რატომ დაურეკა ირაკლი სესიაშვილმა „მაცაცოს“?!

საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად სალომე ზურაბიშვილი გამოაცხადა, მაგრამ არჩევნების საბოლოო შედეგები, ჯერჯერობით, გამოქვეყნებული არ არის. არც ისაა ცნობილი, როდის გაიმართება პრეზიდენტის ინაუგურაცია.

გამარჯვებულ კანდიდატს არც მთავარმა კონკურენტმა გრიგოლ ვაშაძემ მიულოცა, მეტიც _ გაერთიანებულმა ოპოზიციამ საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით ქვეყნის მთავარ გამზირზე აქციაც გამართა. საპრეზიდენტო არჩევნებს დადებითად არც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები აფასებენ. ამ ფონზე კიდევ უფრო გამძაფრდა შიდა დაპირისპირება „ქართულ ოცნებაში“.
ის, რომ სუს-ის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილი ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელ ფიგურად იქცა, ეს ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს დადასტურდა. 21 აგვისტოს გოგაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან მიზეზების აუხსნელად გაათავისუფლეს. ამ გადაწყვეტილებით დაიმსხვრა მითი იმის თაობაზე, რომ გოგაშვილი ბიძინა ივანიშვილს კომპრომატებით აშანტაჟებდა, საპრეზიდენტო არჩევნების წინ სუს-ის უფროსის ექსმოადგილე „ქართული ოცნების“ ოფისში გამოჩნდა. მისი მომხრეები აცხადებდნენ, რომ ის პარტიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დაინიშნა და ამ სტატუსით ძალოვანი უწყებების ზედამხედველიც იქნებოდა. საქმეში ჩახედულ ადამიანებს ამ ვერსიაზე ეცინებოდათ, თუმცა, პარალელურად, პარტიის რეგიონული სამსახურის უფროსის, დიტო სამხარაძის სამეზობლო „ქრონიკა+“-ს უყვებოდა, რომ სამხარაძე ვიღაც ანის ტელეფონზე ხმამაღლა ესაუბრებოდა და თან შს მინისტრ გახარიას აგინებდა, _ მაგას ვინ ეკითხება, მე ვის მივიყვან პარტიაშიო.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის მერე გოგაშვილი მორიგ სკანდალში გაეხვია, ამჯერად, ის სალომე ზურაბიშვილის შტაბმა ფულის მოტეხვასა და კოორდინატორების გადაგდებაში დაადანაშაულა. ტელევიზიებმა გოგაშვილი, კალაძე, კობახიძე და მდინარაძე „ქართული ოცნების“ ოფისის მეზობლად ერთ-ერთ რესტორანში გამოიჭირეს, სადაც, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სწორედ არჩევნების დროს მოტეხილი ფინანსების თემაზე სასაუბროდ იყვნენ შეკრებილები.
იგივე წყარო „ქრონიკა+“-ს უყვება, რომ ფინანსური სკანდალის მერე სოსო გოგაშვილი და დიტო სამხარაძე ბიძინა ივანიშვილმა საერთოდ აითვალწუნა. ბოლოს ის პარტიიდან საერთოდ გააგდეს, კახეთში კი მის მიერ გაგზავნილი აქტივისტები საარჩევნო პროცესს არ გააკარეს.
პარალელურად, სახელისუფლებო კულუარებში საუბარი დაიწყო იმაზე, რომ არჩევნების მერე საკადრო ცვლილებები გარდაუვალია და იქნება ხმაურიანი დაჭერებიც.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით უკვე გადაწყვეტილია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიასა და სუს-ის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილის დაკავება. დადასტურებული ინფორმაციით გოგაშვილს უკან სთხოვენ იმ ფულის მიტანას, რომელიც მან ადგილობრივ და საპარლამენტო არჩევნებზე მიითვისა.
სახელისუფლებო წყარო ასევე ამბობს, რომ ივანიშვილის კარზე ყველა ოდიოზურ კადრს ჩარეცხავენ, მათ შორის, გოგა ხაინდრავას, ლაშა ნაცვლიშვილსა და შალვა რამიშვილს. ივანიშვილი არც საჯაროდ მალავს უკმაყოფილებას „ფსიქოპორტრეტის“ კვლევებისა და ზურაბ ბიგვავას მისამართით. დადასტურებული ინფორმაციით, ის ზურაბ ბიგვავასაც უკან სთხოვს საარჩევნო შტაბიდან მიღებულ ფულს.
„ქართული ოცნების“ კულუარებში გამოჩნდა ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ სპეციალური განცხადება გააკეთა და საჯაროდ დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“. პარალელურად კი კულუარული მუშაობა დაიწყო ივანიშვილის კარზე დაკარგული გავლენების დასაბრუნებლად.
პარტიაში ყველა მოუთმენლად ელოდებოდა არჩევნების მეორე ტურს და განსაკუთრებით ყურადღებით ადევნებდნენ თვალს არჩევნების შედეგებს სამეგრელოს რეგიონში, სადაც არჩევნების კურატორი პირადად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იყო. ელოდებოდნენ, რომ გახარია არჩევნებს ზუგდიდში წააგებდა, რასაც ავტომატურად მოყვებოდა მისი მისამართით ივანიშვილის რისხვა, მაგრამ მოვლენები სულ სხვაგვარი სცენარით განვითარდა _ შს მინისტრმა არჩევნები მოიგო და ამ ფაქტის გამო განსაკუთრებული უპირატესობა მოიპოვა კონკურენტებთან შედარებით.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, არსებობს ორი სკანდალური ჩანაწერი, რომელიც ივანიშვილს მაგიდაზე უდევს. ერთ ჩანაწერში საუბარია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და მის სიმამრს შორის, როგორ უნდა მოუტ…ან დედა გიორგი გახარიას, რომელმაც შს სამინისტროში კახელების კარტელს ყველა სავარაუდო საყრდენი გამოაცალა, ნარკორეალიზატორების დიდი ქსელიც გაუშიფრა და ნარკობარიგები დააკავა, ასევე თანამდებობას ჩამოაშორა თამაზაშვილის მარჯვენა ხელი და მისი ნარკოტრასის კურატორი, სამეგრელოს გუბერნატორი ლევან შონია; მეორე ჩანაწერი სოსო გოგაშვილისაა, რომელიც ასევე ღიად ემუქრება გიორგი გახარიას, _ ჩემს ყ…ს გახდება ეგ პრემიერ-მინისტრი, ისეთ სკანდალებს გამოვუქვეყნებო.
ჩანაწერების შინაარსზე ჩვენი წყარო სხვას არაფერს ამბობს, მაგრამ აქ იწყება ე. წ. შეთქმულთა ჯგუფის ახალი ინტრიგა „ქრონიკა+“-ისა და პირადად ჩემ წინააღმდეგ.
დაახლოებით ათიოდე დღის წინ გერმანიაში მცხოვრებმა ლგბტ უფლებადამცველმა ნუგზარ ტატიშვილმა მომწერა, რომ მასთან ხაზზე გავიდა პარლამენტის თავდაცვისა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ჩამიგდო მასთან მესენჯერში განხორციელებული ზარების სქრინი და მითხრა ასევე, რომ ირაკლი სესიაშვილისგან საინტერესო შემოთავაზება მიიღო.
სხვა დეტალებზე მე და ნუგზარ ტატიშვილს იმ მომენტში არ გვისაუბრია. მოგვიანებით, რამდენჯერმე შევეცადე გამერკვია, რატომ შეიცვალა მან შეხედულება მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ რაკი განმარტებები ვერ მივიღე, ჩვენი კომუნიკაცია ამით ამოიწურა.
კვირას, მთელი დღის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის წინ, შვილმოკლული მამებისა და ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე ვიმყოფებოდი, ოფისში დაბრუნებულმა მივიღე ინფორმაცია, რომ ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო ჯღარკავამ სოციალურ ქსელ ფეისბუქში შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:
„ერთ მინისტრზე ელისტრაკო კილაძეს „კომპრები“ ქონია და აშანტაჟებს, გაგივრცელებ თუ შემეხებიოო, ხოდა იმ მინისტრს მინდა ვუთხრა ის „კომპრები“ მე ვიცი დეტალებში და ელიკო გაგივრცელებს თუ ჯღარკავა შენთვის სულერთია, იცოდე ხოდაა ელიკოს მფარველობას მოეშვით, თორემ დაგმარხავთ (სტილი დაცულია)“.
ამავე სტატუსზე კომენტარებში კი წერდა, რომ საქმე არა ბიუჯეტის ფლანგვას, არამედ რაღაც პირადს ეხებოდა. კომენტარებში ადვოკატი ლალი აფციაურიც მინიშნებებს აკეთებდა, რომ თურმე მთავარ პროკურორზეც მაქვს კომპრომატები, როგორც ყოფილზე, ასევე მოქმედზე.
ცხადია, ნინო ჯღარკავასა და ლალი აფციაურსაც პასუხი გავეცი, რომ არანაირი კომპრომატები ყოფილ და მოქმედ მინისტრებსა და სხვა თანამდებობის პირებზე არ მაქვს. რაც ვიცი, გაზეთში ვაქვეყნებ და შანტაჟისთვის არ ვიყენებ. მაგრამ ეს ისტორია ასე მარტივად არ დასრულებულა.
გვიან ღამით გოგაშვილის აქტიური მხარდამჭერები თამარ იარაჯული და ქეთი ზამბახიძე, „ოცნების“ ახალბედა აქტივისტ შაკო კუჭაშვილთან ერთად მთავარ პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია დაიწყეს ჩემი დაკავების და შალვა თადუმაძესთან შეხვედრის მოთხოვნით.
გოგაშვილის მხარდამჭერი ჯგუფის მხრიდან ეს პირველი პროვოკაცია ნამდვილად არ არის, იგივე ჯგუფი მოვარდა პარლამენტის წინ შვილმოკლული მამების აქციაზე და მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას. არსებობს ფაქტის დამადასტურებელი ვიდეომასალები, რომელიც ფეისბუქში ჩემ მიერ გამოქვეყნებულია.
მას შემდეგ, რაც თამარ იარაჯულის ჯგუფმა შესაბამისი ხმაური ვერ გამოიწვია და ვერც ხელისუფლების ყურადღება მიიპყრო, მთავარ პროკურატურასთან ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნინო ჯღარკავა პირადად მივიდა, მხარი დაუჭირა საპროტესტო აქციას და საზოგადოებას სთხოვა აქციის მონაწილეების მხარდასაჭერად მთავარ პროკურატურასთან მისვლა.
ცხადია, არც შალვა თადუმაძე, არც გიორგი გახარია სოსო გოგაშვილის მომხრეებთან არ გამოჩენილან. ჩემთვის ასევე სრულიად გაუგებარი იყო, რა მიზანს ემსახურებოდა აქცია მთავარ პროკურატურასთან არასამუშაო დღეს და არასამუშაო საათებში, მაგრამ აქ ჩვენი წყარო „ქრონიკა+“-ს საინტერესო ვერსიას სთავაზობს: სოსო გოგაშვილი არის უკიდურესად შეშინებული და დემორალიზებული, დღე დღეზე ელოდება დაკავებას, ქვეყნიდან ვერ მიდის, ერთი მხრივ, ამერიკამ მას ვიზა არ მისცა, მეორე მხრივ, ევროპაში წასვლის ძალიან ეშინია _ ფიქრობს, რომ მას ქვეყნიდან გასვლისთანავე ჩეჩნები პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაციის გამო გაუსწორდებიან. გოგაშვილმა მისი იდეოლოგიური მრჩევლების ნუგზარ ფოფხაძისა და გიორგი მამაცაშვილის რჩევით, ჯერ მისი მკვლელობის თაობაზე გაავრცელა ინფორმაცია და ფეიკნიუსი სუს-ის სააგენტო „მარშალპრესზე“ გამოაქვეყნა, მაგრამ გოგაშვილის სახლთან ავტომატიანი კაცის გამოჩენას სოციალურ ქსელში მხოლოდ მისი დაცინვა მოყვა, ვერც ბიძინა ივანიშვილს აუჩუყა გული, ამიტომაც, უკვე საბოლოოდ სასოწარკვეთილმა სცადა შს მინისტრის შანტაჟი და მთავარი პროკურორის დაშინება, _ თუ დამიჭერთ, პრობლემებს შეგიქმნითო.
შეშინდება თუ არა გახარია თადუმაძე-გოგაშვილის მომხრეების შანტაჟით, ჩვენი წყარო ვერ აკონკრეტებს, მაგრამ ამ მოვლენების პარალელურად კიდევ ერთ სკანდალს აეხადა ფარდა.
ზემოთ უკვე დავწერე, რომ გერმანიაში მცხოვრებმა ნუგზარ ტატიშვილმა ათიოდე დღის წინ მასთან პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის კომუნიკაციის დასტურად სქრინი გამომიგზავნა.
ორშაბათს გვიან ღამით კი ნუგზარ ტატიშვილმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში ასევე სკანდალური სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც „ქრონიკა+“-ისა და ჩემ წინააღმდეგ დაგეგმილი მორიგი შეთქმულების დეტალები გაასაჯაროვა. უცვლელად გთავაზობთ ნუგზარ ტატიშვილის სტატუსს:
„ოპერაცია „ვარდისფერი სპილო“
რა მოხდა ამ ერთ თვეში? მოდი მოვყვები ქრონოლოგიურად:
7 ნოემბერი 22 საათი და 02 წუთი, ჩემს ფეისბუქ გვერდზე შემოდის ორი ლაიქი ირაკლი სესიაშვილისგან (საქართველოს პარლამენტის წევრი, პარლამენტის ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელი და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი), ამავე დროს ის მირეკავდა და მე მას არ ვუპასუხე ხოლო 22 საათსა და 27 წუთზე მე მას გადავურეკე და საუბარმა 20 წუთს გასტანა. საუბრის დროს ირაკლი სესიაშვილმა ბევრ საინტერესო შემოთავაზებასთან ერთად (ფული, უსაფრთხოება და ა. შ.) მითხრა, რომ საინტერესო თანამშრომლობის შემთხვევაში კარგ შედეგს მივიღებდი. ამის შემდეგაც მითხრა, რომ დამიკავშირდებოდნენ.
ზოგადად ეს ფაქტი ჩვემთვის გასაკვირი სულაც არ იყო, რადგან ხშირად მაქვს ასეთი კომუნიკაცია სხვადასხვა პირებთან, მეც მოთმინებით ველოდი საინტერესო პროცესის დაწყებას.
ამის შესახებ მე ეგრევე ვაცნობე ელისო კილაძეს, ვუთხარი, რაც მოხდა და შესაბამისი სქრინიც გავუგზავნე. ამის შემდეგ დაიწყო ოპერაცია ვარდისფერი სპილო.
22 ნოემბერს იწყება ირაკლი ზაქარეიშვილის მხრიდან მორიგი ლანძღვა-გინება ჩემი და ელისო კილაძის მისამართით, რაზეც პირად გვერდზე მივწერე, თუ რა უნდოდა და რატომ წერდა ჩემზე ასე. პასუხად შერბილებული ტონით მწერდა ირაკლი, რომ ცუდად ვიქცეოდი და ა. შ. ერთი სიტყვით, აშკარად დათბა სიტუაცია ჩემსა და ირაკლის შორის. შემედგ რაღაც პერიოდი მე მას არ ვეკონტაქტებოდი, ურთიერთობა განახლდა 27 ნოემბერს, ხოლო 20:06 წუთზე ჩვენ შორის მოხდა სატელეფონო საუბარი, სადაც ირაკლიმ დეტალურად ამიხსნა, თუ რას მთავაზობდნენ, კერძოდ საუბარი იყო, რომ ელისო კილაძის წინააღმდეგ თუ მივცემდი ჩვენებას და მას ვამხელდი ტერორიზმის ხელშეწყობასა და ასევე მაჩალიკაშვილის მეშვეობით სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ პროვოკაციის ორგანიზებაში, მე დამკითხავდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და ამის შემდეგ რაც მინდოდა, ყველა თხოვნას შემისრულებდნენ.
რა თქმა უნდა, მე ვუთხარი და მოვითხოვე დაჟინებით საპროცესო შეთანხმების გაფორმება. მაინტერესებდა, რა კონტაქტები ჰქონდათ მათ და ამ კითხვის დასმა სწორედ რომ სასურველ შედეგზე გამიყვანდა, რადგან უპირობოდ საპროცესოს შეთანხმება ნიშნავდა, რომ სუს-ის გარდა საქმეში მონაწილეობდა შსს და პროკურატურაც, რადგან საპროცესო შეთანხმება პროკურატურის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ირაკლი ზაქარეიშვილისგან უპირობოდ მივიღე თანხმობა, რომ მოხდებოდა საპროცესო შეთანხმებაზე ჩემი მხარდაჭერა და რომ ამ შედეგს მივაღწევდი. შემდეგ ჩემთან კონტაქტზე გამოდის ნინო ჯღარკავა, რომელთან საუბრის დაწყებისთანავე ეგრევე გადავედი შეკითხვაზე, საპროცესო შეთანხმების შესახებ რას მთავაზობდნენ ელისოს განადგურებაზე თანხმობის შემთხვევაში და მისგან მივიღე პასუხი: „რა ხდება შენს საპროცესოზე“. რა თქმა უნდა მე ზოგადად მოვუყევი ჩემ შესახებ ინფორმაცია, რომ საქმე სასამართლოშია და ა. შ. ამის შემდეგ მან გადამამისამართა ირაკლი ზაქარეიშვილთან და მითხრა, რომ „ირაკლი კავშირზეა“ და რომ დამეხმარებოდა. რა თქმა უნდა კავშირზეა იგულისხმება შესაბამის პირებთან ანუ სუს-თან და პროკურატურასთან.
ამის შემდეგ ირაკლი ზაქარეიშვილთან კვლავ შედგა სატელეფონო საუბარი, რა დროსაც მან მითხრა, რომ სუს-ს და პროკურატურას ჰქონდა მასალები ელისო კილაძის წინააღმდეგ და რომ უკვე დრო იყო ჩემი ჩართვის.
ირაკლიმ მომთხოვა მის წინააღმდეგ გამოქვეყნებული ინტერვიუს უარყოფა, რაც მე გავაკეთე, რადგან მისი ნდობის მოპოვება აუცილებელი იყო. ამის შემდეგ ირაკლისთან კვლავ შედგა საუბარი და საუბრის დროს დამთანხმდა, რომ დამეხმარებოდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაში. მე მისგან მივიღე სრული თანხმობა, რომ ის გამიწევდა ყველანაირ მხარდაჭერას, მათ შორის იურიდიულსაც. ჩვენ შორის შედგა იურიდიული კონსულტაცია და როგორც ჩემი მომავალი ადვოკატი, თანახმა იყო ჩართულიყო ამ პროცესში.
ყველაფერი, ერთი შეხედვით, მარტივად ჩანს, თუმცა მოდი გავშიფროთ, რა გაირკვა ამ მოკლე ოპერაციის დროს:
1. ირაკლი ზაქარეიშვილს კავშირი აქვს, რაც გულისხმობს იმას, რომ ის თანამშრომლობს სუს-თან და პროკურატურასთან და რომ ის ჩართულია ელისო კილაძის მიმართ მიმდინარე პროვოკაციაში.
2. ნინო ჯღარკავა და ირაკლი ზაქარეიშვილი ერთობლივად ცდილობდნენ ელისო კილაძის წინააღმდეგ პროვოკაციის დაგეგმვას და ამ პროცესში ჩართული იყო ასევე შსს და პროკურატურაც.
3. ელისო კილაძის მიმართ პროვოკაცია იგეგმება ამ დრომდე.
4. ირაკლი ზაქარეიშვილის ნდობა, როგორც ადვოკატის, არის ყოვლად დაუშვებელი. მას აქვს კავშირები პროკურატურასთან და მისი ეს კავშირები პროფესიულადაც და ეთიკურადაც შეუთავსებელია ადვოკატის პროფესიულ საქმიანობასთან“.
შანტაჟი, შავი პიარი და მოწმეების მოსყიდვა „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების მხრიდან არც პირველია და ალბათ, არც ბოლო იქნება. ის, რომ სამიზნე მე ვარ, არც გასაკვირია და არც ახალი ამბავი, რადგან „ადვოკატი“ ირაკლი ზაქარეიშვილი ბოლო რამდენიმე თვეა, დაკავებულია ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი კამპანიით, მაგრამ თუ ამ ადამიანების გეგმასთან რაიმე ფორმით კავშირი ექნებოდა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს, ამის წარმოდგენა ნამდვილად გამიჭირდებოდა, მით უფრო, როცა საუბარია ცრუ ჩვენებაზე და მის სანაცვლოდ ნუგზარ ტატიშვილისთვის საპროცესო გარიგების გაფორმებაზე.
ანუ ირაკლი სესიაშვილი დაუკავშირდა ნუგზარ ტატიშვილს, შესთავაზა მას თანამშრომლობა, ფული, მისცა უსაფრთხოების გარანტიები და უთხრა, რომ მოგვიანებით მას დაუკავშირდებოდნენ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით.
მოგვიანებით, ნუგზარ ტატიშვილს უკავშირდება ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი, რომელიც მაცაცოს თვეების განმავლობაში სააკაშვილ-ალასანია-კილაძის აგენტს ეძახდა და მუდმივად ლანძღავდა მას, რადგან ტატიშვილმა ამხილა ის, როგორც სუს-ის მიერ დაშანტაჟებული პირი.
ნუგზარ ტატიშვილის განმარტებით ირაკლი ზაქარეიშვილი, როგორც ადვოკატი, მას პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების მოგვარებას დაჰპირდა ჩემი და მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების სანაცვლოდ. ტატიშვილს გამოძიებისთვის უნდა მიეცა ჩვენება, რომ მე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ვართ ტერორისტებთან კავშირში და ვემზადებით საქართველოში არეულობის მოსაწყობად. რა გაგრძელება მოყვებოდა ტატიშვილის ამ ჩვენებას, ეს, ალბათ, ძალოვანი უწყების შემდგომ ქმედებებზე იყო დამოკიდებული, მაგრამ „ქრონიკა+“ და პირადად მე, მინიმუმ, თავის მართლების რეჟიმში ვიქნებოდით, მაქსიმუმ, დაკითხვებზე მოგვიწევდა სიარული იმის დასტურად, რომ ტერორისტებთან არანაირი კავშირი არ გვაქვს და არც იარაღს ვინახავთ ოფისში არეულობის მოსაწყობად.
როგორც ნუგზარ ტატიშვილის განცხადებებიდან ირკვევა, ამ შეთქმულების დეტალების საქმის კურსში ასევე იყო ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო ჯღარკავაც.
რას ნიშნავდა ამ უკანასკნელის მხრიდან „ქართული ოცნების“ მთავრობის მინისტრის წინააღმდეგ შანტაჟის შემცველი სტატუსის გამოქვეყნება?
ჩვენი წყარო გვიყვება, რომ ღარიბაშვილ-გოგაშვილის ჯგუფის სამიზნე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაა, სწორედ მასზე დაიწყება შტურმი. მელორ ვაჩნაძისა და გიორგი გაბედავას მხრიდან გაკეთებული საჯარო განცხადებები ამ გეგმის შემადგენელი ნაწილი იყო და ეს მომავალშიც გაგრძელდება. იგივე წყარო ამბობს, რომ გოგაშვილმა ნინო ჯღარკავას უკვე გადაუხადა სოლიდური გასამრჯელო სოციალურ ქსელში შესაბამისი კამპანიის ასაგორებლად.
„ქრონიკა+“ მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს, დაუყოვნებლივ დაიწყოს აღნიშნული ფაქტის გამოძიება. თავის მხრივ, გერმანიაში მცხოვრები ლგბტ უფლებადამცველი ნუგზარ ტატიშვილი მზადაა, გამოძიებას აღნიშნულ ფაქტზე ამომწურავი ჩვენება მისცეს. ნუგზარ ტატიშვილი ასევე აპირებს მიმართოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას და ითხოვს, ადვოკატის ლიცენზია შეუჩერდეს ირაკლი ზაქარეიშვილს, რადგან ის მას, როგორც კლიენტს, ფარულად იწერდა და მისი ნებართვის გარეშე გაასაჯაროვა ფარული აუდიო ჩანაწერი.
„ქრონიკა+“ შესაბამისი საჩივრებით მთავარ პროკურატურას დღეს ოფიციალურად მიმართავს.

ელისო კილაძე