უსინათლო მხატვრის შედევრები

დღეს უნდა გაგაცნოთ ადამიანი, რომელიც თანამედროვე სამყაროსთვის მისაბაძია. მისი მტკიცე ხასიათი მაგალითს გვაძლევს, თუ როგორ არ უნდა მოვეშვათ ჩვენ, რომლებიც ვხედავთ სამყაროს და არ ვუფრთხილდებით არც დროს, არც ენერგიას… დიახ, საუბარი მაქვს პროფესიონალ მხატვარზე, რომელმაც 27 წლის ასაკში მხედველობა დაკარგა.

გიორგი ქობელაშვილის ნამუშევრებს არაერთი საგამოფენო დარბაზი აქვს მოვლილი. ნახატები შესრულებულია როგორც ავტორის მხედველობის დაკარგვამდე და რაც ყველაზე მთავარია, პროფესიისთვის არ უღალატია. ჰქონდა მხოლოდ მცირე პაუზა…
მისი შინაგანი ხედვა თავისუფალია. მისი ნახატებიდან მხოლოდ პოზიტიური განწყობა მოედინება. სურათები, რომელთაც ის ხატავს, იმდენად საინტერესოა, რომ ვერც კი მიხვდებით, იგი მხედველობის არმქონე ადამიანის მიერ თუ არის შესრულებული.
7 წლის იყო, როცა ხატვა დაიწყო. სწორედ ამ ასაკში აღმოაჩნდა დიაბეტი.
„ბავშვი ვიყავი, როცა ხატვა დავიწყე, საავადმყოფოში ვიწექი, დიაბეტი დამემართა. მაშინ ახალი გამოსული იყო ფლომასტერები და ძალიან მინდოდა, რომ მოეტანათ. მართლაც მშობლებმა მიყიდეს. ვიწექი და სულ ვხატავდი. განსაკუთრებით ცხენების ხატვა მიყვარდა, მექსიკელები… ვესტერნის ჟანრი… სკოლაში სწავლის პერიოდშიც სულ ვხატავდი… მახსოვს, სამხედროს მასწავლებელი ლოზუნგებს მაწერინებდა“, _ გვითხრა გიორგიმ.
სკოლის პარალელურად, მშობლებმა პატარა გიორგი პიონერთა სასახლეში ხატვის წრეზე შეიყვანეს. იმ წლებს განსაკუთრებულად იხსენებს. „პირონერთა სასახლეში ხატვის წრეზე დავდიოდი, ჩემი მასწავლებელი ციალა კანდელაკი გახლდათ. მიხაროდა და კარგი პერიოდი იყო“.
სკოლის დამთავრების შემდეგ აკადემიაში ჩააბარა. ამბობს, რომ სამხატვრო აკადემია წარჩინებით დაამთავრა.
„აკადემიაში ჩავაბარე ზურაბ წერეთლის კლასში. სტუდენტობის პერიოდში მხედველობის პრობლემა არ მქონია, თუმცა ექიმმა მითხრა, დიაბეტიანი რომ ხარ, ზეთის ფერადების სუნი გავნებსო. რექტორთან შევიტანე ჩემი ნამუშევრები. გრაფიკაში მქონდა შესრულებული. დიდხანს ათვალიერებდა, მერე თქვა: როგორ შეიძლება, ამ ნამუშევრების შემქმნელს უარი ვუთხრათ აკადემიაში ჩაბარებაზეო. საბუთები მიიღეს და მერე ჩვეულებრივად ჩავაბარე. ბევრი ნამუშევარი შევქმენი სტუდენტობის პერიოდში. სახლში ვიჯექი და ვმუშაობდი. მერე ჩემი ლექტორები მომყავდა და ვათვალიერებინებდი“.
ბედნიერი წლების შემდეგ გიორგი ცუდად გახდა. დიაბეტთან ერთად მას ნეფრიტიც დაემატა, ვერ დადიოდა, გაცივდა… ამბობს, რომ ექიმების დამსახურებითაა დღეს ცოცხალი. ასე, ნელ-ნელა დაკარგა მხედველობა, თუმცა პანიკაში არ ჩავარდნილა.
„ერთდოულად მომივიდა ორი რაღაც. თან ნეფრიტიც მქონდა, ვეღარ დავდიოდი, გასიებული ვიყავი. ისეთი მდგომარეობა მქონდა, ექიმმა მამაჩემს უთხრა: ყველაფრისთვის მზად იყავითო. ღმერთის წყალობით, ცოცხალი ვარ. სწორედ ამ პერიოდში იჩინა მხედველობის პრობლემამაც თავი. მახსოვს, ერთხელ ფოტოებს ვათვალიერებდი და აღმოვაჩინე, რომ მათზე სახეებს ვერ ვარჩევდი…. ასე ნელ-ნელა დამეწყო. ეს იყო 1997 წელი. ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე რომ ვილაპარაკოთ, ვერ ვიტყვი, რომ პანიკა მიპყრობდა. ადვილი ასატანი არაა, მაგრამ რაღაც შემართებით ვიყავი. თვითონ ექიმებიც კარგად მომიდგნენ, კარგად მმკურნალობდნენ. თვალის ექიმთანაც დავდიოდი, ნემსებს მიკეთებდა თვალებში, მაგრამ მაინც ჩამოიშალა ბადურა. ბოლოს მხოლოდ სინათლეს ვხედავდი. მერე ისიც გაქრა… 1998 წლიდან უკვე საერთოდ ვეღარ ვხედავ“.
გარკვეული პაუზის შემდეგ გიორგიმ კვლავ დაიწყო ხატვა. იყო პერიოდი, როცა იმედგაცრუებაც დაემართა, თუმცა ხატვა ძალიან ენატრებოდა. მორწმუნეა, მისი მოძღვარი მამა ელიზბარია.
„მხედველობის დაკარგვის შემდეგ ხატვა დავიწყე 2001 წლიდან. მანამდე საერთოდ არ ვფიქრობდი ხატვაზე, მაგრამ ძალიან მენატრებოდა. მოძღვარს ვუთხარი, ხატვა მინდა-მეთქი. მამა ელიზბარმა დამლოცა და მითხრა, დახატეო… ვფიქრობდი, როგორ დამეხატა… გამოვართვი დედაჩემს ფანქარი, ქაღალდი და წამებში მოვხაზე მეცხვარე ცხვრით. მერე დავხატე მთავარანგელოზი, ნადირობის სცენა. მქონდა მომენტი, როცა რამდენიმე ნახატი დავხიე, რადგან ვერ გაარჩიეს, რა დავხატე. ამის შემდეგ ჯვარცმა დავხატე.
ეს ნამუშევრები ჩემმა პედაგოგმა გია მარკოზაშვილმა ნახა და მოეწონა. მომიტანა ფლომასტერები. გააკეთე კიდევ რამე, დახატეო, თან იდეა მომაწოდა. შემოსაზღვრე ჩარჩო და მასში ჩადე ფურცელიო. ასეც მოვიქეცი და საქმე უფრო გამიადვილდა. ამას კიდევ მოჰყვა სხვა მიგნებები. დავუშვათ, რაიმე კომპოზიციას ვხატავ – ხეს. ვამაგრებ ჭიკარტებს, თუ საით უნდა გავუშვა ტოტები და ჭიკარტების დახმარებით ვაკეთებ მიმართულებებს. ვთქვათ, პორტრეტს ვხატავ – თვალის, ყურის, ცხვირის ადგილებში ჭიკარტებს ვამაგრებ და ასე ხდება გადანაწილება, სიმეტრია. ჭიკარტის გარეშეც შეიძლება დაიხატოს, მაგრამ ეს უფრო აბსტრაქცია გამოვა. ეგეც საინტერესოა.
ფერები ისედაც ვიცოდი, თუ რა რასთან, რამდენი რამდენთან უნდა შევაზავო. დედაჩემს ვეტყვი, რომელი ფერი მომაწოდოს და მაწვდის. როცა ვხატავ, დედაჩემს ვეკითხები, ტყუილა ხომ არ ვუსვამ ფუნჯს, ეტყობა-მეთქი. რომ მეტყვის, ეტყობაო, ვაგრძელებ ხატვას… მერე მეორე ფერს გადავატარებ და ასე“.
2012 წლიდან არის საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანების წევრი. ჩვენი სტატიის მთავარი გმირის ნამუშევრების გამოფენები გაიმართა: TMS გალერეაში, მხატვართა კავშირის გალერეაში, 88-ე საჯარო სკოლაში, მხატვართა კავშირის გალერეაში, საქართველოს ხელოვნების მუზეუმში და საქართველოში აშშ-ის საელჩოში.
„თვალით და გონებით დანახული სამყარო“, _ ასე ერქვა გიორგი ქობელაშვილის პირველ პერსონალურ გამოფენას, რომელსაც „თიბისი გალერეა“ მასპინძლობდა.
ექსპოზიციაზე მხატვრის მიერ შექმნილი 70-ზე მეტი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. კერძოდ, ნამუშევრები, რომლებიც გიორგი ქობელაშვილმა 2001 წლამდე, მხედველობის დაკარგვამდე და მას შემდეგ შექმნა.
უსინათლო მხატვრის შემოქმედება პორტრეტის, ნატურმორტისა და პეიზაჟის ჟანრშია შესრულებული. ხატვის საკუთარი მეთოდით შექმნილი ნამუშევრები ექსპრესიულობითა და ფერების სიმრავლით გამოირჩევა. მისთვის განსაკუთრებულად საყვარელია ძველი თბილისის თემა. სწორედ ამიტომ ამ თემატიკაზე შექმნილ ნამუშევრებს მის შემოქმედებაში საკმაოდ დიდი ნაწილი უკავია.
მხედველობის დაკარგვის მიუხედავად, გიორგი ქობელაშვილი დღემდე სხვადასხვა ჟანრში, მათ შორის, გრაფიკაში მუშაობს, რაც განსაკუთრებულ სიზუსტესა და პროფესიონალიზმს მოითხოვს. ის აქტიურად მონაწილეობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო გამოფენებში.
აქვს გამორჩეული ნამუშევრებიც. განსაკუთრებით უყვარს დონ კიხოტის პორტრეტი _ ამოკაწრული. „რატომღაც, მინდა, სულ პორტრეტები ვხატო“, _ გვითხრა გიორგიმ.
გიორგი ქობელაშვილი 2017 წლის ორდენოსანი და პრემიის ლაურეატია უსინათლოთა მხატვრობაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის.
მეცხრე კლასში იყო, როდესაც მსახიობ ჯესიკა ლანჯის პორტრეტი დახატა. ბევრი შეთავაზების მიუხედავად, მხატვარმა ჯესიკას ნახატი არ გაყიდა. ეგონა, რომ ეს სფერო უფრო განვითარდებოდა და მხატვრების შრომა დაფასდებოდა, თუმცა ამაოდ…
„ძალიან მომწონდა ეს მსახიობი. ერთ-ერთ ჟურნალში ვნახე მისი ფოტო და გადავწყვიტე, რომ ჯესიკას პორტრეტი დამეხატა. მაშინ მეცხრე კლასში ვიყავი. მქონდა შანსი, რომ გამეყიდა ეს ნახატი, თუმცა არ გავყიდე. დღეს ვნანობ… სამწუხაროდ, მხატვრობა არ განვითარდა. დღეს რომ ფიროსმანი ცოცხალი იყოს, კიდევ კიბის ქვეშ იცხოვრებდა. მისი ნამუშევრები 10-20 მილიონი მაინც უნდა ღირდეს“, _ განაცხადა გიორგი ქობელაშვილმა.

გიორგი საკარული