რა კავშირია კრიმინალის ზრდასა და ამნისტიის კანონს შორის?

33 წლის ლ. ბ.-მ უკვე მეოთხე წელია, რაც ციხე დატოვა და ოჯახს დაუბრუნდა. ის რეგიონში ცხოვრობს, ჰყავს ცოლ-შვილი და მუშაობს. ამნისტიის შემდეგ მან სასჯელაღსრულების დაწესებულება 2014 წელს დატოვა, ოთხი წლით ადრე სასჯელის ამოწურვამდე.

საზოგადოებაში არსებული სტიგმისა და სხვა პრობლემების გამო თავიდან მას, ისევე როგორც ბევრ ნასამართლევ ადამიანს, სამსახურის დაწყება და ოჯახის შექმნაც კი გაუჭირდა, თუმცა შემდეგ, დროთა განმავლობაში, დაუღალავი შრომითა და მონდომებით, ცხოვრება მოიწყო და დღეს, როგორც თვითონ ამბობს, ადამიანურად ცხოვრობს.
ლ. ბ.-ს მაგალითი ამნისტიის კარგ მხარეს წარმოაჩენს და იმ ახალ შანსზე მიანიშნებს, რომელიც ადამიანებს საპყრობილის დატოვების შემდეგ ეძლევათ. თუმცა ცოტა ხნის წინ 9 წლის ნ. ბ.-ს მკვლელობაში ბრალდებული ი. ნ. დააკავეს, რომელიც ნასამართლევი აღმოჩნდა. მან ციხე ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ დატოვა, წლების მერე კი სასტიკი დანაშაულის ჩადენისთვის კვლავ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში აღმოჩნდა.
დანაშაულის რეციდივის, ანუ განმეორების საფრთხეს ყველა ხედავს, თუმცა არსებული სტიგმები და სტერეოტიპები, რომელიც ყოფილი პრობაციონერების მიმართ არსებობს, მაინც ხისტი და ცალსახაა. საზოგადოება ორ ნაწილადაა გაყოფილი, ზოგიერთი დაუშვებლად მიიჩნევს ამნისტიის შედეგად ათასობით პრობაციონერის განთავისუფლებას, რაც, მათი აზრით, კრიმინალის რისკს ზრდის. სხვები კი ფიქრობენ, რომ გამოსავალი ეს დაბალანსებაა, რომელიც დანაშაულის ჩამდენებს ახალი ცხოვრების შანსს მისცემს.
ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ექვსი წლის წინ მიღებულ ამნისტიის კანონში გარკვეული ხარვეზებია, რომელიც გამოსწორებასა და ყურადღების მიქცევას საჭიროებს. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური სწორედ გორში მომხდარი საზარელი მკვლელობის შემდეგ გახდა, რასაც მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
წლების განმავლობაში საკმაოდ ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ამნისტირებულმა პატიმრებმა კვლავ ჩაიდინეს დანაშაული და სასჯელს იხდიან სწორედ ამის გამო. კითხვები ამნისტიის კანონისა და მისი განხორციელების პროცედურების მიმართ სწორედ ამ შემთხვევების არცთუ ისე მცირე რაოდენობის გამო ჩნდება. როგორ ხდება ამნისტირებული პატიმრების შერჩევა, რა პროცედურებს მოიცავს ეს პროცესი და როგორია სტატისტიკა ამ კანონის მიღების შემდეგ განთავისუფლებული ადამიანებისა?
„ქრონიკა+“-მა ამ კითხვებით სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიმართა, რომელიც უკვე წლებია, აქტიურადაა ჩართული ამნისტირების პროცესში.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად:
2012 წლის „ამნისტიის შესახებ“ კანონი სხვადასხვა სახით (სასჯელისგან განთავისუფლება, სასჯელის შემსუბუქება) შეეხო 18 670 ადამიანს, რომელთაგან 8771 მსჯავრდადებული განთავისუფლდა. რაც შეეხება მუხლებს, რომელსაც ამნისტია შეეხო, ეს თავად „ამნისტიის შესახებ“ კანონშია გაწერილი.
პატიმართა ამნისტირების პროცესი თანმიმდევრული პროცედურებისგან შედგება. პირველ რიგში, საქართველოს პარლამენტის მიერ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების შემდგომ პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია, მსჯავრდადებულის პირადი საქმე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ვადაში, გაუგზავნოს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.
შემდგომ უკვე სასამართლო განიხილავს მსჯავრდადებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელების საკითხს და მიღებულ გადაწყვეტილებასა და მსჯავრდადებულის პირად საქმეს უბრუნებს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას.
თუ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მსჯავრდადებული უნდა განთავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან, იგი პენიტენციურ დაწესებულებას ტოვებს სასამართლოს გადაწყვეტილების დაწესებულებაში მიღების დღეს.
თუ სასამართლოს განჩინებით მსჯავრდადებულს შეუმცირდა სასჯელის ვადა, მისი განთავისუფლება მოხდება სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ახლად განსაზღვრული სასჯელის მოხდის წინა დღეს, ხოლო თუ განთავისუფლების დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მსჯავრდადებული თავისუფლდება წინა სამუშაო დღეს.
ამნისტიის კანონი მიღებულია 2012 წლის 28 დეკემბერს, რომელიც საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იურიდიულმა კომიტეტმა წარადგინა. კანონპროექტის პრეამბულის თანახმად, „ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში სხვადასხვა სფეროში გატარებულმა პოლიტიკამ მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია პენიტენციურ სისტემაში. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამდენჯერმე გაიზარდა თავისუფლებააღკვეთილ მოქალაქეთა რიცხოვნობა, რამაც საქართველოს პატიმართა რაოდენობის მხრივ მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერ სახელმწიფოდ აქცია. ეს ტენდენცია არ შეესაბამება ევროპული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით საქართველოს ნაკისრ ვალდებულებებს. ევროპული სტანდარტებით დადგენილი პატიმრების ოდენობის ნორმებთან დაახლოების მიზნით და იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო სტრუქტურებს აქვთ კრიმინოგენური ვითარების კონტროლისა და პრევენციისთვის საკმარისი მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსი, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფო, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, ამ კანონის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელის მოხდისგან ათავისუფლებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებში ბრალდებული და მსჯავრდადებული პირების ნაწილს“.
ამ პრეამბულის თანახმად ჩვენს ქვეყანას შესაბამისი რესურსი აქვს კრიმინალის კონტროლისთვის და საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რადგან ამნისტიის კანონპროექტის ავტორების განცხადებით, მათ გათვალისწინებული ჰქონდათ ის შესაძლო რისკები, რაც პატიმართა ფართომასშტაბიან განთავისუფლებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა. მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკა კრიმინალის შემცირებაზე მიანიშნებს, ყოველდღიურად ვიგებთ საზარელი დანაშაულებების შესახებ, რომლის ჩამდენებადაც ზოგჯერ სწორედ ამნისტირებული პატიმრები გვევლინებიან.
ამნისტია არ ეხება ყველა სახის დანაშაულისთვის გასამართლებულ პატიმრებს. კანონის თანახმად, სასჯელი უცმირდებათ ან სრულად თავისუფლდებიან პირობით მსჯავრდადებული პირები, სასჯელის ვადისა და დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად, რომლებსაც აღნიშნული სასჯელი შეფარდებული აქვთ სასამართლოს მიერ ამნისტიის შესახებ წინამდებარე კანონის მიღების დღემდე.
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ვადის მიუხედავად პირები, რომლებიც ამ კანონის ძალაში შესვლის დროისთვის მსჯავრდადებულნი არიან გაუფრთხილებელი დანაშაულისთვის.
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ვადის მიუხედავად პირები, რომლებიც ამ კანონის ძალაში შესვლის დროისთვის მსჯავრდადებულნი არიან ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. ასევე კანონში განსაზღვრულია ის დანაშაულებრივი ქმედებები, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის განახევრებას ამნისტიის პროცესში.

მოწმდებიან თუ არა მსჯავრდადებულები ფსიქოლოგიურად და ფასდება თუ არა, ამნისტიის გადაწყვეტილების მიღებამდე და შემდგომში რა პრობლემები იჩენს თავს რესოციალიზაციის პროცესში?
ამ და სხვა კითხვებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრა ფსიქოლოგი მარიამ იველაშვილი:

_ თქვენი აზრით, უნდა იყვნენ თუ არა ჩართული ფსიქოლოგები ამნისტიის პროცესში მსჯავრდადებულების ფსიქიკური მდგომარეობის შესაფასებლად და რამდენად არის ეს ასე ჩვენს რეალობაში?
_ ფსიქოლოგების ჩართვა პატიმრობის პროცესშიც და განსაკუთრებით ამნისტიის პროცესში აუცილებელია. ოფიციალურად პრობაციის ეროვნულ სააგენტოსაც ჰყავს ფსიქოლოგები, სასჯელაღსრულების დაწესებულებებსაც და სხვა პროგრამებიც მიმდინარეობს, რომელიც მსჯავრდადებულებს სთავაზობს ფსიქოლოგის მომსახურებას, მაგრამ ეს პროგრამები არის, როგორც წესი, კონკრეტულ სამიზნე ჯგუფებზე მიმართული და არა ფართო მასშტაბით.
მე რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას, კომისიას, რომელსაც გადაეცემა მსჯავრდადებულების სია ამნისტიისთვის, ერთვის მხოლოდ კონკრეტული ბიუროს ხელმძღვანელის რეკომენდაციები.
_ ციხე გავლენას ახდენს პატიმრის ფსიქიკაზე. დიდი სიფრთხილე სჭირდება ამნისტიის დროს გასათავისუფლებელი მსჯავრდადებულების შერჩევას. თქვენი აზრით, რა პროცესებს უნდა მოიცავდეს ამნისტია და რატომ?
_ სასჯელაღსრულების დაწესებულებები არის ადგილი, სადაც ადამიანებს არ გააჩნიათ სრულფასოვანი ცხოვრება, იქ ვერ ხერხდება იმ პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, როგორიცაა სიყვარული, უსაფრთხოება, პატივისცემა. საპატიმროში არ არსებობს სრულფასოვანი ურთიერთობები და, შესაბამისად, ნებისმიერ ადამიანს, როგორი ჯანსაღი ფსიქიკისაც არ უნდა იყოს იგი, ასეთ პირობებში აუცილებლად ეცვლება შეხედულებები, განწყობები, მოქმედებები, ქცევები და ა. შ.
შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვედრისთანავე ყველა ადამიანს უნდა დაენიშნოს პირადი ან ჯგუფური ფსიქოთერაპია და ამას სახელმწიფო უნდა უზრუნველყოფდეს. ამის შემდგომ უკვე ამნისტიის პროცესში თავიდან კი აღარ გახდება საჭირო მსჯავრდადებულების ფსიქოდიაგნოსტირება, არამედ ფსიქოლოგს გარკვეული დროის მანძილზე უკვე ხელთ ექნება პიროვნების მთლიანი სურათი და ფსიქოლოგი გაუწევს რეკომენდაციას, როგორი სახის ამნისტიაა შესაძლებელი.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფდეს იმ ადამიანების ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას, რომლებმაც დატოვეს სასჯელაღსრულების დაწესებულება. არ აქვს მნიშვნელობა, ვადაზე ადრე თუ ვადის დასრულების შემდეგ.
_ როგორია ციხის დატოვების შემდეგ საზოგადოებაში რესოციალიზაციის პრობლემის ფსიქოლოგიური ასპექტები და რა უნდა გაკეთდეს ამ პრობლემების მოსაგვარებლად?
_ პირველი და უმთავრესი საკითხი არის სოციალური განწყობა და დამოკიდებულება, ოჯახის წევრების მზაობა და, რა თქმა უნდა, თავად იმ ადამიანისა, ვისაც სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვებამდე უნდა გაევლო რიგი პროცესები, რათა მომზადებული და გააზრებული შესდგომოდა ახალ ცხოვრებას. დიახ, ახალი ცხოვრების დაწყება უწევს ყველა მათგანს და სჭირდება საკუთარი მზაობა, ოჯახის წევრების მზაობა და, ზოგადად, საზოგადოების მიმღებლობა.
უფრო მეტად უნდა ვიზრუნოთ ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით. ადამიანი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, უდავოდ, არ იყო ბედნიერი და კმაყოფილი თავისი მდგომარეობით, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ მას სასჯელთან ერთად დახმარებაც სჭირდება, რათა მოიცილოს ის შეხედულებები, ის წარსული გამოცდილებები, ტრავმები, რამაც აიძულა, რომ ასოციალურ ადამიანად თუ დამნაშავედ ქცეულიყო.
თუ ფსიქოლოგი არ იმუშავებს მათთან, თუ არ ვიქნებით მიმართული მათი ქცევის შეცვლაზე, მაშინ არც პატიმრობაში ყოფნა მოგვცემს ჩვენი საზოგადოებისთვის სასურველ შედეგს და შესაძლოა, უფრო რთული სურათიც კი მივიღოთ.

ანა ურუშაძე