“საქართველოს ფოსტა” იყიდება, რიგში შემდეგი – რკინიგზაა

რამდენიმე დღის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებას დიდი რეზონანსი მოჰყვა. გიორგი ქობულიამ ისაუბრა მთავრობის მიერ სახელმწიფო კომპანიის რეორგანიზაციის საკითხებზე და აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან საქართველოს ფოსტის გაყიდვა იგეგმება. მინისტრის თქმით, საქართველოს რკინიგზის პრივატიზება, ჯერჯერობით, არაა გადაწყვეტილი, თუმცა შესაძლოა, აქ კერძო ოპერატორები შევიდნენ.

„კომპანია, რომელიც შეიძენს „საქართველოს ფოსტას“, აიღებს ვალდებულებას ე. წ. უნივერსალურ მომსახურებაზე. აქ იგულისხმება, რომ წერილი უნდა მიეწოდოს საქართველოს ნებისმიერ წერტილში ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს. ეს იქნება ღია აუქციონი. დასახელდება პირობები, სადაც შემოვლენ კომპანიები. მათ უნდა ჰქონდეთ სათანადო კვალიფიკაციაც. „საქართველოს ფოსტის“ პრივატიზება 2019 წელს იგეგმება“, _ განაცხადა ქობულიამ.
სახელმწიფო კომპანიების პრივატიზების მიზეზად მათი ფუნქციონირების ეფექტიანობის ზრდა სახელდება. მთავრობა ამით რამდენიმე ათეული მილიონი ლარის შემოსავლის მიღებას გეგმავს.
„საქართველოს ფოსტა“ წარმოადგენს ქვეყანაში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას, რომელიც 82 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანიაში დასაქმებულია 2700 ადამიანი. საქართველოს ფოსტა სახელმწიფო კომპანიაა და ორგანიზაცია თავის სტრუქტურაში აერთიანებს: „საქართველოს საერთაშორისო დაჩქარებულ ფოსტას“, რომელიც დაარსდა 2001 წლის პირველ მარტს. იგი ჩართულია Express mail services-ის მსოფლიო ქსელში. განახორციელებს EMS წერილებისა და ამანათების გაგზავნას 200 ქვეყნის მასშტაბით.
ღია აუქციონის წესით დასახელებულ წინადადებებს მოჰყვება კომპანიების შემოთავაზებები, განხილვის შემდეგ კი ფოსტას კერძო მფლობელი ეყოლება.

რა გავლენას მოახდენს სახელმწიფო კომპანიების პრივატიზება ქვეყნის ეკონომიკასა და მის გაძლიერებაზე და რამდენად მოსალოდნელია რკინიგზის კერძო მფლობელობაში გადასვლა?
ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრა ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი _ შოთა გულბანი:
_ ეკონომიკის მინისტრის განცხადებით იგეგმება საქართველოს ფოსტის პრივატიზება. რას გულისხმობს ეს და რა ცვლილებები იქნება ფოსტის საქმიანობაში?
_ საქართველოს ფოსტის პრივატიზება გულისხმობს მისი აქციების გარკვეული რაოდენობის ან საკონტროლო პაკეტის შესყიდვას უცხოელი ან ადგილობრივი ინვესტორის მიერ. რა წილზეა საუბარი, ჯერჯერობით, უცნობია. რაც შეეხება მომსახურებას, ეკონომიკის მინისტრის განცხადებას თუ დავეყრდნობით, ინვესტორი ვალდებული იქნება, რომ საქართველოს მოქალაქეებს უნივერსალური მომსახურება შესთავაზოს, რაც გულისხმობს საქართველოს ნებისმიერ წერტილში წერილის მიწოდებას ნებისმიერი მოქალაქისთვის.
როგორც წესი, სერვისის ცვლილება დამოკიდებულია ახალი მფლობელის ბიზნესხედვაზე და მის ინტერესებში უნდა შედიოდეს მომსახურების გაუმჯობესება. კონკრეტულად რა შეიცვლება სერვისის ნაწილში, ამაზე საუბარი ნაადრევია.
_ რა დადებითი და უარყოფითი შედეგები მოჰყვება საქართველოს ფოსტის პრივატიზებას და რას ფიქრობთ ამ ფაქტთან დაკავშირებით?
_ მივესალმები ფოსტის პრივატიზებას. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ფოსტამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, მგონია, რომ კერძო ბიზნესმენს საკუთარი ბიზნესის მიმართ მაინც უფრო სხვაგვარი მიდგომები ექნება, რაც, ძირითადად, განვითარებაზე და პროგრესზე უნდა იყოს ორიენტირებული და ცხადია, მოგების ზრდაზეც, მათ შორის.
სახელმწიფოც ამით იხეირებს, ვინაიდან უცხოური ვალუტა შემოვა ქვეყანაში და ეს დადებითად აისახება ლარის კურსზე. სხვა მხრივ ძალიან კარგი იქნებოდა საქართველოს ფოსტის მიერ ფასიანი ქაღალდების განთავსება საქართველოს საფონდო ბირჟაზე, რითაც ადგილობრივ ფიზიკურ და იურიდიულ პირებსაც ექნებოდათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ სახელმწიფო კომპანიის აქტივების მფლობელები და ეკონომიკური პროცესებისთვის მსგავსი მაგალითები უფრო დადებითად აისახებოდა.
_ როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, ფოსტისა და შემდგომში რკინიგზის პრივატიზება ხელს შეუწყობს მათ ეფექტიან ფუნქციონირებას და ოპტიმიზაციას. რამდენად ეთახმებით ამას და რა მოლოდინები გაქვთ?
_ რგინიგზის პრივატიზება მიმდინარე ეტაპზე შეუძლებელი იქნება და ეს ეკონომიკის მინისტრმაც დაადასტურა. ჯერ საჭიროა მნიშვნელოვანი რეორგანიზაცია საქართველოს რკინიგზის სერვისებში და შემდეგ იქნება შესაძლებელი და ცხადია, თუ რომელი ბიზნესმიმართულების პრივატიზებას გეგმავს მთავრობა.
არ ვფიქრობ, რომ რკინიგზის პრივატიზება აუცილებლად შეიცავს პოლიტიკურ რისკებს, ამის ნათელი მაგალითია 2008 წლის აგვისტოს ომი, როცა საქართველოს ენერგეტიკული რესურსების ძირითადი ნაწილი რუსი ინვესტორების ხელში იყო, თუმცა ჩვენ ელექტროენერგიის მოწოდება არ შეგვიწყდა. ანუ ბიზნესმენისთვის მნიშვნელოვანია სტაბილურ გარემოში ფულის კეთება და პოლიტიკა მისთვის მეორეხარისხოვანია.
რაც შეეხება, უფრო ეფექტიან ფუნქციონირებას, სახელმწიფო აქტივის კერძო საკუთრებაში გადასვლამ, წესით, ეს ბიზნესი მომხმარებლებისთვის უფრო მიმზიდველი უნდა გახადოს. თუმცა საპირისპირო რისკიც არსებობს, რაც რკინიგზის მონოპოლიური მდგომარეობით გამოიხატება. ამ რისკის გასანეიტრალებლად მთავრობა აუცილებლად უნდა დარჩეს საკონტროლო პაკეტის მფლობელი, ვინაიდან შესაძლოა, ახალმა მფლობელმა დროდადრო სერვისებზე ფასები გაზარდოს და ამას მთავრობამ ვერაფერი დაუპირისპიროს.
_ ზოგადად, რა მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში პრივატიზაციის კუთხით და რა გამოწვევები გვაქვს ამ სფეროში?
_ ჯერ კიდევ მთავრობის ბალანსზე უამრავი წამგებიანი სახელმწიფო კომპანია და სხვადასხვა აქტივია. კარგი იქნებოდა, რომ ამ აქტივების განკერძოების პროცესი დაიწყოს, ვინაიდან ამ შემთხვევაში მათზე ღირებულება გაიზრდება და ეკონომიკური აქტივობები უფრო დაჩქარდება“.

პრივატიზება ან პრივატიზაცია გულისხმობს საკუთრების სახალხო საკუთრებიდან კერძო მფლობელობაში ტრანსფორმაციის პროცესს ან რაიმე სამსახურის ან სერვისის მართვის სახელმწიფოდან კერძო სექტორში გადაყვანას. პრივატიზაცია ხშირად ასოცირდება ინდუსტრიულ და მომსახურების ორიენტაციის წარმოებებთან, როგორიცაა მაღაროები, მანუფაქტურა და ენერგოგენერაცია, თუმცა ის შეიძლება შეეხოს ნებისმიერი სახის ქონებას, მათ შორის, მიწას, გზებს, წყალზე უფლებებსაც კი. ბოლო დროს მრავალ ქვეყანაში სახელმწიფო მომსახურების დარგები, როგორიცაა ჯანდაცვა, სანიტარიული მომსახურება და განათლებაც კი პრივატიზაციის ყურადღების ცენტრში მოექცა.
თავად ამ ეკონომიკური პროცესის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს. განსაკუთრებით მძაფრდება ეს სხვადასხვაობა, როდესაც საქმე სახელმწიფო საკუთრებას და მის კერძო მფლობელობაში გადასვლას ეხება. არსებული რისკებისა და საფრთხეების გათვალისწინება და ჯეროვანი შეფასება უმთავრესია, ასევე იმ პერსპექტივისა და მომგებიანი შედეგების დანახვა, რაც შეიძლება სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაციამ გამოიწვიოს.

პრივატიზების მომხრეთა შორისაა ეკონომიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტი, ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი _ ქეთევან კრიალაშვილი, რომელიც „ქრონიკა+“-ს ესაუბრა და სახელმწიფო კომპანიების პრივატიზების პროცესი და მოსალოდნელი შედეგები შეაფასა:
_ ფოსტის გარდა ეკონომიკის სამინისტროს დაანონსებული აქვს აგრესიული პრივატიზაცია. პრივატიზაციაში იგულისხმება მისი მესაკუთრის ცვლილება და ამ შემთხვევაში სახელმწიფოს უნდა, რომ ფოსტა გადავიდეს კერძო მფლობელობაში. რაც შეეხება ფოსტის საქმიანობას, მასზე არ აისახება პრივატიზების პროცესი, იმდენად, რამდენადაც კერძო მფლობელი შემდგომ გადაწყვეტს და შეაფასებს, რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება იგი სხვა გადამზიდ კომპანიებთან შედარებით.
რეალობამ გვაჩვენა, რომ ფოსტა წარმატებული და მომგებიანია მას შემდეგ, რაც ის სახელმწიფო კომპანია გახდა. სწორედ ამის გამო მან სექტორის მონოპოლიზება შეძლო და მოსახლეობას არჩევანი არ დარჩა, ჩვენ იძულებულები გავხდით, მისი მომსახურებით გვესარგებლა. როგორც კი ფოსტა კერძო სექტორის საკუთრება გახდება, კონკურენტულ გარემოს მივიღებთ და ბაზარი თავად დაარეგულირებს ფასებსაც და მომსახურების ხარისხსაც. ეს უკვე მომხმარებელს მეტი არჩევანის თავისუფლებას აძლევს.
მთავარი, რაც უნდა ვაღიაროთ, არის ის, რომ პრივატიზება ჩვენნაირი განვითარებადი სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელიც კია. შესაბამისად, ახალი მიდგომა და მთავრობის მიერ არსებული რისკების გათვალისწინება მისასალმებელია. თუმცა კითხვის ნიშნები ჩნდება: საინტერესოა, რა ფორმით მოახერხებს და მიაღწევს სახელმწიფო სამართლიან პრივატიზაციას, რომელიც იქნება წარმატებული და მომგებიანი?
დადებითი შედეგები, რაც სახელმწიფო კომპანიების პრივატიზებას მოჰყვება, არის ის, რომ ისინი გადავა კერძო საკუთრებაში და გაიზრდება მისი ფუნქციონირების ეფექტიანობა, მთლიანად ბაზრის წარმატებაც. მაგრამ რეალურია არსებული რისკებიც და საფრთხეებიც. მთავარია სწორად შეირჩეს პრივატიზების ფორმა და ხერხები, რითაც სახელმწიფო კომპანიები გასხვისდება. არის საშიშროება, რომ მთავრობა ერთ კონკრეტულ კომპანიას მოარგებს აუქციონის პირობებს, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იქნება და გართულებებს შექმნის.
არ უნდა იყოს გამოხატული პირადი ინტერესები და ამან ხელი არ უნდა შეუშალოს ფოსტის განვითარებას, რადგან ჩვენს ქვეყანაში ძალიან ცოტა კერძო პირი თუ კომპანია არსებობს, რომლის ფინანსური რესურსი სრულად გასწვდება ფოსტის წილის გამოსყიდვას სახელმწიფოს საკუთრებიდან.
ძალიან კარგი იქნება, თუ პრივატიზების პროცესი წარიმართება ღიად და საშუალო შემოსავლის მქონე ქართულ ოჯახსაც შეეძლება ფოსტის გარკვეული წილის მიღება.
თავად პრივატიზება, როგორც ეკონომიკური მოვლენა მისასალმებელი და აუცილებელიც კია. კარგი იქნება თუ სექტორი კერძო მფლობელობაში გადავა და თავისუფალ საბაზრო ეკონომიკის პირობებში კონკურენტული გარემო შეიქმნება.
დღევანდელი მდგომარეობით და იმ პროცესების გათვალისწინებით, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, დომინანტი არის სახელმწიფო და მის ხელშია 70% არსებული რესურსებისა. იმისთვის, რომ საბაზრო ეკონომიკაზე გადავიდეთ და ეს საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები დავნერგოთ, ჩვენს ქვეყანაში აუცილებელია, სახელმწიფომ სრულად მოახდინოს ამ რესურსის პრივატიზება და გაზარდოს მისი ეფექტიანი ფუნქციონირება. რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უფრო მალე მივიღებთ შედეგს. მაგრამ ახლა ნამდვილად არ გვაქვს აღებული სწორი გეზი და შესაბამისი ტემპი, რადგან ამ ტემპით კიდევ დიდხანს გაიწელება პრივატიზების საჭირო პროცესი. ამის მიზეზი ისიცაა, რომ საქართველოში არაა საკმარისი ფინანსური რესურსი, ასევე სხვა ხელშემწყობი ფაქტორები.
აუცილებელია, რომ საყოველთაო პრივატიზება სამართლიან და თანაბარუფლებიან პირობებში მოხდეს, რადგან ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ისევე როგორც თავად ამ ტიპის ეკონომიკურ პროცესებს.

ანა ურუშაძე