რატომ არ უყვარს სალომე ზურაბიშვილს ემიგრანტები?


არჩევნების პირველი ტური, როგორც ცნობილია, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის ე. წ. დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა პირწმინდად წააგო. ეს კი არადა, ზურაბიშვილს მხარდაჭერა საფრანგეთის ქართველობამაც არ გამოუცხადა. ამის გამო ზურაბიშვილი და „ოცნებაც“ უნდა დაფიქრებულიყვნენ და, მინიმუმ, იმით დაინტერესებულიყვნენ, თუ რატომ არ უყვართ ქართველ ემიგრანტებს ქართველი ემიგრანტების შთამომავალი, მაგრამ ამის სანაცვლოდ, რამდენიმე დღის წინ ზურაბიშვილმა უცხოეთში გადახვეწილი ქართველები და საქართველოს მოქალაქეები გულგრილობაში დაადანაშაულა.
ზოგადად, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სალომე ზურაბიშვილი ემიგრანტებზე ზერელედ საუბრობს.

პარტია „რეფორმატორების“ ხელმძღვანელი, იურისტი ირაკლი ღლონტი, რომელიც კარგა ხანია, დიასპორულ საკითხებზე მუშაობს, „ქრონიკა+“-ს ეუბნება, რომ ზურაბიშვილი დიასპორების პრობლემებს არ იცნობს და, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში დიასპორების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა, საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების გასაჭირით და პრობლემებით არასოდეს დაინტერესებულა.
ამას გარდა, ისიც საინტერესოა, რომ ცესკო-მ საპრეზიდეტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს დანიშნა. 28 ნოემბერი ოთხშაბათია, სამუშაო დღე. ჩვენი კანონმდებლობით, საქართველოში არჩევნების მეორე ტური უქმედ გამოცხადდება, მაგრამ ქართული კანონები ჩვენი ქვეყნის საზღვრებს მიღმა არ მოქმედებს. შესაბამისად, მილიონზე მეტ ემიგრანტს გაუჭირდება, რომ მეორე ტურში მიიღოს მონაწილეობა.
ირაკლი ღლონტი და სხვა ექსპერტებიც მიიჩნევენ, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ცესკო-მ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს დანიშნა, შესაძლოა, ემიგრანტებს უკავშირდებოდეს, ანუ ხელისუფლებას ეშინია, რომ მის მიერ მხარდაჭერილი ე. წ. დამოუკიდებელი კანდიდატი საზღვარგარეთ მეორე ტურსაც წააგებს და ურჩევნია, ემიგრანტებს ხმები მოპაროს, თუმცა ირაკლი ღლონტი დარწმუნებულია, რომ ქართული დიასპორების წარმომადგენლები ყველაფერს გააკეთებენ, რომ მეორე ტურში მონაწილეობა მიიღონ და პრეზიდენტობის იმ კანდიდატის გამარჯვება არ დაუშვან, რომელმაც არათუ სახელმწიფო ენა არ იცის, არამედ უსამართლო და ანტისახელმწიფოებრივი ხედვებიც აქვს.

„ქრონიკა+“ გთავაზობთ ინტერვიუს ირაკლი ღლონტთან:

_ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სამუშაო დღეს დანიშვნა იმას ნიშნავს, რომ მილიონობით ემიგრანტი საკუთარ მოქალაქეობრივ ვალს ვერ მოიხდის. იმ ფონზე, როცა პირველი ტური ხელისუფლებისგან მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის ე. წ. დამოუკიდებელმა კანდიდატმა საზღვარგარეთ პირწმინდად წააგო, ირაკლი, როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებამ არჩევნები სამუშაო დღეს ამიტომ ხომ არ დანიშნა?
_ პირველ რიგში, მადლობას გიხდით თქვენ და გაზეთ „ქრონიკა+“-ს ქართული დიასპორის საკითხების მიმართ ყურადღების დათმობისთვის.
ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნების და მასში მონაწილეობის საკითხი, ვინაიდან ჩვენ ვსაუბრობთ პროცესზე, რომელიც პირდაპირ გამოხატავს ხელისუფლების ნამდვილ ნებას და აშკარაა, რომ ხელისუფლებას არ სურს ქართველი ემიგრანტების კონსტიტუციური ნების გამოვლენის უზრუნველყოფა.
ცხადია, ხალხისგან დამოუკიდებელი და ხელისუფლების კანდიდატი ქალბატონი ზურაბიშვილი არ სარგებლობს ჩვენი ოჯახებიდან ემიგრაციაში მყოფი ქართველი ხალხის მხარდაჭერით თუნდაც იმ მიზეზით, რომ ის ავტორიტეტდაკარგული ხელისუფლების ფავორიტი კანდიდატია და ამასთან ერთად, ქალბატონი ზურაბიშვილი გვატყუებდა, როცა თავს დამოუკიდებელ კანდიდატად წარმოგვიდგენდა.
იმის მთავარი მიზეზი, თუ რის გამო არ დაუჭირა ქართულმა დიასპორამ მხარი, კანდიდატის განცხადებები და მოქმედებებია, რომელიც პირდაპირ წყალს ასახამს ქართული სახელმწიფოს დაუძინებელი მტრის, რუსეთის ოკუპაციურ მიზნებს.
სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ქართველი ემიგრანტები ის ადამიანები არიან, რომელთაც განსაკუთრებულ ხარისხში აქვთ ქვეყნის სიყვარული აყვანილი. ისინი ძალიან მგრძნობიარეები არიან სამშობლოსთან დაკავშირებულ სენსიტიურ საკითხებზე.
ნურავის უკვირს, რომ კოლაბორაციული ფიქრებითა და მოქმედებებით სავსე პოლიტიკოსებს არასოდეს ექნებათ ჩვენი დიასპორელების მხარდაჭერა.
ხელისუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილი და ძალაუფლების უზურპაციის ინტერესით ანგაჟირებული მმართველი ძალა, ცხადია, ცდილობს, მეორე ტურში კიდევ უფრო ნაკლები იყოს დიასპორელების აქტივობა საარჩევნო უბნებზე. ხელისუფლებამ ზედმიწევნით იცის, რამხელა სირთულეს უკავშირდება არა მხოლოდ სამუშაო დღეს, არამედ უქმე დღეებშიც კი უცხო ქვეყნებში გახსნილ საარჩევნო უბნებზე ემიგრანტების გამოცხადება. სწორედ ეს არის ის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც არჩევნების მე-2 ტური, კანონიერი საფუძვლების გარეშე, ცესკო-მ სამუშაო დღეს დანიშნა და ამით, უპასუხისმგებლობის გარდა, ცესკო-მ დაარღვია კანონი.
მინდა, ერთიც იცოდეთ: ბევრ ქვეყანაში ქართველმა ემიგრანტმა სასურველ კანდიდატს რომ მისცეს ხმა, სჭირდება ათეულობით და ასეულობით კილომეტრის გავლა და ხშირ შემთხვევაში, ხარჯი შეადგენს 100-200 დოლარს.
შესაძლებელია, ეს თანხა უმნიშვნელოა სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელსაც „ქართუ ბანკი“, სესხის სახით, უპრობლემოდ აძლევს მილიონ ლარს, მაგრამ ემიგრანტებისთვის 100 და 200 დოლარი ის ფულია, რომლის გამომუშავებისთვისაც ისინი დღე-ღამეს ასწორებენ და საკუთარ ოჯახებს უგზავნიან.
_ ემიგრაციასთან მჭიდრო ურთიერთობა გაქვს. როგორ შეხვდნენ ქართველი ემიგრანტები ცესკო-ს ამ გადაწყვეტილებას?
_ ცესკო-ს ამ უკანონო გადაწყვეტილებას ჩვენი დიასპორელები, ცხადია, პოზიტიურად არ შეხვედრიან.
როგორც გითხარით, ამ ადამიანებს აქვთ სურვილი, მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში და გამოხატონ საკუთარი აზრი.
ერთადერთი უფლება, რაც მათ ახლა აქვთ, ეს არის და ამასაც უზღუდავს ხელისუფლება. მიუხედავად ამისა, არსებობს განწყობა, რომ მაქსიმალურად იზრუნონ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე და ვფიქრობ, დიდი ნაწილი ამას მოახერხებს!
ეს იქნება მათი პასუხი ხელისუფლებასა და მასზე მორგებული ცესკო-ს უზნეობაზე.
_ არსებობს ალბათობა, რომ მეორე ტურში ემიგრანტების ხმები ზურაბიშვილს მიაწერონ, ანუ პირველი ტურისგან რადიკალურად განსხვავებული სურათი მივიღოთ და საზღვარგარეთ გამარჯვებულად ზურაბიშვილი გამოცხადდეს?
_ ეს იქნება დიდი სიყალბე და, მერწმუნეთ, ამ სიყალბეს ხელისუფლება ვერ შეირგებს.
საზოგადოებამ უკვე ვნახეთ ქართველი ემიგრანტების დამოკიდებულება, ვნახეთ მათემატიკურად ციფრებში გამოხატული ნება და თუკი ამას ხელისუფლება ხელოვნურად შეცვლის და გადაწერს, მერწმუნეთ, არათუ პრეზიდენტის მანდატს, არამედ სხვა მანდატებსაც დაკარგავს!
ქალბატონი ზურაბიშვილი მიუღებელი კანდიდატია პატრიოტი ქართველი ხალხისთვის, ის არ სარგებლობს დიასპორელების ნდობით და ამას ხელისუფლებამ თვალი უნდა გაუსწოროს, მარცხს შეეგუოს!
_ რა მექანიზმი არსებობს საიმისოდ, რომ ემიგრანტების ხმები და მათი კონსტიტუციური უფლება _ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა _ დაცული იქნას?
_ ეს შეკითხვა ორ ნაწილად უნდა გავყოთ:
პირველი არის არჩევნებში მონაწილეობის უფლება, მეორე კი _ არჩევნებში მონაწილეობის შედეგად გამოვლენილი ხმების დაცვა.
პირველს, ანუ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ადგენს საქართველოს კონსტიტუცია და სხვა საკანონმდებლო აქტები, რომლითაც ინსტიტუციები ვალდებული არიან, უზრუნველყოფილ იქნას საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის იმ პირობების შექმნა, რომ მან თავისუფლად შეძლოს ხმის მიცემა, მაგრამ ამ ეტაპზე, ცხადია, ეს პირობა არ არსებობს და ცესკო-ს ეს გადაწყვეტილებაც სწორედ ამის ნათელი დადასტურებაა.
რაც შეეხება ხმების დაცვას, სამწუხაროდ, ერთადერთი მექანიზმი საარჩევნო უბნებზე არსებული წარმომადგენლების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მაღალი ჩართულობა და, რა თქმა უნდა, მედიის მხარდაჭერაა.
_ რატომ არ უყვარს ქართულ ემიგრაციას ზურაბიშვილი? იგი თავადაც ხომ ემიგრაციის წარმომადგენელია?
_ სიამოვნებით დაგიბრუნებთ შეკითხვას, _ რატომ უნდა უყვარდეს ქართველ ემიგრანტებს სალომე ზურაბიშვილი? ეს რით დაიმსახურა? მხოლოდ ის, რომ ემიგრაციაში დაიბადა, არაფერს ცვლის.
სალომე ზურაბიშვილი არასოდეს ყოფილა ქართველი ემიგრანტების ინტერესებისა და უფლებების დამცველი და გამომხატველი, ყველაფერი ეს პოლიტიკური პიარია.
რამდენიმე დღის წინ სალომე ზურაბიშვილმა ჩაატარა ბრიფინგი და ქართველ ემიგრანტებს მიმართა, მან ისინი გულგრილობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ დაბალი აქტივობა არჩევნებზე ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენების მიმართ გულგრილობაა.
როგორ გგონიათ, ამ განცხადებაზე რა რეაქცია უნდა ჰქონოდათ ქართველ ემიგრანტებს? მინდა, მას ვკითხო, _ ვინ არის გულგრილი, ვინც საკუთარი განცხადებებით და დამოკიდებულებებით აზიანებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს თუ ის ადამიანები, რომლებიც ურთულესი და რუტინული შრომით, ათწლეულების განმავლობაში, არჩენენ საკუთარ ოჯახებსა და ქვეყანაში შემოაქვთ უცხოური ვალუტა?
თუ ვინმე ფიქრობს, რომ ზურაბიშვილმა სახელმწიფო ენა კარგად არ იცის და მხოლოდ ამიტომ უშვებს შეცდომებს, ძალიან ცდება. მას, გარდა იმისა, რომ არ იცის ენა, ასეთი უსამართლო და ანტისახელმწიფოებრივი ხედვები აქვს. მოდი და, ყველაფერ ამის შემდეგ, გიყვარდეს სალომე ზურაბიშვილი!
_ სალომე ზურაბიშვილი ემიგრაციაში დაიბადა და თავისი ცხოვრების შეგნებული ნაწილიც ემიგრაციაში გაატარა. შენი ინფორმაციით, ოდესმე ქართული დიასპორების დამცველი თუ იყო?
_ ქალბატონი ზურაბიშვილი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. მაშინ, როცა ჩვენ ვაპროტესტებდით ანტიკონსტიტუციურ ფასს საქართველოს მოქალაქის პასპორტზე, ვაპროტესტებდით ქართველი ემიგრანტების ჯიბეში ხელის ფათურის მზაკვრულ პოლიტიკურ ნებას, არაერთხელ ვითხოვდით დახმარებას გარდაცვლილი ემიგრანტის გადმოსვენებისთვის, ვითხოვდით მხარდაჭერას ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნება-რეინტეგრაციის ეფექტიანი პროგრამების ფორმირებისთვის, არ მახსენდება მისი აქტივობები.
რას ნიშნავს „დიასპორის დამცველი“? თუკი შენ არ გაქვს ურთიერთობა დიასპორელებთან, მათ არ ხვდები, არ გესმის მათი პრობლემები, არ ფლობ ინფორმაციას და არ ერევი მათთან დაკავშირებულ საკითხებში, რომელიც ამ ადამიანებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რატომ უნდა გქონდეს ამბიცია, რომ დიასპორის წარმომადგენლად და, მით უმეტეს, უფლებადამცველად გაღიარონ?
სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ სალომე ზურაბიშვილს წარმოდგენა არ აქვს ქართველი ემიგრანტების პრობლემებსა და სირთულეებზე. მას ვთავაზობ ნებისმიერ ეთერში დებატს, სადაც ფარდას ავხდი ყველაფერს და დავანახვებ საზოგადოებას, რომ ის არათუ უფლებადამცველია, საერთოდ არ ფლობს ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ხალხის მიღწევებსა თუ პრობლემებზე!
მზად ვარ, ვიყო მეგზური და ჩავიყვანო მიმღებ ქვეყნებში, ვუჩვენო, რამხელა სირთულის წინაშე დგას ჩვენი ხალხი, ვისაც ასე უდიერად მოიხსენიებს და გულგრილს უწოდებს.
ადამიანები, რომლებიც თავად მოსავლელნი არიან, სხვის ოჯახებში მუშაობენ მომვლელებად, დედებს _ შვილები და შვილებს _ დედები, ცოლებს კი ქმრები ენატრებათ… რამდენი ჩამოვთვალო, საკუთარი ოჯახის წევრის ქორწილსა და გასვენებას ვერ ესწრებიან, რადგან იციან, რომ უკან დაბრუნება შეუძლებელი იქნება და ასე „სკაიპით“ ულოცავენ შვილებს გაბედნიერებას და, სამწუხაროდ, გასვენებასაც „სკაიპითვე“ ადევნებენ თვალს.
ეს წარმოუდგენელი ტკივილი და ტრაგედიაა, რომელიც უნდა დასრულდეს და ემიგრანტებზე ვიზრუნოთ!
_ აშშ-სა და ევროპის გარდა, უამრავი ემიგრანტია რუსეთში. შენი ინფორმაციით, პუტინის რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, რომ დამოუკიდებელი არჩევანი გააკეთონ და მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატს დაუჭირონ მხარი?
_ რუსეთში მეგულება ძალიან ღირსეული და პატრიოტი ქართველი ხალხი. მყავს იქ მეგობრები, რომლებმაც 2008 წლის ომის დროს სპეციალურად შეუკვეთეს ხუთჯვრიანი დროშით გაფორმებული მაისურები, მოსკოვის ქუჩებში გადაადგილდებოდნენ და ამ ფორმით გამოხატავდნენ ერთგულებასაც და პროტესტს ოკუპაციის წინააღმდეგ!
არ ვიცი, რამდენად მაღალი იქნება ჩართულობა არჩევნების დღეს, თუმცა ერთი რამ ცხადზე ცხადია: მათი არჩევანი არ კეთდება ხალხისგან დამოუკიდებელ და ხელისუფლების ფავორიტ კანდიდატზე!
_ არსებობს ინფორმაცია, რომ ხელისუფლება ემიგრანტებს თითქოს აშინებს, თუ ზურაბიშვილს არ დაუჭერთ მხარს, ამა თუ იმ ქვეყანაში პრობლემები შეგექმნებათო. ამის შესახებ რა იცი?
_ დიახ, არსებობს მსგავსი ინფორმაცია, თუმცა ამის დადასტურება ახლა არ შემიძლია.
ცხადია, ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს თითოეული ხმის მითვისებისთვის, თუმცა ამის გაკეთება ემიგრაციაში გაუჭირდება.
ერთს გეტყვით: მეორე ტურისთვის გააქტიურდნენ და სატელიტურ ურთიერთობაში მყოფი ე. წ. დიასპორული ორგანიზაციებიც გაააქტიურეს. დაიწყეს დაპირებების გაცემა, რომ აამოქმედებენ სხვადასხვა პროგრამას, რისიც, სიმართლე გითხრათ, არ მჯერა.
_ რატომ?
_ სად იყვნენ მაშინ, როცა ამაზე ხმამაღლა ვსაუბრობდი და ვითხოვდი? ეს ისეთივე ბლეფია, როგორც „ოცნების“ მიერ დაპირებული ე. წ. სამართლიანობის აღდგენა და „იაფი ფული“.
_ ირაკლი, ხელისუფლება ემიგრანტებს საკუთარ მოქალაქეებად არ თვლის? ეს კითხვა მით უფრო აქტუალურია, რომ „ოცნებამ“ დიასპორის სახელმწიფო მინისტრის აპარატი გააუქმა.
_ დიახ, დიასპორის სამინისტროს გაუქმება უდიდესი შეცდომაა იმ პირობებში, როცა საქართველოდან ემიგრაციაში გვყავს 1 700 000-ზე მეტი თანამემამულე.
სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე ამ გადაწყვეტილების საფუძვლები. იცით, კიდევ რა გააკეთეს? _ საკონსტიტუციო ცვლილების დროს კონსტიტუციაში შეიტანეს ახალი ნორმა, რომლითაც დაადეკლარირეს სახელმწიფოს პოზიცია.
_ ეს რას ნიშნავს?
_ კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, იზრუნოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე, ანუ საუბარიც კი არ არის იმაზე, რომ ამ ხალხს უნდა შევუქმნათ პირობები დაბრუნება-რეინტეგრაციისთვის.
ხელისუფლების პოზიცია, მარტივად რომ ვთქვათ, შემდეგია: იყავით ემიგრაციაში, აგზავნეთ ფულადი გზავნილები და ხანდახან ჩამოვალთ ჩვენც და გადავიღოთ სელფებიო.
სახელმწიფომ კონსტიტუციურ ვალდებულებად უნდა მიიჩნიოს ქართველ ემიგრანტთა სამშობლოში დაბრუნება და დაბრუნებამდე ყველაფერი უნდა გააკეთოს მათი უფლებების ადვოკატირებისთვის.
სხვათა შორის, ახალ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შევთავაზე მხარდაჭერა და გავუზიარე სამპუნქტიანი გეგმაც. პირველი, ეს არის მიმღებ ქვეყნებში ლეგალურად დასაქმების ეროვნული მექანიზმების ამოქმედება, მეორე _ პირველი პუნქტის კვალდაკვალ ქართველი ხალხის სამშობლოში დაბრუნება-რეინტეგრაციის რეალური და ეფექტიანი სპეციალური პროგრამების ფორმირება და მესამე _ ათწლეულებისა და ასწლეულის განმავლობაში სამშობლოდან გადახვეწილ დიასპორელებთან იმ ტიპის სახელმწიფოებრივი და საქმიანი ურთიერთობის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს მათ საქმიან კავშირს სამშობლოსთან, მათ შორის, აქტიურ ჩართულობას ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.
სამწუხაროდ, არ არსებობს პოლიტიკური ნება, თორემ არსებობს არაერთი ქვეყნის გამოცდილება და რომ არ შევქმნათ ახალი ველოსიპედი, შეგვიძლია, ქართულ რეალობას მოვარგოთ აქამდე გამოცდილი მეთოდები და დავიწყოთ ზრუნვა საკუთარ ხალხზე, რომელიც მიტოვებული გვყავს და მხოლოდ წინასაარჩევნოდ გვახსენდება.
_ სხვათა შორის, 2012 წლის საპარალმენტო არჩევნების წინ „ოცნება“ ემიგრანტებს არწმუნებდა, რომ სამშობლოში დაბრუნების ყველა პირობას შეუქმნიდა და, თუ გახსოვს, სპეციალური კლიპიც კი გადაიღო. ივანიშვილმა ემიგრანტები რატომ „გადააგდო“?
_ დიახ, ასეა.
უკვე გითხარით, არ არსებობს პოლიტიკური ნება ხალხის სამშობლოში დაბრუნებისთვის-მეთქი, თუმცა ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პოლიტიკური ნების გარდა საქართველოს სახელმწიფოს ევროკავშირთან ნაკისრი აქვს ვალდებულებები, მათ შორის, უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმებითაც.
უფრო გასაგებად მინდა გითხრათ: ხელისუფლებას არ აინტერესებს არც ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულება-შეუსრულებლობა, ხელისუფლებას სჭირდება მეტი მოქალაქე საზღვარგარეთ, რომელიც თვის ბოლოს საქართველოში აგზავნის ფულს და ამ გზით მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილი აქვს ტოტალური უმუშევრობისა და ეკონომიკური სტაგნაციის პირობებში მცხოვრები მოსახლეობა. ხელისუფლება ასე კომფორტის ზონაშია.
_ ირაკლი, რა შეიცვლება ქართული დიასპორებისთვის, თუ პრეზიდენტი ოპოზიციის წარმომადგენელი გახდება?
_ არა მხოლოდ დიასპორისთვის, სრულიად საქართველოსთვის დგება ახალი დღის წესრიგი.
_ რას გულისხმობთ?
_ დაუშვებელია საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე პოლიტიკური ძალის ქვეშ იყოს უზურპირებული ყველა მანდატი იმ პირობებში, როცა არ არსებობს თავისუფალი მართლმსაჯულება, საქართველოს კონსტიტუციური ორგანოები იმართება კრიმინალური წესებით, მათ შორის, საქართველოს პარლამენტი არის ნათელი დასტური მახინჯი სისტემის, სადაც გვაქვს 5-კაციანი მმართველობა და დანარჩენი დეპუტატები სრულიად იგნორირებულნი არიან.
დააკვირდით იუსტიციის მინისტრის თავგასულობას: ჯერ იყო და, გაუაზრებელი გადაწყვეტილებებით მილიარდამდე ზარალი მიაყენა სახელმწიფოს, როცა სიღრმისეული ანალიზის გარეშე გაამკაცრა საიმიგრაციო წესები, შემდეგ თავს დაესხა ომბუდსმენს, შემდეგ _ მედიას, სტრასბურგის მოსამართლესაც კი გადასწვდა.
ახლახან იგი დაუპირისპირდა არასამთავრობო სექტორსაც. ეს არის იმის ბრალი, რომ არ არსებობს არავითარი ბალანსი და სრული ძალაუფლების ფლობის პირობებში ხელისუფლება აგონიაშია.
გულწრფელი რომ ვიყო, მე უკეთესი პრეზიდენტი მინდა, ვიდრე წარმოდგენილი კანდიდატები არიან, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება დაუშვებელია, თუნდაც ამ ორი მიზეზის გამო:
1. ძალაუფლება უზურპირებული იქნება ერთი კრიმინალური დაჯგუფების ხელში, რომელიც უფრო გათავხედდება; 2. მან პასუხი უნდა აგოს იმ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებისთვის, რომლითაც გამოუსწორებელი შედეგები მიაყენა სახელმწიფოს!
დიასპორისთვის რამე მხოლოდ მაშინ შეიცვლება, როცა იარსებებს პოლიტიკური ნება, ახლა კი ჩვენ ვართ დილემის წინაშე.
_ სხვადასხვა მონაცემით, 2012 წლის შემდეგ საქართველო მილიონამდე ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ შენ რა ინფორმაცია გაქვს?
_ ვფიქრობ, ეს ციფრი გადაჭარბებულია, თუმცა იმასაც გეტყვით, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში არსებითად მაღალია შრომითი მიგრაცია. ეს კი გამოწვეულია იმით, რომ ქვეყანაში გვაქვს ტოტალური უმუშევრობა, ეკონომიკური სტაგნაცია, კრიმინალი, კორუფცია, მოშლილია ინსტიტუციები, მოსახლეობა დაუცველია.
ბოლო დროს ხშირად მეკითხებიან, თუ როგორ ვაფასებ ხელისუფლების 6 წლის მმართველობას. მზად ვარ, ჩამოგითვალოთ ყველა ის პრეტენზია, რომელიც მაქვს ამ დაჯგუფების მიმართ.
_ კი ბატონო, ჩამოთვალეთ.
_ ჩვენ „ქართული ოცნების“ პირობებში მივიღეთ შემდეგი მოცემულობა: უმუშევრობის მაღალი დონე, ეკონომიკური ზრდის დაბალი მაჩვენებელი, კორუფციის მაღალი ხარისხი, კრიზისში მყოფი ხელიდან ხელში გადასული მართლმსაჯულების ინსტიტუცია, წახალისებული ზონდერმოსამართლეები;
ზეწოლა მედიაზე, დაუსრულებელი პრემია-დანამატები და ჯიპები, ნეპოტიზმი, 5-კაციანი დაჯგუფებით მართული პარლამენტი, რუსული საოკუპაციო ძალების თარეში და მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცების ფაქტები, ე. წ. ბორდერიზაციის პროცესი, რუსული პენსიების პროპაგანდა, ციანიდის საქმე, ე. წ. კონტროლირებად ტერიტორიაზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმე, არჩილ ტატუნაშვილის საქმე; დვანის, დიცის, ღოღეთის, ჯარიაშენის, ბერშუეთისა და უკვე ატოცის ოკუპაცია, მაღალი ფასი საწვავზე, გაძვირებული კომუნალური გადასახადები, პრაქტიკულად, გაუფასურებული ეროვნული ვალუტა;
ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის, როგორც ამ დროის სამართალუპოვარი მშობლების საქმე, უკანონო თვალთვალისა და ფარული ჩანაწერების გავრცელება, ცნობილი პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების შატნაჟი, უფლებააყრილი და მხოლოდ ვეტოს დამდები პრეზიდენტი, ნარკოტიკებზე მაღალი ხელმისაწვდომობა, სოციალურად დაუცველ პირთა ჩაგვრა და სტატუსების გაუქმება…
ბევრი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ და სწორედ ეს ის პრეტენზიები და პრობლემებია, რის გამოც აღარ არსებობს „ჭარბი ნდობა“ „ოცნების“ ხელისუფლებისა და მისი ლიდერის მიმართ და არსებობს მაღალი შრომითი მიგრაცია.
_ საზღვარგარეთ, მაგალითად, აშშ-ში, სხვადასხვა დიასპორა ძლიერია და იქიდან უწევენ ლობირებას საკუთარი ქვეყნების პოლიტიკას. რატომ არაა ძლიერი თუნდაც უკრაინაში ქართული დიასპორა?
_ ვინ თქვა, რომ არ არის ძლიერი ჩვენი დიასპორა? ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო დიასპორა, უბრალოდ, სახელმწიფო არ თანამშრომლობს და არ ურთიერთობს ჩვენს დიასპორელებთან.
იცით, რა მაგარი ხალხი გვყავს ემიგრაციაში? ჩვენ გვყავს ბევრ ელჩზე ბევრად ავტორიტეტული და გავლენიანი ქართველი არაერთ ქვეყანაში, თუმცა ამ ადამიანებს არასოდეს არავინ ესაუბრება საქართველოდან.
ხომ გითხარით, არ არსებობს პოლიტიკური ნება-მეთქი, თორემ შეგვიძლია, ჩვენი დიასპორის მაღალი ჩართულობით ქვეყნის სწრაფად მოღონიერება.
უნდა დავიწყოთ დიალოგი წარმატებანანახ ქართველ ხალხთან, უნდა ვთხოვოთ, აქტიურად ჩაერთონ სახელმწიფოს საკითხებში და ხანდახან ამ ხალხს უნდა ვკითხოთ, რა სურს და როგორ სურს თავის სამშობლოში.
არავინ არასოდეს არ ესაუბრება უცხო ქვეყნებში მყოფ ქართველ ხალხს და არ არსებობს კავშირი. სწორედ ამ კავშირისა და ხიდების შენება შედის ჩემს ინტერესებში და ამ საქმეში ვარ უკრაინაში ქართული დიასპორის პრეზიდენტ ნიკოლოზ გუგეშაშვილთან ერთად, რომლის დიდი დამსახურებაა, რომ უკვე დავიწყეთ შეხვედრები საზღვარგარეთ და დიასპორელებს ვთავაზობთ ახალი, თვითმმართველობის ინსტიტუციის ფორმირების იდეას, რომელმაც უნდა მოახერხოს ხიდების აშენებაც და ხელისუფლებების ფორმაში ჩაყენებაც.
ზუსტად ვიცი, რამხელა ძალა და ენერგიაა საზღვარგარეთ, თუკი ჩვენ შევქმნით სწორ და სამართლიან სახელმწიფო სტრატეგიას, საქართველო მალე დადგება ფეხზე.
_ ისე, საქართველოს მესამე პრეზიდენტიც ემიგრანტია. თუ გაქვს ინფორმაცია, სააკაშვილი არჩევნებში რომელ ქვეყანაში აძლევს ხმას და ამ კუთხით მისი, როგორც საქართველოს მოქალაქის, უფლებები დაცულია?
_ სააკაშვილს ამ დროისთვის არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, შესაბამისად, ის ვერ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას!
_ ბოლოს, ირაკლი, შენი, როგორც იურისტისა და პოლიტიკოსის პროგნოზი როგორია, რა მოხდება 28 ნოემბერს?
_ სხვათა შორის, 28 ნოემბერს ჩემი დაბადების დღეა და იმედი მაქვს, საზეიმო განწყობა მექნება!
_ წინასწარ გილოცავთ!
_ ხელისუფლება საუბრობს დესტაბილიზაციაზე, თუმცა არ უნდა დაივიწყოს, რომ დესტაბილიზაცია დაწინაურებულ ოპოზიციას არ აწყობს და თუკი რაიმე გართულებები იქნება, ეს, ჩემი აზრით, ინიცირებული იქნება თავად ხელისუფლებისა და მისი სატელიტების მიერ.
არ ვარ არც ერთ პოლიტიკურ ფორმატში, თვალს ვადევნებ მიმდინარე პროცესებს, რომელიც კიდევ უფრო მარწმუნებს, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ალტერნატიული ძალის ფორმირებას და თუკი ამას ჩვენ ვერ შევძლებთ, კვლავ დავრჩებით „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ დაპირისპირების პოლიგონზე, რაც ნაკლები სიკეთის მომტანია სახელმწიფოსთვის!

გიორგი აბაშიძე