სკოლის მერხიდან მონასტრის კედლებში _ როგორია 19 წლის მორჩილის ცხოვრება?!

„ქრონიკა+“-ის დღევანდელი ნომრის სტუმარი 19 წლის მორჩილი გაბრიელ ცეცხლაძეა. მორჩილი გაბრიელი 15 წლიდან მონასტერშია. მამა ნეოფიტე და მორჩილი გაბრიელი ის ორადორი სასულიერო პირია, რომელიც გარდაბანში, სოფელ ვახტანგისში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტერში მსახურობს. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელებით დასახლებულ მხარეში ეს ერთადერთი ქართული მართლმადიდებლური კერაა.

_ გაბრიელ, როგორი ბავშვობა გქონდათ?
_ ძალიან ჩვეულებრივი. მავნე ბავშვი ვიყავი, ვერ მაჩერებდნენ. ხატვა და ხალხთან ურთიერთობა მიყვარდა. სახლში არ მიყვარდა ყოფნა. იყო პერიოდი, როცა მსახიობობაც მინდოდა, სახლში სხვადასხვა როლს ვთამაშობდი. მიყვარდა და მიყვარს მუსიკა, გარმონი მაჩუქეს და სულ ვუკრავდი ხოლმე.
_ რა გინდოდათ, რომ გამოსულიყავით?
_ ბევრი რამე მიტაცებდა. მსახიობობაც მინდოდა, პოლიტიკოსობაც…
_ სკოლა დაამთავრეთ?
_ დიახ. მეხუთე კლასამდე ვისწავლე საჯარო სკოლაში, მერე სასულიერო გიმნაზიაში გადავედი და მეცხრე კლასამდე იქ ვისწავლე. შემდეგ ექსტერნით გარდაბანში გადავიტანე საბუთები და დავამთავრე.
_ რატომ აღარ გააგრძელეთ სწავლა? წეღან აღნიშნეთ, რომ მსახიობობა მინდოდაო.
_ სიმართლე გითხრათ, მსახიობური ნიჭი დღესაც მადგება.
_ მაგალითად?
_ მაგალითად, ხანდახან ისეთ დროს გიწევს გაცინება, როცა არ გეღიმება და თუ ეს ნიჭი არ გაქვს, ვერ ითამაშებ. კარგი გაგებით ვამბობ. ასევე თამაში გიწევს მაშინ, როცა ადამიანი გულს გტკენს და ამ დროს არ იმჩნევ.
_ ხომ შეგეძლოთ, რომ თქვენც სხვებივით ყოფლიყავით და თავისუფლება არ შეგეზღუდათ საკუთარი თავისთვის?
_ მონასტრის გარეშე არ მინდა არაფერი, აქედან უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. ამ ყველაფერს ვუყურებ, როგორც დროებითს. არიან ადამიანები, რომლებმაც მუსიკას, ხელოვნებას ან სხვა პროფესიას მიუძღვნეს თავი და კარიერისტი არასდროს ვყოფილვარ.
_ რა იყო მიზეზი, რის გამოც წახვედით მონასტერში?
_ ბავშვობაში ხომ მინდოდა მხატვრობა და მსახიობობა, ასევე მინდოდა, რომ ვყოფილიყავი სასულიერო პირი. ყოველთვის მინდოდა ბერობა და არა მღვდლობა.
_ რატომ?
_ არ ვიცი, უბრალოდ, ბერების ცხოვრების წესი ჩემთვის მისაღები და სასიამოვნოა. კარგად ვგრძნობ თავს. ყველა არასერიოზულად უყურებდა ჩემს გადაწყვეტილებას, მეუბნებოდნენ, რომ ეს სურვილები გამიქრებოდა, მაგრამ რაც უფრო წლები გადიოდა, უფრო და უფრო მიმძაფრდებოდა მონასტერში წასვლისა და იქ დარჩენის სურვილი. მეცხრე კლასში ვიყავი, როცა უკვე საბოლოოდ გადავწყვიტე მონასტერში წასვლა.
_ თუმცა ყოველთვის არის მიზეზი, რის გამოც ადამიანი ამ ნაბიჯს დგამს და მიდის მონასტერში. თქვენ შემთხვევაში რა იყო ეს მიზეზი?
_ პირველად ეგ კითხვები დამისვეს, რომ რა დაგემართა, განა რა მოხდა შენს ცხოვრებაში ისეთი, რომ ეს ნაბიჯი გადადგიო? მაგრამ რეალურად რომ შევხედოთ ამ ყველაფერს, ადამიანები, როცა რაღაც პრობლემის გამო მიდიან მონასტერში, შემდეგ ეიფორია გადაუვლით, უკვე აღკვეცილები არიან ბერებად და მერე ხვდებიან, რომ თურმე არ არიან მზად ამ გზისთვის, მაგრამ ჩემ შემთხვევაში არანაირი პრობლემა არ არსებობდა. ყოველთვის მინდოდა და ასე იქნება ცხოვრების ბოლომდე. ჩემთვის უფლის წყალობაზე დიდი არაფერია.
_ მეგობრები გყავდათ?
_ ძალიან ბევრი.
_ გყვარებიათ ვინმე?
_ ბევრი შეყვარებული მყოლია, თან ჩემზე ბევრად უფროსები.
_ რამდენი წლით უფროსები?
_ მაგალითად, მე რომ ვიყავი მერვე კლასში, ისინი მეთერთმეტეში იყვნენ. საჩუქრებს ვუკეთებდი და ბუფეტში ვეპატიჟებოდი.
_ სერიოზული გრძნობით არავინ გყვარებიათ?
_ არასდროს. გატაცების დონეზე ბევრი მიყვარდა. სერიოზული გრძნობა არ მქონია და არც დეპრესიაში ჩავვარდნილვარ სიყვარულის გამო. ყოველთვის მონასტრისკენ მიწევდა გული, საერო ცხოვრებაში კომფორტულად ვერ ვგრძნობდი თავს.
_ არ გწყდებათ გული?
_ არა. პირიქით, ვამბობ, რომ ნეტა, შესაძლებლობა ყოფილიყო, რომ უფრო ადრე წავსულიყავი მონასტერში.
_ რამდენი წლის იყავით, მონასტერში რომ წახვედით?
_ 15 წლის. თავიდან თითქოს ერთი კვირით წავედი მონასტერში დასარჩენად, მერე ორთვენახევარი დავყავი იქ და ჩემს მოძღვარს ვუთხარი, თუ რას ვაპირებდი, შემდეგ _ ოჯახს. პრველად ჩემს ძმას ვუთხარი.
_ მოულოდნელი იქნებოდა.
_ მოულოდნელი არ იყო მისთვის, მაგრამ ასე მალე არ ელოდებოდა.
_ მშობლებს რა რეაქცია ჰქონდათ. არ უნდოდათ, მონასტერში რომ წასულიყავით?
_ არა, იმიტომ, რომ ყოველთვის არაეკლესიურად ცხოვრობდნენ და არ იცოდნენ, რა იყო ეს. გარდა ამისა, მონასტერში წასვლა და დარჩენა მათთვის ნიშნავდა შვილის დაკარგვას. საზოგადოების აზრს აქცევდნენ დიდ ყურადღებას, თუმცა ყველაფერს გავუმკლავდი, დედამ ფეხსაცმელებიც კი დამიმალა, რომ არ წავსულიყავი, მაგრამ ყველაფერი გადავლახე. სიმართლე გითხრათ, გულიც კი მეტკინებოდა, ასე რომ არ მომხდარიყო.
_ დღეს როგორი ურთიერთობა გაქვთ ოჯახის წევრებთან?
_ ლოცვის ძალით და უფლის წყალობით დღეს ამაყობენ. თავიდან უბრალოდ ვერ ხვდებოდნენ, თუ რას ვაკეთებდი, სად მივდიოდი, რატომ, რისთვის, მაგრამ ამ ყველაფერში გაერკვნენ და პირიქით, უხარიათ, რომ ეს გზა ავირჩიე.
_ როგორ მოგმართავენ?
_ გაბრიელით მომმართავენ. საერო ცხოვრებაში ბესარიონი მერქვა.
_ როგორია თქვენი ცხოვრება მონასტერში?
_ ჩვეულებრივი. ბევრი საქმე გვაქვს. ვკითხულობთ, ვხატავთ, ვაკეთებ სამკაულს, ვქსოვ წკნილებს… ძალიან მიყვარს წერა. ბევრი დღიური მაქვს, სადაც ჩემს ყოველდღიურობაზე ვწერ. გარდა ამისა, ჩემს ცხოვრებაზე ვწერ წიგნს, სადაც ბევრი მნიშვნელვანი მოვლენა შევა.
_ წიგნის გამოშვებას აპირებთ?
_ ჯერ დავწერ, შემდეგ კომპენტენტურ ადამიანებს ვაჩვენებ. თუ ისინი მირჩევენ, რომ გამოვცე, რატომაც არა.
_ დავიჯერო ამ ოთხი წლის მანძილზე, რაც მონასტერში ხართ, არაფერი გენატრებათ?
_ მატერიალური ან ნივთების მხრივ არაფერი. ხალხთან ურთიერთობა მენატრება. ღვთის განგებით ისეთ მონასტერში მოვხვდი, სადაც ხალხი, უბრალოდ, არ დადის. ვინც დადის, იმათი ენა არ ვიცი, მუსლიმანები არიან და აზერბაიჯანულად საუბრობენ, რელიგია მაინც დიდ როლს თამაშობს ურთიერთობებში. მრევლს თბილისიდან ჩამოსვლა ეზარება, ჩვენ _ არა, იმიტომ რომ არაფერს ვაკლდებით, დილით სამონასტრო საქმეებს რომ ვამთავრებთ, ვცდილობთ, თუ დრო გვაქვს, გამოვიდეთ ქალაქში, გამოფენაზე წავიდეთ, კულტურულ ღონისძიებებს ვეზიაროთ და უკან დავბრუნდეთ.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ხალხთან ურთიერთობა მენატრებაო. სინანულის გრძნობა ხომ არ გეუფლებათ?
_ არა და გეტყვით, რატომ: მეც და მამაოც სულ ვცდილობთ, რომ მონასტერში ისეთი გარემო შევქმნათ, რომ ადამიანები ჩამოვიდნენ ან ექსკურსიები გავაკეთოთ ხოლმე. ახლა უფრო მივხვდი, რომ ადამიანი არის ყველაზე ძვირფასი არსება, რაც დედამიწაზე ღმერთმა შექმნა.
_ ანუ ისეთი დღეებიც არის, როცა მრევლი საერთოდ არ ამოსულა?
_ ყოველი დღე ასეთია, კვირის გარდა. ერთხელ მეეზოვეობა ვინატრე, რომ ხალხთან მქონდეს ურთიერთობა.
_ ამის დეფიციტი თქვენ მონასტერში წამოსვლამდე არ გქონდათ. როგორ ფქრობთ, ამ ყველაფერს მოითხოვს ღმერთი თქვენგან, ჩემგან ან საერთოდ ვინმესგან?
_ სხვათაშორის დასაფიქრებელი თემაა. ქრისტე პირდაპირი მაგალითია ხალხთან ურთერთობის. სახარებაში ვერსად წაიკითხავთ, რომ ქრისტე მარტო იყო, პირიქით, სულ ხალხთან ერთად იყო და ქადაგებდა. მხოლოდ მარხვის პერიოდში იყო მარტო და განმარტოვდა. განმარტოება, ზოგადად, ბევრ რამეში გეხმარება.
_ ვინ არის დღეს გაბრიელი?
_ გაბრიელი ბერია. ერთადერთი განსხვავება მორჩილსა და ბერს შორის არის ის, რომ ემატება რამდენიმე შესამოსელი, თორემ ცხოვრების წესი ერთია. ეს პასუხისმგებლობა უკვე აღებული მაქვს საკუთარ თავზე. დღეს მატერიალურზე მეტად სულიერი დახმარება უფრო სჭირდება საზოგადოებას.

გიორგი საკარული