ნოემბრის რეკვიემი „ოცნებისთვის“ და „ვარდების რევოლუციის“ დეჟა-ვიუ


28 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს დეჟა-ვიუს განცდა აქვს, ანუ ადამიანებს, რომლებიც ბოლო სამი ათეული წელია, საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს საგულდაგულოდ ადევნებენ თვალს, ჰგონიათ, რომ ყველაფერი ის, რაც დღეს ხდება, ერთხელ უკვე ნანახი აქვთ. დიახ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ პოლიტიკური „კინოს“ პრემიერა 15 წლის წინათ გაიმართა. ის კი, რასაც დღეს ვუყურებთ, უბრალოდ, ძველი „პოლიტიკური კინოს“ რიმეიკია, რომელშიც მთავარ როლებს ახალი პერსონები ასრულებენ. მაგალითად, თუ 15 წლის წინათ ამ პოლიტკური „სურათის“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ნანა დევდარიანი გახლდათ, ამჯერად, „რეჟისორის“ გადაწყვეტილებით, ცესკო-ს თავმჯდომარის როლს თამარ ჟვანია ასრულებს.

სხვათა შორის, „რეჟისორიც“ შეცვლილია _ 2018 წელს ძველი „კინოს“ „რიმეიკს“ ბიძინა ივანიშვილი წარმოგვიდგენს. სამაგიეროდ, ამ „რიმეიკში“ როლი ისევ მიიღო რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ დროს რევოლუციონერთა ბარიკადებზე იდგა. სამართლიანობისთვის ისიც უნდა ვთქვათ, რომ 2003 წელს ხაინდრავამ ძველი როლი შეასრულა ახალი მოვლენების კვალდაკვალ. კერძოდ, ლაპარაკი იმაზეა, რომ ამ პიროვნების, როგორც პოლიტიკური აქტიორის დებიუტი, 1991-92 წლების მოვლენების დროს შედგა, როცა ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ არჩეული ეროვნული ხელისუფლება და პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია, შეიარაღებული გზით დაამხეს.
ვერ გეტყვით, თბილისის ძმათამკვლელი ომის დროს გოგა ხაინდრავა და სალომე ზურაბიშვილი ერთმანეთს პირადად იცნობდნენ თუ არა, მაგრამ აშკარად ერთნაირი პოლიტიკური მრწამსი ჰქონდათ _ ხაინდრავა გამსახურდიას იარაღით ებრძოდა, ზურაბიშვილი კი „სალომე ქართველის“ ფსევდონიმით სტატიებს აცხობდა და ზვიად გამსახურდიას დიქტატორს უწოდებდა!
ორი ათეული წლის შემდეგ ხაინდრავასა და ზურაბიშვილის გზები ისევ გადაიკვეთა _ „ოცნებების სასაფლაოს“ ავტორი (ამ სახელწოდების დოკუმენტური ფილმი ხაინდრავამ აფხაზეთის ომზე გადაიღო) ზურაბიშვილის მარტო იდეოლოგად კი არ მოგვევლინა, არამედ მას ხან ვარდების თაიგულს ჩუქნის და ხან კიდევ _ გვირილებისას. ზოგადად, ხაინდრავას ვარდები ცუდად აქვს დაცდილი _ თავის დროზე, როგორც აღვნიშნეთ, „ვარდების რევოლუციის“ მეხოტბე და აპოლოგეტი იყო. სანაცვლოდ, სააკაშვილის მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის პორტფელი მიიღო _ დევნილთა საქმეების კუთხით მუშაობდა, მაგრამ ხაინდრავას ვარდები მალე დაჭკნა და იძულებული გახდა, ოპოზიციაში წასულიყო. ამბობენ, რომ ისტორია მეორდება ხოლმე. ამიტომ თუ ასეა და ისტორია განმეორდება, ადრე თუ ხაინდრავას ვარდები დაჭკნა, ახლა მისი გვირილები დაჭკნება და იმ დღესაც მოვესწრებით, როცა „ლეხაინდრაოს“ მფლობელი ზურაბიშვილ-ივანიშვილს გადაუდგება. მანამდე კი გამორიცხული არ არის, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ თავად ზურაბიშვილი გამოვიდეს, თუმცა მოვლენებს არ დავასწროთ და დაველოდოთ, რა მოხდება.
სხვათა შორის, სააკაშვილის მთავრობაში ადგილი გია ვოლსკისაც ჰქონდა _ ხაინდრავას მოადგილედ მუშაობდა. დღეს ვოლსკიც, ხაინდრავას მსგავსად, „კარტოფილის პოლიტიკის“ მიმდევარია, თუმცა მისი მდგომარეობა უფრო გარკვეულია _ ვოლსკის დეიდა, ნათელა მაჭავარიანი, სალომე ზურაბიშვილის „დაქალოჩკაა“. ამიტომ იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი ვოლსკის „შუშის სასახლის“ კარს ჩაურაზავს და, ზოგადად, სოლოლაკში გავლას აუკრძალავს, ვოლსკის თავი მაინც ქუდში ექნება _ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაინაცვლებს და იქიდან დაგვიწყებს დამოძღვრას.
ნათქვამია, პროგნოზები, მით უმეტეს, პოლიტიკური, უმადური საქმეაო. ამიტომ მკითხაობა რომ არ გამოგვივიდეს, მალე ვნახავთ, რა და როგორ იქნება, მანამდე კი იმ დეჟა-ვიუს დავუბრუნდეთ, რომელიც წერილის დასაწყისში ვახსენეთ.
მაშ, ასე! „ქრონიკა+“ 2018 წლის საპრეზიდენტო და 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების ერთგვარ შედარებით დახასიათებას გთავაზობთ. აქვე აღვნიშნავთ, რომ ნოემბერი ქართული პოლიტიკისთვის და ასევე სხვადასხვა მმართველი ელიტისთვის კრიტიკული თვეა, რასაც ბოლო წლების ისტორიაც მოწმობს. ასე რომ, კარგი იქნება, თუ ამ დეტალს „ქოცმმართველობა“, მინიმუმ, ყურადღებას მიაქცევს. ახლა კი გადავიდეთ ფაქტებსა და პარალელებზე.
ერთი შეხედვით, ივანიშვილისა და აწ განსვენებული ედუარდ შევარდნაძის მთავრობებს შორის მსგავსება თითქოს არ არსებობს, მაგრამ როცა ჩავაანალიზებთ, ბევრ საერთოს აღმოვაჩენთ. დავიწყოთ იმით, რომ როგორც ახლა, 2003 წელსაც, მაშინდელი მმართველი გუნდის, „მოქალაქეთა კავშირის“ ძალაუფლება მნიშვნელოვანად შესუსტებული იყო. „საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა“, რომელმაც მოიგო 1999 წლის საპარლამენტო არჩევნები, 2000 წლიდან დაშლა დაიწყო. ასეა „ოცნებაც“ _ 2016 წლის არჩევნებით პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა კი მიიღო, მაგრამ მალევე ითქვა, რომ „ოცნების“ უმრავლესობაში ერთიანი აზრი არ არსებობს, ანუ ლაპარაკია იმაზე, რომ დღევანდელ მმართველ ელიტაში რამდენიმე ინტერესთა ჯგუფი არსებობს და ყველა მათგანს ერთმანეთთან ფარული ბრძოლა აქვს გამოცხადებული გავლენის სფეროებისთვის. ბოლო მონაცემებით, ამ ბრძოლაში „ოცნების“ „ნეოკომკავშირული“ ფრთა (კობახიძე-ჩუგოშვილი-მდინარაძე) მარცხდება. ჩვენში დარჩეს და კულუარებიდან ის ინფორმაციაც ჟონავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები თავის უარყოფით კვალს თბილისის მერის კარიერაზეც დატოვებს. ყოველ შემთხვევაში, „ოცნებასთან“ დაახლოებული წყაროები „ქრონიკა+“-ს ეუბნებიან, რომ ივანიშვილმა, რომელსაც ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება რამდენიმე ათეული მილიონი დაუჯდა, გული უკვე აიცრუა კახა კალაძეზეც.
ყველაფერი ეს იმაზე მიუთითებს, რომ მმართველი პარტიის დასასრულის დასაწყისი დაწყებულია. გაცილებით რთულად იყო „მოქკავშირის“ შემთხვევაში, რომელმაც 2002 წლის თვითმმართველობის არჩევნები წააგო და თბილისში საკრებულოზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლეიბორისტული პარტიების“ დროშები აფრიალდა. ამავდროულად, საქართველოს სხვა თვითმმართველ ერთეულებში „მემარჯვენეებიც“ მოვიდნენ და სამივე ოპოზიციური პარტია აცხადებდა, რომ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებდა.
ამ დროისთვის უკვე შექმნილი იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ოპოზიციური ბლოკი, რომელსაც სათავეში ედგა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ზურაბ ჟვანია. ჟვანიას პარტნიორები „ტრადიციონალისტთა კავშირის“ ლიდერი აკაკი ასათიანი და პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე იყვნენ. 2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში ეს ბლოკი „ბურჯანაძე-დემოკრატების“ სახელით გამოვიდა.
2003 წლის დასაწყისიდან „მოქალაქეთა კავშირი“ საკუთარი პოზიციების გაძლიერებას შეეცადა და ალიანსი _ „ახალი საქართველოსთვის“ ჩამოაყალიბა, რომელსაც შეუერთდნენ „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ და „საქართველოს სოციალისტური პარტია“. არჩევნებში ასევე მონაწილეობდა ასლან აბაშიძის „დემოკრატიული აღორძინების კავშირი“, რომელიც მმართველ ძალას წარმოადგენდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ამ რეგიონში პირველობას, ტრადიციულად, არავის უთმობდა ხოლმე.
არჩევნების მნიშვნელობას ზრდიდა მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც საქართველოს მაშინ მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, 2005 წლის გაზაფხულზე უნდა გამართულიყო და რომელშიც მონაწილეობას ვეღარ მიიღებდა ედუარდ შევარდნაძე, რადგან მას პრეზიდენტის პოსტი უკვე ორი ვადით ჰქონდა დაკავებული. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ძალის ლიდერი მნიშვნელოვან პლაცდარმს იქმნიდა პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში.
2003 წლისთვის პრეზიდენტობის სურვილი დაფიქსირებული ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ჟვანიასა და შალვა ნათელაშვილს.
საპარლამენტო არჩევნები 2003 წლის 2 ნოემბერს გაიმართა. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და აქტივისტები გრიბოედოევის თეატრში შეიკრიბნენ და პარალელური დათვლის შედეგებიდან გამომდინარე, გამარჯვება აღნიშნეს. ამ პარალელური დათვლის მიხედვით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხმათა 20,8% მიიღო და პირველ ადგილზე გავიდა, თუმცა შუაღამისას ცესკო-მ პირველადი ოფიციალური მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პირველი ადგილზე „მოქკავშირი“ იყო.
მეორე დღეს, 3 ნოემბერს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, მათ შორის, ეუთო-მ არჩევნების დარღვევებზე დაიწყო საუბარი. ერთადერთი, რომელიც არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარებაზე საუბრობდა, დსთ-ს სადამკვირვებლო მისია იყო.
ხელისუფლება, რასკვირველია, ეუთო-ს ანგარიშს ყურადღებას არ აქცევდა და დსთ-ს სადამკვირვებლო მისიის დასკვნით აპელირებდა, _ აი, ხომ ხედავთ, არჩევნები არც გაყალბებულა და არც დარღვევები ყოფილაო.
ხომ არაფერი გეცნობათ? _ დღესაც, პრინციპში, ანალოგიური სურათია, ანუ ხელისუფლება ჯიუტად ამბობს, რომ არჩევნების დემოკრატიულობით მსოფლიო გააოცეს, მსოფლიო კი სულ სხვა აზრზეა.
„საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, თუმცა ერთი მხარე საფუძველს მოკლებული უპირატესობით სარგებლობდა, წინასაარჩევნო კამპანიას კი ჰქონდა ნეგატიური ხასიათი, რამაც საბოლოოდ ზიანი მიაყენა პროცესს. სახეზე იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ზრდა და პარტიასა და სახელმწიფოს შორის გამიჯვნის ნაკლებობა, რამაც ასევე გავლენა მოახდინა კენჭისყრის პროცესზე. ამ კონტექსტში განსაკუთრებით ხაზგასასმელია მთავრობის განცხადება 600 000 მოქალაქისთვის საბანკო ვალების ჩამოწერის შესახებ. როცა ამ ინიციატივის შესრულების ვალდებულებას სახელისუფლებო პარტიის თავმჯდომარის კუთვნილებაში არსებული ინსტიტუცია იღებს, შეიძლება, ეს ხმების მოსყიდვის ფაქტად ჩაითვალოს“, _ ნათქვამია საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნაში.
ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, დღევანდელი გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს, ანუ იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტია, არ აღიარებს და სამართლიანობის აღდგენის მიზნით ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, რომელიც რეგიონულ-პროპორციული სისტემით უნდა გაიმართოს, ქუჩის აქციებს მიმართავს. ასე იყო 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ _ კენჭისყრაში გამარჯვებულმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების შედეგები არ აღიარა და სახალხო გამოსვლებზე დაიწყო საუბარი. „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდაჭერა გამოუცხადა ოპოზიციური სპექტრიდან მხოლოდ ჟვანიას ბლოკმა _ ჟვანიას გუნდის წევრები ჯერ ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით თბილისის დღევანდელი საკრებულოსკენ გაემართნენ, სადაც „ნაციონალები“ მშვიდობიან მანიფესტაციას მართავდნენ. ამ აქციაზე კოტე კემულარიამ აჭარის საარჩევნო ოლქებში შედეგების გაუქმება მოითხოვა. მოგვიანებით, ეს მოთხოვნა ოპოზიციის ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნად იქცა.
„ახლებმა“ საპროტესტო მშვიდობიან დემონსტრაციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. მეტიც, ამ პარტიამ „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა.
ესეც დეჟა-ვიუს კიდევ ერთი პარალელი _ „ოცნების“ მიმდევრები დარწმუნებულები არიან, რომ 2018 წლის 28 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები გაერთიანებულმა ოპოზიციამ გააყალბა, თორემ, მათი აზრით, წარმოუდგენელია, საქართველოში არსებობდეს 800 ათასზე მეტი ადამიანი, რომელიც კარტოფილ-ხახვზე არ გაიყიდა და სალომე ზურაბიშვილს კი არა, გრიგოლ ვაშაძეს მისცა ხმა!
ასე იყო თუ ისე, 2003 წლის 4 ნოემბრიდან „ნერვების ომი“ დაიწყო _ ოპოზიციამ თავისუფლების მოედანზე ჩატარებულ საპროტესტო დემონსტრაციას „გამაფრთხილებელი გასეირნება“ უწოდა და ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა, რომ 5 ნოემბრის 12 საათამდე ეღიარებინა ოპოზიციის გამარჯვება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიტინგი კანცელარიასთან გაგრძელდებოდა და უფრო მრავალრიცხოვანი იქნებოდა.
იმავე დღიდან ქალაქში გამოჩნდა სპეცდანიშნულების რაზმი და შინაგანი ჯარის ნაწილები, რომლებიც სახელმწიფო კანცელარიისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან იყვნენ კონცენტრირებულნი. ედუარდ შევარდნაძემ ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდა. შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა, კობა ნარჩემაშვილმა კი განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალას გამოიყენებდა.
ისევ ხომ არაფერი გეცნობათ და ისევ ხომ არ გაქვთ დეჟა-ვიუს განცდა? _ „ოცნების“ მაღალჩინოსნებიც, წინასაარჩევნო პერიოდიდან მოყოლებული, „სახელმწიფო გადატრიალებით“ აპელირებენ და ამბობენ, რომ ამის უფლებას არავის მისცემენ.
„თუ ვინმე შეეცდება დესტაბილიზაციის მოწყობას, ყველა ასეთ მცდელობას კანონის ძალით გაეცემა პასუხი… ჩვენ არ დავუშვებთ რევოლუციურ და რევანშისტულ სცენარებს“, _ განაცხადა 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პრემიერმა ბახტაძემ, რომელმაც იქვე სიამაყით აღნიშნა, რომ „საპრეზიდენტო არჩევნები კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში გაიმართა, რაც ქართული დემოკრატიისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვებაა“.
ყურადღება მიაქციეთ: ეს განცხადება მამუკა ბახტაძემ 30 ნოემბერს გააკეთა და ამ დროს უკვე ცნობილი იყო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასება, რომ 28 ნოემბრის კენჭისყრასა და დემოკრატიას შორის ტოლობის ნიშნის დასმა გამორიცხულია.
ისევ დავბრუნდეთ 15 წლის წინათ _ 2003 წლის 5 ნოემბერს „ნაციონალებმა“ და „დემოკრატებმა“, რომლებიც საკუთარ თავს „წინააღმდეგობის ერთიან ფრონტს“ უწოდებდნენ, დემონსტრაცია გამართეს. „ლეიბორისტულმა პარტიამ“ და „დემოკრატიული აღორძინების კავშირმა“ საპროტესტო მიტინგები დაგმეს.
ამ კუთხითაც არსებობს ანალოგია, კერძოდ, „ევროპული საქართველო“ ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიულად არ ჩატარებულა, მაგრამ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ქუჩის პროტესტს არ უერთდება.
რატომ არ გადის „ევროპული საქართველო“ ქუჩაში მაშინ, როცა უკვე ცნობილია, რომ თამარ ჟვანიამ, რომელიც თანამედროვეობის ნანა დევდარიანად გვევლინება, 96 ათასი ბიულეტენი ბათილად გამოაცხადა? _ ამ კითხვას პასუხი უახლოეს მომავალში გაეცემა. ამ ეტაპზე კი იმის თქმა შეიძლება დარწმუნებით, რომ ეს 96 ათასი გაბათილებული ბიულეტენიდან უმრავლესობა გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებისაა, ანუ ცესკო-მ საქართველოს მოქალაქეებს ხმა მოჰპარა!
ზუსტად ასე მოხდა 2003 წელსაც _ ხალხის მასობრივი პროტესტის საფუძველი მოპარული ხმები გახდა. „ოცნების“ „პიარშჩიკები“ და ლიდერები თუ ყველაფერ ამას გაიხსენებენ, მიხვდებიან, რომ მათმა მატარებელმა უკვე ჩაიარა, მაგრამ პოლიტიკურ ელიტებს შეცდომებზე სწავლა, როგორც ჩანს, არ უყვართ!
2003 წლის 8 ნოემბერს მასობრივი საპროტესტო აქცია იმართება თბილისში _ თავისუფლების მოედანზე 20 ათასამდე მომიტინგე იყრის თავს. აქციაზე გაჩნდა პრეზიდენტისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნები. მოგვიანებით, მომიტინგეებმა სახელმწიფო კანცელარიისა და საქართველოს პარლამენტის შენობებთან გადაინაცვლეს. აქცია ღამითაც გაგრძელდა.
9 ნოემბერს, დილით, ყველასთვის მოულოდნელად, აქციაზე ედუარდ შევარდნაძე მიდის და გაბრაზებულ ხალხთან მოლაპარაკებებს ცდილობს, თუმცა უშედეგოდ. იმავე საღამოს კრწანისის რეზიდენციაში იმართება მოლაპარაკებები შევარდნაძესა და საპროტესტო აქციების ლიდერებს _ ზურაბ ჟვანიას, მიხეილ სააკაშვილსა, ნინო ბურჯანაძეს შორის. შეხვედრა უშედეგოდ სრულდება. აუდიენციას პირველი მიხეილ სააკაშვილი ტოვებს და ხალხს უფრო ფართომასშტაბიანი აქციებისკენ მოუწოდებს.
9 ნოემბრიდან პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია პერმანენტულ სახეს იღებს. პარალელურად, აქციები იმართება ზესტაფონში, თელავსა და ოზურგეთში. შევარდნაძე სამეგრელოსა და აჭარაში ჩადის, სადაც ასლან აბაშიძისგან მხარდაჭერის პირობას იღებს.
არჩევნებიდან მეცხრე დღეს, 11 ნოემბერს, ხელისუფლება, ალბათ, ხვდება, რომ მისი დღეები დათვლილია და ნაწილობრივ დათმობაზე მიდის _ საოლქო სასამართლო, „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელის საფუძველზე ბოლნისის საარჩევნო ოლქის შედეგებს აუქმებს. ედუარდ შევარდნაძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს ოპოზიციას დიალოგისკენ. სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენლები _ აწ განსვენებული ვახტანგ რჩეულიშვილი და გია ყარყარაშვილი კი გამოხატავენ კომპრომისისთვის მზადყოფნას და ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების აღიარება უნდა მოხდეს.
12 ნოემბერს დაგეგმილი იყო პრეზიდენტის, ოპოზიციის ლიდერებისა და ცესკო-ს თავმჯდომარის შეხვედრა სახელმწიფო კანცელარიაში, რომელიც ჩაიშალა, რადგანაც ოპოზიციის ლიდერები შეხვედრაზე არ მივიდნენ.
2003 წლის 13 ნოემბრიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა იწყება, რომელიც 19 ნოემბრამდე გრძელდება. ამ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მთავარი მოთხოვნა პრეზიდენტის გადადგომაა.
პარალელი დღევანდელობასთან _ გაერთიანებული ოპოზიცა „ძალა ერთობაშია“, როგორც აღვნიშნეთ, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს, რომელიც უნდა ჩატარდეს რეგიონულ-პროპორციული სისტემით. „ოცნება“ თავს იმშვიდებს, მაგრამ ფაქტია _ როცა ისეთი მძლავრი ოპოზიციური გაერთიანება, როგორიც „ძალა ერთობაშია“, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, თუმცა ანალიტიკოსები განმარტავენ, რომ პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც თან ერთვის ეკონომიკური კრიზისიც, 28 ნოემბრის შემდეგ კი არა, გაცილებით ადრე დაიწყო და აქედან გამოსვლის ერთადერთი გონივრული ნაბიჯი ის იქნება, რომ მმართველმა გუნდმა ოპოზიციის მოთხოვნა დააკმაყოფილოს.
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ „ოცნება“ თავზე ნაცრის წაყრას გააგრძელებს? _ ამ კითხვაზე პასუხიც არცთუ შორეულ წარსულში არსებობს. კერძოდ, როგორც 2003 წლის ნოემბერში, ახლაც, ალბათ, დაიწყება ხელმოწერების შეგროვება 28 ნოემბრის არჩევნების შედეგების არაღიარებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით.
„2003 წლის 16 ნოემბერს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ოპოზიციამ ჩამოაყალიბა დაუმორჩილებლობის კომიტეტი და შეიმუშავა 5-პუნქტიანი მიმართვა მოსახლეობისადმი… შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობები დაიწყო ზუგდიდსა და თელავში, რასაც შედეგად მოყვა შევარდნაძის მოკავშირის, თელავის გამგებლის, მედეა მეზვრიშვილის გადადგომა. საპროტესტო აქციები გაიმართა რუსთავში, ახალციხეში, ფოთში. აბაშაში მასწავლებლების, ზუგდიდში კი ექიმების გაფიცვა გაიმართა. 19 ნოემბერს აქცია გაიმართა ბოლნისში, სადაც მომიტინგეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესხნენ თავს. 13-17 ნოემბერს საპროტესტო აქციები იმართებოდა ჰამბურგში, ლონდონსა და ნიუ-იორკში. სამოქალაქო დაუმორჩილებლობას შეუერთდა თსუ-ს სტუდენტების ნაწილიც.
ედუარდ შევარდნაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციას დიალოგისკენ. ამის შემდეგ კი 17 ნოემბრიდან დაიწყო ხელისუფლების მომხრეთა აქციები საქართველოს პარლამენტის წინ. აქციაში მონაწილეობდნენ „დემოკრატიული აღორძინების კავშირისა“ და „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ მომხრეები. ისინი „ნაციონალურ მოძრაობას“ სამოქალაქო კონფრონტაციის გაღვივებაში ადანაშაულებდნენ“, _ ვკითხულობთ საქართველოს უახლესი ისტორიის ქრონიკებში და ძალაუნებურად გვექმნება შთაბეჭდილება, რომ დღესაც წარსულში ვცხოვრობთ, ანუ ისევ დეჟა-ვიუს ასოციაციები:
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე, ხელისუფლების ხელშეწყობით, ნანა კაკაბაძემ, გოგა ხაინდრავამ და სხვა ოდიოზურმა ფიგურებმა გაერთიანებული ოპოზიციის წინააღმდეგ აქციების ჩატარება დაიწყეს. დემოკრატიით არა, მაგრამ საქართველომ მსოფლიო უდავოდ გააოცა იმით, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც ხელისუფლება და მისი მომხრეები ოპოზიციის საწინააღმდეგო მიტინგებს ატარებენ. პირველი ასეთი მიტინგი ვერის ბაღში გაიმართა _ 4 ნოემბერს „ოცნების“ აქტივისტები „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებიდან წასვლას ითხოვდნენ. არადა, 6 წელია, ეს პოლიტიკური გუნდი ხელისუფლებაში აღარ არის. ამის შემდეგ „ანტინაციონალურმა“ გამოსვლებმა პერმანენტული სახე მიიღო _ რუსთაველის თეატრიდან დაწყებული, საქართველოს სხვადასხვა ქალაქით დამთავრებული, „ოცნების“ აქტივისტები აპროტესტებდნენ, ოღონდ რას? _ აი, ამის გარკვევას, ალბათ, პოლიტიკური მარკშეიდერის გარეშე ვერავინ შეძლებს!
„ანტინაციონალური“ მიტინგები ამომრჩევლისთვის ხუთ-ხუთი კილოგრამი კარტოფილისა და ხახვის დარიგების აკომპანემენტით მიმდინარეობდა, რასაც თან ერთვოდა „კაი ბიჭების“ გააქტიურება და ხალხის დაშინება. ასე მოგვადგა კარს 28 ნოემბერი, დღე, რომელიც საქართველოს ისტორიაში ძალიან ცუდი სახელით შევა.
28-ში, ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ, „ოცნებას“ ზურაბიშვილის გამარჯვება დიდი ყიჟინით არ აღუნიშნავს. მეტიც, 11-წუთიან გამოსვლაში ბიძინა ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილი ერთხელაც არ ახსენა, თან თვალში მოსახვედრი იყო, რომ ივანიშვილის გვერდით, ამ ბრიფინგის დროს, თავად პრეზიდენტობის კანდიდატი კი არა, „ოცნების“ მამაკაცი „ფეისები“ იდგნენ. მოგვიანებით, არჩევნების შედეგებს ზურაბიშვილი საკუთარ შტაბში გამოეხმაურა და მის გვერდითაც არ იყვნენ „ოცნების“ სახეები.
მეორე დღეს, 29-ში, ზურაბიშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ხვდება და, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ეს შეხვედრა ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა _ „მართმადიან“ სალომეს უნდოდა, რომ მისი არჩევნებში გამარჯვების ლეგიტიმაცია საშინაო არენაზე მოეხდინა.
ისევ დავუბრუნდეთ 2003 წელს _ მაშინდელი ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არათუ აღიარებდა, არამედ შევარდნაძემ ახალი პარლამენტის პირველი სხდომაც დანიშნა. ჯერ ცესკო-ს ოფიციალური მონაცემები არ გამოუქვეყნებია, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ დეკემბრის შუა რიცხვებში ზურაბიშვილის ინაუგურაცია უნდა შედგეს. ამასთან, „ოცნების“ ლიდერშიფი, კალაძე-კობახიძის ხელმძღვანელობით, ათონელზე მდებარე ორბელიანების სასახლის რესტავრაციას დაჩქარებულად ატარებს, რადგან ინაუგურაციისთვის მზად იყოს და მეხუთე პრეზიდენტმა ავლაბრის რეზიდენციაზე უარი საბოლოოდ თქვას, მაგრამ ეს შეიძლება, ის შემთხვევა იყოს, როცა „ოცნება“ ბჭობს, პოლიტიკური ღმერთები კი იცინიან.
თვალი გადავავლოთ ისტორიას:
„2003 წლის 21 ნოემბერს საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ოპოზიციურმა პარტიებმა მხარდამჭერები რეგიონებიდან თბილისისკენ დაძრეს. ავტოკოლონას წინ მოუძღოდა წალენჯიხის ავტობუსი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა…
ოპოზიციის მომხრეები თავისუფლების მოედანზე გაჩერდნენ, რადგანაც საქართველოს პარლამენტის წინ კვლავ ხელისუფლების მომხრეთა აქცია იმართებოდა. ოპოზიციამ „ხავერდოვანი რევოლუციის“ დაწყება გამოაცხადა.
22 ნოემბერს, ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე, როცა ედუარდ შევარდნაძე მისასალმებელ სიტყვას კითხულობდა, სხდომათა დარბაზში მომიტინგეები შეიჭრნენ მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით. შევარდნაძემ დაცვის თანხლებით დატოვა დარბაზი. დარბაზი დატოვეს სხდომაზე გამოცხადებულმა დეპუტატებმაც, ასევე პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიიდან წავიდნენ ხელისუფლების მომხრე მომიტინგეები. საქართველოს პარლამენტის შენობა ოპოზიციის მომხრეებმა დაიკავეს. მოგვიანებით, მათ დაიკავეს ასევე სახელმწიფო კანცელარიის შენობა. პოლიციას ხელი არ შეუშლია მომიტინგეებისთვის, დაეკავებინათ პარლამენტისა და კანცელარიის შენობები.
შევარდნაძემ, რომელიც კრწანისის რეზიდენციაში იმყოფებოდა, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა მომიტინგეებს, დაეკავებინათ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო ტელევიზიის შენობები. ამავდროულად, სააკაშვილმა კვლავ მოითხოვა შევარდნაძის გადადგომა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კრწანისის რეზიდენციასთან აქციების გაგრძელებით დაიმუქრა.
23 ნოემბერს, 20:00 საათზე, გაიმართა შევარდნაძისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იგორ ივანოვის შუამავლობით. შეხვედრის შემდეგ შევარდნაძემ გადადგომის შესახებ განაცხადა. პრეზიდენტის გადადგომას სხვა თანამდებობის პირების, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მოყვა.
24 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა, ხოლო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ბურჯანაძემ გააუქმა 22 ნოემბერს შემოღებული საგანგებო მდგომარეობა“ (წყარო: „ქართული „ვიკიპედია“).
ზოგადად, პოლიტიკას თავისი წესები და კანონები აქვს, რასაც მმართველობაში მოხვედრილი შემთხვევითი ადამიანები არ აღიარებენ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა ყველა დროსა და ეპოქაში ყველას ძვირი უჯდება. ახლაც ასეა _ 96 ათასი გაბათილებული ბიულეტენი იმაზე მიუთითებს, რომ 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები „ოცნების“ რეკვიემად იქცევა. პოლიტიკასაც თავი რომ გავანებოთ, ბუნებაში მიზეზ-შედეგობრივი კავშირები არსებობს, რომლის დარღვევაც ძლევამოსილ პოლიტიკურ ბოსებსაც არ შეუძლიათ.

გიორგი აბაშიძე