება მეორე დაბრკოლებას: უსინათლოთათვის არ არის სპეციალური სავალი ბილიკი მოწყობილი, ასევე, მოგეხსენებათ, რომ კორპუსების უმრავლესობის პირველი სართულები იწყება რამდენიმე საფეხურის ავლის შემდეგ, ანუ სადარბაზოდან გამოსასვლელად ეტლით მოსარგებლეს ჭირდება სპეციალური პანდუსი ან ამწე, რომლის მეშვეობითაც ეს ადამიანი სადარბაზოდან დამოუკიდებლად გამოსვლას შეძლებს.
გამოვიდეთ სადარბაზოდან და გავუყვეთ გზას: ფეხით მოსიარულეთა ადგილებზე არ არის სპეციალურად სავალი ბილიკები უსინათლოთათვის და ასევე პანდუსი, რომლის მეშვეობითაც შშმ პირებს გაუადვილდებათ მოძრაობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში კი ყველგან გაჩერებული არის ავტომობილი და მძღოლების უმეტესი ნაწილი მას, როგორც ავტოსადგომს, ისე იყენებს. მივიდეთ გაჩერებასთან, სადაც ასევე არ არის ხმოვანი სიგნალები, ეტლით მოსარგებლეთა გაჩერების ადგილები და წარწერიანი ტაბლოები (ეს უკანასკნელი ბოლო პერიოდში გამოჩნდა, მაგრამ ხშირად ისიც გაფუჭებულია). მოვიდა ავტობუსი, რომელთა უმრავლესობა, დაახლოებით, 90%-95%, არის შშმ პირთათვის გამოუსადეგარი, გამოუსადეგარია ასევე მიკროავტობუსები და შშმ პირთა უმეტეს ნაწილს ერთი ადგილიდან მეორე ადგილამდე გადაადგილება უწევთ ტაქსით. ეს არის მხოლოდ დანიშნულების ერთი ადგილიდან მეორემდე მისვლის პრობლემა.
რაც შეეხება დანიშნულების წერტილებს (კინო, თეატრი, კაფე, ბარი, რესტორანი, მუზეუმი, ეკლესია, სავაჭრო ცენტრები, სახელმწიფო და კერძო დაწესებულებები, სასტუმროები, სავარჯიშო მოედნები, საცურაო აუზები და ა. შ.) 99% არის არაადაპტირებული და რასაც ადაპტირება აქვს გაკეთებული, შესაძლოა, იყოს გათვალისწინებული მხოლოდ ეტლით მოსარგებლეთა პანდუსი, უვარგისი დახრილობით, ან უკეთეს შემთხვევაში შენობაში შეღწევას ახერხებ მხოლოდ პირველ სართულზე, იმის იქით ფიზიკურად ვეღარ მიდიხარ, არ არის გათვალისწინებული უსინათლოთა და სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე პირთა საჭიროებები და ხშირ შემთხვევაში არ არის ადაპტირებული საპირფარეშოც კი. ეს ყველაფერი ადამიანს უქმნის საკმაოდ დიდ დისკომფორტს და შშმ პირთა 99% კარჩაკეტილი ცხოვრების სტილს მიმართავს“.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებით შშმ პირებისთვის სივრცითი მოწყობის სტანდარტების დარღვევებზე რეგულაციები მკაცრდება. კანონპროექტში შეტანილი ცვლილება ჯარიმების ოდენობის ზრდასაც ითვალისწინებს. თუკი კომპანია სტანდარტებს დაარღვევს და შენობა არ იქნება შშმ პირებზე ადაპტირებული, სანქცია ამჟამად 300-დან 500 ლარამდეა. ცვლილების თანახმად კი ჯარიმა 500-დან 30.000 ლარამდე გაიზრდება.
გარდა ამისა, იცვლება ზედამხედველი ორგანო. იცავს თუ არა კომპანია სტანდარტს? _ ამას მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახური გააკონტროლებს. კანონპროექტის განხილვა ამ კვირაში დაიწყო.

ანა ნაზღაიძე, რომელიც ყოველდღიურად პირადად ხდება შეზღუდული გარემოს მოუწესრიგებელი პირობების მსხვერპლი, ახალი რეგულაციების ეფექტიანობასა და მის მოსალოდნელ შედეგებს „ქრონიკა+“-თან აფასებს:
„ვფიქრობ, ეს სიახლე გამოასწორებს არსებულ მდგომარეობას და სიტუაციას, რადგან ადამიანებს ეშინიათ ჯარიმების, არ უყვართ ზედმეტი პრობლემების შექმნა, მით უმეტეს, როდესაც საუბარი არის საკმაოდ დიდ ჯარიმებზე _ 500 ლარიდან 30.000 ლარამდე.
გარდა შენობების ადაპტირებისა საზოგადოების დამოკიდებულებაც საგრძნობლად შეიცვლება და დღეს თუ ფიქრობენ, რომ შშმ პირები საზოგადოებას ტვირთად აწევს და მათთვის გაღებული ხარჯი არის ბიზნესისა და სახელმწიფოსთვის ზარალის მომტანი, ამის შემდეგ გააანალიზებენ, რომ უნივერსალური დიზაინის პრინციპით აგებული შენობა-ნაგებობები არა მხოლოდ შშმ პირებისათვის იქნება გამოსადეგი, მისი 100%-ის ათვისება შეეძლება ნებისმიერ მოქალაქეს, უბრალოდ, განსხვავება ის იქნება, რომ გაიზრდება ჩვენი დამოუკიდებლობის ხარისხი და უფრო ხშირად გვიხილავს საზოგადოება სხვადასხვა თავშეყრის ადგილებში.
ვფიქრობ, საკმად დიდი და პოზიტიური ნაბიჯია შშმ პირთა თემისათვის ჯარიმების გამკაცრება. ჩემი აზრით, ეს უფრო ადრე უნდა მომხდარიყო, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არსდროსო.
როგორც უკვე ზემოთაც აღვნიშნე, ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით არაადაპტირებული გარემოს გამო პრობლემებს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც გამიგზავნია სივი, სამსახურში ავუყვანივართ, გასაუბრებაზე დავუბარებივართ და არაადაპტირების გამო თავად მე მითქვამს სამსახურზე უარი; ყოფილა შემთხვევა, საერთოდ არ იცის კომპანიამ და კომპანიის წარმომადგენლობამ ადაპტრების შესახებ, ის კი არა, ხშირად ტერმინებიც არ იციან და სანამ არ ეტყვი, რომ ეტლით მოსარგებლე ხარ, ვერაფრით მიახვედრებ, რას ითხოვ;
მქონია შემთხვევა, როდესაც რომელიმე წვეულებაზე წასვლაზე უარი მითქვამს იმის გამო, რომ ვიცოდი, იქ არ იყო ადაპტირებული გარემო და ბევრი ადამიანის შეწუხება მომიწევდა იმისათვის, რომ დანიშნულების ადგილამდე მივსულიყავი. ელემენტარულად საავადმყოფოში ვერ შემიღწევია და ექიმის კონსულტაცია ჩემ მაგივრად ჩემს ახლობელს გაუვლია, რაც, რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან დამამცირებელი და შეურაცხმყოფელია. ვიმედოვნებ, ამ ჯარიმების გამკაცრების შემდეგ ეს პრობლემები აღარ იარსებებს“.

საქართველოს მთავრობამ დადგენილება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე, ჯერ კიდევ, 2014 წელს მიიღო, თუმცა დღესაც გვხვდება ჩვენს რეალობაში უამრავი პრობლემა, რომელიც შშმ პირებს ცხოვრებასა და საქმიანობას ურთულებს. ამ დადგენილების თანახმად, საცხოვრებელი, საზოგადოებრივი, საწარმოო და სხვა დანიშნულების შენობებისა და ნაგებობების დაპროექტებისას საჭიროა გაითვალისწინონ ყველა შესაძლებლობა, რათა ის ხელმისაწვდომი იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც გადაადგილდება ეტლით ან სხვა საშუალებებით.
დადგენილებაში ასევე დეტალურადაა გაწერილი ყველა ტექნიკური მხარე, რომელიც უნდა გაითვალისწინონ სივრცითი მოწყობის დროს, რათა არ დაირღვეს შშმ პირების უფლება და მათი თანასწორობა სხვა მოქალაქეების მიმართ. როგორც დადგენილების შესავალში წერია, ამ კანონით დადგენილი რეგლამენტის შესასრულებლად შენობა-ნაგებობებს აქვთ ხუთი წელი, რაც იმას ნიშნავს, რომ 2019 წლისთვის სრული ადაპტირება უნდა იყოს დასრულებული სივრცითი მოწყობის კუთხით ჩვენს ქვეყანაში და განსაკუთრებით დიდ ქალაქებში.
სივრცითი მოწყობა და გარემოს ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრირების მთავარი და უპირველესი ნაბიჯია, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან დიდ ყურადღებასა და აქცენტირებას საჭიროებს. მოწესრიგებული საგანმანათლებლო დაწესებულებები, სხვა ტიპის შენობა-ნაგებობები, რომლითაც სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები და რომელიც აუცილებელია ადამიანის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის _ სწორედ სივრცითი მოწყობის სტანდარტები ამ გარემოსა და მის სრულად ადაპტირებას მოიაზრებს.
არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კვლევა ცხადყოფს სივრცითი მოწყობის მნიშვნელობას ინტეგრაციის საქმეში, თუმცა პრობლემები მხოლოდ ამ კუთხით არ იკვეთება. უკვე წლებია, ვსაუბრობთ არაჯანსაღ დამოკიდებულებასა და ხელმისაწვდომი გარემოს პრობლემებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ექმნებათ. სამოქალაქო და სახელმწიფო სექტორის ჩართულობა არ აღმოჩნდა საკმარისი, რადგან დღესაც ვსაუბრობთ მოუწყობელ შენობებსა და დაუსაქმებელ ასობით ადამიანზე, რომელსაც სხვადასხვა ტიპის ფსიქიკური თუ ფიზიკური დარღვევა აღენიშნება.
უფლებრივი კუთხით ჩვენს სახელმწიფოს საკმაოდ ბევრი ადგილობრივი თუ საერთაშორისო დოკუმენტით აქვს ნაკისრი ვალდებულება ადაპტირებული გარემოს შექმნასა და სრულფასოვანი პირობების მოწესრიგებაზე განურჩევლად ყველა მოქალაქისთვის.
ერთ-ერთი ასეთი შშმ პირების უფლებების კონვენციაა, რომლის მეცხრე მუხლი სწორედ გარემოს ხელმისაწვდომობასა და ამ ფაქტორის მნიშვნელობაზე მიანიშნებს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ყველა სფეროში მათი სრულყოფილი მონაწილეობისთვის, სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყონ ფიზიკური გარემოს, ტრანსპორტის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, მათ შორის, ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სისტემების, ასევე სხვა საზოგადოებისათვის ღია ობიექტებისა და მომსახურების თანაბარი მისაწვდომობა როგორც ქალაქის, ასევე სოფლის პირობებში.

აღნიშნული ზომები, რომელიც მოიცავს არსებული წინააღმდეგობებისა და ბარიერების გამოვლენა-აღმოფხვრას, შეეხება:
ა. შენობა-ნაგებობებს, გზებს, ტრანსპორტს, შიდა და გარე ობიექტებს, სკოლებს, საცხოვრებელ სახლებს, სამედიცინო დაწესებულებებსა და სამუშაო ადგილებს;
ბ. ინფორმაციას, კომუნიკაციასა და სხვა სამსახურებს, ელექტრონულ და სასწრაფო-საავარიო სამსახურებს.
ეს მუხლი ასევე დეტალურად გამოყოფს იმ ვალდებულებებს, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს აკისრია როგორც უსინათლო, ასევე სმენის პრობლემებისა და ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების წინაშე. ასევე განხილულია ის გზები და სტანდარტები, რაც გარემოს ხელმისაწვდომობას შექმნის და გააძლიერებს ქვეყანაში.
გარემოს ხელმისაწვდომობა და სწორად მოწყობილი სივრცე წინგადადგმული ნაბიჯია შშმ პირების ინტეგრაციის საკმაოდ რთულ და გრძელ გზაზე, რომელიც დაიცავს უმთავრეს პრინციპს იმის შესახებ, რომ ყველა მოქალაქე თანასწორი და თანაბარუფლებიანია.

არასამთავრობო სექტორი აქტიურად მუშაობს შშმ პირებსა და მათთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ერთ-ერთი ასეთია შშმ პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაცია „ჰანგი“, რომლის თავმჯდომარე _ რუსლან საჯაია _ „ქრონიკა+“-ს ესაუბრა და პრევენციის გზებსა და გამოსავალზე გაამახვილა ყურადღება:
„სამწუხაროდ, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შემდეგაც გარემოს 99% არ შეესაბამება სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკურ რეგლამენტს, რომელიც აღიარებულია #41-ე დადგენილებით. შესაბამისად, ეტლით მოსარგებლე, მცირედ მხედველ და უსინათლო შშმ პირებს პრობლემები ექმნებათ გადაადგილებასა და საჯარო-საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობებით სარგებლობის დროს, რაც ზღუდავს ამ ადამიანების დამოუკიდებლობისა და თვითრეალიზაციის ხარისხს.
ამ საკითხებზე, ჯერ კიდევ, 90-იანი წლების მიწურულიდან აქტიურად მუშაობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ადრეც იყო ამ კუთხით კანონი გასამკაცრებელი. თუმცა აღნიშნული რეგულაციების ეფექტიანობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გამართული აღსრულების მექანიზმი ექნება და რამდენად სწორად მიიმართება ამ სანქციებიდან შემოსული თანხები.
სივრცითი მოწყობის სტანდარტებზე რეგულაციების გამკაცრება ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია. თუ შშმ პირებს არ ექნებათ თავისუფალი გადაადგილების საშუალება, შესაბამისად, ისინი ვერ მოახერხებენ საზოგადოებასთან აქტიურ კომუნიკაციას, განათლების მიღებას, გადამზადებას, დასაქმებას. თუ ადამიანს საზოგადოებასთან არ აქვს ურთიერთობა და კომუნიკაცია, შესაბამისად, ვერც ინტეგრაციას შეძლებს. ამიტომ უნივერსალური სივცითი მოწყობა ერთ-ერთ უპირველეს წინაპირობად მიმაჩნია შშმ პირთა ინტეგრაციისთვის, თუმცა ამას ასევე სჭირდება თანმდევი პროცესების აქტიური წარმართვა“.

ანა ურუშაძე