ქართველი ემიგრანტი: „ზურაბიშვილს არ ვაღიარებთ _ ის არ არის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი!“

მმართველი გუნდი თავს იმით იწონებდა და იწონებს, რომ მის მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საპრეზიდენტო მარათონში თითქოს ისე მონაწილეობდა, როგორც დამოუკიდებელი პერსონა, ემიგრაციაში დაიბადა-გაიზარდა და, ამის მიუხედავად, საქართველოსთან კავშირი არასოდეს გაუწყვეტია!
ერთ-ერთ საარჩევნო კლიპში, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გამოჩნდა, ზურაბიშვილი თავისი მშობლების შესახებაც საუბრობდა და იმასაც ამბობდა, რომ შვილები ქართულად გაზარდა და „ვეფხვისტყაოსანსაც“ ასწავლიდა.

ზოგადად, ეს ქალბატონი სალიტერატურო ქართულთან ძალიან მწყრალად რომ არის, ახალი არ გახლავთ და იმ სიტყვებისა და ციტატების ფონზე, როგორიცაა, მაგალითად, „სადაც არ უნდა გავთხაროთ, ყველგან უნდა გავთხაროთ“, „ვარდისფერი სპილო“ ან კიდევ „შევტყნათ“, უკვდავი „ვეფხისტყაოსნის“ „ვეფხვისტყაოსნად“ მოხსენიება დიდი შეცდომა არ უნდა იყოს, თან იმ ბრძენი კაცისთვისაც, ანუ ზურაბიშვილის „თანამეძროვე“ (ესეც ქალბატონი სალომეს მიერ წამოსროლილი სიტყვაა) ბიძინა ივანიშვილისთვის ზურაბიშვილი თანამედროვე თამარ მეფეა.
„მეორე საპრეზიდენტო კანდიდატი სულ არ გვაინტერესებს, არ გვაინტერესებს, ვინ არის მისი შვილი, მისი ბიოგრაფია, ნახეთ, მათი ფილოსოფია, როგორ იქცევიან მისი გუნდის წევრები, როგორ აყენებენ შეურაცხყოფას ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. ეს გვეკადრება ჩვენ? ასეთები ვართ ჩვენ, ქართველები?
ქალის ადგილი ყოველთვის იცოდნენ ქართველებმა, ვიცით ქალის პატივისცემა. შემთხვევით არ იყო თამარ მეფე, არც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილია შემთხვევითი, ძალიან ბუნებრივად განვითარდა ყველაფერი, ეს ხომ ჩვენი ფესვებია“, _ დაგვმოძღვრა ოლიგარქმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა ზურაბიშვილი თამარ მეფეს შეადარა. ქართველ წმინდანსა და ზურაბიშვილს შორის ტოლობის ნიშანი ივანიშვილმა პირველი ტურის წინაც დასვა, როცა ბრძანა:
„სალომე ზურაბიშვილი, ეს ქალბატონი ჩემთვის არის სიმბოლო უახლესი ისტორიის – პირველი ემიგრაციის წარმომადგენელი, დიდი ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი.
ქალბატონი ჩვენს დიდ ისტორიასაც და ხანგრძლივ ისტორიასაც ძალიან კარგად ეხმაურება – რომ ჩვენ ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში გვყავდა ქალბატონი, რომელიც სახელმწიფოს მართავდა.
ამ მხრივ ჩვენს დღევანდელ ევროპულობას კარგად განასახიერებს ქალბატონი სალომეს გაპრეზიდენტება, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ჩვენ უახლოეს დროში ვიხილავთ.
ჩვენ ამით შევეხმიანებით ჩვენს შორეულ და უახლეს ისტორიასაც, შევეხმიანებით პირველ ემიგრაციას, დიდ პატივს მივაგებთ და თავად ქალბატონი სალომეს მოღვაწეობასაც დავაფასებთ, რომელიც მან ღირსეულად წარმართა თავის ცხოვრებაში.
მოგიწოდებთ ყველას კიდევ ერთხელ, რომ თითოეულმა თქვენგანმა მაქსიმალური შესაძლებლობები გამოავლინეთ, მხარში დავუდგეთ და ჩვენს პატივცემულ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს აუცილებლად მივიყვანთ გამარჯვებამდე. რა თქმა უნდა, ლომის წვლილი მის გამარჯვებაში იქნება მისი ისტორია, მისი მოღვაწეობა და ჩვენი დახმარებით, თანადგომითაც ეს აუცილებლად მოხერხდება“.
ეს ის შემთხვევაა (სხვა შემთხვევების მსგავსად), როცა ივანიშვილის სიბრძნე კრიტიკას ვერ უძლებს. ამიტომ ამ კუთხით მსჯელობის გაგრძელებას აზრიც არ აქვს. შესაბამისად, წერილის მთავარ თემას დავუბრუნდებით და შევეცდებით, გავარკვიოთ, თუ რატომ წააგო ემიგრაციაში გაზრდილმა ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტური საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველებში?
სხვათა შორის, იმთავითვე ნათელი იყო, რომ ცესკო-მ საპრეზიდენტო კენჭისყრის მეორე ტური ოთხშაბათს, სამუშაო დღეს მიზანმიმართულად და ხელისუფლებასთან შეთანხმებით დანიშნა _ მართალია, არჩევნების დღე საქართველოში უქმედ გამოცხადდა, მაგრამ ევროპაში, აშშ-სა და თუნდაც რუსეთში მცხოვრებ ემიგრანტებს სამუშაო დღეს სამსახურების მიტოვება და არჩევნებში მონაწილეობა გაუჭირდებოდათ. შესაბამისად, მმართველ გუნდს სათქმელი ექნებოდა, _ აი, ხომ ნახეთ, ქართული დისპორები ზურაბიშვილის მიმართ დადებითად არიან განწყობილებიო, მაგრამ „ოცნებას“ კოვზი ამ კუთხითაც ნაცარში ჩაუვარდა, ისევე როგორც ჯარში _ ქართულმა ჯარმა, მათ შორის, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მყოფმა ქართველმა ჯარისკაცებმა, ზურაბიშვილს ხმა არ მისცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიარაღებული ძალები ამ ქალბატონს მხედართმთავრად არ აღიარებს!
იმის შესახებ, რატომ არ უყვართ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს სალომე ზურაბშვილი, „ოცნებასა“ და „ოცნებასთან“ დაახლოებულ ე. წ. ექსპერტებს სუბიექტური მოსაზრება აქვთ, ანუ ისინი ამბობენ, რომ ოპოზიცია სოციალურ ქსელებს ძალიან კარგად აკონტროლებს. ემიგრანტებისთვის კი ინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო სოციალური ქსელია და, შესაბამისად, მათ არ იციან, თუ რა აღმშენებლობა მიდის ქვეყანაშიო, მაგრამ ეს არგუმენტი თავის დამშვიდებაა და მეტი არაფერი, რადგან, ჯერ ერთი, ემიგრანტები ინფორმაციას საქართველოში დარჩენილი ოჯახის წევრებისგანაც იღებენ. მეორეც, სოციალურ ქსელს თვალს თუ გადავავლებთ, მივხვდებით, რომ „ოცნების“ სასარგებლოდ უამრავი „ფეიკ-გვერდი“ და „ბოტი“ მუშაობს. სხვადასხვა ინფორმაციით, ყველაფერ ამაზე ძალიან სოლიდური თანხა ბიუჯეტიდან იხარჯება, თუმცა ხალხის ჯიბიდან გადახდილი ფული, რომელიც ზურაბიშვილის ინტერნეტგაპიარებას ემსახურებოდა, უბრალოდ, ჰაერში გასროლილი აღმოჩნდა, რადგან როგორც ზემოთ ვთქვით, პირველი ტურის მსგავსად, სალომე ზურაბიშვილს ქართულმა სათვისტომოებმა არც მეორე ტურში დაუჭირეს მხარი.
მაინც, რატომ უთხრეს ემიგრაციაში გაზრდილ ზურაბიშვილს ემიგრანტებმა უარი?

ამის გარკვევას „ქრონიკა+“ თავად ემიგრანტებთან შეეცადა და სოციალური ქსელით თურქეთში მცხოვრებ ერთ-ერთ ქართველ ემიგრანტს დაუკავშირდა.

მანუჩარ მახარაძე 36 წლისაა. იგი აჭარაში დაიბადა და გაიზარდა. პროფესიით ჟურნალისტია, თუმცა ჟურნალისტად არასოდეს უმუშავია. უნდოდა, საპატრულო პოლიციაში დაეწყო მუშაობა, მაგრამ იმის გამო, რომ ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, „დაბრაკეს“… ბოლოს, იძულებული გახდა, სამშობლო დაეტოვებინა და მეზობელ თურქეთს მიაშურა.
ექვსი წელია, მანუჩარი თურქეთის ქალაქ სტამბულში ცხოვრობს და მუშაობს. საქართველოში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებს აქტიურად ადევნებს თვალს და სამშობლოში დაბრუნებას, სამწუხაროდ, ჯერ არ ფიქრობს:
_ მანუჩარ, რამდენი ხანია, ემიგრაციაში ხართ და, საერთოდ, რატომ წახვედით საქართველოდან?
_ უპირველეს ყოვლისა, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყველა ჩემი სიტყვა და აზრი მხოლოდ და მხოლოდ გულის კარნახია, სუფთა პატრიოტული გრძნობებით განმსჭვალული! მე მხოლოდ ჩემი ქვეყნის ბედი და უბედობა მალაპარაკებს.
რაც შეეხება კითხვას, ემიგრაციაში წლებია, ვიმყოფები _ ქვეყანა დავტოვე 2012 წელს.
_ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ოცნება“ მოვიდა?
_ არა, ემიგრაციაში ხელისუფლების შეცვლამდე რამდენიმე თვით ადრე წამოვედი.
_ რატომ?
_ ამას ბევრი გამომწვევი მიზეზი ჰქონდა.
_ ერთი მიზეზი დაასახელეთ, რის გამოც სამშობლო დატოვეთ…
_ უბრალოდ, ჩემი თავი საზოგადოებაში ვერ ვიპოვე, ბევრს ვეცადე, მაგრამ ბოლოს, გადავწყვიტე, წამოვსულიყავი ემიგრაციაში.
ასე აღმოვჩნდი თურქეთში, ქალაქ სტამბულში და დღემდე აქ ვარ.
სიმართლე გითხრათ, არ ვიყავი წინა ხელისუფლების მოტრფიალე და არც ახლა ვასხამ ხოტბას მას. მაშინაც გაედინებოდა ხალხი ქვეყნიდან, მაგრამ არა იმ მასშტაბით, როგორც _ დღეს.
_ თურქეთში რას საქმიანობთ?
_ ჩამოსვლისთანავე სამკერვალო ფაბრიკაში დავიწყე მუშაობა. ძნელია, აღწერო ის დამოკიდებულება, რაც მაშინ ვიწვნიე საკუთარ თავზე.
_ ასეთი რა ხდებოდა?
_ გიყურებენ და გაფასებენ, როგორც უვიცს, გაუნათლებელს, იყო ენის ბარიერი და ისეთი შეკითხვები, რომელიც თავზარს მცემდა.
_ რას გულისხმობთ?
_ მაგალითად, გაქვს თუ არა სახლი? გაქვს თუ არა ტელევიზორი და ა. შ.
ამ დროს ვერაფერს პასუხობ, მხოლოდ თავს უქნევ დასტურის ნიშნად და ვერ უხსნი, რამდენი თავით მაღლა დგახარ მასზე.
მერე ვიღაცის დახმარებით რომ ეკითხები, ვინ არის თურქული მარშის მუსიკის ავტორი, რომ ვერ იღებ პასუხს, ამ კითხვას თავადვე პასუხობ და მისი რეაქცია იცით, როგორია? _ პირდაღებული, გაოგნებული გიყურებს და ვერ ხვდება, ყველაფერი ეს თუ იცი, რა გინდა აქ და რატომ მუშაობ შავ მუშად?
მერე მიმტანად ვიმუშავე პურის საცხობშიც. ამასობაში, ენაც ვისწავლე და ახლა ერთ-ერთ მაღაზიაში ვმუშაობ.
_ თურქულის გარდა სხვა ენაც იცით?
_ რუსული და ცოტა ინგლისურიც.
_ მანუჩარ, თურქეთი საქართველოს უახლოესი მეზობელია. ევროპიდან ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები შესაძლოა, უფრო სხვანაირად ჩანს. რას ფიქრობთ თურქეთში მცხოვრები ემიგრანტები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე?
_ ვფიქრობ, აქედან დანახულიც იგივეა, რა რეალობაც მანდ არის.
მე ვხედავ უკიდურესად გაჭირვებულ, გაღატაკებულ ხალხს! ვხედავ მოხუცბს, რომლებიც ქუჩაში სხედან, ლუკმა-პურისა და წამლის ფულის რომ იშოვონ!
ვხედავ მშიერ ბავშვებს, რომლებსაც ტკბილეული ენატრებათ!
ვხედავ უმუშევარ ადამიანთა არმიას, რომელმაც არ იცის, რა გზას დაადგეს.
ვხედავ უსამართლობის პიკს, როცა შვილმოკლულ მამებს არაფრად აგდებს ხელისუფლება და მე მაქვს პროტესტის განცდა!
ეკონომიკა სულს ღაფავს და ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია შესული!
_ ისე, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალება მოგეცათ?
_ კი, გავიარე ონლაინრეგისტრაცია და 28 ნოემბერს სტამბულში, საქართველოს საკონსულოში გახსნილ უბანზე უპრობლემოდ, მშვიდად მოვიხადე ჩემი მოქალაქეობრივი ვალი.
_ მართლია, არჩევნები ფარულია, მაგრამ თუ საიდუმლო არ არის, პრეზიდენტობის რომელ კანდიდატს დაუჭირეთ მხარი?
_ ღიად ვაფიქსირებ ჩემს მხარდაჭერას გრიგოლ ვაშაძის მიმართ.
_ რატომ ვაშაძე და არა _ ზურაბიშვილი?
_ ამ ორ არჩევანს შორის, ვფიქრობ, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ვაშაძის მხარდაჭერაა!
_ სალომე ზურაბიშვილმა უცხოეთში წააგო. „ოცნება“ ამბობს, რომ ამის მიზეზი ის გახდა, რომ „ნაციონალები“ სოციალურ ქსელში კარგად მუშაობენ და ემიგრანტებს ქვეყანაში მიმდინარე აღმავლობაზე ინფორმაცია არ გააჩნიათ. ამან იმოქმედა თქვენს განწყობაზე და გადაწყვეტილებაზე?
_ არანაირად! უბრალოდ, იქ, სადაც არ დარიგდა ხახვი და კარტოფილი, არ იყო დაშინება, მოსყიდვა და „ძველი ბიჭები“, ყველამ თავისუფლად გამოხატა ნება, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ პირადად მე ვერანაირი დაშინება და ძალადობა ვერ შემაცვლევინებდა აზრს.
საარჩევნო კაბინაში შენი თავისა და ხმის პატრონი თავად ხარ!
_ 2012 წელს „ოცნება“ პირობას დებდა, რომ ემიგრანტებს სამშობლოში დააბრუნებდა. აპირებთ დაბრუნებას?
_ ხუმრობით რომ გითხრათ, სამშობლოში დაბრუნებას აუცილებლად ვაპირებ და როცა დავაპირებ, გეტყვით!
_ რატომღაც, ზურაბიშვილის ფრაზა გამახსენდა, _ როცა დავაპირებ, გეტყვითო…
_ რაც შეეხება „ოცნების“ ამ დაპირებას, როგორც სხვა უამრავი დაპირება, ესეც შეუსრულებელი დარჩა, მაგრამ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით.
_ შეგიძლიათ, დამისაბუთოთ, თქვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეს, რატომ არ მოგწონთ დღევანდელი ხელისუფლება?
_ ამაზე პასუხი ძალიან მარტივია _ ხელისუფლება არ ზრუნავს ხალხზე.
არადა, ხელისუფლების მთავარი საზრუნავი და პრიორიტეტი, ჩემი აზრით, სწორედ ხალხი უნდა იყოს, რადგან ხალხმა აირჩია იგი.
ისე, წინა ხელისუფლების შეცდომებზე მაინც ესწავლა რამე!
რატომ შიმშილობენ ბავშვები? რატომ უხსნიან სოციალურ დახმარებას უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს? და ამ დროს რატომ იშენებენ სასახლეებს ხელისუფალნი? რატომ დადიან ბოლო მოდელის ჯიპებით? რატომ იღებენ პრემია-დანამატებს? _ რისთვის, რა დამსახურებისთვის?
ეს ხომ პარადოქსია _ არაფრის კეთებაში იღებენ პრემიებსა და ა. შ. ბევრის ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს!
_ საშუალება რომ მოგეცეთ და ბიძინა ივანიშვილს ან სალომე ზურაბიშვილს შეხვდეთ, რას ეტყვით?
_ ივანიშვილს ვეტყოდი, რომ საქართველო არ არის მისი პირადი საკუთრება! ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ!
რაც შეეხება ზურაბიშვილს, მას ვეტყვი, რომ არ ვაღიარებთ და ის არ არის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი!
_ რატომ?
_ ამის მიზეზი უამრავია!
_ რა არის ემიგრაციაში მცხოვრები ადამიანების მთვარი პრობლემა?
_ ემიგრანტების მთავარი პრობლემა სამშობლოსა და ოჯახებისგან სიშორეა!
_ საქართველოში ხშირად ჩამოდიხართ ხოლმე?
_ არა, საქართველოში ჩამოსვლას ხშირად ვერ ვახერხებ, თუმცა ძალიან მენატრება! მინდა, მთელი საქართველო მოვიარო!
_ ხომ არ გაქვთ განცდა, რომ სამშობლომ გაგწირათ?
_ არანაირად!
ჩემი სამშობლო გულში მაქვს და სადაც წავალ, თან დავატარებ! გული უნდა ამომგლიჯონ, სამშობლო რომ წამართვან!
სამშობლო არა და ვერ გამწირავს იმიტომ, რომ ის ჩემია და მე მეკუთვნის!
მე თუ მკითხავთ, ადამიანები წირავენ სამშობლოს!
_ ძნელია ემიგრაციაში ცხოვრება?
_ ემიგრაციაში ცხოვრება რთულია, თუმცა ვისთვის _ როგორ!
ძნელია, რომ მეგობრებს, ახლობლებსა და ნათესავებს ხარ მოწყვეტილი და მათ ყველა მნიშვნელოვან მოვლენას ინტერნეტის „ლაივით“ ადევნებ თვალს! თვალზე ხანდახან ცრემლი მოგდის და იმ დღეს წყევლი, საზღვარი პირველად რომ გადმოლახე!
_ რა არის თქვენი ქართული ოცნება?
_ ქართული ოცნება _ ეს ორი სიტყვა გაუფასურდა, ადამიანები გადაიღალნენ, ბევრი ბედს მიენდო და ფიქრობს, რომ აღარაფერი ეშველება.
ოცნების დრო არაა!
თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ხელისუფლება ჩვენი მსახურია და არა _ პირიქით!
მინდა, ძლიერი საქართველო ვიხილო, გამთლიანებული!
„ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო!“ _ ბრძანა ილია ჭავჭავაძემ, მაგრამ ვაი, რომ ასე არ არის!
ეს ბედი ხვდა წილად ჩვენს ბედკრულ ქვეყანას, მაგრამ გვქონდეს უნარი, გავარჩიოთ თეთრი _ შავისგან, კარგი _ ცუდისგან და ბოლომდე ვიბრძოლოთ!
ძალა ერთობაშია!
მე მაქვს ჩემი პარტია, სიმართლის პარტია!
მე მიყვარს ჩემი სამშობლო და ხალხი და თუ რამეს ვამბობ, მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის!
ღმერთმა დაწყევლოს სამშობლოს ყველა მოღალატე და უღირსი ადამიანი, „ნაციონალი“ იქნება ეს, „ოცნება“ თუ სხვა ნებისმიერი, ჩემთვის მოღალატეს ერთი ფასი აქვს, ვინც უნდა იყოს ის!
გახსოვდეთ, სამშობლო არ იყიდება!
ერი კი, რომელიც ხუთ კილო კარტოფილზე იყიდება, არშემდგარია და კიდევ უფრო შემზარავი და თავლაფდასხმულია ხელისუფალი, რომელიც ამას აკეთებს!
მოკლედ, სასწაულები ხდება ქვეყანაში _ ამდენი მოღალატე ერთად საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, თუმცა კი ყოფილან, სამწუხაროდ.
მიზანმიმართულად ანაწევრებენ და ანგრევენ ქვეყანას, გარეწრები!
ერო და ბერო, გაიღვიძე, სამშობლოს გვართმევენ!
_ მანუჩარ, თქვენი პოზიციის გამო ხომ არ გაქვთ განცდა, რომ თქვენს ახლობლებს, მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, პრობლემები შეექმნებათ?
_ კი, ამის განცდა მაქვს, თან ძალიან.
მთხოვეს ჩემებმა, რომ დროებით მაინც არაფერი დამეწერა სოციალურ ქსელში, მაგრამ იდენად დიდია პროტესტი და გულის ტკივილი, რომ სხვანაირად არ შემიძლია!
კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არ ვარ არც ერთი პარტიის წევრი! ძალიან უკმაყოფილო ვარ ასევე წინა ხელისუფლების, უბრალოდ, სხვა გზა არ დარჩა და მგონია, რომ ჩემი არჩევანი სწორია და ღმერთმაც ასე ქნას!

სხვათა შორის, მანუჩარ მახარაძემ 2 დეკემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ გაერთიანებული ოპოზიციის მშვიდობიან აქციას სოლიდარობა გამოუცხადა და 30 ნოემბერს სოციალურ ქსელში დაწერა:
„მოგესალმებით, ძვირფასო ემიგრანტებო!
მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ქ. სტამბულში არჩევნები ჩატარდა მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატმა, ბატონმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო ხმათა 79%, საქართველოში ჩატარდა უხეში დარღვევებით. ბიძინიე-ხეგლეჯიამ და მისმა კრიმინალურმა ბანდამ ტოტალურად გააყალბეს არჩევნები.
კვირას, 15:00 საათზე, თბილისში გაერთიანებული ოპოზიცია გამართავს აქციას, სადაც ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
ჩვენ _ სტამბულში მცხოვრებმა ემიგრანტებმა, სოლიდარობის მიზნით, გადავწყვიტეთ, შევუერთდეთ ამ აქციას!“

P. s. ისე, როცა ემიგრანტებზე ვსაუბრობთ, საინტერესოა სტატისტიკა. ხელისუფლება, შესაძლოა, არ ეთანხმება, მაგრამ არსებობს ინფორმაცია, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოდან წამსვლელთა რიცხვი გაორმაგდა. ამავე კონტექსტში უნდა გავიხსენოთ მიმდინარე წლის მარტში „ამერიკის ხმის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, 2017 წლის მონაცემებით, 840 000 ქართველი ემიგრანტი ცხოვრობდა.
„საქართველოდან წასული ყველაზე მეტი _ 450 ათასამდე ემიგრანტი _ რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს; 80 000 _ საბერძნეთში; 70 000 – უკრაინაში; 50 000 – აზერბაიჯანში; 40 000 – სომხეთში; 30 000 – აშშ-ში; 20 000 – გერმანიაში; 20 000 _ კვიპროსზე; იტალიაში კი _ დაახლოებით 10 000 ქართველი მიგრანტია.
ამავე მონაცემებით, 10 000-ზე ნაკლები და 1000-ზე მეტი მიგრანტია ამ დროისთვის ისრაელში, ესპანეთში, ბელარუსში, თურქეთში, საფრანგეთში, ავსტრიაში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, გაერთიანებულ სამეფოში, კანადაში, ბელგიაში, ესტონეთში, შვედეთში, ლატვიაში, პორტუგალიასა და ჩეხეთში.
„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, 1990 წლისთვის მონაცემები მცირედით განსხვავებული იყო, თუმცა მაშინაც ქართველი მიგრანტების უდიდესი ნაწილი რუსეთში ცხოვრობდა _ 660 000 ადამიანი; შემდეგი იყო უკრაინა – 80 000 ქართველი იმიგრანტით, მომდევნო აზერბაიჯანი, სადაც ამ დროისთვის 70 000-მდე ქართველი მიგრანტი ცხოვრობდა, საბერძნეთი – 40 000 და ისრაელი – საქართველოს 30 000 მოქალაქით.
2000 წლისთვის არსებული მონაცემებით კი, იმ ქვეყნების ტოპსამეული, სადაც ყველაზე მეტი ქართველი იმიგრანტი იყო, არ შეცვლილა – რუსეთი (630 000), უკრაინა (70 000) და საბერძნეთი (70 000).
მომდევნო ქვეყნებს შორის არიან საქართველოს მეზობლები – აზერბაიჯანი (60 000) და სომხეთი (50 000). 2000 წლისთვის, როგორც ჩანს, 20 000-მდე ქართველი ცხოვრობდა ისრაელში, შეერთებულ შტატებში კი – 10 000.
2010 წლის მონაცემებით, რუსეთში მცხოვრებ ქართველთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. თუკი 2000 წლის მონაცემებით რუსეთში 630 000 ქართველი ცხოვრობდა, 2010 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 440 000-მდე დაიკლო, თუმცა რუსეთი მაინც პირველი ქვეყანა იყო მსოფლიოში ქართველი იმიგრანტების რაოდენობის მიხედვით, რომელსაც მოჰყვებოდა საბერძნეთი – 90 000, უკრაინა – 60 000, აზერბაიჯანი – 50 000, სომხეთი – 30 000 ქართველი მცხოვრებით.
რაც შეეხება შეერთებულ შტატებში ქართველ მიგრანტთა რაოდენობის დინამიკას, „პიუს კვლევითი ცენტრის“ ინფორმაციით, თუკი 1990 წლისთვის აშშ-ში 10 000-ზე ნაკლები ქართველი ცხოვრობდა, 20 წლის შემდეგ ეს რიცხვი გაორმაგდა და 2010 წელს უკვე 20 000-ზე მეტი ქართველი ემიგრანტი იყო. როგორც მონაცემები აჩვენებს, ყოველ 10 წელიწადში ქართველი მიგრანტების რაოდენობა შეერთებულ შტატებში, დაახლოებით, 10 000-ით იმატებს – 2017 წლისთვის აშშ-ში უკვე 30 000-მდე ქართველი ცხოვრობდა“, _ იუწყებოდა „ამერიკის ხმა“ მარტში.
840 ათასი ემიგრანტიდან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ყველას არ მიეცემოდა, რადგან მათი უმეტესობა უცხოეთში არალეგალურად იმყოფებოდა.
ისე, ისიც ითქვა, რომ არჩევნების წინ „ოცნების“ წარმომადგენლები ემიგრანტებს თითქოს აშინებდნენ, რომ თუ ისინი სალომე ზურაბიშვილს არ მისცემდნენ ხმას, დეპორტაცია არ ასცდებოდათ, მაგრამ ამ მუქარამ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე, როგორც ირკვევა, არ გაჭრა და ემიგრანტებმა საკუთარი ნება უშიშრად დააფიქსირეს!

გიორგი აბაშიძე