გია ხუხაშვილი: „აღარ გვაქვს იმის საფუძველი, ივანიშვილს სიტყვაზე დავუჯეროთ…”

2018 წლის ყველაზე ხმაურიანი და შავი პიარით გაჯერებული საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა. მმართველმა გუნდმა ყველანაირი რესურსი გამოიყენა იმისთვის, რომ „დამოუკიდებელი კანდიდატი“ გაეყვანა. საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც საზოგადოების საკმაოდ დიდმა ნაწილმა „მოღალატე სალომედ“ შერაცხა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.

საპრეზიდენტო არჩევნები იყო თუ არა ბრძოლა და რეფერენდუმი ორ პოლიტიკურ ლიდერს _ მიშასა და ბიძინას შორის? რა ფაქტორებმა იქონია ზეგავლენა ზურაბიშვილის გასამარჯვებლად? რამდენად სწორი ტაქტიკა აირჩია გაერთიანებულმა ოპოზიციამ? და რა შემთხვევაში ემუქრება „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ველიდან გაქრობა?

აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრა:
_ მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიაზე დავიწყოთ საუბარი, ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს იყო ძალიან ბინძური და აგრესიული კამპანია. იმის ნაცვლად, რომ კანდიდატებზე ამომრჩეველთან თავიანთ დაპირებებსა და გეგმებზე ესაუბრათ, საუბრობდნენ ერთმანეთის უარყოფით მხარეებზე. რომელი ძალისგან იყო ეს პროვოცირებული და რაზე მეტყველებს ეს ფაქტი თქვენთვის?
_ არც ერთი მხარე არ აკლებდა. შეიძლება ითქვას, მთლიანად იყო ნეგატიური ანტიკამპანია შექმნილი. კანდიდატებს პოზიტიური დღის წესრიგი, პრაქტიკულად, არ ჰქონდათ და ძირითადად აპელირება იყო მოწინააღმდეგე მხარის რუსეთის აგენტობაში ბრალდება, რაც არსებულ ყველა უბედურებაში ყველაზე გავრცელებული გზავნილი იყო. წინასაარჩევნო კამპანია იყო ანტიკამპანია გათვლილი ძალიან მარტივ რაღაცაზე, რომ ამომრჩეველში გამოეწვიათ არა პოზიტიური, არამედ ნეგატიური განწყობები, შესაბამისად, ჩვენ ამის შედეგად მივიღეთ ვითარება, როდესაც მასობრივი ფსიქოზის მდგომარეობიდან ნელ-ნელა მის რადიკალურ ფორმაში _ ისტერიის მდგომარეობაში გადაიყვანეს ამომრჩეველი. საბოლოო ჯამში, ხმა მიაცემინეს არა ვიღაცისთვის, არამედ ვიღაცის წინააღმდეგ. მთელი ამომრჩევლის, დაახლოებით, 30-40% იყო ანტი არჩევანის ამომრჩეველი და არა ამა თუ იმ კანდიდატის ამომრჩეველი, რაც მთლიანობაში ამ მთელი პროცესის ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
_ თავიდანვე ამ არჩევნებს საზოგადოების გარკვეული ნაწილი განიხილავდა, როგორც რეფერენდუმს _ რუსეთი თუ დასავლეთი? არჩევნების დასრულების შემდეგ კი ამომრჩეველმა დაიწყო იმაზე საუბარი, რომ ეს არჩევნები იყო რეფერენდუმი ორ პოლიტიკურ ლიდერს შორის _ ბიძინა თუ მიშა? თქვენ როგორ ფიქრობთ, იყო ეს არჩევნები რეფერენდუმი ამ ორ ლიდერს შორის?
_ მე ეს შეფასება გადაჭარბებულად მიმაჩნია იმიტომ, რომ რეალურად ქართულ საზოგადოებაში ასე არ დგას არჩევანი. გასაგებია, რომ რესურსები ამ ორი პოლუსის ირგვლივ არის თავმოყრილი და შუას გაკრეფას, ჯერჯერობით, ახერხებდნენ, რაც იწვევდა ზუსტად ასეთ განწყობას, რომ ეს თითქოს რეფერენდუმი იყო. თუმცა ეს რეფერენდუმი ნამდვილად არ არის. თუ ჩვენ რეფერენდუმს ჩავატარებთ, ვფიქრობ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა იტყვის: არც ერთი და არც მეორე. თუ რეალურ რეფერენდუმზე ვსაუბრობთ, ამ რეფერენდუმის შედეგი სწორედ ასეთი იქნება. რეალობა კი არის ასეთი, რომ რესურსები ამ ორი პოლიტიკური ცენტრის ირგვლივ არის კონცენტრირებული, სხვა არჩევანს კი ამომრჩეველს, უბრალოდ, არ უტოვებენ, მათ ცუდსა და უარესს შორის აკეთებინებენ არჩევანს. ეს არის მანკიერი ტექნოლოგია, რომელიც პირველად არ გამოუყენებიათ, თუმცა ეს არჩევნები სხვა არჩევნებისგან ნეგატივის ინტენსივობით განსხვავდებოდა. ფსიქოზი ყოველთვის იყო, თუმცა ასეთი დიდი დოზით ისტერიული ფონი არ ყოფილა.
_ ისტერიული ფონის შექმნაში და ამ ნეგატივის ჭარბი დოზით არსებობაში, თავისი „დამსახურება“ ამომრჩეველსაც მიუძღვის? შეიძლება ვთქვათ, რომ ამომრჩეველმა ამ ისტერიული ფონის გაძლიერებას ბიძგი მისცა?
_ შეიძლება ვთქვათ, რომ ამომრჩევლის განწყობა ქმნიდა ნოყიერ ნიადაგს იმისთვის, რომ ეს მანკიერი ტექნოლოგია ყოფილიყო გამოყენებული კამპანიის დროს. ლატენტური ანტი. ამომრჩეველი საკმაოდ მიძინებული იყო და პროპაგანდამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაფარული ანტი გამოევლინა, გამოეფხიზლებინა, გაეაქტიურებინა და, ფაქტობრივად, სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიეყვანა. საბედნიეროდ, ეს უფრო დრამატულში არ გადაიზარდა, მაგრამ სამოქალაქო დაპირისპირება სახეზე გვქონდა, მათ შორის, ოჯახების შიგნითაც კი.
_ პირველი ტურის შემდეგ ორივე ძალას ჰქონდა სახლში დარჩენილი 53%-ის იმედი, გაერთიანებული ოპოზიცია სათავისოდ ითვლიდა ამ ხმებს, ხოლო „ქართული ოცნება“ ამტკიცებდა, რომ მათზე გაბრაზებული ამომრჩეველი სახლში დარჩა და მათ შემორიგებას შეძლებდნენ. რეალურად, რა მივიღეთ? რა რესურსით დააგროვა ზურაბიშვილმა მილიონზე მეტი ხმა, რა ფაქტორებმა იმუშავა?
_ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში სამმა ფაქტორმა იმუშავა. ერთი ეს არის ანტი მიშა და ლატენტური ანტი მიშა, რომლის გაღვიძებაც ამომრჩეველში, გარკვეულწილად, ხელისუფლებამ შეძლო. მეორე სეგმენტი კი ეს გახლავთ, შავ სიებთან და საბანკო კრედიტებთან დაკავშირებით, მაღალი სოციალური რისკის ზონიდან მოზიდული ამომრჩეველი. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს არის ულტრა კონსერვატიული ფრთის გააქტიურება, რომელიც პირველ ტურში არჩევნებზე არ წასულა იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ მაინცდამაინც არ ეპიტნავება და არ არის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი. აღნიშნული სამი სეგმენტით მოხერხდა მობილიზაცია. რეალურად, „ქართული ოცნებისა“ და სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველი ამ მილიონ ორასი ათასში ნატურალური ამომრჩეველი არის, არა უმეტეს, ნახევარი მილიონი ამომრჩევლისა. ყველა დანარჩენი არის ერთჯერადი კონტრაქტით „ქართულ ოცნებაზე“ ხელისმომწერი, ანუ, შეიძლება ითქვას, ბოლო შანსის ხმებია „ქართული ოცნებისთვის“.
_ თქვენ ახსენეთ, რომ ანტი მიშამ იმოქმედა და ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ ეს იყო. პირველ ტურამდე არსებობდა განცდა, რომ მიშას ფაქტორი აღარ მომქდებდა, რა მოხდა? როგორ შეიცვალა მოცემულობა საიმისოდ, რომ ანტი მიშა ეფექტური გამოდგა?
_ ძალიან მარტივი რამ მოხდა: პირველ ტურში ეს ადამიანები მიძინებულები იყვნენ, რადგან არ ფიქრობდნენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ასეთი მაღალი შედეგის დადება შეეძლო. გამომდინარე იქიდან, რომ მათ „ქართული ოცნება“ მაინცდამაინც არ მოსწონთ, პირველ ტურში სახლში დარჩნენ, მაგრამ მეორე ტურში, როდესაც უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების საფრთხე აშკარა გახდა, ისინი იძულებულები გახდნენ, რომ გააქტიურებულიყვნენ. მით უმეტეს, იმ პროპაგანდის ფონზე, როდესაც რაღაც მოსალოდნელი არმაგედონის სურათი იხატებოდა, თითქოს სამყაროს დასასრული დგებოდა. ასე რომ, რაც მოხდა, პრინციპში, აბსოლუტურად ლოგიკური და სწორია.
_ როდესაც საუბრობდით იმ ფაქტორებზე, რამაც ზურაბიშვილისთვის ამომრჩეველს ხმის მიცემა გადააწყვეტინა, ერთ-ერთი იყო მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ახალ წლამდე 600 000 მსესხებელს 2000 ლარის ოდენობის ბანკის ვალს ჩამოაწერენ. ეს გადაწყვეტილება პირველი ტურის შემდეგ გაცხადდა. ამ ქმედებას თუ შეფასებდით საყოველთაო მოსყიდვის ფაქტად?
_ მე ამ თემასთან დაკავშირებით ძალიან შორს არ წავალ, მაგრამ ფაქტია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, პოლიტიკურ პროცესში, იგივე უცხოეთის თვალში, ძალიან მაღალი პოლიტიკური ფასი დაჯდება, რბილად რომ ვთქვათ, ეს ძალიან საკამათო მოვლენაა.
_ ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებამდე ამბობდა, რომ პრეზიდენტის პოსტი მმართველი გუნდისთვის არ იყო მნიშვნელოვანი, თუმცა მათ ყველანაირი რესურსი ჩადეს იმისთვის, რომ პრეზიდენტი მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი გამხდარიყო. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის მორიგი ტრიუკი იყო?
_ ეს არ იყო ტრიუკი. თვითონაც არ ელოდნენ. ეს უფრო იყო მოულოდნელობებისა და სიბრიყვის მთელი კასკადი. უბრალოდ, ხელისუფლებას იმდენად მაღალი რესურსები აქვს, რომ მათ მიერ დაშვებული ბევრი შეცდომისა და ზღვარგადასული სიბრიყვის მიუხედავად, ისინი გამარჯვებისთვის მაინც განწირულები იყვნენ.
_ მმართველი გუნდის მიერ არჩევნებამდე გაკეთებული განცხადება, როდესაც ამბობდნენ, რომ პრეზიდენტის პოსტი არც თუ ისე მნიშვნელოვანი იყო, მიზანმიმართულად არ კეთდებოდა, თუნდაც იმისთვის, რომ ამომრჩეველზე გარკვეული ფსიქოლოგიური ზეგავლენა ჰქონოდათ?
_ ეს თავიდანვე იყო მიზანმიმართული, უბრალოდ, ინტენსივობა გაიზარდა. პირველსა და მეორე ტურს შორის, ფაქტობრივად, წითელი ხაზები საერთოდ გაქრა. პოლიტიკური და მორალური სტანდარტი საერთოდ დაიკარგა და მხარეები ყველაფერზე იყვნენ წამსვლელები. ჩვენ, სამწუხაროდ, ამის ბევრი ფაქტი ვიხილეთ.
_ იმ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, რაზეც ვისაუბრეთ, მათ შორის, განსაკუთრებით აგრესიული და ბინძური წინასაარჩევნო კამპანია, 600 000 მსესხებელზე გათვლილი დაპირება და ა. შ., როგორ შეიძლება შეფასდეს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები?
_ გრძელვადიან პერსპექტივაში, „ქართულმა ოცნებამ“ თუ რადიკალური, სისტემური რეფორმირება არ მოახდინა, პრაქტიკულად, თავიდან თუ არ ააშენა პოლიტიკური სისტემა, არსებულის რეკონსტრუქცია კი, ფაქტობრივად, შეუძლებელია, თავიდან თუ ვერ შეძლო აშენება, „ქართული ოცნება“ განწირულია პოლიტიკური სივრციდან გაქრობისთვის. არათუ არჩევნების წაგებისთვის იქნება განწირული, არამედ საერთოდ გაქრება, როგორც პოლიტიკური ერთეული. რაც შეეხება სისტემურ რეფორმებზე როდესაც ვსაუბრობ, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ მმართველობის ალგორითმის ცვლილებას, რაც ნიშნავს საკადრო გადახალისებასაც, ფუნდამენტურ გადახალისებას და არა წერტილოვანს.
_ არჩევნების შედეგების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის საკმაოდ მწვავე განცხადება მოვისმინეთ, როდესაც მან ამომრჩეველს ქუჩაში გამოსვლისკენ, ხოლო ჯარსა და პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. სააკაშვილისგან განსხვავებით უფრო მოზომილად საუბრობდნენ გაერთიანებული ოპოზიციის სხვა ლიდერები, თუმცა არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ქუჩაში მაინც გამოვიდნენ. როგორ ფიქრობთ, სააკაშვილმა იქონია ზეგავლენა ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე?
_ რაც არ უნდა ვისაუბროთ მიშა სააკაშვილის ექსცენტრიკულობაზე, მის სიგიჟეებსა და ა. შ. ის მაინც უპირობო ლიდერია. ამ თამაშში ყველას თავისი ტაქტიკა აქვს. ვფიქრობ, რომ ის ტაქტიკა, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აირჩია, პოლიტიკურად სწორი ტაქტიკაა, ანუ ერთი საუბრობს რევოლუციურ სცენარზე, მეორე ლაპარაკობს კონსტრუქციულზე და ა. შ. რატომ საუბრობენ სხვადასხვა გზებზე? იმიტომ, რომ მათი ელექტორატი _ ეს 800 000 ადამიანი _ შედგება სხვადასხვა სეგმენტისგან, ამავე ელექტორატში არიან რადიკალურად განწყობილი ადამიანები, არიან შედარებით ზომიერად განწყობილებიც და ა. შ. ანუ მათი მთავარი ამოცანა დღეს მთლიანად ამ ელექტორატის შენარჩუნებაა. შესაბამისად, თუ სურთ, რომ ეს ელექტორატი სრულად დაფარონ, ვიღაცა რადიკალური ლოზუნგებით უნდა გამოდიოდეს, ვიღაცა შედარებით ზომიერად, ვიღაცამ ცენტრალური პოზიცია უნდა დაიჭიროს. სწორედ ამ პოლიტიკურ ისტორიასთან გვაქვს დღეს საქმე. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების თემაც ოპოზიციისთვის მთავარ თემად იქცა. შეიძლება ითქვას, ეს თემა პოლიტ ტექნოლოგიურად სწორია და მათ აქვთ ტაქტიკური ამოცანა, რაც გამოიხატება იმაში, რომ 800 000 ადამიანი, ვინც ხმა მისცა საპრეზიდენტო არჩევნებში გაერთიანებულ ოპოზიციას, როგორმე შეინარჩუნონ საპარლამენტო არჩევნებისთვის. ბუნებრივია ისიც, რომ „ძალა ერთობაშიას“ ამოცანაა, რაც შეიძლება მალე ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები იმიტომ, რომ თუ მოახერხეს ამომრჩევლის კონსოლიდირებულად შენარჩუნება, ფაქტობრივად, „ქართულ ოცნებას“ ძალიან დიდი პრობლემა ექმნება. ის მილიონ ორასი ათასამდე ამომრჩეველი, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა, ეს ხომ მისი ამომრჩეველი არ არის. „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, კარგ შემთხვევაში, ამ მილიონ ორასი ათასის ნახევარია. დანარჩენი არის ის სეგმენტები: ულტრა კონსერვატიული, ანტიმიშა და ა. შ. ეს ელექტორატი კი საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ ხმას აღარ მისცემს. ისინი გადანაწილდებიან სხვა პარტიებზე. ელექტორალური თვალსაზრისით „ქართული ოცნება“ დღეს უკვე აგებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ეს კი მთლიანად „ქართული ოცნების“ „დამსახურებაა“. მათ კომაში მყოფი პარტიის სრული რეაბილიტაცია და რეანიმაცია მოახერხეს. „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს რომ ფართოვდება და მისი ელექტორატი იზრდება, ეს მთლიანად „ქართული ოცნების“ სიბრიყვის დამსახურებაა.
_ თქვენ ახსენეთ, რომ მიშა უპირობა ლიდერია, ანალოგიურად არის ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნებისთვის“. როდესაც ვსაუბრობთ საპრეზიდენტო არჩევნებში ამ ორი ლიდერის ჩართულობაზე, პარალელები რომ გავავლოთ, რომელმა უფრო დადებითი ან უარყოფოთი გავლენა მოახდინა ამომრჩეველზე? თვალი რომ გადავავლოთ მათ ჩართულობას ჩვენ გვახსოვს, რამდენად აქტიური იყო მიშა მიუხედავად იმისა, რომ ის საქართველოში არ იმყოფება. მას მუდმივად ჰქონდა კონტაქტი ამომრჩეველთან, თავის მხრივ, ივანიშვილი გამოჩნდა მისი რეზონანსული ინტერვიუებით და მიმართვებით, რა გავლენა მოახდინა მათმა აქტივობამ?
_ ორივეს ჩართულობა უარყოფითი იყო, ფაქტობრივად, ორივე ერთმანეთზე მუშაობდა. მიშა სააკაშვილი, გარკვეულწილად, „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის უფროსად გამოდიოდა. შეიძლება პოზიტიურიც იყო მათი ჩართულობა, რადგან მათი ფაქტორი კონსოლიდაციას ახდენდა. შეიძლება ვთქვათ, რომ პოზიტიურიც იყო და ნეგატიურიც. ერთი მხრივ, ისინი თავის ელექტორატში ცალსახად აღიქმებოდნენ, როგორც ძალის ცენტრებად, მაგრამ ამასთანავე ორივე უშვებდა შეცდომებს და ეს შეცდომები თითქოს სახეზე იყო. საბოლოო ჯამში, მათმა აქტიურობამ კონიუნქტურა არ შეცვალა, ეს არ იყო მთავარი ფაქტორი. ორივესთვის მთავარი ფაქტორი მაინც ის გახლავთ, რომ ორივეს საქმე, მაინცდამაინც, კარგად არ არის, რადგან, დღეის მდგომარეობით, ამომრჩევლის 60% ალტერნატიულ არჩევანს ეძებს. მას არ მოსწონს არც ერთი და არც მეორე. ორივე გაკოტრებულია, მაგრამ ძალიან შეფერთხილები არიან. თუ რესურსების კუთხით განვიხილავთ, როგორც ძალის ცენტრს, ბევრად მეტი ინსტრუმენტი ბიძინა ივანიშვილს აქვს, შესაბამისად, რესურსიც მეტი აქვს.
_ მიშას ჩართულობამ ხომ არ დააფრთხო ის ამომრჩეველი, რომელსაც გაერთიანებული ოპოზიციისთვის ხმის მიცემა სურდა, თუმცა დიდი დოზით მიხეილ სააკაშვილის გამოჩენამ მივიწყებული 9 წელი გაახსენა?
_ მიშა გარკვეულ ამომრჩეველს, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცა ხმა, შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად, აფრთხობდა, მაგრამ ამას საკმაოდ კარგად აბალანსებდა საკუთრივ გრიგოლ ვაშაძე. ამ შემთხვევაში სწორი ბალანსი იყო მოძებნილი. მიშა სააკაშვილი, როგორც რადიკალური, უკომპრომისო და ვაშაძე, როგორც შედარებით „დავარცხნილი“, შესაბამისად, აბალანსებდნენ ერთმანეთს. ის, ვისაც მიშა სააკაშვილი აფრთხობდა, იმას არ უშვებდა ვაშაძე და პირიქით, ვისაც ვაშაძის ზომიერება არ მოსწონდა, იმას არ უშვებდა მიშა სააკაშვილი. ეს იყო ტექნოლოგიურად სწორად აწყობილი თამაში.
_ თქვენ თქვით, რომ ოპოზიციამ სწორი ტაქტიკა აირჩია, ეს ტაქტიკა პერსპექტივაში როგორ გესახებათ?
_ მე არ მომწონს იმის პერსპექტივა, რაც ამ მოცემულობაში გვაქვს. ეს პერსპექტივა შესაცვლელია. ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების შექმნა გარდაუვალია. ეს ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები კი ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, დაარღვევს. შესაბამისად, რამის პროგნოზირებისგან თავს შევიკავებ.
_ თქვენ ჩვენთან ინტერვიუებში ხშირად ამახვილებთ ყურადღებას ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრებზე, თან ამბობთ იმასაც, რომ როცა არის მოთხოვნა, ყოველთვის ჩნდება მიწოდება. ახლა ზუსტად ის მომენტია, როდესაც ეს გარდაუვალია? უკვე დიდი ხანია, ალტერნატიულ ცენტრზე ვსაუბრობთ, თუმცა, რატომღაც, არ ჩანდა.
_ დიახ, ახლა ზუსტად ის მომენტია, როდესაც ეს აუცილებლად გასაკეთებელია. როდესაც ვსაუბრობთ ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრებზე, მე არ ვგულისხმობ ისეთ ცენტრებს, რომელმაც ძალაუფლება უნდა აიღოს ხელში. ეს არარეალური ამოცანაა, მაგრამ თუ გაჩნდება ცენტრები 15-20%-იანი მხარდაჭერით, ეს სავსებით საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ეს ორპოლუსიანი მანკიერება დამთავრდეს ამ ქვეყანაში. ამ ორპოლუსიანი მანკიერების დამთავრება კი აუცილებელია, რადგან ჩვენ თუ მივდივართ ევროპაში, ჩვენ გვჭირდება მულტიპარტიული დემოკრატია. სწორედ ამას სჭრდება ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები.
_ საიდან უნდა წამოვიდეს ეს ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები? არსებული პოლიტიკური ელიტა იძლევა იმის საშუალებას, რომ ალტერნატიული ძალები გაჩნდეს?
_ არსებული პოლიტიკური ელიტა ალტერნატიული ძალების შემქმნელი არ არის იმიტომ, რომ ის კომპრომეტირებული და დისკრედიტებულია. შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა წამოვიდეს სუფთა ფურცლიდან.
_ თქვენ თქვით, რომ აქტიურად იქნებით ჩართული ამ პროცესებში, რომ დააკონკრეტოთ, რა მიმართულებით ჩაერთვებით?
_ მე აქტიური და კარიერული პოლიტიკოსი ვერ გავხდები, რადგან ეს ჩემს ფილოსოფიას ეწინააღმდეგება, მაგრამ პროცესს სერიოზულად შევუწყობ ხელს.
_ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც გკითხავთ: რამდენად რეალურია, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს?
_ ვერ ვიტყვი, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ძალიან რეალურია, თუმცა თუ ეს დინამიკა შენარჩუნდა და „ქართულმა ოცნებამ“ ვითარების დასტაბილურება ვერ მოახერხა, ამ შემთხვევაში რეალური იქნება. არა მხოლოდ იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს ამას, არამედ ამას ითხოვს ყველა სხვა ფრთაც, მათ შორის, ანტაგონისტებიც. ჩემი აზრით, იგივე მოთხოვნა ექნება „პატრიოტთა ალიანსსაც“ და ასევე სხვა პარტიებსაც. ასე რომ, ფაქტობრივად, ამ საკითხში „ქართული ოცნება“ ყველას წინააღმდეგ იქნება. ამ პრესინგს კი რამდენად გაუძლებს „ქართული ოცნება“, ეს სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული.
_ კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა ფაქტორებს გულისხმობთ?
_ ეს იქნება იმაზე დამოკიდებული, რამდენად მოახერხებს „ქართული ოცნება“ ამომრჩევლის თვალში თუნდაც მცირედით რეაბილიტაციას.
_ ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირება, რომლის მიხედვითაც მან თქვა, რომ ერთ წელიწადში ყველაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ, ამ კონტექსტში რომ განვიხილოთ, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება და რა როლს შეასრულებს?
_ ჩვენ აღარ გვაქვს იმის საფუძველი, რომ ივანიშვილს სიტყვაზე დავუჯეროთ. საზოგადოებაში მისი სიტყვა, გარკვეულწილად, გაუფასურებულია. 6 წელმა აჩვენა, რომ დაპირება ბევრი იყო, თუმცა არ შესრულდა. აქედან გამომდინარე, ივანიშვილმა უნდა იმოქმედოს. მან უნდა იმოქმედოს ძალიან სწრაფად და აჩვენოს, რომ რეალურად ის რაღაცას ცვლის. პროცესის დასაწყისი მაინც უნდა აჩვენოს. ასე რომ, ყველაფერი მის მოქმედებაზეა დამოკიდებული და არა იმაზე, ვის რას დაჰპირდა. ეს დაპირება აღარავის აღარ აინტერესებს. საქართველოში დაპირება აღარ მუშაობს იმიტომ, რომ სიტყვას ფასი დაეკარგა.
_ თქვენ ძალიან კარგად იცნობთ მას, რამდენად აქვს იმის რესურსი, რომ მოქმედებაზე გადავა?
_ აქვს თუ არა ივანიშვილს რესურსი, რომ რამე შეცვალოს? _ ეს არის კითხვა, რომელიც მეც მაწუხებს და პასუხი არ მაქვს. მე არ გამოვრიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილი სიტუაციის მძევალია და ვერაფერს შეცვლის. ისევე, როგორც ვერ გამოვრიცხავ იმ ვარიანტს, რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია სისტემური, რადიკალური ცვლილებების ჩატარება, რაც, ფაქტობრივად, მისი გადარჩენის ერთადერთი შანსია.

ნენე ინჯგია