კანონით შეფუთული კორუფცია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს“ ინფორმაციით, კორუფციასა და თაღლითობაში მხილებული პირები სახელმწიფო შესყიდვებში მაინც მონაწილეობენ. მეტიც: საკმაოდ წარმატებითაც, _ ბევრი მათგანი იმარჯვებს. სხვა ქვეყნების პრაქტიკისგან განსხვავებით, ჩვენს ქვეყანაში ამ პირების მიმართ მკაცრი ზომები შემუშავებული არ არის და მათ კვლავ ეძლევათ შანსი, წარმატებისა და გამარჯვებისთვის კორუფციას მიმართონ.
მინიმალური შეზღუდვების კვალდაკვალ, არაკეთილსინდისიერი კომპანიები ახერხებს, არსებული გარემოებები საკუთარი კეთილდღეობისთვის გამოიყენოს და სამართლიან გზაზე მდგარი კომპანიები და პიროვნებები საკუთარ მიზნებს მოარგოს.

„ქრონიკა+“-თან აღნიშნულ საკითხს იურისტი ვალერი გელბახიანი აფასებს:
_ რა მიგაჩნიათ ამ პრობლემის პრევენციის გზებად?
_ ჯერჯერობით, მხოლოდ რამდენიმე შემაკავებელი სამართლებრივი მექანიზმი არსებობს: ერთი, რომ თუ პირი ნასამართლევია რაიმე თაღლითური, ან თანამდებობრივი დანაშაულისთვის, ასეთ შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია, აუკრძალოს მას რამდენიმე წლით პროფესიული (პროფილური) საქმიანობის გახორციელება. ასეთი შეზღუდვა, შესაძლოა, გრძელდებოდეს ხუთ წელს, შესაძლოა _ სამ წელს, მაგრამ _ არანაკლებ. გარდა ამისა, არსებობს ასევე თვითონ სახელმწიფო ორგანოებისთვის სარეგლამენტო ნორმატიული აქტები, სადაც ყველგან, თითქმის ყველა სამინისტროს დებულებასა და ინსტრუქციებში მითითებულია, რომ სატენდერო კომისიებში მონაწილე პირები, თუკი ისინი შემჩნეულნი არიან ადრე რაიმე სახის მაქინაციებში ან წარმოდგენილი აქვს მას რაიმე ისეთი დოკუმენტი, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს, ასეთ შემთხვევაში ისინი ხვდებიან „შავ სიაში“.
ეს ორი რეალური მექანიზმი არსებობს, რომელსაც აკისრია შემაკავებელი ფუნქციის შესრულება სწორედ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მხილებული არიან კორუფციაში და კვლავ მონაწილეობენ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში. ხშირია ისეთი შემთხვევა, როდესაც სწორედ ეს ადამიანები ხდებიან კონკრეტული ტენდერების გამარჯვებულები.
მესამე და ყველაზე მთავარი: არსებობს ორგანული კანონი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ, სადაც არის ჩამონათვალი იმისა, თუ ვინ მიიჩნევა ოჯახის წევრებსა და ახლობლებში. შეიძლება, თვითონ ტენდერის მონაწილე პირის მიმართ არ არსებობდეს კომპრომატი, მაგრამ მის ახლობელს, ნათესავს, უახლოეს ადამიანს თუ აქვს წარსულში რაიმე სახის მხილება კორუფციაში და თუ ამ ადამიანს აქვს რაიმე კავშირი ამა თუ იმ სამეწარმეო საქმიანობისა ამ პირთან, ასეთ შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტია და, რაც კორუფციის ნიშანს წარმოადგენს. კორუფციის ნიშანი არის ის, რომ ეს ორი წრე იკვეთება _ ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს ნიშანი, რომ არსებობს კორუფციის საფრთხე.
_ ამ მხრივ რა ცვლილებებია საჭირო საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობაში?
_ ზოგადად, ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლებაში გამარჯვებული პოლიტიკური ძალები თავიანთ საკუთარ ინტერესებს უქვემდებარებენ საბიუჯეტო თანხების ხარჯვას. მათთვის ფულის შოვნის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი გახლავთ სატენდერო კომისიებში, სატენდერო პროცედურებში არა მხოლოდ მონაწილეობის მიღება, არამედ _ საკუთარი ახლობლების მონაწილეობის მეშვეობით თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლები ლობირებენ და ისინი იმარჯვებენ შესაბამის ტენდერებში. ეს არის კორუფცია. ეს ისჯება სისხლის სამართლის კანონმდებლობითაც და, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში, უსაფუძვლო გამდიდრების წყაროც ხდება, ვინაიდან სახელმწიფო თანხებს დაუმსახურებლად ითვისებენ.
მეორე კომბინაციური ნიშანი, რომელიც თან ახლავს პროცესს: როდესაც კომპანია იგებს ტენდერს, ის შემდეგ პოულობს ქვეკონტრაქტორებს. თვითონ არ კარგავს დროს და სხვადასხვა ქვეკონტრაქტორთან დებს ხელშეკრულებას, რომ მათ შეასრულებინოს ის ვალდებულებები, რომელიც თვითონ აქვს აღებული საკუთარ თავზე. აი, ეს უკვე არის მეორე ნიშანი, რომ კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს საქმე. მონაწილე პირმა მოიგო ტენდერი, შემდეგ ვეღარ ასრულებს საკუთარ მოვალეობას და იძულებული ხდება, რომ სხვებს გაუფორმოს კონტრაქტი, მაგრამ თვითონ ღებულობს მოგებას და სწორედ ეს არის დაუსაბუთებელი შემოსავალი მისთვის, უკანონო შემოსავალი _ გამდიდრების წყარო.
ამიტომ, ფორმალური ნიშნით თუ შევხედავთ, საქართველოს კანონმდებლობაში არც თუ ისე მცირე რაოდენობის ელემენტია კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, მაგრამ რეგულაციურ სამართალში (სატენდერო წესები, პროცედურები…) ეს ამბები, თითქმის, დიველირებულია. არ არის გადმოტანილი ის ამკრძალავი პირობები, რომელიც ხელს უშლის სატენდერო კომისიებში წარსულში კორუფციასა და ნასამართლეობაში მხილებული პირების მონაწილეობას, და ეს არის ხელშეწყობილი სწორედ პოლიტიკური ხელისუფლების მიერ _ თუ ისინი ყველა ამკრძალავ მექანიზმს ჩადებენ, კანონი იქნება ეს თუ _ ინსტრუქცია, ასეთ შემთხვევაში, ტენდერები ვეღარ იქნება ხელმისაწვდომი და ფულს ვეღარ იშოვიან. იშოვიან მხოლოდ დაინტერესებული პირები _ ეს არ აწყობს არც ერთ ხელისუფლებას. არ აწყობთ, რომ სახელმწიფოს ხარჯზე თავისუფალი ბიზნესმენები მდიდრდებოდნენ და შემდეგ ისინი არ იყვნენ ხელისუფლებაზე დამოკიდებულნი.
ურჩევნიათ, რომ თვითონ გამდიდრდნენ და თვითონ აკონტროლონ შესაბამისი პროცესები. ამიტომაც არის ქვეყანაში ძალიან მძიმე სურათი _ მხოლოდ და მხოლოდ, ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ ცხოვრების, დასვენებისა და კომფორტის უმაღლესი პირობები.
_ რატომ არ უშლის სახელმწიფო ხელს მსგავსი ფაქტების არსებობას?
_ თვითონ არის ჩართული და, რა თქმა უნდა, არ შეუშლის ხელს. სურათი აშკარად არის გამოკვეთილი _ ხელისუფლება, ძირითადად, გადართულია ფულის შოვნაზე. მაგრამ ბიუჯეტში პირდაპირ ხომ ვერ ჩაყობ ხელს? გჭირდება რაღაც მექანიზმი, რომ დაიკანონო, ანუ გაითეთრო. იმისთვის, რომ ის გაითეთრო, თვითონ შენ არ უნდა გამოჩნდე იმიტომ, რომ დეკლარანტი ხარ _ ადგენ საკუთარ დეკლარაციას და შემოსავლები უნდა გაასაჯაროვო. თუ ქონება დაგიფიქსირდა, უნდა დაასაბუთო კიდეც ის. ანუ საზოგადოებრივი კონტროლი მთავრობის, პარლამენტისა და, ზოგადად, საჯარო მოხელეების მიმართ, ამ მხრივ, მაღალია. ამიტომ ისინი, ფარული გზებით, ცდილობენ, რომ სწორედ თავიანთი ინტერესები და იდეები განახორციელონ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვაში. ეს არის მათი ახლობლების წრეები. მე ამიტომ ვამბობ, რომ თუ კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტის წინააღმდეგ კანონის გარკვეული მუხლები გადავა სატენდერო პირობებში, რომ კონკრეტულ პირებს ეკრძალებათ ტენდერებში მონაწილეობის მიღება, უკვე ვეღარ ჩაერევიან შესაბამის პროცესებში. სახელმწიფო კი იმიტომ არის დაინტერესებული, არ მოიშალოს კორუფციის ბუდე, რომ თვითონ მონაწილეობს და ამას ცხადყოფს არაერთი ჟურნალისტური გამოძიება. ცხადყოფს არაერთი კადრი და სიუჟეტი, სადაც აშკარად ჩანს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები იშენებენ ფეშენებელურ სახლებს, რომელიც მილიონები ჯდება. შეუძლებელია, რომ ეს კომფორტი მათ სახელფასო შემოსავლებით უზრუნველყონ.
ამიტომ სწორედ აქედან აქვთ მათ შესაბამისი თანხები, რომ თვითონ არიან ჩართულები სწორედ იმ სქემებში, რომელიც იძლევა კორუფციული გარიგებების შესაძლებლობებს.
თავისუფლება ჯარიმის სანაცვლოდ _ სწორია ეს მიდგომა?
_ ეს არის ინდულგენცია. რა თქმა უნდა, სამართალსაც აქვს თეორიული საფუძვლები, როდესაც, კანონის მიღებით, ამყარებენ იმ არასამართლიან მეთოდიკას, რომელიც არ უნდა იყოს კანონის მიღების საფუძველი. ამას სამეცნიერო ლიტერატურაში უწოდებენ სამართლებრივ ნიჰილიზმს. მას ჰყავს თეორიული ავტორებიც, პოზიტიური სამართლის სკოლებიც კი არის შექმნილი. პირობითად, მას კელზენის სახელს უკავშირებენ. კელზენისტური სამართალი ნიშნავს იმას, რომ მე რომ ხელისუფლება ვარ, მთავარია, კანონი მივიღო სწორად (პარლამენტის მეშვეობით, პრეზიდენტის ხელმოწერით) და რა ეწერება ამ კანონში, მნიშვნელობა არ აქვს. ანუ პოზიტივი არის ის, რომ მას აქვს კანონის ფორმა. ამიტომ ჰქვია მას „პოზიტიური სამართალი“, რომელიც ნიჰილისტური სამართალია.
სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს მოცემულობა, _ ახლაც და წინა ხელისუფლების დროსაც, _ როდესაც ხელისუფლება მიმართავს კელზენისტურ მეთოდიკას სამართალშემოქმედებაში და შემოაქვს ნიჰილისტური კანონები, სადაც არ იკითხება მორალი, არ იკითხება ზნეობა და სამართლიანობის მოცემულობა ნულის ტოლია. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ხელისუფლება მოტივირებული არ არის კორუფციული იდეებით, მაშინ ნიჰილისტური კანონმდებლობა არ უნდა მიიღოს. ნორმალური ხელისუფლება იღებს სამართლიან კანონებს, ხოლო გარყვნილი ხელისუფლება, კორუმპირებული ხელისუფლება, იღებს ნიჰილისტურ კანონმდებლობას _ კელზენისტურ, პოზიტიურ კანონმდებლობას. შედეგი კი არის სწორედ ის, რომ მოტივაცია ხდება ფული _ ძალაუფლებას პლუს ფული. ანუ არ არსებობს ძალაუფლება ფულის გარეშე. ეს არის ფორმულა, რომლითაც არსებული ხელისუფლება ხელმძღვანელობს და არა მხოლოდ ჩვენი ხელისუფლება _ ეს არის ძალიან ბევრი ქვეყნის ავადმყოფობა. პირიქითაც ხდება ხოლმე _ ფულს პლუს ძალაუფლება. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილი, ბადრი პატარკაციშვილი _ ჰქონდათ ფული, მაგრამ არ ჰქონდათ ძალაუფლება. ამიტომ ფულს პლუს ძალაუფლება ფორმულა პრაქტიკაში უკვე მუშაობს. როცა გაქვს ძალაუფლება და არ გაქვს ფული, გავლენა არ გაქვს საზოგადოებაზე _ მაგრამ როცა ძალაუფლებას ემატება ფული, ორივე ერთად გაქვს _ გავლენაც და ქონებაც.
_ უცხოური ორგანიზაციები ჩვენს ქვეყანას აძლევს რეკომენდაციებს, რომ კორუფციასთან დაკავშირებული კომპანიებისა და მათი მენეჯმენტის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა უნდა შეიზღუდოს. რა ძირეული განსხვავებებია ჩვენი ქვეყნისა და უცხო ქვეყნების სტანდარტებს შორის?
_ იქ ნებისმიერი დაუსაბუთებელი ქონება ექვემდებარება კონტროლს. დავუშვათ, ადამიანს აქვს ხელფასი 500 ლარი და მან იყიდა სამასლარიანი ნივთი. უკვე ჩნდება კითხვები, _ ის ორასი ლარი, რომელიც მას დანაზოგად მიაჩნია, უნდა წარმოადგინოს, რაში დახარჯა, როგორ ეყო ის მას კომუნალურ და სხვა გადასახადებში. ანუ ხარჯი ექვემდებარება კონტროლს.
სხვა ქვეყნებში, პირველ ყოვლისა, საკრედიტო ურთიერთობებში, ბანკი აკონტროლებს პირს, რა შემოსავლები აქვს მას. ასევე საგადასახადო ინსპექცია აკონტროლებს, რა შემოსავალი აქვს და აკონტროლებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი. ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს ქონებრივი გადასახადი. ზედმეტად არაფერს გაპატიებს. თუ მან ისეთი ქონება შეამჩნია, რომ ერთი თეთრით მაინც აჭარბებს ის ლოგიკურ შემოსავალს, იმაში გბეგრავს მთლიანად. აქედან გამომდინარე, ყველა უფრთხის ბიუროკრატიულ მანქანასთან დაჯახებას _ სახელმწიფოსთან შეჯახებას. ყველაფერი ხდება ლეგალურად და არც პრობლემები ჩნდება.
კორუფცია კი რისგან შედგება? _ ის შედგება არალეგალური პროცედურებისგან. როცა ყველა ნაბიჯი გამჭვირვალეა _ გამჭვირვალობა გულისხმობს ლეგალურობას. ამ ქვეყნებში, კიდევაც რომ იშოვო კორუფციით ფული, ვერ გამოაჩენ, იმდენად კონტროლდება შემოსავლისა და გასავლის ყოველი თეთრი. ბანკშიც რომ შეიტანო, იქაც კი გამოარკვევენ, საიდან გაქვს ეს თანხები.
ფულის გათეთრების წინააღმდეგ არის ევროპული კონვენციები, საერთაშორისო კონვენციები. ნებისმიერი ბანკში 20 000 დოლარზე მეტი ტრანზაქციის გახორციელება იწვევს კონტროლს და აჩენს კითხვებს, _ საიდან და როგორ? საბანკო-საფინანსო სისტემა, საგადასახადო სისტემა და ადგილობრივი მუნიციპალური სისტემა, ერთობლივად, ქმნის მაღალი კონტროლის ისეთ მექანიზმებს, რომელიც კორუფციას გამორიცხავს. მე აღარაფერს ვამბობ მედიაზე. მედიაში ნებისმიერი ინფორმაციის გამოქვეყნება იწვევს გამოძიების დაწყებას. ნორმალურ ქვეყნებში ეს პროცესები არის ავტომატური რეჟიმი. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში თუ საქმე ხელისუფლებას ეხება _ არავინ გამოიძიებს (რაც უნდა მოხდეს). მაგრამ თუ საქმე ეხება ვინმე რიგით ადამიანს, რა თქმა უნდა, ყველას მასზე მიაქვს იერიში. ბუნებრივია, უცხოელებმა რაც უნდა გვირჩიონ, რომ ეს ბალანსი მწყობრში მოვიყვანოთ ეროვნულ კანონმდებლობასთან, კორუფციული ხელისუფლება ამას არასდროს გააკეთებს. მაგრამ იმისთვის, რომ საქართველო შედგეს ევროპული ოჯახის წევრად, თავიდათავი, გახლავთ შემოსავლების ლეგალიზება.
ასე რომ, თუკი ასეთი ტიპის მექანიზმები ჩაერევა, რა თქმა უნდა, კორუფციის ყველა სათავე გადაიკეტება. მაგრამ ამ რეალობაში, როდესაც ხელისუფლება მხოლოდ ფულის კეთებაზეა ორიენტირებული, უნდა გამოვრიცხოთ მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივები და რეგულაციები.
_ „შავი სიის“ მიხედვით, გარკვეულ დარღვევებზე კომპანიებს შესყიდვებში მონაწილეობის მიღება ერთი წლის ვადით ეზღუდება. რამდენად საკმარისია ეს პერიოდი?
_ მანდაც დიფერენციაა გასაკეთებელი. თუ „შავი სია“ დაუკავშირდება დოკუმენტის არასწორად წარდგენას, მაშინ ერთი წლის ვადა საკმარისია. მაგრამ თუკი „შავი სია“ უკავშირდება გაყალბებას, მანიპულაციას, ვალდებულებების შეუსრულებლობას ქვეკონტრაქტორებთან _ ასეთ შემთხვევებში ხუთი წელი უნდა იყოს აუცილებელი პირობა, რომ კომპანიას შიში ჰქონდეს.
მე, მაგალითად, ორი წლის მანძილზე ვიარე სასამართლოში. კომპანიამ მსხვილი ტენდერი მოიგო, მაგრამ მას არანაირი საშუალება არ გააჩნდა, საკუთარი მოვალეობები შეესრულებინა და ქვეკონტრაქტორები მოძებნა. იმ ქვეკონტრაქტორმა შეუსრულა სამუშაო, თავად კონტრაქტორმა სახელმწიფოსგან შესრულებული სამუშაოს გამო ფული აიღო და ქვეკონტრაქტორს არაფერი გადაუხადა. ამ უკანასკნელმა უჩივლა. ასეთ შემთხვევაში ხუთი წელიც კი არ არის საკმარისი პერიოდი დაბლოკვისთვის. როდესაც ამ კომპანიამ კორუფციით შეძლო ტენდერის მოგება, სხვას შეასრულებინა სამუშაო და არც კი გადაუხადა მას ამისთვის და ისიც საკუთარ ჯიბეში ჩაიდო! როგორ შეიძლება, რომ აქ არ არსებობდეს ისეთი ამკრძალავი ბარიერები? არასწორია, როდესაც, ერთი წლის შემდეგ, კვლავ მისცემ ამ კომპანიას იმის შესაძლებლობას, რომ ისევ მიიღოს ტენდერში მონაწილეობა.
მან ვეღარასდროს უნდა შეძლოს ტენდერში მონაწილეობა. ასეთ შემთხვევაში ის ხურავს, აკოტრებს საკუთარ ფირმას და აკეთებს ახალ ფირმას. თვითონ თუ დაფიქსირდა სხვა ფირმაში, იქაც უნდა გაშავდეს. მაგრამ შეიძლება, თითონ არ დაფიქსირდეს და დაფიქსირდეს, მაგალითად, მისი შვილი _ ისიც უნდა გაშავდეს. როდესაც საუბარია, რომ კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის კანონში განსაზღვრულ პირთა წრეს, ახლობლებსაც ეხება ეს, მაშინ მის უახლოეს ნათესავსაც კი უნდა შეეზღუდოს ტენდერში მონაწილეობის მიღება. თუ ასე არ გამკაცრდა ეს ყველაფერი, კორუფციის შესაძლებლობა მუდმივად იქნება.
_ ზოგადად, ქვეკონტრაქტორების შესახებ ინფორმაციები, თითქმის, არ ქვეყნდება. ეს არ ნიშნავს, რომ, შესაძლოა, შესაბამისი მავნე პრაქტიკების არსებობის ალბათობა იფარებოდეს?
_ ქვეკონტრაქტორის ფაქტობრივი გარემოებებიც არის განსახილველი, _ რატომ იღებს სხვისგან სამუშაოს? იმიტომ, რომ თვითონ დაიბლოკა ტენდერში. მაგალითად, ერთი კომპანია მონაწილეობს ტენდერში მეორე კომპანიასთან ერთად. ერთი აგებს, მეორე _ იგებს. მოგებული მიდის წაგებულთან და აფორმებს მასთან ხელშეკრულებას. ანუ, სინამდვილეში, ერთმა წააგებინა მეორეს. გამარჯვებული უფორმებს მას კონტრაქტს, ოღონდ, დიდი მოგების ნაცვლად, ის მას მოგების მხოლოდ 10%-ს უფორმებს. აქაც არის კონტროლი და შეზღუდვები საჭირო. იმ შემთხვევაში, როდესაც კომპანია ვერ იმარჯვებს კონკრეტულ ტენდერში, აღარ უნდა ჰქონდეს მას, ქვეკონტრაქტორის სტატუსით, მონაწილეობის მიღების საშუალება. მიმაჩნია, რომ სწორი იქნება, თუკი ამის შესაძლებლობა აიკრძალება. თუ წააგო _ ე. ი. წააგო.
მაგრამ საქმე ის არის, რომ კონტრაქტორი ვეღარ მოძებნის ქვეკონტრაქტორს. კორუფციით მოგებულ ტენდერს ვეღარ მოეძებნება ქვეკონტრაქტორი და საკუთარი ვალდებულებები შეუსრულებელი დარჩება. მექანიზმია ასეთი _ კონტრაქტორი ხედავს, რომ კომპანიას აქვს შესაბამისი აღჭურვილობა, რათა კონკრეტული ვალდებულება შეასრულოს. გამარჯვებული მიდის ამ კომპანიასთან და ეუბნება მას, რომ, მართალია, მან მოიგო ეს ტენდერი, მაგრამ შეუძლია, თვითონ შეასრულოს შესაბამისი სამუშაოები და წილს გაუფორმებს. ანუ კონტრაქტორი წინასწარ ხედავს, ვისთან იქნება მომგებიანი კონტრაქტის გაფორმება. ანუ ამ დროს ვიღაცის დანაშაულებრივი, კორუფციული სქემით ვიღაც პატიოსანი ადამიანი დამარცხდა, მაგრამ გამარჯვებული მას იძულებულს ხდის, ამჯერად, მასთან დადოს ხელშეკრულება. ისმის კითხვა: რატომ? ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი შეზღუდვები უნდა არსებობდეს. როდესაც წაგებულს აღარ ექნება შესაძლებლობა, რომ მოგებულთან გააფორმოს ხელშეკრულება, მოგებული ვეღარ მოძებნის ისეთ ქვეკონტრაქტორს, რომელიც დაბალ ფასში შეასრულებს მასზე დაკისრებულ კონკრეტულ სამუშაოებს. იძულებული გახდება, რომ აღარ წავიდეს ამ მცდარი მიმართულებით. აქედან გამომდინარე, შეზღუდვა იმიტომ კი არ შემოვა, რომ კიდევ უფრო დაიჩაგროს წაგებული კომპანია, არამედ პირიქით, იმიტომ, რომ მას დარჩეს შანსები იმისა, სხვა უღირსმა კომპანიებმა ვეღარ გაიმარჯვოს კორუფციული გარიგებების შედეგად.
_ საბოლოოდ, რომ შევაჯამოთ, რამდენად საგანგაშოა შესაბამისი რეალობა?
_ ძალიან საგანგაშოა. სურათს შევხედოთ: რა სურათი მივიღეთ ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის თვალსაზრისით? _ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გაღარიბდა, სრულიად უმცირესმა ნაწილმა კი მიიღო უმაღლესი დონის საცხოვრებელი და სხვა სახის პირობები. რის შედეგად? _ კორუფციის შედეგად! სადაც კორუფციაა, იქ ეკონომიკა არ ყვავის, ფული არ ტრიალებს (ბრუნვაში არ არის იმ რაოდენობის თანხები, რომ მოსახლეობა დასაქმდეს). ფული ბრუნავს ჩაკეტილ წრეებს შორის _ ის ფული, რომელიც მოძრაობს ბანკებიდან, ბიუჯეტიდან და ა. შ. ამ მცირე ნაწილს ხმარდება ეს ფული საკუთარი ინტერესებისთვის. სამოქალაქო ბრუნვის მასშტაბს ეს თანხები არ მოიცავს, რის გამოც მოსახლეობის დიდი ნაწილი მშიერია, ეს მცირე ნაწილი კი არის მდიდარი. აი, ამას იწვევს კორუფცია: ეკონომიკურ კოლაფსს, სოციალურ დეგრადირებასა და დამახინჯებულ ფინანსურ სისტემას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ რეკომენდაციები:
• რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევიდეს ცვლილება საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობაში, რომელიც კორუფციასა და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ თაღლითობაში გამოვლენილ კომპანიებსა და მის მესაკუთრეებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას შეუზღუდავს მინიმუმ იმ ვადით, სანამ მათი ნასამართლეობა არ გაქარწყლდება;
• სახელმწიფო შესყიდვებში კონტრაქტორ კომპანიებს უნდა აეკრძალოს ისეთი კომპანიის ქვეკონტრაქტორად გამოყენება, რომელთა მფლობელებიც კორუფციაში ან თაღლითობაში იყვნენ მხილებული.

მარიამ ტიელიძე