საქართველოს უცნობი ქრონიკა – 1919 წლის მაისი

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##3-27;29-35.

დამოუკიდებლობის აღნიშვნა

1919 წლის მაისი.
დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ერთი წელი გავიდა. ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად საქართველოს მთავრობამ სამზადისი წინასაწარ დაიწყო. საზეიმო ღონისძიებასთან დაკავშირებული პირველი ცნობები პერიოდულ გამოცემებში, ჯერ კიდევ, აპრილში გამოჩნდა. მაისის დასაწყისში კი გაზეთ „საქართველოში“ უკვე კონკრეტული ინფორმაცია გამოქვეყნდა, რომელიც დამოუკიდებლობის აღნიშვნის დეტალებს ეხებოდა. როგორც ირკვევა, დამფუძნებელი კრების საფინანსო და საბიუჯეტო კომისიამ 26 მაისის შესაბამის დონეზე მოსაწყობად, 100 ათასი მანეთი გამოყო. 8 მაისის ნომერში დაბეჭდილი ცნობის მიხედვით, კომპოზიტორ კოტე ფოცხვერიშვილს განათლების სამინისტრომ უფლება მისცა თბილისის საშუალო სკოლების მოსწავლეთა გუნდი შეექმნა, რომელსაც ზეიმზე სპეციალურად შესწავლილი სიმღერები უნდა შეესრულებინა. უპირველეს ყოვლისა გუნდს საქართველოს ეროვნული ჰიმნის _ „დიდების“ შესწავლა-დამუშავება ევალებოდა.
14 მაისის ნომრიდან ირკვევა, რომ მთავრობა 26 მაისს საგანგებო გაზეთის გამოცემას გეგმავდა და ამ საქმეში ლიტერატორთა დახმარებას ითხოვდა. მეორე დღეს, 15 მაისის გაზეთ „საქართველოში“უკვე ვრცელ წერილს ვხვდებით, სადაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების პროგრამაა აღწერილი. სტატიის ავტორი მოსახლეობას მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთოს ამ ღირშესანიშნავი თარიღის აღნიშვნაში და საკუთარი ინიციატივით გაამდიდროს მთავრობის მიერ დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიება: „ხელოვნების კომისიას, არც სხვა რაიმე ოფიციალურ დაწესებულებას არ ძალუძს ისეთი დღესასწაულის შექმნა, სადაც მთელი ერის ფანტაზიისა და გრძნობიერების ამოძრავებაა საჭირო. ხელოვნების კომისია დარწმუნებული არის, რომ როგორც თბილისსა, ისევე პროვინციაში ერობანი, თვითმმართველობანი და კულტურული საზოგადოებანი თვითმოქმედებას გამოიჩენენ და დღესასწაულს ხელმძღვანელობას გაუწევენ, ამიტომ ხელოვნების კომისიის მიერ შემუშავებულ პროგრამას უნდა შევხედოთ როგორც უბრალო სქემას, რომელმაც თვით დედაქალაქში ახალი ფერადები უნდა შეიძინოს, ხოლო პროვინციაში შეიძლება სრულიად ახალი სახე მიიღოს“.
შემდეგ სტატიაში დეტალურად არის მოთხრობილი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც ერევნის მოედანზე დაიწყებოდა და ქალაქგარეთ ვაკის სტადიონზე დასრულდებოდა: „ხელოვნების კომისიის განზრახვით სანახაობისათვის იქნება ერთი ცენტრალური ადგილი, რომელმაც ხალხის მთავარი ყურადღება უნდა მიიპყროს. ეს იქნება გაშლილი სარბიელი ანუ სტადიონი ვაკეზე (სემინარიის გვერდით), რომელსაც ასი საჟენი სიგრძე და 50 საჟენი სიგანე ექნება. გარდა სავარჯიშო ასპარეზისა ეს სარბიელი შეიცავს ამაღლებულ ადგილს, სადაც გუნდი და ორკესტრი ეროვნულ ჰიმნსა, ქართველ კომპოზიტორების ნაწარმოებებსა და ხალხურ სიმღერებს შეასრულებს: შემდეგ მუსიკის აკომპანიმენტით გაიმართება ტანვარჯიშობა და შეჯიბრება (გაქცევა, ჭიდაობა და სხვ.), რომელშიც დაახლოვებით 200 კაცი მიიღებს მონაწილეობას; მონაწილეები ფერად ტანსაცმელში იქნებიან გამოწყობილნი. გამარჯვებულები ჯილდოთ მიიღებენ დაფნის და ზეთის ხილის გვირგვინებს. მაყურებელთათვის შემოფარგლული იქნება ამფითეატრისებური ფერდობი.
როგორც მონაწილეები ისე მაყურებლები დილით განსაზღვრულ საათისთვის თავს მოიყრიან წინასწარ დანიშნულ პუნქტებში, რათა აქედან მწყობრი პროცესიებით გაემგზავრებიან ცენტრალურ ადგილისაკენ. მთავარი კორტეჟი ერევნის მოედნიდან დაიწყება და გოლოვინის პროსპექტით გაემართება. კორტეჟს წინ გაუძღვება ორკესტრი, შემდეგ ყვავილებით შემკობილ ავტომობილზე ან ეტლზე იქნება მეთაური სიმბოლიური ფიგურა, ახალგზარდა ქალი, ფრიგიული გუდითა და ანთებულ ლამპარით, რომელიც რევოლიუციის გამარჯვებას გამოჰხატავს. მეორე ჯგუფი წარმოადგენს შუბითა და ფარით აღჭურვილ ქალს და გვარდიელსა და ჯარისკაცს, დაფნის გვირგვინით შემკობილს და საომარ ატრიბუტებით გარემოცულს. ეს იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლო. მას მიჰყვება პროვინციულ ტანსაცმელში გამოწყობილი, ცხენოსან ვაჟკაცების კავალკადა, რაიცა საქართველოს გაერთიანებას და პროვინციების თანხმობას გამოჰხატავს. სიმბოლიური ფიგურების კორტეჟი დამთავრდება თეთრსამოსიანი ახალგაზრდა ქალების ჯგუფით, რომელიც ყვავილების გირლიანდებითა, ხილის კალათებითა და სურებით მუდმივი განახლებისა და ნაყოფიერების იდეას განასახიერებენ. მათ მოჰყვებიან პროფესიონალურ კავშირებისა და ამქრების წარმომადგენლები, რომელნიც დროშებითა და ხელობის შესაფერი ხელსაწყოებით იქნებიან აღჭურვილნი“.
სტატიის ავტორი იტყობინება, რომ ხელოვნების კომისია თბილისელებს მოუწოდებდა, დამოუკიდებლობის დღეს აივნები და კედლები ლამაზი ყვავილებითა და ხალიჩებით მოერთოთ, ხოლო თბილისის ახლომდებარე სოფლების მცხოვრებლებს ქალაქში გასაყიდად ათასგვარი სანოვაგის ჩამოტანას ურჩევდა. გარდა ამისა, წერილიდან ვიგებთ, რომ საღამოს ქალაქი გაჩირაღდნებული იქნებოდა სპეციალური სანათებით.
გაზეთ „საქართველოს“ 1919 წლის 26 მაისის გამოცემის თითქმის მთელი ნომერი დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება. პირველ გვერდზე დაბეჭდილია საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, დეტალურად არის აღწერილი საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები, მოცემულია ქვეყნის მთავრობის ფოტოსურათი.
მეორე გვერდზე გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სახელწოდებით „ეროვნული დღეობა“, სადაც წერილის ავტორი გიორგი გვაზავა ამაღლებულ სიტყვებს არ იშურებს დამოუკიდებლობის მნიშვნელობის ხაზგასასმელად. ამონარიდი წერილიდან: „26 მაისი სამუდამოდ დარჩება ეროვნულ დღესასწაულად. ეს ისეთი თარიღია, რომლის საიდუმლო და სიცოცხლისმყოფელი ელვარება არ შეწყდება არასოდეს. შეიძლება იმას შევადაროთ ისეთი ისტორიული მომენტები, როგორიც იყო ქრისტიანობის გამოცხადება სახელმწიფო რჯულად, თბილისის დაარსება მეფე გორგასლანის მიერ, არაბების განდევნა საქართველოდან მეფე დავით აღმაშენებლის დროს და ზოგი სხვა, რომლით სავსეა ჩვენი წარსული ისტორია. ირაკლი მეფის რუსეთთან ხელშეკრულებაც არ არის მოკლებული თავისებურ იდეიურ ძალას. მაგრამ 26 მაისი მაინც შეუდარებლად უფრო ძვირია, უფრო მდიდარი შინაარსით და უფრო ძლიერი თავის მომავალი ზედგავლენით საქართველოს ცხოვრებაზე“.
ორი დღის შემდეგ გაზეთი „საქართველო“ მკითხველს უკვე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების სრულ ანგარიშს სთვაზობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მიმოხილვა საკმაოდ ვრცელია, იგი იმდენად საინტერესოა, რომ მას უცვლელად და შემოკლების გარეშე გთავაზობთ:
„თბილისმა ზეიმი დილა-ადრიან დაიწყო. ყველა სახლები და დაწესებულებანი მორთულნი იყვნენ ეროვნული დროშებით და ქუჩაში გამოსავალი აივნები ნოხებით და მრავალი ფერადებით. დილის 7 საათიდან ქალაქის ყოველი კუთხიდან ხალხმა რუსთაველის ქუჩით თავისუფლების მოედნისაკენ იწყო დენა. მოედანზედ ყოველი კუთხე საგანგებოდ იყო მორთული და ქალაქის თვითმართველობა გირლიანდებში გამწვანილებული, რომლის შუა გულში მოსჩანდა საქართველოს სახელმწიფო ღერბი. რუსთაველის ქუჩას ორივე მხარეზე გამწკრივებული იყო სტუდენტობა და ახალგაზრდობა. დამფუძნებელი კრების სასახლის თავზედ ფრიალებდა დიდი ეროვნული დროშა და ღერბი.

ჯარების პარადი

8 საათისთვის ჯარის ნაწილები გაემართნენ სამხედრო ტაძრისაკენ; ჯარი თავის ჩაცმულობით და წეს რიგით შესანიშნავ შთაბეჭდილებას სტოვებდა, განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობდა კაპიტან მახარაძის ნაწილი და პადპ. ირაკლი ცაგურიისა სამთო ცხენოსანი არტილერია. 10 საათზედ ტაძარში შეიკრიბნენ მთავრობის, დამფუძნებელი კრების და უცხო სახელმწიფოთა წარმომადგენელნი. პარადი მიიღო მთავრობის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ, ამის შემდეგ უცხო სახელმწიფოთა წარმომადგენლებმა მიულოცეს მას ბრწყინვალე დღესასწაული.
თავისუფლების მოედანზედ
სამხედრო ტაძრიდან, მთავრობა და უცხო სახელმწიფოთა წარმომადგენლები საგანგებოთ მორთულ ეტლებით გაემართნენ თავისუფლების მოედანზედ. აქ თავი მოეყარათ თბილისის ამქრებს, მათის ძველი დროშებით. პროფესიულ კავშირთა წარმომადგენლებს, კოოპერატივთა კავშირის წარმომადგენლებს. გურულებს, მორთულ ეროვნულ ტანთსაცმელებში და ხევსურებს ჩასხმულთ ჯაჭვ-ჯავშან-მუზარადებში, აჭარლებს, მესხეთ-ჯავახეთის წარმომადგენლებს. ახალციხის ქართველ მაჰმადიანთ დელეგაციას და სამეგრელოსა და საქართველოს მრავალ სხვა კუთხეთ წარმომადგენლებს. მათი მისალმების შემდეგ, მთავრობის ექსკორტი გაემართა ვაკეში გამართულ სტადიონისაკენ.

საზეიმო კორტეჟი

შუადღის 12 საათზედ თავისუფლების მოედნიდან ვაკესაკენ დაიძვრა საზეიმო კორტეჟი. კორტეჟს წინ მოუძღოდა ორი გეროლდი, რომელიც საყვირით ხალხს ანიშნებდა პროცესიის სვლას. მრავალრიცხოვანი ხორო კომპოზიტორ ფოცხვერიშვილის ლოტბარობით ასრულებდა „26 მაისის დიდებას“.

რევოლიუციის სიმბოლო

პირველი ავტომობილი გამოხატავდა სიმბოლოს რევოლიუციისას. წითელ, სისხლის ფერ ამაღლებაზედ სჩანდა ქალი, მორთული წითელ ტანსაცმელში, რკინის მუზარადით და ანთებულ ჩირაღდნით ხელში. მის გვერდით მუშა დაჭიმულ ძარღვებით კვერთს ურტყამდა გრდემლს. სურათი შესრულებული იყო მხატვარ მოსე თოიძის ესკიზით, ავტორის მიერ.

დამოუკიდებლობის სიმბოლო

მეორე სურათი, შესრულებული მხატვარ შალვა ქიქოძის მიერ იყო სიმბოლო საქართველოს დამოუკიდებლობისა. ქართულ ფერებით მორთულ ავტომობილის ამაღლებაზედ იდგა ქალი ცისფერ ქართულ ტანთსაცმელში, შუბით და ხელში ფარით, თეთრი გიორგის ნიშნით. მის დაბლა ქალს გარს არტყავდნენ ლამაზი ასულნი, საქართველოს სხვა და სხვა კუთხის ტანთსაცმელებში, ნიშნათ ყოველი კუთხის ერთობისა ერთიან საქართველოს გარშემო. ხორო უგალობდა სურათს 26 მაისის საგალობელს, ხოლო უკან სდევდა ვაჟთა კავალკადა, შესანიშნავ ცხენებზედ, ყოველი კუთხის ტანსაცმელებში.

გაზაფხულის სიმბოლო

მესამე ავტომობილი, სიმბოლო გაზაფხულის და ნაყოფიერების მორთული იყო მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძის მიერ მწვანილისა და ხეხილის ხონჩა-თაბახები, მოსჩანდა ქალი, ამწვანებულ ქართულ ტანთსაცმელში, გარშემორტყმული შინდის ფერ ტუნიკებში მორთულ ლამაზ ასულებით.
ავტომობილების შემდეგ ქართველი შევარდნები სავარჯიშო საცმელებში თავისი დროშით, შესანიშნავი დანახულობით მიდიოდნენ. მათ მოყვებოდენ დამფუძნებელი კრების წევრები და კორტეჟი სრულდებოდა ხევსურებით. პროცესიამ გაიარა დამფუძნებელი კრების ხეივანი, გაიარა საგანგებოდ აშენებული არკა და რუსთაველის ქუჩით გაემართა სტადიონისაკენ.

სტადიონზედ

სასულიერო სემინარიის გასწვრივ მარცხნივ მხარეს, დაცემულ ადგილზედ, მოწყობილი იყო სტადიონი. აქ განზრახული იყო შევარდენთა შეჯიბრება. ფერდობზედ გაშენებულ კარვებში მოთავსდნენ მთავრობა, დამფუძნებელი კრების წევრნი და უცხო სახელმწიფოთა წარმომადგენლები. ორივე მხარეს მთის ფერდობებში მოქცეულ მინდვრებში მოქცეული ხალხი მოუთმენლად ელოდა შეჯიბრის დაწყებას. 2 საათისათვის პროცესიამ მიაღწია სტადიონს. ფოცხვერაშვილის ხორომ შეასრულა 2 სიმღერა.

შევარდნები

200 ვაჟკაცმა 60 ქალმა და 150 ბავშვმა მწყობრათ დარაზმულებმა გიმნასტიკური ნაბიჯით გაიარეს მთელი სტადიონი. ბავშვების ჯგუფი წითელ ხალათებში პლაცზე დარჩა და სავარჯიშოთ გაიშალა და მოევლინა შესანიშნავ სანახაობად აყვავილდა ყაყაჩოს ფერებით. ბავშვებმა შეასრულეს სამი თავისუფალი ვარჯიში და ოთხ მწკრივათ დაშლილებმა სიარულით გამოხატეს სიტყვა „შევარდენი“.
ბავშვები შეიცვალენ მოზრდილ შევარდენთა ჯგუფით. ჭრელი ტანისამოსი და დამწვარი პირსახე, მზის მჭრელ სხივებზე აელვარებული ძველ ბერძნულ სანახაობას ემზგავსებოდა. მათზე ნაკლები მომხიბვლელი არ იყო ქალების ვარჯიშობა. უნდა მომხდარიყო „შევარდენთა“ შეჯიბრება, მაგრამ წვიმამ შეუშალა და საუკეთესო სურათი შევარდენთა დღესასწაულის შეუსრულებელი დარჩა. ვარჯიშობის შემდეგ ხევსურთა ფარიკაობა გაიმართა და მთელი ზეიმი სტადიონზე ბურთაობით დასრულდა. ნაშუადღევის 4 საათზედ წვიმის გამო, განზრახულ დროზე უფრო ადრე საზოგადოებამ დაშლა დაიწყო.

საღამოს

საღამოს მთელი ქალაქი ანთებული იყო ფერადი სანთლებით და ჰაერში მოფრინავი ჰაეროპლანები შუშხუნებს უშვებდნენ. ქუჩები სავსე იყო მოდღესასწაულო ხალხით.“

დიდი ბრიტანეთი და იტალია

1919 წლის მაისში საქართველოში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარება იცვლებოდა. დიდმა ბრიტანეთმა კავკასიიდან საკუთარი შეირაღებული ნაწილების გაყვანის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. შევეცდებით, მოკლედ აღვწეროთ, თუ რით იყო გამოიწვეული ბრიტანელთა ასეთი გადაწყვეტილება და რატომ ტოვებდნენ ისინი ჩვენს რეგიონს:
მისი უდიდებულესობის მთავრობა კავკასიის საკითხს ძირითადად რუსული პოლიტიკის ჭრილში განიხილავდა და საკუთარ პოზიციას რუსეთში მიმდინარე სამოქალაქო ომის შესაბამისად ცვლიდა. ბრიტანეთი ბოლშევიკური ხელისუფლების დამხობის წინააღმდეგი სულაც არ იყო, მაგრამ ისიც არ სურდა, რომ კომუნისტების დამარცხებაში განუზომელი რესურსი დაეხარჯა. ბრიტანელები თეთრ მოძრაობას უჭერდნენ მხარს და ცდილობდნენ, რუსული ბოლშევიზმი, რუსების ხელითვე მოეგუდათ. ისინი აიარაღებდნენ და აფინანსებდნენ თეთრ მოძრაობას. მაგრამ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლოიდ-ჯორჯი, საჭიროების შემთხვევაში, ლენინის მთავრობასთან ურთიერთობასაც არ გამორიცხავდა.
კავკასიის თავისუფლებას ლონდონში ეჭვით უყურებდნენ და მიაჩნდათ, რომ რეგიონის დამოუკიდებლობით, ბრიტანეთი სარგებელზე მეტად, ზედმეტ თავის ტკივილს მიიღებდა. სხვანაირად რომ ვთქვათ, ბრიტანეთს ხანგრძლივი ომის შემდეგ იმპერიის ფეხზე დაყენება და ეკონომიკური ვითარების გამოსწორება უფრო ადარდებდა, ვიდრე კავკასიის დამოუკიდებლობა.
საბოლოოდ, 1919 წლის გაზაფხულზე, მისი უდიდებულესობის ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ კავკასია არ შედიოდა ბრიტანეთის პრიორიტეტული ინტერესების სფეროში და ამ რეგიონიდან ჯარის გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის აზრით, შექმნილ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალი რომელიმე მოკავშირე სახელმწიფოს მიერ კავკასიაში ბრიტანული არმიის ჩანაცვლება იქნებოდა. ასეთ შემთხვევაში ბრიტანეთი რეგიონზე ხელს დაიბანდა და შორეულ ქვეყნებში ჯარის შენახვის ხარჯებსაც შეამცირებდა. თუმცა ომისგან დაღლილ, ეკონომიკურად გაჩანაგებულ მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა უმეტესობას კავკასიის სახით დამატებითი ბარგის აკიდება სულაც არ ხიბლავდა. ამ წინადადებით მაშინ მხოლოდ იტალია დაინტერესდა, რომლის მთავრობამაც, გარკვეული ყოყმანის შემდეგ, კავკასიაში მდგომარეობის შესასწავლად, 1919 წლის მაისში, საგანგებო სამხედრო მისია მიავლინა.
პირველი ოფიციალური ინფორმაცია ბრიტანელთა საქართველოდან გასვლის შესახებ გაზეთ „საქართველოში“ 13 მაისს გამოქვეყნდა: „შაბათს 10 მაისს საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ გენერალ ტომსონისგან დეპეშა მიიღო, რომ ბრიტანიის ჯარი სტოვებს ამიერ-კავკასიას და მათ მაგიერ მოვლენ იტალიელთა ჯარები და რომ თვით ტომსონი ინგლისში მიემგზავრება, მის მაგიერ გენერალი კიორი დაინიშნება“.
17 მაისს კი ბრიტანელთა ევაკუაციის შესახებ გაზეთი უკვე კონკრეტულ ცნობას აქვეყნებს, საიდანაც ვიგებთ, რომ ბრიტანელებს თბილისიდან, პირველ რიგში, 1914-1915 წლებში გაწვეულ ჯარისკაცები გაჰყავთ, რომლებიც ინგლისში მიემგზავრებოდნენ. ხოლო რაც შეეხება 1916-17-18 წლებში გაწვეულებს, მათ სამშობლოს ნაცვლად ეგვიპტეში მიავლენდნენ.
ბრიტანელთა საქართველოში ყოფნას გაზეთი „საქართველო“ ერთმნიშვნელოვნად არ აფასებს. შეიძლება ითქვას, რომ გაზეთი, ისევე როგორც იმდროინდელი ქართული საზოგადოება, ბრიტანელთა მოქმედებით დაბნეულ და გაურკვეველ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ერთი მხრივ, ბრიტანელები საქართველოს მთავრობის საქმეში არ ერეოდნენ, ქვეყნის ოკუპაციისკენ არ ესწრაფოდნენ და სიტყვით საქართველოს დამოუკიდებლობას მხარს უჭერდნენ. მაგრამ, რეალურად, დიდი ბრიტანეთი საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას არ აპირებდა და უფრო მეტად რუსეთის თეთრი მოძრაობის წარმატებით იყო დაინტერესებული. სხვანაირად რომ ვთქვათ, დიდი ბრიტანეთისთვის საქართველო სახელმწიფო კი არა, რუსეთის მიერ დროებით მიტოვებული უკონტროლო ტერიტორია უფრო იყო. ბრიტანელთა მიმართ ქართული საზოგადოების განწყობას კარგად გამოხატავს გაზეთ „საქართველოს“ 13 მაისის ნომერში გამოქვეყნებული წერილი, რომელსაც სათაურიც შესაბამისი აქვს: „მიდი-მოდიან“: „უტყუარი ცნობით, ინგლისის ჯარი და მისსია ბარგს ჰკრავს და მიემგზავრება. ამის ნამდვილი მიზეზი ჯერ არ ვიცით და არც მისი ოფიციალური მოტივები მოგვისმენია… შვიდი თვეა, რაც ინგლისი ამიერკავკასიაში და უმთავრესად საქართველოში ეწყობოდა. დიდ-ძალი ჯარი ჩამოიყვანა აუარებელი თოფ-ზარბაზნით და ამუნიციით. სულ უკანასკნელ დღემდე, ახალ ახალი ძალა ემატებოდა აქ მოსულებს. ყველაფერი ისეთ შთაბეჭდილებას სტოვებდა, – რომ ინგლისი აქ მკვიდრად იდგამდა ფესვებს და სერიოზულ მოქმედებისთვის ემზადებოდა. ამირ-კავკასიის დამოუკიდებელ სახელმწიფოებისადმი ამ ბოლო დროს ახდილი შეურიგებლობა გამოამჟღავნა. უფრო გარკვევით შეუდგა ინგლისის წარმომადგენლობა თავის ფაქტიურ და იურიდიულ მდგომარეობის ჩამოყალიბებას. ამ მიმართულებით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზედ და ბათომის მხარეში პროკლამაციებიც კი გამოაკვრევინა. მთელი რიგი მართლაც შეუწყნარებელი ფაქტებით საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობა გაამწვავა.
შეიქმნა ისეთი ფსიხოლოგიური მდგომარეობა მთელს ამიერ-კავკასიაში, რომ ყველა მოელოდა მეხის გავარდნას. ამ დროს სიმი სწყდება და ოფიცილაური ცნობა მოდის, რომ ინგლისი საქართველოს და ამიერკავკასიას სტოვებს. მის სამაგიეროდ იტალია ჩამოდის. რა იცვლება ჩვენთვის ამ ფაქტით?..
რა რწმენითაც აქ შევეგებეთ ინგლისს, იმ რწმენითაც შევხვდებით მის გამგზავრებას; ეს რწმენაა, რომ ინგლისი საქართველოს დამოუკიდებლობას დასტურს დასცემს და რუსეთს სამუდამოთ გზას შუკრავს კავკასიონის ქედს გადმოღმა, – რასაც თვით ინგლისის ძირითადი საიმპერიო პოლიტიკაც მოითხოვს. ამავე გრძნობით და რწმენით ვეგებებით იტალიასაც. იტალია ვერ უმტყუნებს ვერც ანტანტის სახით მიღებულ დავალებას პატარა ეროვნებათა მიმართ და ვერც თავის დიდებულ ტრადიციას ეროვნულ თავისუფლების კულტისა და აღდგენის საქმეში.“
ამავე 13 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია შესაბამისი ინფორმაცია, საქართველოში იტალიის სამხედრო მისიის ჩამოსვლის შესახებ. როგორც გაზეთშია აღნიშნული პოლკოვნიკ გაბას ხელმძღვანელობით იტალიური მისია თბილისს 12 მაისს ეწვია. სარკინიგზო სადგურშიიტალიელებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი, მისი მოადგილე კონსტანტინე საბახტარიშვილი, სამხედრო მინისტრის მოადგილე გენერალი გედევანიშვილი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ. როგორც გაზეთი აღწერს, ურთიერთმისალმების შემდეგ, იტალიური მისიის მეთაურმა პოლკოვნიკმა გაბამ და აგრეთვე ამ მისიის წევრმა სავოის პრინცმა გეგეჭკორთან ერთად საპატიო ყარაული დაათვალიერა და შემდეგ სტუმრები მათთვის განკუთვნილ რეზიდენციაში გაემგზავრნენ. „საქართველოს“ ცნობით მისიის შემადგენლობაში 19 ოფიცერი და 50-მდე ჯარისკაცი ირიცხებოდა.
გაზეთი „საქართველო“ 14 მაისის ნომერში ზოგადად მიმოიხილავს იტალიელთა მიზნებს კავკასიაში და აღნიშნავს, რომ იტალიელთა მისია ჩვენს რეგიონში ჯერჯერობით მხოლოდ გაცნობითი ხასიათის ვიზიტით იმყოფებოდა: „იტალიის მისიას მეთაურობს პოლკოვნიკი გაბა. მისიის შტაბს უფროსობს პოლკოვნიკი მიკელი. მისია შესდგება 18 კაცისგან და ყოველი მათგანი სპეციალისტია სხვა და სხვა საკითხებში… როგორც მისიის წევრთა სიტყვებიდან სჩანს, მათს მიზანს შეადგენს მხოლოდ ამიერ-კავკასიის პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის გამორკვევა და შესწავლა. არავითარი ჩარევა ამიერ-კავკასიის სახელმწიფოთა შინაურ საქმეებში მათს განზრახვაში არ შედის. მისია აღჭურვილია მრავალი საშუალებებით და მცოდნე პირებით ადგილობრივი პირობების შესწავლისათვის და სურვილი აქვთ თავიანთი მუშაობა გასწიონ, საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის მთავრობებთან სრულის თანხმობით.
ჩვენის თანამშრომლის მიერ მიღებული ცნობებით, იტალიას გაზრახვა აქვს ფართო ეკონომიკური მუშაობა გააჩაღოს ჩვენში მომავლისათვის და ამ ჟამად მოსული მისიის ერთ-ერთი მიზანია, გამოარკვიოს ეს პირობები, დაამყაროს კავშირი აქაურ მთავრობასთან მომავალი საეკონომიო ურთიერთობისათვის. ამავე მიზნით მისიის წარმომადგენლები გაემგზავრებიან აზერბაიჯანში და სომხეთში.“

კრიმინალი
კვლავ მძიმე რჩება საქართველოში კრიმინალური ვითარება. რა შემთხვევას არ წააწყდებით 1919 წლის მაისის გაზეთებში. 8 მაისის ნომერში კრიმინალური ქრონიკის ზოლში გაზეთი „საქართველო“ მკითხველს აუწყებს, რომ თბილისში პოეტები გაძარცვეს: „გუნიბისა და მატინოვის ქუჩით მიმავალ ლელი ჯაფარიძეს და ტიციან ტაბიძეს თავს დაესხენ ოთხი შეიარაღებული მძარცველი. მძარცველებმა ლელი ჯაფარიძეს გახადეს პალტო და წაიღეს ოქროს საათი და 950 მანეთი ფული.
როცა ერთმა თავდამსხმელთაგანმა იცნო პოეტები, მოსთხოვა სხვებს თავის დანებება, მაგრამ პირველმა ყაჩაღმა მოასწრო წაღება ნაძარცვის და გაქცევა. მძარცველები შეიარაღებულნი იყვნენ ნაგანის რევოლვერებით და ერთს ეცვა მილიციონერის ფორმა.“
კომიკური შემთხვევა მოხდა 5 მაისს. მილიციელთა ფორმაში გამოწყობილმა ორმა მძარცველმა საღამოს 11 საათზე ქუჩაში გააჩერა ცნობილი მასწავლებელი და მწერალი თედო სახოკია. მას ფული მოსთხოვეს, მაგრამ პედაგოგმა განაცხადა, რომ ფული არ ჰქონდა. მაშინ ყაჩაღებმა ჯიბეები ამოუტრიალეს და სახოკია საგულდაგულოდ გაჩხრიკეს. უპოვეს ჯიბის საათი, მაგრამ არ წაართვეს, რადგან იგი უბრალო თუჯისგან იყო დამზადებული და ფასეულობას არ წარმოადგენდა. როდესაც დარწმუნდნენ, რომ მასწავლებელს ფული მართლა არ ჰქონდა, ერთ-ერთმა მძარცველმა სახოკიას უსაყვედურა: „არ გრცხვენია, ამხელა მასწავლებელი კაცი უფულოდ რომ დაიარებიო.“
14 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია ცნობა, საიდანაც ვიგებთ, რომ თბილისში ცნობილი სომეხი ვაჭარი მიქაელ არამიანცი გაიტაცეს: „12 მაისს საღამოს 8 საათზე ცნობილ მილიონერ არამიანცს, როდესაც ის მიუახლოვდა სერგიევისა და ლერმონტოვის ქუჩის კუთხეს, თავს დაესხნენ 3 შეიარაღებული პირნი, დაიჭირეს ის ჩაითრიეს იქვე გაჩერებულ ავტომობილში და გაიტაცეს. ეს მოხდა ისე სწრაფად, რომ იქ დამსწრეებმა ვერც კი მოასწრეს მილიციელების დაძახება. ეს ამბავი აცნობეს მილიციას, რომელმაც სასწრაფო ზომები მიიღო და აღმოაჩინა ავტომობილის შოფერი, რომელიც დაიჭირეს. შოფერი უარჰყოფს გატაცებაში მონაწილეობას.“
მეორე დღეს გაზეთი გატაცების თემას აგრძელებს და გვაუწყებს, რომ ქალაქის მილიციამ, დაკავებული მძღოლის ჩვენების საფუძველზე, 12 მაისის ღამეს ნაძალადევის რაიონი გაჩხრიკა, რომლის დროსაც რამდენიმე საეჭვო პირი დააკავა. ხოლო 14 მაისს გამტაცებლებმა არამიანცი უვნებლად გამოუშვეს. რა პირობით გაუშვეს ყაჩაღებმა არამიანცი და გადაიხადა თუ არა მან გამოსასყიდი, ამის შესახებ გაზეთი არაფერს იუწყება.

მიხეილ ბასილაძე