„დავით მაჭავარიანმა მითხრა, რომ ჩემმა ოჯახმა ქვეყანა უნდა დატოვოს!“

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, ხელისუფლება ან, უფრო სწორად, ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფები და ადამიანები ღია ტერორზე გადავიდნენ. ამის ნათელი მაგალითია პირველ დეკემბერს, ქუთაისის აეროპორტში, პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანსა და მის ოჯახზე განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმა, რასაც პროფესიონალი იურისტები სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის კვალიფიკაციას აძლევენ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ თაკო ჩარკვიანსა და მის ოჯახს რამდენიმე ადამიანი ერთდროულად დაესხა თავს, რაც, პრინციპში, ჯგუფური დანაშაულია. მომხდარის შესახებ პირველადი ინფორმაცია 2 დეკემბერს, შაბათს, ნაშუადღევს გავრცელდა და პირველ კომენტარებში თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ თავდასხმას პოლიტიკური მოტივი ჰქონდა, თუმცა ვიდრე კონკრეტულად ამ შემთხვევაზე ვისაუბრებთ, „ქრონიკა+“ ბოლო დროის მოკლე მიმოხილვას შემოგთავაზებთ.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე თაკო ჩარკვიანზე კიბერშეტევა განხორციელდა _ მისი „ფეისბუკი“ გატეხეს. ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა საგანგებო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ კიბერშეტევაც პოლიტიკურად იყო მოტივირებული.
მომხდარზე შესაბამისმა უწყებებმა გამოძიება დაიწყეს, თუმცა კიბერთავდამსხმელის ვინაობა ამ დრომდე დაუდგენელია.
სამაგიეროდ, დადგენილია იმ პირთა ვინაობა, რომლებმაც 2 დეკემბერს ქუთაისის აეროპორტში თაკო ჩარკვიანსა და მის ოჯახზე თავდასხმა განახორციელეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პირველ დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:
„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, თაკო ჩარკვიანსა და მის თანმხლებ პირზე თავდასხმის ფაქტზე 1 პირი ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლის წესით, ხოლო 3 პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში მყოფ თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეს, სავარაუდოდ, პოლიტიკური შეხედულებების გამო თავს დაესხნენ. თავდამსხმელებიდან ერთ-ერთმა თაკო ჩარკვიანის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო სამი პირი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.
პოლიციამ აეროპორტში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღო, რის შედეგადაც ოპერატიულად მოხდა ოთხივე თავდამსხმელის იდენტიფიცირება და დაკავება.
საპატრულო პოლიციამ მომხდარზე გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. ასევე საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს.
ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები“.
მალვე გახდა ცნობილი, რომ ერთ-ერთი პირი, რომელიც ამ ძალადობრივ ინციდენტში მონაწილეობდა, თბილისის საკრებულოს პროტოკოლის სამსახურის უფროსი დავით მაჭავარიანია, რომლის ბრალეულობაც სასამართლომ, ჯერჯერობით, არ დაადასტურა და დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენისთვის მომდევნო პროცესი 12 დეკემბერს ჩაინიშნა.
თავდასხმაში მონაწილეებიდან ორს _ გიორგი კერვალიშვილსა და დავით ბაიდარაშვილს სასამართლომ 700-700-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. ერთი პირი კი ძალადობის ბრალდებით, 126-ე მუხლით არის დაკავებული.
მართალია, მაჭავარიანი ამბობს, რომ ინციდენტს შემთხვევით შეესწრო და, უბრალოდ, გაშველებას ცდილობდა, მაგრამ თაკო ჩარკვიანი „ქრონიკა+“-თან საპირისპიროს აცხადებს და ამბობს, რომ სწორედ დავით მაჭავარიანმა მოსთხოვა, რომ მას და მის ოჯახს საქართველო დაეტოვებინათ! ასევე თაკო ჩარკვიანი ადასტურებს, რომ მაჭავარიანი ფიზიკურ დაპირისპირებაში არ მონაწილეობდა და ის გორგოძის გაჩერებას ცდილობდა. გორგოძე, როგორც ირკვევა, ის ადამიანია, რომელიც თაკო ჩარკვიანის მეუღლეს, ჯონი გიგანს უკნიდან მიეპარა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ამასთან, „ქრონიკა+“-ს კონფიდენციალურმა წყარომ ინფორმაცია მიაწოდა, რომ გორგოძე გია გორგოძის ვაჟია. გორგოძე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ გაზეთის რედაქტორი გახლდათ. გაზეთი „ქართული ოცნება“ მოსახლეობაში უფასოდ ვრცელდებოდა, თუმცა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოცემამ არსებობა შეწყვიტა, მაგრამ გორგოძე უსამსახუროდ ნამდვილად არ დარჩენილა _ ის 2012 წელსვე სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს.
2015 წელს გორგოძე სკანდალში გაეხვია _ მას კოლეგები დაუპირისპირდნენ და, საბოლოოდ, იძულებული გახდა, თანამდებობა დაეტოვებინა.
„ქრონიკა+“-ის კონფიდენციალური წყარო ამბობს, რომ გორგოძე მმართველ გუნდთან დღესაც დაახლოებულია და ეს კონფიდენციალური ინფორმაცია უფრო ამყარებს ეჭვს, რომ თავდასხმას პოლიტიკური მოტივი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ მაჭავარიანი აცხადებს, თითქოს თაკო ჩარკვიანს არ იცნობდა.
თავდასხმიდან რამდენიმე საათის შემდეგ თბილისის საკრებულომ, რომლის პროტოკოლის სამსახურის უფროსიც არის დავით მაჭავარიანი, საგანგები განცხადება გაავრცელა:
„გვინდა, ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს გამოვეხმაუროთ, რომელშიც თბილისის საკრებულოს თანამშრომელი დავით მაჭავარიანი ფიგურირებს.
პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის ყოველგვარი ძალადობა, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს იგი, მიუღებელია, თუმცა უნდა ითქვას, რომ გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ საკრებულოს თანამშრომელი ჩხუბში მონაწილე პირებს აშველებს და ფიზიკურ შეურაცხყოფას არავის აყენებს.
დავით მაჭავარიანი თბილისის საკრებულოში, სხვადასხვა პოზიციაზე, 2007 წლიდან მუშაობს. იგი გაწონასწორებული, მშვიდი და წესიერი ადამიანია.
ცალსახად ვაცხადებთ, რომ თბილისის საკრებულო გადაწყვეტილებას მხოლოდ კანონის შესაბამისად და არა კერძო პირების მოთხოვნებიდან გამომდინარე მიიღებს“.
თაკო ჩარკვიანი „ქრონიკა+“-თან საუბრის დროს ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ მაჭავარიანს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა, როგორც ირკვევა, მან თაკო ჩარკვიანსა და მის ოჯახს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა, რაც ფიზიკურ თავდასხმაზე არანაკლებ საყურადღებოა თუნდაც იმიტომ, რომ მაჭავარიანი საჯარო მოხელეა! აქედან გამომდინარე, სახალხო პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის ქალიშვილი ამბობს, რომ მაჭავარიანის საქმეს ასე არ დატოვებს და სანამ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, აუცილებლად მოითხოვს, რომ მან საკრებულო დატოვოს!
სხვათა შორის, რამდენიმე „ობერქოცის“ გარდა ქუთაისის აეროპორტში განხორციელებული თავდასხმის გამართლება მმართველი პარტიის სახეებსა და ლიდერებს არ უცდიათ. მეტიც, ისინი ამ თემას არც შეხებიან და თავისთავად საგულისხმოა, რომ სასამართლომაც, რომელსაც ყველამ იცის, ხელისუფლება აკონტროლებს, ვერ გაბედა, რომ თავდასხმაში მონაწილე ორი პირისთვის ჯარიმა არ შეეფარდებინა. ასევე სასამართლომ ვერც ის გაბედა, რომ იგივე მაჭავარიანი უდანაშაულოდ ეცნო _ როგორც ზემოთ აღვნიშნე, მისი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოძიება გრძელდება და პროცესი მიმდინარე თვეში გაიმართება.

მომხდარზე საგანგებო განცხადება გაერთიანებულმა ოპოზიციამ იმავე დღეს გააკეთა და საგანგებო ბრიფინგზე გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა:
„28 ნოემბერს გავიღვიძეთ კრიმინალურ ზონაში, სადაც აღარც პოლიტიკური პროცესია, აღარც კონსტიტუციაა, აღარც არჩევნები ტარდება და ყველაფერს განაგებენ სუს-ის მიერ ორგანიზებული კრიმინალების ბანდები. დღეს თაკო ჩარკვიანს და მის ოჯახს ქუთაისში თავს დაესხნენ გალიებიდან გამოშვებული ბანდერლოგები და ოჯახს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს არის ორგანიზებული კამპანია. არ გეგონოთ, რომ ეს იყო რაღაც იზოლირებული მოვლენა. მიზანმიმართულად, დილიდან ელოდებოდნენ ოჯახს აეროპორტში სპეციალურად. ეს დაშინების კამპანია არის მართული ე. წ. ხელისუფლების მიერ, პოლიტიკური პოლიციის მიერ, რომელიც თავის თავს სუს-ს ეძახის და მასთან შეზრდილი კრიმინალების მიერ.
მინდა გითხრათ, რომ თქვენი არავის ეშინია, მინდა გითხრათ, რომ ყველა გეგმას, რაც ჩვენ დავისახეთ, აუცილებლად განვახორციელებთ, არც ერთ ჩვენს მხარდამჭერს, შტაბის არც ერთ აქტივისტს, არც ერთი შტაბის ხელმძღვანელს _ არავის, ვინც ჩვენს კამპანიასთან იყო დაკავშირებული, ან არც ერთ ჩვენს ამომრჩეველს, რომელმაც ხმა მოგვცა, არ მოგცემთ უფლებას, რომ ეს ადამიანები დააშინოთ ან მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოთ და ყველა ასეთ ფაქტს მივიტანთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან. დამიჯერეთ, მე ამის საშუალება მაქვს, ჩვენ კანონმორჩილი ხალხი ვართ, ვრჩებით კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში, იმავეს მოვითხოვთ ე. წ. ხელისუფლებისგან, _ ნუ დაკარგავთ საბოლოოდ ადამიანის სახეს.
არჩევნები მოიპარეთ, ხალხის ნებას მიაფურთხეთ, უამრავი ბიულეტენი არის გაუქმებული, კალათებით ყარეთ ბიულეტენები საარჩევნო ყუთებში, ის მაინც ეცადეთ, რომ დარჩეთ ქართველობისა და ადამიანობის ფარგლებში და ქალზე მაინც არ აღმართოთ ხელი.
ეს კამპანია თუ გაგრძელდა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ შეშინებით ვერ შეგვაშინებთ და თქვენ ამ კამპანიის მართვას ვერ შეძლებთ, იმიტომ რომ არავის, არასოდეს კრიმინალების მართვა არ გამოსვლია და არც თქვენ გამოგივათ, ყველაფერზე მიიღებთ საკადრის პასუხს, მაგრამ მიიღებთ პასუხს ისე, როგორც ეს ცივილიზებულ ძალას შეეფერება, რომელიც ჩვენ ვართ და თქვენ გასული ხართ ცივილიზებულობის, კონსტიტუციურობისა და სამართლის ფარგლებს გარეთ!“

თაკო ჩარკვიანი, პუბლიცისტი:
_ უკვე მოგვცეს დაზარალებულის სტატუსი. ეს საკმაოდ იშვიათად ხდება, მაგრამ ყველაფერი ძალიან გამოკვეთილია.
სხვათა შორის, სანამ ვიდეოკამერების ჩანაწერებს პოლიცია გაასაჯაროებდა, მოქალაქეების მიერ გადაღებული ვიდეოები გამოქვეყნდა და თავდასხმიდან, დაახლოებით, 15-20 წუთში უკვე ყველა მასალა გვქონდა. ამ მასალაში ყველაფერი ჩანს და ხმაც ისმის _ კონფლიქტი როგორ დაიწყო და როგორ დასრულდა. ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა და ამის შემდეგ ვერავინ ვერაფერს იტყვის ან ვინ რა უნდა თქვას? _ რა ვიცოდი, ეს ადამიანები ვინ იყვნენ?
_ თაკო, ქუთაისის აეროპორტში რატომ იმყოფებოდით?
_ ჩემს შვილს, ირმას ვაცილებდით, გაფრენამდე 20 წუთი იყო დარჩენილი. უცნობებმა დამიძახეს და მოხდა ის, რაც გავრცელებულ ვიდეოებში ნახეთ.
აქვე ხაზგასმით აღვნიშნავ, დავით მაჭავარიანი გორგოძეს, რომელიც ჩემს მეუღლეს ზურგიდან დაახტა, ნამდვილად აჩერებდა, მაგრამ სწორედ ამ მაჭავარიანმა მითხრა, რომ ჩემმა ოჯახმა ქვეყანა უნდა დატოვოს!
_ დარწმუნებული ხართ, რომ ეს სიტყვები მაჭავარიანმა გითხრათ?
_ დიახ, მაჭავარიანმა მითხრა, რომ ჩემმა ოჯახმა ქვეყანა უნდა დატოვოს! ვუპასუხე, _ შვილს ვაცილებ და მე არ მივდივარ-მეთქი, მაგრამ გამიმეორა, _ თქვენ და თქვენმა ოჯახმა ქვეყანა უნდა დატოვოთო! ამის მოწმეებიც არსებობენ და ამაზე ჩვენებაც მივეცი!
სხვათა შორის, მოგვიანებით, ანუ განყოფილებაში პოლიცია ძალიან ნორმალურად იქცეოდა, მაგრამ აეროპორტში ყველაფერი დაცვის პოლიციის თვალწინ ხდებოდა და დახმარებას ვთხოვდი, რადგან მეშინოდა, მკვლელობა არ მომხდარიყო _ ჩემი მეუღლე, რომელიც მარტო იყო, ოჯახს იცავდა!
_ თაკო, იქნებ, უფრო ნათლად მოგვიყვეთ, კონფლიქტი რის ნიადაგზე დაიწყო?
_ როგორც გითხარით და ეს კადრებშიც ჩანს, ჩემთვის მივდიოდი. ერთ-ერთმა ყმაწვილმა მომაძახა, _ დამარცხებას გილოცავთო! ვუპასუხე, _ ეს საქართველოა და აქ დამარცხებულები და გამარჯვებულები არ არსებობენ-მეთქი.
_ ჩხუბი ვინ დაიწყო?
_ ჩხუბი სხვამ დაიწყო, გორგოძემ კი გააგრძელა, თან უშვერი სიტყვებით იგინებოდა.
_ გორგოძის გარდა სხვებიც ჩხუბობდნენ?
_ დიახ, ყველა ჩხუბობდა. ერთადერთი, როგორც აღვნიშნე, მაჭავარიანი არ ჩხუბობდა _ გორგოძეს აჩერებდა და ტყუილს ვერ ვიტყვი, თუმცა ვიმეორებ: მაჭავარიანმა მითხრა, _ ოჯახთან ერთად ქვეყანა უნდა დატოვოთო.
_ ამის მტკიცებულება არსებობს?
_ ყველაფრის ჩანაწერი არსებობს. ასევე არსებობენ მოწმეებიც. ამიტომ მაჭავარიანმა საკრებულო სასწრაფოდ უნდა დატოვოს _ ის ყველაფერ ამის ერთ-ერთი ორგანიზატრი იყო!
გორგოძე ხელ-ფეხს იქნევდა, მაჭავარიანი მას აჩერებდა, მაგრამ ზუსტად ისევე გვეძახდა უშვერ სიტყვებს, როგორც სხვები, ანუ ყველაფერ ამის დამწყები სამი ადამიანი იყო, მათ შორის, ეს მაჭავარიანი!
იცით, საუბარი რაზე იყო? _ ერთი მამაკაცის ჩაქოლვაზე და ჩემს მეუღლეს იმან უშველა, რომ ძველი ძიუდოისტია და აბსოლუტურ თავდაცვაში იყო, რაც კადრებშიც ჩანს!
ისე, არ ვიცი, სიტყვა „გაძუყვნა“ რას ნიშნავს, მაგრამ სუთიძის გოგონას ამ სიტყვის გამოყენება როცა მოუნდება, ნახოს კადრები, სვანი მამაკაცი ცოლ-შვილს როგორ იცავს და „ფეისბუქზე“ ეს კადრები „დააშეაროს“ ხოლმე!
_ თაკო, ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობა თქვენზეც იყო?
_ არა, მე მხოლოდ სიტყვიერად მისწორდებოდნენ. ფიზიკური ანგარიშსწორება ჩემს მეუღლეზე იყო, თუმცა გაშველებას ვცდილობდი და ხელი მაქვს ნაღრძობი.
სხვათა შორის, თავდაპირველად ჯონი იქ საერთოდ არ იყო, ხმაურზე მოვიდა და იკითხა, რა ხდებაო. მანამდე ორმა უცნობმა ქალბატონმა ამ მამაკაცების მიმართ თქვა, _ როგორ არ გრცხვენიათ, ქალბატონს შეურაცხყოფას როგორ აყენებთო?!
_ თქვენი აზრით, თავდამსხმელები ჯონი გიგანს იცნობდნენ?
_ დიახ, იცნობდნენ.
_ ამას რის საფუძველზე ამბობთ?
_ როგორც კი გორგოძემ ჯონი დაინახა, მისკენ მიზანმიმართულად წამოვიდა. ამ დროს ჯონი ჩვენკენ მოდიოდა, რომ არაფერი დაეშავებინათ და ეს გორგოძე ზურგზე დაახტა.
_ ამ თავდასხმის მიზანი თქვენი და თქვენი ოჯახის შეშინება იყო?
_ ეს თავდასხმა მკვლელობაზე იყო გათვლილი, უბრალოდ, იმან გადაგვარჩინა, რომ ჩემი მეუღლე ძველი სპორტსმენია! სწორედ ამის გამო აღიძრა გორგოძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე.
როგორც კი ამ თავდასხმის შესახებ პირველი ინფორმაცია გავრცელდა, აბსოლუტურად ყველა ტელევიზია მოვიდა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებმა დამირეკეს და კატეგორიულად მოვითხოვე, რომ აეროპორტის კამერების ჩანაწერებიც გაეხსნათ.
_ ანუ პოლიციას ჩვენება მაშინვე მიეცით?
_ დიახ, მივეცი და ისიც ვთქვი, _ არ იფიქროთ, რომ ჩვენებას არ მივცემ. ბერბიჭაშვილების წინააღმდეგ ჩვენება დროულად უნდა მიეცათ, რათა საქართველოს ბევრი ილია ჭავჭავაძე ჰყოლოდა-მეთქი!
_ ამით რისი თქმა გინდათ?
_ როცა ასეთ ბინძურ ადამიანებზე ჩვენებას აძლევ, ეს „ჩაშვება“ კი არა, სახელმწიფოზე ზრუნვაა!
ეს ისეთი „ძველი ბიჭები“ არიან, რომლებიც ხელ-ფეხს მხოლოდ პოლიციის წინ იქნევენ ხოლმე!
_ თავდამსხმელები ნასვამები ხომ არ იყვნენ?
_ ვერ გეტყვით… გორგოძეს, რომელიც ძალიან ახლოს იდგა, ალკოჰოლის სუნი არ ამოსდიოდა.
ისე, შეიძლება, ჰგონიათ, რომ მაჭავარიანზე აქცენტს არ გავაკეთებ, მაგრამ ცდებიან!
_ თაკო, ამ თავდასხმის მიზეზი ის ხომ არ გახდა, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ ახალი პარტიის _ „კანონი და სამართალი“ შექმნა დააანონსეთ?
_ ყველაფერი კავშირშია…
_ ახალი პარტიის წევრები ვინ იქნებიან?
_ ჩვენი პარტიის კარი ღიაა და ეს იმ ტიპის საზოგადოებაა, სადაც მხოლოდ განათლებული და გონიერი ადამიანები მოდიან.
_ როგორც თავდასხმის კადრებიდან ჩანს, თავდამსხმელები იმას ვერ გპატიობენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ემხრობით…
_ არ მეუხერხულება იმის თქმა, რომ არ ვემხრობოდით „ნაციონალურ მოძრაობას“. ჩემს სიცოცხლეში არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ. ამას მათ გასაგონად ვამბობ, ვინც რაღაც სისულელეებს წერს ხოლმე. ჩვენ, ვინც არასოდეს ვყოფილვართ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, გადავდეთ ყველაფერი.
_ რატომ? ამისკენ იმან გიბიძგათ, რომ „ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა მხარი?
_ როდესაც ვსაუბრობ სალომე ზურაბიშვილზე, მხოლოდ მის წიგნს ვიშველიებ ხოლმე, სადაც წერია, რომ საქართველომ საკუთარი მოსახლეობა დაბომბა. სააკაშვილი შეიძლება, ვიღაცას მოსწონს ან _ არა, მაგრამ სამართლებრივად საქართველოს ვერავინ გაასამართლებს. ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრა უცხო ქვეყანა! სწორედ ამან განაპირობა, რომ მათ, ვინც არ ვემხრობოდით „ნაციონალურ მოძრაობას“, გადავდეთ ყველაფერი და ეს გაერთიანება გავაკეთეთ.
ნუთუ, თაობები არ ეცოდებათ, მხოლოდ ერთი კორუფციული ჯგუფის წევრებმა უნდა ისწავლონ სადღაც დაფინანსებით? სხვა ბავშვებმა რა დააშავეს და ამ დროს ჩვენ ამათი სასახლეების შენებას უნდა ვუყუროთ?! დაგვიანონსეს ნარკოტრაფიკი, ახლა შეაჩერეს, მაგრამ როგორ მოუვიდათ თავში, რომ ქვეყანას ნარკომწარმოებლის სახელი აკიდონ? რა, უნდათ, რომ ავღანეთის მდგომარეობაში მოიყვანონ ქვეყანა?!
ყველა საომარი მოქმედება ამ ტიპის ქვეყნებში სწორედ ნარკოტრაფიკის გამო იწყება ხოლმე…
ისე, ყველა, ვინც დამნაშავე იყო, „ქართულმა ოცნებამ“ გადაიპორტირა. მაგალითად, ზარდიაშვილი უმრავლესობაში უზით და ვისზე ლაპარაკობენ? 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი იყო კახა კალაძე, მაგრამ ამას, რატომღაც, არ აპროტესტებენ.
ისე, არც იური მეჩითოვის განცხადებებს აპროტესტებენ, რომლის პოლიტიკური პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს, თუ გვინდა, რომ სახელმწიფოდ ვიქცეთ. „ქართულმა ოცნებამ იური მეჩითოვი ქართული კულტურის სახედ დანიშნა და ეს შემთხვევითი არ გეგონოთ. წარმოუდგენელია, კულტურის მინისტრის მოადგილე იყოს კაცი, რომელიც ამბობს, რომ 9 აპრილს არაფერი მომხდარა. ეს მხოლოდ ახლანდელი განცხადება არაა. ამის შესახებ გაზეთშიც ეწერა, წლების წინათ, ვანო პავლიაშვილის სტატიაში, _ ტრუსებით და „მაიკით“ გამოვიდა მეჩითოვი და თქვა, რომ საქართველოში დღეში ხუთჯერ უნდა სვამდნენ რუსეთის სადღეგრძელოსო. ამის შესახებ ხელისუფლებამ უკვე იცოდა, როცა კულტურის მინისტრის მოადგილედ ნიშნავდა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ქვეყნის გადაბარება მიდის ძალიან ტექნიკურად!
დღეს საქართველოში, იუველირული გეგმით, რუსული თანხა შემოედინება, ცოტა ხანში „გაბანტავენ“ ამ ქვეყანას და არანაირი აქცია ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს აღარ უშველის და ამ დროს ვიღაცები მაინც კითხულობენ, რატომ წახვედი ოპოზიციაშიო…
ქუთაისის აეროპორტში, ქუთაისლები, მთელი აეროპორტი, ერთ ოჯახს, ჯონი გიგანის ოჯახს იცავდა, რისთვისაც ყველას მადლობას ვეუბნები!
დიახ, ჩვენ თავს დაგვესხა სამთავრობო ხელისუფლებაში მომუშავე ექვსი სალახანა. 2012 წელს, როცა უკვე არჩეული „ოცნების“ დროს ეს სალახანები ოფისში ვნახე, მივხვდი, რომ ჩემი ხელით მომყავდა უბედურება, ამას ვერაფრით დავუშვებდი. შეიძლება, რაღაც გააკეთო, მაგრამ ის იყოს შეუგნებელი, ამიტომ უნებლიეთ გაკეთებული ადამიანს გეპატიება, მაგრამ კრიმინალი ზის _ ლაშა ნაცვლიშვილი, ნუგზარ ფოფხაძე…
ფოფხაძემ 9 აპრილს ჩვენი შვილების, ჩვენი თანატოლების ალაგმვა და დახვრეტა მოითხოვა და მხოლოდ ორად ორი ადამიანი შეეწინააღმდეგა. დღეს ფოფხაძე კანცელარიის ჩუმი კარდინალია, რომლის „ბრიგადა“ საქართველოში რუსეთიდან არის ჩამოყვანილი. მათ მხრებზე არა მხოლოდ 9 აპრილია.
90-იან წლებში ამ ბანდის მხრებზე გაიარა ადამიანების დაპირისპირებამ, ეს არასდროს უნდა განმეორდეს!

გიორგი აბაშიძე