ნიკა მაჭუტაძე: „ამ არჩევნებს საერთო არ აქვს ლეგიტიმაციასთან, ეს ურთულესი ვითარებაა!“

2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართულ მრავალათასიან მიტინგზე, გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხელისუფლებას ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად სამუშაო ჯგუფის შექმნა მოსთხოვა და ვადა 16 დეკემბრამდე მისცა. აღსანიშნავია, რომ სწორედ 16 დეკებერს უნდა გაიმართოს სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია. როგორ დაუმტკიცებს საერთაშორისო საზოგადოებას გაერთიანებული ოპოზიცია, რომ 28 ნოემბრის არჩევნები არალეგიტიმურია?

ამ და სხვა თემებზე „ქრონიკა+“ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, პოლიტიკური მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძეს ესაუბრა, რომელმაც ზემოხსენებულ აქციაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა:
„იმ ე. წ. შედეგს, რომელიც დაწერა ამ ე. წ. ხელისუფლებამ, არაფერი საერთო არ აქვს არც ლეგიტიმაციასთან, არც _ საქართველოს ისტორიის იდეალებთან, არც _ საქართველოს თავისუფლებასთან და არც _ მის დამოუკიდებლობასთან. ეს ვითარება არის ურთულესი ვითარება!“
გთავაზობთ ინტერვიუს ნიკა მაჭუტაძესთან:

_ ნიკა, მართალია, არჩევნები დამთავრდა, მაგრამ ეს, პრაქტიკულად, ის სიტუაციაა, როცა ომის შემდეგ დამყარებული მშვიდობის უნდა გვეშინოდეს, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ივანიშვილის ოცნება ახდენილია _ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტია, თუმცა ამ მოცემულობას გაერთიანებული ოპოზიცა არ აღიარებს. დაასაბუთე, რა არის არაღიარების არგუმენტი, როცა ზურაბიშვილს მილიონზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა, ვაშაძეს კი _ 800 ათასმა?
_ ამ შემთხვევაში ბერტოლდ ბრეჰტის ცნობილი ფრაზის მოხმობა არ დაგვჭირდება.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ არჩევნები გაერთიანებული ოპოზიციის მიერ არ ყოფილა აღქმული, როგორც ომი. ჩვენ არჩევნებს ვუყურებდით მთელი ცივილიზებული, დემოკრატიული კაცობრიობის პოლიტიკური ტრადიციის ფარგლებში, მისი გააზრებისა თუ გაზიარების კვალდაკვალ. შესაბამისად, არჩევნების შემდგომი მშვიდობა საერთოდ არ არის საშიში, თუ ვსაუბრობთ ოპოზიიციის გეგმებსა და იმ იმპულსებზე, რომელიც გამოდის ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის სტრატეგიიდან და მორალიდან.
ომად, დესტაბილიზაციად და ატომისტურ დაპირისპირებად ხელისუფლება ნათლავდა ამ პროცესს და არა _ ჩვენ. ეს ერთგვარი პროპაგანდისტული ხრიკი, ფანდია და თავისთავად შეურაცხმყოფელიც ქართული საზოგადოებისთვის, რახან ეს პროპაგანდა გათვლილია არა ცნობიერ პოლიტიკურ არსებობასა და სახელმწიფოებრივი აზროვნების შესაძლებლობებზე, არამედ _ შიშებზე, ფობიებზე, რომელიც თითქოს დავანებულია ადამიანების კოლექტიურ თანაარსებობაში, ჩვენს საერთო ცუდ გამოცდილებათა შედეგად დაზიანებულ მეხსიერებაში, დემოკრატიის უნდობლობასა და პოლიტიკის გაცნობიერების სისუსტეში.
ომი ცუდი სიტყვაცაა და მას საერთოდ არაფერი აქვს საერთო არჩევნებთან. პრინციპში, არც ამ საპრეზიდენტო „არჩევნებს“ ჰქონდა რაიმე საერთო არჩევნებთან თავისი არსით, თავისი დატვირთვით, ფორმითაც კი განსხვავდებოდა ნორმალური კი არა, საერთოდ, არჩევნებისგან. ეს იყო ძალმომრეობის აქტი, უკანონობათა ჯაჭვი, სადაც მთავარ მახასიათებლად ძალადობის სხვადასხვა ასპექტი მოგვევლინა _ მოსყიდვა, დაშინება, შანტაჟი, პირდაპირი გაყალბება, ე. წ. კარუსელები, პროცედურათა სრული უგულებელყოფა, საარჩევნო ადმინისტრაციათა ტოტალური კონტროლი, არათანაბარი მედიაგარემო, საუკუნის აფერა _ ვალების გადახდის დაპირება და ასე დაუსრულებლად.
100 000 ხმა გაუბათილეს ოპოზიციას და მის კანდიდატს _ ეს წარმოუდგენელი ნიშნულია წარმოუდგენელი სითავხედით განპირობებული. ასეთი ცუდი შეფასებები არ მისცემია საქართველოში ჩატარებულ არც ერთ არჩევნებს, დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული.
ჩვენ არ ვცნობთ ამ არჩევნებს არჩევნებად და არც მის „ოფიციალურ შედეგებს“. მოკლედ რომ ვთქვათ, ამის მიზეზი თქვენი შეკითხვის ტექსტშივეა _ ეს მხოლოდ ივანიშვილის ოცნება იყო და არაფერი აქვს საერთო ქართველი ხალხის უზენაეს პოლიტიკურ ნებასთან, მის ხედვასთან, მის მოთხოვნებთან, მეტიც, ქართველი ხალხის ეროვნულ და საქართველოს სახელმწიფოს სასიცოცხლო საჭიროებებთან.
_ მართალია, საერთაშორისო დამკვირვებლები ამბობენ, რომ ამ არჩევნებზე დემოკრატიული პრინციპები დაირღვა, მაგრამ მსოფლიო ლიდერები ზურაბიშვილს გაპრეზიდენტებას ულოცავენ. შესაბამისად, გაერთიანებულ ოპოზიციას კიდევ აქვს მოლოდინი, რომ დასავლეთის თვალში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დადგება?
_ ლეგიტიმაციას, უწინარეს ყოვლისა, ქმნის ქართველი ხალხი, ამ სახელმწიფოს დამფუძნებელი ხალხი და ეს უმთავრესად განპირობებულია მისი ნების ადეკვატურად ასახვით სახელმწიფო ხელისუფლების ფორმირებაში.
დავიწყოთ იქიდან, რომ არათუ ზურაბიშვილს, თვით მმართველ პარტიას არ აქვს ის ლეგიტიმაცია, აკონტროლებდეს კონსტიტუციურ უმრავლესობას პარლამენტში, არ აქვს ლეგიტიმაცია, ერთპიროვნულად და ერთპარტიულად განკარგავდეს ყველა სახელმწიფო ინტიტუციას და ორგანოს, მით უმეტეს, პრეზიდენტის პოსტს, რომლის ფლობის მართლაც ნულოვანი პოლიტიკური და მორალური უფლება აქვს.
_ ამას რის საფუძველზე ამბობთ?
_ უპირველესად, საქართველოში ჩატარებული ამ ანტიარჩევნების და, ამასთანავე, იმ სრულიად გაუგონარი, ანტისახელმწიფოებრივი ე. წ. საკონსტიტუციო რეფორმის გამო, რომლითაც ქართველ ხალხს ჩამოართვეს მთავარი პოლიტიკური უფლება _ აირჩიოს საკუთარი სახელმწიფოს მეთაური.
სხვათა შორის, ქალბატონი ზურაბიშვილი ბრძანდებოდა იმ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, რომელშიც მეც გახლდით და სადაც იმისთვის ვიბრძოდი, რომ ქართველ ხალხს შენარჩუნებოდა ეს პოლიტიკური უფლება, ქართულ სახელმწიფოს კი მტკიცე, მკაფიო პოლიტიკური ტრადიცია. ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების გაუქმებას, თუმცა სულ რაღაც ერთ წელიწადში მიიღო მონაწილეობა ბოლო პირდაპირ არჩევნებში და ხმა სთხოვა საქართველოს მოქალაქეებს. ამის უფლებას საკუთარ თავს არც ერთი ევროპული შეგნებისა და ეთიკის პოლიტიკოსი არ მისცემდა.
_ ისე, „ძალა ერთობაშია“ ელოდა, რომ „ოცნება“ ზურაბიშვილს 20-პროცენტიანი უპირატესობით გაამარჯვებინებდა?
_ ეს არ არის გამარჯვება. ეს არის ძალმომრეობა, ყალბისქმნა. წარმოიდგინეთ, ზემოთაც მოგახსენეთ _ 100 000-მდე გაბათილებული ბიულეტენი. თუნდაც ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ვისაუბროთ არა გამარჯვებაზე, არამედ თავხედურ ანტიპოლიტიკაზე?! რასაკვირველია, არის. 20%-იანი უპირატესობა კი არა, რომ ჩატარებულიყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, უპირობოდ გაიმარჯვებდა გაერთიანებული ოპოზიცია. ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა ემიგრაციულ საზოგადოებაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ქალაქებში, სადაც ვერ მისწვდა დაშინებისა და მოსყიდვის უმანკიერესი პრაქტიკა.
_ სხვათა შორის, „ედისონ რისერჩის“ გამოკითხვებითაც არჩევნები ზურაბიშვილმა მოიგო, თუმცა, ამჯერად, წინა ტურისგან განსხვავებით, „ედისონ რისერჩის“ ცდომილება 2 კი არა, 20-პროცენტიანი იყო. ამას რით ხსნით?
_ თუ გავიხსენებთ ოპოზიციის გაბათილებულ ბიულეტენებს და მივუმატებთ ოფიციალურ, საბოლოო შეჯამებას ხმებისას, მივიღებთ მართლაც ორპროცენტიან ცდომილებას, თუმცა აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ეგზიტპოლი არ არის პოლიტიკურად შინაარსობრივი არგუმენტი. ეგზიტპოლი ხშირად დამხმარე და ხშირად ხელის შემშლელიცაა დემოკრატიული მექანიზმებისთვის.
_ ამომრჩეველმა ოკუპაციაზე, ცვლილებასა და თავისუფლებაზე მაღლა ხუთი კილო კარტოფილი და ხახვი რატომ დააყენა?
_ არა, რასაკვირველია, არაფერი დგას ოკუპაციის პრობლემებსა და სუვერენული ტერიტორიების შემომტკიცებაზე მაღლა. ალბათ, ზოგიერთი მართლაც გაიყიდა, მაგრამ ბევრთა და მრავალთა არჩევანი საქართველოს თავისთავადობაა, რაც თავიდანვე გამორიცხავს იმას, რომ ჩვენი ხალხი იყიდება.
_ ხელისუფლებას ეეჭვება, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას 800 ათასმა ადამიანმა მისცა ხმა. ლოგიკურია კითხვა: თქვენი მხარდამჭერები რატომ ვერ შეაშინეს და ვერ მოისყიდეს?
_ არსებობენ ჩვენში ადამიანები, რომელთა ნებაზე ზემოქმედება შეუძლებელია. არც ერთი საშუალება არ მოქმედებს შემდეგ ამ ნებაზე. ეს უზარმაზარი შედეგია კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც აჩვენებს იმას, რომ ძალმომრეობასთან შეურიგებლობის სული კვლავაც ფეთქავს და მეტიც, ძლიერდება კიდევაც.
როგორც პოეტი იტყოდა: „ჰაი, ჰაი, რომ კიდევ ხმაურობს!“
_ იქნებ, ის შედეგი, რაც დადგა, ოპოზიციის ბრალიცაა, ანუ იგივე პიარის თვალსაზრისით გარკვეული შეცდომები დაუშვა?
_ ცხადია, შეცდომები იყო. ოპოზიციას უფრო მეტად უნდა წამოეწია თავისი შინაგანი დამოკიდებულებები ეროვნულ-სახელმწიფოებრივი საკითხების მიმართ, უფრო მეტად უნდა ყოფილიყო გაშლილი გაერთიანების, კოალიციის სემანტიკა, მისი პოლიტიკური და, ამასთანავე, პრაქტიკული შინაარსი, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეს ვერ მოხერხდა ისე, როგორც საჭიროა, ამას არსებითი გავლენა არ მოუხდენია არჩევნების ოფიციალურ-დოკუმენტურ შედეგზე.
_ რისი მომცემია არჩევნების შედეგების არაღიარება და ამ ფონზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა? რა მექანიზმი არსებობს, რითიც ვადამდელი დაინიშნება?
_ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, უპირველესად, ჩვენი პოლიტიკური სისტემის გაკეთილშობილება-რეფორმირებაა.
რაც შეეხება მექანიზმებს, ჩვენს ხელთ მხოლოდ ხალხის ნება და მისი აბსოლუტური დაკვეთაა. ვადამდელმა არჩევნებმა უნდა ასახოს ქვეყანაში არსებული ობიექტური მოცემულობა _ ამ ე. წ. ხელისუფლებას არ აქვს არც ისტორიული და არც იდეალისტური და როგორც არჩევნები გვეუბნება, არც ელექტორალური მხარდაჭერა. ხელისუფლება მიექანება შვეული დაღმართისკენ, საიდანაც მობრუნების შანსი არ არის თითქოს. იგი არ უნდა ფლობდეს საკონსტიტუციო უმრავლესობას პარლამენტში.

გიორგი აბაშიძე